• მერკატორი – კარტოგრაფიის მეფე

    მერკატორი – კარტოგრაფიის მეფე

    აღორძინების ეპოქის ფლამანდრიელ კარტოგრაფს – გერჰარდ მერკატორს (1512-1554 წ. წ.) კარტოგრაფიის მამად თვლიან და ეს ასეც არის. მერკატორი 1512 წელს პატარა საპორტო ქალაქ რუპელმონდეში ანტვერპენთან (ბელგია) ახლოს დაიბადა.  განათლება ლუვენის უნივერსიტეტში მიიღო, რომლის დამთავრების შემდეგ არისტოტელეს მოძღვრების შესწავლით დაკავდა. ცოტა ხანში მერკატორმა დაინახა, რომ არისტოტელეს შეხედულებები ბიბლიურ სწავლებებთან სრულიად შეუთავსებელი იყო. ის წერდა: «როგორც კი დავრწმუნდი, რომ „დაბადებაში“ აღწერილი შემოქმედების მოსესეული ვერსია ეწინააღმდეგებოდა არისტოტელესა და სხვა ფილოსოფოსების შეხედულებებს სამყაროს გაჩენის შესახებ, ყველა ფილოსოფოსის შეხედულებებმა დამაეჭვა და ბუნებისმეტყველების სწავლას შევუდექი».

    მერკატორს არ სურდა ფილოსოფოსი გამხდარიყო, ამიტომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ამ განხრით სწავლა აღარ გაუგრძელებია. სამაგიეროდ, ცხოვრების დარჩენილი ნაწილი ბიბლიაში აღწერილი შემოქმედების პროცესის უტყუარობის დამტკიცებას მიუძღვნა.

    1534 წელს მერკატორმა მათემატიკის, ასტრონომიისა და გეოგრაფიის შესწავლა დაიწყო მათემატიკოს გემა ფრიციუსთან. გარდა ამისა, მერკატორმა გრავირება ისწავლა შესაძლოა გრავიორ გასპერ ვან დერ ჰაიდენთან, რომელიც ასევე გლობუსების დამზადებით იყო ცნობილი. XVI საუკუნის დასაწყისში კარტოგრაფები გოტიკურ მსხვილ შრიფტს იყენებდნენ, რის გამოც რუკებზე ინფორმაციის მისათითებლად საკმარისი ადგილი არ იყო. მერკატორმა გლობუსებზე წარწერის გასაკეთებლად კურსივი, დახრილი შრიფტი დაამკვიდრა, რაც ძალიან მოსახერხებელი აღმოჩნდა.

    1536 წელს მერკატორი გრავიორად მუშაობდა ფრიციუსთან და ვან დერ ჰაიდენთან ერთად მსოფლიო გლობუსის შექმნაზე. ამ პროექტის წარმატებას იმან შეუწყო ხელი, რომ მერკატორს ძალიან ლამაზი ხელწერა ჰქონდა. მერკატორის თანამედროვე გეოგრაფი ნიკოლას კრეინი წერს, რომ მაშინ, როცა სხვა კარტოგრაფმა „ამერიკის ტერიტორიის ორმოცდაათი პუნქტი ადამიანის სიმაღლისხელა რუკაზე დაიტანა, მერკატორმა სამოცი პუნქტი დაატია გლობუსზე, რომლის დიამეტრიც ორი მტკაველის ტოლი იყო“.

    1537 წელს მერკატორმა შექმნა თავისი პირველი დამოუკიდებელი ნაშრომი — „წმინდა მიწის“ რუკა, რომელიც იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ „ხალხს უკეთ გაეგო ძველი და ახალი აღთქმა“. XVI საუკუნეში „წმინდა მიწის“ რუკები ძალიან უზუსტო იყო. ზოგ რუკაზე სულ რაღაც  30 ადგილი იყო დასახელებული და მათგან უმრავლესობის ადგილმდებარეობა არასწორად იყო მითითებული. მერკატორის რუკაზე კი 400-ზე მეტი ლოკაციის ნახვა იყო შესაძლებელი. გარდა ამისა, მის რუკაზე აღნიშნული იყო ის გზა, რომელიც ებრაელებმა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ განვლეს უდაბნოში. თავისი სიზუსტით ამ რუკამ მერკატორის თანამედროვეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

    წარმატებით გახალისებულმა მერკატორმა 1538 წელს მსოფლიო რუკა გამოსცა. იმ დრომდე კარტოგრაფებმა ბევრი არაფერი იცოდნენ ჩრდილოეთ ამერიკის შესახებ და მას „შორეულ, უცნობ ქვეყანას“ უწოდებდნენ. თუმცა გეოგრაფიული სახელი „ამერიკა“ უკვე არსებობდა, მერკატორი პირველი იყო, რომელმაც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას ეს სახელი მიაკუთვნა.

    მერკატორი მოღვაწეობდა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში, ანუ  მსოფლიო ოკეანეთა და ახალი მიწების შესწავლის პერიოდში.  იმ დროს მეზღვაურები ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებდნენ,  რაც კარტოგრაფიის საქმეს ძალიან ართულებდა. თუმცა 1541 წელს მერკატორმა გულის წადილი აისრულა და როგორც თავად ამბობდა, შექმნა „ისეთი გლობუსი, რომელიც მანამდე არ ყოფილა“.

    მერკატორი

    შემდგომ წლებში მერკატორმა დიდი დრო დაუთმო ნახაზებსა და საბეჭდი ფორმების გრავირებას ახალი გეოგრაფიული რუკების შესადგენად. 1590  წელს მერკატორს ავად გახდა:  მან მეტყველების უნარი დაკარგა და მარცხენა მხარი მთლიანად წაერთვა. სამუშაოს გაგრძელება თითქმის შეუძლებელი იყო, მაგრამ ის არ ურიგდებოდა თავის მდგომარეობას და გადაწყვეტილი ჰქონდა, დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა. ის 1594  წელს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 5 რუკა, რომელზეც მერკატორი მუშაობდა, რუმოლდმა, მისმა ვაჟმა დაასრულა.

     მერკატორის რუკების სრული კრებული 1595 წელს გამოქვეყნდა. ეს იყო რუკების პირველი კრებული, რომელსაც ატლასი ეწოდა. ამ პერიოდამდე რუკების კრებულს სამი  საუკუნის გამოჩენილი ალექსანდრიელი სწავლულის   კლავდიიოს  პტოლომეს საპატივცემულოდ, რომლის  ხელნაწერი  რუკების კრებული თანამედროვე ატლასის წინამორბედია  „პტალოომეებს~ უწოდებდნენ.

    თავად  სახელწოდება `ატლასი~ იმის გამო წარმოიშვა, რომ უკვე მერკატორის გარდაცვალების  შემდეგ მისი რუკების  კრებულის ყდაზე  გამოხატული იყო ბერძნული  მითოლოგიის  გმირის – ატლანტის ანატლასის გამოსახულება, რომელსაც მხრებით ბურთისებური ციური სფერო ეკავა. ამის გამო ატლასის ყდებზე ასეთ გამოსახულებას დიდხანს ათავსებდნენ.

