• ბერმუდის სამუკუთხედის საიდუმლო

    ბერმუდის სამუკუთხედის საიდუმლო

    ბერმუდის კუნძულები დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა ატლანტის ოკეანეში.  ბერმუდის კუნძულები ამერიკის შეერთებული შტატებიდან აღმოსავლეთით მდებარეობს: უახლოესი წერტილი კონტინენტიდან  1,030 კილომეტრის დაშორებითაა  და ეს   ჰარტერესის კონცხია (ჩრდილოეთ კაროლინის შტატი).

    ბერმუდის კუნძულების ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ჰამილტონი. კუნძულებზე განვითარებულია ეკონომიკა და ტურიზმი. მისი  ტერიტორია იყოფა ცხრა მუნიციპალიტეტად.

    ბერმუდი ყველაზე ძველი ტერიტორიაა, რომელიც დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დღემდე რჩება. 1612 წელს აქ  მთელს ამერიკის კონტინენტზე პირველი ინგლისკური  კოლონია შეიქმნა.

    ბერმუდის კუნძულების გერბი

    რაც შეეხება ბერმუდის სამკუთხედს (ინგლ. Bermuda Triangle) ეს რაიონია ატლანტის ოკეანეში, რომელიც აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს და სამკუთხედს წააგავს. ამ ადგილის წყლები ყოველთვის ამოუხსნელი ამოცანა იყო და უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ გემებსა და თვითმფრინავებს, ზოგჯერ წყალქვეშა ნავებს უკავშირდება. სწორედ ამიტომ ამ ადგილს „ატლანტიკის სასაფლაო“ უწოდებენ.

    ბერმუდის სამკუთხედში არის მრავალი პატარა კუნძული, რის შედეგადაც აქ კარგად განვითარებულია მცირე კაბოტაჟური ნაოსნობა, ხოლო კლიმატური პირობები ხელს უტყობს ტურისტული ბიზნესის აყვავებას.

    სამკუთხედი ცნობილი მხოლოდ 1840 წლიდან გახდა, როცა იქვე ახლოს ფრანგული გემი „როზალინი“ აღმოაჩინეს. გემზე ყველა აფრა ადგილზე და წესრიგში იყო, მაგრამ სამაგიეროდ არ იყო ეკიპაჟის არცერთი წევრი.

    ამ გაუჩინარებათა ასახსნელად, სხვადასხვა ჰიპოთეზები არსებობს დაწყებული უჩვეულო ამინდის მოვლენებიდან, უცხოპლანეტელთა მიერ ადამიანების მოტაცებებამდე დამთავრებული. თუმცა, ზოგი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ბერმუდის სამკუთხედში გემების გაუჩინარება იმაზე ხშირად არ ხდება, ვიდრე მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებში და ეს ბუნებრივი მიზეზებით აიხსნება. ამავე მოსაზრებას მხარს უჭერს აშშ-ის სანაპირო დაცვა და სადაზღვევო კომპანია Lloyd’s.
    აშშ-ის გეოგრაფიული სახელწოდებების საბჭოს თანახმად, ბერმუდის სამკუთხედი როგორც სახელწოდება არ არის აღიარებული და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მიხედვით, სამკუთხედი არ არსებობს. 2013 წელს ბუნების მსოფლიო ფონდმა მოახდინა 10 ყველაზე სახიფათო წყლის იდენტიფიცირება, რომელთა შორის ბერმუდის სამკუთხედი არ მოხვედრილა.

  • მავრიკია – ინდოეთის ოკეანის ვარსკვლავი და გასაღები

    მავრიკია – ინდოეთის ოკეანის ვარსკვლავი და გასაღები

    ინდოეთის ოკეანის ფირუზისფერ წყლებში ჩაძირულია მწვანე ხმელეთი, რომელსაც ირგვლივ თვალისმომჭრელი ყვითელი ფერის პლაჟის სარტყელი აკრავს. ეს პატარა ხმელეთი ვულკანური წარმოშობის კუნძული მავრიკიაა, რომელიც 1968 წელს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. იგი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 70 კმ-ზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთით – 50 კმ-ზეა გადაჭიმული. ფართობი კი სულ რაღაც 2 ათას კვ.კმ-ია. თუმცა მავრიკიის მახლობლად მდებარე მინიატურული ატოლები – როდრიგესი, აგალეგა და სხვები სახელმწიფოს ფართობს 200 კვ.კმ-ს მატებენ.

    კუნძულის ძირითადი ტრასა მაებურიდან დედაქალაქ პორტ-ლუიმდე მიდის. გზა ხან შვეულ კედლებიან კლდეებს შორის გადის, სადაც ჯერ კიდევაა შემორჩენილი შავი ხის ნაზარდი. რომელიც ოდესღაც მთელ კუნძულს ფარავდა, ხანაც შაქრის ჭარხლის პლანტაციების ზღვაში იკარგება. ბუჩქებზე ჩიტისტოლა პეპლები და თითქმის პეპლების ზომის ფრინველები დაფარფატებენ.

    1598 წელს ჰოლანდიელები პირველი ევროპელები იყვნენ კუნძულზე. გადმოცემით იმ დროს იქ უზარმაზარი, თითქმის 1 ფუთი წონის უფრთო ფრინველები დრონტები ბინადრობდნენ. ისინი დაუცველები და ძალიან მიმნდობნი ყოფილან, რამაც განაპირობა მათი სახელი დოდო (სულელი), სწორედ აქედან იღებს სათავეს ინგლისელების ცნობილი გამოთქმაც – ”მოკვდა, როგორც დოდო”. ახლა მუზეუმში მხოლოდ დრონტის ფიტულიღაა შემონახული.

    გადაშენებული ფრინველი დოდო

    ყველა დამპყრობი თავის სახელს არქმევდა კუნძულს. არაბი ხალიფები პირველები მოვიდნენ დაუსახლებელ კუნძულზე და მას ”დინა არობი” (არაბეთის კუნძული) უწოდეს. შემდეგ ჰოლანდიელები დამკვიდრდნენ და თავიანთი პრინცის სახელით მონათლეს კუნძული – მორიცა ნასაუ. ისინი ფრანგებმა შეცვალეს და სახელიც შეუცვალეს – ილ დე ფრანსედ (საფრანგეთის კუნძული) აქციეს. კუნძულს ინგლისელების ხელში გადასვლის შემდეგ მავრიკიად მოიხსენიებენ.

