ევროკავშირის დროშა, რომელიც წარმოდგენილია ცისფერ ფონზე თორმეტი ხუთქიმიანი ვარსკვლავით, არსენ ჰეიტცის პროექტის მიხედვით შეიქმნა და მოგვიანებით, 1985 წელს ევროპის კავშირში შემავალი ქვეყნების საერთო დროშა გახდა.
ევროპის საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში დროშის ასზე მეტი დიზაინი იყო წარმოდგენილი. ჰაიტცი მეოცე წარსდგა. ეს ფრანგი კარიკატურისტი, რომელიც სატარსბურგში ცხოვრობდა და იმ დროისათვის ევროპის საბჭოს ფოსტის თანამშრომელი იყო.
ევროპული დროშა წარმოადგენს, როგორც ევროკავშირის, ასევე ევროპის იდენტობისა და ერთიანობის სიმბოლოს. დროშაზე ლურჯ ფონზე წრიულად განლაგებულია 12 ოქროსფერი ვარსკვლავის ერთობლიობა, რაც ნიშნავს ერთიანობას, სოლიდარობას და ჰარმონიას ევროპის ხალხებს შორის.
შეიძლება ზოგიერთმა ადამიანმა ამ სიმბოლური რიცხვში „12“ ამავე კავშირის წევრი სახელმწიფოების რაოდენობა დაინახოს, თუმცა ეს თეზისი არ შეესაბამება სინამდვილეს და, მიუხედავად იმისა, რომ წრე ერთიანობის სიმბოლოა, დროშაზე ვარსკვლავების რაოდენობას არავითარი კავშირი არ აქვს გაერთიანების წევრი ქვეყნების რიცხვთან. დროშის მიღების დროს, საბჭოს უკვე 14 სახელმწიფო ჰყავდა. უფრო გონივრული ჩანს დროშის სიმბოლიზმის მიმაგრება ევროპის ერებს შორის სოლიდარობისა და ჰარმონიის იდეასთან, რაც, როგორც ჩანს, პირდაპირი შედეგია ევროკავშირის დევიზისა, რომელიც ლათინურად ასე ჟღერს: „In Varietate Concordia“, რაც ნიშნავს – “ერთიანობა მრავალფეროვნებაში”.
1983 წელს ევროპის საბჭოს დროშა ევროპული გაერთიანებისათვის მისაღებ სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ასე რომ, 1985 წლის ივნისში, მილანში, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ეს დროშა ასევე იქნებოდა ევროპის დროშა, როგორც სახელმწიფოთა თანამეგობრობის სიმბოლო.
ევროკავშირის დროშა პირველად 37 წლის წინ, 1986 წლის 29 მაისს, აღიმართა ქ. ბრიუსელში, ევროკომისიის ბერლეიმონის შენობის წინ. დღეს ევროკავშირის დროშა აღმართულია მთელი ევროპის მასშტაბით სხვადასხვა მონუმენტსა და შენობაზე, მათ შორის პარლამენტებსა და სხვა ოფიციალური ინსტიტუციების შენობებზე. მოგვიანებით, 1986 წლის 29 მაისს, იგი საზეიმოდ ჩამოკიდეს ევროკომისიის შტაბ-ბინის წინ, ბრიუსელში. რა თქმა უნდა, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ჰანგების ფონზე – „სიხარულის ოდა“.. – ეს მელოდია ევროკავშირის ოფიციალური ჰიმნია.
მიმდინარე კლიმატის ცვლილება, მეცნიერების ვარაუდით ადამიანის სამეურნეო საქმიანობის გააქტიურებით არის გამოწვეული და პირდაპირ უკავშირდება ინდუსტრიალიზაციის პროცესებს. ეს პრობლემა განსაკუთრებით თვალშისაცემი მე–20 საუკუნის მეორე ნახევრიდან გახდა, როდესაც ადამიანებმა მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დაიწყო ბუნებრივი რესურსების ინტენსიური ათვისება. სწორედ ამ დროს აღინიშნა დედამიწაზე საშუალო წლიური ტემპერატურის მკვეთრი ზრდა და გახშირდა სხვადასხვა სახის ბუნებრივი კატასტროფები. მსოფლიო აღმოჩნდა სერიოზული საშიშროების წინაშე, რადგან გარემოსადმი მიმართულმა ასეთი გაუაზრებელი/მომხმარებლური დამოკიდებულებამ შეუქცევადი პროცესები გამოიწვია და საფრთხე შეუქმნა მომავალ თაობებს.
კლიმატის გლობალური ცვლილება დაკავშირებულია გლობალური ტემპერატურის მატებასთან და დედამიწის ატმოსფეროში ზოგიერთი გაზის გადამეტებული კონცენტრაციითაა გამოწვეული, რაც ხელს უშლის დედამიწიდან „ზედმეტი“ სითბოს არეკვლას. ამ გაზებს „სათბური გაზები“ ჰქვია და მას მიეკუთვნება ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ქვეჟანგი და ა. შ. რაც უფრო მაღალია “სათბურის აირების” კონცენტრაცია ატმოსფეროში, მით მეტი სითბო რჩება დედამიწაზე.
ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა იწვევს ზღვის დონის აწევას. გაიზრდა კლიმატური კატასტროფული მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვალა ნალექების რაოდენობა და განაწილება. აგრეთვე შეიცვალა სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდა მყინვარები, გადაშენდა ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობები, გაიზრდა დაავადებათა რიცხვი.
გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, 90-იანი წლების დასაწყისში ჩატარდა მთელი რიგი სამთავრობათაშორისო კონფერენციები და შეხვედრები კლიმატის ცვლილების პრობლემებთან დაკავშირებით; მსოფლიოს მთავრობებმა დაიწყეს მზადება ჩარჩო კონვენციის მომზადებაზე და 1992 წლის 9 მაისს, რიო დე ჟანეროში, 154 სახელმწიფოს წარმომადგენელმა ხელი მოაწერა კლიმატის ცვლილების კონვენციას. კონვენცია ძალაში შევიდა 1994 წლიდან. რაც იმას ნიშანვდა, რომ მსოფლიოს ლიდერებმა ერთხმად აღიარეს კლიმატის ცვლილება და დაიწყეს ერთობლივი ღონისძიებების გატარება მისი შერბილების მიზნით. კლიმატის ცვლილების კონვენციის საბოლოო მიზანია მიაღწიოს ატმოსფეროში სათბურის გაზების კონცენტრაციების სტაბილიზაციას იმ დონეზე, რომელიც არ დაუშვებს კლიმატურ სისტემაზე საშიშ ანთროპოგენურ ზემოქმედებას.
მოყოლებული აქედან, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, საქართველოც აქტიურადაა ჩართული კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში. კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში უდუდესი როლი აკისრია ალტერნატიული ენერგიების სწორ და რაციონალურ გამოყენებას. რაც მეტად დავნერგავათ და აქტიურად გამოვიყენებთ განახლებად ენერგიას,მით უნფო მეტ სარგებელს მოვუტანთ გარემოს და დავაკმაყოფილეთ მსოფლიო საზოგადოების მოთხოვნებს.
ახალი წელი მხიარული, ნათელი და ყველაზე ლამაზი დღესასწაულია. მის შესახვედრად დიდი ხნით ადრე ვიწყებთ მზადებას. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ამ დღეს ყველაფერი ძალიან ორიგინალური, დაუვიწყარი და მხიარული გვინდა რომ იყოს.
მსოფლიოში რამდენი ქვეყანაცაა, იმდენი საახალწლო ტრადიციაა. ქვეყნების სხვადასხვა სასაათო სარტყელში მდებარეობის გამო ახალი წელიც სხვადასხვა დროს დგება. ვნახოთ სად, როდის და როგორ ხვდებიან ახალ წელს.
ყველზე პირველად ახალ წელს ოკეანეთში მდებარე შობის კუნძულების შემადგენელ კუნძულ კირიტიმატის მცხოვრებლები ხვდებიან. ასევე პირველები ზეიმობენ ახალი წლის დადგომას ქ. ნუკუალოფას (ტონგას სამეფოს დედაქალაქი) მაცხოვრებლები.
+0.15 — კუნძული ჩატემი (ახალი ზელანდია) , რომელიც ახალი ზელნდიიდან მოშორებით მდებარეობს მეორე ხვდება ახალ წელს. ამ კუნძულზე სპეციალური სასაათო სარტყელია.
+1.00 — შემდეგ ახალი წელი უკვე თავად ახალ ზელანდიაშიც დგება. წლის დადგომას ამავე დროს ხვდებიან ანტარქტიდის სამხრეთ პოლუსის მკვლევარები.
+2.00 — ახალი წელი უკვე რუსეთშიც, უფრო კონკრეტულად, კი მის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში (ანადირი და კამჩატკა) დგება. დღესასწაულს ასევე ზეიმობენ ფიჯის, ნაურუს, ტუვალუს და წყნარ ოკენანეში მდებარე სხვა კუნძულებზე.
