• საქართველო  და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობა

    საქართველო  და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობა

    საქართველოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 42 ობიექტს აქვს მინიჭებული. ესენია:

    ქართული პოლიფონია;

    ქვევრი;

    ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი; „დედაენა“ (ქართული საანბანე სახელმძღვანელოსშედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი);

    ცეკვა ფერხული;

    ბერიკაობა;

    კახური მრავალჟამიერი;

    ქალაქური მრავალჟამიერი;

    საბავშვო ლიტერატურული ჟურნალის ტრადიცია -ჟურნალი “დილა”; ცეკვა “ხორუმი”;

    მესხური ყველი “ტენილი“ -ის დამზადების ტექნოლოგია;

    “თეატრალური უნივერსიტეტის ყოველწლიური, სტუდენტად კურთხევის ტრადიცია – გრიმის ცხების ცერემონიალი“;

    ქართული პერიოდიკის უწყვეტი ტრადიცია – ლიტერატურული ჟურნალი “ცისკარი“;

    “ლაღიძის წყლების ტექნოლოგია და კულტურა“;

    „ქართული ჭიდაობა“;

    უძველესი ფშაური საკვები პროდუქტი – ,,დამბალხაჭო” (დამბალი ხაჭო) დამზადების ტექნოლოგია და კულტურა;

    “ქართული ანბანის სამი უძველესი სახეობის ცოცხალი კულტურა”; სვანური ხალხური საკრავის “ჭუნირი” დამზადების ტრადიციული მეთოდი;

    სვანური ქუდის დამზადების ტექნოლოგია;

    სვანური სამზარეულო – ფეტვიანი ხაჭაპურის, კუბდარის, სვანური მარილისა  და თაშმჯაბის დამზადების ტრადიციული მეთოდი; „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიცია;

    „ქართული პერიოდიკის უწყვეტი ტრადიცია – ლიტერატურული ჟურნალი დილა“;

    „ზემო სვანეთში სამკურნალო – მინერალური, მჟავე წყლების: მუგვირი, არცხეელი, კახრლდ, ლეგაბ, სეტის, კვედილაშის და შდეგის მოხმარების ტრადიცია“;

    „სვანური ხალხური საკრავი „ჩანგის“ დამზადების ტრადიციული მეთოდი“;

    „ხეზე კვეთის ტრადიცია – ორნამენტი სვანურ ტრადიციულ საცხოვრისსა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთებში“; 

    კახური ჩურჩხელის დამზადების ტექნოლოგია;

    კახური ქუდის დამზადების ტრადიციული მეთოდი;

    კახური პურის (დედას პური) დამზადების ტექნოლოგია;

    მეთუნეობის უძველესი ტრადიცია ვარდისუბანში;

    “ზარით დაკრძალვის სვანური რიტუალი”;

    ბაზიერობა (დამჭერი მტაცებელი მფრინველით ანუ ბაზით ნადირობა); ქართული პერიოდიკის უწყვეტი ტრადიცია- ლიტერატურული ჟურნალი “განთიადი”;

    “ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურა (ქართული სუფრა)”;

    ლურჯი სუფრის დამზადების ტრადიციული ტექნოლოგია და კულტურა;

    ქართული ხალხური სამედიცინო ცოდნა და მისი გამოყენების ტრადიციები;

    “ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობების ტრადიცია”;

    “ცხავატური მეთუნეობა”;

    ქართული აბრეშუმი,;

    “ქსნური ულამი – უსასყიდლო შრომითი ურთიერთდახმარების ტრადიცია”;

    ჩამოთვლილთაგან ექვსს   – ქვევრს, ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს, „დედაენას“ (ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი), “ქართული ანბანის სამი უძველესი სახეობის ცოცხალ კულტურას”, “ქართულ ჭიდაობას”, “ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობების ტრადიციას” – ეროვნული კატეგორია აქვს განსაზღვრული.

