• აშშ-ს ელექტორალური გეოგრაფია

    აშშ-ს ელექტორალური გეოგრაფია

    იოანე მახარაძე

    ზოგადად, ელექტორალური გეოგრაფია, როგორც მეცნიერება მე-20 საუკუნეში დაიბადა და განსაკუთრებული პოპულარობა ისეთ ქვეყნებში მოიპოვა, რომლებშიც არჩევნები კონკურენტულ გარემოში ტარდება. აღნიშნული მეცნიერება გეოგრაფიის მიმართულების, საზოგადოებრივი გეოგრაფიის ერთ-ერთი ქვედარგია. იგი სწავლობს არჩევნების შედეგების ლოგიკურ გამომდინარეობას ქალაქის, რეგიონისა თუ ეკონომიკური რაიონის დემოგრაფიული სტრუქტურიდან. აშშ-ში მეცნიერების განსაკუთრებულ პოპულარობას ქვეყნის საარჩევნო სისტემაც განაპირობებს.

      როგორ ირჩევენ პრეზიდენტს ამერიკის შეერთებულ შტატებში:

      აშშ-ში პრეზიდენტს არ ირჩევენ პირდაპირი წესით, რაც ნიშნავს, რომ ის, ვინც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას ავტომატურად არ ხდება ამერიკის პრეზიდენტი. იმისთვის, რომ შტატების მოსახლეობათა უფლებები თანაბარი ყოფილიყო და პრეზიდენტის არჩევა დიდი ქალაქის მოსახლეობაც არ გადაეწყვიტა, დამფუძნებელმა მამებმა შექმნეს საარჩევნო კოლეგია. დღეს ამ კოლეგიაში 538 წევრია, თითოეული შტატი წარმოდგენილია იმდენი დელეგატით, რაც მათი დეპუტატების ჯამის სენატსა და წარმომადგენლობით პალატაში. ამას ემატება კოლუმბიის ოლქის 3 მანდატი, რომელიც შტატი არ არის, თუმცა საპრეზიდენტო კოლეგიაში თავისი წარმომადგენლობა ჰყავს. მოსახლეობის შესაბამისად, ყველაზე დიდი წარმომადგენლობა კალიფორნიას ჰყავს, 54 მანდატი, ხოლო ყველაზე მცირე 3 მანდატიანი შტატებია. დაწყებული ვერმონტით, დასრულებული ჩრდილოეთ დაკოტით. ამ სიაში შედის ალასკა, სამხრეთ დაკოტა, ვაიომინგი, კოლუმბიის ოლქი და დელავერი.

    დღეს ამერიკის საარჩევნო რუკას ასეთი სახე აქვს. ქვეყნის ცენტრალურ შტატებში, რომელთა მოსახლეობაც ძირითადად კონსერვატორია და ამ შტატებში არ არის არცერთი უდიდესი ქალაქი წითელია, ანუ მხარს უჭერს რესპუბლიკელებს. წითელ შტატებს „წითელ კედელსაც“ უწოდებენ. ლურჯი შტატები კი დემოკრატების მხარდამჭერი შტატებია, რომლებიც ძირითადად მრავალმოსახლიანი და მჭიდროდ დასახლებულნი არიან. ამ შტატებშია ამერიკის სამი უდიდესი ქალაქიდან სამივე- ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი და ჩიკაგო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არც მხოლოდ წითელი შტატები და არც მხოლოდ ლურჯი შტატები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კანდიდატმა 270 ხმა აიღოს, ანუ 538/2+1, რაც საჭიროა პრეზიდენტობისთვის. შესაბამისად, ყველა კანდიდატს სჭირდება გამარჯვება თეთრ, ანუ მერყევ შტატებში, რომლებიც ჩვეულბრივ წყვეტენ ხოლმე იმას, თუ ვინ გახდება ამერიის პრეზიდენტი. დღეს ეს შტატებია: უისკონსინი, მიჩიგანი, პენსილვანია, არიზონა და ჯორჯია.