+2.30 — კუნძული ნორფოლკი (ავსტრალია).
+3.00 —აღმოსავლეთ ავსტრალიის ნაწილი (სიდნეი, მელბურნი, კანბერა) და წყნარ ოკეანეში მდებარე ზოგიერთი კუნძული ( ვანუატუ, მიკრონეზია, სოლომონის კუნძულები და სხვ.). უნდა აღინიშნოს, რომ ავსტრალიაში ახლ წელს გრანდიოზულად ხვდებიან. მართალია, აქ ახალი წელი, ჩვეულებრივ 1 იანვარს აღინიშნება, მაგრამ ამ დროს იქ ისეთი სიცხეა , რომ ფიფქია და თოვლის ბაბუა საჩუქრებს საცურაო კუსტუმებში გამოწყობილები არიგებენ. ახალი წლის ღამეს სიდნეის თავზე კი ისეთ ფეირვერკებს უშვებენ, რომ მათი შემჩნევა 16–20 კმ–ის რადიუსის ფარგლებშიც შესაძლებელია. +3.30 — სამხრეთი ავსტრალია (ადელაიდა).
+4.00 — ავსტრალიაში კვინსლენდის შტატი (ბრისბენი), რუსეთის ნაწილი (ვლოდივოსტოკი) და ზოგიერთი კუნძული – პაპუა–ახალი გვინეა, მარიანის კუნძულები.
+4.30 — ჩრდილოეთ ავსტრალიის ტერიტორია (დარვინი).
+5.00 — იაპონია და კორეა. ახალი წლის აღნიშვნის მეტად საინტერესო ტრადიცია აქვთ იაპონიაში. იაპონიაშიახალი წელი ახალი ცხოვრების დასაწყისს ნიშნავს, ამიტომ ყველა ცდილობს ვალების გასტუმრებას. ასევე ახალი წლის ღამეს ყველა იაპონელი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი იცინოს, რადგან სჯერათ, რომ სიცილი მათ წარმატებას მოუტანს ახალ წელს. გარდა ამისა, ახალი წლის ღამეს ისინი ტაძარს სტუმრობენ, სადაც 108–ჯერ რეკავენ ზარს. ზარის თითო ხმა თითო ცოდვას შეესაბამება. მართალია, ცოდვა სულ 6–ია, მაგრამ თითეოულ მათგანს კიდევ 18 სხვადასხვა ელფერი აქვს და ჯამში 108 გამოდის. ზარის თითეოულ ჩამორეკვას თან მიაქვს ცუდი. საახალწლო აქსესუარებიდან კი მეტად პოპულარულია ბედნიერების ომულეტი – მინიატურული ფოცხი და ამიტომ ყველა იაპონელი ყოველ ახალ წელს ახალ ომულეტს ყიდულობს ბედნიერების „მოსაფოცხად“.
+6.00 — ჩინეთი, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის ნაწილი და ავსტრალიის დარჩენილი ტერიტორია. ჩინეთში ახალ წელს 17 იანვრიდან 19 თებერვლამდე ახალმთავრეობისას აღნიშნავენ. ქუჩის პროცესიები – ამ დღესასწაულის ყველაზე საინტერესო ნაწილია. პროცესიის დროს ათასობით ფანარი ინთება, რადგან ჩინელებს სჯერათ, რომ ახალი წელს ბოროტი სულები ებრძვიან და ამიტომ მათ განდევნას ფანრებით და ხმაურიანი ფეირვერკებით ცდილობენ.
+7.00 — ინდონეზია და დანარჩენი სამხრეთ –აღმოსავლეთი აზია.
+7.30 — მიანმარი. იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ახალი წელი ყველაზე ცხელ სეზონს ემთხვევა, მას წყლის ფესტივალით აღნიშნავენ. სანახაობა, მართლაც რომ სასაცილოა: ნებისმიერი ასაკის ადამიანები შეხვედრისას ერთმანეთს წყლით წუწავენ. აქ არაფერია გასაბრაზებელი, რადგან წყლის მისხმა მხოლოდ ტრადიციაა და კეთილგანწყობას გამოხატავს,
+8.00 — ბანგლადეში, შრი–ლანკა და რუსეთის ნაწილი (ნოვოსიბირსკი. ომსკი).
+8.15 — ნეპალი.
+8.30 –ინდოეთი.
+9.00 — პაკისტანი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი და რუსეთის ნაწილი (ეკატერინბურგი, უფა).
+9.30 — ავღანეთი.
+10.00 — საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთის ნაწილი (სამარა) და ზოგიერთი კუნძული ინდოეთის ოკეანეში.
+10.30 — ირანი.
+11.00 — დასავლეთ აზიის ნაწილი, აფრიკის ნაწილი, რუსეთი (მოსკოვი, სანქტ–პეტერბურგი).
+12.00 — რუმინეთი, უკრაინა, საბერძნეთი, თურქეთი, ისრაელი, ფინეთი, აფრიკის ნაწილი.
+13.00 — დასავლეთი და ცენტრალური ევროპა: დანია, გერმანია, ბელგია, იტალია, საფრანგეთი, შვედეთი, და სხვ.; ასევე აფრიკის ნაწილი. გავეცნოთ რამდენიმე საინტერესო ტრადიციას. მაგ; იტალიაში არავის უკვირს ახალი წლის ღამეს არასასურველი ნივთების გადაყრა. პირდაპირ ფანჯრებიდან ცვივა ყვავილების ძველი ქოთნები, ავეჯი, ტანსაცმელი და სხვ. იტალიელებს სჯერათ, რომ რაც უფრო მეტ ნივთს დატოვებენ ქუჩაში, მით მეტი წარმატება და ფული ექნებათ ახალ წელს. დანიაში კი ტყის მცველებმა ბრაკონიერებთან, რომელთაც ნაძვის ხის მოჭრა და სახლში წაღება უნდათ, ბრძოლის შესანიშნავ მეთოდს მიაგნეს. წინა საახალწლო დღეებში ისინი ნაძვის ხეს სპეციალურ ხსნარს უსვამენ, რომლის მყრალი სუნიც სივრცეში შეუმჩნეველია, მაგრამ როგორც კი თბილ გარემოში აღმოჩნდება, იგი მაშინვე საშინელ სუნს უშვებს. ასე რომ, სახლში ლამაზი ნაძვის ხის დადგმის ყველანაირი სურვილი უქრებათ!
+14.00 — დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, აფრიკის ნაწილი.
+15.00 — აზორის კუნძულები.
+16.00 – ბრაზილია.
+17.00 —არგენტინა, სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთი ნაწილი.
+17.30 — კუნძული ნიუფაუნდლენდი (კანადა).
+18.00 — აღმოსავლეთი კანადა, კარიბის ზღვის აუზის ბევრი კუნძული, სამხრეთ ამერიკის ნაწილი. საინტერესო ტრადიცია აქვთ კუბაში. აქ ახალი წლის წინ ჭურჭელს – თასებს, ქვებებს, ჯამებს წყლით ავსებენ და ზუსტად 12 საათზე ფანჯრებიდან ასხავენ. ასევე აუცილებელია, სანამ საათი 12–ჯერ ჩამოკრავს, ყურძნის 12 მარცვალის შეჭმა, რომ სიკეთე, თანხმობა, მშვიდობა და კეთილდღეობა მთელი წელი იყოს მათი თანამდევი.
+19.00 — კანადის აღმოსავლეთი ნაწილი (ოტავა) და აშშ (ვაშინგტონი, ნიუ–იორკი), სამხრეთ ამერიკის დასავლეთი ნაწილი. ახალი წლის ღამეს ნიუ–იორკში ტაიმს–სკვერში ნეონის ათასობით ნათურით განათებულ ბურთს საზეიმოდ უშვებენ.
+20.00 — კანადის ცენტრალური ნაწილი და აშშ (ჩიკაგო, ჰიუსტონი), მექსიკა და ლათინური ამერიკის ბევრი ქვეყანა.
+21.00 — კანადის ნაწილი (ედმონტონი, კალგარი) და აშშ (დენვერი, ფენიქსი, სოლტ–ლეიკ–სიტი).
+22.00 — კანადის დასავლეთი ნაწილი (ვანკუვერი) და აშშ ( ლოს–ანჯელესი, სან–ფრანცსკო).
+23.00 — ალასკის შტატი (აშშ).
+23.30 — საფრანგეთის პოლინეზიის ნაწილი – მარკიზის კუნძულები.
+24.00 — ჰავაის კუნძულები (აშშ), ტაიტი და კუკის კუნძული.
+25.00 — ყველზე ბოლოს ახალ წელს კუნძულ სამოას მოსახლეობა ხვდება.