    ევროპაში გამოცემულ წიგნებში მავრიკია სხვადასხვანაირი ეპითეტითაა მოხსენებული:: ”აღმოსავლეთის გიბრალტარი”, ”მალტა ინდოეთის ოკეანეში” და სხვა. კუნძულის გერბზე კი დღეს შეგვიძლია წავიკითხოთ დევიზი: ”ინდოეთის ოკეანის ვარსკვლავი და გასაღები”.

    მავრიკია პოლიგლოტების კუნძულია. თითქმის ყველა აქაური მცხოვრები თავისუფლად საუბრობს ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, ბევრმა იცის ინდური, მაღაზიებში გაიგონებთ ჩინურსა და არაბულს, ხოლო ბაზრობებზე სუაჰილის ენას. თუ მოსაუბრე მავრიკიელებს ყურადღებით მოუსმენთ, აღმოაჩენთ, რომ მათი ენა აზიური, აფრიკული და ევროპული ენების კონგლომერატია. მრავალენიანობა გამოწვეულია მოსახლეობის ეროვნული სიჭრელით: არაბები, ფრანგები, ჰოლანდიელები, ინგლისელები, ჩინელები, ინდოელები და სხვა. მოსახლეობის 65 %-ს ე.წ. ინდო-მავრიკიელები შეადგენენ.

  • ირლანდია – მწვანე კუნძული

    ირლანდია – მწვანე კუნძული

    ირლანდიის კოლონიზაცია ინგლისის მიერ XII ს-ში დაიწყო და  ქვეყანა შვიდი საუკუნის განმავლობაში ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა. იგი პირველი ქვეყანაა ბრიტანეთის იმპერიაში, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1900 წლამდე დიდ ბრიტანეთს პოზიციები მყარად ეკავა, საუკუნის დასაწყისში კი ირლანდიელმა ხალხმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყო. ამ ბრძოლის შემდეგ სამხრეთ ირლანდიამ დომინიონის სტატუსი მიიღო, ხოლო ჩრდილოეთი ირლანდია   დიდ ბრიტანეთს შეუერთდა. 1949 წელს სამხრეთ ირლანდია დამოუკიდებელ  რესპუბლიკად გამოცხადდა.  

    ირლანდია მე-3 კუნძულია ევროპაში ფართობის მხრივ და მე-20 – მსოფლიოში. კუნძულს დასავლეთით აკრავს ატლანტის ოკეანე, ხოლო კუნძულ დიდი ბრიტანეთისგან ირლანდიის ზღვითა და წმინდა გიორგის სრუტითაა გამოყოფილი.

    გოლფსტრიმის თბილი დინების წყალობით კუნძულზე თითქმის არ იცის ზამთარი. მთელი წლის განმავლობაში მწვანედ ბიბინებს საძოვრები – ირლანდიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმდიდრე. ამიტომ ირლანდიას ”ზურმუხტის” კუნძული ჰქვია. მწვანე ფერი  ირლანდიის ეროვნული ფერია, ხოლო მწვანე სამყურა – ქვეყნის სიმბოლო.

    წმინდა პატრიკი ირლანდიის მფარველი წმინდანია და 17 მარტს აღინიშნება. ეს დღესასწაული თავიდან კათოლიკურ დღესასწაულად  ითვლებოდა, ხოლო XVII საუკუნიდან  ოფიციალურად დაწესდა სადღესასწაულო და ირლანდიის კულტურის საერო დღედ გამოცხადდა. ეს დღესასწაული ირლანდიის რესპუბლიკაში “უქმე დღედ” არის გამოცხადებული. ყოველ 17 მარტს იმართება წმინდა პატრიკისადმი მიძღვნილი ფესტივალი. ამ დღესასწაულს ასევე აღნიშნავენ   იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობს ირლანდიური  დიასპორა: ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, არგენტინაში, ავსტრალიაში, ახალ ზენლანდიაში და ა.შ.

    კუნძულის სამხრეთი თბილი დინების წყალობით, სუბტროპიკებს წააგავს. სანაპიროს გასწვრივ თავს იწონებენ პალმები, ქარისგან დაცულ ხეობებში იზრდება ბამბუკი, მზისკენ მიისწრაფვის მარწყვის ხის ტოტები, კლდეებზე და ციხე-სიმაგრეთა ნანგრევებში ყველგან წააწყდებით ღია ფერის ყვავილებით დამშვენებულ ფუქსიას.

    ირლანდიის ტურისტთა ბიურო მოყვარულებს “თითო ანკესზე თითო ტბას” პირდება. აქ მრავლადაა თევზით მდიდარი ტბები, რაც თევზაობის მოყვარულ ტურისტებს იზიდავს.

    ირლანდიაში დაჭაობებული ტერიტორიებს ქვეყნის ტერიტორიის 1/6 უკავიათ.

      ირლანდიის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს ცნობილი კუნძული არანი, სადაც ქვების მეტი თითქმის არაფერია. “მიწა არ არის, ის უნდა შექმნა” – ამბობენ აქაურები და ამიტომაც კუნძულელები კალათებით ეზიდებოდნენ ქვიშას, ლამს, წყალმცენარეებს და მცირე ფართობებზე შექმნეს ნიადაგი. დედამიწის ეს მწვანე “ნაკუწები” გარშემორტყმულია ნაცრისფერი ქვის კედლებით, რომელთა გარეშე გრიგალები და წვიმები ზღვაში ჩაიტანდნენ ადამიანის ნამოღვაწარს. აქ იმდენი ქვაა, რომ ამბობენ: ”ყოველ ახალშობილს მუშტში ქვა უკავიაო”. კუნძულ არანზე და კუნძულ კანემარაზე დღემდე შემორჩენილია ირლანდიური (გელური) ენა.

