• მადეირა – გაკაფული ტყის კუნძულები

    მადეირა – გაკაფული ტყის კუნძულები

    ატლანტის ოკეანეში  მდებარე მადეირას ვულკანური წარმოშობის კუნძულების სახელი, ხშირ ტყეს უკავშირდება, რომელიც აქ ოდესღაც მთელ ტერიტორიას ფარავდა. მადეირა – პორტუგალიურ ენაზე ტყეს ნიშნავს. ახლა  კი აქა-იქაა შემორჩენილი წაბლის და დაფნის კორომები, კლდეებზე იზრდება მაქვისის ეკლიანი ბუჩქნარი უხეში, მარადმწვანე ფოთლებითა და ზოგჯერ უფოთლოდაც. დანარჩენი ტყე კი განადგურებულია.

    მადეირა 1418 – 1420 წლებში იქნა აღმოჩენილი პორტუგალიელი მეზღვაურების მიერ. არქიპელაგის აღმომჩენის ინიციატორად  ჰენრიხ ზღვაოსანი ითვლება. მოგვიანებით ბრიტანეთის იმპერიამ მოახდინა ამ კუნძულების ოკუპირება, ნაპოლეონის ომების პერიოდში  (1814 წელს) კი ეს ტერიტორია ისევ პორტუგალიას დაუბრუნდა. ხუთნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც აქაურობას პორტუგალიელები დაეპატრონენ, რომლებიც ადგილობრივ მავრებსა და აფრიკის ხალხების წარმომადგენლებს შეერივნენ.

    კუნძულის ადმინისტრაციული ცენტრი და ამვე დროს ყველაზე დიდი ქალაქი ფუნშალაა.  

    მადეირას კუნძულები-ფუნშალა

    კუნძულებს სახელი გაუთქვა ღვინომ, რომლის წარმოება აქ  ძალიან კარგადაა განვითარებული. მადეირაზე  წელიწადში რამდენიმე მილიონ ბოთლს აწარმოებენ. ვაზი აქ XIV-XV საუკუნეებში კუნძულ კრეტადან და კვიპროსიდან შემოუტანიათ. პირველად ღვინოს, რომელიც აქ დააყენეს, “მადერიზაცია” ეწოდა, მოგვიანებით კი მადეირა.  მაღალი ტემპერატურის პირობებში ღვინოს მუხის კასრებში ინახავენ, რაც მას განსაკუთრებულ გემოს აძლევს.

    გარდა ღვინისა  კუნძული განთქმულია თავისი ყვავილებითაც. ყოველ ახალ წელს აქ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეიერვერკის შოუ იმართება.  მადეირა თავისი ზღვის სანაპიროთი და თბილი, მთის მშრალი ჰავით ფილტვებით დაავადებულთათვის საუკეთესო კურორტად ითვლება.  კუნძულს  უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო  დანიშნულებაც აქვს: აქედან ხორციელედება კავშირი კარიბის აუზის ქვეყნებთან და ევროპასთან.

  • მარკიზის კუნძულები – პოლინეზიის ჭიშკარი

    მარკიზის კუნძულები – პოლინეზიის ჭიშკარი

    პოლინეზიის კუნძულებიდან, რომლებიც ესპანელებმა აღმოაჩინეს, პირველი  ვულკანური წარმოშობის მარკიზის კუნძულების ჯგუფი იყო. 1595 წელს, ექსპედიციამ, რომელსაც ალვარო დე მენდანია დე ნეირა მეთაურობდა, კუნძულებს პერუს მაშინდელი ვიცე-მეფის სახელი ”ლას ისლას მარკეზას დე დონ გარსია ხურტადო დე მენდოსა დე კანიენტე~ ანუ შემოკლებით – მარკიზის კუნძულები უწოდა. ულამაზესი ბუნება, სუფთა წყალი, მრავალფეროვანი მცენარეულობა, სტუმართმოყვარე მოსახლეობა – ყოველივე ამან მარკიზის კუნძულები ”ამქვეყნიურ სამოთხედ” გადააქცია.

    სამწუხაროდ, კუნძულების მიწა უხვად არის მორწყული კუნძულელთა სისხლით. მხოლოდ ორი კვირა დაყვეს ესპანელებმა კუნძულებზე და ორასი უდანაშაულოდ მოკლული ადგილობრივი მაცხოვრებელი და საშინელი ავადმყოფობა დატოვეს. ეს კი მხოლოდ უბედურების დასაწყისი იყო. ევროპელების მოსვლამდე კუნძულელებმა არ იცოდნენ რა იყო გრიპი და წითელა. ”ცივილიზაციის სიკეთემ” ავადმყოფობის გარდა სპირტიანი სასმელებიც მოიტანა, რაც მანამდე ასევე უცხო იყო მათთვის. ამას ცეცხლსასროლი იარაღიც დაემატა. მართალია, აქაურები ხშირად ჩხუბობდნენ ერთმანეთში, მაგრამ მალევე რიგდებოდნენ. ცეცხლსასროლმა იარაღმა კი გააუარესა მდგომაროება. ყოველივე ამას  კი კუნძულის მკვიდრი მცხოვრებლების შემცირება მოყვა.

    ამჟამად მარკიზის კუნძულები  საფრანგეთის პოლინეზიაშია  და  წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში საფრანგეთის ზღვის იქითა ტერიტორიას  წარმოადგენს.  მარკიზის კუნძულები  ანუ  ”ამქვეყნიურ სამოთხე” – ყველასგან მივიწყებული, მიტოვებული და მომაკვდავი გახდა.  ოდესღაც მჭიდროდ დასახლებული ხეობები, მოვლილი ბაღები ჯუნგლებად გადაიქცა. ხანდახან კუნძულებთან მდიდარ ტურისტთა იახტები ჩერდება, რომლებსაც ძველი კულტურის ნაშთები აინტერესებთ: სპეციფიკური ქვები, ჩუქურთმებით დამშვენებული იარაღი, ხისგან და ქვისგან დამზადებული კერპები ე.წ. ტიკი. მარკიზელები სიამოვნებით ყიდიან ტურისტებზე ამ ნივთებს.