აი, ასე ხვდებიან ახალ წელს მსოფლიოში – სხვადასხვა ქყეყანაში სხვადასხვა დროს და სხვადასხვანაირად, მაგრამ ყველა მათგანს ერთი საერთო ნიშანი აქვს: ახალ წელს მხიარულად და სიხარულით ეგებებიან. ახალი წელი ხომ სიახლის, იმედისა და სიხარულის მომტანია. მთავარია მას ღიმილით შევეგებოთ, რადგან ერთი ტრადიცია ნამდვილად უცვლელია ნებისმიერ ქვეყანაში და ყველა ადამიანს აერთიანებს – ესაა რწმენა იმისა, რომ ახალი წელიწადი ყველაზე სანუკვარი სურვილების ასრულებას დაუდებს დასაბამს.
ხშირად მოვისმენთ, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ურბანიზაციის ეპოქაში და ეს ნამდვილად სიმართლეა. მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე გაცილებით მეტი, უკვე თითქმის 58% ცხოვრობს ქალაქში. ურბანიზაციის დონე, ანუ ქალაქის მოსახლეობის ხვედრითი წილი მთელი ქვეყნის მოსახლეობაში, განსაკუთრებით მაღალია განვითარებულ და სუპერ განვითარებულ სახელმწიფოებში, როგორებიცაა აშშ, გერმანია, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო და იაპონია. მსოფლიოს ქალაქებში დღეს 4,3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი გაიზრდება, რადგან მოსახლეობით ორ უდიდეს სახელმწიფოში ჩინეთსა და ინდოეთში ურბანიზაციის პროცესი მზარდი ტემპებით მიმდინარეობს.
მსოფლიოს დიდი ქალაქების ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე იწყება. დიდი ქალაქების მდებარეობს ემთხვევა უძველესი ცივილიზაციების გავრცელების არეალს, რომელთა დასახლება იქ, სადაც ისინი მდებარეობდნენ ჰიდრორესურსებმა განაპირობა.
ქალაქი ბაღდადი მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი მილიონერი ქალაქი იყო. მალევე, მილიონერი ქალაქი გახდა რომი და შემდეგ ალექსანდრია (ეგვიპტე). პირველი ქალაქი მსოფლიოში, რომლის მოსახლეობამაც 5 მილიონ ადამიანს გადააჭარბა ლონდონი იყო, ხოლო პირველი ქალაქი, რომლის მოსახლეობის რაოდენობაც 10 მილიონს განსცდა – ნიუ-იორკი. გაეროს კრიტერიუმებით, 10 მილიონზე დიდ ქალაქებს მეგაქალაქები ეწოდება.
ქალაქებზე საუბრისას ძალიან ხშირად შევხვდებით ტერმინს აგლომერაცია. ტერმინი ლათინური სიტყვიდან „აგლომერო“ მომდინარეობს, რაც ქართულად ნიშნავს „ვუერთებ“. ეს არის ქალაქური დასახლებათა ტიპების სისტემა, რომლებიც ალაგ-ალაგ ერთმანეთს უერთდებიან, ერწყმიან და ერთიანდებიან. განასხვავებენ მონოცენტრულ და პოლიცენტრულ აგლომერაციებს. მონოცენტრისტულია ისეთი ტიპის აგლომერაცია, რომელშიც ერთი წამყვანი ქალაქია, როგორც ბირთვი და მისი სატელიტი ქალაქები მის ირგვლივ ერთიანდებიან, მაგალითად, თბილისი. ხოლო პოლიცენტრისტული აგლომერაციის შემთხვევაში, მრავალი თითქმის თანაბარი გავლენის ქალაქია წარმოდგენილი. ამის ნათელი მაგალითია გერმანიაში, რურის აუზში, რურის აგლომერაცია.
მეორე ტერმინი, რომელიც ქალაქებზე საუბრისას გვხვდება მეგაპოლისია. ის შეიძლება სუპერაგლომერაციის ან მეგალაქალაქის სახელითაც შეგვხვდეს. საქალაქო განსახლების ყველაზე მსხვილი ფორმა. სტიქიურად ყალიბდება მეზობლად მდებარე დიდი რაოდენობით საქალაქო აგლომერაციების შეზრდის შედეგად. ტერმინი მეგაპოლისი პირველად 1957 წელს გამოიყენეს იმ სისტემის აღსაწერად, რომელიც ქალაქი ბოსტონიდან ქალაქ ვაშინგტონამდე იყო გადაჭიმული და დღეს მას ბოსტვაშის მეგაპოლისის სახელით ვიცნობთ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამი მეგაპოლისია, ბოსვაში, ჩიპიტსი და სან-სანი, სწორედ ეს უკანასკნელია ერთადერთი, რომელიც მხოლოდ ერთ შტატში, კალიფორნიაში, ვრცელდება. სან-სანის მეგაპოლისი სან-ფრანცისკოდან სან-დიეგომდეა გადაჭიმული და თავის მხრივ, მოიცავს ლოს-ანჯელესს, რომელიც სიდიდით ამერიკის მეორე ქალაქია. ლოს-ანჯელესის გარდა სან-სანში ასევე შედის საკრამენტო, სან-ბერნანდინო, კუპერტინო და ვითიერი. ჩიპიტსი გადაჭიმულია ჩიკაგოდან პიტსბურგამდე და დეტროიტს, კოლუმბუსს, კლივლენდსა და ერს აერთიანებს. ბოსტვაში ბოსტონიდან ვაშინგტონამდე ვრცელდება და ნიუ-იორკს, პროვიდანსს, ფილადელფიას, ბალტიმორსა და ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარე სხვა მნიშვნელოვან ქალაქებს მოიცავს.
გარდა ამერიკის შეერთებული შტატების მეგაპოლსიებისა, ისინი ასევე გვხვდება გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და იაპონიაში, რომლის დედაქალაქი – ტოკიო მრავალი წყაროს მიხედვით მსოფლიოს ყველაზე დიდი მეტროპოლიაა.
უდიდესი ქალაქების გადანაწილება კონტინენტების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:
ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი ქალაქი მექსიკის დედაქალაქი მეხიკოა, რომელიც წარსულში აცტეკთა იმპერიის ნაწილი იყო და მას ტენოჩტიტლანი ერქვა. მეხიკო ასევე ლათინური ამერიკის უდიდესი ქალაქი და ყველაზე დიდი ესპანურენოვანი ქალაქია მსოფლიოში.
სამხრეთ ამერიკის კონტინენტის უდიდესი ქალაქია ბრაზილიის ყველაზე მსხვილი საქალაქო აგლომერაცია – სან-პაულოა. ის სან-პაულოს შტატში მდებარეობს და ასევე მსოფლიოს ყველაზე დიდ პორტუგალიურენოვან ქალაქს წარმოადგენს.
ევროპაში დიდი ხნის განმავლობაში, მოსახლეობით კონტინენტის უდიდესი ქალაქი მოსკოვი იყო, თუმცა სწრაფი ბუნებრივი მატებისა და მიგრაციული პროცესების გამო, ბოლო რამდენიმე წელია მრავალი წყაროს ცნობით, კონტინენტის უდიდესი ქალაქის სტატუსი სტამბულმა მოიპოვა. ( თუმცა აქ სადავოა, ჩავთვლით თუ არა სტამბულის აზიურ ნაწილს ევროპის მოსახლეობად). ევროკავშირის უდიდესი ქალაქის ნომინაციაში პარიზია ლიდერი.
აზიის უდიდესი ქალაქი, მსოფლიოს ყველაზე დიდი ქალაქი და მეგალაქალაქი, ტოკიოა, რომელიც კუნძულ ჰონსიუზე მდებარეობს. თავის მხრივ, ეს კუნძული ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული კუნძულია მსოფლიოში. აზიაში ასევე მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე დიდი ისლამური ქალაქი ჯაკარტა, რომელიც კუნძულ იავაზეა განლაგებული. აზიაში მეგაქალაქებია შანხაი, ბეიჯინგი, მუმბაი, მანილა.
აფრიკის დემოგრაფია სწრაფად იცვლება. კონტინენტზე მდებარე რამდენიმე სახელმწიფოში აქტიურად მიმდინარეობს დემოგრაფიული აფეთქების პროცესი, ხოლო ბევრგან შექმნილია ჭარბმოსახლეობის პრობლემა. კონტინენტის უდიდესი ქალაქის ტიტული დიდი ხნის განმავლობაში კაიროს ეკავა, თუმცა დღეს ეს სტატუსი მას ლაგოსმა (ნიგერია) ჩამოართვა. ზოგადად, ნიგერიის სახელმწიფო მოსახლეობით ძალიან სწრაფად იზრდება და ექსპერტთა ვარაუდით 2050 წელს მსოფლიოში მე-4 იქნება ამ მაჩვენებლით.
ავსტრალიასა და ოკეანეთში უდიდესი ქალაქი იყო და რჩება სიდნეი.
