• პამპა

    პამპა

    პამპა(ესპ. “პამპას” – ვაკე) – სამხრეთ ამერიკის სუბტროპიკული სარტყელის უმეტესად ბალახეული მცენარეულობით შემოსილი ზოგიერთი ვაკე ადგილის სახელწოდება.  ძირითადად იყენებენ მესაქონლეობისათვის.

    პამპის, პამპასების ბალახი (Cortaderia selloana, Gynerium argenteum)  მრავალწლოვანი  დიდი და მკვრივკორდოვანი ბალახოვანი მცენარეა, რომლის ღეროს სიმაღლე 2-3 მ აღწევს და რომელსაც  გრძელი, ხაზური ფოთლები და დიდი (30-50 სმ სიგრძის) მოვერცხლისფრო საგველა ყვავილედი აქვს.  პამპის ბალახი ველურად იზრდება სამხრეთ ბრაზილიასა და არგენტინაში.  სამხრეთ ამერიკაში პამპის ბალახის ფოთლებისაგან ქაღალდს ამზადებენ.

  • საქართველოს ტყეები

    საქართველოს ტყეები

    საქართველოში ტყით დაფარული ფართობი 2,69 მლნ. ჰა აღწევს, რაც ტერიტორიის 38,5% შეადგენს. მერქნის საერთო მარაგია 397,4 მლნ. მ³. საქართველოს ტყეები 300-ზე მეტი მერქნიანი სახეობისაგან შედგება. სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით საქართველოს ტყეები შემდეგნაირად ნაწილდება: წიწვოვან ტყეებს უკავია 0,41 მლნ. ჰა (202%), მათ შორის სოჭნარს — 190,7 ათ. ჰა, ნაძვნარს — 128,6 ათ-ჰა, ფიჭვნარს — 91,6 ათ. ჰა. ფოთლოვან ტყეებს უკავია 1,57 მლნ. ჰა (79,8%). მათ შორის მაგარმერქნიანებიდან წიფლნარს — 1,03 მლნ. ჰა, მუხნარს — 214,7 ათ. ჰა, რცხილნარს — 149,2 ათ. ჰა. დანარჩენი 155,9 ათ. ჰა ფართობი რბილმერქნიანი ჯიშის ტყეებზე (მურყნარი, არყნარი, ვერხვნარი და სხვა) მოდის.

    საქართველო  მთაგორიანი ქვეყანაა, ამიტომ აქ ტყეები თითქმის მთლიანად (97,7%) მთის ფერდობებზეა წარმოდგენილი.  აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს კლიმატის  განსხვავებამ განაპირობა მათი მცენარეული საფარის სხვადასხვაგვარობა, რაც ვერტიკალური სარტყლურობის სტრუქტურაშიც ვლინდება. მაგ; დასავლეთ საქართველოში საერთოდ არ არის სემიარიდული და არიდული მცენარეულობის უტყეო სარტყელი; ტყეებით დაფარულია ვაკეები და მთისწინეთის ფერდობები ზღვის ნაპირიდანვე. აღმოსავლეთ საქართველოსთან შედარებით აქ  ნაკლებადაა გამოხატული სუბნივალური მცენარეულობის ლანდშაფტები.

    მთის ქვედა სარტყელში (500-იდან  – 900-1000 მ-მდე) წაბლისა და მუხის ტყეებია. წაბლნარი გვხვდება როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ტენიან რაიონებში (კახეთი).  დასავლეთ საქართველოს კირიან ნიადაგებზე და აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ რაიონებში (ქართლი, გარეკახეთი) წაბლნარის ნაცვლად მუხნარი, მუხნარ-რცხილნარი და რცხილნარია გავრცელებული. ქვეტყეში იზრდება ზღმარტლი, კუნელი, თხილი, შინდი, თრიმლი და სხვა.

    მთის შუა სარტყელში (900—1000-იდან 1500—1600 მ-მდე) ნაირხნოვანი, მაღალი  წიფლნარია, როგორც წმინდა, ისე შერეული რცხილასთან, მინდვრის ნეკერჩხალთან, ბოყვთან, ცაცხვთან, ნაძვთან და სხვა. საქართველოში წიფლის ტყის სარტყელი არ არის მხოლოდ მეხეთ-ჯავახეთში. მის ადგილს აქ იკავებს სოჭთან შერეული ნაძვნარი, ნაძვნარ-ფიჭვნარი და წმინდა ფიჭვნარი.

     მთის ზედა სარტყელი წარმოდგენილია მუქწიწვოვანი ტყეებით. დასავლეთ საქართველოში იგი  1400 მ-იდან იწყება და ხშირად  ტყის გავრცელების ზედა საზღვარს აღწევს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში  1500-დან 2100 მ-მდე ვრცელდება. ამ ტყეების შემქმნელი მცენარეებია აღმოსავლური ნაძვი და კავკასიური სოჭი, რომლებიც ნაირხნოვან, მაღალპროდუქტიულ, წმინდა, უფრო ხშირად კი შერეულ კორომებს ქმნიან. მათ ხშირად ერევა წიფელი, თელა, ცაცხვი და სხვა. ამ სარტყელში გავრცელებულია აგრეთვე ფიჭვი (სამხრეთი ექსპოზიციის, დიდი დაქანების ფერდობებზე). ფიჭვნარის დიდი მასივები განლაგებულია მთათუშეთში, აგრეთვე მესხეთში და თრიალეთის ქედზე. იმ რაიონებში, სადაც ნაძვნარ-სოჭნარი არ არის (გარე- და შიდა კახეთი) მის მაგივრად დაბალი წარმადობის წიფლნარია გავრცელებული.

    მთის ზედა ზოლი (ზღვის დონე 1900-2100-დან 2400 მ-მდე)  სუბალპურ ტყეებს  – სუბალპური ტანბრეციელებსა და სუბალპურ მეჩხერებს უკავია. ტანბრეციელები, რომლებიც თითქმის ყველა რაიონშია გავრცელებული, უმთავრესად არყნარით და წიფლნარითაა წარმოდგენილი. სუბალპური მეჩხერი  ტყე უფრო დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოსთვის და შქმნილია მაღალმთის ნეკერჩხლით, მაღალმთის მუხით, ჭნავით.  მას  პარკულ ტყეებსაც უწოდებენ.

    ამრიგად, დასავლეთ საქართველოში მხოლოდ 4 ძირითადი სარტყელია:  ტყის (ზღვის დონიდან 1900 მ-მდე), სუბალპური (1900- 2500 მ), ალპური (2500-3100 მ) და ნივალური (3100-ზე მეტი). აღმოსავლეთ საქართველოში  შედარებით უფრო მეტი  – 6 ძირითადი სარტყელია: ნახევრადუდაბნოების, მშრალი ველებისა და არიდული მეჩხერი (ნათელი) ტყეების (150-600 მ), ტყის (600-1900 მ), სუბალპური (1900-2500 მ), ალპური (2500-3000 მ), სუბნივალური (3000-3500 მ) და ნივალური (3500 მ-ზე მეტი).

  • მთის ტყეები

    მთის ტყეები

    დედამიწაზე ბუნებრივი ზონები არა მხოლოდ განედურად, არამედ სიმაღლის მიხედვითაც იცვლება. მთებში სიმაღლის მატებასთან ერთად იცვლება კლიმატური პირობები – სითბური რეჟიმი (ჰაერის ტემპერატურა),  ატმოსფერული  წნევა, ტენიანობა (ნალექების რაოდენობა)  და მზით განათების პირობები. კლიმატური პირობების ცვლილებები კი ბუნებრივი ზონების ცვლილებას იწვევს.

    სიმაღლის მატებასთან ერთად ლანდშაფტების თანმიმდევრულ ცვლას, რაც კლიმატური პირობების ცვლილებითაა გამოწვეული სიმაღლებრივი  სარტყლურობა (ვერტიკალური ზონალურობა) ეწოდება.  მთებში სიმაღლებრივი სარტყლები შედარებით სწრაფად იცვლება, ვიდრე ვაკეებზე. საკმარისია, სულ რაღაც 1 კმ სიმაღლეზე ახვიდეთ, რომ ამაში თავად დარწმუნდებით.  

    სხვადასხვა მთიან მასივში ბუნებრივი ზონების რიცხვი სხვადასხვაა და ეს  მთების სიმაღლეზე, მათ გეოგრაფიულ მდებარეობასა და ფერდობების ექსპოზიციაზეა დამოკიდებული. რაც უფრო მაღალია მთა, და რაც უფრო ახლოს მდებარეობს ეკვატორთან, მით მეტია სარტყლების რაოდენობა. სიმაღლებრივი სარტყლურობა ასევე კარგადაა გამოხატული  ზომიერი ჰავის პირობებშიც, მაგ; კავკასიონზე, კარპატებსა ყირიმის მთებში.

    მთის ძირში ის ბუნებრივი ზონაა, რომელშიც ეს მთა მდებარეობს, შემდეგ კი სიმაღლის მატებასთან ერთად ზონაც იცვლება. მაგ; თუ მთა ტაიგაში მდებარეობს,მის მწვერვალზე ასვლამდე თქვენ  ტაიგის, მთის  ტუნდრისა და   მარადი თოვლის  სარტყლების გავლა მოგიწევთ. თუ თქვენ  ეკვატორთან ახლოს მდებარე  ანდებში გადაწყვეტთ ასვლას, მაშინ   მოგზაურობის დაწყება  ტენიანი ეკვატორული ტყეების   (ჰილეას) ზონიდან  მოგიწევთ.   