    მერკატორის  ატლასში განხილულია „დაბადების“ პირველი თავი, რომელშიც ღვთის სიტყვის უტყუარობის დასამტკიცებლად ფილოსოფოსების შეხედულებების საპირისპირო არგუმენტებია მოყვანილი. მერკატორმა ამ ნაშრომს  „მთელი ჩემი შრომის მიზანი“ უწოდა.

     „ატლასის“ ვრცელი გამოცემა, რომელიც  1606  წელს იოდოუკუს ჰონდიუსმა გამოსცა, მრავალ ენაზე დაიბეჭდა და მალე მსოფლიო ბესტსელერი გახდა. XVI საუკუნის კარტოგრაფმა აბრაჰამ ორტელიუსმა მერკატორს „ჩვენი დროის უდიდესი გეოგრაფი“ უწოდა, ხოლო მწერალმა ნიკოლას კრეინმა მერკატორზე თქვა, რომ ეს იყო „კაცი, რომელმაც დედამიწა რუკაზე გამოსახა“.

    მერკატორის მემკვიდრეობით დღეს თითოეული ჩვენგანი სარგებლობს. ჩვენ ატლასით ვსარგებლობთ თუ ადგილმდებარეობის დადგენის გლობალური სისტემით, შეგვიძლია ამ ადამიანის დაუღალავი შრომა გავიხსენოთ, ადამიანისა, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება იმას შეალია, რომ გაეგო თავისი ადგილი დროსა და სივრცეში.

    დღეს მერკატორის ქანდაკებები ნიდერლანდის, ბელგიისა და გერმანიის ქალაქებშია დადგმული. მისი სახელი ჰქვია ყველაზე გავრცელებულ საზღვაო რუკების პროექციას. გიცდიათ ოდესმე ფორთოხლის ქერქის გაბრტყელება?  თუ ასეა, დაინახავდით, რომ ქერქის დეფორმირების გარეშე ამის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. ახლა შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა სირთულის წინაშე იდგნენ კარტოგრაფები, რომლებიც ცდილობდნენ დედამიწის სიბრტყეზე გამოსახვას. მერკატორმა ეს პრობლემა იმით გადაჭრა, რომ შექმნა მეთოდი, რომელიც დღეს მერკატორის პროექციის სახელწოდებით არის ცნობილი. რუკის შედგენის ამ ახლებური მეთოდით ხაზები, რომლითაც  განედის გრადუსები აღინიშნება, ეკვატორიდან პოლუსებამდე თანაბარი მანძილით არის ერთმანეთისგან დაშორებული. თუმცა, ამ მეთოდის გამოყენებით მანძილები და ზომები მახინჯდებოდა (განსაკუთრებით ჩრდილოეთისა და სამხრეთისკენ). კარტოგრაფიის ისტორიაში ამ მეთოდს დიდ აღმოჩენად მიიჩნევენ. მერკატორის მიერ 1569 წელს გამოქვეყნებული კედლის მსოფლიო რუკა უნიკალური ნამუშევარი იყო, რამაც მას მნიშვნელოვანწილად გაუთქვა სახელი. მერკატორის პროექცია დღესაც გამოიყენება საზღვაო ნავიგაციასა თუ ადგილმდებარეობის დადგენის გლობალურ სისტემაში. მერკატორის პროექცია შეიძლება შევადაროთ გაშლილ ცილინდრს, რომელზეც მსოფლიო სიბრტყეზეა გამოსახული.

  • პოლარული ციალი

    პოლარული ციალი

    პოლარული ციალი პლანეტათა ატმოსფეროს ზედა ფენების ნათებაა, რომელიც მაგნიტოსფეროს მოიცავს და  მზის ქარის ნაწილაკებით დამუხტული ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნება.

    პოლარული ციალი ორივე ნახევარსფეროს მაღალი განედების ოვალური სარტყელის ზონებში აღინიშნება, რომელთაც დედამიწის მაგნიტური სარტყელი არტყამს ანუ ავრორალურ ოვალებში. ავრორალური ოვალების დიამეტრი წყნარი მზის პირობებში 3000 კვ. მეტრს შეადგენს, დღის მხარეს ზონის საზღვარი მაგნიტური პოლუსიდან 10–16° არის დაშორებული, ღამით კი 20–23°-ით. რამდენადაც დედამიწის მაგნიტური პოლუსების გეოგრაფიულს 12°-ით ჩამორჩება, პოლარული ციალი 67–70° განედებზე შეინიშნება. თუმცა, მზის აქტიურობისას ავრორალური ოვალი ფართოვდება და ქვედა განედებშიც 20– -25° -ზეც შეიძლება შემჩნევა, ანუ მათი გამოვლინების ჩვეულებრივი საზღვრებიდან ჩრდილოეთით ან სამხრეთით. მიუხედავად იმისა რომ პოლარული ციალი უწყვეტად მიმდინარეობს, თვალისათვის შესამჩნევი ის მხოლოდა მზის აქტიურობის პერიოდშია, როდესაც დედამიწის ატმოსფეროში ძლიერი მაგნიტური ქარიშხლები მძვინვარებს. მზეზე დაკვირვებები საშუალებას იძლევა ქარიშხლები 2-3 დღით ადრე ვიწინასწარმეტყველოთ, სწორედ ეს დრო სჭირდება მზის ქარის ნაწილაკებს დედამიწამდე მისაღწევად. ავრორაზე დაკვირვებას ხელს უშლის ღრუბლები და ნათელი ღამეები. ამიტომ პოლარული ციალი ნახევარი წელი ჩრდილოეთ პოლუსის და ნახევარი წელი სამხრეთ პოლუსის მახლობლად არის შესამჩნევი.

    პოლარული ციალი უფრო ხშირია გაზაფხულობითა და შემოდგომობით, ხოლო სიხშირის პიკი საგაზაფხულო და საშემოდგომო ბუნიობისას (დღეღამური ტოლობის დროს) აღწევს.

    ატმოსფეროს შედგენილობა, სიმკვრივე და დედამიწიდან დაშორება განსაზღვრავს პოლარული გამოსხივების ფერს.

    პოლარული ციალი, ნათება

    პოლარული ციალისას ჭარბი რაოდენობით ენერგია გამოიყოფა, (2007 წლის აღრიცხვით — 5×1014 ჯოული), დაახლოებით  იმდენი,  რამდენიც 5,5 ბალიანი მიწისძვრისას.  კოსმოსიდან დაკვირვებისას პოლარული ციალი ცის სწრაფცვლადი ფერთა ნათების,  მოძრავი სხივების,  ხაზების,  გვირგვინებისა და ”ფარდების“  ბზინვარებით ვლინდება.  პოლარული ციალის ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება.

    საუკეთესო ადგილები პოლარულ ციალზე დასაკვირვებლად არის ალასკა, კანადა და სკანდინავია. 