    კუნძული არანი ირლანდია

    ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში თავმოყრილია ირლანდიის მრეწველობის თითქმის ნახევარზე მეტი. აქ არის ლუდის იმპერიის ციტადელი, რომელიც თავისი პროდუქციით არა მარტო ირლანდიას, არამედ ათობით სხვა ქვეყანასაც ამარაგებს.

    დუბლინი ირლანდიის დედაქალაქი

    ირლანდია ამაყობს თავისი შვილებით: აქაურები იყვნენ დიდი დრამატურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი  ბერნარდ შოუ, მწერლები ოსკარ უაილდი და სემიუელ ბეკეტი, პოეტი და დრამატურგი ჯეიმზ ჯოისი, დრამატურგი შონ ოძკეისი და სხვები.

  • ახალი ზელანდია – გრძელი, თეთრი ღრუბლების ქვეყანა

    ახალი ზელანდია – გრძელი, თეთრი ღრუბლების ქვეყანა

    ახალი ზელანდია წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში,  ორ უდიდეს კუნძულზე მდებარეობს, რომელთაც ჩრდილო  და სამხრეთ კუნძული ჰქვიათ  და მათ კუკის სრუტე ჰყოფთ. მათ გარდა არის კიდევ რამდენიმე კუნძული. საერთო ფართობი დაახლოებით 269 ათასი კვ. კმ-ია.

    ახალი ზელანდია ადგილია, სადაც ქვეყნიერება მთავრდება. დედამიწაზე ვერ ნახავთ ისეთ ქვეყანას, რომელიც ისე შორს იყოს სხვა ქვეყნებისაგან, როგორც ახალი ზელანდიაა. თუ გგონიათ, რომ ავსტრალია იქვე ახლოსაა, ძალიან ცდებით: მათ შორის დაშორება 1200 მილია. სამხრეთ ამერიკიდან კი 22 ათასი მილის მანძილზე ოკეანის უსასრულო სივრცეა გადაშლილი. წარმოიდგინეთ, როგორ გაოცდებოდნენ 350 წლის წინათ ევროპელი მოგზაურები, როდესაც აღმოაჩინეს, რომ იგი დასახლებულია.

    საიდან მოვიდნენ ახალი ზელანდიის მკვიდრნი? ჯერჯერობით ამაზე გარკვეული პასუხი მეცნიერებს არ გაუციათ. ზოგიერთი მკვლევარი იმასაც კი ფიქრობს, რომ ახალი ზელანდია კაცობრიობის უძველესი სამშობლოა.

    ახალი ზელანდიის აბრიგენებს არ ჰქონდათ დამწერლობა, ამიტომ მათი წარმომავლობის შესახებ მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ლეგენდები არსებობს. გადმოცემის თანახმად, დღევანდელი მაორები ოკეანეთიდან – საზოგადოების არიქპელაგის ერთ-ერთ კუნძულ რაიატეადან მოსულან. იქ ცხოვრობდა ბელადი კუპე. იგი დააკვირდა, რომ გრძელბოლოიანი გუგული – კოხოპეროა ყოველ წელიწადს კუნძულზე სამხრეთ-დასავლეთიდან მოფრინავს, რამდენიმე თვის შემდეგ კი უკან ბრუნდება. მან გადაწყვიტა ეპოვა კუნძული, სადაც ბინადრობდა კოხოპეროა. იგი ორი კანოეთი გაემგზავრა, ერთს თვითონ მეთაურობდა, მეორეს კი ვინმე ნგაკე. ხანგრძლივი ცურვის შემდეგ მიაღწიეს მიწას, რომელსაც კუპემ აი-ტეაროა უწოდა, რაც `გრძელ, თეთრ ღრუბელს~ ნიშნავს. შორს, ოკეანის სივრცეში კუნძულის გამოჩენა კუპეს ცაზე `მოცურავე~ ღრუბელი ეგონა. სწორედ ეს იყო ახალი ზელანდია.

    მეორე ლეგენდის თანახმად, XII საუკუნეში, კუნძულ ტაიტიდან ბელადი ტოი შვილიშვილის საძებნად გაემგზავრა. მან მიაღწია ახალი ზელანდიის კუნძულებს და საცხოვრებლადაც იქ დარჩა. XIV საუკუნეში კუნძულს ტაიტის მცხოვრებთა დიდი ფლოტილია მიადგა. კუნძულის ძირითადი მოსახლეობა – მაორები – სწორედ მათი შთამომავლები არიან.

    მაორი - ახალი ზელანდია მკვიდრი მოსახლეობა

    ევროპელებზე უფრო მეტად მაორები განცვიფრდნენ, როდესაც კუნძულთან ახლოს 1642 წ. თავიანთ კანოებთან შედარებით უზარმაზარი ხომალდები დაინახეს. ესენი იყვნენ ჰოლანდიელი მეზღვაურები კაპიტან აბელ ტასმანის მეთაურობით. მან რუკაზე დაიტანა ახალი ზელანდიის სანაპიროები, მაგრამ არ გაუმხელია თავისი გეოგრაფიული აღმოჩენა. ამიტომ ახალი ზელანდიის ოფიციალური აღმოჩენა 1770 წ. ინგლისელ მეზღვაურს ჯეიმს კუკს ხვდა წილად. მაორები მტრულად შეხვდნენ მოსულებს და ჯ. კუკის მეზღვაურებთან შეტაკებისას რამდენიმე აბორიგენი დაიღუპა. ინგლისელები დარწმუნდნენ აბორიგენების მამაცობაში. მათ არც მუშკეტების და არც ზარბაზნების არ შეეშინდათ და წინააღმდეგობას უწევდნენ მეზღვაურებს. მიუხედავად ამისა, კუკმა კუნძულები ბრიტანეთის სამფლობელოდ გამოაცხადა. სისხლისმღვრელი ომები მაორებსა და ინგლისელებს შორის დიდხანს გრძელდებოდა და მხოლოდ 1840 წ. გამოცხადდა ახალი ზელანდია ოფიციალურად დიდი ბრიტანეთის კოლონიად. დღეისათვის მაორების რაოდენობა საკმაოდაა შემცირებული.

