გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

კუნძული ელბა

კუნძული ელბა – ტოსკანის მარგალიტი

ელბა ტოსკანის არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძულია და იტალიის დასავლეთ სანაპიროს მახლობლად მდებარეობს.

კუნძულს საინტერესო ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე IX ს-ში კუნძულს ეტრუსკები დაეპატრონენ, ხოლო VI ს-ში კი – ბერძნები. სირაკუზელმა ბერძნებმა აქ ქალაქი არგოსი ააშენეს, კუნძულს კი ეტალიეს ეძახდნენ. ძველ ბერძნულ თქმულებაში არგონავტების შესახებ ნათქვამია, რომ კუნძულზე უშიშარმა მეზღვაურებმა თავიანთ გემი სახელწოდებით “არგო” ააგეს. ქალაქი არგოსი თანდათანობით დაიძირა და ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა. წინა საუკუნეში  მყვინთავებმა 40 მ სიღრმეზე მისი ნაშთები აღმოაჩინეს.

ჩვენი წელთაღრიცხვის I ს-ში კუნძული ხელთ იგდეს რომაელებმა, რომლებმაც  ეტალიას მაგივრად მას ილვუ უწოდეს, ხოლო არგოსს – ფაბრიციუ.  რომაელი პოეტი ვირგილიუსი კუნძულს აღწერს, როგორც წყლითა და ძვირფასეულობით მდიდარ მიწას.

განსაკუთრებით საინტერესოა კუნძულის შუა საუკუნეების ისტორია, როდესაც მას ხან ვანდალები, გოტები, ფრანკები, ხანაც არაბები იპყრობდნენ. ელბა XIII საუკუნეში გენუას ეკუთვნოდა, შემდეგ კი ესპანელებს, ფლორენციელებს, ნეაპოლელებს. მხოლოდ 1802 წელს შეუერთდა იგი საფრანგეთს. 1814 წ. ინგლისურმა ფრეგატამ კუნძულზე საფრანგეთის ყოფილი იმპერატორი ნაპოლეონი გადმოსვა.

კუნძულის გაცნობისთანავე დაუღალავმა ნაპოლეონმა მშენებლობა წამოიწყო. მინიატურულ დედაქალაქ პორტოფერაინოში რეზიდენცია და ორი სახლი ააშენა: ერთი ზღვის პირას, მეორე კი 600 მ სიმაღლეზე, დედაქალაქთან ახლოს. აქედან იგი კარგად ხედავდა თავის სამშობლო კორსიკას. კუნძულზე მისი ბრძანებით გაიყვანეს გზები, შეაკეთეს თეატრი და რკინიგზის პროექტიც კი შექმნეს.

ახლა რომ კითხოთ კუნძულელებს –  თუ რითი ცხოვრობს მათი კუნძული? – ბევრი გიპასუხებთ:  “რკინის მადნითა და მოგონებებით ნაპოლეონზე!” მართლაც, კუნძულის თანამედროვე ეკონომიკა ამ ორი ფაქტორით განისაზღვრება. ნაპოლეონის კულტი არა მარტო “სულიერ საზრდოს”, არამედ კომერციის წყაროდ იქცა აქაურებისთვის.

პორტოფერაინოს მაღაზიები სავსეა სუვენირებით, რომელიც ბონაპარტესთან არის დაკავშირებული: ნაპოლეონი მარმარილოში, ბრინჯაოში, თაბაშირში; იგი  გამოსახულია სურათებზე, ლარნაკებზე, ფაიფურის სხვადასხვა ჭურჭელზე, ავტოკალმებზე და სხვა. როგორც დედაქალაქში, ისე სხვა ქალაქებშიც, მრავლადაა სახლებზე მიმაგრებული დაფები, რომლებიც გვაუწყებენ: “აქ ეძინა, ან იყო, ან რაღაც მიირთვა იმპერატორმა” და ა.შ. აქვეა მუზეუმიც, რომელიც ნაპოლეონის ერთ-ერთი სახლის გვერდითაა აშენებული.

მხოლოდ ნაპოლეონზე მოგონებები როდი იზიდავს აქ ტურისტებს. არაჩვეულებრივად ლამაზია კუნძულის ბუნება. რბილი ხმელთაშუა ზღვის ჰავა სასიამოვნოს ხდის დასვენებას წელიწადის ყველა დროს. იტალიელები სამართლიანად უწოდებენ მას “ტოსკანის მარგალიტს”, ამიტომაც აქ ყოველთვის ხალხმრავლობაა: თბომავალ “ეტალიას” დღეში რამდენჯერმე ათასობით ტურისტი გადაყავს და გადმოყავს.