    მარკიზელებმა თავისებური კულტურა შექმნეს. მაგალითად, ტატუირებაში ისინი ”მსოფლიო ჩემპიონები” იყვნენ.  ტატუ პოლინეზიური სიტყვაა , ისევე როგორც  სიტყვა ”ტაბუც”, რომლებიც მსოფლიოს თითქმის ყველა ენაში დამკვიდრდა. ადამიანის სხეული მათთვის ტილოს წარმოადგენდა, რომელზედაც სხვადასხვანაირ სურათებს და ორნამენტებს ასრულებდნენ.    

    მარკიზელები აწყობდნენ სპორტულ შეჯიბრებებს ისრის ტყორცნასა და ცურვაში. თამაშები ხდებოდა სტადიონის მსგავს სპეციალურ მოედანზე, რომელთა ნანგრევები დღესაც შემორჩენილია. კუნძულებზე აგრეთვე შემორჩენილია ქვისგან დამზადებული ქანდაკებები.

    საყურადღებოა, რომ მარკიზის ერთ-ერთ კუნძულზე, კერძოდ კი  ტაიტზე ცხოვრობდა  და აქვე გარდაიცვალა ფრანგი მხატვარი გოგენი. მან მრავალი ტილო  შექმნა კუნძულელების თემატიკაზე.

  • გალაპაგოსი- მოჯადოებული კუნძულები

    გალაპაგოსი- მოჯადოებული კუნძულები

    ეს სიტყვები გალაპაგოსის კუნძულებს (ესპანურიდან “გალაპაგო” – “კუ”-ს ნიშნავს) ეხება. არქიპელაგი ათი დიდი და მრავალი პატარა კუნძულისგან შედგება და წყნარი ოკეანის ეკვატორულ წყლებში მდებარეობს. კუნძულები ეკვადორის ნაპირებიდან 1000 კმ-ითაა დაშორებული. 1535 წელს, გალაპაგოსის კუნძულები  პანამის ეპისკოპოსმა ტომას დე ბერლანგამ აღმოაჩინა. კუნძულებმა სახელწოდება სწორედ ამ წელს მიიღო, რაც აქ მობინადრე გიგანტური კუების “დამსახურებაა”. გალაპაგოსის კუნძულები რუკაზე პირველად 1570 წელს გამოჩნდა, როცა ისინი მერკატორმა თავის რუკაზე  მონიშნა. XVI ს-ში ესპანელებმა კვლავ გააგზავნეს ექსპედიცია კუნძულებზე, მაგრამ მათ ვეღარ მიაგნეს. XVII ს-ის ბოლომდე ევროპელებისთვის გალაპაგოსის კუნძულები  “დაიკარგა”  და ამიტომ მას “ლას-ისლას ენკანტადო” უწოდეს, რაც “მოჯადოებულ კუნძულებს” ნიშნავს.

    XIX ს-ის დასაწყისში გალაპაგოსი ბრიტანელმა ვეშაპებზე მონადირეებმა თავიანთ ბაზად გამოაცხადეს. 1832  წ. კუნძულები ეკვადორის შემადგენლობაში შევიდა.

    არაერთი ექსპედიცია ეწვია გალაპაგოსს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს 1835 წლის ევროპელი მეცნიერების ექსპედიცია, რომელთა რიგებშიც შედიოდა ახალგაზრდა ბრიტანელი ბიოლოგი ჩარლზ დარვინი. აქ გატარებული დროის განმავლობაში, დაკვირვებებზე დაყრდნობით, მოგვიანებით მან გამოაქვეყნა თავისი გახმაურებული ნაშრომი “სახეობათა წარმოშობა”. სწორედ ჩარლზ დარვინის ნაშრომების შედეგად გახდა ეს კუნძულები საქვეყნოდ ცნობილი.

    გალაპაგოსის კუნძულები  ხუთი დიდი კუნძულისა (ფერნანდინა, ისაბელა, სან-კრისტობალი, სანტა-კრუზი, სანტიაგო) და 14 საშუალო კუნძულისაგან შედგება, ასევე არქიპელაგის შემადგენლობასია 42 ჯუჯა კუნძულისგან, რომელთა საერთო ფართობია 8000 კვ. კმ-ია

    კუნძულები ვულკანური წარმოშობისაა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მეტად ვულკანურად აქტიურ რეგიონს წარმოადგენს.

    გალაპაგოსის კუნძულები

    უკანასკნელი ამოფრქვევა კუნძულ ისაბელაზე 2005 წელს დაფიქსირდა.

    კუნძულებთან ერთმანეთს ორი მძლავრი ოკეანური დინების – პერუს ცივი და სამხრეთ პასატური თბილი ნაკადი ხვდება, რაც განაპირობებს კუნძულების ბუნების მრავალფეროვნებას. გალაპაგოსი ოკეანოგრაფების, ნატურალისტებისა და იხტიოლოგებისთვი მეცნიერული დაკვირვების ობიექტს წარმოადგენს.

    ტროპიკების ლიანები და პოლარული ხავსები, ჯუნგლების ღია ფერის ბუმბულიანი ფრინველები, ანტარქტიკული თოლიები, თუთიყუშები და პინგვინები, სიცივის მოყვარული სელაპები და სითბოს მოყვარული გიგანტური კუები – ასეთია გალაპაგოსის კონსტრასტები.

    გალაპაგოსის კუნძულები

    მიუხედავად ბუნების ასეთი სიჭრელისა, კუნძულებს სახელი გაუთქვა უზარმაზარმა ხვლიკმა იგუანამ, რომელიც ზღაპრულ დრაკონს ჩამოჰგავს. იგი დედამიწაზე ერთადერთ ცოცხალი არსებაა, რომელსაც საკუთარი გულისცემის გაჩერება შეუძლია ნახევარი წუთის განმავლობაში. მისი `ახლონათესავები~ შემორჩენილია ინდონეზიის ერთ-ერთ კუნძულ კომოდოზე, `წინაპრები~ კი ათი მილიონი წლის წინათ გადაშენდნენ.

    გალაპაგოსის კუნძულები მთელს მსოფლიოში ტურისტებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს. აქ არსებულ ფლორას და ფაუნას სხვაგან ვერსად შეხვდებით, სწორედ ეს ფაქტორი იზიდავს ტურისტებს ასე ძალიან.