    მთებში სიმაღლებრივ სარტყლებს ფერდობების ექსპოზიციაც  განსაზღვრავს. მაგალითად, მარადი თოვლის ქვედა საფარი მთის სამხრეთ ფერდობზე უფრო მაღლა მდებარეობს, ვიდრე ჩრდილოეთ ფერდობზე.

    მთიან სისტემებში სიმაღლებრივი სარტყლების რაოდენობა  და ბუნებრივი პირობების არაერთგვაროვნება მცენარეთა თანასაზოგადოების მრავალფეროვნებას განაპირობებს. აქ 1 მ2 ტერიტორიაზე მცენარეთა მეტი სახეობა იზრდება, ვიდრე ამავე ფართობისვაკეზე. მაგალითად, კავკასიონის მცენარეთა სამყარო 6000-ზე მეტ სახეობას მოიცავს, მაშინ როცა აღმოსავლეთ ევროპის ვაკის ცენტრალურ დაბლობში მხოლოდ 3500-ია, თანაც ეს ტერიტორია კავკასიონის ფართობს რამდენჯერმე აღემატება.

    მთის ტყეების ფართობი  900 მილიონი ჰექტარია, რაც მსოფლიოს  ტყის საფარის 20 %-ს  შეადგენს. ისინი  ანტარქტიდის გარდა   ყველა კონტინენტზე   და ყველა კლიმატური ზონაში გვხვდება. მთის ტყეები ევროპაშიბალპების, პირენეების,  კარპატებისა და კავკასიის  მთების ვრცელ ფართობებს ფარავს, ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებულია  აპალაჩისა და კლდოვანი მთების ფერდობებზე, ავსტრალიაში –   ავსტრალიის ალპებში (დიდი წყალგამყოფი ქედი), სამხრეთ ამერიკაში გვიანას მაღალმთიანეთსა  და ანდებში, ხოლო  აფრიკის კონტინენტზე – ცენტრალური და აღმოსავლეთ აფრიკის მთებში.

    მთის ტყეები  გავრცელებულია მთიან რეგიონებსა და  ცალკეულ მთის მასივებზე. ხშირად მთის ტყეები სხვა ბუნებრივ ზონებთან, მაგ;  სტეპთან, ტყესტეპთან ან სავანებთან მონაცვლეობენ. ჩვეულებრივ, მთის ტყის სარტყელი 500 -2000 მ სიმაღლეზე  და  5°-იანი დახრილობის ფერდობებზე ვრცელდება, თუმცა შესაძლოა უფრო მაღლა – 3 -4 ათას მეტრ სიმაღლემდეც  ვრცელდებდეს.  ეს დამოკიდებულია კლიმატზე, მთის აგებულებაზე და მისი ნიადაგის შემადგენლობაზე.

    მთის ტყეები  ზოგჯერ  მთის ძირიდან ალპურ მდელოებამდეც კი ვრცელდება. მათი  გავრცელება ვერტიკალური ზონალურობის კანონს ემორჩილება, თუმცა სხვადასხგვა  მთიან სისტემებში  გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, რაც   მისი გეოგრაფიული მდებარეობითაა გამოწვეული.

    ტყის ზედა საზღვარი    მთის სიმაღლეზე, მის გეოგრაფიაზე, მდებარეობაზე, ტემპერატურულ და ნიადაგურ პირობებსა  და ტენიანობაზეა დამოკიდებულია.  რაც უფრო მაღალია  მთიანი სისტემა და  დაბალია  გეოგრაფიული განედი, მით უფრო მაღალია ტყის  ზედა საზღვარი.

    ტყის ქვედა საზღვარი,  თბილ და მშრალ კლიმატურ  რეგიონებში,  არიდული მეჩხერი ტყეებით მთავრდება, რომელიც როგორც წესი ნახევარუდაბნოს  ან უდაბნოს ზონაში გადადის.  ეს ნიადაგის ტენიანობით, მისი დამლაშებითა და ტემპერატურული პირობებით განისაზღვრება.

    ანთროპოგენური  ფაქტორების გავლენით  ტყის ზედა საზღვარმა შეიძლება დაბლა დაიწიოს , ქვედა კი ყოველთვის მკაფიოდ არაა  გამოხატული.  მაგ;. ჩრდილეოთი ურალის  მთებში ზედა საზღვარი  680 მ-ზე გადის, ხოლო ტიან-შანის მთებში – 2000 მ-ზე.

    მთის ტყეების სტრუქტურა,  სახეობრივი შემადგენლობა, პროდუქტიულობა  და მდგრადობა არახელსაყრელი ბუნებრივი ფაქტორები მიმართ მისი გეოგრაფიული მდებარეობით, სიმაღლით, რელიეფითა და ფაერდობების ექსპოზიციითაა გაპირობებებული. სიმაღლის ზრდასთან ერთად  ტყის სარტელში მნიშვნელოვნად მცირდება  ხეების სიმაღლე და სიხშირე.

    მთის ტყეები  მცენარეული და ცხოველური სახეობების მრავალფეროვნებითა და უნიკალური კოლექციით გამოირჩევა. აქ ბინადრობს და იზრდება ისეთი  სახეობები, რომლებსაც  ვაკე-დაბლობებზე ვერ ნახავთ.  მათი ზოგიერთი სახეობა საკმაოდ იშვიათი და  მცირერიცხოვანია და   ჰაბიტატების  პატარა „კუნძულებს“ ქმნიან. 

    კარპატების  მთის ტყეებში იზრდება ჩვეულებრივი ნაძვი, თეთრი ნაძვი, ტყის წიფელი,  თელა, კლდის მუხა, პოლონური და ევროპული ლარიქსი, კენკროვანი, ევროპული კედარის ფიჭვი და ა.შ. ტყის ზედა  საზღავრი 1200-1700 მ-ზე გადის.  ყირიმის ტყეებს ქმნის მუხა, ევროპული წიფელი, ყირიმის ფიჭვი, რცხილა და ა.შ. ტყის საზღვარი   1000-1400 ია.

    ალპების მთების სიმაღლე მათ მკვეთრად დანაწევრებასთან ერთად, მთებში ვერტიკალური ლანდშაფტების ზონების მკაფიოდ გამოხატულ ცვლას და ტიპიური ალპური ლანდშაფტების ფართო განვითარებას განაპირობებს.  საგრძნობლად განსხვავდება ალპების ჩრდილო და სამხრეთი კალთებისა და აგრეთვე სხვადასხვა რაიონის ფლორა, გარდა ამისა, თითოეულ რაიონში მცენარეები სხვადასხვა ექსპოზიციის კალთებზეც კი განსხვავებულია. ფორმაციის თითოეულ ჯგუფს ეტყობა სიმაღლის ზონების მთელი ბუნებრივი კომპლექსის თავისებურებები. მთლიანობაში ალპებში გვხვდება მცენარეთა 4500 სახეობა, რომელთაგან 650 სახეობა ყვავილოვანი მცენარეა.

    სიმაღლებრივი სარტყლურობა  ნათალდ არის გამოხატული კავკასიონზე.  კავკასიის მთის ტყეებში ხარობს ქართული მუხა, იმერული მუხა, ჰარტვისის მუხა, აღმოსავლური წიფელი,  კავკასიური სოჭი, აღმოსავლეთის ნაძვი, კაკალი და ბიჭვინთის ფიჭვი,  წაბლი, კავკასიური რცხილა, კავკასიური ცაცხვი, კავკასიური მსხალი, აღმოსავლური ვაშლი, ძელქვა (რელიქტი) და ა.შ. ტყის ზედა საზღვარი 2300-2500 მ-ზე გადის. კავკასიონის მთებში ქვედა სარტყელს  ფართოფოთლოვანი ტყეები იკავებს, სადაც წამყვანი სახეობაა მუხა. შემდეგ  გვხვდება  წიფლის ტყეები, რომლებიც სიმაღლის მატებასთან  ერთად   ჯერ  შერეული, შემდეგ ნაძვნარ-სოჭნარ ტყებში გადადიან. ტყის ზედა საზღვარი  2000-2200 მ სიმაღლეზე გადის, რასაც სუბალპური მდელოები  მოყვება კავკასიური როდოდენდრონის ბუჩქნარით.  შემდეგ  გვხვდება ალპური დაბალბალახეულობა, ბოლოს კი  სუბნივალური და ნივალური სარტყელი – მარადი  თოვლისა და მყინვარების ზონა.

    მთის ტყეები  ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილებს  წარმოადგენენ და მნიშვნელოვან გარემოსდაცვით  როლს ასრულებენ გლობალური მასშტაბით.

    კლიმატის ცვლილების გამო მთის ტყეები საფრთხის ქვეშ არიან, თუმცა უფრო მეტად   ადამიანის სამეურნეო საქმიანობა უქმნის პრობლემებს.  ადამიანები სულ უფრო ხშირად იყენებენ  მთის ტყეებს პირუტყვის საძოვრად, შეშის საჭრელად და ჩაისა და ყავის პლანტაციების გასაშენებლად.  განსაკუთრებით საფრთხე ემუქრება მთის ტყეებს აღმოსავლეთ აფრიკაში – რუანდაში, ბურუნდიში, კენიაში, ტანზანიაში, ეთიოპიაში, მალავისა და უგანდაში; ასევე  ჰიმალაის რეგიონში – ნეპალში, ინდოეთსა და პაკისტანში, კავკასიაში –  სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში –  ლაოსაა და კამბოჯაში.   ბევრ ადგილას  მთის ტყეები თითქმის მთლიანად განადგურდა – მაგალითად, კარიბის ქვეყნებში, ფილიპინებსა და ხმელთაშუაზღვისპირეთში.

    ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთის მთიანი  ტერიტორიები უძველესი დროიდან თითქმის სრულად  დაფარული  იყო ტყეებით.  სამწუხაროდ,  ინტენსიური შეშის ჭრის,  მოგვიანებით კი ხანძრებისა და გადაძოვების  შედეგად  ეს ტყეები  სრულად განადგურდა. დღეს იქ უამრავი სხვადასხვა სახეობის მცენარე იზრდება, მაგრამ აქამდე არსებულ ბუნებრივ მცენარეულობისგან სრულიად განსხვავებულია.

    მთის  ტყეების წყალმარეგულირებელი,  ეროზიის საწინააღმდეგო ფუნქცია აქვთ და  დასახლებიულ პუნტებს, სატრანსპორტო მაგისტრალებს და სხვ.    ზვავებისგან,  მეწყერებისგანმ ღვარცოფებისგან იცავენ, ხელ უშლიან ძლიერ ქარებს  და ჰაერის ცივი მასების  გავრცელებას ხეობებში. ისინი ასევე არეგულირებენ წვიმისა და ზედაპირული წყლების ჩამონადენს,  რისი წყალობითაც  არ იცვლება  წყაროებისა და  მინერალური წყაროების დებიტი და მდინარეთა  დონე წყალმარჩხობის დროს. გარდა ამისა  მთის ტყეები  ძვირფასი  მერქნის წყაროა.

    მთის  ტყეების  ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა წყლის შენახვა და ეროზიის აღკვეთაა.  ისინი  ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეგიონალურ კლიმატის ფორმირების პროცესში. მათ შეუძლიათ წვიმის წყალი ღრუბელივით „შეიწოვონ“. ამ მხრივ განსაკუთრებით  გამოირჩევა მთის ტროპიკული ტყეები, რომლებიც  აგროვებს  ყოვრლდღიური  კოკიპირული  წვიმების წაყლს  „აგროვებს“  წყაროების, ნაკადულების და მდინარეების სახით, რაც მთელი წლის განმავლობაში  წყლის განაწილებას  უზრუნველყოფს და იცავს ნიადაგს ეროზიისგან. ამავე დროს, ტყეებს აქვთ გაგრილების ეფექტი და ქმნიან  რეგიონალურ დაბალანსებულ კლიმატს.

    მთის ტყეები,  სხვა ტყეების  მსგავსად,  დიდი რაოდენობით  ნახშირორჟანგს  შთანთქავენ.  როცა  ტყეები  იჩეხება და ნადგურდება,  ატმოსფეროსი  დიდი რაოდენობით  გამოიყოფა სათბურის აირები, რაც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებას.

    მთის ტყეების  ტიპური და უნიკალური  ლანდშაფტების დასაცავად შექმნილია ნაკრძალები. კავკასიის რეგიონში ყველაზე ცნობილია კავკასიის,  თებერდის, ყაბარდო-ბალყარეთის, ლაგოდეხის  ნაკრძალები,  სოჭის, იალბუზისპირეთის ეროვნული პარკები, რიწის დაცული ტერიტორია და სხვა.  მათგან კავკასიის ნაკრძალი, სოჭის ეროვნული პარკი და სხვა მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

  • ანთროპოგენური ლანდშაფტი

    ანთროპოგენური ლანდშაფტი

    ლანდშაფტს, ერთმანეთისგან  არა მხოლოდ წარმოშობით და იერ-სახით, არამედ  იქ მიმდინარე საქმიანობის მიხედვითაც  განსხვავდებიან.  გენეზისის მიხედვით გამოყოფენ ბუნებრივ და  ანთროპოგენურ ( ხელოვნურ) ლანდშაფტებს, რომლებიც  ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად ბუნებრივი ლანდშაფტების   გარდაქმნის შედეგად წარმოიქმნება.

    ანთროპოგენურ ლანდშაფტებს  შორის გამოიყოფა: ბუნებრივ-აგრარული (სასოფლო-სამეურნეო), სელიტებური (სასოფლო დასახლებათა), ურბანული (საქალაქო დასახლებათა), აგროკულტურული,  ისტორიული, არქეოლოგიური,  კულტურული, ინდუსტრიული   და სხვა ტიპის ბუნებრივ-ანთროპოგენური ტერიტორიული კომპლექსები.

    კულტურული ლანდშაფტი  ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად შეცვლილი გეოგრაფიული ლანდშაფტია. კულტურული ლანდშაფტის მაგალითებია უდაბნოში სარწყავ მიწებზე შექმნილი ოაზისები, გადახნული სტეპი ტყის ზოლებით და სხვა. კულტურულ ლანდშაფტსა და ბუნებრივ ლანდშაფტს შორის არ არსებობს დიდი ზღვარი: კულტურულ ლანდშაფტში შენარჩუნებულია გეოლოგიური აგებულება, რელიეფის მორფოსტრუქტურული ნიშნები და ჰავის ძირითადი თავისებურებანი; კულტურული ლანდშაფტი ემორჩილება გეოგრაფიულ ზონალურობასა და აზონალურობის კანონზომიერებას.

  • ბუნებრივი ლანდშაფტი

    ბუნებრივი ლანდშაფტი

    გეოგრაფიული გარსის შემადგენელ ნაწილებს –  ლითოსფერო, ატმოსფეროს, ჰიდროსფეროსა და ბიოსფეროს შორის  –  არსებული კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულება  და ასევე  ზოგადი გეოგრაფიული კანონზომიერებები (მთლიანობა,   ნივთიერებათა წრებრუნვა, რიტმულობა და ზონალურობა) განაპირობებს დედამიწის ბუნებრივ იერსახეს,  გარემოში მიმდინარე პროცესების ხასიათს, ადამიანის სამეურნეო საქმიანობის  ფორმებს და სხვ. გეოგრაფიული კომპონენტების ურთიერთდამოკიდებულება ვლინდებს როგორც გლობალურ (მაგ; გეოგრაფიული სარტყლების და  ბუნებრივი ზონების განედური  განლაგება, კონტინენტების ბუნებრივი პირობები), ისე რეგიონალურ (ვერტიკალური ზონალობა, ლანდშაფტები) დონეზე.

    ნებისმიერი დონის ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსი  ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული გეოგრაფიული  კომპონენტებისგან შედგება. გეოგრაფიული კომპონენტებისთვის დამახასიათებელია  გარკვეული აგრეგატული მდგომარეობა, მასა და სიცოცხლის არსებობა/არარსებობა.  გეოგრაფიული კომპონენტები ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსებში წარმოდგენილი ლოთოგენური საფუძვლის (რელიეფი თავისი გეოლოგიური აგებულებით), ჰაერის და წყლის მასების ( მდინარეები, ტბები და სხვ.), ბიოგენური კომპონენტის  (მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო) სახით.   ამ კომპონენტების ურთიერთზემოქმედების  შედეგად ბუნების მეორეული კომპონენტები წარმოიქმნება. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ნიადაგი, რომელიც  ძირითადად,  ბიოგენური კომპონენტისა და ლითოგენური საფუძვლის ურთიერთკავშირის შედეგად წარმოიქმნება.

    ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსები (ბტკ)  ერთმანთისგან ზომით განსხვავდება. ისინი შეიძლება იყოს, როგორც მცირე ზომის ( მაგ; მდინარის ხეობა), ისე საკმაოდ დიდი ფართობის (მაგ;  უდაბნო საჰარა ან ავსტრალიის კონტინენეტი). მცირე ბტკ-ები შესაძლებელია  უფრო მსხვილ ერთეულებად გაერთიანდეს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ლანდშაფტი.  

    ლანდშაფტი გერმანული სიტყვაა და მიწის სახეს, პეიზაჟს, ადგილს ნიშნავს.  ლანდშაფტი გენეტიკურად ერთგავროვანი  ბუნებრივ- ტერიტორიული (გეოგრაფიული) კომპლექსია, რომლის ფარგლებში ყველა ძირითადი კომპონენტი: რელიეფი, ჰავა, წყლები, ნიადაგები, მცენარეულობა და ცხოველთა სამყარო  რთულ ურთიერთკავშირში იმყოფება, დაკავშირებულია ერთმანეთთან, ურთიერთობს ერთმანეთზე და ქმნის ერთიან, განუყოფელ სისტემას, რომელიც განვითარების ერთგვაროვანი პირობებით ხასიათდება.

    ბტკ-ში  ყველა კომპონენტს  სხვადასხვა დანიშნულება და მნიშვნელობა გააჩნია. მაგ; ლითოგენური საფუძვლის შეცვლა დიდ გავლენას  ახდენს სხვა გეოგრაფიულ კომპონენტებზე, მასინ როცა მცენარეული საფარის შეცვლა  შედარებით უმნიშვნელო ცვლილებებს იწვევს. 

    ლანდშაფტმცოდნეობა  ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების (ბტკ) ანუ ლანდშაფტების (გეოგრაფიული კომპლექსების, გეოსისტემების) შემსწავლელი მეცნიერება. იგი  სწავლობს ლანდშაფტების წარმოშობას, სტრუქტურასა და დინამიკას, მათი განვითარების კანონზომიერებებსა და განლაგებას; ამასთანავე, იკვლევს ადამიანთა საზოგადოების სამეურნეო საქმიანობის შედეგად გარდაქმნილ ბტკ-ებს.

    ლანდშაფტოლოგიაში გამოიყოფა შემდეგი  ძირითადი ცნებები :

    გეომასები  –  ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსის ელემენტარული ნაწილები, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება მასით, დანიშნულებით და სივრცესა და დროში ცვლილების სიჩქარით.  