  • საქართველოს ტყეები

    საქართველოს ტყეები

    საქართველოში ტყით დაფარული ფართობი 2,69 მლნ. ჰა აღწევს, რაც ტერიტორიის 38,5% შეადგენს. მერქნის საერთო მარაგია 397,4 მლნ. მ³. საქართველოს ტყეები 300-ზე მეტი მერქნიანი სახეობისაგან შედგება. სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით საქართველოს ტყეები შემდეგნაირად ნაწილდება: წიწვოვან ტყეებს უკავია 0,41 მლნ. ჰა (202%), მათ შორის სოჭნარს — 190,7 ათ. ჰა, ნაძვნარს — 128,6 ათ-ჰა, ფიჭვნარს — 91,6 ათ. ჰა. ფოთლოვან ტყეებს უკავია 1,57 მლნ. ჰა (79,8%). მათ შორის მაგარმერქნიანებიდან წიფლნარს — 1,03 მლნ. ჰა, მუხნარს — 214,7 ათ. ჰა, რცხილნარს — 149,2 ათ. ჰა. დანარჩენი 155,9 ათ. ჰა ფართობი რბილმერქნიანი ჯიშის ტყეებზე (მურყნარი, არყნარი, ვერხვნარი და სხვა) მოდის.

    საქართველო  მთაგორიანი ქვეყანაა, ამიტომ აქ ტყეები თითქმის მთლიანად (97,7%) მთის ფერდობებზეა წარმოდგენილი.  აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს კლიმატის  განსხვავებამ განაპირობა მათი მცენარეული საფარის სხვადასხვაგვარობა, რაც ვერტიკალური სარტყლურობის სტრუქტურაშიც ვლინდება. მაგ; დასავლეთ საქართველოში საერთოდ არ არის სემიარიდული და არიდული მცენარეულობის უტყეო სარტყელი; ტყეებით დაფარულია ვაკეები და მთისწინეთის ფერდობები ზღვის ნაპირიდანვე. აღმოსავლეთ საქართველოსთან შედარებით აქ  ნაკლებადაა გამოხატული სუბნივალური მცენარეულობის ლანდშაფტები.

    მთის ქვედა სარტყელში (500-იდან  – 900-1000 მ-მდე) წაბლისა და მუხის ტყეებია. წაბლნარი გვხვდება როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ტენიან რაიონებში (კახეთი).  დასავლეთ საქართველოს კირიან ნიადაგებზე და აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ რაიონებში (ქართლი, გარეკახეთი) წაბლნარის ნაცვლად მუხნარი, მუხნარ-რცხილნარი და რცხილნარია გავრცელებული. ქვეტყეში იზრდება ზღმარტლი, კუნელი, თხილი, შინდი, თრიმლი და სხვა.

    მთის შუა სარტყელში (900—1000-იდან 1500—1600 მ-მდე) ნაირხნოვანი, მაღალი  წიფლნარია, როგორც წმინდა, ისე შერეული რცხილასთან, მინდვრის ნეკერჩხალთან, ბოყვთან, ცაცხვთან, ნაძვთან და სხვა. საქართველოში წიფლის ტყის სარტყელი არ არის მხოლოდ მეხეთ-ჯავახეთში. მის ადგილს აქ იკავებს სოჭთან შერეული ნაძვნარი, ნაძვნარ-ფიჭვნარი და წმინდა ფიჭვნარი.

     მთის ზედა სარტყელი წარმოდგენილია მუქწიწვოვანი ტყეებით. დასავლეთ საქართველოში იგი  1400 მ-იდან იწყება და ხშირად  ტყის გავრცელების ზედა საზღვარს აღწევს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში  1500-დან 2100 მ-მდე ვრცელდება. ამ ტყეების შემქმნელი მცენარეებია აღმოსავლური ნაძვი და კავკასიური სოჭი, რომლებიც ნაირხნოვან, მაღალპროდუქტიულ, წმინდა, უფრო ხშირად კი შერეულ კორომებს ქმნიან. მათ ხშირად ერევა წიფელი, თელა, ცაცხვი და სხვა. ამ სარტყელში გავრცელებულია აგრეთვე ფიჭვი (სამხრეთი ექსპოზიციის, დიდი დაქანების ფერდობებზე). ფიჭვნარის დიდი მასივები განლაგებულია მთათუშეთში, აგრეთვე მესხეთში და თრიალეთის ქედზე. იმ რაიონებში, სადაც ნაძვნარ-სოჭნარი არ არის (გარე- და შიდა კახეთი) მის მაგივრად დაბალი წარმადობის წიფლნარია გავრცელებული.