    მცენარეთა და ცხოველთა უამრავი სახეობა კუნძულისათვის ენდემურია. ალბათ გასაკვირიც არაა, რომ ეკვადორის მთავრობამ, გალაპაგოსი ეროვნულ პარკად გამოაცხადა. არსებობს ასეთი გამოთქმა, რომ “გალაპაგოსის კუნძულებზე დრო გაჩერებულია”.  ტურისტულ ტურებში მთავრობის მიერ დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, ერთ ტურში არ შეიძლება შედიოდეს ოცზე მეტი ადამიანი. ასევე, გალაპაგოსის კუების გამრავლების პერიოდში, ტურისტების შესვლა კუნძულებზე საერთოდ აკრძალულია.

    კუნძულებზე მოქმედებს ორი საშუალო ზომის აეროპორტი. ტურისტებს შორის ძალზე პოპულარულია კუნძულებს შორის გემით ან იახტით გადაადგილება. ზოგიერთ კუნძულთან, არსებობს წყალქვეშა პარკები, სადაც შესაძლებელია წყალქვეშა ფლორისა და ფაუნის დათვალიერება. აღსანიშნავია, რომ უამრავ მცირე პარკსა თუ ტურისტულ ობიექტს, ჰქვია ჩარლზ დარვინის სახელი.

    ყველაზე მთავარი, რაც ტურისტებმა უნდა გაითვალისწინონ  ისაა რომ კუნძულების მოსანახულებლად ყველაზე საუკეთესო პერიოდი, ე.წ. ”ცხელი სეზონი”  იანვრიდან აპრილამდეა, როდესაც იქ ზაფხულია.  სწორედ ამ დროს ღირს აქ მოგზაურობა,  რათა მთელი სრულყოფილებით შეიგრძნოთ გალაპაგოსის სილამაზე.

    გალაპაგოსზე საინტერესო აღმოჩენები გააკეთეს არქეოლოგებმა. ტურ ჰეიერდალის ექსპედიციამ გალაპაგოსზე ორი ათასამდე ნაკეთობა აღმოაჩინა, რომელიც  ქვისგანაა დამზადებული, იპოვეს წყლის ჭურჭელი, დეკორატიული ლარნაკები, ორნამენტებით შემკული ჭურჭელი და სხვ.

    სინტერესოა, რა დაემართა ადგილობრივ მოსახლეობას? მკვლევარების აზრით, ხშირმა ვულკანურმა ამოფრქვევებმა, რომელიც აქ ასეული წლების წინათ მიმდინარეობდა, მოსახლეობა აიძულა არქიპელაგი დაეტოვებინა.

  • საჰარა – ყველაზე დიდი უდაბნო

    საჰარა – ყველაზე დიდი უდაბნო

    დედამიწაზე ყველაზე დიდი უდაბნო საჰარაა (აფრიკა). მისი ფართობი 7 მლნ.კვ.კმ-ია, მას აფრიკის ტერიტორიის დაახლოებით 1/4 უკავია, და თითქმის ავსტრალიის კონტინენტს უტოლდება. საჰარა აფრიკის ჩრდილოეთში მდებარეობს. იგი გადაჭიმულია ატლანტის ოკეანის სანაპიროდან წითელ ზღვამდე და ხმელთაშუა ზღვიდან მდინარე ნიგერამდე და ჩადის ტბამდე.  საჰარის ფარგლებში მთლიანად ან ნაწილობრივ მოქცეულია 11 სახელმწიფო: მაროკო, ალჟირი, ტუნისი, ლიბია, ეგვიპტე, დასავლეთი საჰარა, მავრიტანია, მალი, ნიგერი, ჩადი, სუდანი.

    საჰარის უდიდესი ნაწილი უწყლო და უსიცოცხლოა, რადგან მისთვის დამახასიათებელია მეტად მკაცრი და გაუსაძლისი ბუნებრივი პირობები. მიუხედავთ ამისა, უდაბნოში  გვხვდება დიდი ქვიანი სივრცეები, მაღალი ზეგნები, თანამედროვე ავტომაგისტრალები და ნავთობისა და გაზის მრავალრიცხოვანი ჭაბურღილები, არტეზიული ჭები და თვით… ჭაობებიც კი. და მაინც, ყველაზე მეტი აქ ქვიშაა. იგი სირთულეს უქმნის, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე მოგზაურებსა და ტურისტებს. ხშირად ქვიშის უზარმაზარი მასები ძლიერ ქარს საკმაოდ შორს გადააქვს. გამოთვლებით, ყოველწლიურად 140 მლნ. ტ. ქვიშის მტვერი ილექება ატლანტის ოკეანის ფსკერზე, ხოლო 50  მლნ. ტ. თვით ამერიკის კონტინენტამდეც კი აღწევს. `საბედნიეროდ~ ქვიშას საჰარის ტერიტორიის მხოლოდ 20% უკავია. უზარმაზარი `ქვიშიანი ზღვები~ ე.წ. რეგი, ძირითადად, დასავლეთ საჰარაში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი ნაწილი გამადას ანუ ქვიან უდაბნოებს უჭირავთ.

    საჰარაში გვხვდება დაბლობები, ვაკეები და საკმაოდ მაღალი მთებიც. მათ შორის, ყველაზე მაღალია ემიკუსი (3415 მ.) ტიბესტის ზეგანზე (ჩადი). ზამთარში მისი მწვერვალები თოვლითაა დაფარული. საჰარა აფრიკის ყველაზე ცხელი ადგილია. ტემპერატურული რეჟიმი არასტაბილურია და მეტად მაღალია ამპლიტუდა. ზაფხულის უღრუბლო დღეებში, რომელთა რიცხვი წელიწადში 300-მდეა, თერმომეტრი ხშირად +50 გრადუსს აჩვენებს, ხოლო ქვიშა, ქვები და ლითონის ნივთები +70 გრადუსამდე ცხელდება და დამწვრობას იწვევს. ღამით ტემპერატურა +10 გრადუსია, ზოგჯერ კი 0 გრადუსამდეც ეცემა. გაუდაბნოების უწყვეტი პროცესის გამო საჰარის ფართობი იზრდება.