    ცნობილია:

    • აერომასები (ჰაერის მასები);
    • ლითომასები (გეოლოგიური მასები);
    • ჰიდრომასები (წყლის მასები, მათ შორის ნიადაგის ტენი და ორთქლი ატმოსფეროში);
    • ბიომასები (ფიტომასები  – მცენარეების მასები და ზოომასები – ცხოველები).
    • პედომასები (ნიადაგების ორგანულ-მინერალური ნაერთები ჰუმუსთან ერთად);
    • მორტომასები (მკვდარი ორგანული წარმოშობის ნივთიერებები, მაგ., ტყის ნაფენი);

    გეომასების ერთობლიობის მიხედვით ბტკ-ში გამოიყოფა ერთგვაროვანი შრეები – გეოჰორიზონტები. მათი შედგენილობა განსაზღვრავს ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსის ვერტიკალურ სტრუქტურას.

    ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსში ნივთიერების წრებრუნვა და ენერგიის გარდაქმნა მის ფუნქციონირებას  განაპირობებს. მაგ; მზის ენერგიის გარდაქმნა (ტრანსფორმაცია), ტენბრუნვა, ბიოგეოციკლი (ორგანული მასის გარდაქმნა ბტკ-ში). ფუნქციონირების ხასიათი ცვალებადია,  როგორც სივრცეში,  ისე დროში.

    ლანდშაფტების ყველაზე მსხვილი საკლასიფიკაციო ერთეულია კლასი. მისი გამოყოფის კრიტერიუმი გეომორფოლოგიური ფაქტორია. აღნიშნული ფაქტორის მიხედვით იქმნება ლანდშაფტის 2 კლასს: მთისა და ვაკის ლანდშაფტები. შემდეგი საკლასიფიკაციო ერთეულია ტიპი. ლანდშაფტების ტიპების გამოყოფისას ითვალისწინებენ :

    • რელიეფის ტიპს (მაგ.: დაბალმთიანი, საშუალომთიანი და მაღალმთიანი რელიეფი);
    • კლიმატის ტიპს;
    • გაბატონებულ მცენარეულობას და ნიადაგის თავისებურებებს;

    ლანდშაფტების ტიპი თავის მხრივ, იყოფა უფრო მცირე ერთეულებად, ესენია: ადგილმდებარეობა, უროჩიშჩე და ფაციესი.

    ამრიგად, ლანდშაფტი შეიძლება ითქვას ყველაზე პატარა კომპლექსური  ბუნებრივი ერთეულია (ფართობით რამდენიმე ათეული ან ასეული კვ.კმ), რომელსაც თავისი ბუნებრივი პირობებითა და რესურსებით შეუძლია უზრუნველყოს  გარკვეული რაოდენობით მოსახლეობის განსახლება, ცხოვრება და  საქმიანობა.

    ბუნებრივი ლანდშაფტის ფორმირება ხდება  ერთდროული და სხვადასხვა მიმართულების პროცესების ერთობლივი ზემოქმედებით, რაც ლანდშაფტის კომპონენეტების  – რელიეფის, კლიმატის, გეოლოგიური სტრუქტურის, ნიადაგის, მცენარეული საფარისა და  და ცხოველთა სამყაროს, ასევე ადამიანის საქმიანობის  ურთიერთზემოქმედებითაა გაპირობებული.

    ერთი ბუნებრივი ლანდშაფტის  კომპონენტებს შორის  ურთიერთზემოქმედება და ნივთიერებათა ცვლა ერთი ტიპისაა და დამოკიდებიულია მზის  ენერგიის რაოდენობასა და მოსვლის რიტმზე. მოცემული პროცესების ერთობლიობა  განსაზღვრავს  ლანდშაფტის ბუნებრივი რესურსების  განახლებას და მწარმოებლობას.

    ბუნებრივი ლანდშაფტის მაგალითებია დაბლობი, მთა,  უდაბნო, ტყე,  სტეპი, დაბლობი, ჭაობი, ზღვის აკვატორია და სხვ.

    ლანდშაფტს, ერთმანეთისგან  არა მხოლოდ წარმოშობით და იერ-სახით, არამედ  იქ მიმდინარე საქმიანობის მიხედვითაც  განსხვავდებიან.  გენეზისის მიხედვით გამოყოფენ ბუნებრივ და  ანთროპოგენურ ( ხელოვნურ) ლანდშაფტებს, რომლებიც  ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად ბუნებრივი ლანდშაფტების   გარდაქმნის შედეგად წარმოიქმნება.

  • ბორეალური ტყეები  (ტაიგა)

    ბორეალური ტყეები  (ტაიგა)

    ბორეალური ტყეები ჩვენი პლანეტის  უმსხვილესი ბიომია და  უდიდეს როლს ასრულებს  დედამიწის კლიმატურ პროცესებში. ასევე შეუფასებელია მათი გავლენა  ჩვენი პლანეტის ბიომარავლფეროვნებისთვის.

    ბორეალურ ტყეებს (იგივე ტაიგა, წიწვოვანი ტყეები)  დედამიწის ხმელეთის  14%  ანუ  1.5 მლრდ ჰა უკავიათ, რაც მთელი დედამიწის ტყეების  თითქმის 38%-ია. ისინი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში,  ჩ.გ. 50-70 გრადუსიანი პარალელებს შორის 2000 კმ სიგანის განედურ ზოლადაა  გადაჭიმული და ჩრდილოეთი ევროპის, აზიისა  და ჩრდილოეთი ამერიკის გრანდიოზულ სივრცეებს მოიცავს. ეს ტყეები  ასევე საკმაოდ დიდ ტერიტორიებს  ფარავენ მთებში  (მაგ; ჩრდილოეთ ევროპის მთიანი რაიონები, იაპონიის კუნძულები, ჩრდილოეთ ამერიკის წყნარი ოკეანის სანაპიროები).

    ტაიგის ფარგლებში გამოიყოფა: ტუნდრისპირა ტყეები,  ტყეტუნდრა,  ჩრდილოეთის, ცენტრალური და სამხრეთის ტაიგა  და წიწვოვან- ფართოფოთლოვანი ტყეები.

    კლიმატი  ნებისმიერი  ეკოსისტემის და  ბიომის ნიადაგის ტენიანობას, წყლისა და ტემპერატურულ რეჟიმს, მცენარეების ტიპს, ორგანული ნივთიერებების წარმოქმნის ტემპებს, მიკროორგანიზმების აქტივობას განსაზღვრავს.

    ზოგადად, ბორეალური  ტყე  ხანგრძლივი ყინვიანი ზამთრით და  მშრალი, გრილი და ხანმოკლე ზაფხულით ხასიათდება (გამონაკლისია  მხოლოდ წყნარი ოკეანის სანაპირო).  ნალექების წლიური რაოდენობა 400-6000 მმ-ია, ოკეანურ სექტორში –   გაცილებით უფრო მეტი.  ატლანტის ოკეანიდან   დაშორებით მატულობს კონტინენტური კლიმატი ზამთარში ტემპერატურა –50 c–მდე ეცემა,  ივლისის იზოთერმა 13 – 18 °с-ია.

    ბორეალურ ტყეებში აღინიშნება ჩრდილოეთ  ნახევარსფეროს   ყველაზე დაბალი ტემპერატურები.  რეკორდი ეკუთვნის რუსეთში მდებარე დაბა ოიმიაკონს, სადაც 1933 წელს  ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ყველაზე დაბალი ტემპერატურა  -67,7 °C  დაფიქსირდა.

    ტაიგაში  გავრცელებულია ეწერი ნიადაგები, თუმცა ზოგ ადგილებში გვხვდება დაჭაობებული, ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგებიც. ნიადაგები ხშირ შემთხვევაში მჟავეა, რაც განპირობებულია მაღალი ტენიანობით. მათში ჰუმუსის შემცველობა 5-7%-ია. მცენარეებისა და ცხოველებისათვის ასეთ ადგილებში ყოველთვის არასაკმარისია მინერალური კვება. განსაკუთრებით  კი არასაკმარისია კალიუმი, რომელიც ესაჭიროება როგორც მცენარეებს, ისე ცხოველებს.  

    ტყეები  ნახშირბადის მთავარ რეზერვუარს წარმოადგენენ. ისინი  ამ ელემენტის 500 მლრდ ტონას შეიცავენ, რაც ატმოსფეროში მთელი მისი მარაგის 2/3 შეადგენს. ექსპერტთა მონაცემებით ბორეალური ტყეები   ნახშირბადის გლობალური მარაგის  17%-ს შეიცავს.  ამიტომ  უდიდესია ამ ტყეების მნიშვნელობა ნახშირბადის  ციკლის პროცესში.

    ტაიგის ლანდშაფტური მრავალფეროვნება განპირობებულია პალეოგეოგრაფიული, გეოქიმიური, კლიმატური და ბიოგეოგრაფიული ფაქტორებით. მართალია ბიომის ბიოლოგიური მრავალფეროვნება დაბალია  ტროპიკულ  ტყეებთან შედარებით, თუმცა  მაღალია ტუნდრასთან მიმართებით. ამჟამად არსებული ბორეალური ტყის ბიომები  მყინვარული პერიოდის ბოლოს  (დაახლოებით 10 000 წლის წინ)  ჩამოყალიბდა, ხოლო  სახეობრივი მრავალფეროვნება, რომელიც ჩრდილოეთის ტყეებში აღინიშნება  უკვე  თითქმის 5000 წელია არსებობს.

