გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

კილიმანჯაროს მთა

კილიმანჯაროს თოვლიანი მთა

”აფრიკის გრილი ნიავი მიბერავდა და აფრიკის სივრცეების სურნელი მცემდა… ვუყურებდი სამყაროსვით უსასრულო, ცაში აზიდულ, მზით განათებულ და საოცრად ქათქათა მთას და თავს ბედნიერად ვგრძნობდი…”

             ერნესტ ჰემინგუეი,  ნაწყვეტი მოთხრობიდან  ” კილიმანჯაროს თოვლიანი მთა”

ინგლისის სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების კედლებში სიცილ-ხარხარი ისმოდა: ”თოვლი? აფრიკაში?! მომხსენებელს როგორი მხედველობა აქვს?  ხომ არ დაავადდა იგი შავ კონტინენტზე ყვითელი ციებით”? ასე ცინიკურად გერმანელ მისიონერს, იოჰან რებმანს მიმართავდნენ, რომლის დანაშაულიც  მხოლოდ ის იყო, რომ მან სიმართლე თქვა.

მოხსენებამდე რამდენიმე თვით ადრე აღმოსავლეთ აფრიკაში მისიონერული მოგზაურობისას რებმანმა ზღაპრული სანახაობა იხილა: მის წინ აღმართულიყო მთა, რომლის მწვერვალებიც თეთრ ღრუბლებში გახვეულიყო, თუმცა მათი უმოძრაობა ეჭვს იწვევდა. დაკვირვების შემდეგ რებმანი მიხვდა, რომ მთის მწვერვალი თოვლით იყო დაფარული და ძლიერ გაოცდა: ”თოვლი ეკვატორთან, აფრიკულ სიცხეში?!”. 1848 წლის 11 მაისს მისიონერმა თავის დღიურში ნანახი აღწერა და თანაც აღნიშნა, რომ ამ საოცარ მთას ადგილობრივი მცხოვრებლები ”ბერედი”-ს  ეძახიან, რაც  ”ცივს” ნიშნავს.  ლეგენდის თანახმად ერთხელ ადგილობრივმა ბელადმა მთაზე თავისი ქცეშევრდომები გააგზავნა ვერცხილის ჩამოსატანად, მაგრამ მთაზე მცხოვრებმა ბოროტმა სულებმა ხელი შეუშალეს ბელადის სურვილს.  უკან დაბრუნებისას ძვირფასი ლითონი წყლად გადაიქცა. მისიონერი მიხვდა, რომ ლეგენდაში ნახსენები ვერცხლი თოვლია, მაგრამ მისმა აღჭურვილობამ, რომელიც მხოლოდ ბიბლიისა და ქოლგისგან შედგებოდა, მას საშუალება არ მისცა მთაზე ასულიყო, რათა საბოლოოდ დარწმუნებულიყო თავისი დაკვირვების სიზუსტეში.

ევროპაში დაბრუნებული რებმანი  სამეფო გეოგრაფიულ საზოგადოებაში მიიწვიეს, სადაც იმ პერიოდში დებატები იმართებოდა ნილოსის სათავის მდებარეობის  შესახებ. ამ საკითხის ირგვლივ მისიონერს პასუხი  არ ჰქონდა, თუმცა მეცნიერებს ამცნო, რომ მან აფრიკის გულში ყინულით დაფარული მთა იხილა, რის გამოც  იგი დაცინვისა და ანეკდოტების გმირად იქცა.

 რამდენიმე თვის შემდეგ მისი თანამემამულე და კოლეგა იოჰან კრაპფი აფრიკიდან დაბრუნდა და რებმანის ცნობები დაადასტურა, თუმცა  კატეგორიულად არ ეთანხმებოდა მას მთის სიმაღლის საკითხში.   მთის ”პირველაღმომჩენი” ამტკიცებდა, რომ მთის სიმაღლე დაახლოებით 6 კმ-იაო, მისი ოპონენტის  აზრით კი მთა 1,5-ჯერ დაბალი იყო. მთის გაბარიტების შესახებ  ატეხილი დავის გამო მეცნიერებმა, რომელთაც აფრიკა მხოლოდ რუკასა და გლობუსზე ჰქონდათ ნანახი, დაასკვნეს რომ  თოვლიანი მთა ამ კონტინენტზე საერთოდ არ არსებობდა.

1861 წელს  ენთუზიასტებმა აფრიკის უმაღლესი მწვერვალის დალაშქრვა გადაწყვიტეს, მაგრამ  ხან უამინდობამ, ხან არასაკმარისმა აღჭურვილობამ და ხანაც  სხვა ფაქტორებმა  ევროპელებს ხელი შეუშალეს დაეპყროთ კილიმანჯარო. საბოლოოდ, 1889 წელს გერმანელი მოგზაური და გამომცემელი ჰანს მაიერი  და ავსტრიელი  ალპინისტი  ლუდვიგ  პულჩელერი 60 ადგილობრივი მეგზურის თანხლებით ექვსკვირიანი მოგზაურობის შემდეგ 5895 მეტრ სიმაღლეზე ავიდნენ და აფრიკის ”სახურავს მიაღწიეს”. ასე უწოდებენ მთა კიბოს უმაღლეს მწვერვალს, ერთ-ერთს იმ სამთაგან, რომლებიც კილიმანჯაროს ქმნიან. მას კაიზერ ვილჰემ II-ის პიკი უწოდეს გერმანელი იმპერატორის  პატივსაცემად. დავა იმის შესახებ, რომ  ეკვატორთან თოვლი არის თუ არა, ამ მტკიცების მომხრეთა გამარჯვებით დასრულდა.  მთის სხვადასხვა მწვერვალი, შირა (3962 მ) და მავენზი (5149 მ), რომელთაც მეტად რთული ფერდობები აქვთ, ალპინისტებმა  მხოლოდ XX საუკუნეში დაიპყრეს.