  • ყვითელი კლდეების ნაკრძალი

    ყვითელი კლდეების ნაკრძალი

    1804 წელს მდინარე მისურის აუზის გამოსაკვლევად ამერიკული ექსპედიცია უ. კლარკისა და მ. ლიუსის მეთაურობით გაემგზავრა. ექსპედიციამ მდინარე მთლიანად გამოიკვლია შესართავიდან სათავემდე და შემდეგ კი წყნარ ოკეანეში გავიდა. ექსპედიციის შემადგენლობაში იყო ვინმე ჯონ კოლტერი, რომელიც 1807 წელს გამოეყო ძირითად ჯგუფს და დამოუკიდებლად დაიწყო უცნობი ადგილების გამოკვლევა. ჯ. კოლტერს გაუმართლდა. კლდოვანი მთების მიყრუებულ ადგილას, მდ. იელოუსტოუნის ზემო დინებაში მის წინ საოცარი სანახაობა გადაიშალა: რამდენიმე ადგილას დედამიწიდან წყლის ძლიერი ნაკადი იფრქვეოდა, ღრმა და  ვიწრო კანიონები სავსე იყო ჩანჩქერებით, ცისფერი ტბის ზედაპირზე კი ხშირი ტყე ირეკლებოდა.

    დიდხანს არავის სჯეროდა კოლტერის მონათხრობის და მდინარე იელოუსტონის საოცრება გამოგონილი ეგონათ. საბოლოოდ 1869 წელს ამ ადგილების დეტალურად გამოსაკვლევად ექსპედიცია მოეწყო. ექსპედიციამ დაბრუნების შემდეგ, აშშ-ს კონგრესს წინადადებით მიმართა მდ. იელოუსტონის ზემო დინება ნაკრძალად გამოეცხადებინათ. მხოლოდ 17 თვის შემდეგ დაამტკიცა კონგრესმა კანონპროექტი  ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი ეროვნული პარკის შექმნის შესახებ.

    ინდიელები იელოუსტონის პარკს ”ყინულის, ცეცხლის,  წყლის და ორთქლის ქვეყანას” უწოდებენ. პარკის ფართობის 1/10-ზე ათასმდე ცხელი წყარო და რამდენიმე ასეული გეიზერი მდებარეობს. პარკის საოცრებად კი მაინც დედამიწის უდიდესი გეიზერი ”ექსელსიორი” ითვლება. მისი წყლის სვეტის დიამეტრი 8-10 მ-ს, სიმაღლე კი 100 მ-ს აღწევს.

    იელოსტოუნის ეროვნული პარკი

    კლდოვანი მთების ქედებსა და ხეობებს თუ ზემოდან გადმოვხედავთ თვალწინ ყინულების სამეფო გადაიშლება. მუდმივი თოვლით დაფარული მთების წვეტიანი მწვერვალები თვალისმომჭრელად ბრწყინავენ მზის სინათლეზე. მყინვარების თეთრი ენების გვერდით ყვავილების ნაირფერი ხალიჩით დაფარული ალპური საძოვრები ანდამატივით იზიდავენ ტურისტებს.

    აქვეა თავმოყრილი ტბებიც, რომელთა ფერიც ირგვლივ მდებარე მთების და ამგები ქანების ფერის მიხედვით იცვლება – ცისფერიდან იისფერამდე.

    იელოსტოუნის ეროვნული პარკი

    ქედების კალთების შუა ნაწილი ხშირი მუქწიწვოვანი ტყითაა დაფარული, თუმცა ხის ჯიშების სიმრავლით არ გამოირჩევა. აქაა რბილი და შავი ფიჭვი, ბალზამის ნაძვი, აქა-იქ კი ფოთოლმცვენი ვერხვი, ჯუჯა ნეკერჩხალი, თხმელა. მთათაშორის ქვაბულებში ფართო საძოვრებია და აჭიმული.

    ძნელია მდინარე იელოსტოუნის კანიონის სილამაზის აღწერა. ხეობამ ტყუილად კი არ მიიღო ინგლისური სახელწოდება ინდიელებისაგან –  ”ყვითელი ქვების ქვეყანა”. მართალაი, კანიონის ციცაბო კალთები სხვადასხვა ფერის ქანებითაა აგებული, მაგრამ გამეფებული ფერი მაინც ყვითელია.

    კანიონი თითქოს ამ ტერიტორიის გეოლოგიურ ისტორიას გვიამბობს. ოდესღაც აქ ვიწრო ხეობებით და დანაწევრებული მაღალმთიანი მთების ჯაჭვი ყოფილა, რომელიც შემდგომში შედარებით მოუსწორებია ლავურ ღვარებს. ამჟამად პარკის დიდი ნაწილი ვულკანურ მწვერვალებიან ლავურ პლატოს წარმოადგენს. აქა-იქ ხეობის კალთებზე, 50 მილიონი წლის წინათ ვულკანური ფერფლის ქვეშ გაქვავებულმა გოლიათმა ხეებმა დღევანდლამდე მოაღწია.

    იელოუსტოუნის პარკი მხოლოდ გეიზერებითა და კანიონებით როდია ცნობილი. იგი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზოოლოგიური ნაკრძალიცაა. აქ ბინადრობენ ისეთი ძვირფასბეწვიანი ცხოველები, როგორიცაა: ამერიკული თახვი და ამერიკული სიასამური, მრისხანე დათვი გრიზლი, გრაციოზული ანტილოპა – ვილოროგი, ამერიკული ირემი -ვაპიტი. მთებში, დიდ სიმაღლეზე გვხვდება თოვლის თხა და დიდრქებიანი ცხვარი.

     პარკში ბინადრობს ამერიკის შეერთებული შტატებში შემორჩენილი ბიზონების ერთადერთი ჯოგი, ასევე 250-მდე სახეობის ფრინველი, მათ შორის ვარხვი და გედი.

    ბუნების სიმდიდრისა და მრავალფეროვნების წყალობით, იელოუსტოუნის ეროვნული პარკი თავისებურ ბუნებრივ ლაბორატორიად ითვლება, სადაც მეცნიერები გამოკვლევებს აწარმოებენ გეოგრაფიაში, გეოლოგიაში, ბოტანიკაში, ზოოლოგიასა და ეკოლოგიაში. პარკის პოპულარობაზე მეტყველებს მნახველთა რიცხვიც – 2 მილიონზე მეტი ტურისტი წელიწადში.

    პარკის დასათვალიერებლად მის ტერიტორიაზე გაყვანილია თითქმის 500  კმ სიგრძის გზა და 1500  კმ სიგრძის ბილიკი. აქ მოწყობილია კემპინგები, სასტუმროები, პარკინგები, მუშაობს საინფორმაციო ცენტრი, სამეცნიერო-სასწავლო მუზეუმები. პარკს აქვს საკუთარი ტელეცენტრიც.

    იელოსტოუნის ეროვნული პარკი, 1972 წელს იუნესკოს მსოფლიო კულტურისა და ბუნების მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს  და მას საერთაშორისო მნიშვნელობა მიენიჭა.

  • სინგაპური – სუფთა და მწვანე ქალაქი

    სინგაპური – სუფთა და მწვანე ქალაქი

    სინგაპური ქალაქი-სახელმწიფოა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და  მალაის ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარეობს. სინგაპური   ამავე სახლეწოდების კუნძულისგან და სხვა წვრილი კუნძულებისაგან შედგება.  ქალაქის, და ამავე დროს ქვეყნის, ფართობი 618 კვ.კმ-ია. 1959  წელს მიიღო დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან. 1963-65 წლებში მალაიზიის ფედერაციის შემადგენლობაში შედიოდა.

