• ევროპის ჩრდილოეთი ბასტიონი

    ევროპის ჩრდილოეთი ბასტიონი

    ნორდკაპი, ანუ ჩრდილოეთის კონცხი, ქვიანი და უსიცოცხლო კუნძულ მაგერიოს (ნორვეგია) დაბოლოებას წარმოადგენს. კონცხის სიმაღლე 307 მეტრია და ევროპის უკიდურეს ჩრდილეოთ წერტილად ითვლება.

    აქ ზაფხულობით უამრავი ტურისტი ჩამოდის შუაღამის მზის სანახავად, მაგრამ ყველას როდი უღიმის ბედი. გამუდმებული ნისლი და წვიმები ნაცრისფერი ფარდით ბურავენ ნორდკაპს. ნათელი დღეები კი აქ ძალზე იშვიათია. ირგვლივ ყველაფერი დაღვრემილი და ნაცრისფერია. ზაფხულშიც კი ხშირია ზამთრის გრიგალი და თოვლის ქარბუქი. თოვლი და წყალი გრანიტით აგებულ კლდეთა ნაპრალებში ხვდება, იყინება, აფართოებს ქანებს და დაშლილი ქვები ხმაურით ეცემიან ზღვაში; ცოფმორეული ტალღები ძლიერად ეხეთქებიან ნაპირს და გამაყრუებელი ხმაური საკმაოდ შორს ისმის.

     როცა შავი ღრუბლები დაბლა ეშვებიან, როცა განრისხებული ოკეანე მაგერიოს ქვის კედლებს უტევს, სწორედ ამ დროს მრისხანე ზღვის ფონზე ნათლად გამოჩნდება დაღვრემილი, მაგრამ დიდებული ნორდკაპი, როგორც ციხე-სიმაგრე. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მისი დანიშნულება ტალღების შეჩერება იყოს.

    სულ ერთია, როდის ნახავთ ნორდკაპს – ზამთარსა თუ ზაფხულში, ნათელ თუ ღრუბლიან ამინდში, მისი მრისხანე დიდებულება არასდროს არ დაგვავიწყდება.

  • წყნარი ოკეანე – რეკორდების ნაკრები

    წყნარი ოკეანე – რეკორდების ნაკრები

    ოკეანეებს შორის ყველაზე დიდი წყნარი ოკეანე. იგი  ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ  დააახლოებით 15,8 ათას კილომეტრზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 19,5 ათას კილომეტრზეა გადაჭიმული და მისი ფართობი ზღვებთან ერთად — 178,684 მლნ. კმ² -ია, ხოლო საშუალო სიღრმე — 3984 მ.

    წყნარი ოკეანის ფართობი თითქმის 30 მლნ. კმ²-ით ჭარბობს მსოფლიო ხმელეთის საერთო ფართობს ანუ მის ტერიტორიაზე თავისუფლად განლაგდებოდა ყველა კონტინენტი და დამატებით კიდევ ერთი აფრიკაც დაეტეოდა.

    წყნარი ოკეანის გავლით დაახლოებით 180-ე მერიდიანზე გადის თარიღის ცვლის ხაზი.

    წყნარი ოკეანე ყველა ნახევარსფეროშია მოქცეული. სანაპირო ხაზი  ყველაზე ძლიერ არის  დასავლეთითაა დანაწევრებული, ხოლო გასწორებულია ამერიკის სანაპიროებთან.  ოკეანე ყველაზე მეტად გადაჭიმულია ეკვატორულ-ტროპიკულ სარტყელში, — 19,5 ათას კილომეტრზე, რაც განაპირობებს  იმას, რომ იგი მზის ენერგიის გიგანტური აკუმულატორია  დედამიწაზე. ეკვატორი წყნარ ოკეანეს  ჩრდილოეთ წყნარ ოკეანედ და სამხრეთ წყნარ ოკეანედ ყოფს.

    წყნარი ოკეანე ოკეანეებს შორის კუნძულთა რაოდენობითაც რეკორდსმენია იკავებს. წყნარ ოკეანეში დაახლოებით 10 ათასი კუნძულია, რომელთა უმეტესობა მის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილშია თავმოყრილი. კუნძულების საერთო ფართობი 1,26 მლნ. კმ² -ია. მათ შორისაა სიდიდით მსოფლიოს მეორე და მესამე კუნძული: ახალი გვინეა (829,3 ათ. კმ²) და კალიმანტანი (735,7 ათ. კმ²);

    აზიისა და ოკეანეთში მცხოვრები ადამიანები წყნარ ოკეანეში ისტორიამდელი ეპოქიდან მოყოლებული მოგზაურობდნენ, მაგრამ წყნარი ოკეანის აღმოსავლეთი ნაწილი პირველად ევროპელებმა  XVI საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინეს, როდესაც ესპანელმა მოგზაურმა ვასკო ნუნიეს დე ბალბოამ 1513 წელს პანამის ყელი გადაკვეთა  და დიდი „სამხრეთის ზღვა“ აღმოაჩინა, რომელსაც ესპანურად  „Mar del Sur“ უწოდა. ოკეანის ამჟამინდელი სახელწოდება პორტუგალიელმა მოგზაურმა ფერნანდო მაგელანმა დაამკვიდრა, როცა 1521 წელს დედამიწის გარშემო  მოგზაურობისას 1 ოკეანისკენ მიმავალ ხელსაყრელ ქარებს წააწყდა. მან ოკეანეს  „Mar Pacífico“ უწოდა, რომელიც პორტუგალიურ და ესპანურ ენებზე  „წყნარ ზღვას“ ნიშნავს.