კილიმანჯაროს შესახებ რამდენიმე ლეგენდა არსებობს.  ამბობენ, რომ  ძველი ეთიოპიის მბრძანებელმა  მენელიკ I, სოლომონ მეფისა და დედოფალ საკიას ძემ, იგრძნო რა  სიკვდილის მოახლოება, თავისი ავლადიდება შეკრიბა, მათ შორის სოლომონ მეფის  ცნობილი ბეჭედი  წარწერით ”ესევ გაივლის” და  მონებთან ერთად მთაზე ასვლა გადაწყვიტა.  იგი  წინ მიუძღვოდა პროცესიას და პირველი ჩახტა ვულკანის კრატერში, წაიყოლა რა თან  მთელი სიმდიდრე. ლეგენდის თანახმად ვინც ამ საგანძურს იპოვის, და რა თქმა უნდა სოლომონ მეფის ბეჭედსაც, მას ეთიოპიის მმართველის ტიტული მიენიჭება. 

მწვერვალზე ასვლისას  მოგზაური 6 ბუნებრივ ზონას კვეთს. მთის ძირში სავანებია.    შედარებით მაღლა , იქ სადაც  დამდნარი თოვლიდან ნაკადულები მოედინებიან, ადგილობრივ მოსახლეობას ყავა, ბანანი, სიმინდი, პომიდორი მოჰყავს.  1800 მ სიმაღლეზე ეს  პეიზაჟი ტყეების ხშირი და გაუვალი  მცენარეულობით იცვლება, 300 მ-ით ზემოთ კი უკვე ალპური მდელოებია.  ზ.დ-დან 4000 მ -ის ზემოთ უკვე ხავსების სამეფოა, ხოლო 5000 მ-დან ნამდვილი ქვიან-ყინულიანი უდაბნო იწყება. იმის გამო, რომ აქ ჰაერი გაიშვიათებულია არანაირი ცოცხალი ორგანიზმი  არ ბინადრობს, თუმცა არსებობს ორი გადმოცემა ადგილობრივი ფაუნის შესახებ.  ერთი თეთრ ლეოპარდს ეხება, რომელიც კიბოს ყინულებში უნახავთ და აღწერილი აქვს ამერიკელ მწერალს ერნესტ ჰემინგუეის მოთხრობაში ”კილიმანაჯროს თოვლიანი მთა”. მეორეს თანახმად კი 1962 წელს ტურისტთა ჯგუფმა 5000 მ  სიმაღლეზე ხუთი ველური ძაღლი შენიშნა.

მთის ძირში მოსახლეობა მასაისა და ჩაგას  ტომები ოდითგან ცხოვრობენ. კილიმანჯაროზე  ასვლის მსურველები დღესაც მრავლად არიან. იგი ხომ ცალკე მდგომი ყველაზე მაღალი მწვერვალია დედამიწაზე და მასზე ასვლა სპეციალური  მომზადების გარეშეცაა შესაძლებელი. მათ ვინც, კილიმანჯაროზე ასვლას აპირებს, ურჩევენ რომ  ასვლამდე  ორი კვირის მანძილზე  ყოველდღიურად 5-10 კმ გზა ფეხით გაიარონ. ტურისტებს მთაზე ასასვლელად 5-7 დღე სჭირდებათ და თან მეგზურებიც უნდა იახლონ.  მარშუტისა და ასასვლელი დღეეების  რიცხვის მიხედვით ასეთი ექსკურსია 500-1000 დოლარი ღირს, რომელშიც არ შედის  ტანზანიაში გამგზავრებისა და მეგზურთა ხარჯები.  ტურისტებს შორის შედარებით ნაკლები პოპულარობით სარგებლობს უჰუროს პიკი (სუაჰილის ენიდან ”თავისუფლება”). ასე უწოდებენ დღეს ვილჰემ კაიზერის პიკს, რომელსაც 1961 წელს ტანზანიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ  შეეცვალა სახელი. 

კილიმანჯაროს მთა

სტატისტიკის მიხედვით  მწვერვალის ყველაზე ხანდაზმული დამლაშქრავი 87 წლის ყოფილა, ხოლო  ყველაზე ახალგაზრდა – 11-ის. თუმცა ახლა მთაზე ასვლა მხოლოდ 12 წლის ასაკიდან შეიძლება.  მწვერვალის დაპყრობის რეკორდი ბრაზილიელ მოცარტ კატაუს ეკუთვნის, რომელმაც მთაზე ასვლას 17 საათი და 30 წუთი მოანდომა, თანაც იმ მარშრუტით, რომელსაც ტურისტები ხუთ დღეში გადიან.