    სინგაპურელები სამართლიანად ამაყობენ იმით, რომ მათი ქალაქი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ქალაქია. მარტო იმის აღნიშვნა რად ღირს, რომ თუნდაც სიგარეტის ნამწვის გადაგდება აქ  სერიოზულ დანაშაულად ითვლება. წესრიგის დამრღვევს 500 დოლარით აჯარიმებენ. ქალაქში ფირნიშებია წარწერით: ”გთხოვთ დაიცვათ ჩვენი ქალაქის სისუფთავე და სიმწვანე”.

    სინგაპური

    ამერიკული და იაპონური ფირმების მიერ აგებული ულამაზესი არქიტექტურის მქონე შენობების და ტროპიკული სიმწვანის წყალობით, სინგაპური მართლაც რომ მსოფლიოს ულამაზესი ქალაქია.

    ამ სამხრეთული ქვეყნის ლამაზი ბუნების სიმბოლოა ორქიდეა. იგი გამოხატულია აქაურ ფულის მონეტებზე. სტუმართმოყვარეობის აღსანიშნავად სასურველ სტუმარს აქაურები ორქიდეას უძღვნიან. აქ  ორქიდეები მართლაც რომ ჯადოსნური ფერებით გამოირჩევიან და ძნელია ერთნაირი ფერის მქონე ყვავილის მოძებნა.

  • გრასი – პარფიუმერიის აკვანი

    გრასი – პარფიუმერიის აკვანი

    მართალია, სახელგანთქმული პარფიუმერული ფირმები ძირითადად პარიზშია, მაგრამ ფრანგული პარფიუმერიის აკვანი – ქალაქი გრასია. ”გრასის გარეშე არ იქნებოდა ფრანგული პარფიუმერია” – წერია სამხრეთ საფრანგეთის გზამკვლევში.  

    პროვანსში მდებარე სწორედ ეს პატარა ქალაქია აღწერილი  პატრიკ ზიუკინდის რომანში ” პარფიუმერი”.  მე-16 საუკენეში ადამიანებმა ტყავის  ხელთათმანების, ქამრების, ჩექმების, ლაბადების დამზადება დაიწყეს და  მათ არც თუ ისე  სასიამოვნო სუნი ჰქონდათ.  სწორედ ამირომ გაჩნდნენ ე.წ. ”პარფიუმერები”, რომელთაც შეძლეს  და ტყავისგან დამზადებულ  აქსესუარებსა და ტანსაცმელს ნაზი არომატი მიანიჭეს. 

    დღეს მთელ მსოფლიოშია განთქმული სუნამო, ოდეკოლონი, ათობით სახეობის ტუალეტის წყალი, რომელთა არომატული ნივთიერებები სწორედ საფრანგეთის სამხრეთში – ქალაქ გრასში ჩაისახა.

    გრასი ალპების მთის ძირას, მზიან მხარეშია განთავსებული. ქალაქი 700 წლისაა, ხოლო პარფიუმერიის  სათავეები 400 წლის წინ ჩაისახა.

    მიუხედავად ხმელთაშუა ზღვის სიახლოვისა, ქალაქში ძალიან ცხელი ზაფხული იცის. ნალექები არც ისე უხვია და იშვიათია მოღრუბლულობაც. საშუალო წლიური ტემპერატურა +14  გრადუსია,  რაც გრასს კლიმატური კურორტის თვისებებს ანიჭებს.

    ქალაქისა და მისი მიდამოების მცხოვრებთა მთავარი საქმიანობა – პარფიუმერიაა. არომატული ზეთების დამზადება აქ ჯერ კიდევ XVI ს-ში დაიწყო და თანდათანობით ვითარდებოდა: ფართოვდებოდა არომატული ექსტრატების დამზადება, გაჩნდა პარფიუმერული ფაბრიკები. ახლა ქალაქში ათეულობით პარფიუმერული საწარმოა. ათობით ჰექტარზე გადაჭიმული ბაღები და ყვავილების პლანტაციები კი ამ საწარმოთა სანედლეულო ბაზას წარმოადგენს. ყოველწლიურად გრასის ფაბრიკებში 600 ტონამდე ფორთოხლის ხის ყვავილი,  700 ტონა ვარდის ფოთოლი, 800  ტონა ჟასმინი მუშავდება. აღსანიშნავია, რომ 1 კგ სუფთა არომატული ზეთის მისაღებად 1 ტონა ჟასმინი ან 1 ტონა ფორთოხლის ყვავილია საჭირო. წარმოებაში ფართოდ გამოიყენება აგრეთვე ლავანდა, მუხის და ფიჭვის ხავსი,მიხაკი, მიმოზა და სხვ.

    ლავანდა

    არომატული ნივთიერებები შემოაქვთ აზიის, აფრიკის, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან. ამიტომაც გრასის კონტაქტების გეოგრაფია ძალზე ფართოა.

    გრასში სამი პარფიუმერული ფაბრიკა –  ფრაგონარის, (Fragonard), გალიმარისა (Galimard) და მოლინარის  (Molinard) უკვე  მუზეუმებს წარმოადგენენ.

    “სუნამოს შექმნა უბრალო საქმე როდია, ეს დიდი ხელოვნებაა” – აცხადებენ აქაურები. სხვათა შორის  სახლეგანთქმული სუნამო  ”შანელ №5” სწორედ გრასში დაიბადა. ასევე  გრასში ცხოვრობენ სუნამოების   საუკეთესო   დეგუსტატორები, რომელთაც ”ცხვირებს” უწოდებენ.

  • სუეცის არხის ისტორია

    სუეცის არხის ისტორია

    სუეცის არხი  სინაის ნახევარკუნძულის დასავლეთით, 163 კმ სიგრძისა და მის ყველაზე ვიწრო ყელთან, 300 მ სიგანის სანაოსნო არხია ეგვიპტეში. მის ერთ ბოლოში ხმელთაშუა ზღვის  სანაპიროსთან მდებარეობს პორტ-საიდი, ხოლო მეორე ბოლოს წითელ ზღვაზე – სუეცი (ალ-სუვაის).

    არხი ორმხრივ, ჩრდილო და სამხრეთ საწყლოსნო ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა ევროპასა და აზიას შორის აფრიკის შემოვლის გვერდის ავლით.

    არხის 1869 წელს გახსნამდე, საქონელი ხშირად გემებიდან სახმელეთო ტრანსპორტზე გადაჰქონდათ ხმელთაშუა და წითელ ზღვებს შორის.

    არხი ორი ნაწილისგან შედგება – დიდი ბიტერის ტბის ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილები, რომლებიც ამ ტბას ხმელთაშუა ზღვასა და სუეცის ყურესთან აერთებს წითელ ზღვაზე.

    სუეცის არხი რუკაზე

    მეტად საინტერესოა  ორი ზღვის გაერთიანების ამბავი. იმ დღეებში ეგვიპტე გრანდიოზულ ზეიმს მასპინძლობდა – ისეთს, რომლის მსგავსი არავის ახსოვდა. 6000 სტუმარს შორის მრავლად იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები: საფრანგეთის იმპერატრიცა ევგენია, ავსტრია-უნგრეთის იმპერატორი ფრანც იოსიფ I, ჰოლანდიის პრინცი და პრინცესა, პრუსიის უფლისწული…

    ეგვიპტეს არც ევროპისა და სხვა კონტინენტების სამეფო ოჯახთა წარმომადგენლებისა თუ დიდგვაროვნების ასეთი სტუმრიანობა ახსოვდა, მათ ნება-სურვილებს კი შვიდი დღე-ღამის განმავლობაში 500 მზარეული და 1000-მდე ხელზე მოსამსახურე ასრულებდა.

