გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

მარკიზის კუნძულები

მარკიზის კუნძულები – პოლინეზიის ჭიშკარი

პოლინეზიის კუნძულებიდან, რომლებიც ესპანელებმა აღმოაჩინეს, პირველი  ვულკანური წარმოშობის მარკიზის კუნძულების ჯგუფი იყო. 1595 წელს, ექსპედიციამ, რომელსაც ალვარო დე მენდანია დე ნეირა მეთაურობდა, კუნძულებს პერუს მაშინდელი ვიცე-მეფის სახელი ”ლას ისლას მარკეზას დე დონ გარსია ხურტადო დე მენდოსა დე კანიენტე~ ანუ შემოკლებით – მარკიზის კუნძულები უწოდა. ულამაზესი ბუნება, სუფთა წყალი, მრავალფეროვანი მცენარეულობა, სტუმართმოყვარე მოსახლეობა – ყოველივე ამან მარკიზის კუნძულები ”ამქვეყნიურ სამოთხედ” გადააქცია.

სამწუხაროდ, კუნძულების მიწა უხვად არის მორწყული კუნძულელთა სისხლით. მხოლოდ ორი კვირა დაყვეს ესპანელებმა კუნძულებზე და ორასი უდანაშაულოდ მოკლული ადგილობრივი მაცხოვრებელი და საშინელი ავადმყოფობა დატოვეს. ეს კი მხოლოდ უბედურების დასაწყისი იყო. ევროპელების მოსვლამდე კუნძულელებმა არ იცოდნენ რა იყო გრიპი და წითელა. ”ცივილიზაციის სიკეთემ” ავადმყოფობის გარდა სპირტიანი სასმელებიც მოიტანა, რაც მანამდე ასევე უცხო იყო მათთვის. ამას ცეცხლსასროლი იარაღიც დაემატა. მართალია, აქაურები ხშირად ჩხუბობდნენ ერთმანეთში, მაგრამ მალევე რიგდებოდნენ. ცეცხლსასროლმა იარაღმა კი გააუარესა მდგომაროება. ყოველივე ამას  კი კუნძულის მკვიდრი მცხოვრებლების შემცირება მოყვა.

ამჟამად მარკიზის კუნძულები  საფრანგეთის პოლინეზიაშია  და  წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში საფრანგეთის ზღვის იქითა ტერიტორიას  წარმოადგენს.  მარკიზის კუნძულები  ანუ  ”ამქვეყნიურ სამოთხე” – ყველასგან მივიწყებული, მიტოვებული და მომაკვდავი გახდა.  ოდესღაც მჭიდროდ დასახლებული ხეობები, მოვლილი ბაღები ჯუნგლებად გადაიქცა. ხანდახან კუნძულებთან მდიდარ ტურისტთა იახტები ჩერდება, რომლებსაც ძველი კულტურის ნაშთები აინტერესებთ: სპეციფიკური ქვები, ჩუქურთმებით დამშვენებული იარაღი, ხისგან და ქვისგან დამზადებული კერპები ე.წ. ტიკი. მარკიზელები სიამოვნებით ყიდიან ტურისტებზე ამ ნივთებს.

მარკიზელებმა თავისებური კულტურა შექმნეს. მაგალითად, ტატუირებაში ისინი ”მსოფლიო ჩემპიონები” იყვნენ.  ტატუ პოლინეზიური სიტყვაა , ისევე როგორც  სიტყვა ”ტაბუც”, რომლებიც მსოფლიოს თითქმის ყველა ენაში დამკვიდრდა. ადამიანის სხეული მათთვის ტილოს წარმოადგენდა, რომელზედაც სხვადასხვანაირ სურათებს და ორნამენტებს ასრულებდნენ.    

მარკიზელები აწყობდნენ სპორტულ შეჯიბრებებს ისრის ტყორცნასა და ცურვაში. თამაშები ხდებოდა სტადიონის მსგავს სპეციალურ მოედანზე, რომელთა ნანგრევები დღესაც შემორჩენილია. კუნძულებზე აგრეთვე შემორჩენილია ქვისგან დამზადებული ქანდაკებები.

საყურადღებოა, რომ მარკიზის ერთ-ერთ კუნძულზე, კერძოდ კი  ტაიტზე ცხოვრობდა  და აქვე გარდაიცვალა ფრანგი მხატვარი გოგენი. მან მრავალი ტილო  შექმნა კუნძულელების თემატიკაზე.