ზოგადად, ელექტორალური გეოგრაფია, როგორც მეცნიერება მე-20 საუკუნეში დაიბადა და განსაკუთრებული პოპულარობა ისეთ ქვეყნებში მოიპოვა, რომლებშიც არჩევნები კონკურენტულ გარემოში ტარდება. აღნიშნული მეცნიერება გეოგრაფიის მიმართულების, საზოგადოებრივი გეოგრაფიის ერთ-ერთი ქვედარგია. იგი სწავლობს არჩევნების შედეგების ლოგიკურ გამომდინარეობას ქალაქის, რეგიონისა თუ ეკონომიკური რაიონის დემოგრაფიული სტრუქტურიდან. აშშ-ში მეცნიერების განსაკუთრებულ პოპულარობას ქვეყნის საარჩევნო სისტემაც განაპირობებს.
როგორ ირჩევენ პრეზიდენტს ამერიკის შეერთებულ შტატებში:
აშშ-ში პრეზიდენტს არ ირჩევენ პირდაპირი წესით, რაც ნიშნავს, რომ ის, ვინც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას ავტომატურად არ ხდება ამერიკის პრეზიდენტი. იმისთვის, რომ შტატების მოსახლეობათა უფლებები თანაბარი ყოფილიყო და პრეზიდენტის არჩევა დიდი ქალაქის მოსახლეობაც არ გადაეწყვიტა, დამფუძნებელმა მამებმა შექმნეს საარჩევნო კოლეგია. დღეს ამ კოლეგიაში 538 წევრია, თითოეული შტატი წარმოდგენილია იმდენი დელეგატით, რაც მათი დეპუტატების ჯამის სენატსა და წარმომადგენლობით პალატაში. ამას ემატება კოლუმბიის ოლქის 3 მანდატი, რომელიც შტატი არ არის, თუმცა საპრეზიდენტო კოლეგიაში თავისი წარმომადგენლობა ჰყავს. მოსახლეობის შესაბამისად, ყველაზე დიდი წარმომადგენლობა კალიფორნიას ჰყავს, 54 მანდატი, ხოლო ყველაზე მცირე 3 მანდატიანი შტატებია. დაწყებული ვერმონტით, დასრულებული ჩრდილოეთ დაკოტით. ამ სიაში შედის ალასკა, სამხრეთ დაკოტა, ვაიომინგი, კოლუმბიის ოლქი და დელავერი.
დღეს ამერიკის საარჩევნო რუკას ასეთი სახე აქვს. ქვეყნის ცენტრალურ შტატებში, რომელთა მოსახლეობაც ძირითადად კონსერვატორია და ამ შტატებში არ არის არცერთი უდიდესი ქალაქი წითელია, ანუ მხარს უჭერს რესპუბლიკელებს. წითელ შტატებს „წითელ კედელსაც“ უწოდებენ. ლურჯი შტატები კი დემოკრატების მხარდამჭერი შტატებია, რომლებიც ძირითადად მრავალმოსახლიანი და მჭიდროდ დასახლებულნი არიან. ამ შტატებშია ამერიკის სამი უდიდესი ქალაქიდან სამივე- ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი და ჩიკაგო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არც მხოლოდ წითელი შტატები და არც მხოლოდ ლურჯი შტატები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კანდიდატმა 270 ხმა აიღოს, ანუ 538/2+1, რაც საჭიროა პრეზიდენტობისთვის. შესაბამისად, ყველა კანდიდატს სჭირდება გამარჯვება თეთრ, ანუ მერყევ შტატებში, რომლებიც ჩვეულბრივ წყვეტენ ხოლმე იმას, თუ ვინ გახდება ამერიის პრეზიდენტი. დღეს ეს შტატებია: უისკონსინი, მიჩიგანი, პენსილვანია, არიზონა და ჯორჯია.
თუმცა, ყოველთვის ასე არ იყო. ყველას, ვისაც გეოგრაფიის ეს დარგი აინტერესებს ახსოვს 2000 წლის არჩევნები, როცა ფლორიდის ხმათა დათვლის პროცესმა სასამართლოში გადაინაცვლა და სწორედ უზენაესმა სასამართლომ გამოაცხადა ჯორჯ ვოლქერ ბუში ამერიკის პრეზიდენტად. მაშინ ფლორიდა უდიდესი მერყევი შტატი იყო, თუმცა დღეს ის რესპუბლიკური შტატია. წლების განმავლობაში, ფლორიდაში ხდებოდა კუბიდან მიგრანტების კონცენტრაციის გაზრდა. ისინი ფლორიდის სრუტის გავლით მაიამიში და ნეაპოლში სახლდებოდნენ (იგულისხმება ფლორიდის ქალაქი ნეაპოლი). ისინი ჩვეულებრივ კონსერვატორები არიან და ამან ფლორიდა მერყევი შტატიდან რესპუბლიკურ შტატად გადააქცია. ყურადღება უნდა გავამახვილოთ შტატ არიზონაზე, რომელსაც ყოველთვის ჭეშმარიტ წითელ შტატად ვიცნობდით, დღეს ის „ცისფერი შტატია“- რაც ნიშნავს, რომ ხდება სულ უფრო და უფრო დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი. არიზონას შტატის სამხრეთ საზღვარი მექსიკის რესპუბლიკისა და ამერიკის საზღვარს ემთხვევა და მათ საზღვარზე არსებულ უდაბნოთა სისტემაზე გადის. ლათინური ამერიკიდან წამოსული მიგრანტთა ნაკადი, რომელიც ჩვეულებრივ ამერიკის შეერთებულ შტატებში რიო გრანდეს ან ჩიჰუაჰუას უდაბნოს გავლით შედის, არიზონაში სალხდება. ლათინო ამერიკელებში კი დემოკრატიულ პარტიას განსაკუთრებით დიდი მხარდაჭერა აქვს. იცვლება დემოგრაფია და იცვლება საარჩევნო რუკაც, თუ ადრე არჩევნების ბედი ფლორიდაში, ვირჯინიასა და ოჰაიოში წყდებოდა, ახლა ყველამ წინასწარ იცის ამ შტატებში გამარჯვებულის ვინაობა და მზერას არიზონას, ჯორჯიასა და დიდი ტბების სისტემის შტატებს მივაპყრობთ ხოლმე.
აფრო-ამერიკელი მოსახლეობის გავლენა ამერიკის საარჩევნო რუკაზე
პირველ რუკაზე ჩვენ ვხედავთ იმ ქაუნებს (ქაუნები შტატების შიდა ადმინისტრაციულ რაიონებს წარმოადგენენ), რომლებშიც აფრო ამერიკელთა დიდი კონცენტრაციაა, ხოლო მეორე რუკაზე არჩევნების შედეგების ქაუნების მიხედვით, თუ დავაკვირდებით, შევნიშნავთ მარტივ კანონზომიერებას, რომ აფრო-ამერიკელები ხმას დემოკრატებს აძლევენ, სწორედ აფრო-ამერიკელების დიდმა აქტიურობამ განაპირობა, 2008 წელს ბარაკ ობამას შთამბეჭდავი გამარჯვება, ხოლო 2020 წელს ჯო ბაიდენის მიერ ჯორჯიის შტატის მოგება, რომელიც ყველას წარმოუდგენელ მოვლენად ეჩვენებოდა. 2016 წელს კი აფრო-ამერიკულმა მოსახლეობამ დემოკრატ ჰილარი კლინტონს ზურგი აქცია, რამაც მისი ჯორჯიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში მარცხი განაპირობა.
დებატები საარჩევნო სისტემის ირგვლივ
ამერიკის შეერთებული შტატების საარჩენო სისტემა ნამდვილად არ არის იდეალური და კრიტიკა, რომელიც მის მიმართ ისმის, ბევრისთვის სამართლიანია. მეტიც, ამერიკელების 60%-ზე მეტი მხარს უჭერს მის გაუქმებას. თუმცა, დღეს მისი გაუქმება არ არის პოლიტიკური ნება, რადგან ამას რესპუბლიკური პარტიის აბსოლუტური უმეტესობა ეწინააღმდეგება. თუ ამერიკის შეერთებული შტატები გადავა ჩვეულებრივ საარჩევნო სისტემაზე და პრეზიდენტს ხმის მიცემის პირდაპირი წესით აირჩევს, მაშინ ძალიან ნაკლებსავარაუდოა, რომ ამ მოცემულობაში, რესპუვლიკელები გამარჯვებას შეძლებენ. 2000 წელს, ალ გორმა დაამარცხა ჯორჯ ბუში დაახლოებით 550 000 ხმით, თუმცა პრეზიდენტი მაინც ბუში გახდა საარჩევნო კოლეგიის ელექტორალური გადახრის გამო. 2016 წელს კი ჰილარი კლინტონმა 3 000 000 ხმით დაამარცხა დონალდ ტრამპი, თუმცა პრეზიდენტი ვერ გახდა. დემოკრატების უპირატესობას ხმათა რაოდენობის მხრივ განაპირობებს დიდი ქალაქები. დემოკრატების იგებენ ამერიკის ყველა დიდ ქალაქში და იღებენ ხმების 70-80%-ზე მეტს. რესპუბლიკელებს არ ძალუძთ ამ უპირატესობის გადაწონა პატარა აგრარული თუ სუბურბანული ქაუნებით. მაგალითად, ვიხილოთ ამერიკის 10 უდიდესი ქალაქის სია და შედეგები 2020 ამ ქალაქებში.
