სინგაპური ქალაქი-სახელმწიფოა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და მალაის ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარეობს. სინგაპური ამავე სახლეწოდების კუნძულისგან და სხვა წვრილი კუნძულებისაგან შედგება. ქალაქის, და ამავე დროს ქვეყნის, ფართობი 618 კვ.კმ-ია. 1959 წელს მიიღო დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან. 1963-65 წლებში მალაიზიის ფედერაციის შემადგენლობაში შედიოდა.
სინგაპურელები სამართლიანად ამაყობენ იმით, რომ მათი ქალაქი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ქალაქია. მარტო იმის აღნიშვნა რად ღირს, რომ თუნდაც სიგარეტის ნამწვის გადაგდება აქ სერიოზულ დანაშაულად ითვლება. წესრიგის დამრღვევს 500 დოლარით აჯარიმებენ. ქალაქში ფირნიშებია წარწერით: ”გთხოვთ დაიცვათ ჩვენი ქალაქის სისუფთავე და სიმწვანე”.
ამერიკული და იაპონური ფირმების მიერ აგებული ულამაზესი არქიტექტურის მქონე შენობების და ტროპიკული სიმწვანის წყალობით, სინგაპური მართლაც რომ მსოფლიოს ულამაზესი ქალაქია.
ამ სამხრეთული ქვეყნის ლამაზი ბუნების სიმბოლოა ორქიდეა. იგი გამოხატულია აქაურ ფულის მონეტებზე. სტუმართმოყვარეობის აღსანიშნავად სასურველ სტუმარს აქაურები ორქიდეას უძღვნიან. აქ ორქიდეები მართლაც რომ ჯადოსნური ფერებით გამოირჩევიან და ძნელია ერთნაირი ფერის მქონე ყვავილის მოძებნა.
მართალია, სახელგანთქმული პარფიუმერული ფირმები ძირითადად პარიზშია, მაგრამ ფრანგული პარფიუმერიის აკვანი – ქალაქი გრასია. ”გრასის გარეშე არ იქნებოდა ფრანგული პარფიუმერია” – წერია სამხრეთ საფრანგეთის გზამკვლევში.
პროვანსში მდებარე სწორედ ეს პატარა ქალაქია აღწერილი პატრიკ ზიუკინდის რომანში ” პარფიუმერი”. მე-16 საუკენეში ადამიანებმა ტყავის ხელთათმანების, ქამრების, ჩექმების, ლაბადების დამზადება დაიწყეს და მათ არც თუ ისე სასიამოვნო სუნი ჰქონდათ. სწორედ ამირომ გაჩნდნენ ე.წ. ”პარფიუმერები”, რომელთაც შეძლეს და ტყავისგან დამზადებულ აქსესუარებსა და ტანსაცმელს ნაზი არომატი მიანიჭეს.
დღეს მთელ მსოფლიოშია განთქმული სუნამო, ოდეკოლონი, ათობით სახეობის ტუალეტის წყალი, რომელთა არომატული ნივთიერებები სწორედ საფრანგეთის სამხრეთში – ქალაქ გრასში ჩაისახა.
გრასი ალპების მთის ძირას, მზიან მხარეშია განთავსებული. ქალაქი 700 წლისაა, ხოლო პარფიუმერიის სათავეები 400 წლის წინ ჩაისახა.
მიუხედავად ხმელთაშუა ზღვის სიახლოვისა, ქალაქში ძალიან ცხელი ზაფხული იცის. ნალექები არც ისე უხვია და იშვიათია მოღრუბლულობაც. საშუალო წლიური ტემპერატურა +14 გრადუსია, რაც გრასს კლიმატური კურორტის თვისებებს ანიჭებს.