    პორტ-საიდში გამართული ეს საარაკო ზეიმი, რომელიც სუეცის არხის გახსნას მიეძღვნა, ეგვიპტის ვიცე-მეფე იზმაილ ფაშას 28 მილიონი ოქროს ფრანკი დაუჯდა.

    მას შემდეგ, რაც ადამიანებმა ბუნებრივი სტიქია მოთოკეს და ამ არხით ხმელთაშუა ზღვა წითელს დაუკავშირეს, თითქმის  საუკუნე ნახევარი გასულა, რასაც მისი გახსნის დღეს, 17 ნოემბერს კიდევ ერთხელ  გაიხსენებენ. ამიტომ ჩვენც გავიხსენოთ მსოფლიოს ამ საოცრების შექმნის ისტორია, რაზეც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში ფიქრობდნენ. მსგავსი გეგმა იმ დროს ეგვიპტის მეფე ნეხოსაც ჰქონდა და მისი განხორციელება სცადა კიდეც, მაგრამ ბოლოს, როცა ამ საწყლოსნო გზის გაყვანას 120 000 მონა შეეწირა, ოცნებაზე ხელი აიღო. შემდეგ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 500 წლის მიჯნაზე, როცა ეგვიპტე სპარსელებმა დაიპყრეს, მომხდურთა მეფე დარიუს პირველმა არხის გასაყვანად მუშაობა განაახლა და საქმე ბოლომდე მიიყვანა, რაც ნილოსის სანაპიროზე გრანიტის სტელების აღმართვითა და მასზე სათანადო წარწერებიანი ფილებითაც აღნიშნა.

    ამ არხის თაობაზე მოგვითხრობს იმ დროის ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე, რომელიც გვაუწყებს, რომ ეს არხი ხმელთაშუა ზღვას წითელთან აერთებდა და მის გავლას ხომალდები ოთხ დღეს ანდომებდნენო. “ისტორიის მამა” არხის სიგანეზეც მიუთითებს. ამბობს, რომ იმდენად განიერი იყო, რომ მასში სამ-სამ ნიჩბიან ორ ნავს გვერდიგვერდ ცურვა შეეძლოთო.

    ვარაუდობენ, რომ დარიუსის არხი ნილოსის აღმოსავლეთით გადიოდა და დღევანდელის მსგავსად, ისიც ტბას კვეთდა. მერე ეგვიპტეში რომაელები მოვიდნენ და მათ ეს არხი უფრო სრულყვეს, მაგრამ ბოლოს იგი ქვიშით ამოივსო, მომდევნო თაობებმა კი არხის ხელახლა გაჭრა ვეღარ გაბედეს, თუმცა გეგმები კი ჰქონდათ. ამ არხის გაჭრაზე გეგმებს ამუშავებდნენ ვენეციური სახელმწიფოს ხანაში, ლუდოვიკო მეთოთხმეტის დროს და ნაპოლეონ ბონაპარტეს ბატონობისას.

    ნაპოლეონის ინჟინერთა პროექტში არხის მრავლად დარაბვა შეიტანეს, რადგან ფრანგი მკვლევარების გაანგარიშებით, წითელი ზღვის დონე ხმელთაშუა ზღვისას 10 მეტრით აღემატებოდა. ბოლოს გაირკვა, რომ ინჟინრები ცდებოდნენ და არავითარი სხვაობა არ იყო, მაგრამ ამის მერე კიდევ ბევრმა წყალმა ჩაიარა, თუმცა არხის გაჭრა ვერავინ გაბედა.

    და აი, დარიუსის მერე, ათას წელზე მეტი ხნის შემდეგ, გამოჩნდა ფერდინანდ ლესეპსი, რომელმაც სუეცის არხის გაჭრის იდეა კვლავ წამოჭრა. ფერდინანდ ლესეპსი, რომელიც შესანიშნავი კვალიფიკაციის ჟურნალისტი იყო, 1831-დან 1838 წლებში კაიროში საფრანგეთის კონსულად მუშაობდა და ამის წყალობით კარგად იცნობდა ეგვიპტის ვიცე-მეფე მოჰამედ საიდ-ფაშას (იმ დროს ეგვიპტე ოსმანთა იმპერიის ნაწილი იყო). ლესეპსმა საიდ-ფაშა შეაგულიანა და დიდი ძალისხმევის შემდეგ, 1854 წელს მისგან არხის მშენებლობის ნებართვა მიიღო. იმავე წელს ლესეპსმა ამ საქმისთვის თურქეთის სულთანისგან ფირმანის რატიფიკაცია მიიღო, მაგრამ ამ ფრანგმა პარიზში კომპანიის დაარსება მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ შეძლო, ფრანგ აქციონერთა გუნდიც მიიზიდა და ბოლოს ავსტრიელ ინჟინერ ალოის ნეგრელის გეგმით არხის გაჭრაც დაიწყო, თუმცა ამ საქმეს ბრიტანელები ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდნენ, ხელს უშლიდნენ და ათას ხრიკს მიმართავდნენ. ირწმუნებოდნენ, ეს საქმე უდიდესი ავანტიურაა, ამ პროექტის განხორციელება ფიზიკურად შეუძლებელია, მეტისმეტად ძვირი და არარენტაბელურიაო. ამიტომაც არცერთი აქცია არ უყიდიათ. ბრიტანელები შიშობდნენ, პროექტის განხორციელების შემთხვევაში ეგვიპტე თურქეთის ძალაუფლებისგან გათავისუფლდება, ჩვენ კი ინდოეთზე ბატონობა შეგვისუსტდება და სულაც დავკარგავთო. არადა, სუეცის არხის გაჭრით ყველაზე მეტად მოგებულნი სწორედ ისინი რჩებოდნენ, რადგან ინდოეთისკენ გზას ლონდონიდან ბომბეამდე მთელი 7343 კილომეტრით იმოკლებდნენ.

    ასე იყო თუ ისე, ბრიტანელები ლესეპსის მონდომებას წინ ვერ აღუდგნენ, მით უმეტეს, რომ ამ ფრანგის იდეას ნაპოლეონ III და საიდ-ფაშა, შემდგომ (1863 წლიდან) კი მისი მემკვიდრე იზმაილ-ფაშაც მფარველობდნენ.

