• პამპა

    პამპა

    პამპა(ესპ. “პამპას” – ვაკე) – სამხრეთ ამერიკის სუბტროპიკული სარტყელის უმეტესად ბალახეული მცენარეულობით შემოსილი ზოგიერთი ვაკე ადგილის სახელწოდება.  ძირითადად იყენებენ მესაქონლეობისათვის.

    პამპის, პამპასების ბალახი (Cortaderia selloana, Gynerium argenteum)  მრავალწლოვანი  დიდი და მკვრივკორდოვანი ბალახოვანი მცენარეა, რომლის ღეროს სიმაღლე 2-3 მ აღწევს და რომელსაც  გრძელი, ხაზური ფოთლები და დიდი (30-50 სმ სიგრძის) მოვერცხლისფრო საგველა ყვავილედი აქვს.  პამპის ბალახი ველურად იზრდება სამხრეთ ბრაზილიასა და არგენტინაში.  სამხრეთ ამერიკაში პამპის ბალახის ფოთლებისაგან ქაღალდს ამზადებენ.

  • პანტანალი

    პანტანალი

    პანტანალი  ნაკრძალია ბრაზილიაში და მატუ-გროსუ-დუ-სულის შტატში მდებარეობს, ასევე ვრცელდება ბოლივიისა და პარაგვაის ტერიტორიებზეც. იგი წარმოადგენს ნესტიან ტერიტორიას და უდიდესია მსოფლიოში ამ სახის ლანდშაფტებს შორის. მისი ფართობი მერყეობს 140. 000 კმ²-სა და 195. 000 კმ²-ს შორის.  აქ  გვხვდება  ცვალებადი სუბრეგიონული ეკოსისტემა და  თითოეულისთვის  დამახასიათებელია სპეციფიკური ჰიდროლოგიური, გეოლოგიური თუ ეკოლოგიური თავისებურებანი. მათ შორის 12 ეკოსისტემა ბრაზილიის მხარის მიერ უკვე განსაზღვრულია.

    პანტანალის ტბორების 80%  წვიმიანი სეზონისას წყლით  ივსება.  ამ ტბებში იზრდება განსაცვიფრებელი სილამაზის უამრავი წყალმცენარე.

    უდავოა, რომ პანტანალის ნაკრძალი ვერ შეედრება მის ჩრდილოეთით მდებარე ამაზონის წვიმიან ტყეებს, მაგრამ მათი ეკოსისტემები ერთნაირად ძვირფასია.

    პანტანალი ჭაობი

    პანტანალის ეკოსისტემაში ბინადრობს 1000 სახეობის ფრინველი, 400 სახეობის თევზი, 300 სახეობის ძუძუმწოვარი, 480 სახეობის რეპტილია და 9000-მდე სახეობის სხვადასხვა უხერხემლო ცხოველი. ეს ნაკრძალი ასევე  3 500 სახეობის მცენარის  სამშობლოა.

  • ამაზონი –  მდინარეების დედოფალი

    ამაზონი – მდინარეების დედოფალი

    ალბათ, არცერთ მდინარეს არა აქვს იმდენი სახელი, რამდენიც ამაზონს: მდინარეების დედოფალი, არაჩვეულებრივი, საკვირველი, ბუნების საოცრება  და ყველა მათგანი სიმართლეს შეესაბამება.

    ამაზონი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი უდიდესი (სიგრძე 6992 კმ) და ყველაზე წყალუხვი მდინარეა. წარმოიდგინეთ ოცი ისეთი მდინარე, როგორიც ვოლგაა ან ათი ისეთი, როგორც ენისეია და მიიღებთ ამაზონს. უამრავ შენაკადებს შორის 17 მდინარე, 500-დან 3500 კმ-ის სიგრძისაა: რიუ-ნეგრუ. მადეირა, მარანიონი, უკაიალი, შინგუ და სხვა.