    თუმცა, ყოველთვის ასე არ იყო. ყველას, ვისაც გეოგრაფიის ეს დარგი აინტერესებს ახსოვს 2000 წლის არჩევნები, როცა ფლორიდის ხმათა დათვლის პროცესმა სასამართლოში გადაინაცვლა და სწორედ უზენაესმა სასამართლომ გამოაცხადა ჯორჯ ვოლქერ ბუში ამერიკის პრეზიდენტად. მაშინ ფლორიდა უდიდესი მერყევი შტატი იყო, თუმცა დღეს ის რესპუბლიკური შტატია. წლების განმავლობაში, ფლორიდაში ხდებოდა კუბიდან მიგრანტების კონცენტრაციის გაზრდა. ისინი ფლორიდის სრუტის გავლით მაიამიში და ნეაპოლში სახლდებოდნენ (იგულისხმება ფლორიდის ქალაქი ნეაპოლი). ისინი ჩვეულებრივ კონსერვატორები არიან და ამან ფლორიდა მერყევი შტატიდან რესპუბლიკურ შტატად გადააქცია. ყურადღება უნდა გავამახვილოთ შტატ არიზონაზე, რომელსაც ყოველთვის ჭეშმარიტ წითელ შტატად ვიცნობდით, დღეს ის „ცისფერი შტატია“- რაც ნიშნავს, რომ ხდება სულ უფრო და უფრო დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი. არიზონას შტატის სამხრეთ საზღვარი მექსიკის რესპუბლიკისა და ამერიკის საზღვარს ემთხვევა და მათ საზღვარზე არსებულ უდაბნოთა სისტემაზე გადის. ლათინური ამერიკიდან წამოსული მიგრანტთა ნაკადი, რომელიც ჩვეულებრივ ამერიკის შეერთებულ შტატებში რიო გრანდეს ან ჩიჰუაჰუას უდაბნოს გავლით შედის, არიზონაში სალხდება. ლათინო ამერიკელებში კი დემოკრატიულ პარტიას განსაკუთრებით დიდი მხარდაჭერა აქვს. იცვლება დემოგრაფია და იცვლება საარჩევნო რუკაც, თუ ადრე არჩევნების ბედი ფლორიდაში, ვირჯინიასა და ოჰაიოში წყდებოდა, ახლა ყველამ წინასწარ იცის ამ შტატებში გამარჯვებულის ვინაობა და მზერას არიზონას, ჯორჯიასა და დიდი ტბების სისტემის შტატებს მივაპყრობთ ხოლმე.

    აფრო-ამერიკელი მოსახლეობის გავლენა ამერიკის საარჩევნო რუკაზე

    პირველ რუკაზე ჩვენ ვხედავთ იმ ქაუნებს (ქაუნები შტატების შიდა ადმინისტრაციულ რაიონებს წარმოადგენენ), რომლებშიც აფრო ამერიკელთა დიდი კონცენტრაციაა, ხოლო მეორე რუკაზე არჩევნების შედეგების ქაუნების მიხედვით, თუ დავაკვირდებით, შევნიშნავთ მარტივ კანონზომიერებას, რომ აფრო-ამერიკელები ხმას დემოკრატებს აძლევენ, სწორედ აფრო-ამერიკელების დიდმა აქტიურობამ განაპირობა, 2008 წელს ბარაკ ობამას შთამბეჭდავი გამარჯვება, ხოლო 2020 წელს ჯო ბაიდენის მიერ ჯორჯიის შტატის მოგება, რომელიც ყველას წარმოუდგენელ მოვლენად ეჩვენებოდა. 2016 წელს კი აფრო-ამერიკულმა მოსახლეობამ დემოკრატ ჰილარი კლინტონს ზურგი აქცია, რამაც მისი ჯორჯიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში მარცხი განაპირობა.

    დებატები საარჩევნო სისტემის ირგვლივ

    ამერიკის შეერთებული შტატების საარჩენო სისტემა ნამდვილად არ არის იდეალური და კრიტიკა, რომელიც მის მიმართ ისმის, ბევრისთვის სამართლიანია. მეტიც, ამერიკელების 60%-ზე მეტი მხარს უჭერს მის გაუქმებას. თუმცა, დღეს მისი გაუქმება არ არის პოლიტიკური ნება, რადგან ამას რესპუბლიკური პარტიის აბსოლუტური უმეტესობა ეწინააღმდეგება. თუ ამერიკის შეერთებული შტატები გადავა ჩვეულებრივ საარჩევნო სისტემაზე და პრეზიდენტს ხმის მიცემის პირდაპირი წესით აირჩევს, მაშინ ძალიან ნაკლებსავარაუდოა, რომ ამ მოცემულობაში, რესპუვლიკელები გამარჯვებას შეძლებენ. 2000 წელს, ალ გორმა დაამარცხა ჯორჯ ბუში დაახლოებით 550 000 ხმით, თუმცა პრეზიდენტი მაინც ბუში გახდა საარჩევნო კოლეგიის ელექტორალური გადახრის გამო. 2016 წელს კი ჰილარი კლინტონმა 3 000 000 ხმით დაამარცხა დონალდ ტრამპი, თუმცა პრეზიდენტი ვერ გახდა. დემოკრატების უპირატესობას ხმათა რაოდენობის მხრივ განაპირობებს დიდი ქალაქები. დემოკრატების იგებენ ამერიკის ყველა დიდ ქალაქში და იღებენ ხმების 70-80%-ზე მეტს. რესპუბლიკელებს არ ძალუძთ ამ უპირატესობის გადაწონა პატარა აგრარული თუ სუბურბანული ქაუნებით. მაგალითად, ვიხილოთ ამერიკის 10 უდიდესი ქალაქის სია და შედეგები 2020 ამ ქალაქებში.

