გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

გრასი ფრანგული სუნამოების აკვანი

გრასი – პარფიუმერიის აკვანი

მართალია, სახელგანთქმული პარფიუმერული ფირმები ძირითადად პარიზშია, მაგრამ ფრანგული პარფიუმერიის აკვანი – ქალაქი გრასია. ”გრასის გარეშე არ იქნებოდა ფრანგული პარფიუმერია” – წერია სამხრეთ საფრანგეთის გზამკვლევში.  

პროვანსში მდებარე სწორედ ეს პატარა ქალაქია აღწერილი  პატრიკ ზიუკინდის რომანში ” პარფიუმერი”.  მე-16 საუკენეში ადამიანებმა ტყავის  ხელთათმანების, ქამრების, ჩექმების, ლაბადების დამზადება დაიწყეს და  მათ არც თუ ისე  სასიამოვნო სუნი ჰქონდათ.  სწორედ ამირომ გაჩნდნენ ე.წ. ”პარფიუმერები”, რომელთაც შეძლეს  და ტყავისგან დამზადებულ  აქსესუარებსა და ტანსაცმელს ნაზი არომატი მიანიჭეს. 

დღეს მთელ მსოფლიოშია განთქმული სუნამო, ოდეკოლონი, ათობით სახეობის ტუალეტის წყალი, რომელთა არომატული ნივთიერებები სწორედ საფრანგეთის სამხრეთში – ქალაქ გრასში ჩაისახა.

გრასი ალპების მთის ძირას, მზიან მხარეშია განთავსებული. ქალაქი 700 წლისაა, ხოლო პარფიუმერიის  სათავეები 400 წლის წინ ჩაისახა.

მიუხედავად ხმელთაშუა ზღვის სიახლოვისა, ქალაქში ძალიან ცხელი ზაფხული იცის. ნალექები არც ისე უხვია და იშვიათია მოღრუბლულობაც. საშუალო წლიური ტემპერატურა +14  გრადუსია,  რაც გრასს კლიმატური კურორტის თვისებებს ანიჭებს.

ქალაქისა და მისი მიდამოების მცხოვრებთა მთავარი საქმიანობა – პარფიუმერიაა. არომატული ზეთების დამზადება აქ ჯერ კიდევ XVI ს-ში დაიწყო და თანდათანობით ვითარდებოდა: ფართოვდებოდა არომატული ექსტრატების დამზადება, გაჩნდა პარფიუმერული ფაბრიკები. ახლა ქალაქში ათეულობით პარფიუმერული საწარმოა. ათობით ჰექტარზე გადაჭიმული ბაღები და ყვავილების პლანტაციები კი ამ საწარმოთა სანედლეულო ბაზას წარმოადგენს. ყოველწლიურად გრასის ფაბრიკებში 600 ტონამდე ფორთოხლის ხის ყვავილი,  700 ტონა ვარდის ფოთოლი, 800  ტონა ჟასმინი მუშავდება. აღსანიშნავია, რომ 1 კგ სუფთა არომატული ზეთის მისაღებად 1 ტონა ჟასმინი ან 1 ტონა ფორთოხლის ყვავილია საჭირო. წარმოებაში ფართოდ გამოიყენება აგრეთვე ლავანდა, მუხის და ფიჭვის ხავსი,მიხაკი, მიმოზა და სხვ.

ლავანდა

არომატული ნივთიერებები შემოაქვთ აზიის, აფრიკის, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან. ამიტომაც გრასის კონტაქტების გეოგრაფია ძალზე ფართოა.

გრასში სამი პარფიუმერული ფაბრიკა –  ფრაგონარის, (Fragonard), გალიმარისა (Galimard) და მოლინარის  (Molinard) უკვე  მუზეუმებს წარმოადგენენ.

“სუნამოს შექმნა უბრალო საქმე როდია, ეს დიდი ხელოვნებაა” – აცხადებენ აქაურები. სხვათა შორის  სახლეგანთქმული სუნამო  ”შანელ №5” სწორედ გრასში დაიბადა. ასევე  გრასში ცხოვრობენ სუნამოების   საუკეთესო   დეგუსტატორები, რომელთაც ”ცხვირებს” უწოდებენ.