    მდინარის წყალშემკრები აუზი 7.2 მლნ კვ.კმ-ია. ამ ფართობზე თავისუფლად მოთავსდება ავსტრალია ან აშშ. ეს ტერიტორია დაყოფილია ბრაზილიის, ბოლივიის, კოლუმბიის, პერუსა და ეკვადორს შორის. ოფიციალურად მდინარის სათავედ მდინარე უკაიალს კი არ თვლიან, რომელიც მარანიონზე გრძელია, არამედ უფრო უხვწყლიან მარანიონს მიიჩნევენ. სათავე, სადაც მარანიონი ქედებს შორის ჩაჭრილ ხეობაში მოედინება, არაჩვეულებრივი და თავისებური ადგილია მთელ დედამიწაზე. ბუნება თანდათან იცვლება, მრავალფეროვანი და დიდებული ხდება, თანდათანობით მატულობს ტემპერატურა და ტენიანობა, მცენარეულობით მდიდარ ტყეში ცხოველთა სამყაროც მრავალფეროვანია. უკაილთან შეერთების შემდეგ მარანიონი ამაზონის სახელით მოედინება. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა მას – სოლიმოესს უწოდებს. ორი კილომეტრის სიგანის ამაზონი შენაკადების შეერთების შემდეგ კიდევ უფრო ფართოვდება და ბრაზილიელები მას ”მდინარე-ზღვას~ ეძახიან.

    შესართავში მდინარე დელტას ქმნის, რომელშიც უამრავი კუნძულია. მათ შორის ყველაზე დიდ კუნძულზე –  მარაჟუზე თავისუფლად დაეტევა შვეიცარია ან ბელგია.

    მთელი წლის განმავლობაში ამაზონი წყალუხვია, რაც იმით აიხსნება, რომ მისი შენაკადები სხვადასხვა კლიმატურ სარტყელში მიედინებიან. წელიწადის ერთ დროს მარცხენა შენაკადებია წყალუხვი, მეორე დროს კი – მარჯვენა.

    შესართავიდან თითქმის ათას კილომეტრზე იგრძნობა მოქცევა: დროდადრო შესართავიდან მდინარის დინების საწინააღმდეგოდ დიდი ხმაურით მოგორავს გიგანტური, აქაფებული ტალღები. ვაი იმ ნავს და გემს, რომელსაც ეს ტალღა წამოეწევა. ადგილობრივი მცხოვრებნი ამ მოვლენას ”პოროროკ-პოროროკას” – დამანგრეველს უწოდებენ. აქედან წარმოსდგა ტალღის სახელწოდებაც – პოროროკა. ინდიელთა ზოგიერთი ტომი პოროროკას ”ამაზუნუს” – ანუ მგვრგვინავ წყალს ეძახის. გეოგრაფები თვლიან, რომ აქედან მოდის მდინარის სახელწოდებაც. ინდიელები ამაზონს ასევე უწოდებენ პარანა-ტინგას (თეთრი მდინარე), პარანა-გუასუს (დიდი მდინარე).

    არის სხვა ვერსიაც. გადმოცემით მდინარე  ნაპოს ხეობაში (ამაზონის შენაკადი) ცხოვრობდა ინდიელთა ტომი კუა. ამ ტომის მამაკაცებს ჰქონდათ გრძელი თმები და ტანზე შემოხვეული ნაჭერი ქალის ქვედაკაბას წააგავდა. აბორიგენებთან ორთაბრძოლაში ევროპელებმა ვერ გაარჩიეს კაცებს ებრძოდნენ თუ ქალებს. ამიტომ გავრცელდა ხმა, რომ აქ მეომარი ქალები – ამაზონები ცხოვრობდნენ.

    შეიძლება უცნაურად ჩათვალოთ, მაგრამ მდინარის შესართავი 1500 წელს აღმოაჩინა ესპანელმა ვისენტე იანსენ პინსონმა, 1743 წელს ფრანგი შარლ მარიდე დე კონდამინი შედარებით უფრო ზევით აუყვა მდინარეს. საბოლოოდ 1955 წელს გერმანელ-პერუელთა ექსპედიციამ შედარებით სრულყოფილად გამოიკვლია მდინარე ამაზონი.