    1. ნიუ იორკი, ნიუ-იორკი –  ჯო ბაიდენი- 85%
    2. ლოს ანჯელესი, კალიფორნია – ჯო ბაიდენი 71%
    3. ჩიკაგო, ილინოი – ჯო ბაიდენი- 74%
    4. ჰიუსტონი, ტექსასი –  ჯო ბაიდენი- 58%
    5. ფენიქსი, არიზონა – ჯო ბაიდენი- 51%
    6. ფილადელფია, პენსილვანია – ჯო ბაიდენი- 82%
    7. სან-ანტონიო, ტექსასი – ჯო ბაიდენი59%
    8. სან-დიეგო, კალიფორნია – ჯო ბაიდენი – 60%
    9. დალასი, ტექსასი – ჯო ბაიდენი- 66%
    10. სან-ხოსე, კალიფორნია – ჯო ბაიდენი- 74%

    ამ სურათზე დაკვირვების შემდეგ, ბუნებრივია, რომ რესპუბლიკური პარტია ყველანაირად ხელს უშლის კოლეგიის გაუქმებას, ვინაიდან გიგანტურ მეგაქალაქებში ასეთი დიდი სხვაობების გათანაბრება პრაქტიკულად გამორიცხულია.

  • ტრანსალასკური ნავთობსადენი                                  

    ტრანსალასკური ნავთობსადენი                                  

    ალასკაზე  ნავთობის აღმოჩენა  მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის უდიდესი გეოლოგიური აღმოჩენაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნახევრაკუძულის გეოლოგიური შესწავლა  მე-20 საუკუნის  20 -იან წლებში დაიწყო, პირველი ნავთობი ალასკის სამხრეთით მდებარე კუკის ყურისა და კენაის ნახევარკუნძულის რაიონებში 1950 წლების ბოლოს  აღმოაჩინეს. საძიებო სამუშაოები ექსტრემალურ  ბუნებრივ  პირობებში მიმდინარეობდა  – ყინულის ბლოკები, ცხრა მეტრიანი ტალღები ხელს უშლიდა   ჭაბურღილების დადგმას.

    პირველი წარმატების შემდეგ  გეოლოგებმა ალასკის უკიდურესი  ჩრდილოეთი  რაიონების – ბრუქსის ქედის კალთებისა და ბოფორტის ზღვის სანაპირო დაბლობის  ათვისება გადაწყვიტეს.  შდეგმაც არ დააყოვნა და 1968 წლის 18 მარტს ერთ-ერთი,  პრადჰო-ბეის ჭაბურღილიდან ნავთობის შადრევანმა ამოხეთქა.  საბადოს აღმოჩენის შემდეგ  დაიწყო ეკოლოგიური, საკანონმდებლო და პოლიტიკური დებატები  მშენებლობასთან დაკავშირებით.

    ტრანსალაკისური ნავთობსადენი  ალაკის ჩრდილოეთით მდებარე  ნავთობის საბადო პრადჰო-ბეიში მოპოვებული ნავთობის  ამავე ნახევრკუნძულის სამხრეთით მდებარე ნავსადგურ ვალდიზსში ტარნსპორტირებისთვის აიგო. ნავთობსადენი ალასკის შტატის ტერიტორიაზე ჩრდლოეთიდან სამხრეთისაკენ 1288 კმ-ზე გადის  და ნედლი ნავთობის გადამტან მილსადენს, 12 სატუმბ სადგურს, რამდენიმე ასეული მილის სიგრძის   დამხმარე მილსადენსა და ვალდიზის ტერმინალს მოიცავს. მილსადენი  ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში და კომპანია «Alyeska Pipeline Service Company»-ს ეკუთვნის. ნავთობსადენის მშენებლობა  1973 წლის ენერგეტიკული კრიზისის შემდეგ დაიწყო და 1977 წელს ამოქმედდა. ნავთობზე ფასების ზრდამ პრადჰო-ბეიში მისი მოპოვება ეკონომიურად ხელსაყრელი გახადა.