    ამჟამად, ”გრძელი, თეთრი ღრუბლების ქვეყანა~ განვითარებული სახელმწიფოა. განსაკუთრებით განვითარებულია სოფლის მეურნეობა, კერძოდ მეცხოველეობა. იგი დიდი რაოდენობით აწარმოებს მატყლს (მსოფლიოში მხოლოდ ავსტრალიას ჩამორჩება), თითქმის ყველას უსწრებს რძის პროდუქტებისა და ბანანების ექსპორტით.

  • მალტა

    მალტა

    მალტა – მსოფლიოს ერთ-ერთი პატარა სახელმწიფო – სამხრეთ ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში განლაგებულ არქიპელაგზე მდებარეობს, რომელიც სიცილიის სანაპიროდან 93 კმ-ით, ხოლო ტუნისის სანაპიროდან 288 კმ-ით არის დაშორებული. მანძილი გიბრალტარის სრუტემდე 1826 კმ-ია.

    კუნძული მალტა, რომლის სახელიც მთლიანად სახელმწიფოს დაერქვა, 6 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგის ყველაზე დიდ კუნძულს  წარმოადგენს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს კუნძულები იმ მთების ნაშთებია, რომელიც ევროპას აფრიკასთან აკავშირებდა. იმ დროს ხმელთაშუა ზღვის ადგილას გადაჭიმული ყოფილა მტკნარი ტბების ჯაჭვი. ექვსი კუნძულიდან სამი – მალტა, გოზო და კომინო დასახლებულია და მათი მთლიანი მოსახლეობა შეადგენს 369 ათას, რომლის 80% ცხოვრობს კუნძულ მალტაზე.

    მალტა ფინიკიელების ენაზე  ”თავშესაფარს” ნიშნავს, რაც  კუნძულის სანაპიროს გეოგრაფიული თავისებურებიდან გამომდინარეობს: აქ მრავლადაა მყუდრო და მოსახერხებელი ნავსადგური.  

    გეოგრაფიულმა მდებარეობამ – აფრიკის, ევროპის და აზიის გზაჯვარედინზე – მალტა სტრატეგიულ ობიექტად გადააქცია. საუკუნეების განმავლობაში იგი სხვადასხვა ქვეყნის გავლენის ქვეშ ექცეოდა: ჯერ ფინიკიელებმა და რომაელებმა, შემდეგ არაბებმა და ნორმანებმა დაიპყრეს. კუნძულის სტრატეგიული მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ ნაპოლეონმა მასზე თქვა: “მირჩევნია მტერი დავინახო მონ-მარტიდან, ოღონდ არა მალტაზე”. ფრანგებმა მალტა ვერ შეინარჩუნეს. XIX საუკუნეში იგი ინგლისელებმა ჩაიგდეს ხელში და კოლონიად აქციეს.

    1964 წლიდან მალტა დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 2003 წლის მაისში კუნძულებზე ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროკავშირში შესვლას. ქვეყანა 2004 წლიდან ევროკავშირის წევრია.

    ქვეყნის ტერიტორიის 2/3 თითქმის გამოუყენებელია მიწათმოქმედებისთვის: აქ არის შიშველი კლდეები და კირქვიანი პლატო. ნიადაგის ფენა იმდენად თხელია, რომ მის ეროზიისგან დასაცავად გლეხები ფერდობებს ხელოვნურად ატერასებენ.  ასეთ ადგილებში სასოფლო-სამეურნეო მანქანებს ვერ იყენებენ. მალტაში არის ნაყოფიერი ადგილებიც, სადაც მოსავალი წელიწადში 2-3-ჯერ მოყავთ. ამასთან, რბილი ხმელთაშუაზღვიური ჰავა აქაურ ფერმერებს ხელს უწყობს, მთელი წლის განმავლობაში მოიყვანონ ბოსტნეული: ყვავილოვანი კომბოსტო, ხახვი, ტკბილი წიწაკა, პომიდორი, კიტრი, რომლითაც ზამთარში ჩრდილო და დასავლეთ ევროპას ამარაგებენ. მალტაზე არის ფორთოხლის, ლიმონის, გრეიფრუტის, ჭერმის და ლეღვის ნარგავები, აგრეთვე ნუშისა და ზეთის ხილის პლანტაციები. მალტელებს უყვართ ყვავილები. კუნძული მდიდარია სამკურნალო მცენარეებითაც. მალტის მცირე მიწაზე ხორბალი, ქერი, ბამბა და თამბაქოც მოყავთ. მალტელები კარგი მეთევზეებიც არიან.

    სახელმწიფოს მნიშვნელოვან შემოსავალს აძლევს ტურიზმი. მათ იზიდავს ძველი დედაქალაქი მდინა თავისი ციხე-სიმაგრეების ნანგრევებით, შუა საუკუნეების არქიტექტურული ძეგლებით, ვიწრო ქუჩებით, რამდენიმე კილომეტრზე გადაჭიმული კატაკომბებით, რომელიც დიდი ხანი არაა რაც აღმოაჩინეს. ყურადღებას იპყრობს იოანე იერუსალიმელის ტაძარი, სადაც მძიმე ქვის ფილების ქვეშ ის მალტელი რაინდები განისვენებენ, რომლებიც XVIII საუკუნემდე ერთგულად ემსახურებოდნენ ევროპელ ფეოდალებს. საიდუმლოებით მოცული კოშკები, საოცარი ფორმის სასახლეები და ციხე-სიმაგრენი, შუა საუკუნის ძეგლები დღემდე იზიდავენ ტურისტებს.

    ვალეტა, მალტა

    მალტის არქიპელაგის კუნძულების ნებისმიერი წერტილიდან ზღვამდე ”ორი ნაბიჯია”. ზღვის სანაპირო მალტაზე ქვიშიანი (გოლდენ ბეი, პარადიზ ბეი) და ქვიანია. ზღვაში ცურვა განსაკუთრებით უსაფრთხო და სასიამოვნოა, რადგან მალტის კუნძულების მახლობლად არ ბინადრობენ ადამინის სიცოცხლისთვის საშიში თევზები და მედუზები, წყლის ტემპერატურა კი (ზამთრის თვეებშიც კი) 14 გრადუსის დაბლა არ ეცემა.”