    ბრიტანელები ერთ რამეში მართლაც მართლები იყვნენ – არხის გაჭრა ტექნიკურად უდიდეს სირთულეებს წააწყდა. თავდაპირველად ნავარაუდევი ექვსი წლის ნაცვლად მშენებლობა თერთმეტ წელიწადს გაგრძელდა, ხარჯები კი უზომოდ გაიზარდა. მუშები, რომლებიც პირველ ხანებში კატორღელები და ეგვიპტელი ღარიბ-ღატაკნი იყვნენ, მხურვალე მზის ქვეშ ირჯებოდნენ ქვიშიან უდაბნოში, სადაც მტკნარი წყალი სრულიად არ მოიპოვებოდა. პირველ ხანებში 25000 მუშისთვის სასმელ წყალს 1600-მდე აქლემით ეზიდებოდნენ, მაგრამ 1863 წლისთვის ეს პრობლემა აღმოიფხვრა. იმ დროისთვის ნილოსიდან მტკნარი წყლის არხი გაიყვანეს, რომელიც დაახლოებით იმავე გზით მიემართებოდა, როგორითაც უძველესი არხები, რომელთა ნარჩენები ზოგან გამოიყენეს კიდეც, თუმცა ისინი ნაოსნობისთვის არ იყო გათვალისწინებული. ამ არხის სიგანე, რომელიც სუეცის არხის საპროექტო მარშრუტის სიახლოვეს გაყოლებაზე მიემართებოდა, წყლის ზედაპირზე სიგანეში 17, ხოლო ფსკერზე 8 მეტრს აღწევდა, სიღრმე კი საშუალოდ 2 მეტრზე ცოტა მეტი იყო, ზოგან – გაცილებით ნაკლები. ამ არხის გაჭრამ საქმე შეამსუბუქა, მით უმეტეს, რომ მის გაყოლებაზე მუშათა ბანაკები ჩარიგდა, თუმცა მათ შორის სიკვდილიანობა მაინც მეტად დიდი დარჩა. მოგვიანებით სამუშაო მექანიზებული გახდა, ამან კი საქმე იმდენად შეამსუბუქა, რომ მშენებლობამ ევპროპელი მუშახელიც მიიზიდა. ბოლოს არხის მშენებლობაზე მუშათა რაოდენობამ 40000 მიაღწია.

    ასე იყო თუ ისე, ფერდინანდ ლესეპსის მონდომებამ, რომელიც ბრწყინვალე მენეჯერიც აღმოჩნდა და სამუშაოებს ხელმძღვანელობდა, ნაყოფი გამოიღო და 1869 წლის 17 ნოემბერს არხი გემებისთვის გაიხსნა. მისი მშენებლობისთვის აღებულმა საგარეო ვალებმა ისმაილ ფაშა, რომელმაც საიდ ფაშა შეცვალა, იჯულებული გახადა არხში თავისი წილი დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ გაეყიდა.

    ამ არხმა, რომელიც დღემდე უდიდესია (სიგრძე – 163 კილომეტრი, სიგანე – 200 მეტრი, მინიმალური სიღრმე – 15 მეტრი), უმალ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა მსოფლიო ვაჭრობაში და გარსაქვეყნო მოგზაურობაც, რომელიც მანამდე მხოლოდ მთელი აფრიკის შემოვლით იყო შესაძლებელი, დროშიც რეკორდულად შეამცირა. არხის გაჭრამ სრულიად არაფრისგან წარმოშვა საპორტო ქალაქი პორტსაიდი. არხმა სამუშაოების დასრულებამდე ექვსი თვით ადრე განაპირობა პირველი ტრანსკონტინენტური რკინიგზის გაყვანაც.

    1980 წელს ამ არხმა განაპირობა კიდევ ერთი საინჟინრო საოცრების დაბადება – მისი ფსკერის ქვეშ საავტომობილო გვირაბის მშენებლობა, რომელმაც სინა კონტინენტურ აფრიკას დაუკავშირა. ტექნიკურ სრლუყოფილებასთან ერთად ამ გვირაბმა ყურადღება თავისი მონუმენტურობითაც მიიპყრო, უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობაც მიიღო და ახლა იგი ეგვიპტის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობადაც სამართლიანად ითვლება.

    სუეცის არხს დაუკავშირდა კიდევ ერთი საინჟინრო ქმნილების დაბადება, მთელ მსოფლიოში ყველაზე მაღალი (70 მეტრი) დაკიდებული ხიდის მშენებლობა, რომელმაც 2001 წელს ერთმანეთს დაუკავშირა ორი ქალაქი – პორტ-საიდი და ისმაილი.

    ამ და სხვა სიკეთეებთან ერთად სუეცის არხმა არაერთი უბედურებაც მოიტანა. ამ არხმა თავის დროზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აფრიკის შემდგომი კოლონიზაციის საქმეში.

    სუეცის არხს ახსოვს ომებიც. პირველად ეს განაპირობა ეგვიპტის საბჭოთა კავშირისგან იარაღის შეძენის სურვილმა, რის გამოც დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასუანის კაშხალის მშენებლობისთვის მხარდაჭერაზე უარი თქვეს, ხოლო ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰამალ აბდელ ნასერმა არხის ნაციონალიზაცია მოახდინა. ამის პასუხად იქ ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ისრაელის ჯარები შეიჭრნენ, რაც ერთკვირიანი ომით, არხის ნაწილობრივი დანგრევით, გემების ჩაძირვით, სხვა ზარალით, მსხვერპლით და ხომალდების ერთწლიანი მიმოსვლის შეწყვეტით დასრულდა.

    1967 წელს ისრაელისა და არაბული ქვეყნების ერთკვირიანი ომის გამო სუეცის არხზე ნაოსნობა კვლავ შეწყდა. ამ ქვეყნებს შორის 1973 წელს ატეხილმა ომმა კვლავ ორი წლით შეაჩერა ნაოსნობა, მისი განაღმვის შემდეგ კი არხის რეკონსტრუქციაც ჩატარდა…

    და მაინც, სუეცის არხის ამ საიუბილეო დღეებში, ალბათ უფრო მეტად გაიხსენებენ იმ უდიდეს სიკეთეს, რომელიც მის გახსნას მოჰყვა. ალბათ გაიხსენებენ მსოფლიოს კულტურული საგანძურის გამდიდრებასაც, რაც არხის გახსნის საზეიმო ცერემონიალმა განაპირობა.

    საქმე ის იყო, რომ იმ დღისთვის ჯუზეპე ვერდის ახალი ოპერის შექმნა დაუკვეთეს. ასე შეიქმნა “აიდა”, რომლის პრემიერასაც სუეცის არხის გახსნის საზეიმო დღე უნდა დაემშვენებინა. მართალია, კომპოზიტორმა დაკვეთის შესრულება ვერ მოასწრო, მაგრამ მაინც დაიბადა “აიდა”, რომლის პრემიერაც კაიროში 1871 წელს გაიმართა.

  • აისბერგების  “მოგზაურობა”

    აისბერგების “მოგზაურობა”

     ატლანტის ოკეანეში ასობით აისბერგი დრეიფობს  ჩრდილოეთიდან   სამხრეთისაკენ. ”მოგზაური”  ყინულის გოლიათების საიდუმლო დღესაც არ არის ამოხსნილი.

    კაცობრიობა საუკუნეთა მანძილზე ჯეროვნად ვერ აფასებდა საფრთხეს, რომელსაც ეს ყინულის მთები უქმნიან ზღვაოსნებს. მაგრამ 1912 წლის 15 აპრილის კატასტროფამ, როცა ლაინერი ”ტიტანიკი” აისბერგს შეეჯახა და 1500 კაცი დაიღუპა, საზღვაო სახელმწიფოები აიძულა უფრო მჭიდრო თანამშრომლობა დაემყარებინათ ამ სფეროში. ნახევარი საუკუნის განმავლობაში შეგროვდა საკმაოდ ზუსტი მონაცემები ყინულის გოლიათების მოძრაობის შესახებ.