    ოკეანეებს შორის ყველაზე ღრმაც წყნარი ოკეანეა. მისი საშუალო სიღრმე 4280 მ-ია. მსოფლიო ოკეანეში 19 ღრმულია, რომელთა სიღრმე 7000 მ–ზე მეტია. მათგან 15 წყნარ ოკეანეში, 3 ატლანტის და 1 ინდოეთის ოკეანეშია.

    ყველაზე მაღალი ტალღებიც წყანარი ოკეანის უზარმაზარ სივრცეზე წარმოიქმნება. 1972 წლის გაზაფხულზე, შტორმისას წყნარ ოკენეში 34 მ-ზე მეტი სიმაღლის ტალღები დაფიქსირდა, რომელთა გავრცელების სიჩქარე 138 კმ/სთ-ს აღწევდა. რაც შეეხება მიწისძვრების შედეგად წარმოქმნილ ტალღებს – ცუნამებს, მათი სიმაღლე კიდევ უფრო მეტია. 1771 წლის 24 აპრილს მიწისძვრის შემდეგ იაპონიის კუნძულ ისიგაკთან (რიუკიუს არქიპელაგი) ტალღამ  რეკორდულ სიმაღლეს მიაღწია, ხოლო მისი სიჩქარე 700 კმ/სთ იყო.

    წყნარი ოკეანე

    წყნარ ოკეანეში ყველაზე შფოთიანია სამხრეთ განედებში ე.წ. `ღრიალა ორმოციანსა~ და `ცოფიან ორმოცდაათიანს~ შორის მდებარე სივრცე. ოკეანე ყველაზე წყნარი კი კუნძულ იავას რაიონშია. აქ ოკეანე წელიწადში მხოლოდ 10-12-ჯერ ბობოქრობს და დიდი შტორმები საკმაოდ იშვიათია.

  • ხმელეთში ყველაზე ღრმად შეჭრილი  და წყალმარჩხი ზღვა

    ხმელეთში ყველაზე ღრმად შეჭრილი და წყალმარჩხი ზღვა

    ხმელეთში ყველაზე ღრმად შეჭრილი აზოვის ზღვაა. ამავე დროს, იგი ყველაზე წყალმარჩხი ზღვაცაა დედამიწის ზღვებს შორის. მისი საშუალო სიღრმე 7 მ, ხოლო მაქსიმალური 13 მ-ია (დაახლოებით ხუთსართულიანი სახლის სიმაღლის). ამიტომაც, შემოდგომობით, შტორმების პერიოდში აქ მეტად სახიფათო და საშიში პირობები იქმნება ნაოსნობისათვის, განსაკუთრებით კი დიდი გემებისათვის. მათთვის ზღვაში სპეციალური საზღვაო არხებია აგებული.

    აზოვის ზღვას მეორენაირად მოლუსკების ზღვასაც უწოდებენ, რადგანაც აქ მოლუსკების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ბინადრობს.

    ღამით, აზოვის ზღვაში ბანაობისას, შეიძლება შეამჩნიოთ, როგორ ანათებს სანაპირო ზოლი. ამ ნათებაა სანაპიროსთან ახლოს მცხოვრები პლანქტონური ორგანიზმები იწვევენ, რომლებიც ფოსფორს შეიცავენ.

  • ყველაზე გრძელი ტბა

    ყველაზე გრძელი ტბა

    მტკნარწყლიან ტბებს შორის ყველაზე გრძელია ტანგანიკა. იგი აღმოსავლეთ აფრიკაში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ტანზანიის, ზამბიისა და ბურუნდის ტერიტორიებზე მდებარეობს. ტბა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 670 კმ-ზეა გადაჭიმული. ტანგანიკა თავისი სიღრმით, 1435 მ, მხოლოდ ბაიკალის ტბას ჩამორჩება და მასავით ტექტონიკური წარმოშობისაა. რუკაზე ტბები კონფიგურაციითა და ზომებით, როგორც ტყუპი ძმები ისე გვანან ერთმანეთს.

  • ყველაზე ღრმა ტბა

    ყველაზე ღრმა ტბა

    ჩვენი პლანეტის ყველაზე ღრმა ტბაა ბაიკალი. მისი სიღრმე 1629 მ-ია და ზღვის დონიდან 455,5 მ სიმაღლეზე მდებარეობს. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტექტონიკური წარმოშობის ტბა აღმოსავლეთ ციმბირში, ირკუტსკის ოლქისა და ბურიატეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.

    მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბა, მტკნარი წყლის უდიდესი რეზერვუარია. ადგილობრივები, და საერთოდ, რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ბაიკალს „ზღვას“ უწოდებს. 1996 წელს ბაიკალის ტბა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, როგორც ფლორისა და ფაუნის უნიკალური ადგილი, რაც პირველ რიგში ადგილობრივი ენდემიზმითაა გამოხატული.

  • ყველაზე დიდი ტბები ფართობით

    ყველაზე დიდი ტბები ფართობით

    დედამიწის ტბებს შორის ფართობით ყველაზე დიდია კასპიის ზღვა-ტბა. მისი ფართობია 368 ათასი კვ. კმ-ია. ჩვენი პლანეტის მტკნარწყლიან ტბებს შორის კი ყველაზე დიდი ზემო ტბაა (ჩრდილოეთ ამერიკაში). მისი ფართობი 82.4 ათასი კვ. კმ-ია.

    ყველაზე დიდი მიწისქვეშა ტბა ნამიბიაში (აფრიკა) მდებარეობს. ეს კარსტული წარმოშობის ტბაა, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებლების ენაზე მეტად ორიგინალური სახელი აქვს – “დრაჰენ ხაუქლოკი”, რაც “დრაკონის ნესტოებს” (Dragon’s Breath Cave) ნიშნავს. იგი 59 მ სირღმეზე მდებარეობს და მისი ფართობი 19 000 კვ.მ-ია. ტბის არაბუნებრივად გამჭვირვალე წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

  • ყველაზე გამჭვირვალე ზღვა

    ყველაზე გამჭვირვალე ზღვა

    ყველაზე გამჭვირვალედ ზღვებს შორის უკანასკნელ დრომდე სარგასოს ზღვა (ატლანტის ოკეანე) ითვლებოდა. მასში სეკის დისკი 66,5 მეტრ სიღრმემდე მოჩანდა. მაგრამ, 1986 წელს გერმანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ კუთხით “ჩემპიონია” უედელის ზღვა ანტარქტიდის ნაპირებთან. მის წყალში ჩაშვებული სეკის დისკის დანახვა 79 მეტრ სიღრმემდე შეიძლება. შედარებისათვის, დისტილირებულ წყალში სეკის დისკი 80 მ სიღრმემდეა ხილული. ამრიგად, უედელის ზღვის წყალი შეიძლება აბსოლუტურად სუფთად და გამჭვირვალედ ჩაითვალოს. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში შედარებით გამჭვირვალეა თეთრი ზღვა, რომლის წყალშიც დისკი 8 მ-ის სიღრმეზე მოჩანს.

  • ყველაზე მტკნარი ზღვა

    ყველაზე მტკნარი ზღვა

    დედამიწის მტკნარ ზღვებს შორის ბალტიის ზღვა ლიდერობს. მარილის შემცველობა მის 1 ლიტრ წყალში სულ რაღაც 2-8 გრამია. ეს იმით აიხსნება, რომ თითქმის ჩაკეტილი ზღვის აუზში 250- მდე მდინარე ჩაედინება. ბალტიის ზღვა ჩრდილოეთ ევროპაში, ჩრდილოეთ განედის 53–66 გრადუსებსა და აღმოსავლეთის გრძედის 20–26 გრადუსებს შორის მდებარეობს.

    ბოტნიის ყურესთან ზღვის წყალს ფერმერები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სასმელადაც კი იყენებენ.

  • ყველაზე მარილიანი ყველაზე სუფთა ყველაზე თბილი და ყველაზე ლამაზი ზღვა

    ყველაზე მარილიანი ყველაზე სუფთა ყველაზე თბილი და ყველაზე ლამაზი ზღვა

    წითელი ზღვა რამდენიმე რეკორდიითაა ცნობილი: იგი დედმიწაზე ყველაზე სუფთა და ყველაზე თბილი ზღვაა. მის ეკოსისტემას უსწრაფესად აღდგენის უნარი აქვს. გარდა ამისა ყველაზე მარილიანი წყალი სწორედ წითელ ზღვაშია. ამ ზღვის 1 ლიტრი წყალი 42 გრ მარილს შეიცავს, ხოლო სუეცის არხში 43,5 გრამსაც კი.

    დედამიწაზე ყველაზე ლამაზიც წითელი ზღვაა. აქ დაივინგის მოყვარულებსა თუ უბრალო ტურისტებს შეუძლიათ განუმეორებელი პეიზაჟებით დატკბებნენ. თავად ცნობილმა ოკეანოლოგმა ჟაკ-ივ კუსტომ, მის წყლებში გადაიღო ფილმი „მსოფლიო სიჩუმე“

  • ყველაზე ღრმა ზღვა დედამიწაზე

    ყველაზე ღრმა ზღვა დედამიწაზე

    წყნარ ოკეანეში მდებარე მარჯნის ზღვა ყველაზე ღრმა ზღვაა დედამიწაზე. მისი მაქსიმალური სიღრმე 9140 მ-ია. ეს ზღვა კიდევ იმათაცაა განთქმული, რომ სწორედ აქ მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე მსხვილი მარჯნების რიფი – დიდი ბარიერული რიფი.