    ამაზონის აუზი სავსეა განძით. აქ არის: ალმასი, ოქრო, ვერცხლი, უჩვეულო და მხოლოდ აქაურობისთვის დამახასიათებელი მცენარეები და ცხოველები. ტყით არის დაფარული უზარმაზარი ტერიტორია, სადაც 2500 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეა ( შედარებისთვის  კუნძულ შრი-ლანკაზე, რომელიც მცენარეთა სახეობებით მდიდარ კუნძულად ითვლება 1500 სახეობას, ხოლო ასევე ბიომრავალფეროვნებით მდიდარ კუნძულ იავაზე 1100 სახეობას ითვლიან). მცენარეები 5-6 იარუსად იზრდება. ზოგიერთი გოლიათი ხე 70-150 მ სიმაღლისაა, სიგანე კი  10-12 მეტრს აღწევს.

    ამაზონის  ჯუნგბლები  - ტროპიკული ტყე  სამხრეთი ამერიკა

    ამაზონის ტყეები ჩვენი პლანეტის მწვანე ორანჟერეა – ბუნების განუმეორებელი საოცრებაა. მხოლოდ ადგოლობრივებს შეუძლიათ ტყეში უშიშრად სიარული, სადაც ადამიანს ყოველ ნაბიჯზე საშიშროება ემუქრება. ბრაზილიელებიც კი ამაზონის ტყეებს ”მწვანე ჯოჯოხეთს” უწოდებენ. აქაურ ტყეში შეხვდებით ხეებს, რომლებსაც დიდი სარგებლობა მოაქვთ ადამიანებისთვის. ძნელია ყველას ჩამოთვლა, მაგარმ ზოგიერთს მანც ავღნიშნავთ:  თუნდაც გიგანტური ბერტოლეცია, რომელიც განთქმულია გემრიელი და ნოყიერი, ე.წ. ბრაზილიური კაკლით. იგი 70% ცხიმს, 17% ცილებს, 4%  მინერალურ მარილებს შეიცავს. 2 კგ -იან წონის ნაჭუჭში 10-20-მდე კაკალი თავსდება. ქარის დროს ამ ხის ქვეშ ყოფნა შემგროვებლისთვის შეიძლება სასიკვდილოც გახდეს. ადგილობრივი  მცხოვრბელები კაკალს აგროვებენ და ქვეყნის გარეთ გააქვთ, რაც დიდ შემოსავალს აძლევს სახელმწიფოს. აქვეა ე.წ. რძის ხეები, რომელთა წვენი ფერით და გემოთი მართლა რძეს წააგავს და საკვებადაც იყენებენ; შოკოლადის ხე, რომლისგანაც მაღალხარისხოვან პროდუქტს კაკაოს – ”ღმერთების საკვებს” ღებულობენ; ნესვის ხე, რომლის ნაყოფი გემოთი ნესვს წააგავს და 2-3 კგ-ს იწონის; ცინამონი, რომელსაც ნაზი სუნი აქვს. ქინაქინის ხის ქერქისგან კი ქინაქინას, მალარიის სამკურნალო პრეპარატს ამზადებენ. ტყეში არის ხეები, რომელთა მერქანი საცობზე უფრო მსუბუქია, მაგრამ ზოგიერთის კი ისეთი მაგარია, რომ გალესილი ცულიც ვერ ერევა.

    ტყეში განსაკუთრებული ადგილი პალმას უკავია. აქ მისი მრავალი სახეობაა გავრცე-ლებული: პალმა ბაბასუ, რომლის კაკლისგან მაღალხარისხოვან ცხიმს ამზადებენ; პალმა ასაის ახალგაზრდა ყლორტები საკვებად გამოიყენება, ნაყოფისაგან კი სასიამოვნო სასმელს ამზადებენ. ”ვინც ერთხელ მაინც იგემა პალმა ასაის წვენი, ის აუცილებლად დაბრუნდება ამაზონის ტყეში” – ამბობენ ბრაზილიელები. განსაკუთრებით ბევრი სიკეთე მოაქვს ქოქოსის პალმას. ”სიცოცხლის ხე”, ”უნივერსალური მაღაზია” – ასე სხვადასხვანაირად იხსენიებენ მას აქაურები. მისი ღეროსგან ამზადებენ ავეჯს, იარაღს, ნავებს და სხვა მრავალ¬ საგანს. ქოქოსის  პალმის ნაყოფი და ნაზი ყლორტები საკვებად გამოიყენება. ნაყოფის წვენისგან ღვინოს, შაქარს, ვაჟინს და სხვა  პროდუქტს ამზადებენ.