    ბორეალურ ტყეებში:

    • ჭურჭლოვანი მცენარეების ფლორა შეადგენს  600 -700 სახეობას;
    •  ფრინველების  120-150 სახეობას;
    •  ძუძუმწოვრების  85 სახეობას.
    • მწერების 30 000 სახეობას;
    • თევზების 240 სახეობას ( შორეულ აღმოსავლეთში)

    ტაიგის ტყეები ტროპიკულ ტყეებთან შედარებით მცენარეების სახეობრივი შემადგენლობისა და სასიცოცხლო ფორმების მიხედვით ღარიბი და 2-3 ჯერ ნაკლებად პროდუქტიულია. ტაიგისთვის დამახასიათებელია მარტივი იარუსობრივი სტრუქტურა: ხემცენარეთა იარუსი (ჩვეულებრივ ერთია) შექმნილია 4 გვარის სახეობებით (ნაძვი, ფიჭვი, სოჭი ლარიქსი), რომლებიც პალეოეკოლოგიურ და თანამედროვე პირობებთან დამოკიდებულებაში ცვლიან ერთმანეთს  დასავლეთიდან აღმოსავლეთის  მიმართულებით.

    როგორც ევროპისა და აზიის კონტინენტებზე, ისე ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზეც,  ტაიგის ლანდშაფტი შიდა ტერიტორიულად არაერთგვაროვანია. განსხვავება ყველაზე მეტად საგრძნობია დასავლეთ და აღმოსავლეთ და შიდა კონტინენტურ ნაწილებს შორის. წყნაროკეანური სექტორის ტაიგის ზონის თავისებურება განპირობებულია ოკეანური ჰავისა და მთიანი რელიეფის გავლენით.

    ჩრდილოეთ ამერიკაში ბორეალური ტყეების  შემქმნელი  ძირითადი სახეობებია: სითხინის ნაძვი, დუგლასის ცრუ ცუგა, კვიპაროსი, წითელი კედარი,  თეთრი ან შავი ნაძვი, ბალზამური სოჭი, ამერიკული ლარიქსი, კანადური ცუგა, ფიჭვი და სხვ. შერეული სახით გვხვდება წვრილფოთლოვანი სახეობები (ძირითადად არყი, ვერხვი). ტაიგის სამხრეთ საზღვრებთან ფართოდაა ფართოფოთლოვანი (მუხა, ნეკერჩხალი, ცაცხვი) სახეობები.

    ბალახოვან- ბუჩქნარ იარუსში დიდ როლს ასრულებს ბუჩქები (შავი მოცვი, ლურჯი მოცვი, წითელი მოცვი, ბაძგი), ტაიგის დაბალბალახეულობაში (მსხალიჭა, მჟაუნა), განვითარებულია ორქიდეები, გვიმრები და ლიკოპოდიუმები. კარგად არის გამოხატული ხავსის საფარი, რომლის სიმაღლე 30–40 სმ-ს აღწევს.

    ტყეები, რომლებიც შექმნილია ნაძვის, სოჭის ლარიქსის მიერ, წარმოქმნიან მუქწიწვოვან ტაიგას. იგი  ფართოდაა  გავრცელებული და დამახასიათებელია მთლიანი ტაიგისათვის.  ასეთ ტყეში ქვედა იარუსებში  სინათლე  ვერ აღწევს, რის გამოც ქვეტყე სუსტადაა  განვითარებული ან სრულიად არ გვხვდება. ნიადაგი დაფარულია ხავსითა და ჩამოცვენილი წიწვებით. მუქწიწვოვანი ტაიგის ძირითადი ფართობები მდებარეობს ევროპის აღმოსავლეთით.

    ციმბირის ლარიქსისა და ჩვეულებრივი ფიჭვისაგან შექმნილი ტყეები წარმოქმნიან ნათელწიწვოვან ტყეებს. ეს არის მეტწილად მეჩხერი ტყეები, კარგი განათებით, კარგად განვითარებული ქვეტყის იარუსით და ცოცხალი საფრით. ჩრდილოეთ ევროპაში გაბატონებულია ფიჭვნარი ტყეები. ფიჭვნარი ტყეები ხშირად ვითარდება მუქწიწვოვანი ტყეების ნახანძრალზე, იგი წარმოადგენს ტაიგის მცენარეულობის განვითარების ხანგრძლივ (არსებობენ რამდენიმე ასეული წელი) ეტაპს. შორეულ აღმოსავლეთსა და ციმბირში ნათელი ტყეები შექმნილია ლარიქსის მონაწილეობით.

    ტაიგის ზონაში ტყეებთან  ერთად საკმაოდაა გავრცელებული ჭაობები და მდელოები.  განსაკუთრებით დიდი ფართობები უკავია ხავსიან ჭაობებს. ამ ჭაობების მცენარეულობა ღარიბია, სფაგნუმის ხავსების გარდა აქ გვხვდება წყლის იელი, ლურჯი მოცვი, დროზერა, ისლი და სხვა. ჭაობების დიდი ფართობები გვხვდება დასავლეთ ციმბირში. მდელოები კი გავრცელებულია მდინარეთა ხეობებსა და ტყეთა პირებში, ისინი პირუტყვის ძირითადი საკვები ბაზაა.

    ბორეალური ტყეების ცხოველთა სამყარო საკმაოდ მდიდარია და მრავალფეროვანია, ვიდრე ფართოფოთლოვანი და მითუმეტეს ტროპიკულ ტყეების. ცხოველების საბინადრო ეკოლოგიური პირობები ტაიგაში ხანგრძლივი ზამთრით, ძლიერი ყინვებით, მოკლე სავეგეტაციო პერიოდით, ტენიანი ქვესფენილი ზედაპირით და  სითბოს ნაკლებობით ხასიათდება. ტაიგაში წარმოდგენილი ცხოველები ან ეჩვევიან თოვლიან და ყინვიან ზამთარში აქტიურ ცხოვრებას, ან ზამთრის ძილს ეძლევიან, ან კიდევ სამხრეთის რაიონებში მიგრირებენ.

    იმ ცხოველებისათვის, რომლებიც ზამთარში აქტიურ ცხოვრებას ეწევიან, თოვლის საფარი ხელსაყრელ ფაქტორს წარმოადგენს. თოვლის საფარის სიღრმეში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მაღალია, ვიდრე ზედაპირზე, ვინაიდან თოვლი სითბოს ცუდი გამტარია და იგი ცხოველის მიერ გამოყოფილ სითბოს შთანთქავს. ამიტომ ზოგიერთი ფრინველი და ცხოველი ღამით თოვლში ეფლობა. მრავალი ფრინველი ტაიგაში ბორეალური ტყეების მარადმწვანობის გამო ბინადრობს, რადგან ისინი ზამთარში  მხოლოდ წიწვებით იკვებებიან და ზამთრის ექსტრემალური პირობები ასე გადააქვთ.

    ტაიგაში  საკვებიის მნიშვნელოვანი წყაროა  წიწვოვნების თესლი, რომელიც მრავალი მღრღნელის, ფრინველისა და ზოგიერთი მტაცებლებლის საკვებს წარმოადგენს. ტაიგის ბიოტოპში ადგილი აქვს იმ ცხოველების პოპულაციების ციკლურ დინამიკას, რომლებიც დამოკიდებულნი არიან წიწვოვნების თესლების პროდუქციაზე. ტყეში ნაძვის, ფიჭვის, სოჭისა და ლარიქსის მოსავლიანობა წლების მიხედვით იცვლება, რაც იმ ცხოველებს, რომლებიც ამ  წიწვოვნების თესლის საკვებ რესურსზეა არიან დამოკიდებულნი, აიძულებს ან შორეულ მიგრაციას (მაგ; ციყვი),  ან გადაფრინდენ ძირითადი არეალის საზღვრებს მიღმა, ან მკვეთრად შეამცირონ თავიანთი რიცხობრიობა (მაგ; ზაზუნები, კურდღლები), რაც თავის მხრივ  მტაცებლებზეც აისახება.

    ტაიგის ფაუნისათვის დამახასიათებელია ტყის ძუძუმწოვრები: მურა დათვი, ფოცხვერი, როსომარი, სიასამური, ჩრდილოეთის ირემი , ციმბირის შველი, ყარსაღი, წავი, თეთრი კურდღელი , ბურუნდუკი, ტყის ლემინგი, ტყის თაგვი, თხუნელა და სხვ.

    ტაიგის ფაუნაში ფრინველებისაგან ტიპიურია: სოღო, გნოლქათამა და გნოლთეთრა, რუხი ბუ, ჭოტი, კოდალა, გუგული, შავი ყვავი და სხვ.

    ქვეწარმავლები ბორეალურ ტყეების  მხოლოდ სამხრეთ ზოლში ბინადრობენ. მათგან გვხვდება  ჩვეულებრივი გველგესლა, ცოცხალმშობი ხვლიკები. ამფიბიებისაგან ფართოდ არის წარმოდგენილი ტრიტონი და ციმბირის ბაყაყი.  ტაიგაში უხვადაა ტკიპები, რომელთა შორის არის დაავადების გადამტანი სახეობები.

    ბორეალურ  ტყეებში საპროფაგები,  ძირითადად, ტყის ნაფენსა და ნიადაგის იარუსში გვხვდება. მათ შორის მთავარ როლს ბაღლინჯოები, ნემატოდები (მრგვალი ჭიები), ტკიპები ასრულებენ. ეს მცირე ზომის ბინადარნი ნიადაგში უხვად არიან წარმოდგენილნი:  1მ 2–ზე შეიძლება ათობით ათასი ტკიპა და ბაღლინჯო, მილიონი პაწაწინა (1მმ–მდე) ნემატოდი არსებობდეს. თბილ პერიოდში ისინი  მცენარის ჩამოცვენილი ორგანოებით იკვებებიან, ზამთარში კი  ანაბიოზის მდგომარეობაში  გადადიან.