ქალაქისა და მისი მიდამოების მცხოვრებთა მთავარი საქმიანობა – პარფიუმერიაა. არომატული ზეთების დამზადება აქ ჯერ კიდევ XVI ს-ში დაიწყო და თანდათანობით ვითარდებოდა: ფართოვდებოდა არომატული ექსტრატების დამზადება, გაჩნდა პარფიუმერული ფაბრიკები. ახლა ქალაქში ათეულობით პარფიუმერული საწარმოა. ათობით ჰექტარზე გადაჭიმული ბაღები და ყვავილების პლანტაციები კი ამ საწარმოთა სანედლეულო ბაზას წარმოადგენს. ყოველწლიურად გრასის ფაბრიკებში 600 ტონამდე ფორთოხლის ხის ყვავილი, 700 ტონა ვარდის ფოთოლი, 800 ტონა ჟასმინი მუშავდება. აღსანიშნავია, რომ 1 კგ სუფთა არომატული ზეთის მისაღებად 1 ტონა ჟასმინი ან 1 ტონა ფორთოხლის ყვავილია საჭირო. წარმოებაში ფართოდ გამოიყენება აგრეთვე ლავანდა, მუხის და ფიჭვის ხავსი,მიხაკი, მიმოზა და სხვ.
არომატული ნივთიერებები შემოაქვთ აზიის, აფრიკის, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან. ამიტომაც გრასის კონტაქტების გეოგრაფია ძალზე ფართოა.
გრასში სამი პარფიუმერული ფაბრიკა – ფრაგონარის, (Fragonard), გალიმარისა (Galimard) და მოლინარის (Molinard) უკვე მუზეუმებს წარმოადგენენ.
“სუნამოს შექმნა უბრალო საქმე როდია, ეს დიდი ხელოვნებაა” – აცხადებენ აქაურები. სხვათა შორის სახლეგანთქმული სუნამო ”შანელ №5” სწორედ გრასში დაიბადა. ასევე გრასში ცხოვრობენ სუნამოების საუკეთესო დეგუსტატორები, რომელთაც ”ცხვირებს” უწოდებენ.
არხი ორმხრივ, ჩრდილო და სამხრეთ საწყლოსნო ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა ევროპასა და აზიას შორის აფრიკის შემოვლის გვერდის ავლით.
არხის 1869 წელს გახსნამდე, საქონელი ხშირად გემებიდან სახმელეთო ტრანსპორტზე გადაჰქონდათ ხმელთაშუა და წითელ ზღვებს შორის.
არხი ორი ნაწილისგან შედგება – დიდი ბიტერის ტბის ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილები, რომლებიც ამ ტბას ხმელთაშუა ზღვასა და სუეცის ყურესთან აერთებს წითელ ზღვაზე.
მეტად საინტერესოა ორი ზღვის გაერთიანების ამბავი. იმ დღეებში ეგვიპტე გრანდიოზულ ზეიმს მასპინძლობდა – ისეთს, რომლის მსგავსი არავის ახსოვდა. 6000 სტუმარს შორის მრავლად იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები: საფრანგეთის იმპერატრიცა ევგენია, ავსტრია-უნგრეთის იმპერატორი ფრანც იოსიფ I, ჰოლანდიის პრინცი და პრინცესა, პრუსიის უფლისწული…
ეგვიპტეს არც ევროპისა და სხვა კონტინენტების სამეფო ოჯახთა წარმომადგენლებისა თუ დიდგვაროვნების ასეთი სტუმრიანობა ახსოვდა, მათ ნება-სურვილებს კი შვიდი დღე-ღამის განმავლობაში 500 მზარეული და 1000-მდე ხელზე მოსამსახურე ასრულებდა.
პორტ-საიდში გამართული ეს საარაკო ზეიმი, რომელიც სუეცის არხის გახსნას მიეძღვნა, ეგვიპტის ვიცე-მეფე იზმაილ ფაშას 28 მილიონი ოქროს ფრანკი დაუჯდა.