    მალტის სიმბოლოდ ითვლება დელფინები. ადგილობრივი მინის მწარმოებელი ფაბრიკა “დინა-გლასსი” აწარმოებს ორიგინალურ სუვენირებსა და სამკაულებს, რომელთაც ნამდვილად შეუძლიათ გაუწიონ კონკურენცია ჩეხურ მინასაც კი. განსაკუთრებული სუვენირის სახით მალტიდან ჩამოაქვთ ადგილობრივი დელიკატესები: თხის რძისგან დამზადებული ყველი კუნძულ კოზოდან და უნიკალური საჩუქარი – ადგილობრივი წითელი ღვინო.

    მალტის დედაქალაქი ლა-ვალეტა 1566 წელს დაარსდა იოანე იერუსალიმელის მაგისტრის – ჟანა ლა ვალეტას მიერ. 

    ჩვენთვის, ქართველებისთვის ნამდვილად მაგალითია კ. მალტას მცხოვრებთა შრომისმოყვარეობა, რომლებმაც ეს კლდოვანი კუნძული ნაყოფიერ ადგილად გადააქციეს.

  • ნოსიბე – საოცრება ოკეანეში

    ნოსიბე – საოცრება ოკეანეში

    “ნოსიბე _ საოცრება ოკეანეში!” – ასე იუწყებიან მრავალფეროვანი რეკლამები მადაგასკარის რესპუბლიკის დედაქალაქ ანტანანარივუში. “ნოსიბე ჩვენი სიამაყეა, აქ აუცილებლად უნდა მოხვდეთ” – რჩევას გვაძლევენ რესპუბლიკის საინფორმაციო დეპარტამენტში.

    ტყუილად დაუწყებთ ძებნას აფრიკის რუკაზე და ენციკლოპედიაში ამ სახელს. ნოსიბე პაწაწინა კუნძულია, კუნძულ მადაგასკარის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან, რომელიც მოზამბიკის სრუტეში შესასვლელს “დარაჯობს”.

    ანტანანარივუს აეროპორტიდან ორი საათის შემდეგ აღმოჩნდებით ნოსიბეს ქალაქ ვოემარში. ქალაქი პატარაა, მაგრამ კუნძულის მცხოვრებთა მეოთხედი აქ ცხოვრობს. ვოემარი უფრო პარკია, ვიდრე ქალაქი, სადაც პალმების ჩრდილში სუფთა, კოხტა ბუნგალოები და მაღაზიებია ტურისტებისთვის შემალული. მაღაზიებში კი გასაოცარი სუვენირები იყიდება, მაგალითად გამხმარი პატარა ნიანგები.

    რატომ უწოდეს კუნძულს საოცრება ოკეანეში? ნუთუ მხოლოდ ზღაპრული სილამაზისა და არაჩვეულებრივი ქვიშიანი პლაჟების გამო? სინამდვილეში ნოსიბე – ეს “მინიატურული მადაგასკარია”. ის, რაც კუნძულ მადაგასკარზე უნდა ნახოთ მრავალდღიანი მოგზაურობისას, პაწია ნოსიბეზე რამდენიმე საათში იხილავთ.

    როგორც მადაგასკარზე, აქაც მთები მარადმწვანე ტროპიკული ტყით არის დაფარული, რომელშიც ბატონობს “მოგზაურთა პალმა” – რავენალა. გარეგნულად ხე გიგანტურ მარაოს ჰგავს, რომლის ოთხმეტრიან ფოთლებს შორის ჩაღრმავებაში გამაგრილებელი წვენი და წვიმის წყალი გროვდება, რომლითაც მგზავრს ყოველთვის შეუძლია წყურვილის მოკვლა. კუნძულზე არ არის არც მდინარე და არც ჭა, ამიტომ რავენალა წყალსაც იძლევა და საშენ მასალასაც. მისი ტყავისებური ფოთლებით ხურავენ ქოხებს, ამზადებენ ჭურჭელს, იყენებენ ჭილოფის მაგივრად.

    ტყე სავსეა ლემურებით. ადგილობრივი მოსახლეობის აზრით მომაკვდავი ადამიანის სული ლემურში გადადის, ამიტომ მათ უფრთხილდებიან, ისინი ძლიერ მომრავლდნენ და სულაც არ ეშინიათ ადამიანების.

  • კუნძული ელბა – ტოსკანის მარგალიტი

    კუნძული ელბა – ტოსკანის მარგალიტი

    ელბა ტოსკანის არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძულია და იტალიის დასავლეთ სანაპიროს მახლობლად მდებარეობს.

    კუნძულს საინტერესო ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე IX ს-ში კუნძულს ეტრუსკები დაეპატრონენ, ხოლო VI ს-ში კი – ბერძნები. სირაკუზელმა ბერძნებმა აქ ქალაქი არგოსი ააშენეს, კუნძულს კი ეტალიეს ეძახდნენ. ძველ ბერძნულ თქმულებაში არგონავტების შესახებ ნათქვამია, რომ კუნძულზე უშიშარმა მეზღვაურებმა თავიანთ გემი სახელწოდებით “არგო” ააგეს. ქალაქი არგოსი თანდათანობით დაიძირა და ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა. წინა საუკუნეში  მყვინთავებმა 40 მ სიღრმეზე მისი ნაშთები აღმოაჩინეს.

    ჩვენი წელთაღრიცხვის I ს-ში კუნძული ხელთ იგდეს რომაელებმა, რომლებმაც  ეტალიას მაგივრად მას ილვუ უწოდეს, ხოლო არგოსს – ფაბრიციუ.  რომაელი პოეტი ვირგილიუსი კუნძულს აღწერს, როგორც წყლითა და ძვირფასეულობით მდიდარ მიწას.