    ყოველწლიურად 7500-მდე აისბერგი გრენლანდიის დასავლეთ ნაპირიდან შორეულ მოგზაურობას იწყებს ოკეანის უკიდეგანო სივრცეში. მათგან საშუალოდ 380 აღწევს კუნძულ ნიუფაუნდლენდს, ე.ი. 48 გრადუსიან განედს. დაახლოებით 35-40  კი უფრო ქვემოთაც ეშვება.  შეიძლება ითქვას, რეკორდული აღმოჩნდა 1929 წელი, როდესაც ოკეანის საერთაშორისო სამომსახურეო დაცვას ხომალდებმა და სხვა გემებმა 48 გრადუსიანი  განედის სამხრეთით 1351 აისბერგი აღნიშნეს.

    ამერიკელი სპეციალისტი რობერტ კლასბიუ ირწმუნება, რომ აისბერგს არ უნდა ენდო, ერთ დღეში მას შეუძლია გაცუროს სამხრეთისაკენ რვა კილომეტრი, მეორე დღეს კი მთელი თექვსმეტი კილომეტრი. მათი ”მოგზაურობისას”  მნიშვნელოვან როლს ზღვის დინებები და ქარები ასრულებენ. რაც უფრო ”აფრებგაშლილია” ყინულის მთა, მით უფრო სწრაფად მოძრაობს იგი. ამასთან, აისბერგები ყოვლად უცნაურად მოძრაობენ. 1907 წელს ერთმა, ჩრდილოეთიდან წამოსულმა აისბერგმა თავისი გზა ბერმუდის კუნძულებთან დაასრულა და მას 2500 კილომეტრზე მეტი ჰქონდა გავლილი. სინამდვილეში მან უფრო მეტი გაიარა, რადგან ზღვის დინებები და ქარები მის გადაადგილებას განუწყვეტლივ უცვლიდნენ კურსს. კიდევ უფრო საოცარი გზა განვლო სამხრეთისაკენ მეორე ყინულის გოლიათმა. მან არსებობა შეწყვიტა 1926 წელს – ბერმუდის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან 300 კილომეტრზე, ე.ი. დაახლოებით იმავე განედებზე, სადაც ფლორიდა ან კანარის კუნძულები მდებარეობს. 1886 წელს ”მოხეტიალე” ყინული ლა-მანშის დასავლეთით, ერთი დღის სავალზე აღმოაჩინეს. როგორ დააღწია მან თავი გოლფსტრემის დინებას და როგორ გადასერა ატლანტის ოკეანე? ამ კითხვაზე ჯერჯერობით პასუხი არ არის.

    მეცნიერები ვარაუდობენ,  რომ ცალკეული ყინულის მთების სიცოცხლე სამ წელიწადს გრძელდება.

    აისბერგი არქტიკა ანტარქტიკა

    ანტარქტიდის შელფური ყინულებისაგან წარმოქმნილი აისბერგის მასა უდრის 1,5 ტრილიონ ტონას, ხოლო არქტიკაში წარმოქმნილი აისებრგის მასა კი – 250 მილიარდი ტონის ტოლია. აისბერგებს შორის უდიდესი შენიშნეს ყინულმჭრელი `გლეტჩერიდან~ 1956 წლის 12 ნოემბერს. იგი 385 კმ სიგრძისაა და 111 კმ სიგანის იყო, ხოლო მისი ფართობი თითქმის 31 ათასი კვ.კმ-ს აღწევდა.

    აისბერგის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 4 წელია, მათი გადაადგილების სიჩქარე ოკეანურ დინებებზეა დამოკიდებული.

    მეცნიერებმა გამოიანგარიშეს, რომ აისბერგის 1/7 წყლის ზევითაა. ცნობილია, რომ ზოგიერთი აისბერგი დიდი ზომისაა. მაგალითად, აისბერგი-გიგანტი, რომელსაც 1999 წ. აშშ მეცნიერები აკვირდებოდნენ, ზომით 38-48 კმ სიგრძის, 8-იანის ფორმისა და ბეტონის სიმკვრივის ყოფილა. იგი საათში 16 კმ-ის სიჩქარით მოძრაობდა ჩილესა და არგენტინის მიმართულებით. არის აისბერგები, რომელთა სიგრძე 150 კმ-ზე მეტია, სიგანე ორჯერ უფრო ნაკლები, წყლის დონის ზევით სიმაღლე 100 მ-ს აღწევს. ასეთი აისბერგის დიდი ნაწილი წყალქვეშაა. თუ აისბერგის ხილული ნაწილი ქარის საწინააღმდეგოდ მოძრაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვედა ნაწილი დინებას ემორჩილება ე.ი. დინება ისეთი ძლიერია, რომ გოლიათს მიაცურებს. აისბერგის მოძრაობის მიხედვით შეიძლება წყალქვეშა დინებების მოძრაობის დადგენა.

  • რა არის სილენდი?

    რა არის სილენდი?

    სილენდი — არაღიარებული ქვეყანაა, რომელიც ჩრდილოეთ ზღვაში,  ყოფილ თავდაცვით პლატფორმა – რაფს-ტაუერზე მდებარეობს და ბრიტანეთის სანაპიროდან  10 კილომეტრითაა  დაშორებული.

    მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის საზღვაო ძალებმა მტრისგან თავდასაცავად ნაპირის გასწვრივ ზღვაში თავდაცვითი პლატფორმები ააგეს. ერთ-ერთი მათგანი იყო რაფს-ტაუერი (ინგლ. ღოუგჰს თოწერ). ომის დროს მასზე განლაგებული იყო საზენიტო იარაღები და 200 კაცისგან შემდგარი გარნიზონი. ომის დასრულების შემდეგ პლატფორმების უმრავლესობა დაანგრიეს, ხოლო რაფს-ტაუერი დარჩა ხელუხლებელი, რადგან ბრიტანეთის ტერიტორიული წყლების გარეთ მდებარეობდა.

    1966 წელს პენსიაზე გასულმა ბრიტანეთის მაიორმა როი ბეიტსმა და მისმა მეგობარმა რონან ო’რეილიმ ამოირჩიეს მიტოვებული რაფს-ტაუერი და მასზე გასართობი პარკის მოწუობა გადაწყვიტეს. თუმცა, მალე მეგობრებს შორის უთანხმოება მოხდა და როი ბეიტსი ადგილის ერთპიროვნული მფლობელი გახდა. მომავალ წელს რონან ო’რეილი შეეცადა პლატფორმის დაპატრონებას, თუმცა მისი შემოტევა მოგერიებული იქნა იარაღით და საწვავით სავსე ქილებით.

    როიმ გადაიფიქრა გასართობი პარკის მშენებლობა და პლატფორმაზე განათავსა პირატული რადიოსადგური “Bრიტაინ’ს Bეტტერ Mუსიც შტატიონ”.

    1967 წლის 2 სექტემბერს როიმ განაცხადა სუვერენული სახელმწიფოს შექმნის შესახებ და თავისი თავი მეფედ – როი I-ად გამოაცხადა. ეს დღე აღინიშნება, როგორც სახელმწიფო დღესასწაული.