მას შემდეგ, რაც ადამიანებმა ბუნებრივი სტიქია მოთოკეს და ამ არხით ხმელთაშუა ზღვა წითელს დაუკავშირეს, თითქმის საუკუნე ნახევარი გასულა, რასაც მისი გახსნის დღეს, 17 ნოემბერს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ. ამიტომ ჩვენც გავიხსენოთ მსოფლიოს ამ საოცრების შექმნის ისტორია, რაზეც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში ფიქრობდნენ. მსგავსი გეგმა იმ დროს ეგვიპტის მეფე ნეხოსაც ჰქონდა და მისი განხორციელება სცადა კიდეც, მაგრამ ბოლოს, როცა ამ საწყლოსნო გზის გაყვანას 120 000 მონა შეეწირა, ოცნებაზე ხელი აიღო. შემდეგ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 500 წლის მიჯნაზე, როცა ეგვიპტე სპარსელებმა დაიპყრეს, მომხდურთა მეფე დარიუს პირველმა არხის გასაყვანად მუშაობა განაახლა და საქმე ბოლომდე მიიყვანა, რაც ნილოსის სანაპიროზე გრანიტის სტელების აღმართვითა და მასზე სათანადო წარწერებიანი ფილებითაც აღნიშნა.
ამ არხის თაობაზე მოგვითხრობს იმ დროის ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე, რომელიც გვაუწყებს, რომ ეს არხი ხმელთაშუა ზღვას წითელთან აერთებდა და მის გავლას ხომალდები ოთხ დღეს ანდომებდნენო. “ისტორიის მამა” არხის სიგანეზეც მიუთითებს. ამბობს, რომ იმდენად განიერი იყო, რომ მასში სამ-სამ ნიჩბიან ორ ნავს გვერდიგვერდ ცურვა შეეძლოთო.
ვარაუდობენ, რომ დარიუსის არხი ნილოსის აღმოსავლეთით გადიოდა და დღევანდელის მსგავსად, ისიც ტბას კვეთდა. მერე ეგვიპტეში რომაელები მოვიდნენ და მათ ეს არხი უფრო სრულყვეს, მაგრამ ბოლოს იგი ქვიშით ამოივსო, მომდევნო თაობებმა კი არხის ხელახლა გაჭრა ვეღარ გაბედეს, თუმცა გეგმები კი ჰქონდათ. ამ არხის გაჭრაზე გეგმებს ამუშავებდნენ ვენეციური სახელმწიფოს ხანაში, ლუდოვიკო მეთოთხმეტის დროს და ნაპოლეონ ბონაპარტეს ბატონობისას.
ნაპოლეონის ინჟინერთა პროექტში არხის მრავლად დარაბვა შეიტანეს, რადგან ფრანგი მკვლევარების გაანგარიშებით, წითელი ზღვის დონე ხმელთაშუა ზღვისას 10 მეტრით აღემატებოდა. ბოლოს გაირკვა, რომ ინჟინრები ცდებოდნენ და არავითარი სხვაობა არ იყო, მაგრამ ამის მერე კიდევ ბევრმა წყალმა ჩაიარა, თუმცა არხის გაჭრა ვერავინ გაბედა.
