გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

აისბერგი არქტიკა ანტარქტიკა

აისბერგების “მოგზაურობა”

 ატლანტის ოკეანეში ასობით აისბერგი დრეიფობს  ჩრდილოეთიდან   სამხრეთისაკენ. ”მოგზაური”  ყინულის გოლიათების საიდუმლო დღესაც არ არის ამოხსნილი.

კაცობრიობა საუკუნეთა მანძილზე ჯეროვნად ვერ აფასებდა საფრთხეს, რომელსაც ეს ყინულის მთები უქმნიან ზღვაოსნებს. მაგრამ 1912 წლის 15 აპრილის კატასტროფამ, როცა ლაინერი ”ტიტანიკი” აისბერგს შეეჯახა და 1500 კაცი დაიღუპა, საზღვაო სახელმწიფოები აიძულა უფრო მჭიდრო თანამშრომლობა დაემყარებინათ ამ სფეროში. ნახევარი საუკუნის განმავლობაში შეგროვდა საკმაოდ ზუსტი მონაცემები ყინულის გოლიათების მოძრაობის შესახებ.

ყოველწლიურად 7500-მდე აისბერგი გრენლანდიის დასავლეთ ნაპირიდან შორეულ მოგზაურობას იწყებს ოკეანის უკიდეგანო სივრცეში. მათგან საშუალოდ 380 აღწევს კუნძულ ნიუფაუნდლენდს, ე.ი. 48 გრადუსიან განედს. დაახლოებით 35-40  კი უფრო ქვემოთაც ეშვება.  შეიძლება ითქვას, რეკორდული აღმოჩნდა 1929 წელი, როდესაც ოკეანის საერთაშორისო სამომსახურეო დაცვას ხომალდებმა და სხვა გემებმა 48 გრადუსიანი  განედის სამხრეთით 1351 აისბერგი აღნიშნეს.

ამერიკელი სპეციალისტი რობერტ კლასბიუ ირწმუნება, რომ აისბერგს არ უნდა ენდო, ერთ დღეში მას შეუძლია გაცუროს სამხრეთისაკენ რვა კილომეტრი, მეორე დღეს კი მთელი თექვსმეტი კილომეტრი. მათი ”მოგზაურობისას”  მნიშვნელოვან როლს ზღვის დინებები და ქარები ასრულებენ. რაც უფრო ”აფრებგაშლილია” ყინულის მთა, მით უფრო სწრაფად მოძრაობს იგი. ამასთან, აისბერგები ყოვლად უცნაურად მოძრაობენ. 1907 წელს ერთმა, ჩრდილოეთიდან წამოსულმა აისბერგმა თავისი გზა ბერმუდის კუნძულებთან დაასრულა და მას 2500 კილომეტრზე მეტი ჰქონდა გავლილი. სინამდვილეში მან უფრო მეტი გაიარა, რადგან ზღვის დინებები და ქარები მის გადაადგილებას განუწყვეტლივ უცვლიდნენ კურსს. კიდევ უფრო საოცარი გზა განვლო სამხრეთისაკენ მეორე ყინულის გოლიათმა. მან არსებობა შეწყვიტა 1926 წელს – ბერმუდის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან 300 კილომეტრზე, ე.ი. დაახლოებით იმავე განედებზე, სადაც ფლორიდა ან კანარის კუნძულები მდებარეობს. 1886 წელს ”მოხეტიალე” ყინული ლა-მანშის დასავლეთით, ერთი დღის სავალზე აღმოაჩინეს. როგორ დააღწია მან თავი გოლფსტრემის დინებას და როგორ გადასერა ატლანტის ოკეანე? ამ კითხვაზე ჯერჯერობით პასუხი არ არის.

მეცნიერები ვარაუდობენ,  რომ ცალკეული ყინულის მთების სიცოცხლე სამ წელიწადს გრძელდება.

აისბერგი არქტიკა ანტარქტიკა

ანტარქტიდის შელფური ყინულებისაგან წარმოქმნილი აისბერგის მასა უდრის 1,5 ტრილიონ ტონას, ხოლო არქტიკაში წარმოქმნილი აისებრგის მასა კი – 250 მილიარდი ტონის ტოლია. აისბერგებს შორის უდიდესი შენიშნეს ყინულმჭრელი `გლეტჩერიდან~ 1956 წლის 12 ნოემბერს. იგი 385 კმ სიგრძისაა და 111 კმ სიგანის იყო, ხოლო მისი ფართობი თითქმის 31 ათასი კვ.კმ-ს აღწევდა.

აისბერგის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 4 წელია, მათი გადაადგილების სიჩქარე ოკეანურ დინებებზეა დამოკიდებული.

მეცნიერებმა გამოიანგარიშეს, რომ აისბერგის 1/7 წყლის ზევითაა. ცნობილია, რომ ზოგიერთი აისბერგი დიდი ზომისაა. მაგალითად, აისბერგი-გიგანტი, რომელსაც 1999 წ. აშშ მეცნიერები აკვირდებოდნენ, ზომით 38-48 კმ სიგრძის, 8-იანის ფორმისა და ბეტონის სიმკვრივის ყოფილა. იგი საათში 16 კმ-ის სიჩქარით მოძრაობდა ჩილესა და არგენტინის მიმართულებით. არის აისბერგები, რომელთა სიგრძე 150 კმ-ზე მეტია, სიგანე ორჯერ უფრო ნაკლები, წყლის დონის ზევით სიმაღლე 100 მ-ს აღწევს. ასეთი აისბერგის დიდი ნაწილი წყალქვეშაა. თუ აისბერგის ხილული ნაწილი ქარის საწინააღმდეგოდ მოძრაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვედა ნაწილი დინებას ემორჩილება ე.ი. დინება ისეთი ძლიერია, რომ გოლიათს მიაცურებს. აისბერგის მოძრაობის მიხედვით შეიძლება წყალქვეშა დინებების მოძრაობის დადგენა.