ნიუ იორკი, ნიუ-იორკი – ჯო ბაიდენი- 85%
ლოს ანჯელესი, კალიფორნია – ჯო ბაიდენი 71%
ჩიკაგო, ილინოი – ჯო ბაიდენი- 74%
ჰიუსტონი, ტექსასი – ჯო ბაიდენი- 58%
ფენიქსი, არიზონა – ჯო ბაიდენი- 51%
ფილადელფია, პენსილვანია – ჯო ბაიდენი- 82%
სან-ანტონიო, ტექსასი – ჯო ბაიდენი59%
სან-დიეგო, კალიფორნია – ჯო ბაიდენი – 60%
დალასი, ტექსასი – ჯო ბაიდენი- 66%
სან-ხოსე, კალიფორნია – ჯო ბაიდენი- 74%
ამ სურათზე დაკვირვების შემდეგ, ბუნებრივია, რომ რესპუბლიკური პარტია ყველანაირად ხელს უშლის კოლეგიის გაუქმებას, ვინაიდან გიგანტურ მეგაქალაქებში ასეთი დიდი სხვაობების გათანაბრება პრაქტიკულად გამორიცხულია.
ბუნება საოცარი სისტემა, რომელიც არასდროს ვიცით რას გვიმზადებს. მსოფლიოში არსებობს ბუნების იმ ფენომენთა სია, რომლიც რამოდენიმეჯერ განმეორდა. ზოგს მოეძებნა ახსნა, ზოგსაც კი ვერა.
1997 წლის ზაფხულში, წყნარ ოკეანეში დაიწყო დიდი მასშტაბის კლიმატური ანომალიები. ოკეანის საკმაოდ დიდ ფართობზე წყლის და ჰაერის ტემპერატურამ ნორმის ზევით აიწია 2-4 გრადუსით, რამაც ოკეანოლოგიური და ატმოსფერული ხასიათის ცვლილებები გამოიწვია. მეტეოროლოგიური თანამგზავრებიდან დაკვირვებამ აჩვენა, რომ ავსტრალიის, ინდონეზიის, ახალი გვინეის დიდ ნაწილში მოიმატა ტემპერატურამ, რამაც შეამცირა ღრუბლიანობა და გამოიწვია გვალვა.
ასეთი ანომალიები ემთხვევა ელ-ნინიოს გამოჩენას. ელ-ნინიო (ესპანურიდან – `ბავშვი~, `ბიჭუნა~) ლოკალური ბუნებრივი ფენომენია, რომელიც ერთდროულად ოკეანის, ატმოსფეროს და ხმელეთის ურთიერთზემოქმედებით ჩნდება. მისი წარმოქმნის ინტენსივობა განპირობებულია წყნარი ოკეანის თბილი აუზით, სადაც წყლის ზედაფენებში 10-30 მეტრის სიღრმეზე წყლის ტემპერატურა 300-ს აღწევს. ელ-ნინიო ევროპის ტერიტორიის და ზოგჯერ მასზე დიდ ფართობსაც კი მოიცავს, რამდენიმე თვეს და ზოგჯერ წელიწადსაც გრძელდება. მას თან ახლავს ოკეანის, ატმოსფეროს გლობალური ცვლილებები. იწვევს წყალდიდობას, გვალვას, ტაიფუნს, სმერჩს, გრიგალს, ხანძარს. 1999 წ. ბოლოს და 2000 წ. თებერვალში, შვეიცარიაში იყო ძლიერი თოვა, 3-ჯერ მეტი ნორმაზე, ხოლო მაისში უჩვეულო დიდი სიცხის გამო დაზარალდა 200 კაცი. რუსეთის ევროპულ ნაწილში შეიქმნა ხანძარსაშიში მდგომარეობა, ხანძარი გაუჩნდა ტყეს. ხსნა მხოლოდ კოკისპირულ წვიმებს შეეძლო, მაგრამ გაბატონებული ანტიციკლონი არ უშვებდა ციკლონს ატლანტის ოკეანიდან. სამაგიეროდ უჩვეულო წყალდიდობა დაატყდა გერმანიას, საფრანგეთს, პოლონეთს, რუმინეთს, სერბეთს და სხვა.
ტრაგიკული შედეგები მოჰყვა ელ-ნინიოს დასავლეთ ნახევარსფეროშიც. უჩვეულო სიცხისგან აშშ აღმოსავლეთ რაიონებში ძლიერ დაზარალდა ნათესები. უჩვეულოდ ცხელოდა ნიუ-იორკშიც. სამაგიეროდ კოლუმბიასა და ვენესუელაში შემოდგომაზე წვიმებს მოჰყვა საშინელი წყალდიდობა, ღვარცოფებმა წალეკა მინდვრები, ქალაქების ქუჩები მდინარეებს დაემსგავსა.
საინტერესოა ელ-ნინიოს ანტიპოდი ლა-ნინია (ესპანურიდან ქართულად `გოგონა~). ლა-ნინიას დროს ზღვის წყლის ტემპერატურა ქვევით იწევს, თბილი წყლის ფართი მცირდება და ძლიერდება აღმოსავლეთის ქარები. ლა-ნინია ბევრად უფრო მშვიდია, ვიდრე ელ-ნინიო.
ალასკაზე ნავთობის აღმოჩენა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის უდიდესი გეოლოგიური აღმოჩენაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნახევრაკუძულის გეოლოგიური შესწავლა მე-20 საუკუნის 20 -იან წლებში დაიწყო, პირველი ნავთობი ალასკის სამხრეთით მდებარე კუკის ყურისა და კენაის ნახევარკუნძულის რაიონებში 1950 წლების ბოლოს აღმოაჩინეს. საძიებო სამუშაოები ექსტრემალურ ბუნებრივ პირობებში მიმდინარეობდა – ყინულის ბლოკები, ცხრა მეტრიანი ტალღები ხელს უშლიდა ჭაბურღილების დადგმას.
პირველი წარმატების შემდეგ გეოლოგებმა ალასკის უკიდურესი ჩრდილოეთი რაიონების – ბრუქსის ქედის კალთებისა და ბოფორტის ზღვის სანაპირო დაბლობის ათვისება გადაწყვიტეს. შდეგმაც არ დააყოვნა და 1968 წლის 18 მარტს ერთ-ერთი, პრადჰო-ბეის ჭაბურღილიდან ნავთობის შადრევანმა ამოხეთქა. საბადოს აღმოჩენის შემდეგ დაიწყო ეკოლოგიური, საკანონმდებლო და პოლიტიკური დებატები მშენებლობასთან დაკავშირებით.
ტრანსალაკისური ნავთობსადენი ალაკის ჩრდილოეთით მდებარე ნავთობის საბადო პრადჰო-ბეიში მოპოვებული ნავთობის ამავე ნახევრკუნძულის სამხრეთით მდებარე ნავსადგურ ვალდიზსში ტარნსპორტირებისთვის აიგო. ნავთობსადენი ალასკის შტატის ტერიტორიაზე ჩრდლოეთიდან სამხრეთისაკენ 1288 კმ-ზე გადის და ნედლი ნავთობის გადამტან მილსადენს, 12 სატუმბ სადგურს, რამდენიმე ასეული მილის სიგრძის დამხმარე მილსადენსა და ვალდიზის ტერმინალს მოიცავს. მილსადენი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში და კომპანია «Alyeska Pipeline Service Company»-ს ეკუთვნის. ნავთობსადენის მშენებლობა 1973 წლის ენერგეტიკული კრიზისის შემდეგ დაიწყო და 1977 წელს ამოქმედდა. ნავთობზე ფასების ზრდამ პრადჰო-ბეიში მისი მოპოვება ეკონომიურად ხელსაყრელი გახადა.
ნავთობსადენი, რომელსაც „მერვე საოცრებასაც“ უწოდებენ ამერიკული წარმოშობის რუსმა ინჟინერმა ეგორ პოპოვმა დააპროექტა. 1288 კმ სიგრძის ნავთობსადენი დახლოებით 800 მდინარესა და ნაკადულს, მათ შორის ალასკის უდიდეს მდინარეს იუკონს, სამ ქედს და სამ აქტიურ გეოლოგიურ რღვევას, მათ შორის დედამიწის ერთ-ერთ უდიდეს შორის რღვევას – დენალის გაივლის. ნავთობსადენის მშენებლობაში სამი უდიდესი ნავთობკომპანია „ბრიტიშ პეტოლიუმი, „ ექსონი“ და „ატლანტიკ რიჩფილდი“ მონაწილეობდა. იმ დროისათვის ისინი ამ საბადოს ლიცენზიას ფლობდნენ.