    მთელ ტაიგაში ფართოდ არის გავრცელებული მუქი წითელი წვიმის ჭია დენდრობენა, ამერიკაში რიცხოვნებით ჭარბობს დიდი ზომის (30 სმ) წვიმის ჭია ეჰზენია, ევროპის ტაიგის ზონაში ჭარბობს რუხი ფერის წვიმის ჭია ალლოლობოფორა.

    ტაიგა მერქნის დიდი მარაგით, ასევე საკვები და სამკურნალო მცენარეებით  გამოირჩევა.  იგი მონადირეობისა და მეირმეობის ძირითადი ბაზაა.

    დედამიწაზე, ისევე როგორც სხვა ტყეები,  ტაიგაც  გაუტყეურების საშიშროების გზაზეა, რადგან ადამიანები ასობით ხეს ჩეხავენ და ბორეალური ტყეც  ნელ-ნელა ქრება. ტყის ფართობების შემცირების გამო  ცხოველები კარგავენ საცხოვრებლებს და სხვადასხვა ადგილებში უწევთ გახიზვნა.

     ტყის მასიური  ჩეხვა განსაკუთრებით ინტესიურად მიმდინარეობს რუსეთში, აქ მრავლადაა  სხვადასხვა ხისმჭრელ კომპანიები. კანადაში პირიქით – გაუტყეურების შეჩერება ს ცდილობენ.

    ტყის ხანძრები ბორეალური ტყეების  არსებობისა და ევოლუციის მნიშვნელოვანი ნაწილია. რეგიონიდან გამომდინარე ძლიერი ხანძრები  70-200 წელში პერიოდულად მეორდება.

    ბორეალური ტყეების კიდევ ერთი  პრობლემაა  მჟავა წვიმები. მჟავა წვიმა შედარებით მეტ მჟავას  შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი წვიმა,  რაც გამოწვეულია ატმოსფერული დაბინძურებთაა გამოწვეული. მჟავა წვიმები, როგორც ტყის, ასევე ცხოველთა ბიომსაც აზიანებს და ანადგურებს. მსოფლიოს ბორეალური ტყეების მხოლოდ 12%  არის დაცვის ქვეშ. ხოლო ამ ტყეების 30% სამეურნეო საქმიანობისთვის – ხე-ტყის დამზადება, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება-  გამოიყენება.

    ადამიანის დადებითი და სასარგებლო ქმედებებიდან უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ბორეალურ ტყეებში საგრძნობლად შეცირდა ნადირობის მასშტაბები, და შესაბამისად,  მონადირებულ ცხოველთა რაოდენობაც, რაც ტყეში ბალანსის აღდგენას და ცხოველთა სამყაროს განვითარებას შეუწყობს ხელს.  ასევე უნდა აღინიშნოს, რომ  ადამიანმა  შენიშნა და  გაიაზრა  ბორეალური ტყეების გაუტყეურების  საფრთხე და ტყის გადარჩენის მიმართულებით  სხვადსხვა ღონისძიებების გატარება  დაიწყო: მმმმიქმნება დაცული ტერიტორიები, იკრძლება ბრაკონიერობა და სხვ.

    ბორეალურ ტყეებში მრავლადაა დაცული ტერიტორიები. მაგ; პუკასკუას, ფანდის, ჯასპერის  ეროვნული პარკები კანადაში,  იუგიდ ვა, სალაირი  რუსეთში  და სხვ.

    და ბოლოს:

    • ბორეალური  ტყეების სახელი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით  ჩრდილოეთის ქარის  ღმერთის ბორეიას სახელიდან მომდინარეობს.
    • ბორეალურ ტყეების  დაახლოებით 70%  რუსეთში, კანადაში, ალასკაზე და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში – ნორვეგიაში, შვედეთსა და ფინეთშია.  ამასთან, რუსეთში ამ ტყეების  ¾-ია გავრცელებული.
    • ბორეალური ტყეების ასევე გვხვდება სამხრეთ ნახევარსფეროში ს.გ. 60 გრადუსიანი პარალელის სამხრეთით.
    • ბორეალური ტყეები ნაკლებად დასახლებულ რეგიონებში  გავრცელებული.  აქ ჩვენი პლანეტის მოსახლეობის მხოლოდ 9% ცხოვრობს.
    • მსოფლიოში წარმოებული მერქნის 53% ბორეალურ ტყეებზე  მოდის. 

    . .

  • გაუჩო და არგენტინის პამპა

    გაუჩო და არგენტინის პამპა

    პამპა — სამხრეთ ამერიკის, ძირითადად არგენტინისა და ურუგვაის,  სუბტროპიკული სტეპებია. ინდიელთა ერთ-ერთი ტომის, კეჩუას, ენაზე პამპასები „ბალახიან ვაკეს“ ნიშნავს. ადრე პამპა ბალახით დაფარული და ძირითადად მეცხოველეობის განვითარების რაიონი იყო. დღეს ტერიტორიის დიდი ნაწილი ირწყვება და ხორბლისა და სიმინდის ნათესებითაა დაფარული.

    დიდი შინნაქსოვი შალით – პონჩოთი – ვერცხლის მონეტებით დამშვენებული ინდიელთა წინსაფრით, მაღალყელიანი ჩექმებით, ყელზე ფერადი ყელსახვევით, ლასოთი და დანით აღჭურვილი კოვბოი – ასეთია პამპის მფლობელი – გაუჩო.

    მაინც ვინ არის გაუჩო და როდის გაჩნდა პირველად იგი?

    XVI ს-ის შუა ხანებში ესპა¬ნელი იეზუიტები მდინარეების პარანას და ურუ¬გვაის ზემო დინებაში შეიჭრნენ, სადაც ინდიელების ერთ-ერთი მიწათმოქმედი ტომი _ გაუარანი ცხოვრობდა. ესპანელებმა შემოიყვანეს ძროხა, ცხვარი და ცხენი. ცხოველები გამრავლდნენ და თვალუწვდენელ სტეპებში მათი უმრავლესობა გაველურდა. გაუარანის ტომიც, რომელიც ადრე პრიმიტიულ მიწათმოქმედებას ეწეოდა, სტეპების მომთაბარე სხვა ტომებთან ერთად, გაველურებულ ცხოველებზე მონადირეებად გადაიქცნენ. ისინი ცხოველებს ძირითადად ტყავისთვის ხოცავდნენ, ხოლო მთავარ იარაღად ლასოს იყენებდნენ. სიტყვა `გაუჩო~ აღებულია ინდიელთა ერთ-ერთი ტომის ენიდან და `მხედარს~ ნიშნავს. ასე უწოდებდნენ პამპის თავისუფალ მონადირეებს.

    კოლონიური რეჟიმის დროის არგენტინა ძირითადად მეცხოველეობას მისდევდა. სამფლობელოები შემოღობილი არ იყო და ამიტომ გაუჩოების სწრაფი და მოხერხებული მოქმედებით საქონელი ერთი მფლობელიდან მეორესთან გადადიოდა. თანდათან იზრდებოდა არგენტინის მოსახლეობა; ესპანურ კოლონიებს შორის გაჩაღდა ვაჭრობა, პატრონი გამოუჩნდა საძოვრებსაც და შეიზღუდა თავისუფალი გადაადგილებაც, რაშიც გაუჩოსაც მიუძღვის წვლილი. საძოვრების პატრონებს მუშახელი სჭირდებოდათ, გაუჩოს კი – სამუშაო, ამიტომ ისინი დაქირავებულ მწყემსებად გადაიქცნენ.  გაუჩოს გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მეცხოველეობის განვითარება, რადგანაც ისინი ყველაზე საუკეთესო მწყემსები იყვნენ. მათი ცხოვრება ამ პერიოდისთვის დიდად არ შეცვლილა: პამპაში ჩაძირული ქოხები, ცხენი და უნაგირი, მჭრელი დანა იგივე დარჩა, მაგრამ ისინი უკვე აღარ იყვნენ პამპის მფლობელნი.

    გაუჩო  არგენტინა  პამპა

    XIX ს-ში არგენტინამ თავი დააღწია ესპანეთის კოლონიალიზმს და დამოუკიდებელ ქვეყნად გამოცხადდა. სახელმწიფომ დაიწყო განვითარება, თანდათან შემცირდა გაუჩოთა რიცხვიც, მათ თავიანთი ადგილი იმიგრანტებს დაუთმეს.

    ვის უწოდებენ დღეს “გაუჩოს”? – ეს ჩვეულებრივი პეონიაა (იგივე გლეხი), რომელიც პატაგონიის სტეპებში მწყემსად მუშაობს. მათ კვლავ მოიხსენიებენ, როგორც “კაცი ცხენზე”, მაგრამ ყოფილი კოვბოები, ახლა უბრალო, დაქირავებული მწყემსები არიან.

  • ტყის რესურსები

    ტყის რესურსები

    ტყე ბიოსფეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. თანამედროვე გაგებით, ის გეოგრაფიული ლანდშაფტის შემადგენელი ნაწილი და იმ ხეების, ბუჩქებისა და ბალახების, ცხოველების, ფრინველებისა და მიკროორგანიზმების ერთობლიობაა, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ბიოლოგიურ კავშირში არიან ერთმანეთთან და ზეგავლენას ახდენენ როგორც ერთმანეთზე, ისე გარემოზე.