    განსაკუთრებით საინტერესოა კუნძულის შუა საუკუნეების ისტორია, როდესაც მას ხან ვანდალები, გოტები, ფრანკები, ხანაც არაბები იპყრობდნენ. ელბა XIII საუკუნეში გენუას ეკუთვნოდა, შემდეგ კი ესპანელებს, ფლორენციელებს, ნეაპოლელებს. მხოლოდ 1802 წელს შეუერთდა იგი საფრანგეთს. 1814 წ. ინგლისურმა ფრეგატამ კუნძულზე საფრანგეთის ყოფილი იმპერატორი ნაპოლეონი გადმოსვა.

    კუნძულის გაცნობისთანავე დაუღალავმა ნაპოლეონმა მშენებლობა წამოიწყო. მინიატურულ დედაქალაქ პორტოფერაინოში რეზიდენცია და ორი სახლი ააშენა: ერთი ზღვის პირას, მეორე კი 600 მ სიმაღლეზე, დედაქალაქთან ახლოს. აქედან იგი კარგად ხედავდა თავის სამშობლო კორსიკას. კუნძულზე მისი ბრძანებით გაიყვანეს გზები, შეაკეთეს თეატრი და რკინიგზის პროექტიც კი შექმნეს.

    ახლა რომ კითხოთ კუნძულელებს –  თუ რითი ცხოვრობს მათი კუნძული? – ბევრი გიპასუხებთ:  “რკინის მადნითა და მოგონებებით ნაპოლეონზე!” მართლაც, კუნძულის თანამედროვე ეკონომიკა ამ ორი ფაქტორით განისაზღვრება. ნაპოლეონის კულტი არა მარტო “სულიერ საზრდოს”, არამედ კომერციის წყაროდ იქცა აქაურებისთვის.

    პორტოფერაინოს მაღაზიები სავსეა სუვენირებით, რომელიც ბონაპარტესთან არის დაკავშირებული: ნაპოლეონი მარმარილოში, ბრინჯაოში, თაბაშირში; იგი  გამოსახულია სურათებზე, ლარნაკებზე, ფაიფურის სხვადასხვა ჭურჭელზე, ავტოკალმებზე და სხვა. როგორც დედაქალაქში, ისე სხვა ქალაქებშიც, მრავლადაა სახლებზე მიმაგრებული დაფები, რომლებიც გვაუწყებენ: “აქ ეძინა, ან იყო, ან რაღაც მიირთვა იმპერატორმა” და ა.შ. აქვეა მუზეუმიც, რომელიც ნაპოლეონის ერთ-ერთი სახლის გვერდითაა აშენებული.

    მხოლოდ ნაპოლეონზე მოგონებები როდი იზიდავს აქ ტურისტებს. არაჩვეულებრივად ლამაზია კუნძულის ბუნება. რბილი ხმელთაშუა ზღვის ჰავა სასიამოვნოს ხდის დასვენებას წელიწადის ყველა დროს. იტალიელები სამართლიანად უწოდებენ მას “ტოსკანის მარგალიტს”, ამიტომაც აქ ყოველთვის ხალხმრავლობაა: თბომავალ “ეტალიას” დღეში რამდენჯერმე ათასობით ტურისტი გადაყავს და გადმოყავს.

  • მადეირა – გაკაფული ტყის კუნძულები

    მადეირა – გაკაფული ტყის კუნძულები

    ატლანტის ოკეანეში  მდებარე მადეირას ვულკანური წარმოშობის კუნძულების სახელი, ხშირ ტყეს უკავშირდება, რომელიც აქ ოდესღაც მთელ ტერიტორიას ფარავდა. მადეირა – პორტუგალიურ ენაზე ტყეს ნიშნავს. ახლა  კი აქა-იქაა შემორჩენილი წაბლის და დაფნის კორომები, კლდეებზე იზრდება მაქვისის ეკლიანი ბუჩქნარი უხეში, მარადმწვანე ფოთლებითა და ზოგჯერ უფოთლოდაც. დანარჩენი ტყე კი განადგურებულია.

    მადეირა 1418 – 1420 წლებში იქნა აღმოჩენილი პორტუგალიელი მეზღვაურების მიერ. არქიპელაგის აღმომჩენის ინიციატორად  ჰენრიხ ზღვაოსანი ითვლება. მოგვიანებით ბრიტანეთის იმპერიამ მოახდინა ამ კუნძულების ოკუპირება, ნაპოლეონის ომების პერიოდში  (1814 წელს) კი ეს ტერიტორია ისევ პორტუგალიას დაუბრუნდა. ხუთნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც აქაურობას პორტუგალიელები დაეპატრონენ, რომლებიც ადგილობრივ მავრებსა და აფრიკის ხალხების წარმომადგენლებს შეერივნენ.

    კუნძულის ადმინისტრაციული ცენტრი და ამვე დროს ყველაზე დიდი ქალაქი ფუნშალაა.  

    მადეირას კუნძულები-ფუნშალა

    კუნძულებს სახელი გაუთქვა ღვინომ, რომლის წარმოება აქ  ძალიან კარგადაა განვითარებული. მადეირაზე  წელიწადში რამდენიმე მილიონ ბოთლს აწარმოებენ. ვაზი აქ XIV-XV საუკუნეებში კუნძულ კრეტადან და კვიპროსიდან შემოუტანიათ. პირველად ღვინოს, რომელიც აქ დააყენეს, “მადერიზაცია” ეწოდა, მოგვიანებით კი მადეირა.  მაღალი ტემპერატურის პირობებში ღვინოს მუხის კასრებში ინახავენ, რაც მას განსაკუთრებულ გემოს აძლევს.

    გარდა ღვინისა  კუნძული განთქმულია თავისი ყვავილებითაც. ყოველ ახალ წელს აქ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეიერვერკის შოუ იმართება.  მადეირა თავისი ზღვის სანაპიროთი და თბილი, მთის მშრალი ჰავით ფილტვებით დაავადებულთათვის საუკეთესო კურორტად ითვლება.  კუნძულს  უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო  დანიშნულებაც აქვს: აქედან ხორციელედება კავშირი კარიბის აუზის ქვეყნებთან და ევროპასთან.