როგორც ავღნიშნეთ, ნავთობსადენის მშენებლობა რთულ პირობებში მიმდინარეობდა. ბევრ პრობლემას ქმნიდა დაბალი ტემპერატურა, გაუვალი და უდაბური ტერიტორია, მაღალი სეისმური აქტივობა, პოლარული ღამეები, მარადი მზრალობა, რის გამოც საჭირო გახდა ახალი ტექნოლოგიების შემუშავება. დღევანდელი ტრანსალასკური ნავთობსადენი დაცლილ მდგომარებაში -57 0C ყინვას უძლებს, ხოლო ნავთობით შევსებული – + 630C სითბოს.
პრადჰო-ბეის ნავთობის საბადომდე მისასვლელად და ნავთობსადენის მომსახურეობისთვის 1970 წელს ალასკაზე გაიყვანეს გზა დალტონი. ეს ერთადერთი გზაა ამ ტერიტორაზე, რომელიც ჩრდილოეთ პოლარულ წრეს კვეთს. მდინარე იუკონზე გადასვლისას ნავთობსადენი 1975 წელს აშენებულ ამ მდინარეზე აშშ-ს ერთადერთ 688 მ სიგრძის ხიდზე – ე.ლ. ლატონზე გადის. ასევე აშენებული იქნა 29 სამშენებლო ბანაკი.
ტრანსალაკისური ნავთობსადენი დღემდე საინჟინრო და სამშენებლო ხელოვნების შედევრს წარმოადგენს. მარადი მზრალობის გამო ნავთობსადენის თითქმის ნახევარი – დაახლოებით 680 კმ დედამიწის ზედაპირის ზემოთაა და სპეციალურ 6 მეტრიან ხიმინჯებზეა გადებული. მიწისქვეშა ნაწილები კი გრუნტის ხასიათიდან გამომდინარე 2,5-დან 5 მ-მდე სიღრმეზეა ჩადებული. სულ მშნებლობაზე 70 ათასამდე ადამიანი მუშაობდა,რომელთა ყოველკვირეული ხელფასი 2-3 ათას დოლარს შეადგენდა. საერთო ჯამში ნავთობსადენის მშენებლობა 8 მლრდ დოლარი დაჯდა, რაც იმ დროისათვის მნიშვნელოვან თანხას წარმოადგენდა.
2010 წლის მონაცემებით საერთო ჯამში ნავთობსადენით დაახლოებით 16 მლრდ ბარელი ნავთობი იქნა გადაზიდული. მას აშშ-ში მოპოვებული ნავთობის 17% გადააქვს. ნავთობსადენის მილის მაქსიმალური გამტარობა 2136 ბარელია დღე-ღამეში. 12 სატუმბი სადგური, რომლებიც ნავთობსადენის გასწვრივ 80-120 კმ-ითაა ერთმანეთისაგნ დაშორებული 10 კმ/სთ სიჩქარით ქაჩავენ ნავთობს. ნავთობს მთელი გზის გასავლელად ხუთი და მეტი დღე-ღამე სჭირდება. ნავთობსადენით ყოველდღიურად 600 ათასი ბარელი ნავთობი გადააქვთ.
ტრანსალასკური ნავთობსადენი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული მილსადენია. იგი ისეა დაპროექტებული, რომ 8,5 ბალის მიწისძვრას უძლებს. 2002 წელს დენალიში მომხდარ 7.9 მაგნეტუდის მიწისძვრას ნავთობსადენი არ დაუზიანებია, მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი ნავთობსადენიდან სულ რაღაც 80 კმ-ის დაშორებით მდებარეობდა. ნავთობსადენზე უსაფრთხოების ზომებიც მაქსიმურადაა დაცული: ყოველ სამ კვირაში მილებს სპეციალური საშაულებებით პარაფინისგან წმენდენ, ელექტრონული მოწყობილობები ნებისმიერ ხარვეზს აფიქსირებენ, დღეში რამდენჯერმე ხორცილედება დაკვირვება ვერტმფრენების საშუალებით და ასევე იყენებენ თანამგზავრულ კავშირს შესაძლო ავარიის წინასწარი პროგნიზირების მიზნით.
ნავთობსადენის მშენებლობამ ძლიერ შეაშფოთა ეკოლოგები, თუმცა განხილვებისა და კვლევების შედეგად მათი ყველა რეკომენდაცია და მოთხოვნა იქნა გათვალისწინებული. მშენებლობის დროს და მისი დასრულების შემდეგ გარემოს დაცვაზე დაახლოებით 7 მლრდ დოლარი დაიხარჯა, რაც ლამის თავად ნავთობსადენის მშენებლობაზე დახარჯული თანხის ტოლია. სპეციალურად შეიქმნა მილქვეშა და მილზედა გადასასვლელები ჩრდილოეთის ირმებისთვის -კარიბუებისთვის. მშენებლობის პროცესში ტრასის მიმართულება იშვიათი ფრინველების ბუდეების განლაგების მიხედვით იცვლებადა. მონადირეებს აკრძალული ჰქონდათ მილის ორივე მხარეს 8 კმ-ის დაშორებით მიახლოება. შეიძლება ითქვას, რომ ნავთობის მოპოვება, ნავთობსადენის მშენებლობა და გარემოს დაცვა ერთობლივად ხდება.
მიუხედავად ამისა ნავთობსადენის ამოქმედების შემდეგ ადგილი ჰქონდა ნავთობის დაღვრასთან დაკავშირებულ რამდენიმე სერიოზულ ინციდენტს. 2006 წელს პრადჰო-ბეის საბადოს რაიონში მილი დაზიანდა და დაახლოებით მილიონი კუბომეტრი ნავთობი დაიღვარა. ნედლი ნავთობით მეჩხერად დასახლებული ალასკის სანაპიროს თოვლიანი ტუნდრის 1 ჰა დაიფარა. ამიტომაც ნავთობსადენზე სარემონტო სამუშაოები დაიწყო და იგი დროებით დაიხურა.
ნავთობადენის მშენებლობამ და მისმა ექსპლუატაციამ ქალაქების ვალდიზის, ფერბაქსისა და ანკორიჯის სწარფი ზრდა გამოიწვია. ნავთობსადენზე და ნავთობსაწარმოებში ალასკის ყოველი მეათე მცხოვრებია დასაქმებული. შემოსავლი ისე გაიზარდა, გაუქმდა საგადასახადო ბეგარა და დამატებითი გადასახადი პროდუქტებზე. გარდა ამისა, ალასკაზე შტატის მთავრობის წარმომადგენლებმა ალასკის მუდმივმოქმედი სპეციალური ფონდი დაარსეს, საიდანაც შტატის თითოეული მაცხოვრებელი ყოველწლირად 800 დოლარის ოდენობის ჩეკს იღებს.
აღორძინების ეპოქის ფლამანდრიელ კარტოგრაფს – გერჰარდ მერკატორს (1512-1554 წ. წ.) კარტოგრაფიის მამად თვლიან და ეს ასეც არის. მერკატორი 1512 წელს პატარა საპორტო ქალაქ რუპელმონდეში ანტვერპენთან (ბელგია) ახლოს დაიბადა. განათლება ლუვენის უნივერსიტეტში მიიღო, რომლის დამთავრების შემდეგ არისტოტელეს მოძღვრების შესწავლით დაკავდა. ცოტა ხანში მერკატორმა დაინახა, რომ არისტოტელეს შეხედულებები ბიბლიურ სწავლებებთან სრულიად შეუთავსებელი იყო. ის წერდა: «როგორც კი დავრწმუნდი, რომ „დაბადებაში“ აღწერილი შემოქმედების მოსესეული ვერსია ეწინააღმდეგებოდა არისტოტელესა და სხვა ფილოსოფოსების შეხედულებებს სამყაროს გაჩენის შესახებ, ყველა ფილოსოფოსის შეხედულებებმა დამაეჭვა და ბუნებისმეტყველების სწავლას შევუდექი».
მერკატორს არ სურდა ფილოსოფოსი გამხდარიყო, ამიტომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ამ განხრით სწავლა აღარ გაუგრძელებია. სამაგიეროდ, ცხოვრების დარჩენილი ნაწილი ბიბლიაში აღწერილი შემოქმედების პროცესის უტყუარობის დამტკიცებას მიუძღვნა.
1534 წელს მერკატორმა მათემატიკის, ასტრონომიისა და გეოგრაფიის შესწავლა დაიწყო მათემატიკოს გემა ფრიციუსთან. გარდა ამისა, მერკატორმა გრავირება ისწავლა შესაძლოა გრავიორ გასპერ ვან დერ ჰაიდენთან, რომელიც ასევე გლობუსების დამზადებით იყო ცნობილი. XVI საუკუნის დასაწყისში კარტოგრაფები გოტიკურ მსხვილ შრიფტს იყენებდნენ, რის გამოც რუკებზე ინფორმაციის მისათითებლად საკმარისი ადგილი არ იყო. მერკატორმა გლობუსებზე წარწერის გასაკეთებლად კურსივი, დახრილი შრიფტი დაამკვიდრა, რაც ძალიან მოსახერხებელი აღმოჩნდა.