    მთის ზედა ზოლი (ზღვის დონე 1900-2100-დან 2400 მ-მდე)  სუბალპურ ტყეებს  – სუბალპური ტანბრეციელებსა და სუბალპურ მეჩხერებს უკავია. ტანბრეციელები, რომლებიც თითქმის ყველა რაიონშია გავრცელებული, უმთავრესად არყნარით და წიფლნარითაა წარმოდგენილი. სუბალპური მეჩხერი  ტყე უფრო დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოსთვის და შქმნილია მაღალმთის ნეკერჩხლით, მაღალმთის მუხით, ჭნავით.  მას  პარკულ ტყეებსაც უწოდებენ.

    ამრიგად, დასავლეთ საქართველოში მხოლოდ 4 ძირითადი სარტყელია:  ტყის (ზღვის დონიდან 1900 მ-მდე), სუბალპური (1900- 2500 მ), ალპური (2500-3100 მ) და ნივალური (3100-ზე მეტი). აღმოსავლეთ საქართველოში  შედარებით უფრო მეტი  – 6 ძირითადი სარტყელია: ნახევრადუდაბნოების, მშრალი ველებისა და არიდული მეჩხერი (ნათელი) ტყეების (150-600 მ), ტყის (600-1900 მ), სუბალპური (1900-2500 მ), ალპური (2500-3000 მ), სუბნივალური (3000-3500 მ) და ნივალური (3500 მ-ზე მეტი).

  • საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი

    საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი

    საქართველოს ერვნული (თბილისის) ბოტნიკური ბაღი ერთ-ერთ უძველესია მსოფლიოში. მისი ისტორია XVII საუკუნის I ნახევრიდან (1636 წ.) იწყება. ბაღის წინამორბედი იყო სოლოლაკის სამხრეთით, მდინარე წავკისისწყლის ხეობის ქვემო ნაწილში (ლეღვთახევში) გაშენებული დეკორატიული და სამკურნალო მცენარეების ”სამეფო ბაღი”. მას ”ციხის ბაღს”, იგივე ”სეიდაბადის’ ბაღს, ან ”ცოდნის წყაროსაც” უწოდებდნენ. ადრე ეს მცირე ფართობი დასასვენებელ პარკს წარმოადგენდა. მოგვიანებით კი 3 პატარა ბაღი გაშენდა: სამკურნალო მცენარეებით, ბოსტნეულითა და ხეხილით. ბოტანიკური ბაღის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის ფრანგი მოგზაური ჟ. შარდენი. ცნობილია, რომ განსაკუთრებული რუდუნებით ამ ბაღებს ქართლ-კახეთის უკანასკნელი დედოფალი მარიამი (გიორგი მე-12-ის მეუღლე) უვლიდა. მისი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი სამკურნალო მცენარეები ყოფილა. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ ბაღი სახელმწიფო საკუთრება გახდა, შემდეგ კი სააფთიაქო ბაღებად გამოცხადდა. 1845 წლის 1 მაისიდან კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ ვორონცოვის განკარგულებით ბაღები გაერთიანდა და მას ოფიციალურად ეწოდა თბილისის ბოტანიკური ბაღი.

    თბილისის ბოტანიკური ბაღი 128 ჰექტარ ტერიტორიაზეა გადაჭიმული. ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების (ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან, ჩრდილო ამერიკიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, ჰიმალაის მთებიდან, ციმბირიდან) ფლორის 3500-მდე ნაირსახეობა. მათ შორისაა საქართველოს ენდემური, იშვიათი სახეობები, რაც თბილისის ბოტანიკურ ბაღს უნიკალურს ხდის: მოღვინისფრო პიონი ”მაიკო”, იბერიული ირისი, ჩინური ხიმონანტუსი, ჯუჯა ფიჭვები, ცხრატყავა, უთხოვერი. მცენარეების ასეთი მრავალფეროვნება განპირობებულია ბაღის სხვადასხვა რელიეფური და მიკროკლიმატური პირობებით. აქვე გვხვდება ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებიც: მელია, ტურა, ზღარბი, ციყვი, კუ, გველი და ა. შ.

    https://www.nbgg.ge/

  • შავი ზღვა

    შავი ზღვა

    საქართველოსა და ქართველებისთვის შავი ზღვა, შეიძლება ითქვას, მსოფლიო ოკეანის გასაღებია და ამავე დროს – რესურსთა მნიშვნელოვანი ბაზა, რეკრეაციული ზონა და საგარეო კავშირურთიერთობების მთავარი არტერია.