  • ტბა ტიტიკაკა

    ტბა ტიტიკაკა

    მაღალმთიან ტბებს შორის ყველაზე დიდი და ცნობილი ტიტიკაკაა (სამხრეთი ამერიკა, ანდებში,  პერუსა და ბოლივიის საზღვარზე). მისი ფართობი 8300 კმ2-ია და ზღვის დონიდან 3812 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მიუხედავად ასეთი მაღალი მდებარეობისა, იგი არასოდეს არ იყინება. მისი წყლის ტემპერატურა +11 გრადუსია. ტბაში  27 მდინარე  ჩაედინება და 20-მდე მცირე ნაკადული გამოედინება.

     ტბის სახელწოდების წარმომავლობა უცნობია, სავარაუდოდ ის მომდინარეობს ადგილობრივი ინდიელების, კეჩუასა და აიმარას ენებიდან.

    ტიტიკაკა მეცნიერებისათვის გამოცანას წარმოადგენს. აღმოჩნდა, რომ მისი წყლის ქიმიური შედგენილობა ისეთივეა, როგორც წყნარი ოკეანის წყლისა. ამასთან, მასში ოკეანური ფაუნის ბევრი წარმომადგენელი ბინადრობს.

    ტბის სანაპიროზე მდებარეობს უძველესი საპორტო ნაგებობის ნაშთები.  თუ ვის მიერაა აშენებული იგი, ჯერაც დაუდგენელია. ყოველივე ზემოთქმული გვაფიქრებინებს, რომ ტიტიკაკა ყოველთვის ტბა არ ყოფილა და იგი ოდესღაც შესაძლებელია დაკავშირებული იყო წყნარ ოკეანესთან.

    ტიტიკაკა, ასევე, იმითაა გამორჩეული, რომ ტბაში 41 კუნძული მდებარეობს, რომელთაგან  ზოგიერთი დასახლებულია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კუნძულების გარკვეული ნაწილი ადამიანების ხელითაა შექმნილი. ახალმოსულები თავად ქმნიდნენ კუნძულებს ლერწმისაგან, რომელიც უხვადაა ტბის ნაპირებზე. ასეთ კუნძულებზე მთელი სოფლებია გაშენებული, სახლები, საწოლები, ჩანთები, ფარდები და ა.შ. ასევე ლერწმისაგანაა გაკეთებული. ერთ-ერთი ასეთი კუნძულია უროსი (Uros), რომელიც ტბის პერუს ნაწილში მდებარეობს და პერუს ერთ-ერთი უმთავრესი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.

    ამანტანიც (Amantani) ერთ-ერთი პატარა დასახლებული კუნძულია და კეჩუას ენაზე მოლაპარაკე ინდიელებითაა დასახლებული. 800-მდე ოჯახი 6 სოფელშია განაწილებელი.

    მოსახლეობა ძირითადად კარტოფილისა და სხვადასხვა ბოსტნეულის მოშენებითაა დაკავებული. კუნძულზე არაა არც მანქანა, არც სასტუმრო და არც ელექტროენერგია. მის გამოსამუშავებლად გენერეტორებს იყენებენ. სამაგიეროდ არის კლინიკა და სკოლა. მიუხედავად ამისა, ტურისტები ამ კუნძულს საკმაოდ ეტანებიან, აგემოვნებენ ადგილობრივთა საკვებს, ეცნობიან მათ წეს-ჩვეულებებს და საღამოობით შესაძლებლობა აქვთ ინდიელების ტრადიციული ცეკვების ხილვით დატკბნენ. ტურისტებს მეგზურობას და მასპინძლობას ადგილობრივები  უწევენ გარკვეული საფასურის სანაცვლოდ.

    ტიტიკაკას ყველაზე დიდი კუნძულია ისლა-დელ-სოლი (Isla de Sol), რომელიც ბოლივიას ეკუთვნის. არც ამ კუნძულზეა გზები და ტრანსპორტი, მოსახლეობის ძირითად  საქმიანობისა და თავის რჩენის სფეროს წარმოადგენს მეცხოველეობამიწათმოქმედებათევზაობა და ტურისტებისგან  მიღებული შემოსავალი. კუნძულზე 180  ნანგრევია, რომელიც ინკების ცივილიზაციას ეკუთვნის. ადგილობრივებს სჯერათ, რომ ამ კუნძულზე დაიბადა მზის ღმერთიბოლივია და პერუ ტიტიკაკას იყენებენ სანაოსნოდ და  ეკონომიკური ურთიერთობების განსახორციელებლად.  ბოლივიის სამხედრო ძალები ტბაში საზღვაო წვრთნებს ატარებენ.

  • გამქრალი გეოგრაფიული ობიექტები

    გამქრალი გეოგრაფიული ობიექტები

    გეოგრაფიული აღმოჩენების შესახებ ალბათ ყველამ იცის, მაგრამ  გამქრალი გეოგრაფიული  ობიექტების შესახებ,  მგონი ბევრს არაფერი სმენია. არადა გეოგრაფიულ აღმოჩენებთან ერთად  ხშირად ასეთი შემთხვევიც ხდება და  ისინიც  დიდ  როლს   ასრულებენ  გეოგრაფიული მეცნიერების განვითარების საქმეში.

    ჯერ კიდევ  არც  თუ ისე დიდი ხნის წინ,  ატლანტის ოკეანის ფსკერის იმ ნაწილის რუკაზე გამოსახვისას, რომელიც კ. გრენლანდიასა და შპიცბერგენის არქიპელაგს შორის მდებარეობს, ოკეანოგრაფები  დიდ ქედს აღნიშნავდნენ, რომელსაც ნანსენის ბარიერი ერქვა. ამჟამად ეს ადგილი რუკებზე შესწორებულია, რადგან  ყოფილი საბჭოთა კავშირის  ექსპედიციამ  ფსკერის გამოკვლევისას დაადგინა,  რომ ამ ადგილას არანაირი ქედი არ მდებარეობს.  ექოლოტებით გაზომილი იქნა სიღრმეები  და საბოლოოდ დადგინდა, რომ ოკეანეში მხოლოდ ცალკეული წყალქვეშა მთებია, რომლებიც ერთმანეთისგან  3000 მ სიღრმის ფართო  ”სრუტეებითაა” გამოყოფილი. შესაბამისად,  ინფორმაცია  წყალქვეშა მითიური  ნანსენის ბარიერის შესახებ, რომლის არსებობაში გეოგრაფები მრავალი წელი იყვნენ დარწმუნებულები, მცდარი აღმოჩნდა და   ეს ობიექტიც  რუკიდან გაქრა.