  • მარკიზის კუნძულები – პოლინეზიის ჭიშკარი

    მარკიზის კუნძულები – პოლინეზიის ჭიშკარი

    პოლინეზიის კუნძულებიდან, რომლებიც ესპანელებმა აღმოაჩინეს, პირველი  ვულკანური წარმოშობის მარკიზის კუნძულების ჯგუფი იყო. 1595 წელს, ექსპედიციამ, რომელსაც ალვარო დე მენდანია დე ნეირა მეთაურობდა, კუნძულებს პერუს მაშინდელი ვიცე-მეფის სახელი ”ლას ისლას მარკეზას დე დონ გარსია ხურტადო დე მენდოსა დე კანიენტე~ ანუ შემოკლებით – მარკიზის კუნძულები უწოდა. ულამაზესი ბუნება, სუფთა წყალი, მრავალფეროვანი მცენარეულობა, სტუმართმოყვარე მოსახლეობა – ყოველივე ამან მარკიზის კუნძულები ”ამქვეყნიურ სამოთხედ” გადააქცია.

    სამწუხაროდ, კუნძულების მიწა უხვად არის მორწყული კუნძულელთა სისხლით. მხოლოდ ორი კვირა დაყვეს ესპანელებმა კუნძულებზე და ორასი უდანაშაულოდ მოკლული ადგილობრივი მაცხოვრებელი და საშინელი ავადმყოფობა დატოვეს. ეს კი მხოლოდ უბედურების დასაწყისი იყო. ევროპელების მოსვლამდე კუნძულელებმა არ იცოდნენ რა იყო გრიპი და წითელა. ”ცივილიზაციის სიკეთემ” ავადმყოფობის გარდა სპირტიანი სასმელებიც მოიტანა, რაც მანამდე ასევე უცხო იყო მათთვის. ამას ცეცხლსასროლი იარაღიც დაემატა. მართალია, აქაურები ხშირად ჩხუბობდნენ ერთმანეთში, მაგრამ მალევე რიგდებოდნენ. ცეცხლსასროლმა იარაღმა კი გააუარესა მდგომაროება. ყოველივე ამას  კი კუნძულის მკვიდრი მცხოვრებლების შემცირება მოყვა.

    ამჟამად მარკიზის კუნძულები  საფრანგეთის პოლინეზიაშია  და  წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში საფრანგეთის ზღვის იქითა ტერიტორიას  წარმოადგენს.  მარკიზის კუნძულები  ანუ  ”ამქვეყნიურ სამოთხე” – ყველასგან მივიწყებული, მიტოვებული და მომაკვდავი გახდა.  ოდესღაც მჭიდროდ დასახლებული ხეობები, მოვლილი ბაღები ჯუნგლებად გადაიქცა. ხანდახან კუნძულებთან მდიდარ ტურისტთა იახტები ჩერდება, რომლებსაც ძველი კულტურის ნაშთები აინტერესებთ: სპეციფიკური ქვები, ჩუქურთმებით დამშვენებული იარაღი, ხისგან და ქვისგან დამზადებული კერპები ე.წ. ტიკი. მარკიზელები სიამოვნებით ყიდიან ტურისტებზე ამ ნივთებს.

    მარკიზელებმა თავისებური კულტურა შექმნეს. მაგალითად, ტატუირებაში ისინი ”მსოფლიო ჩემპიონები” იყვნენ.  ტატუ პოლინეზიური სიტყვაა , ისევე როგორც  სიტყვა ”ტაბუც”, რომლებიც მსოფლიოს თითქმის ყველა ენაში დამკვიდრდა. ადამიანის სხეული მათთვის ტილოს წარმოადგენდა, რომელზედაც სხვადასხვანაირ სურათებს და ორნამენტებს ასრულებდნენ.    

    მარკიზელები აწყობდნენ სპორტულ შეჯიბრებებს ისრის ტყორცნასა და ცურვაში. თამაშები ხდებოდა სტადიონის მსგავს სპეციალურ მოედანზე, რომელთა ნანგრევები დღესაც შემორჩენილია. კუნძულებზე აგრეთვე შემორჩენილია ქვისგან დამზადებული ქანდაკებები.

    საყურადღებოა, რომ მარკიზის ერთ-ერთ კუნძულზე, კერძოდ კი  ტაიტზე ცხოვრობდა  და აქვე გარდაიცვალა ფრანგი მხატვარი გოგენი. მან მრავალი ტილო  შექმნა კუნძულელების თემატიკაზე.

  • გალაპაგოსი- მოჯადოებული კუნძულები

    გალაპაგოსი- მოჯადოებული კუნძულები

    ეს სიტყვები გალაპაგოსის კუნძულებს (ესპანურიდან “გალაპაგო” – “კუ”-ს ნიშნავს) ეხება. არქიპელაგი ათი დიდი და მრავალი პატარა კუნძულისგან შედგება და წყნარი ოკეანის ეკვატორულ წყლებში მდებარეობს. კუნძულები ეკვადორის ნაპირებიდან 1000 კმ-ითაა დაშორებული. 1535 წელს, გალაპაგოსის კუნძულები  პანამის ეპისკოპოსმა ტომას დე ბერლანგამ აღმოაჩინა. კუნძულებმა სახელწოდება სწორედ ამ წელს მიიღო, რაც აქ მობინადრე გიგანტური კუების “დამსახურებაა”. გალაპაგოსის კუნძულები რუკაზე პირველად 1570 წელს გამოჩნდა, როცა ისინი მერკატორმა თავის რუკაზე  მონიშნა. XVI ს-ში ესპანელებმა კვლავ გააგზავნეს ექსპედიცია კუნძულებზე, მაგრამ მათ ვეღარ მიაგნეს. XVII ს-ის ბოლომდე ევროპელებისთვის გალაპაგოსის კუნძულები  “დაიკარგა”  და ამიტომ მას “ლას-ისლას ენკანტადო” უწოდეს, რაც “მოჯადოებულ კუნძულებს” ნიშნავს.

