გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

Madeira Islands

მადეირა – გაკაფული ტყის კუნძულები

ატლანტის ოკეანეში  მდებარე მადეირას ვულკანური წარმოშობის კუნძულების სახელი, ხშირ ტყეს უკავშირდება, რომელიც აქ ოდესღაც მთელ ტერიტორიას ფარავდა. მადეირა – პორტუგალიურ ენაზე ტყეს ნიშნავს. ახლა  კი აქა-იქაა შემორჩენილი წაბლის და დაფნის კორომები, კლდეებზე იზრდება მაქვისის ეკლიანი ბუჩქნარი უხეში, მარადმწვანე ფოთლებითა და ზოგჯერ უფოთლოდაც. დანარჩენი ტყე კი განადგურებულია.

მადეირა 1418 – 1420 წლებში იქნა აღმოჩენილი პორტუგალიელი მეზღვაურების მიერ. არქიპელაგის აღმომჩენის ინიციატორად  ჰენრიხ ზღვაოსანი ითვლება. მოგვიანებით ბრიტანეთის იმპერიამ მოახდინა ამ კუნძულების ოკუპირება, ნაპოლეონის ომების პერიოდში  (1814 წელს) კი ეს ტერიტორია ისევ პორტუგალიას დაუბრუნდა. ხუთნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც აქაურობას პორტუგალიელები დაეპატრონენ, რომლებიც ადგილობრივ მავრებსა და აფრიკის ხალხების წარმომადგენლებს შეერივნენ.

კუნძულის ადმინისტრაციული ცენტრი და ამვე დროს ყველაზე დიდი ქალაქი ფუნშალაა.  

მადეირას კუნძულები-ფუნშალა

კუნძულებს სახელი გაუთქვა ღვინომ, რომლის წარმოება აქ  ძალიან კარგადაა განვითარებული. მადეირაზე  წელიწადში რამდენიმე მილიონ ბოთლს აწარმოებენ. ვაზი აქ XIV-XV საუკუნეებში კუნძულ კრეტადან და კვიპროსიდან შემოუტანიათ. პირველად ღვინოს, რომელიც აქ დააყენეს, “მადერიზაცია” ეწოდა, მოგვიანებით კი მადეირა.  მაღალი ტემპერატურის პირობებში ღვინოს მუხის კასრებში ინახავენ, რაც მას განსაკუთრებულ გემოს აძლევს.

გარდა ღვინისა  კუნძული განთქმულია თავისი ყვავილებითაც. ყოველ ახალ წელს აქ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეიერვერკის შოუ იმართება.  მადეირა თავისი ზღვის სანაპიროთი და თბილი, მთის მშრალი ჰავით ფილტვებით დაავადებულთათვის საუკეთესო კურორტად ითვლება.  კუნძულს  უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო  დანიშნულებაც აქვს: აქედან ხორციელედება კავშირი კარიბის აუზის ქვეყნებთან და ევროპასთან.