1536 წელს მერკატორი გრავიორად მუშაობდა ფრიციუსთან და ვან დერ ჰაიდენთან ერთად მსოფლიო გლობუსის შექმნაზე. ამ პროექტის წარმატებას იმან შეუწყო ხელი, რომ მერკატორს ძალიან ლამაზი ხელწერა ჰქონდა. მერკატორის თანამედროვე გეოგრაფი ნიკოლას კრეინი წერს, რომ მაშინ, როცა სხვა კარტოგრაფმა „ამერიკის ტერიტორიის ორმოცდაათი პუნქტი ადამიანის სიმაღლისხელა რუკაზე დაიტანა, მერკატორმა სამოცი პუნქტი დაატია გლობუსზე, რომლის დიამეტრიც ორი მტკაველის ტოლი იყო“.
1537 წელს მერკატორმა შექმნა თავისი პირველი დამოუკიდებელი ნაშრომი — „წმინდა მიწის“ რუკა, რომელიც იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ „ხალხს უკეთ გაეგო ძველი და ახალი აღთქმა“. XVI საუკუნეში „წმინდა მიწის“ რუკები ძალიან უზუსტო იყო. ზოგ რუკაზე სულ რაღაც 30 ადგილი იყო დასახელებული და მათგან უმრავლესობის ადგილმდებარეობა არასწორად იყო მითითებული. მერკატორის რუკაზე კი 400-ზე მეტი ლოკაციის ნახვა იყო შესაძლებელი. გარდა ამისა, მის რუკაზე აღნიშნული იყო ის გზა, რომელიც ებრაელებმა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ განვლეს უდაბნოში. თავისი სიზუსტით ამ რუკამ მერკატორის თანამედროვეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
წარმატებით გახალისებულმა მერკატორმა 1538 წელს მსოფლიო რუკა გამოსცა. იმ დრომდე კარტოგრაფებმა ბევრი არაფერი იცოდნენ ჩრდილოეთ ამერიკის შესახებ და მას „შორეულ, უცნობ ქვეყანას“ უწოდებდნენ. თუმცა გეოგრაფიული სახელი „ამერიკა“ უკვე არსებობდა, მერკატორი პირველი იყო, რომელმაც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას ეს სახელი მიაკუთვნა.
მერკატორი მოღვაწეობდა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში, ანუ მსოფლიო ოკეანეთა და ახალი მიწების შესწავლის პერიოდში. იმ დროს მეზღვაურები ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებდნენ, რაც კარტოგრაფიის საქმეს ძალიან ართულებდა. თუმცა 1541 წელს მერკატორმა გულის წადილი აისრულა და როგორც თავად ამბობდა, შექმნა „ისეთი გლობუსი, რომელიც მანამდე არ ყოფილა“.
შემდგომ წლებში მერკატორმა დიდი დრო დაუთმო ნახაზებსა და საბეჭდი ფორმების გრავირებას ახალი გეოგრაფიული რუკების შესადგენად. 1590 წელს მერკატორს ავად გახდა: მან მეტყველების უნარი დაკარგა და მარცხენა მხარი მთლიანად წაერთვა. სამუშაოს გაგრძელება თითქმის შეუძლებელი იყო, მაგრამ ის არ ურიგდებოდა თავის მდგომარეობას და გადაწყვეტილი ჰქონდა, დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა. ის 1594 წელს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 5 რუკა, რომელზეც მერკატორი მუშაობდა, რუმოლდმა, მისმა ვაჟმა დაასრულა.
მერკატორის რუკების სრული კრებული 1595 წელს გამოქვეყნდა. ეს იყო რუკების პირველი კრებული, რომელსაც ატლასი ეწოდა. ამ პერიოდამდე რუკების კრებულს სამი საუკუნის გამოჩენილი ალექსანდრიელი სწავლულის კლავდიიოს პტოლომეს საპატივცემულოდ, რომლის ხელნაწერი რუკების კრებული თანამედროვე ატლასის წინამორბედია „პტალოომეებს~ უწოდებდნენ.
თავად სახელწოდება `ატლასი~ იმის გამო წარმოიშვა, რომ უკვე მერკატორის გარდაცვალების შემდეგ მისი რუკების კრებულის ყდაზე გამოხატული იყო ბერძნული მითოლოგიის გმირის – ატლანტის ანატლასის გამოსახულება, რომელსაც მხრებით ბურთისებური ციური სფერო ეკავა. ამის გამო ატლასის ყდებზე ასეთ გამოსახულებას დიდხანს ათავსებდნენ.
მერკატორის ატლასში განხილულია „დაბადების“ პირველი თავი, რომელშიც ღვთის სიტყვის უტყუარობის დასამტკიცებლად ფილოსოფოსების შეხედულებების საპირისპირო არგუმენტებია მოყვანილი. მერკატორმა ამ ნაშრომს „მთელი ჩემი შრომის მიზანი“ უწოდა.
„ატლასის“ ვრცელი გამოცემა, რომელიც 1606 წელს იოდოუკუს ჰონდიუსმა გამოსცა, მრავალ ენაზე დაიბეჭდა და მალე მსოფლიო ბესტსელერი გახდა. XVI საუკუნის კარტოგრაფმა აბრაჰამ ორტელიუსმა მერკატორს „ჩვენი დროის უდიდესი გეოგრაფი“ უწოდა, ხოლო მწერალმა ნიკოლას კრეინმა მერკატორზე თქვა, რომ ეს იყო „კაცი, რომელმაც დედამიწა რუკაზე გამოსახა“.
მერკატორის მემკვიდრეობით დღეს თითოეული ჩვენგანი სარგებლობს. ჩვენ ატლასით ვსარგებლობთ თუ ადგილმდებარეობის დადგენის გლობალური სისტემით, შეგვიძლია ამ ადამიანის დაუღალავი შრომა გავიხსენოთ, ადამიანისა, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება იმას შეალია, რომ გაეგო თავისი ადგილი დროსა და სივრცეში.
დღეს მერკატორის ქანდაკებები ნიდერლანდის, ბელგიისა და გერმანიის ქალაქებშია დადგმული. მისი სახელი ჰქვია ყველაზე გავრცელებულ საზღვაო რუკების პროექციას. გიცდიათ ოდესმე ფორთოხლის ქერქის გაბრტყელება? თუ ასეა, დაინახავდით, რომ ქერქის დეფორმირების გარეშე ამის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. ახლა შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა სირთულის წინაშე იდგნენ კარტოგრაფები, რომლებიც ცდილობდნენ დედამიწის სიბრტყეზე გამოსახვას. მერკატორმა ეს პრობლემა იმით გადაჭრა, რომ შექმნა მეთოდი, რომელიც დღეს მერკატორის პროექციის სახელწოდებით არის ცნობილი. რუკის შედგენის ამ ახლებური მეთოდით ხაზები, რომლითაც განედის გრადუსები აღინიშნება, ეკვატორიდან პოლუსებამდე თანაბარი მანძილით არის ერთმანეთისგან დაშორებული. თუმცა, ამ მეთოდის გამოყენებით მანძილები და ზომები მახინჯდებოდა (განსაკუთრებით ჩრდილოეთისა და სამხრეთისკენ). კარტოგრაფიის ისტორიაში ამ მეთოდს დიდ აღმოჩენად მიიჩნევენ. მერკატორის მიერ 1569 წელს გამოქვეყნებული კედლის მსოფლიო რუკა უნიკალური ნამუშევარი იყო, რამაც მას მნიშვნელოვანწილად გაუთქვა სახელი. მერკატორის პროექცია დღესაც გამოიყენება საზღვაო ნავიგაციასა თუ ადგილმდებარეობის დადგენის გლობალურ სისტემაში. მერკატორის პროექცია შეიძლება შევადაროთ გაშლილ ცილინდრს, რომელზეც მსოფლიო სიბრტყეზეა გამოსახული.
პოლარული ციალი პლანეტათა ატმოსფეროს ზედა ფენების ნათებაა, რომელიც მაგნიტოსფეროს მოიცავს და მზის ქარის ნაწილაკებით დამუხტული ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნება.