    ნავთობსადენი, რომელსაც „მერვე საოცრებასაც“ უწოდებენ  ამერიკული წარმოშობის რუსმა ინჟინერმა ეგორ პოპოვმა დააპროექტა. 1288 კმ სიგრძის ნავთობსადენი დახლოებით 800 მდინარესა და ნაკადულს, მათ შორის ალასკის უდიდეს მდინარეს იუკონს, სამ  ქედს და სამ აქტიურ გეოლოგიურ რღვევას, მათ შორის დედამიწის ერთ-ერთ უდიდეს  შორის რღვევას – დენალის გაივლის. ნავთობსადენის მშენებლობაში სამი უდიდესი ნავთობკომპანია „ბრიტიშ პეტოლიუმი, „ ექსონი“ და „ატლანტიკ რიჩფილდი“   მონაწილეობდა. იმ დროისათვის ისინი  ამ საბადოს ლიცენზიას ფლობდნენ.     

    როგორც ავღნიშნეთ, ნავთობსადენის მშენებლობა რთულ პირობებში მიმდინარეობდა. ბევრ პრობლემას ქმნიდა დაბალი ტემპერატურა, გაუვალი და უდაბური  ტერიტორია, მაღალი სეისმური აქტივობა, პოლარული ღამეები, მარადი მზრალობა, რის გამოც საჭირო გახდა ახალი ტექნოლოგიების შემუშავება. დღევანდელი  ტრანსალასკური ნავთობსადენი  დაცლილ  მდგომარებაში  -57 0C  ყინვას უძლებს, ხოლო ნავთობით შევსებული –  + 630C სითბოს.

    ტრანალასკური  ნავთობსადენი

    პრადჰო-ბეის ნავთობის საბადომდე მისასვლელად  და ნავთობსადენის მომსახურეობისთვის 1970 წელს ალასკაზე გაიყვანეს გზა დალტონი. ეს ერთადერთი გზაა ამ ტერიტორაზე, რომელიც ჩრდილოეთ  პოლარულ წრეს კვეთს. მდინარე იუკონზე გადასვლისას ნავთობსადენი  1975 წელს აშენებულ ამ მდინარეზე აშშ-ს  ერთადერთ  688 მ სიგრძის ხიდზე – ე.ლ. ლატონზე  გადის. ასევე აშენებული იქნა 29 სამშენებლო  ბანაკი.

    ტრანსალაკისური ნავთობსადენი დღემდე საინჟინრო და სამშენებლო ხელოვნების  შედევრს წარმოადგენს. მარადი მზრალობის გამო  ნავთობსადენის თითქმის ნახევარი – დაახლოებით 680 კმ დედამიწის ზედაპირის ზემოთაა და სპეციალურ 6 მეტრიან  ხიმინჯებზეა გადებული. მიწისქვეშა ნაწილები კი  გრუნტის ხასიათიდან გამომდინარე  2,5-დან 5 მ-მდე სიღრმეზეა  ჩადებული.   სულ მშნებლობაზე  70 ათასამდე ადამიანი მუშაობდა,რომელთა ყოველკვირეული ხელფასი  2-3 ათას დოლარს შეადგენდა.  საერთო ჯამში ნავთობსადენის მშენებლობა  8 მლრდ დოლარი დაჯდა, რაც იმ დროისათვის მნიშვნელოვან თანხას წარმოადგენდა.

    2010 წლის მონაცემებით საერთო ჯამში ნავთობსადენით დაახლოებით 16 მლრდ ბარელი ნავთობი იქნა გადაზიდული.  მას  აშშ-ში მოპოვებული ნავთობის 17% გადააქვს.  ნავთობსადენის მილის მაქსიმალური გამტარობა 2136  ბარელია დღე-ღამეში.  12 სატუმბი სადგური, რომლებიც  ნავთობსადენის გასწვრივ 80-120 კმ-ითაა ერთმანეთისაგნ დაშორებული 10 კმ/სთ სიჩქარით ქაჩავენ ნავთობს. ნავთობს მთელი გზის  გასავლელად  ხუთი და მეტი დღე-ღამე სჭირდება. ნავთობსადენით ყოველდღიურად 600 ათასი ბარელი ნავთობი გადააქვთ.