    მსოფლიოში ტყის ფართობი 4.1 მილიარდ ჰექტარს შეადგენს, ანუ ხმელეთის დაახლოებით ნახევარს. მერქნის მსოფლიო მარაგი 360 მილიარდ კუბ. მ.-ს აღწევს, ხოლო წლიური მატება 3 200 მილიონ კუბ. მ.-ს. ტყე ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტზეა გავრცელებული. წარსულში დედამიწაზე ტყეები გავრცელებული იყო უფრო დიდ ფართობზე, რომელთა ნაწილი შემდგომში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებმა, მზარდმა ქალაქებმა და სამრეწველო კომპლექსებმა დაიკავეს. FAO-ის მონაცემებით 1963 წელს ტყეებს დედამიწაზე 4229,2 მილიონი ჰექტარი ეკავათ, თუმცა 1990 წლის მონაცემით 788,2 მილიონით შემცირდა და ყოველწლიურად 11 მილიონი ჰექტრით მცირდება.

    დედამიწის ტყეები

    მსოფლიოს ტყეებში იზრდება მერქნიანი და ბუჩქოვანი მცენარეების 30 000-მდე სახეობა, ცხოვრობს ათასობით სახეობის ცხოველი და ფრინველი. ტყე დედამიწის ეკოლოგიურ სისტემათა მთლიანი კომპლექსისთვის გლობალური და სასიცოცხლო ფაქტორია. იგი ცოცხალი ნივთიერების ერთ-ერთი პლანეტური აკუმულატორია, რომელიც ბიოსფეროში მთელ რიგ ქიმიურ ელემენტებსა და წყალს აკავებს, აქტიურად ურთიერთქმედებს ტროპოსფეროსთან და განსაზღვრავს ჟანგბადისა და ნახშირბადის ბალანსის დონეს. ბიოსფეროში ჟანგბადის 60%-ზე მეტს ხმელეთის მცენარეულობა და მისი მთავარი კომპონენტი – ტყე – გამოყოფს. ერთი ჰექტარი შერეული ტყე წელიწადში ატმოსფეროდან შთანთქავს 13-17 ტონა ნახშირორჟანგს და გამოყოფს 10-15 ტონა ჟანგბადს.

    ტყეს მრავალი ფუნქცია აქვს: ტყე მზის ენერგიის მძლავრი აკუმულატორია. ის არსებით გავლენას ახდენს კლიმატის ფორმირებაზე, ბუნებაში წყლის წრებრუნვაზე, ატმოსფეროში აირგაცვლაზე და ამგვარად, ქმნის ადამიანისათვის საჭირო პირობებს. ამ წრებრუნვის საწყისს წარმოადგენს ფოტოსინთეზის პროცესი, რომლის დროსაც გამოიყოფა ჟანგბადი. თუ 30-50-იან წლებში პლანეტის ჟანგბადის ბალანსის შევსებაზე ტყეზე მოდიოდა მხოლოდ 30%, ახლა ტყე გამოყოფს ბიოლოგიურად აქტიური ჟანგბადის 60%-ს, დანარჩენს კი ზღვებისა და ოკეანეების პლანქტონი და მინდვრებისა და ბაღების კულტურული მცენარეულობა იძლევა. ტყის ჟანგბადი ხარისხობრივად განსხვავდება ზღვებისა და ოკეანეების ჟანგბადისაგან იმით, რომ გაჯერებულია უარყოფითი იონებით. ეს მნიშვნელოვნად ადიდებს ტყის ბიოლოგიურ თვისებებს, რადგან დამტკიცებულია უარყოფითი იონიზაციის კეთილმყოფელი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე. ტყის ჟანგბადის იონიზაცია 2-3-ჯერ უფრო მეტია ზღვის და 5-10-ჯერ ქალაქის ატმოსფეროს ჟანგბადის იონიზაციაზე.

    ტყე ასუფთავებს ჰაერს მტვრისაგან. ერთი ჰექტარი ტყე წლის განმავლობაში 50-70 ტონა მტვერს ფილტრავს, შესაბამისად საქართველოს ტყეები მთლიანად – 135-190 მლნ. ტონამდე ჰაერს ასუფთავებს. ტყე არეგულირებს თოვლის დნობის ინტენსივობას, მნიშვნელოვნად ამცირებს ჰაერის მოძრაობის სისწრაფეს, იცავს სასარგებლო ფაუნასა და მიკროორგანიზმებს. ტყის მრავალი მცენარე გამოყოფს ფოტონციდებს, რომლებიც თრგუნავენ დამაავადებელ ორგანიზმებს და ამით აჯანსაღებენ გარემოს. ტყე მძლავრი სანიტარულ-ჰიგიენური ფაქტორია, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

    მეტად მნიშვნელოვანია ტყის წყალდაცვითი ფუნქცია. ის ხელს უწყობს მდინარეებისა და წყლის სხვა რესურსების (ტბები, წყაროები და სხვა) წყლით ნორმალურ და თანაბარ მომარაგებას, აფერხებს წყალდიდობებს, უზრუნველყოფს წყლის ხარისხის ამაღლებას, იცავს მას გაჭუჭყიანებისაგან. არანაკლებ მნიშვნელოვანია ტყის როლი ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისა და წყლის და ქარისმიერი ეროზიისაგან დაცვის საქმეში. დაცვითი ტყის გაშენება მიეკუთვნება აქტიურ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია გვალვისა და ეროზიის მოვლენების წინააღმდეგ. ტყე იძლევა მრავალი სახის ძვირფას პროდუქტსა და ნედლეულს. ის არის მრავალფეროვანი ფაუნის ადგილსამყოფელი. დიდია ტყის რეკრეაციული და ტურისტული მნიშვნელობა.

    შედარებით მოზრდილ ტერიტორიაზე ტყეები არაერთგვაროვანია. ტყეები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სახეობათა შემადგენლობით (წმინდა – ერთი სახეობისაგან ან შერეული – რამდენიმე სახეობისაგან შემდგარი), ფორმით (მარტივი – ერთიარუსიანი და რთული – მრავალიარუსიანი), ხნოვანებით (ერთხნოვანი და ნაირხნოვანი), წარმოშობით (თესლით და ვეგეტატიური), სიხშირით, ბონიტეტით, ანუ პროდუქტიულობით და სხვა. ტყის მცენარეულობა, როგორც სახეობრივი შემადგენლობით, ისე ეკოლოგიური თავისებურებებით მკვეთრად იცვლება გეოგრაფიულ განედთან ერთად, ე.ი. ჰორიზონტალური ზონების მიხედვით.

    ტყე ერთ-ერთი ბიოლოგიური რესურსია, რომელსაც ახასიათებს აღდგენის უნარი. იგი ასრულებს პლანეტურ ბიოგეოქიმიურ ფუნქციას, მონაწილეობს მრავალფეროვანი ლანდშაფტის შექმნაში, აქვს ძალზე დიდი წყალშემნახავი, ნიადაგდაცვითი, კლიმატმარეგულირებელი და სანიტარულ-ჰიგიენური მნიშვნელობა. ამიტომ ტყის დაცვასა და მის რაციონალურად გამოყენებას უდიდესი ეკონომიკური და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ტყე მრავალრიცხოვანი რესურსის (მერქანი, ქერქი, ტოტები, ფოთოლი, ნაყოფი, თესლი, სოკო და სხვა) უმდიდრესი წყაროა. მან ფართო გამოყენება ჰპოვა მერქნის დამზადების, გადამუშავების, ქიმიური, კვების, ფარმაცევტულ, საფეიქრო მრეწველობასა და სხვა დარგებში.

  • ჭაობები

    ჭაობები

    ჭაობი დედამიწის ზედაპირის განსაკუთრებული ტიპია, რომლისთვისაც დამახასიათებელია უტორფო ან ტორფიანი, მუდმივად ტენიანი გრუნტი და სპეციფიკური მცენარეულობა, რომელშიც გაბატონებულია ჭაობის მცენარეები -ჰელოფიტები. ნიადაგგრუნტის მდგრადი დატენიანება ხელს უწყობს ტენის მოყვარული მცენარეულობის გავრცელებას. ჭაობი, მარში, ჭანჭრობი, ტბისა და მდინარის დატბორილი ნაპირები, ესტუარი – დაჭაობებული ტერიტორიებია. ისინი მრავალ ჰაბიტატს ქმნიან იმ მცენარეებისა და ცხოველებისთვის, რომლებიც ღრმა წყლებში და მშრალ ხმელეთზე ვერ ცხოვრობენ.

    კვების წყაროს მიხედვით, ჭაობები იყოფა სამ ტიპად: ქვემოური (ევტროფიული), გარდამავალი და ზედაური (ოლიგოტორფიანი). ქვემოური ჭაობები უმეტესად მაღლობების ძირში და მდინარეების ტერასებზე წარმოიქმნება და გრუნტის წყლებით იკვებება. ასეთი ჭაობები საკმაოდ პროდუქტიულია. აქ ხარობს ლელქაში, ხავსი და ძალიან ბევრია ფრინველი. ზემოური ჭაობები მდინარეებს შორის მდებარე დაბლობებზე გვხვდება და მხოლოდ ატმოსფერული ნალექებით იკვებება.