    XIX ს-ის დასაწყისში გალაპაგოსი ბრიტანელმა ვეშაპებზე მონადირეებმა თავიანთ ბაზად გამოაცხადეს. 1832  წ. კუნძულები ეკვადორის შემადგენლობაში შევიდა.

    არაერთი ექსპედიცია ეწვია გალაპაგოსს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს 1835 წლის ევროპელი მეცნიერების ექსპედიცია, რომელთა რიგებშიც შედიოდა ახალგაზრდა ბრიტანელი ბიოლოგი ჩარლზ დარვინი. აქ გატარებული დროის განმავლობაში, დაკვირვებებზე დაყრდნობით, მოგვიანებით მან გამოაქვეყნა თავისი გახმაურებული ნაშრომი “სახეობათა წარმოშობა”. სწორედ ჩარლზ დარვინის ნაშრომების შედეგად გახდა ეს კუნძულები საქვეყნოდ ცნობილი.

    გალაპაგოსის კუნძულები  ხუთი დიდი კუნძულისა (ფერნანდინა, ისაბელა, სან-კრისტობალი, სანტა-კრუზი, სანტიაგო) და 14 საშუალო კუნძულისაგან შედგება, ასევე არქიპელაგის შემადგენლობასია 42 ჯუჯა კუნძულისგან, რომელთა საერთო ფართობია 8000 კვ. კმ-ია

    კუნძულები ვულკანური წარმოშობისაა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მეტად ვულკანურად აქტიურ რეგიონს წარმოადგენს.

    გალაპაგოსის კუნძულები

    უკანასკნელი ამოფრქვევა კუნძულ ისაბელაზე 2005 წელს დაფიქსირდა.

    კუნძულებთან ერთმანეთს ორი მძლავრი ოკეანური დინების – პერუს ცივი და სამხრეთ პასატური თბილი ნაკადი ხვდება, რაც განაპირობებს კუნძულების ბუნების მრავალფეროვნებას. გალაპაგოსი ოკეანოგრაფების, ნატურალისტებისა და იხტიოლოგებისთვი მეცნიერული დაკვირვების ობიექტს წარმოადგენს.

    ტროპიკების ლიანები და პოლარული ხავსები, ჯუნგლების ღია ფერის ბუმბულიანი ფრინველები, ანტარქტიკული თოლიები, თუთიყუშები და პინგვინები, სიცივის მოყვარული სელაპები და სითბოს მოყვარული გიგანტური კუები – ასეთია გალაპაგოსის კონსტრასტები.

    გალაპაგოსის კუნძულები

    მიუხედავად ბუნების ასეთი სიჭრელისა, კუნძულებს სახელი გაუთქვა უზარმაზარმა ხვლიკმა იგუანამ, რომელიც ზღაპრულ დრაკონს ჩამოჰგავს. იგი დედამიწაზე ერთადერთ ცოცხალი არსებაა, რომელსაც საკუთარი გულისცემის გაჩერება შეუძლია ნახევარი წუთის განმავლობაში. მისი `ახლონათესავები~ შემორჩენილია ინდონეზიის ერთ-ერთ კუნძულ კომოდოზე, `წინაპრები~ კი ათი მილიონი წლის წინათ გადაშენდნენ.

    გალაპაგოსის კუნძულები მთელს მსოფლიოში ტურისტებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს. აქ არსებულ ფლორას და ფაუნას სხვაგან ვერსად შეხვდებით, სწორედ ეს ფაქტორი იზიდავს ტურისტებს ასე ძალიან.

    მცენარეთა და ცხოველთა უამრავი სახეობა კუნძულისათვის ენდემურია. ალბათ გასაკვირიც არაა, რომ ეკვადორის მთავრობამ, გალაპაგოსი ეროვნულ პარკად გამოაცხადა. არსებობს ასეთი გამოთქმა, რომ “გალაპაგოსის კუნძულებზე დრო გაჩერებულია”.  ტურისტულ ტურებში მთავრობის მიერ დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, ერთ ტურში არ შეიძლება შედიოდეს ოცზე მეტი ადამიანი. ასევე, გალაპაგოსის კუების გამრავლების პერიოდში, ტურისტების შესვლა კუნძულებზე საერთოდ აკრძალულია.

    კუნძულებზე მოქმედებს ორი საშუალო ზომის აეროპორტი. ტურისტებს შორის ძალზე პოპულარულია კუნძულებს შორის გემით ან იახტით გადაადგილება. ზოგიერთ კუნძულთან, არსებობს წყალქვეშა პარკები, სადაც შესაძლებელია წყალქვეშა ფლორისა და ფაუნის დათვალიერება. აღსანიშნავია, რომ უამრავ მცირე პარკსა თუ ტურისტულ ობიექტს, ჰქვია ჩარლზ დარვინის სახელი.

    ყველაზე მთავარი, რაც ტურისტებმა უნდა გაითვალისწინონ  ისაა რომ კუნძულების მოსანახულებლად ყველაზე საუკეთესო პერიოდი, ე.წ. ”ცხელი სეზონი”  იანვრიდან აპრილამდეა, როდესაც იქ ზაფხულია.  სწორედ ამ დროს ღირს აქ მოგზაურობა,  რათა მთელი სრულყოფილებით შეიგრძნოთ გალაპაგოსის სილამაზე.

    გალაპაგოსზე საინტერესო აღმოჩენები გააკეთეს არქეოლოგებმა. ტურ ჰეიერდალის ექსპედიციამ გალაპაგოსზე ორი ათასამდე ნაკეთობა აღმოაჩინა, რომელიც  ქვისგანაა დამზადებული, იპოვეს წყლის ჭურჭელი, დეკორატიული ლარნაკები, ორნამენტებით შემკული ჭურჭელი და სხვ.

    სინტერესოა, რა დაემართა ადგილობრივ მოსახლეობას? მკვლევარების აზრით, ხშირმა ვულკანურმა ამოფრქვევებმა, რომელიც აქ ასეული წლების წინათ მიმდინარეობდა, მოსახლეობა აიძულა არქიპელაგი დაეტოვებინა.