    ტრანსალასკური ნავთობსადენი  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული მილსადენია. იგი ისეა დაპროექტებული, რომ  8,5 ბალის მიწისძვრას უძლებს.  2002 წელს დენალიში მომხდარ 7.9  მაგნეტუდის მიწისძვრას ნავთობსადენი არ დაუზიანებია, მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი ნავთობსადენიდან სულ რაღაც 80 კმ-ის დაშორებით მდებარეობდა.  ნავთობსადენზე უსაფრთხოების ზომებიც მაქსიმურადაა დაცული: ყოველ სამ კვირაში მილებს სპეციალური საშაულებებით პარაფინისგან წმენდენ, ელექტრონული მოწყობილობები ნებისმიერ  ხარვეზს აფიქსირებენ, დღეში რამდენჯერმე  ხორცილედება დაკვირვება ვერტმფრენების საშუალებით და ასევე იყენებენ თანამგზავრულ კავშირს  შესაძლო ავარიის წინასწარი პროგნიზირების მიზნით. 

    ნავთობსადენის მშენებლობამ ძლიერ შეაშფოთა ეკოლოგები, თუმცა  განხილვებისა და კვლევების შედეგად მათი ყველა რეკომენდაცია  და მოთხოვნა იქნა გათვალისწინებული. მშენებლობის დროს და მისი დასრულების შემდეგ გარემოს დაცვაზე დაახლოებით 7 მლრდ დოლარი დაიხარჯა, რაც ლამის თავად ნავთობსადენის მშენებლობაზე დახარჯული თანხის ტოლია.  სპეციალურად შეიქმნა მილქვეშა და მილზედა გადასასვლელები ჩრდილოეთის ირმებისთვის -კარიბუებისთვის. მშენებლობის პროცესში ტრასის მიმართულება  იშვიათი ფრინველების ბუდეების განლაგების მიხედვით იცვლებადა.  მონადირეებს აკრძალული ჰქონდათ მილის ორივე მხარეს 8 კმ-ის დაშორებით მიახლოება.  შეიძლება ითქვას, რომ ნავთობის მოპოვება, ნავთობსადენის მშენებლობა და გარემოს დაცვა ერთობლივად ხდება.

    მიუხედავად ამისა ნავთობსადენის ამოქმედების შემდეგ ადგილი ჰქონდა ნავთობის დაღვრასთან დაკავშირებულ რამდენიმე სერიოზულ ინციდენტს. 2006 წელს   პრადჰო-ბეის საბადოს რაიონში  მილი დაზიანდა და  დაახლოებით მილიონი კუბომეტრი ნავთობი დაიღვარა. ნედლი ნავთობით  მეჩხერად დასახლებული ალასკის სანაპიროს თოვლიანი ტუნდრის 1 ჰა დაიფარა. ამიტომაც  ნავთობსადენზე სარემონტო სამუშაოები დაიწყო და იგი დროებით დაიხურა.

    ნავთობადენის მშენებლობამ და მისმა ექსპლუატაციამ ქალაქების ვალდიზის, ფერბაქსისა და ანკორიჯის სწარფი ზრდა გამოიწვია. ნავთობსადენზე და ნავთობსაწარმოებში ალასკის ყოველი მეათე მცხოვრებია დასაქმებული.  შემოსავლი ისე გაიზარდა,  გაუქმდა საგადასახადო ბეგარა და დამატებითი გადასახადი პროდუქტებზე. გარდა ამისა, ალასკაზე შტატის მთავრობის წარმომადგენლებმა ალასკის მუდმივმოქმედი სპეციალური ფონდი დაარსეს, საიდანაც   შტატის თითოეული მაცხოვრებელი ყოველწლირად 800 დოლარის ოდენობის ჩეკს იღებს.

  • კანადის ეროვნული პარკები

    კანადის ეროვნული პარკები

    ყველა განვითარებული ქვეყანა და მათ შორის კანადაც, სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ბუნების დაცვას. ამ პრობლემის მოგვარებაში დიდ როლს ასრულებს ეროვნული პარკები.