    ამაზონის  ჯუნგლები  -  ტროპიკული ტყე ვიქტორია რეგია -   სამხრეთი ამერიკა

    ამაზონის ტყეების ძვირფასი საჩუქარია ჰევეა – კაუჩუკის ხე, რომელსაც ინდიელები ასე უწოდებენ ”კაუჩუ” ანუ  ”ჯოხი, რომელიც რძეს იძლევა”.

    ამაზონის ტყეებში მრავალი ფრინველი, ცხოველი, მწერი, ტერმიტი, ქვეწარმავალი ბინადრობს. მაგალითად, უჩვეულო სილამაზის და სიდიდის პეპელა მორფეო მენელაუსი, რომლის ფრთებისგან შესანიშნავი სუვენირები მზადდება. არიან ქვეწარმავლები, რომლებსაც საკვებად იყენებენ და რომელთა ტყავისაგან ნაირნაირ საგნებს ამზადებენ.

    ამაზონის წყლები მდიდარია თევზით. მხოლოდ ამაზონში, შენაკადების გარეშე, 750 სახეობის თევზია. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, პირარუკუ და აპარაიმი 4-5 მეტრის სიგრძისაა და 200 კგ-ს იწონიან. ბრაზილიელები მათ ”ამაზონის ხარებს~ უწოდებენ. მრისხანე, სისხლის მსმელი პირანია მხოლოდ 30-50 სმ სიგრძის თევზია, მაგრამ მისი უფრო ეშინიათ, ვიდრე ნიანგის.  ამიტომ მას ”კაციჭამია~ შეარქვეს.

    სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანმა მხოლოდ სასიკეთოდ როდი შეაღწია ამაზონეთის სიღრმეში, მას დიდი ზიანიც მიაყენა. საავტომობილო მაგისტრალი, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს, უთუოდ ხელს შეუწყობს ხელუხლებელი ბუნების განადგურებას ისე, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდა.

  • ჰავანა

    ჰავანა

    თვითმფრინავის ფანჯრიდან ქალაქი ჰავანა უცნაურად მოღუნულ გიგანტურ ხვლიკს წააგავს მკვეთრად გამოხატული თავით, ელასტიკური გრძელი ტანითა და კუდით. თუ ჰავანას ზღვიდან უახლოვდებით, შთაბეჭდილება სულ სხვანაირია: ცათამბჯენების სიმრავლე, ჭვარტლის ღრუბელი ქალაქის თავზე, სიმწვანის ნაკლებობა, ერთმანეთის მსგავსი ქუჩები და პროსპექტები, თანამედროვე ქალაქი-გიგანტი, უღიმღამო და ერთფეროვანი, რომლის მსგავსი ბევრია ევროპულ დასავლეთში. ისეთი გრძნობა გეუფლება, რომ როგორც კი ნაპირზე მოხვდები ამ უზარმაზარი გიგანტის ტყვეობაში აღმოჩნდები.

    ჰავანა 1515 წელს დააფუძნა კონკისტადორმა დიეგო ველასკეს დე კელარმა კუნძულის სამხრეთ სანაპიროზე, თანამდეროვე ქალაქ სურგიდერო-დე-ბატაბანიოსთან. ქალაქმა მის დღვანდელ ადგილზე 1519 წელს გადმოინაცვლა.

    ჰავანა თავდაპირველად სავაჭრო პორტი იყო, თუმცა მისი მზარდი პოლიტიკური მნიშვნელობის გამო 1607 წელს კუბის (იმ დროისთვის ესპანური კოლონიის) დედაქალაქი და ახალ მსოფლიოში ესპანური კოლონიების მთავარი პორტი გახდა.