    ყველაზე მეტი  გამქარალი გეოგრაფიული ობიექტებით  ანტარქტიდის ნაპირები გამოირჩევა. ცნობილია, რომ  პერიოდულად ამ კონტინენეტს  გიგანტური აისბერგები  – მოდრეიფე ყინულის კუნძულები  წყდება და ოკეანეში ცურავს.  მეცნიერებმა გამოიანგარიშეს, რომ ანტარქტიდის ყინულავანი  სანაპირო  მცირედ   გადაადგილდება ჩრდილოეთი მიმართულებით,   წელიწადში 50-დან 500 მ-მდე, ზოგჯერ კი 2000 მ სიჩქარით.  სწორედ  ამ გადაადგილების შედეგად  ანტარქტიდის სანაპირო ხაზი მუდმივად იცვლება.  ასე მაგალითად,  ერთ-ერთი გიგანტური  აისბერგის წყალობით არც თუ ისე დიდი ხნის წინ ოკეანეში  ”გაცურდა”  ეიმერის კონცხი, ევანსის, ტორეჰავნისა და ინგრამის უბეები.  ასევე  გაქრნენ პრიუდსისა და მაკენზის ყურეები და მათ ადგილას  ერთი დიდი ყურე  წარმოიქმნა.

    შედეგად კი , თუ  სახელგანთქმული ნორვეგიელი  პოლარული მკვლევარი რუალ ამუნდსენი ჩვენს დროში ხელახლა მოაწყობდა ექსპედიციას ანტარქტიდაზე, ის უბრალოდ ვერ იპოვიდა აქ   ცნობილ  ვეშაპთა  უბეს, სადაც   მისი  ე.წ. ფრამჰეინის ექსპედიციის  ბაზა  მდებარეობდა და საიდანაც  ის  სამხრეთ პოლუსზე გაემგზავრა.  როგორც აღმოჩნდა,  ნაპირის ეს  ნაწილი გიგანტურ აისბერგთან ერთად ჩრდილოეთისკენ  ჯერ კიდევ 1940  წელს გაცურდა.  1963 წელს  როსისი ზღვაში მცურავი   ამერიკული  გემი,  ნაპირიდან 500 კმ-ის დაშორებით  ამ კუნძულის მხოლოდ შემორჩენილ ნაშთებს გადაეყარა. 

    შეიძლება ითქვას,  იგივე ბედი ეწია ფართობით საკმაოდ   დიდ  ჩელუსკინელების ნახევარკუნძულს, რომელიც  1956 წელს საბჭოთა ანტარქტიკული ექსპედიციის მიერ იქნა აღმოჩენილი.  ეს ნახევარკუნძული, რომელიც მუდმივად იცვლებოდა,  საბოლოოდ  1964 წელს მოწყდა კონტინენტს, 5000 კვ. კმ-ის ფართობის კუნძულად გადაიქცა  და   დიდი ლაინერის მსგავსად მშვიდად გაცურდა ოკეანეში ჩრდილოეთის მიმართულებით.

    რუსი მეცნიერების მიერ, 1959 წელს   ”გაუქმებული” იქნა კუნძულები სუეინს-აილენდი და მეისის- აილენდი, რომლებიც ჯერ კიდევ 1800 წელს აღმოაჩინა ინგლისელმა კაპიტანმა  სუეინსმა.  ეს კუნძულები,  რომლებიც  ს.გ.  59 გრადუსსა და დ.გ. 90 გრადუსსზე მდებარეობდნენ, როგორც შემდგომში გაირკვა   კუნძულები კი არა , აისბერგები ყოფილან.  ასევე  ”გაქრა”  ვულკანი სოვოლდიც, რომელიც ყველა ამერიკულ და ნორვეგიულ რუკებზე იყო გამოსახული. ეს 300 მ-იანი  სიმაღლის  ვულკანი   კონტინენტზე მყინვარ ეიმერის მახლობლად  მდებარეობდა.

     1982 წელს ექსპედიციამ, რომელიც დედამიწის გარშემო  ფ. ბელინჰაუზენისა და მ. ლაზარევის   მარშრუტით მოგზაურობდა, დაადგინა რომ კ. ტერრა-ნოვა მხოლოდ და მხოლოდ დიდი ყინულის მასივია, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს  კონტინენტს მოწყდა  და ოკეანეში ისევე გაცურდა, როგორც კლარას მიწა, რომელიც ფარნგმა მოგზაურმა დიუპონ-დიურვილმა აღმოაჩინა.  1987 წელს  კი გაჩნდა  ცნობა  კონტინენტიდან ახალი  აისბერგის  მოწყვეტის შესახებ,  რომლის ზომები იყო 134 / 37 კმ-ზე   და რომელმაც  მნიშვნელოვნად შეცვალა როსის ზღვის სანაპირო ხაზი.

     უნდა აღინიშნოს,  რომ გეოგრაფიული  გეოგრაფიული ობიექტები  არა მარტო მაღალ განედებში ”ქრებიან”, არამედ  იმ ტერიტორიებზეც,  რომლებიც  დიდი ხანია გამოკვლეულია. მაგ;  თქვენ ახლა რუკაზე ვერ მოძებნით ისეთ კუნძულებს, როგორიცაა განგესი,  რომელიც მე-17 საუკუნეში ესპანელმა ზღვაოსნებმა აღმოაჩინეს.  ასევე ესპანელების აღმოჩენილია კუნძულები წყნარ ოკეანეში  ბონინი, იდხუ და ვოლკანო.   ექსპედიციის უკენ დაბრუნებისას კი  მათ ეს ობიექტები უკვე სხვა რაკურსით დაინახეს,   მაგრამ ვერ იცნეს უკვე აღმოჩენილი  კუნძულები და  ამავე დროს შეცდომითაც განსაზღვრეს მათი გეოგრაფიული კოორდინატები.