    ჭაობის ტიპები

    1971 წლის 2 თებერვალს ქ. რამსარში (ირანი) 18-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა კონვენციას „საერთაშორისო მნიშვნელობის წყალჭარბი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების“ (The Convention on Wetlands of International Importance, especially asWaterfowl Habitat) შესახებ. კონვენცია მთავრობათაშორისი შეთანხმებაა, რომელიც მიზნად ისახავს წყალჭარბი ტერიტორიების დაცვასა და მათ მდგრად გამოყენებას და ამისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფას. 1971 წლიდან კონვენციის გეოგრაფია თანდათან გაფართოვდა, დღეისათვის იგი 138 ქვეყანას ითვლის. საქართველო რამსარის კონვენციას 1996 წელს შეუერთდა. ამჟამად 1366-მდე წყალჭარბი ტერიტორია რამსარის ტერიტორიად, ე. წ. რამსარის საიტად არის გამოცხადებული, რომელთა საერთო ფართობი 119,6 მლნ. ჰექტარს აღემატება (www.ramsar.org).

    ჭაობები გავრცელებულია ყველა კლიმატურ სარტყელში და და ყველა კონტინენტზე. მათში ჰიდროსფეროს მტკნარი წყალის მარაგის დაახლოებით 11,5 ათასი კუბ. კმ.-ია (0,03%) თავმოყრილია. ყველაზე მეტად ჭაობები გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში.

    ჭაობების გავრცელების არეალები დედამიწაზე

    დედამიწაზე ყველაზე დიდი ჭაობია პანტანალი, რომელიც ბრაზილიაში, მატუ-გროსუ-დუ-სულის შტატში, ასევე ბოლივიისა და პარაგვაის ტერიტორიებზე მდებარეობს. მას 150 ათასი კვ. კმ.-ის ფართობი უკავია და მდიდარია მცენარეული საფარითა და ცხოველთა სამყაროთი. იქ განსაკუთრებით ბევრი ნიანგია. ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი დიდი ჭაობია ვასიუგანსკის ჭაობები (53 ათასი კვ. კმ) რუსეთში. იგი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა: აქ ძალიან ბევრი სახეობის მცენარე იზრდება, მათ შორის იშვიათი სახეობებიც. ასევე მეტად საინტერესოა მანჩაკის ჭაობების კომპლექსი (აშშ, ლუიზიანას შტატი), სადაც ხშირად იკარგებიან ადგილობრივი მცხოვრებლები და ამიტომაც ამ კომპლექსს მოჩვენებების ჭაობი შეარქვეს. ჭაობები აფრიკის კონტინენტზეც გვხვდება. ჭაობი ოკავანგო ბოტსვანაში, მდინარე ოკავანგოს დელტაში მდებარეობს, რომელიც ყველაზე დიდი შიდა დელტაა მსოფლიოში და კლიმატური, ჰიდროლოგიური და ბიოლოგიური ურთიერთზემოქმედების ნათელი მაგალითია. ოკავანგოს დელტა და ჭაობი 2014 წლიდან იუნესკო-ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული მე-1000 ძეგლია და ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

    ჭაობებს საქართველოში, კოლხეთის დაბლობზე განსაკუთრებით დიდი ფართობი – დაახლოებით 225 ათასზე ჰექტარზე მეტი უკავია. მცირე ჭაობები ასევე გავრცელებულია ჯავახეთის ვულკანურ მთიანეთშიც (ვაჩიანის, ავჭალის, ხანჩალის, მადათაფის, სულდისა და სხვ.) და საქართველოს სხვა რაიონებში.

    ჭარბტენიან ტერიტორიას საერთაშორისო სტატუსი რომ მიენიჭოს, იგი სამი კრიტერიუმიდან ერთ-ერთს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს: იყოს მოცემული გეოგრაფიული რეგიონისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ჭარბტენიანი მხარე; გამოირჩეოდეს ბიომრავალფეროვნებით და წარმოადგენდეს ადგილობრივი და გადამფრენი ფრინველების დასასვენებელ ან გამოსაზამთრებელ ადგილს. კოლხეთის ჭაობები უნიკალურია იმით, რომ სამივე პირობას აკმაყოფილებს. აფრიკა-ევრაზიის წყლისა და ჭაობების გადამფრენი ფრინველების საიმიგრაციო გზის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით შეიქმნა კოლხეთის ეროვნული პარკი და ამავე დროს რამსარის საიტად გამოცხადდა კოლხეთის დაბლობის წყალჭარბი სავარგულები.

    მდინარეების ენგურისა და კინტრიშის შესართავებს შორის განვითარებულია ტორფიანი ჭაობების ყველაზე მნიშვნელოვანი მასივები: ანაკლია, ჭურია, ნაბადა, ფიჩორი, იმნათი, მალთაყვა, გრიგოლეთი, ქობულეთი. კოლხეთის ზღვისპირა ჭაობებს, მდინარეების ან დასახლებული პუნქტების სახელების მიხედვით დაერქვათ სახელები. აქვე, ტორფიან ჭაობებთან ერთად ჯერ კიდევ შემორჩენილია ხელშეუხებელი ან მცირედ სახეცვლილი დაჭაობებული მურყანის ტყეები, ჭაობის მდინარეები და ტყეები. მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს კოლხეთის ჭაობის მშვენება – პალიასტომი.

    წარსულში ადამიანებს ჭაობი მიაჩნდათ აშმორებულ ადგილად, მალარიის კერად, რომელსაც ხალხისთვის მხოლოდ უბედურება მოჰქონდა. სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდ ნაწილს დღესაც ასეთი წარმოდგენა აქვს და უარყოფითი განწყობა ჭაობების მიმართ ჯერ კიდევ ძალაშია. საზოგადოების ასეთი პოზიცია დიდ პრობლემას ქმნის, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ გააცნობიეროს ჭაობების უდიდესი როლი და მათი გარემოსადცვითი ფუნქცია ბუნებაში. ჭაობები დიდი რაოდენობით წყალს იწოვენ, ხანგრძლივი დროით აკავებენ მას და ამით ხელს უწყობენ წყლის რეჟიმის ნორმალურ რეგულაციას, საგრძნობლად ამცირებენ ძლიერი წყალმოვარდნის საშიშროებას და დარეცხვისაგან იცავენ ხმელეთის ზედაპირს. ამასთანავე, ჭაობები ბუნებრივი ფილტრის როლს ასრულებენ. შეიწოვენ რა დიდი რაოდენობის წყალს, წმენდენ მას მავნე ქიმიური და ბიოლოგიური ელემენტებისაგან და სუფთა წყლით ასაზრდოებენ მდინარეებს, ტბებს, მიწისქვეშა წყლების ჰორიზონტებს და ა.შ. მისი ხელყოფა გვაკარგვინებს სუფთა, მტკნარი წყლის მიწისქვეშა მარაგს და ეს ხდება მაშინ, როცა მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში სასმელი წყლის უდიდესი დეფიციტია.

    კოლხეთის ჭაობები და ჭაობიანი მიწები ოდითგანვე განიცდიდნენ ადამიანის სამეურნეო მოქმედების უარყოფით გავლენას, რამაც განსაკუთრებით დიდ მასშტაბებს XX საუკუნეში მიაღწია. სახნავ-სათესი მიწების, საძოვრების და სათიბების მიღების მიზნით, დაბლობის ვრცელ ტერიტორიაზე დააშრეს ჭაობი, გაჩეხეს დაჭაობებული და ტენიანი კოლხური ტყეები. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების შედეგად დაბლობის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში თითქმის მთლიანად მოისპო ტენიანი კოლხური ტყეების ბუნებრივი ეკოსისტემები. დაბლობის ამ ნაწილში კატასტროფულად შემცირდა ან უკვე გადაშენდა ჭაობის კუ, ჩვეულებრივი და შუააზიური ტრიტონები. სხვადასხვა ფაქტორების გავლენით ძლიერ შემცირდა გადამფრენი და მოზამთრე ფრინველების რაოდენობა. ადამიანის სამეურნეო საქმიანობის მავნე გავლენას ვერც კოლხეთის დაბლობის დასავლეთ ნაწილის ბუნებრივი ლანდშაფტები გადაურჩა. ზღვისპირა ტორფიანი ჭაობების ზედაპირზე გაყვანილ იქნა სხვადასხვა დანიშნულების უამრავი არხი, გაიჩეხა ზღვისპირა ჭაობების მეზობლად მდებარე დაჭაობებული ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილი, გასწორებულ იქნა ჭაობების მდინარეთა დაკლაკნილი კალაპოტები. ადამიანის ჩარევის შედეგად სახეცვლილი პალიასტომის ტბის დაცვა ეროვნული მნიშვნელობის საქმეა.

    კოლხეთის ჭაობებს და დაჭაობებულ ტყეებს დიდი სამეცნიერო და შემეცნებითი მნიშვნელობა აქვს. კოლხეთის ჭაობური ლანდშაფტები შეიცავენ მდიდარ და მეტად საინტერესო ბიოგეოგრაფიულ და პალეოგეოგრაფიულ მასალას, რომლის ანალიზი საშუალებას იძლევა, გაირკვეს კოლხეთის თანამედროვე ფლორის თავისებურება, შემადგენლობა, განვითარების ისტორია, კლიმატის ცვალებადობა და ზღვის დონის რყევის ხასიათი ახლო გეოლოგიურ წარსულში. ამასთან ერთად, კოლხეთის ჭაობი და ჭარბტენიანი მიწები, სადაც სასწავლო შემეცნებითი ექსკურსიების მოწყობით, კვალიფიციური ლექცია-საუბრების ჩატარებით, ვიზიტორებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, გაეცნონ ჭაობურ ლანდშაფტებს, გააცნობიერონ, რომ ამ ლანდშაფტების შენარჩუნება საზოგადოების ყველა წევრის მოვალეობაა.