    შავი ზღვა ოდითგანვე იყო ცნობილი იმ ხალხებისთვის, რომლებიც აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში სახლობდნენ. მამაცი და გამოცდილი ფინიკიელი მოგზაურები შავ ზღვაზეც დაცურავდნენ, მაგარმ, სამწუხაროდ, ამ ნაოსნობის შესახებ წერილობითი დოკუმენტები არ არსებობს. ბერძენი პოეტის ჰომეროსის ეპოქაში (ძვ. წ. მე-7 საუკუნე) შავი ზღვა ნახევრად ჩაკეტილ ზღვად მიიჩნეოდა, თუმცა მას კავშირი ჰქონდა ხმელთაშუა ზღვასთან და ბერძენი მოგზაურები ხშირად დაცურავდნენ აქ. როგორც ჩანს, მათი პირველი შთაბეჭდილებებები არცთუ სასიამოვნო იყო, ამიტომ შავ ზღვას ჯერ პონტოს აქსინოსს (არასტუმართმოყვარეს), მერე კი პონტოს ევქსინოსს (სტუმართმოყვარეს) უწოდებდნენ. ყარადენიზი – შავი ზღვა – მას მე-15 საუკუნეში თურქებმა დაარქვეს.

    წინათ აზოვის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე სახლობდნენ ინდური წარმოშობის ტომები – მეოტები და სინდები, რომლებიც შავ ზღვას „თემარუნს“ უწოდებდნენ – მათ ენაზე ეს „შავ ზღვას“ ნიშნავს. ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ძველი სახელისგან წარმოიშვა თანამედროვე, რომელიც მე-15 საუკუნიდან საყოველთაოდ დამკვიდრდა. სხვა ვერსიის თანახმად, შუა საუკუნეების თურქულ ენაში ფერები გეოგრაფიულ მიმართულებაზე მიუთითებდა. „შავი“ აღნიშნავდა ჩრდილოეთს.

    შავი ზღვის სახელის წარმოშობის კიდევ რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთი ვერსიით, შავი ზღვის წყალი ყოველთვის ლურჯი არ არის. ზამთარში, როდესაც ცივი ქარები ქრის, ზღვის ზედაპირი მუქდება და უზარმაზარი ტყვიისფერი ტალღები გრუხუნით ეხეთქება სანაპიროს. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას შავს. არსებობს მეორე მოსაზრებაც – რომ სახელწოდება ნისლისა და ღრუბლების ფერისგან მომდინარეობს. შავ ზღვაზე ხშირად ჩამოწვება ხოლმე შავი ღრუბლები და ნისლს შტორმი მოჰყვება. ამ დროს ზღვაც მუქდება და გარემოსაც შავი ფერი ედება. კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, შავ ზღვას იმიტომ უწოდეს შავი, რომ ის უფრო მუქია, ვიდრე მარმარილოს ზღვა.

    შავი ზღვა ატლანტის ოკეანის აუზს მიეკუთვნება, თუმცა მასთან უშუალო კავშირი არ აქვს. ოკეანეს ის 2600 კმ-ითაა დაშორებული, ხოლო მათი დამაკავშირებელი გზის სიგრძე 3400 კმ-ია. ეს გზა გიბრალტარის სრუტიდან იწყება, გაივლის ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვებზე, დარდანელის სრუტეზე, მარმარილოს ზღვასა და ბოსფორის სრუტეზე. ქერჩის სრუტით შავი ზღვა აზოვის ზღვას უკავშირდება.

    შავი ზღვის ფართობი 420 325 კვ. კმ-ია, აზოვის ზღვასთან ერთად – 460000 კვ. კმ. იგი ჩ.გ. 41-ე და 46-ე გრადუსებსს შორის მდებარეობს. მისი მაქსიმალური სიგრძეა 1150 კმ, მაქსიმალური სიგანე – 580 კმ, მაქსიმალური სიღრმე – 2211 კმ, სანაპირო ხაზის სიგრძე – 3400 კმ, საიდანაც საქართველოს სანაპიროს წილად 310 კმ მოდის. მდინარე ფსოუს შესართავიდან ქ. ოჩამჩირემდე სანაპირო მიმართულია სამხრეთ-აღმოსავლეთით, ოჩამჩირიდან ქობულეთამდე – სამხრეთით, ქობულეთიდან სახელმწიფო საზღვრამდე – სამხრეთ-დასავლეთით. სანაპირო ხაზი არ არის დანაწევრებული, თითქმის სწორხაზოვანია, მხოლოდ ბიჭვინთის, სოხუმისა და კოდორის კონცხები იჭრება რამდენადმე ზღვაში და წარმოქმნის ზღვისაკენ ფართოდ გაშლილ უბეებს.