    ” ახალმა” და ამავე დროს ძველმა  კუნძულებმა მიიღეს სახელწოდება განგესი. შედეგად არარსებულ  კუნძულებს  თითქმის  300 წლის მანძილზე  აღნიშნავდნენ რუკებზე. 1965 წელს საბჭოთა ექსპედიციამ საბოლოოდ გააქარწყლა  მითი  ამ კუნძულების შესახებ და ეს აღმოჩენა ” გააუქმა”.

    ასეთი შემთხვევები  იშვიათი არაა.  თანამედროვე გეოგრაფიულ რუკებზეც კი გვხვდება  ისეთი კუნძულები, რომლებიც აღნიშნულია აბრევიატურებით: ” ПС” და “СС”, რაც ნიშნავს ” მდებარეობა საეჭვოა”  ან  ”არსებობა საეჭვოა”.

    დიდი ხნის აღმოჩენილი ზოგიერთი კუნძული  უკვე რამდენიმე ასეული წელია ”დამალობანას” თამაშობს. ამის კარგი მაგალითია  კ. ბუვიე, რომელიც თეორიულად ნორვეგიის  საკუთრებაა და  სამხრეთ ოკეანეში ანტარქტიდასთან ახლოს მდებარეობს.  ეს ვულკანური კუნძული თითქმის მთლიანად ყინულითაა დაფარული  და  საშინელი ნისლითაა  გარემოცული.  ჯერ კიდევ 1793 წელს იგი ფრანგმა კაპიტანმა ბუვიემ  აღმოაჩინა, თუმცა რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ამ ადგილას ცნობილმა ინგლისელმა მოგზაურმა ჯ. კუკმა იმოგზაურა, მაგრამ ამ ადგილას  ხმელეთის ”ნაგლეჯიც” კი ვერ ნახა.  კუკი დარწმუნებული იყო, რომ  ბუვიემ რუკაზე  კუნძულის მაგივრად აისბერგი აღნიშნა.  კიდევ 200 წლის შემდეგ ინგლისური ვეშაპებზე მონადირე  შხუნის კაპიტანი  ლინდსეი სრულიად მოულოდნელად   დაეტაკა  ნისლში გახვეულ კუნძულს და  მას თავისი  სახელი უწოდა.   ალბათ წარმოგიდგენიათ რაოდენ დიდი იყო მისი იმედგაცრუება, როცა ეს ბუვიეს კუნძული აღმოჩნდა.

     დიდი ხნის განმავლობაში კ. ბუვიეს ხელმეორე აღმოჩენა დავიწყებული იქნა. მოგვიანებით ინგლისელმა კაპიტანმა ნორისმა კიდევ ერთხელ იპოვა კუნძული და დარწმუნებულმა იმაში,  რომ სრულად ახალი ტერიტორია აღმოაჩინა მას ლივერპული უწოდა. აქვე  ახლოს მეორე კუნძულიც  ნახა და მას ტომპსონიო დაარქვა. 

    ვულკანური კუნძულები გეოგრაფებს და ზოგიერთი ქვეყნის მთავრობებს  ბევრ  უსიამოვნო მოულოდნელობებს სთავაზობენ.  როგორც წესი, ისინი მალევე უჩინარდებიან და   რამდენიმე ხნის შემდეგ ხელახლა ჩნდებიან. ზღვაოსნები და მოგაზურები აღმოაჩენენ ხოლმე ვულკანურ კუნძულებს,  მათ რუკაზე  აღნიშნავენ, კუნძულის ტერიტორიაზე საკუთარი ქვეყნის დროშას აღმართავენ და ერთი წლის შემდეგ  კი კუნძულები უბრალოდ  ისე ”ქრებიან”, თითქოს  არც არასდროს არსებობდნენ.   ზოგჯერ ასეთი შემთხვევბის გამო საერთაშორისო  კონფლიქტებიც კი ხდება. მაგ; 1831 წლის 13 ივლისს ხმელთაშუა ზღვაში კ. სიცილიასა და აფრიკის ნაპირებს შორის უეცრად ახალი მიწა გაჩნდა, რომელსაც კ. იულია უწოდეს.  სავსებით ლოგიკურია, რომ ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო  ” ახადაბადებული” კუნძული მაშინვე დიპლომატიური კონფლიქტის მიზეზი გახდა იტალიასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის. ორივე ქვეყენა კ. იულიას თავის საკუთრებად თვლიდა. თუმცა, სანამ ეს ორი ქვეყენა ერთმანეთთან ურთიერთობას  არკვევდა,  კუნძული   გაუჩინარდა. საინტრესოა, რომ  მას შემდეგ იგი არაერთხელ გამოჩნდა და გაქრა და ყოველ გამოჩენაზე ახალახალ დასახელებას იღებდა.

     1935 წელს  კურიოზულ შემთხვევას ჰქონდა ადგილი:  ერთ-ერთმა იაპონურმა კომპანიამ ამერიკულ ტრესტს მიწა მიყიდა, რომელიც  იაპონიის საკუთრება –  კაროლინას არქიპელაგში შემავალ რამდენიმე  კუნძულზე მდებარეობდა. ამერიკელებს ამ ტერიტორიაზე  ტროპიკული კულტურების პლანტაციების გაშენება სურდათ.  მაგრამ, როდესაც ამერიკელთა მცენარეთა თესლებითა და ნერგებით  დატვირთული  გემი დანიშნულების ადგილს მიადგა,  იქ კუნძულები ვეღარ  ნახა.  აღმოჩნდა, რომ დოკუმენტების გაფორმების პროცესში კუნძულები ოკეანის წყალმა შთანთქა. 

     1957 წლის 28  სექტემბერს პორტუგალიის საკუთრება აზორის კუნძულებთან ახლოს წყალქვეშა მიწისძვრის შედეგად  კიდევ ერთი ახალი ახალი კუნძული  წარმოიქმნა, რომელმაც სულ რაღაც ერთი თვე იარსება.  ალბათ იგივე ბედი ეწევათ  1963 წელს ისლანდიასთან  ახლოს  გაჩენილ კ. სურსეის და 1986 წელს იაპონიის ნაპირებთან წარმოქმნილ კ. ფუკუტა-კუილობას.   1992 წლის ივლისში ახალი კუნძული გაჩნდა ალეუტის არქიპელაგში, რომლის სიგრძე 1.5 კმ-ია, ხოლო სიმაღლე ზ.დ. 100 მ.