და აი, დარიუსის მერე, ათას წელზე მეტი ხნის შემდეგ, გამოჩნდა ფერდინანდ ლესეპსი, რომელმაც სუეცის არხის გაჭრის იდეა კვლავ წამოჭრა. ფერდინანდ ლესეპსი, რომელიც შესანიშნავი კვალიფიკაციის ჟურნალისტი იყო, 1831-დან 1838 წლებში კაიროში საფრანგეთის კონსულად მუშაობდა და ამის წყალობით კარგად იცნობდა ეგვიპტის ვიცე-მეფე მოჰამედ საიდ-ფაშას (იმ დროს ეგვიპტე ოსმანთა იმპერიის ნაწილი იყო). ლესეპსმა საიდ-ფაშა შეაგულიანა და დიდი ძალისხმევის შემდეგ, 1854 წელს მისგან არხის მშენებლობის ნებართვა მიიღო. იმავე წელს ლესეპსმა ამ საქმისთვის თურქეთის სულთანისგან ფირმანის რატიფიკაცია მიიღო, მაგრამ ამ ფრანგმა პარიზში კომპანიის დაარსება მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ შეძლო, ფრანგ აქციონერთა გუნდიც მიიზიდა და ბოლოს ავსტრიელ ინჟინერ ალოის ნეგრელის გეგმით არხის გაჭრაც დაიწყო, თუმცა ამ საქმეს ბრიტანელები ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდნენ, ხელს უშლიდნენ და ათას ხრიკს მიმართავდნენ. ირწმუნებოდნენ, ეს საქმე უდიდესი ავანტიურაა, ამ პროექტის განხორციელება ფიზიკურად შეუძლებელია, მეტისმეტად ძვირი და არარენტაბელურიაო. ამიტომაც არცერთი აქცია არ უყიდიათ. ბრიტანელები შიშობდნენ, პროექტის განხორციელების შემთხვევაში ეგვიპტე თურქეთის ძალაუფლებისგან გათავისუფლდება, ჩვენ კი ინდოეთზე ბატონობა შეგვისუსტდება და სულაც დავკარგავთო. არადა, სუეცის არხის გაჭრით ყველაზე მეტად მოგებულნი სწორედ ისინი რჩებოდნენ, რადგან ინდოეთისკენ გზას ლონდონიდან ბომბეამდე მთელი 7343 კილომეტრით იმოკლებდნენ.
ასე იყო თუ ისე, ბრიტანელები ლესეპსის მონდომებას წინ ვერ აღუდგნენ, მით უმეტეს, რომ ამ ფრანგის იდეას ნაპოლეონ III და საიდ-ფაშა, შემდგომ (1863 წლიდან) კი მისი მემკვიდრე იზმაილ-ფაშაც მფარველობდნენ.
ბრიტანელები ერთ რამეში მართლაც მართლები იყვნენ – არხის გაჭრა ტექნიკურად უდიდეს სირთულეებს წააწყდა. თავდაპირველად ნავარაუდევი ექვსი წლის ნაცვლად მშენებლობა თერთმეტ წელიწადს გაგრძელდა, ხარჯები კი უზომოდ გაიზარდა. მუშები, რომლებიც პირველ ხანებში კატორღელები და ეგვიპტელი ღარიბ-ღატაკნი იყვნენ, მხურვალე მზის ქვეშ ირჯებოდნენ ქვიშიან უდაბნოში, სადაც მტკნარი წყალი სრულიად არ მოიპოვებოდა. პირველ ხანებში 25000 მუშისთვის სასმელ წყალს 1600-მდე აქლემით ეზიდებოდნენ, მაგრამ 1863 წლისთვის ეს პრობლემა აღმოიფხვრა. იმ დროისთვის ნილოსიდან მტკნარი წყლის არხი გაიყვანეს, რომელიც დაახლოებით იმავე გზით მიემართებოდა, როგორითაც უძველესი არხები, რომელთა ნარჩენები ზოგან გამოიყენეს კიდეც, თუმცა ისინი ნაოსნობისთვის არ იყო გათვალისწინებული. ამ არხის სიგანე, რომელიც სუეცის არხის საპროექტო მარშრუტის სიახლოვეს გაყოლებაზე მიემართებოდა, წყლის ზედაპირზე სიგანეში 17, ხოლო ფსკერზე 8 მეტრს აღწევდა, სიღრმე კი საშუალოდ 2 მეტრზე ცოტა მეტი იყო, ზოგან – გაცილებით ნაკლები. ამ არხის გაჭრამ საქმე შეამსუბუქა, მით უმეტეს, რომ მის გაყოლებაზე მუშათა ბანაკები ჩარიგდა, თუმცა მათ შორის სიკვდილიანობა მაინც მეტად დიდი დარჩა. მოგვიანებით სამუშაო მექანიზებული გახდა, ამან კი საქმე იმდენად შეამსუბუქა, რომ მშენებლობამ ევპროპელი მუშახელიც მიიზიდა. ბოლოს არხის მშენებლობაზე მუშათა რაოდენობამ 40000 მიაღწია.