    1968 წელს ბრიტანეთი შეეცადა პლატფორმის დაკავებას, პლატფორმას მიუახლოვდა საბრძოლო კატერები, რასაც სამეფოს წარმომადგენლებმა უპასუხეს ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლით. სისხლისღვრამდე საქმე არ მივიდა, მაგრამ როის, როგორც ბრიტანეთის მოქალაქის წინააღმდეგ დაიწყო სასამართლო პროცესი.

    1968 წლის 2 სექტემბერს ბრიტანეთის სასამართლომ გამოიტანა ისტორიული გადაწყვეტილება: მან აღიარა, რომ ეს საქმე არ განეკუთვნება ბრიტანეთის იურისდიქციას.

  • გაუჩო და არგენტინის პამპა

    გაუჩო და არგენტინის პამპა

    პამპა — სამხრეთ ამერიკის, ძირითადად არგენტინისა და ურუგვაის,  სუბტროპიკული სტეპებია. ინდიელთა ერთ-ერთი ტომის, კეჩუას, ენაზე პამპასები „ბალახიან ვაკეს“ ნიშნავს. ადრე პამპა ბალახით დაფარული და ძირითადად მეცხოველეობის განვითარების რაიონი იყო. დღეს ტერიტორიის დიდი ნაწილი ირწყვება და ხორბლისა და სიმინდის ნათესებითაა დაფარული.

    დიდი შინნაქსოვი შალით – პონჩოთი – ვერცხლის მონეტებით დამშვენებული ინდიელთა წინსაფრით, მაღალყელიანი ჩექმებით, ყელზე ფერადი ყელსახვევით, ლასოთი და დანით აღჭურვილი კოვბოი – ასეთია პამპის მფლობელი – გაუჩო.

    მაინც ვინ არის გაუჩო და როდის გაჩნდა პირველად იგი?

    XVI ს-ის შუა ხანებში ესპა¬ნელი იეზუიტები მდინარეების პარანას და ურუ¬გვაის ზემო დინებაში შეიჭრნენ, სადაც ინდიელების ერთ-ერთი მიწათმოქმედი ტომი _ გაუარანი ცხოვრობდა. ესპანელებმა შემოიყვანეს ძროხა, ცხვარი და ცხენი. ცხოველები გამრავლდნენ და თვალუწვდენელ სტეპებში მათი უმრავლესობა გაველურდა. გაუარანის ტომიც, რომელიც ადრე პრიმიტიულ მიწათმოქმედებას ეწეოდა, სტეპების მომთაბარე სხვა ტომებთან ერთად, გაველურებულ ცხოველებზე მონადირეებად გადაიქცნენ. ისინი ცხოველებს ძირითადად ტყავისთვის ხოცავდნენ, ხოლო მთავარ იარაღად ლასოს იყენებდნენ. სიტყვა `გაუჩო~ აღებულია ინდიელთა ერთ-ერთი ტომის ენიდან და `მხედარს~ ნიშნავს. ასე უწოდებდნენ პამპის თავისუფალ მონადირეებს.

    კოლონიური რეჟიმის დროის არგენტინა ძირითადად მეცხოველეობას მისდევდა. სამფლობელოები შემოღობილი არ იყო და ამიტომ გაუჩოების სწრაფი და მოხერხებული მოქმედებით საქონელი ერთი მფლობელიდან მეორესთან გადადიოდა. თანდათან იზრდებოდა არგენტინის მოსახლეობა; ესპანურ კოლონიებს შორის გაჩაღდა ვაჭრობა, პატრონი გამოუჩნდა საძოვრებსაც და შეიზღუდა თავისუფალი გადაადგილებაც, რაშიც გაუჩოსაც მიუძღვის წვლილი. საძოვრების პატრონებს მუშახელი სჭირდებოდათ, გაუჩოს კი – სამუშაო, ამიტომ ისინი დაქირავებულ მწყემსებად გადაიქცნენ.  გაუჩოს გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მეცხოველეობის განვითარება, რადგანაც ისინი ყველაზე საუკეთესო მწყემსები იყვნენ. მათი ცხოვრება ამ პერიოდისთვის დიდად არ შეცვლილა: პამპაში ჩაძირული ქოხები, ცხენი და უნაგირი, მჭრელი დანა იგივე დარჩა, მაგრამ ისინი უკვე აღარ იყვნენ პამპის მფლობელნი.

    გაუჩო  არგენტინა  პამპა

    XIX ს-ში არგენტინამ თავი დააღწია ესპანეთის კოლონიალიზმს და დამოუკიდებელ ქვეყნად გამოცხადდა. სახელმწიფომ დაიწყო განვითარება, თანდათან შემცირდა გაუჩოთა რიცხვიც, მათ თავიანთი ადგილი იმიგრანტებს დაუთმეს.

    ვის უწოდებენ დღეს “გაუჩოს”? – ეს ჩვეულებრივი პეონიაა (იგივე გლეხი), რომელიც პატაგონიის სტეპებში მწყემსად მუშაობს. მათ კვლავ მოიხსენიებენ, როგორც “კაცი ცხენზე”, მაგრამ ყოფილი კოვბოები, ახლა უბრალო, დაქირავებული მწყემსები არიან.

  • ველიჩკას მარილის მაღაროებში

    ველიჩკას მარილის მაღაროებში

    ველიჩკა პოლონეთის ერთ-ერთი ძველი და საინტერესო ქალაქია. აქაურ მარილის მაღაროებს ათას წელზე მეტი ხნის ისტორია აქვთ. ძველი მაღაროები მიტოვებულია და მუზეუმად არის გადაქცეული. მაღაროში ჩასვლა ლიფტითაც შეიძლება და კიბეებითაც. ექსკურსანტები, რა თქმა უნდა, კიბეებით ჩადიან 135 მ სიღრმემდე. ვიწრო დერეფნებით, რომლებიც მარილის ფენებშია გაჭრილი ერთი დარბაზიდან მეორეში გადადიხართ. აქ ყველაფერი მარილისაა: კიბეები, კედლები, იატაკი და ჭერი. ელექტრონის შუქზე ბრწყინავენ მარილის კრისტალები. XVII საუკუნეში ბერების ბრძანებით აქ სამლოცველოც გამოუკვეთავთ, მოყვარული მუშების მიერ კი მარილში გამოკვეთილია წმინდანების ქანდაკებები, რომლებსაც სიძველე არ ეტყობათ.

    მაღაროში ერთ-ერთი დერეფანი ბარიერთან მთავრდება, რომლის იქით ტბაა. გულითაც რომ გინდოდეთ, მასში ვერ დაიხრჩობით, რადგან ტბის წყალი მარილითაა გაჯერებული. მიწის ქვეშ, ერთ-ერთ დიდ მაღაროში კალათბურთის მოედანია მოწყობილი, აქვეა ფოსტა და პატარა მაღაზიები, სადაც სუვენიერბის შეძენა შეიძლება.

    დაღლილი და ნასიამოვნები ტურისტები დღის სინათლეს და დედამიწას ლიფტით უბრუნდებიან.

    1978 წლიდან ველიჩკას მაღაროები იუნესკოს მსოფლიოს მემეკვიდრეობის სიაშია შესული.