    ასეთმა კუნძულები ზოგჯერ ლიტერატურულ ნაწარმოებებშიც აისახება. მაგ. ჟიულ ვერნის რომანში ” ბიძია ანტიფერას საოცარი მოგზაურობა”  ცნობილმა მწერალმა დიდი ოსტატობით აღწერა ვულკანური კუნძულების მოძრაობა.  რომან ” საიდუმლო კუნძულში”  კი ასევე  შთამბეჭდავადაა  აღწერილი აბრაამ ლინკოლნის კუნძულის გაქრობა.  ამ კუნძულის პროტოტიპად იქვა კ. კრაკატაუ, რომლის დიდი ნაწილი 1883 წლის ვულკანურ ამოფრქვევას შეეწირა.

  • წითელი ზღვა

    წითელი ზღვა

    დედამიწის ფერად ზღვებს მიეკუთვნება წითელი ზღვაც, რომელიც სინამდვიილეში ლურჯი ფერისაა, მაგრამ მის ზედაპირზე ზოგჯერ წითელი წყალმცენარეები ამოტივტივდებიან ხოლმე და მაშინ ზღვის წყალს წითელი ელფერი დაჰკრავს. სახელიც, სავარაუდოდ, სწორედ ამ ორგანიზმების მეწამული ფერის გამო ეწოდა. თუმცა არსებობს ზღვისთვის სახელის დარქმევის სხვა ვერსიებიც. მაგალითად, ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ ზღვას ეს სახელი ეგვიპტესთან ახლოს მდებარეობის გამო ეწოდა. ძველად ეგვიპტელები წითელ ზღვაში მდებარე ერთ-ერთ კუნძულს „წითელ მიწას“ უწოდებდნენ. რადგანაც ზღვა „წითელ კუნძულს“ ესაზღვრებოდა, ამიტომ მასაც „წითელი“ დაარქვეს. სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით, სხვა ვერსიაც არსებობს, რომელიც ეფუძნება მოსაზრებას, რომ ფერები ჰორიზონტის მხარეებს – გეოგრაფიულ მიმართულებებს აღნიშნავდნენ. წითელი ფერი კი სამხრეთის მიმართულებას შეესაბამებოდა და, შესაბამისად, წითელი ზღვაც სამხრეთის ზღვას ნიშნავდა.

    წითელი ზღვა შიდა ზღვაა და ინდოეთის ოკეანის აუზს მიეკუთვნება და არაბეთის ნახევარკუნძულსა (აზია) და აფრიკის კონტინენტს შორის მდებარეობს. https://www.google.ge/maps/place/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%90/@20.2358326,29.5064425,5z/data=!3m1!4b1!4m5!3m4!1s0x15b91b7a37f530e5:0xbab428a1529071c7!8m2!3d20.280232!4d38.512573?hl=ka

    ზღვა ცხრა ქვეყანას ესაზღვრება. ეს ქვეყნებია: ეგვიპტე, სომალი, სუდანი, იემენი, ისრაელი, ჯიბუტი, იორდანია, საუდის არაბეთი და ერითრია. წითელ ზღვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ცხრავე ქვეყნისთვის რეკრეაციის, ტრანსპორტირებისა და თევზჭერის თვალსაზრისით.

    წითელი ზღვის ფართობი 450 ათასი კვ. კმ-ია. მაქსიმალური სიღრმე 3000 მ-ია შუა ნაწილში. წითელი ზღვა ყველაზე მარილიანია მსოფლიოს ზღვებს შორის – მისი წყლის მარილიანობა ლიტრში 40-60 გრ-ია.

    წითელი ზღვა იმითაცაა საინტერესო, რომ მასში მდინარეები არ ჩაედინება, რომელთაც ზღვებში ნატანი მასალა და ქვიშა ჩააქვთ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხოლმე ზღვის წყლის გამჭვირვალობას. ამიტომაც წითელი ზღვის წყალი კრისტალურად სუფთა და გამჭვირვალეა.

    წითელი ზღვა საერთაშორისო გადაზიდვებისა და ტრანსპორტირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი მას შემდეგ გახდა, რაც 1869 წელს სუეცის არხი გაიხსნა.

    წითელი ზღვა მეტად საინტერესოა ტურისტებისთვისაც. ზღვაზე დასვენება მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი, თუმცა ზაფხულში ძალიან ცხელა. ამ დროს წყლის საშუალო ტემპერატურა 27 გრადუსია. ზამთარში კი წყლის საშუალო ტემპერატურა 21 გრადუსს აღწევს. ასე რომ, ზღვა, გარდა მაღალი მარილიანობისა, ყველაზე თბილ ზღვადაცაა ცნობილი.

    წითელი ზღვა ორგანული სამყაროს მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. იქ 1000-მდე სახეობის თევზი ბინადრობს. აგრეთვე გვხვდება წყალმცენარეები, მრავალი ფერის მარჯნები და სხვადასხვა ფორმის წყალქვეშა ქვები, რომლებიც ზღვის ფსკერზე ულამაზეს გარემოს ქმნიან.

    წითელ ზღვაში 25 ლამაზი და ეგზოტიკური კუნძულია, რომლებიც საუკეთესო ადგილებად ითვლება დაივინგისთვის. სწორედ ამიტომ დაივერები ამ კუნძულებზე მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან ზღვის მრავალფეროვანი და ულამაზესი წყალქვეშა სამყაროს გასაცნობად.

  • გოლფსტრიმის დინება

    გოლფსტრიმის დინება

    ჯერ კიდევ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ყველაზე დიდ ოკეანურ დინებად გოლფსტრიმის დინება ითვლებოდა. მას თავის “გაგრძელება” ჩრდილო-ატლანტიკურ დინებასთან ერთად, თბილი სუბეკვატორული წყლები ჩრდილოეთ ევროპის ნაპირებთან და კოლის ნახევარკუნძულთანაც კი მოაქვს. ამიტომაც ამ დინებამ “ევროპის ღუმელის” სახელწოდება მიიღო. სწორედ გოლფსტრიმის დინების წყალობით არის ევროპის სანაპირო შედარებით უფრო თბილი, ვიდრე ამავე განედებზე მდებარე ჩრდილოეთ ამერიკის სანაპირო, სადაც ეს დინება სანაპიროდან საკმაოდ დაშორებულია.