    1885 წელს კლდოვან მთებში, მინერალური წყლებით მდიდარ ტერიტორიაზე გაიხსნა კანადის პირველი ეროვნული პარკი – ბანფი.  პარკი პროვინცია ალბერტას ქალაქ კალგარიდან 110-189 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და მისი ფართობი 6641 კვ.კმ-ია. 

    არამარტო კანადაში, მთელს ამერიკაში ყველაზე დიდია ვუდ-ბაფალოს ეროვნული პარკი. მისი ფართობი 44 807 კმ²-ია და ალბერტას რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიების სამხრეთ ნაწილში, ათაბასკასა და მონების ტბებს შორის მდებარეობს.  ეს პარკი 1922 წელს შეიქმნა ბიზონების მსოფლიოში უმსხვილესი მოხეტიალე ჯოგების დაცვის მიზნით, რომელთა რაოდენობაც ამჟამად 5 000 ერთეულადაა შეფასებული. ამავე დროს, პარკი ამერიკული წეროს გავრცელების ერთადერთი ცნობილი არეალია.

    პარკის სიმაღლე ზღვის დონიდან 183 მეტრიდან 945 მეტრამდე მერყეობს, დაწყებული მდინარე პატარა ბუფალოდან, დამთავრებული კარიბუს მთებით. პარკის სამმართველო  ქალაქ ფორტ-სმიტშია, ხოლო შედარებით მცირე თანმხლები ოფისი ფორტ-ჩიპეივანში. პარკი მოიცავს მსოფლიოში უმსხვილეს მტკნარი წყლის დელტებს, მათ შორის მდინარე ფისისა და ბირჩის მიერ შექმნილი ფის-ათაბასკის დელტას. ვუდ-ბუფალო განლაგებულია ათაბასკის ნავთობის ქვიშების მოპირდაპირედ, ჩრდილოეთ მხარეს.

    1983 წლიდან პარკი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, რისი მიზეზიც უპირველესად ფის-ათაბასკის დელტა და გარეული ბიზონების გავრცელებაა.

    ბიზონი ვუდ ბაფალოს ეროვნული პარკი კანადა

    გროს-მორნის ეროვნული პარკი კანადის აღმოსავლეთ ნაწილში, კუნძულ ნიუფაუნდლენდის სანაპირო ზოლში მდებარეობს. ეროვნული პარკის ფართობი 1805  კმ²-ს შეადგენს და ის სიდიდით მეორეა  კანადაში.  სწორედ ნიუფაუნდლენდის ამ ნაწილში მდებარეობს აპალაჩის მთები.  გროს-მორნის ეროვნული პარკი 1973 წელს დაარსდა, 1987 წელს კი იუნესკომ ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობად გამოაცხადა. გროს-მორნი ცნობილია თავისი მრავალფეროვანი ლანდშაფტით.

    ნაჰანის ეროვნული პარკი კანადაში, ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიების დეჰჩოს რეგიონში,  ქალაქ იელოუნაიფიდან დაახლოებით 500 კმ-ით დასავლეთით, მაკენზის მთების ბუნებრივ რეგიონში მდებარეობს. პარკში გაედინება მდინარე საუთ-ნაჰანი, რომლის გასწვრივაც მდებარეობს დაახლოებით 1 კმ სიღრმის ოთხი კანიონი, რომელთა სახელებია პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე. მდინარეზე ასევე წარმოიქმნება ჩანჩქერი ვირჯინია, რომელიც ორჯერ მაღალია ნიაგარას ჩანჩქერზე (90 მ). პარკი 1976 წელს შეიქმნა. სახელწოდება მომდინარეობს ადგილობრივთა დენეს ენიდან და ნიშნავს ”ნაჰას ხალხის მიწის მდინარეს“.

    ნაჰანის ეროვნული პარკი ჩანჩქერი ვირჯინია კანადა

    პარკში გვხვდება გოგირდოვანი წყაროები, ტუნდრა და შერეული წიწვოვანი-ალვის ხეების ტყეები. მრავლადაა ტუფი. 2009 წლის 9 ივნისს, კანადის მთავრობის გადაწყვეტილებით  პარკის ტერიტორია  ექვსჯერ გაიზრდება და მისი  სამომავლო ფართობიც 30 000 კმ²-ს მიაღწევს. ახალ ტერიტორიებში ბინადრობს დაახლოებით 500 ერთეული გრიზლი, ტყის კარიბუს ორი სახეობა, ასევე ალპური ცხვრისა და თხის რამდენიმე სახეობა.  1978 წლიდან პარკი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.