გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

galapagos islands

გალაპაგოსი- მოჯადოებული კუნძულები

ეს სიტყვები გალაპაგოსის კუნძულებს (ესპანურიდან “გალაპაგო” – “კუ”-ს ნიშნავს) ეხება. არქიპელაგი ათი დიდი და მრავალი პატარა კუნძულისგან შედგება და წყნარი ოკეანის ეკვატორულ წყლებში მდებარეობს. კუნძულები ეკვადორის ნაპირებიდან 1000 კმ-ითაა დაშორებული. 1535 წელს, გალაპაგოსის კუნძულები  პანამის ეპისკოპოსმა ტომას დე ბერლანგამ აღმოაჩინა. კუნძულებმა სახელწოდება სწორედ ამ წელს მიიღო, რაც აქ მობინადრე გიგანტური კუების “დამსახურებაა”. გალაპაგოსის კუნძულები რუკაზე პირველად 1570 წელს გამოჩნდა, როცა ისინი მერკატორმა თავის რუკაზე  მონიშნა. XVI ს-ში ესპანელებმა კვლავ გააგზავნეს ექსპედიცია კუნძულებზე, მაგრამ მათ ვეღარ მიაგნეს. XVII ს-ის ბოლომდე ევროპელებისთვის გალაპაგოსის კუნძულები  “დაიკარგა”  და ამიტომ მას “ლას-ისლას ენკანტადო” უწოდეს, რაც “მოჯადოებულ კუნძულებს” ნიშნავს.

XIX ს-ის დასაწყისში გალაპაგოსი ბრიტანელმა ვეშაპებზე მონადირეებმა თავიანთ ბაზად გამოაცხადეს. 1832  წ. კუნძულები ეკვადორის შემადგენლობაში შევიდა.

არაერთი ექსპედიცია ეწვია გალაპაგოსს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს 1835 წლის ევროპელი მეცნიერების ექსპედიცია, რომელთა რიგებშიც შედიოდა ახალგაზრდა ბრიტანელი ბიოლოგი ჩარლზ დარვინი. აქ გატარებული დროის განმავლობაში, დაკვირვებებზე დაყრდნობით, მოგვიანებით მან გამოაქვეყნა თავისი გახმაურებული ნაშრომი “სახეობათა წარმოშობა”. სწორედ ჩარლზ დარვინის ნაშრომების შედეგად გახდა ეს კუნძულები საქვეყნოდ ცნობილი.

გალაპაგოსის კუნძულები  ხუთი დიდი კუნძულისა (ფერნანდინა, ისაბელა, სან-კრისტობალი, სანტა-კრუზი, სანტიაგო) და 14 საშუალო კუნძულისაგან შედგება, ასევე არქიპელაგის შემადგენლობასია 42 ჯუჯა კუნძულისგან, რომელთა საერთო ფართობია 8000 კვ. კმ-ია

კუნძულები ვულკანური წარმოშობისაა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მეტად ვულკანურად აქტიურ რეგიონს წარმოადგენს.

გალაპაგოსის კუნძულები

უკანასკნელი ამოფრქვევა კუნძულ ისაბელაზე 2005 წელს დაფიქსირდა.

კუნძულებთან ერთმანეთს ორი მძლავრი ოკეანური დინების – პერუს ცივი და სამხრეთ პასატური თბილი ნაკადი ხვდება, რაც განაპირობებს კუნძულების ბუნების მრავალფეროვნებას. გალაპაგოსი ოკეანოგრაფების, ნატურალისტებისა და იხტიოლოგებისთვი მეცნიერული დაკვირვების ობიექტს წარმოადგენს.

ტროპიკების ლიანები და პოლარული ხავსები, ჯუნგლების ღია ფერის ბუმბულიანი ფრინველები, ანტარქტიკული თოლიები, თუთიყუშები და პინგვინები, სიცივის მოყვარული სელაპები და სითბოს მოყვარული გიგანტური კუები – ასეთია გალაპაგოსის კონსტრასტები.

გალაპაგოსის კუნძულები

მიუხედავად ბუნების ასეთი სიჭრელისა, კუნძულებს სახელი გაუთქვა უზარმაზარმა ხვლიკმა იგუანამ, რომელიც ზღაპრულ დრაკონს ჩამოჰგავს. იგი დედამიწაზე ერთადერთ ცოცხალი არსებაა, რომელსაც საკუთარი გულისცემის გაჩერება შეუძლია ნახევარი წუთის განმავლობაში. მისი `ახლონათესავები~ შემორჩენილია ინდონეზიის ერთ-ერთ კუნძულ კომოდოზე, `წინაპრები~ კი ათი მილიონი წლის წინათ გადაშენდნენ.

გალაპაგოსის კუნძულები მთელს მსოფლიოში ტურისტებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს. აქ არსებულ ფლორას და ფაუნას სხვაგან ვერსად შეხვდებით, სწორედ ეს ფაქტორი იზიდავს ტურისტებს ასე ძალიან.

მცენარეთა და ცხოველთა უამრავი სახეობა კუნძულისათვის ენდემურია. ალბათ გასაკვირიც არაა, რომ ეკვადორის მთავრობამ, გალაპაგოსი ეროვნულ პარკად გამოაცხადა. არსებობს ასეთი გამოთქმა, რომ “გალაპაგოსის კუნძულებზე დრო გაჩერებულია”.  ტურისტულ ტურებში მთავრობის მიერ დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, ერთ ტურში არ შეიძლება შედიოდეს ოცზე მეტი ადამიანი. ასევე, გალაპაგოსის კუების გამრავლების პერიოდში, ტურისტების შესვლა კუნძულებზე საერთოდ აკრძალულია.

კუნძულებზე მოქმედებს ორი საშუალო ზომის აეროპორტი. ტურისტებს შორის ძალზე პოპულარულია კუნძულებს შორის გემით ან იახტით გადაადგილება. ზოგიერთ კუნძულთან, არსებობს წყალქვეშა პარკები, სადაც შესაძლებელია წყალქვეშა ფლორისა და ფაუნის დათვალიერება. აღსანიშნავია, რომ უამრავ მცირე პარკსა თუ ტურისტულ ობიექტს, ჰქვია ჩარლზ დარვინის სახელი.

ყველაზე მთავარი, რაც ტურისტებმა უნდა გაითვალისწინონ  ისაა რომ კუნძულების მოსანახულებლად ყველაზე საუკეთესო პერიოდი, ე.წ. ”ცხელი სეზონი”  იანვრიდან აპრილამდეა, როდესაც იქ ზაფხულია.  სწორედ ამ დროს ღირს აქ მოგზაურობა,  რათა მთელი სრულყოფილებით შეიგრძნოთ გალაპაგოსის სილამაზე.

გალაპაგოსზე საინტერესო აღმოჩენები გააკეთეს არქეოლოგებმა. ტურ ჰეიერდალის ექსპედიციამ გალაპაგოსზე ორი ათასამდე ნაკეთობა აღმოაჩინა, რომელიც  ქვისგანაა დამზადებული, იპოვეს წყლის ჭურჭელი, დეკორატიული ლარნაკები, ორნამენტებით შემკული ჭურჭელი და სხვ.

სინტერესოა, რა დაემართა ადგილობრივ მოსახლეობას? მკვლევარების აზრით, ხშირმა ვულკანურმა ამოფრქვევებმა, რომელიც აქ ასეული წლების წინათ მიმდინარეობდა, მოსახლეობა აიძულა არქიპელაგი დაეტოვებინა.