პოლარული ციალი ორივე ნახევარსფეროს მაღალი განედების ოვალური სარტყელის ზონებში აღინიშნება, რომელთაც დედამიწის მაგნიტური სარტყელი არტყამს ანუ ავრორალურ ოვალებში. ავრორალური ოვალების დიამეტრი წყნარი მზის პირობებში 3000 კვ. მეტრს შეადგენს, დღის მხარეს ზონის საზღვარი მაგნიტური პოლუსიდან 10–16° არის დაშორებული, ღამით კი 20–23°-ით. რამდენადაც დედამიწის მაგნიტური პოლუსების გეოგრაფიულს 12°-ით ჩამორჩება, პოლარული ციალი 67–70° განედებზე შეინიშნება. თუმცა, მზის აქტიურობისას ავრორალური ოვალი ფართოვდება და ქვედა განედებშიც 20– -25° -ზეც შეიძლება შემჩნევა, ანუ მათი გამოვლინების ჩვეულებრივი საზღვრებიდან ჩრდილოეთით ან სამხრეთით. მიუხედავად იმისა რომ პოლარული ციალი უწყვეტად მიმდინარეობს, თვალისათვის შესამჩნევი ის მხოლოდა მზის აქტიურობის პერიოდშია, როდესაც დედამიწის ატმოსფეროში ძლიერი მაგნიტური ქარიშხლები მძვინვარებს. მზეზე დაკვირვებები საშუალებას იძლევა ქარიშხლები 2-3 დღით ადრე ვიწინასწარმეტყველოთ, სწორედ ეს დრო სჭირდება მზის ქარის ნაწილაკებს დედამიწამდე მისაღწევად. ავრორაზე დაკვირვებას ხელს უშლის ღრუბლები და ნათელი ღამეები. ამიტომ პოლარული ციალი ნახევარი წელი ჩრდილოეთ პოლუსის და ნახევარი წელი სამხრეთ პოლუსის მახლობლად არის შესამჩნევი.
პოლარული ციალი უფრო ხშირია გაზაფხულობითა და შემოდგომობით, ხოლო სიხშირის პიკი საგაზაფხულო და საშემოდგომო ბუნიობისას (დღეღამური ტოლობის დროს) აღწევს.
ატმოსფეროს შედგენილობა, სიმკვრივე და დედამიწიდან დაშორება განსაზღვრავს პოლარული გამოსხივების ფერს.
პოლარული ციალისას ჭარბი რაოდენობით ენერგია გამოიყოფა, (2007 წლის აღრიცხვით — 5×1014 ჯოული), დაახლოებით იმდენი, რამდენიც 5,5 ბალიანი მიწისძვრისას. კოსმოსიდან დაკვირვებისას პოლარული ციალი ცის სწრაფცვლადი ფერთა ნათების, მოძრავი სხივების, ხაზების, გვირგვინებისა და ”ფარდების“ ბზინვარებით ვლინდება. პოლარული ციალის ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება.
საუკეთესო ადგილები პოლარულ ციალზე დასაკვირვებლად არის ალასკა, კანადა და სკანდინავია.
1804 წელს მდინარე მისურის აუზის გამოსაკვლევად ამერიკული ექსპედიცია უ. კლარკისა და მ. ლიუსის მეთაურობით გაემგზავრა. ექსპედიციამ მდინარე მთლიანად გამოიკვლია შესართავიდან სათავემდე და შემდეგ კი წყნარ ოკეანეში გავიდა. ექსპედიციის შემადგენლობაში იყო ვინმე ჯონ კოლტერი, რომელიც 1807 წელს გამოეყო ძირითად ჯგუფს და დამოუკიდებლად დაიწყო უცნობი ადგილების გამოკვლევა. ჯ. კოლტერს გაუმართლდა. კლდოვანი მთების მიყრუებულ ადგილას, მდ. იელოუსტოუნის ზემო დინებაში მის წინ საოცარი სანახაობა გადაიშალა: რამდენიმე ადგილას დედამიწიდან წყლის ძლიერი ნაკადი იფრქვეოდა, ღრმა და ვიწრო კანიონები სავსე იყო ჩანჩქერებით, ცისფერი ტბის ზედაპირზე კი ხშირი ტყე ირეკლებოდა.
დიდხანს არავის სჯეროდა კოლტერის მონათხრობის და მდინარე იელოუსტონის საოცრება გამოგონილი ეგონათ. საბოლოოდ 1869 წელს ამ ადგილების დეტალურად გამოსაკვლევად ექსპედიცია მოეწყო. ექსპედიციამ დაბრუნების შემდეგ, აშშ-ს კონგრესს წინადადებით მიმართა მდ. იელოუსტონის ზემო დინება ნაკრძალად გამოეცხადებინათ. მხოლოდ 17 თვის შემდეგ დაამტკიცა კონგრესმა კანონპროექტი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი ეროვნული პარკის შექმნის შესახებ.
ინდიელები იელოუსტონის პარკს ”ყინულის, ცეცხლის, წყლის და ორთქლის ქვეყანას” უწოდებენ. პარკის ფართობის 1/10-ზე ათასმდე ცხელი წყარო და რამდენიმე ასეული გეიზერი მდებარეობს. პარკის საოცრებად კი მაინც დედამიწის უდიდესი გეიზერი ”ექსელსიორი” ითვლება. მისი წყლის სვეტის დიამეტრი 8-10 მ-ს, სიმაღლე კი 100 მ-ს აღწევს.
კლდოვანი მთების ქედებსა და ხეობებს თუ ზემოდან გადმოვხედავთ თვალწინ ყინულების სამეფო გადაიშლება. მუდმივი თოვლით დაფარული მთების წვეტიანი მწვერვალები თვალისმომჭრელად ბრწყინავენ მზის სინათლეზე. მყინვარების თეთრი ენების გვერდით ყვავილების ნაირფერი ხალიჩით დაფარული ალპური საძოვრები ანდამატივით იზიდავენ ტურისტებს.
აქვეა თავმოყრილი ტბებიც, რომელთა ფერიც ირგვლივ მდებარე მთების და ამგები ქანების ფერის მიხედვით იცვლება – ცისფერიდან იისფერამდე.
ქედების კალთების შუა ნაწილი ხშირი მუქწიწვოვანი ტყითაა დაფარული, თუმცა ხის ჯიშების სიმრავლით არ გამოირჩევა. აქაა რბილი და შავი ფიჭვი, ბალზამის ნაძვი, აქა-იქ კი ფოთოლმცვენი ვერხვი, ჯუჯა ნეკერჩხალი, თხმელა. მთათაშორის ქვაბულებში ფართო საძოვრებია და აჭიმული.
ძნელია მდინარე იელოსტოუნის კანიონის სილამაზის აღწერა. ხეობამ ტყუილად კი არ მიიღო ინგლისური სახელწოდება ინდიელებისაგან – ”ყვითელი ქვების ქვეყანა”. მართალაი, კანიონის ციცაბო კალთები სხვადასხვა ფერის ქანებითაა აგებული, მაგრამ გამეფებული ფერი მაინც ყვითელია.
კანიონი თითქოს ამ ტერიტორიის გეოლოგიურ ისტორიას გვიამბობს. ოდესღაც აქ ვიწრო ხეობებით და დანაწევრებული მაღალმთიანი მთების ჯაჭვი ყოფილა, რომელიც შემდგომში შედარებით მოუსწორებია ლავურ ღვარებს. ამჟამად პარკის დიდი ნაწილი ვულკანურ მწვერვალებიან ლავურ პლატოს წარმოადგენს. აქა-იქ ხეობის კალთებზე, 50 მილიონი წლის წინათ ვულკანური ფერფლის ქვეშ გაქვავებულმა გოლიათმა ხეებმა დღევანდლამდე მოაღწია.
იელოუსტოუნის პარკი მხოლოდ გეიზერებითა და კანიონებით როდია ცნობილი. იგი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზოოლოგიური ნაკრძალიცაა. აქ ბინადრობენ ისეთი ძვირფასბეწვიანი ცხოველები, როგორიცაა: ამერიკული თახვი და ამერიკული სიასამური, მრისხანე დათვი გრიზლი, გრაციოზული ანტილოპა – ვილოროგი, ამერიკული ირემი -ვაპიტი. მთებში, დიდ სიმაღლეზე გვხვდება თოვლის თხა და დიდრქებიანი ცხვარი.
პარკში ბინადრობს ამერიკის შეერთებული შტატებში შემორჩენილი ბიზონების ერთადერთი ჯოგი, ასევე 250-მდე სახეობის ფრინველი, მათ შორის ვარხვი და გედი.
ბუნების სიმდიდრისა და მრავალფეროვნების წყალობით, იელოუსტოუნის ეროვნული პარკი თავისებურ ბუნებრივ ლაბორატორიად ითვლება, სადაც მეცნიერები გამოკვლევებს აწარმოებენ გეოგრაფიაში, გეოლოგიაში, ბოტანიკაში, ზოოლოგიასა და ეკოლოგიაში. პარკის პოპულარობაზე მეტყველებს მნახველთა რიცხვიც – 2 მილიონზე მეტი ტურისტი წელიწადში.
პარკის დასათვალიერებლად მის ტერიტორიაზე გაყვანილია თითქმის 500 კმ სიგრძის გზა და 1500 კმ სიგრძის ბილიკი. აქ მოწყობილია კემპინგები, სასტუმროები, პარკინგები, მუშაობს საინფორმაციო ცენტრი, სამეცნიერო-სასწავლო მუზეუმები. პარკს აქვს საკუთარი ტელეცენტრიც.
იელოსტოუნის ეროვნული პარკი, 1972 წელს იუნესკოს მსოფლიო კულტურისა და ბუნების მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს და მას საერთაშორისო მნიშვნელობა მიენიჭა.