    გოლფსტრიმის დინება მაქსიმალურ სიგანეს – 640 კმ-ს კუნძულ ნიუფაუნდლენდთან აღწევს. მისი საშუალო სიღრმე 320 მ-ია. დედამიწის ყველა მდინარეს 22-ჯერ უფრო ნაკლები წყალი ჩააქვს მსოფლიო ოკეანეში, ვიდრე ერთ გოლფსტრიმს.

    და მაინც, გოლფსტრიმს “ჩემპიონის ტიტული” ჩამოერთვა. რუს მეცნიერთა გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ჩვენს პლანეტაზე ყველაზე დიდი ოკეანური დინება ანტარქტიკული, ანუ დასავლეთ ქარების დინებაა, რომელიც გარს უვლის ანტარქტიკას.

  • ყვითელი ზღვა

    ყვითელი ზღვა

    ყვითელი ზღვა წყნარი ოკეანის აუზს მიეკუთვნება და ნახევრად შიდა ზღვაა. ის აზიის აღმოსავლეთ სანაპიროზე, კორეის ნახევარკუნძულის დასავლეთით მდებარეობს. ყვითელი ზღვა სამი ქვეყნის ტერიტორიას – ჩრდილოეთ კორეას, სამხრეთ კორეასა და ჩინეთს ესაზღვრება. ყვითელ ზღვას სახელი წყლის ფერის გამო ეწოდა, რაც ზღვაში ჩამდინარე მდინარე ხუანხეს“ იგივე “ყვითელი მდინარის” დამსახურებაა. ამ მდინარეს ზღვაში დიდი რაოდენობით ოქროსფერი ქვიშა ჩააქვს, რაც ზღვის წყალს ყვითელ ფერს სძენს.

    ყვითელი ზღვის ფართობი 41 6 000 კვ. კმ-ია. ზღვის წყლის მარილიანობა 24-36 პრომილეს შორის მერყეობს. ყვითელი ზღვა არ არის ღრმა ზღვა. მისი მაქსიმალური სიღრმე 152 მეტრს აღწევს, თუმცა გამოირჩევა დიდი და სწრაფი ტალღებით, აგრეთვე დიდი მიმოქცევით. ზოგჯერ ტალღების მიმოქცევის სისწრაფე 20 კმ/საათს აღემატება. სწორედ მისი სიღრმე და მიმოქცევის მახასიათებლები ხდის ზღვას მნიშვნელოვანს თევზების გამრავლების თვალსაზრისით.

    ზღვის ყურეებიდან გამოირჩევა ბოხაის, ლიაოდუნის და დასავლეთ კოერის ყურეები. ზღვაში ხუანხეს გარდა ასევე ჩაედინება მდინარეები – ხაიხე, ლიაოხე და იალუცზიანი (ამნოკანი).

    ზღვა მდიდარია ბიოლოგიური რესურსებით და თევზჭერის უმნიშვნელოვანესი ცენტრია. ამასთანავე, ყვითელი ზღვა ცნობილია სხვადასხვა სახის გადამფრენი ფრინველების სიმრავლითა და მრავალფეროვნებით.

  • თეთრი ზღვა

    თეთრი ზღვა

    თეთრი ზღვა რუსეთის ევროპული ნაწილის უკიდურესი ჩრდილოეთით მდებარეობს და ჩრდილოეთ ყინულოვანი (არქტიკული) ოკეანის აუზს მიეკუთვნება. თითქმის შვიდი თვის მანძილზე თეთრი ზღვა მთლიანად ყინულებით იფარება და სწორედ აქედან გამომდინარე ეწოდა მას თეთრი ზღვა. ზღვა ყინულებისგან მხოლოდ ივლისის შუა რიცხვებში თავისუფლდება.

    მეცნიერთა აზრით, ზღვის სახელი ალბუმი – „თეთრი ზღვა“ პირველად პეტრე პლანციას 1592 წელს შედგენილ რუკაზე იქნა აღნიშნული, ხოლო უკვე ორი წლის შემდეგ ფლამანდიელმა კარტოგრაფმა ჰერარდ მერკატორმა თავის რუკაზე ზღვის, როგორც ლათინური, ასევე რუსული სახელწოდებაც დაიტანა.

    ზღვის ფართობი 90 ათასი კვ. კმ-ია. საშუალო სიღრმე -89 მ-ს, ხოლო მაქსიმალური – 330 -ს აღწევს. თეთრ ზღვაზე გარემო პირობები საკმაოდ მკაცრია. ტემპერატურა ნულს ქვემოთ 20°-მდე ჩამოდის ხოლმე, ხშირად უფრო დაბლაც. ყოფილა შემთხვევები, როცა 40° ყინვა დაფიქსირებულა. 0°-ს ზემოთ ტემპერატურის ნიშნული იშვიათად ადის. ზღვის წყლის მარილიანობა მსოფლიო ოკეანის წყლის საშუალო მარილიანობაზე დაბალია.

    თეთრ ზღვაში ჩაედინება მდინარეები – ჩრდილოეთი დვინა, ონეგა, მეზენი და სხვ. თეთრი ზღვა უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო მაგისტრალია. ზღვისპირა ძირითადი პორტებია არხანგელსკი, სევეროდვინსკი, ონეგა, ბელომორსკი, კემი, მეზენი. არხანგელსკი უძველესი პორტია და ისტორიულად ის რუსეთში მსოფლიოს სავაჭრო ცენტრად მიიჩნეოდა

    მიუხედავად იმისა, რომ თეთრ ზღვაზე ძალიან ცივა და ზამთრობით წყალი იყინება, ზღვაში უამრავი ძალიან ლამაზი თევზი ბინადრობს.

    ბელომორ-ბალტიის არხმა თეთრი ზღვა ბალტიის ზღვას დაუკავშირა.