ასე იყო თუ ისე, ფერდინანდ ლესეპსის მონდომებამ, რომელიც ბრწყინვალე მენეჯერიც აღმოჩნდა და სამუშაოებს ხელმძღვანელობდა, ნაყოფი გამოიღო და 1869 წლის 17 ნოემბერს არხი გემებისთვის გაიხსნა. მისი მშენებლობისთვის აღებულმა საგარეო ვალებმა ისმაილ ფაშა, რომელმაც საიდ ფაშა შეცვალა, იჯულებული გახადა არხში თავისი წილი დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ გაეყიდა.
ამ არხმა, რომელიც დღემდე უდიდესია (სიგრძე – 163 კილომეტრი, სიგანე – 200 მეტრი, მინიმალური სიღრმე – 15 მეტრი), უმალ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა მსოფლიო ვაჭრობაში და გარსაქვეყნო მოგზაურობაც, რომელიც მანამდე მხოლოდ მთელი აფრიკის შემოვლით იყო შესაძლებელი, დროშიც რეკორდულად შეამცირა. არხის გაჭრამ სრულიად არაფრისგან წარმოშვა საპორტო ქალაქი პორტსაიდი. არხმა სამუშაოების დასრულებამდე ექვსი თვით ადრე განაპირობა პირველი ტრანსკონტინენტური რკინიგზის გაყვანაც.
1980 წელს ამ არხმა განაპირობა კიდევ ერთი საინჟინრო საოცრების დაბადება – მისი ფსკერის ქვეშ საავტომობილო გვირაბის მშენებლობა, რომელმაც სინა კონტინენტურ აფრიკას დაუკავშირა. ტექნიკურ სრლუყოფილებასთან ერთად ამ გვირაბმა ყურადღება თავისი მონუმენტურობითაც მიიპყრო, უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობაც მიიღო და ახლა იგი ეგვიპტის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობადაც სამართლიანად ითვლება.
სუეცის არხს დაუკავშირდა კიდევ ერთი საინჟინრო ქმნილების დაბადება, მთელ მსოფლიოში ყველაზე მაღალი (70 მეტრი) დაკიდებული ხიდის მშენებლობა, რომელმაც 2001 წელს ერთმანეთს დაუკავშირა ორი ქალაქი – პორტ-საიდი და ისმაილი.
ამ და სხვა სიკეთეებთან ერთად სუეცის არხმა არაერთი უბედურებაც მოიტანა. ამ არხმა თავის დროზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აფრიკის შემდგომი კოლონიზაციის საქმეში.
სუეცის არხს ახსოვს ომებიც. პირველად ეს განაპირობა ეგვიპტის საბჭოთა კავშირისგან იარაღის შეძენის სურვილმა, რის გამოც დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასუანის კაშხალის მშენებლობისთვის მხარდაჭერაზე უარი თქვეს, ხოლო ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰამალ აბდელ ნასერმა არხის ნაციონალიზაცია მოახდინა. ამის პასუხად იქ ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ისრაელის ჯარები შეიჭრნენ, რაც ერთკვირიანი ომით, არხის ნაწილობრივი დანგრევით, გემების ჩაძირვით, სხვა ზარალით, მსხვერპლით და ხომალდების ერთწლიანი მიმოსვლის შეწყვეტით დასრულდა.