    სანაპირო ზოლი ნაპირის ხასიათის მიხედვით 3 მონაკვეთად იყოფა. მდინარე ფსოუს შესართავიდან სოხუმამდე ნაპირი ფლატიანი, მთიანი, ბორცვიანი და მეწყერიანია. არის დაბალი კონცხებიც. სოხუმიდან ქობულეთამდე ნარიყია, დაბალი და დანაოჭებული, ქობულეთსა და სახელმწიფო საზღვარს შორის ნაპირი ალაგ-ალაგ ფლატიანია, მაგრამ მეტწილად ნარიყი და დაბალი.

    შავი ზღვა რთული მოხაზულობით არ გამოირჩევა, ამიტომ იგი მოხერხებულია ნაოსნობისთვის. ზღვა წაგრძელებული ფორმის ღრმა ქვაბულს წარმოადგენს საკმაოდ ბრტყელი ფსკერითა და ფერდობებით და ძალიან სუსტად გამოხატული კონტინენტური მეჩეჩით. საქართველოს სანაპიროსთან კონტინენტური მეჩეჩი განსაზღვრულია საშუალოდ 200-მეტრიანი იზობათით, ძალიან ვიწროა (მეტწილად – 2-4 მილი), ალაგ-ალაგ (ბათუმის კონცხთან, ქობულეთთან) თითქმის მთლიანად ქრება, მხოლოდ გუდაუთასა და ოჩამჩირესთან ფართოვდება მნიშვნელოვნად (10-15 მილამდე). კონტინენტური ფერდობი (რომელიც 200 მ სიღრმეზე იწყება) უფრო დამრეცი ხდება 1000-1500 მეტრზე.

    შავი ზღვის განვითარების ისტორია ხანგრძლივი და რთულია. მცირე აზიაში მიმდინარე ტექტონიკურმა (დედამიწის ქერქის მოძრაობასა და დეფორმაციასთან დაკავშირებულმა) პროცესებმა მარმარილოს, აზოვის, არალის, შავი და კასპიის ზღვები ოკეანისგან გამოყო. შემდგომ პერიოდში შავი ზღვა გამტკნარებული ზღვა-ტბების ნაწილს წარმოადგენდა. ის თანდათან მცირდებოდა, ხოლო მისი მარილიანობა იზრდებოდა. 8 მილიონი წლის წინ მის ფარგლებში წარმოიქმნა პონტოს ზღვა, რომელიც მოიცავდა შავ და კასპიის ზღვებს (იმ დროისთვის კავკასიონისა და ყირიმის მთები კუნძულები იყო). შავი და კასპიის ზღვები ერთმანეთს 1 მილიონი წლის წინ დაშორდა. კასპიის ზღვა მტკნარი დარჩა, ხოლო შავი რამდენჯერმე შეუერთდა და დაშორდა ხმელთაშუა ზღვას. ისინი საბოლოოდ 8 ათასი წლის წინ შეერთდა და სწორედ მაშინ წარმოიქმნა ბოსფორის სრუტე.

