გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

იელოსტოუნის ეროვნული პარკი

ყვითელი კლდეების ნაკრძალი

1804 წელს მდინარე მისურის აუზის გამოსაკვლევად ამერიკული ექსპედიცია უ. კლარკისა და მ. ლიუსის მეთაურობით გაემგზავრა. ექსპედიციამ მდინარე მთლიანად გამოიკვლია შესართავიდან სათავემდე და შემდეგ კი წყნარ ოკეანეში გავიდა. ექსპედიციის შემადგენლობაში იყო ვინმე ჯონ კოლტერი, რომელიც 1807 წელს გამოეყო ძირითად ჯგუფს და დამოუკიდებლად დაიწყო უცნობი ადგილების გამოკვლევა. ჯ. კოლტერს გაუმართლდა. კლდოვანი მთების მიყრუებულ ადგილას, მდ. იელოუსტოუნის ზემო დინებაში მის წინ საოცარი სანახაობა გადაიშალა: რამდენიმე ადგილას დედამიწიდან წყლის ძლიერი ნაკადი იფრქვეოდა, ღრმა და  ვიწრო კანიონები სავსე იყო ჩანჩქერებით, ცისფერი ტბის ზედაპირზე კი ხშირი ტყე ირეკლებოდა.

დიდხანს არავის სჯეროდა კოლტერის მონათხრობის და მდინარე იელოუსტონის საოცრება გამოგონილი ეგონათ. საბოლოოდ 1869 წელს ამ ადგილების დეტალურად გამოსაკვლევად ექსპედიცია მოეწყო. ექსპედიციამ დაბრუნების შემდეგ, აშშ-ს კონგრესს წინადადებით მიმართა მდ. იელოუსტონის ზემო დინება ნაკრძალად გამოეცხადებინათ. მხოლოდ 17 თვის შემდეგ დაამტკიცა კონგრესმა კანონპროექტი  ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი ეროვნული პარკის შექმნის შესახებ.

ინდიელები იელოუსტონის პარკს ”ყინულის, ცეცხლის,  წყლის და ორთქლის ქვეყანას” უწოდებენ. პარკის ფართობის 1/10-ზე ათასმდე ცხელი წყარო და რამდენიმე ასეული გეიზერი მდებარეობს. პარკის საოცრებად კი მაინც დედამიწის უდიდესი გეიზერი ”ექსელსიორი” ითვლება. მისი წყლის სვეტის დიამეტრი 8-10 მ-ს, სიმაღლე კი 100 მ-ს აღწევს.

იელოსტოუნის ეროვნული პარკი

კლდოვანი მთების ქედებსა და ხეობებს თუ ზემოდან გადმოვხედავთ თვალწინ ყინულების სამეფო გადაიშლება. მუდმივი თოვლით დაფარული მთების წვეტიანი მწვერვალები თვალისმომჭრელად ბრწყინავენ მზის სინათლეზე. მყინვარების თეთრი ენების გვერდით ყვავილების ნაირფერი ხალიჩით დაფარული ალპური საძოვრები ანდამატივით იზიდავენ ტურისტებს.

აქვეა თავმოყრილი ტბებიც, რომელთა ფერიც ირგვლივ მდებარე მთების და ამგები ქანების ფერის მიხედვით იცვლება – ცისფერიდან იისფერამდე.

იელოსტოუნის ეროვნული პარკი

ქედების კალთების შუა ნაწილი ხშირი მუქწიწვოვანი ტყითაა დაფარული, თუმცა ხის ჯიშების სიმრავლით არ გამოირჩევა. აქაა რბილი და შავი ფიჭვი, ბალზამის ნაძვი, აქა-იქ კი ფოთოლმცვენი ვერხვი, ჯუჯა ნეკერჩხალი, თხმელა. მთათაშორის ქვაბულებში ფართო საძოვრებია და აჭიმული.

ძნელია მდინარე იელოსტოუნის კანიონის სილამაზის აღწერა. ხეობამ ტყუილად კი არ მიიღო ინგლისური სახელწოდება ინდიელებისაგან –  ”ყვითელი ქვების ქვეყანა”. მართალაი, კანიონის ციცაბო კალთები სხვადასხვა ფერის ქანებითაა აგებული, მაგრამ გამეფებული ფერი მაინც ყვითელია.

კანიონი თითქოს ამ ტერიტორიის გეოლოგიურ ისტორიას გვიამბობს. ოდესღაც აქ ვიწრო ხეობებით და დანაწევრებული მაღალმთიანი მთების ჯაჭვი ყოფილა, რომელიც შემდგომში შედარებით მოუსწორებია ლავურ ღვარებს. ამჟამად პარკის დიდი ნაწილი ვულკანურ მწვერვალებიან ლავურ პლატოს წარმოადგენს. აქა-იქ ხეობის კალთებზე, 50 მილიონი წლის წინათ ვულკანური ფერფლის ქვეშ გაქვავებულმა გოლიათმა ხეებმა დღევანდლამდე მოაღწია.

იელოუსტოუნის პარკი მხოლოდ გეიზერებითა და კანიონებით როდია ცნობილი. იგი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზოოლოგიური ნაკრძალიცაა. აქ ბინადრობენ ისეთი ძვირფასბეწვიანი ცხოველები, როგორიცაა: ამერიკული თახვი და ამერიკული სიასამური, მრისხანე დათვი გრიზლი, გრაციოზული ანტილოპა – ვილოროგი, ამერიკული ირემი -ვაპიტი. მთებში, დიდ სიმაღლეზე გვხვდება თოვლის თხა და დიდრქებიანი ცხვარი.

 პარკში ბინადრობს ამერიკის შეერთებული შტატებში შემორჩენილი ბიზონების ერთადერთი ჯოგი, ასევე 250-მდე სახეობის ფრინველი, მათ შორის ვარხვი და გედი.

ბუნების სიმდიდრისა და მრავალფეროვნების წყალობით, იელოუსტოუნის ეროვნული პარკი თავისებურ ბუნებრივ ლაბორატორიად ითვლება, სადაც მეცნიერები გამოკვლევებს აწარმოებენ გეოგრაფიაში, გეოლოგიაში, ბოტანიკაში, ზოოლოგიასა და ეკოლოგიაში. პარკის პოპულარობაზე მეტყველებს მნახველთა რიცხვიც – 2 მილიონზე მეტი ტურისტი წელიწადში.

პარკის დასათვალიერებლად მის ტერიტორიაზე გაყვანილია თითქმის 500  კმ სიგრძის გზა და 1500  კმ სიგრძის ბილიკი. აქ მოწყობილია კემპინგები, სასტუმროები, პარკინგები, მუშაობს საინფორმაციო ცენტრი, სამეცნიერო-სასწავლო მუზეუმები. პარკს აქვს საკუთარი ტელეცენტრიც.

იელოსტოუნის ეროვნული პარკი, 1972 წელს იუნესკოს მსოფლიო კულტურისა და ბუნების მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს  და მას საერთაშორისო მნიშვნელობა მიენიჭა.