1967 წელს ისრაელისა და არაბული ქვეყნების ერთკვირიანი ომის გამო სუეცის არხზე ნაოსნობა კვლავ შეწყდა. ამ ქვეყნებს შორის 1973 წელს ატეხილმა ომმა კვლავ ორი წლით შეაჩერა ნაოსნობა, მისი განაღმვის შემდეგ კი არხის რეკონსტრუქციაც ჩატარდა…
და მაინც, სუეცის არხის ამ საიუბილეო დღეებში, ალბათ უფრო მეტად გაიხსენებენ იმ უდიდეს სიკეთეს, რომელიც მის გახსნას მოჰყვა. ალბათ გაიხსენებენ მსოფლიოს კულტურული საგანძურის გამდიდრებასაც, რაც არხის გახსნის საზეიმო ცერემონიალმა განაპირობა.
საქმე ის იყო, რომ იმ დღისთვის ჯუზეპე ვერდის ახალი ოპერის შექმნა დაუკვეთეს. ასე შეიქმნა “აიდა”, რომლის პრემიერასაც სუეცის არხის გახსნის საზეიმო დღე უნდა დაემშვენებინა. მართალია, კომპოზიტორმა დაკვეთის შესრულება ვერ მოასწრო, მაგრამ მაინც დაიბადა “აიდა”, რომლის პრემიერაც კაიროში 1871 წელს გაიმართა.
ატლანტის ოკეანეში ასობით აისბერგი დრეიფობს ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. ”მოგზაური” ყინულის გოლიათების საიდუმლო დღესაც არ არის ამოხსნილი.
კაცობრიობა საუკუნეთა მანძილზე ჯეროვნად ვერ აფასებდა საფრთხეს, რომელსაც ეს ყინულის მთები უქმნიან ზღვაოსნებს. მაგრამ 1912 წლის 15 აპრილის კატასტროფამ, როცა ლაინერი ”ტიტანიკი” აისბერგს შეეჯახა და 1500 კაცი დაიღუპა, საზღვაო სახელმწიფოები აიძულა უფრო მჭიდრო თანამშრომლობა დაემყარებინათ ამ სფეროში. ნახევარი საუკუნის განმავლობაში შეგროვდა საკმაოდ ზუსტი მონაცემები ყინულის გოლიათების მოძრაობის შესახებ.
ყოველწლიურად 7500-მდე აისბერგი გრენლანდიის დასავლეთ ნაპირიდან შორეულ მოგზაურობას იწყებს ოკეანის უკიდეგანო სივრცეში. მათგან საშუალოდ 380 აღწევს კუნძულ ნიუფაუნდლენდს, ე.ი. 48 გრადუსიან განედს. დაახლოებით 35-40 კი უფრო ქვემოთაც ეშვება. შეიძლება ითქვას, რეკორდული აღმოჩნდა 1929 წელი, როდესაც ოკეანის საერთაშორისო სამომსახურეო დაცვას ხომალდებმა და სხვა გემებმა 48 გრადუსიანი განედის სამხრეთით 1351 აისბერგი აღნიშნეს.
ამერიკელი სპეციალისტი რობერტ კლასბიუ ირწმუნება, რომ აისბერგს არ უნდა ენდო, ერთ დღეში მას შეუძლია გაცუროს სამხრეთისაკენ რვა კილომეტრი, მეორე დღეს კი მთელი თექვსმეტი კილომეტრი. მათი ”მოგზაურობისას” მნიშვნელოვან როლს ზღვის დინებები და ქარები ასრულებენ. რაც უფრო ”აფრებგაშლილია” ყინულის მთა, მით უფრო სწრაფად მოძრაობს იგი. ამასთან, აისბერგები ყოვლად უცნაურად მოძრაობენ. 1907 წელს ერთმა, ჩრდილოეთიდან წამოსულმა აისბერგმა თავისი გზა ბერმუდის კუნძულებთან დაასრულა და მას 2500 კილომეტრზე მეტი ჰქონდა გავლილი. სინამდვილეში მან უფრო მეტი გაიარა, რადგან ზღვის დინებები და ქარები მის გადაადგილებას განუწყვეტლივ უცვლიდნენ კურსს. კიდევ უფრო საოცარი გზა განვლო სამხრეთისაკენ მეორე ყინულის გოლიათმა. მან არსებობა შეწყვიტა 1926 წელს – ბერმუდის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან 300 კილომეტრზე, ე.ი. დაახლოებით იმავე განედებზე, სადაც ფლორიდა ან კანარის კუნძულები მდებარეობს. 1886 წელს ”მოხეტიალე” ყინული ლა-მანშის დასავლეთით, ერთი დღის სავალზე აღმოაჩინეს. როგორ დააღწია მან თავი გოლფსტრემის დინებას და როგორ გადასერა ატლანტის ოკეანე? ამ კითხვაზე ჯერჯერობით პასუხი არ არის.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ცალკეული ყინულის მთების სიცოცხლე სამ წელიწადს გრძელდება.