    შავი ზღვა მსოფლიოს სხვა ზღვებისგან მნიშვნელოვნად გამოირჩევა. ხმელთაშუა ზღვიდან მარილიანი წყლის შემოჭრამ მრავალი ცოცხალი ორგანიზმის დაღუპვა გამოიწვია. სწორედ მათი ნარჩენების გახრწნის შედეგად წარმოიქმნა შავ ზღვაში გოგირდწყალბადის პირველდაწყებითი მარაგი. გოგირდწყალბადი საუკუნეების განმავლობაში გროვდება ზღვის ქვაბულში. ზღვის წყალში ჟანგბადის დიდი ნაკლებობაა, რის შედეგადაც ზღვის ზედა და ქვედა შრეებს შორის წყლის მოძრაობა ყველაზე ნაკლებად ხდება. ქვედა შრეებში ჟანგბადის არარსებობა ზღვის ამ ნაწილს გამოუყენებელს, აუთვისებელს და არააქტიურს ხდის. მის ფსკერზე გვხვდება საუკუნეების წინ ჩაძირული გემების ნარჩენები. გემებზე არსებული ნივთები დღემდეა შემონახული და ეს ქვედა შრეებში განსხვავებული ტემპერატურისა და ჟანგბადის არარსებობის შედეგია. შავი ზღვის მნიშვნელოვანი მახასიათებელი ზღვის თანაბარი დონეა. ზღვას არ აქვს დიდი და მცირე მიმოქცევები. ზედაპირი უმეტესად მშვიდი და წყნარია. შავი ზღვა თავისი პატარა კუნძულებითაც გამოირჩევა. მის ტერიტორიაზე რამდენიმე ულამაზესი კუნძულია, სადაც განსაკუთრებული ფლორა და ფაუნაა. ტურისტებისა და დამსვენებლებისათვის ეს ყველაზე საყვარელი ადგილებია და ხშირად სტუმრობენ.

    შავი ზღვა უდიდეს გავლენას ახდენს საქართველოს ჰავის ფორმირებაზე, განსაკუთრებით – ნალექების განაწილებასა და მიმდებარე ტერიტორიების ჰაერის ტემპერატურაზე. ბრიზები შავი ზღვის სანაპიროდან 100-120 კმ-ის დაშორებითაც კი ქრის. შავი ზღვა თითქმის არ იყინება. გამონაკლსს წარმოადგენს მისი უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთი ნაწილები, რომლებიც რამდენიმე წელიწადში ერთხელ ყინულის თხელი ფენით იფარება. ზღვაში საბანო სეზონი მაისიდან იწყება და ნოემბრის დასაწყისამდე გრძელდება. 200 მ-ის ქვემოთ წყლის ტემპერატურა მუდმივია და +9 გრადუსის ტოლია.

    მეტად მრავალფეროვანია შავი ზღვის ორგანული სამყარო. შავი ზღვისთვის დამახასიათებელია ხმელთაშუა ზღვის, მტკნარი წყლისა და რელიქტური ფორმების ერთობლივი არსებობა. შავ ზღვაში ცოცხალი ორგანიზმების 3774 სახეობა ბინადრობს, რომელთა უმეტესობა უხერხემლო და წყალმცენარეა. აქ გვხვდება, როგორც მუდმივად მცხოვრები, ასევე სრუტეებიდან შემოსული თევზებიც. სარეწაო მნიშვნელობის თევზებია სვია, ქაშაყი, ქაფშია, კაპარჭინა, კობრი, კეფალი, სტავრიდა, თინუსი და სხვ. ზღვაში გუნდებად ცხოვრობენ დელფინები. დიდი ხანი არ არის, რაც შავ ზღვაში გაჩნდა რაპანა და მედუზისმაგვარი პელაგიური ცხოველი – სავარცხელა. მათ შავი ზღვის დაუპატიჟებელ სტუმრებსაც უწოდებენ. ისინი მეტად საშიში და დიდი ზიანის მომტანი არსებები არიან.

    შავი ზღვის აუზის ქვეყნებია: თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, საქართველო, რუსეთი და უკრაინა. შავი ზღვა უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო არტერიაა. მისი საშუალებით საქართველო მსოფლიოს საზღვაო ქვეყნებს, ცენტრალურ ევროპასა (მდ. დუნაით) და რუსეთს (ვოლგა-დონით) უკავშირდება. შავი ზღვის ნავსადგურებიდან აღსანიშნავია ფოთი, ბათუმი, კონსტანცა, ბურგასი, სამსუნი, ერეგლი, ოდესა, ნოვოროსიისკი და სხვ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის სანაპირო წყლების რეკრეაციული მიზნით გამოყენება. ზღვის სანაპირო ზოლში მსოფლიოში ცნობილი არაერთი კურორტია.

  • საქართველოს ტყის რესურსები

    საქართველოს ტყის რესურსები

    ტყე საქართველოს ტერიტორიის 40 %-ს ფარავს; საქართველოს ტყეების 98% მთის ტყეებს წარმოადგენს, განლაგებულია მაღალი დაქანების ფერდობებზე და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს (ნიადაგდაცვითი, წყალდაცვითი, კლიმატმარეგულირებელი და სხვა).