    ჰავანა მეკობრეთა ხშირი თავდასხმების მსხვერპლი იყო. 1553 და 1555 წლებში იგი გაძარცვეს, ხოლო 1538 წელს კი ერთიანად გადაწვეს.  შვიდწლიანი ომის დროს 1762  წელს ბრიტანელებმა ესპანელებს ქალაქი წაართვეს და პორტი თავისუფალი ვაჭრობისთვის გახსნეს, შემოიყვანეს რა ათასობით აფრიკელი მონა. ომის დამთავრების შემდეგ ბრიტანელებმა ქალაქი ფლორიდაზე გაცვალეს. ქალაქის დაბრუნების შემდეგ ესპანელებმა იქ აშენებული ციხესიმაგრეებითა და გალავნებით ჰავანა ამერიკაში ყველაზე დაცულ ქალაქად აქციეს.

    1920 წელს აშშ-ში ბუტლეგერობის პერიოდში ჰავანა, მონრეალის მსგავსად, ამერიკელთა პოპულარული გასართობი ქალაქი გახდა, თუმცა ღამის კლუბებისა და კაზინოების უმრავლესობა დახურულ იქნა 1959 წელს კუბის რევოლუციის შემდეგ.

    ჰავანა  კუბა

       ყველა ქალაქს აქვს თავისი ცენტრი, მაგრამ ჰავანაში ეს ცნება დარღვეულია. 23-ე ქუჩა თუ რევოლუციის მოედანი, სანაპირო მალეკონი თუ მე-5 ავანიდა, კაპიტოლიუმი თუ პრეზიდენტის ხეივანი – ყველა ცენტრია, თუმცა ერთმანეთისგან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. ქალაქის ცალკეულმა რაიონებმა, წარსულში დამოუკიდებელმა ქალაქებმა შექმნეს თანამედროვე ჰავანა. ამიტომაც ძნელია გეოგრაფიული ან ადმინისტრაციული ცენტრის პოვნა და მაინც: რაიონი ვედადო ყველაზე უფრო მიესადაგება ე.წ. ქალაქის ”ცენტრს”.

    მექსიკის ყურიდან იწყება მრავალკილომეტრიანი პრეზიდენტის ხეივანი, სადაც ვხვდებით ტროპიკული სარტყლის თითქმის ყველა სახეობის მცენარეს და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ბოტანიკურ ბაღში სეირნობ. აქედან პირდაპირ რევოლუციის მოედანზე გამოდიხარ, სადაც ქალაქის სამი რაიონი იყრის თავს.

    საღამოობით, როდესაც შუადღის პაპანაქება მინელდება, ჰავანელები სეირნობენ, თევზაობენ, ზღვის სანაპიროს სილამაზით ტკბებიან. ძველ ჰავანას შენარჩუნებული აქვს ესპანური იერი – 2-3 სართულიანი შენობები, გრძელი და ვიწრო ქუჩები. აქვეა კაპიტოლიუმის მკაცრი შენობა, სადაც ახლა კუბის მეცნიერებათა აკადემიაა განთავსებული. მის ირგვლივ კი შესანიშნავი პარკია ეროვნული გმირების ძეგლებით. აქ იწყება ცნობილი პრადო – ქუჩა-ხეივანი.

    ჰავანის ფეშენებელური რაიონია მირამარი. ეს რაიონი ამერიკელი და ადგილობრივი ბანკირების, მინისტრების, ბიზნესმენების მიერ იყო დაგეგმილი, მაგრამ ეს ”მობინადრენი” ახალგაზრდობამ შეცვალა და ამჟამად ბეკადოსი – მოსწავლე-სტიპენდიანტები და სტუდენტები  არიან ამ მყუდრო ბინების ბინადარნი.

    მირამარეშია განთქმული საზღვაო აკვარიუმი. ეს არის მექსიკის ყურის ნაწილი, რომელიც მინის კედლებითაა ყურისგან გამოყოფილი, ზევით კი ღიაა. აკვარიუმში ტროპიკული ზღვების ყველა ბინადარია, მათ შორის ზვიგენები, გიგანტური კუ და შხამიანი ბარიკუდაც.

    ყველა ქალაქი თავისებურია, ყველას აქვს მისთვის დამახასიათებელი და სხვებისგან განსხვავებული ნიშნები. ასეთი თავისებური და განსხვავებულია ჰავანაც.