ანტარქტიდის შელფური ყინულებისაგან წარმოქმნილი აისბერგის მასა უდრის 1,5 ტრილიონ ტონას, ხოლო არქტიკაში წარმოქმნილი აისებრგის მასა კი – 250 მილიარდი ტონის ტოლია. აისბერგებს შორის უდიდესი შენიშნეს ყინულმჭრელი `გლეტჩერიდან~ 1956 წლის 12 ნოემბერს. იგი 385 კმ სიგრძისაა და 111 კმ სიგანის იყო, ხოლო მისი ფართობი თითქმის 31 ათასი კვ.კმ-ს აღწევდა.
აისბერგის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 4 წელია, მათი გადაადგილების სიჩქარე ოკეანურ დინებებზეა დამოკიდებული.
მეცნიერებმა გამოიანგარიშეს, რომ აისბერგის 1/7 წყლის ზევითაა. ცნობილია, რომ ზოგიერთი აისბერგი დიდი ზომისაა. მაგალითად, აისბერგი-გიგანტი, რომელსაც 1999 წ. აშშ მეცნიერები აკვირდებოდნენ, ზომით 38-48 კმ სიგრძის, 8-იანის ფორმისა და ბეტონის სიმკვრივის ყოფილა. იგი საათში 16 კმ-ის სიჩქარით მოძრაობდა ჩილესა და არგენტინის მიმართულებით. არის აისბერგები, რომელთა სიგრძე 150 კმ-ზე მეტია, სიგანე ორჯერ უფრო ნაკლები, წყლის დონის ზევით სიმაღლე 100 მ-ს აღწევს. ასეთი აისბერგის დიდი ნაწილი წყალქვეშაა. თუ აისბერგის ხილული ნაწილი ქარის საწინააღმდეგოდ მოძრაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვედა ნაწილი დინებას ემორჩილება ე.ი. დინება ისეთი ძლიერია, რომ გოლიათს მიაცურებს. აისბერგის მოძრაობის მიხედვით შეიძლება წყალქვეშა დინებების მოძრაობის დადგენა.
სილენდი — არაღიარებული ქვეყანაა, რომელიც ჩრდილოეთ ზღვაში, ყოფილ თავდაცვით პლატფორმა – რაფს-ტაუერზე მდებარეობს და ბრიტანეთის სანაპიროდან 10 კილომეტრითაა დაშორებული.
მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის საზღვაო ძალებმა მტრისგან თავდასაცავად ნაპირის გასწვრივ ზღვაში თავდაცვითი პლატფორმები ააგეს. ერთ-ერთი მათგანი იყო რაფს-ტაუერი (ინგლ. ღოუგჰს თოწერ). ომის დროს მასზე განლაგებული იყო საზენიტო იარაღები და 200 კაცისგან შემდგარი გარნიზონი. ომის დასრულების შემდეგ პლატფორმების უმრავლესობა დაანგრიეს, ხოლო რაფს-ტაუერი დარჩა ხელუხლებელი, რადგან ბრიტანეთის ტერიტორიული წყლების გარეთ მდებარეობდა.