    დასავლეთ საქართველოში ტყეები იწყება ზღვის დონიდანვე და ფარავს დაბლობებსა და მთისწინა კალთებს ზღვის დონიდან 500 მ. სიმაღლემდე. დაბლობ ჭაობიან ადგილებში გვხვდება მურყნარი. შემაღლებული ადგილები და მთისწინები დაფარულია კოლხური ტიპის ტყეებით. აღმოსავლეთ საქართველოს მშრალი რაიონების დაბლობებსა და მთისწინა კალთებზე (შირაქი, ელდარი, მცხეთის მიდამოები და სხვა), ზღვის დონიდან 400-დან 600 მ-მდე გავრცელებულია არიდული, ანუ ნათელი ტყეები.

    მთის ქვედა სარტყელში (500-დან 900-1000 მ-მდე) წაბლისა და მუხის ტყეებია, წაბლნარი გვხვდება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ტენიან რაიონებში (კახეთი). დასავლეთ საქართველოს კირიან ნიადაგებზე და აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ რაიონებში (ქართლი, გარე-კახეთი) წაბლნარის ნაცვლად მუხნარი, მუხნარ-რცხილნარი და რცხილნარია გავრცელებული. საქართველოში წიფლის ტყის სარტყელი არ არის მხოლოდ მესხეთ-ჯავახეთში, აქ მის ადგილს იკავებს სოჭთან შერეული ნაძვნარი, ნაძვნარ-ფიჭვნარი და წმინდა ფიჭვნარი.

    მთის ზედა სარტყელი წარმოდგენილია მუქწიწვოვანი ტყეებით. დასავლეთ საქართველოში იგი იწყება 1400 მ-დან და ხშირად ტყის გავრცელების ზედა საზღვარს აღწევს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 1500 მ.-დან 2100 მ.-მდე ვრცელდება. ამ ტყეების შემქმნელი მცენარეებია აღმოსავლური ნაძვი და კავკასიური სოჭი. ამ სარტყელში გავრცელებულია აგრეთვე ფიჭვი (სამხრეთ ექსპოზიციის, დიდი დაქანების ფერდობებზე). ფიჭვნარის დიდი მასივები განლაგებულია მთა-თუშეთში, მესხეთსა და თრიალეთის ქედზე. იმ რაიონებში, სადაც ნაძვნარ-სოჭნარი არ არის (გარე და შიდა კახეთი), მის მაგივრად წიფლნარია გავრცელებული.

    მთის ზედა ზოლი (ზღვის დონიდან 1900-2100-დან 2400 მ.-მდე) უკავია სუბალპურ ტყეებს – სუბალპურ ტანბრეცილებსა და სუბალპურ მეჩხერებს. ტანბრეცილები, რომლებიც ყველა რაიონშია გავრცელებული, უმთავრესად წარმოდგენილია არყნარითა და წიფლნარით. სუბალპური მეჩხერი უფრო დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოსათვის და შექმნილია მაღალმთის ნეკერჩხლით, მაღალმთის მუხითა და ჭნავით. მას პარკულ ტყესაც უწოდებენ.

    საქართველოს ტყის რესურსები

    საქართველოში გავრცელებული 400-მდე მერქნიანი სახეობიდან 61 საქართველოს, ხოლო 43 კავკასიის ენდემია. ჩვენს ქვეყანაში ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ხორციელდება ტყის ფონდის ერთდროული აღრიცხვა. 1959 წელს პირველად ბორჯომის, ახალციხისა და აბასთუმნის ტყეები აღრიცხვა ჩატარდა. ბორჯომის ტყეების სტატისტიკური აღწერა სატყეო მეურნეობის წარმოების საფუძვლების დამუშავების პირველი ცდაა კავკასიის მთიანი ტყეებისათვის. საქართველოში ტყეების მოწყობის ერთ-ერთ ფორმას ტყე-პარკების ორგანიზება წარმოადგენს.

    საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია ხელუხლებელი ტყეები. ჩვენს ქვეყანაში ტყეების ხელოვნურად გაშენებამ ორგანიზებული ხასიათი მე-19 საუკუნის დასაწყისში მიიღო. დაახლოებით 200 000 ჰექტარი მიწის მასივები იქნა რეკონსტრუირებული და გაშენებული. საქართველოს ტყეები ბუნებრივი უნიკალურობისა და ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით შედის ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ოცდათორმეტ „ცხელ წერტილში”.