• ლინგვისტური გეოგრაფია

    ენათმეცნიერების დარგი, რომელიც იკვლევს ენობრივ მოვლენათა ტერიტორიულ განლაგებას. წარმოიშვა დიალექტთა შესწავლის პროცესში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე. შემდგომში მისი მეთოდები მეზობელ ენებშიც გამოიყენეს საერთო მოვლენათა შესასწავლად. ლინგვისტური გეოგრაფია იყენებს კარტოგრაფირების მეთოდს. რუკაზე აღინიშნება ამა თუ იმ ენობრივი მოვლენის გავრცელების არეალი. ხაზებს, რომლებიც აერთებს ერთი და იმავე თავისებურების გავრცელების პუნქტებს, იზოგლოსებს უწოდებენ. სხვადასხვა ენობრივი მოვლენის რუკებზე გადატანის შედეგად ვიღებთ ლინგვისტურ ატლასს.

  • ლანდშაფტმცოდნეობა

    ლანდშაფტმცოდნეობა

    ლანდშაფტების შემსწავლელი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალური დარგი. იკვლევს ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსთა ფორმირების, აგებულების, განლაგების, განვითარებისა და დინამიკის კანონზომიერებებს.  ლანდშაფტების ყველაზე მსხვილი საკლასიფიკაციო ერთეულია კლასი. მისი გამოყოფის კრიტერიუმი გეომორფოლოგიური ფაქტორია. აღნიშნული ფაქტორის მიხედვით იქმნება ლანდშაფტის 2 კლასი: მთისა და ვაკის ლანდშაფტები.

    შემდეგი საკლასიფიკაციო ერთეულია ტიპი. ლანდშაფტების ტიპების გამოყოფისას ითვალისწინებენ: რელიეფის ტიპს (მაგ.: დაბალმთიანი, საშუალომთიანი და მაღალმთიანი რელიეფი); კლიმატის ტიპს; გაბატონებულ მცენარეულობას და ნიადაგის თავისებურებებს; ლანდშაფტების ტიპი თავის მხრივ, იყოფა უფრო მცირე ერთეულებად; ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსები გარდაიქმნება ბუნებრივ-ანთროპოგენურ ტერიტორიულ კოპლექსად. გამოიყოფა: ბუნებრივ-აგრარული (სასოფლო-სამეურნეო), სელიტებური (სასოფლო დასახლებათა), ურნანიზირებული (საქალაქო დასახლებათა) და სხვა ტიპის ბუნებრივ-ანთროპოგენური ტერიტორიული კომპლექსები.

  • ლაკოლითი

    ლაკოლითი

    გუმბათისებური ამობურცულობა, რომელიც წარმოიშობა დედამიწის სიღრმიდან მიწის ქერქის ზედა ფენამდე ამოსული მაგმით. დედამიწის ზედაპირს რომ ვერ მიაღწია, მაგმამ ასწია დანალექი ქანების ზედაპირული წყებები და მათ შორის გაცივდა. დროთა განმავლობაში დანალექი საფარი შეიძლება გადაეცალოს და ლაკოლითი გაშიშვლდეს. ტერმინი ლაკოლითი მეცნიერებაში შემოიტანა ამერიკელმა გეოგრაფმა და გეოლოგმა გროვ კარლ ჯილბერტმა 1875 წელს, როდესაც იგი  ჰენრის მთებში დიორიტების შეჭრის პროცესის საკითხებს იკვლევდა. მცირე ზომის ლაკოლითებს მიკროლაკოლითებს უწოდებენ.

  • ლაგუნა

    ლაგუნა

    ზღვის წყალმარჩხი ყურე, რომელიც ზღვისგან გამოყოფილია ქვიშის ნარიყი ზვინულით ან მასთან შეერთებულია ვიწრო სრუტით. ლაგუნას უწოდებენ რგოლისებრი მარჯნის კუნძულების (ატოლების) შიდა წყალსატევსაც.