1966 წელს პენსიაზე გასულმა ბრიტანეთის მაიორმა როი ბეიტსმა და მისმა მეგობარმა რონან ო’რეილიმ ამოირჩიეს მიტოვებული რაფს-ტაუერი და მასზე გასართობი პარკის მოწუობა გადაწყვიტეს. თუმცა, მალე მეგობრებს შორის უთანხმოება მოხდა და როი ბეიტსი ადგილის ერთპიროვნული მფლობელი გახდა. მომავალ წელს რონან ო’რეილი შეეცადა პლატფორმის დაპატრონებას, თუმცა მისი შემოტევა მოგერიებული იქნა იარაღით და საწვავით სავსე ქილებით.
როიმ გადაიფიქრა გასართობი პარკის მშენებლობა და პლატფორმაზე განათავსა პირატული რადიოსადგური “Bრიტაინ’ს Bეტტერ Mუსიც შტატიონ”.
1967 წლის 2 სექტემბერს როიმ განაცხადა სუვერენული სახელმწიფოს შექმნის შესახებ და თავისი თავი მეფედ – როი I-ად გამოაცხადა. ეს დღე აღინიშნება, როგორც სახელმწიფო დღესასწაული.
1968 წელს ბრიტანეთი შეეცადა პლატფორმის დაკავებას, პლატფორმას მიუახლოვდა საბრძოლო კატერები, რასაც სამეფოს წარმომადგენლებმა უპასუხეს ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლით. სისხლისღვრამდე საქმე არ მივიდა, მაგრამ როის, როგორც ბრიტანეთის მოქალაქის წინააღმდეგ დაიწყო სასამართლო პროცესი.
1968 წლის 2 სექტემბერს ბრიტანეთის სასამართლომ გამოიტანა ისტორიული გადაწყვეტილება: მან აღიარა, რომ ეს საქმე არ განეკუთვნება ბრიტანეთის იურისდიქციას.
პამპა — სამხრეთ ამერიკის, ძირითადად არგენტინისა და ურუგვაის, სუბტროპიკული სტეპებია. ინდიელთა ერთ-ერთი ტომის, კეჩუას, ენაზე პამპასები „ბალახიან ვაკეს“ ნიშნავს. ადრე პამპა ბალახით დაფარული და ძირითადად მეცხოველეობის განვითარების რაიონი იყო. დღეს ტერიტორიის დიდი ნაწილი ირწყვება და ხორბლისა და სიმინდის ნათესებითაა დაფარული.
დიდი შინნაქსოვი შალით – პონჩოთი – ვერცხლის მონეტებით დამშვენებული ინდიელთა წინსაფრით, მაღალყელიანი ჩექმებით, ყელზე ფერადი ყელსახვევით, ლასოთი და დანით აღჭურვილი კოვბოი – ასეთია პამპის მფლობელი – გაუჩო.
მაინც ვინ არის გაუჩო და როდის გაჩნდა პირველად იგი?
XVI ს-ის შუა ხანებში ესპა¬ნელი იეზუიტები მდინარეების პარანას და ურუ¬გვაის ზემო დინებაში შეიჭრნენ, სადაც ინდიელების ერთ-ერთი მიწათმოქმედი ტომი _ გაუარანი ცხოვრობდა. ესპანელებმა შემოიყვანეს ძროხა, ცხვარი და ცხენი. ცხოველები გამრავლდნენ და თვალუწვდენელ სტეპებში მათი უმრავლესობა გაველურდა. გაუარანის ტომიც, რომელიც ადრე პრიმიტიულ მიწათმოქმედებას ეწეოდა, სტეპების მომთაბარე სხვა ტომებთან ერთად, გაველურებულ ცხოველებზე მონადირეებად გადაიქცნენ. ისინი ცხოველებს ძირითადად ტყავისთვის ხოცავდნენ, ხოლო მთავარ იარაღად ლასოს იყენებდნენ. სიტყვა `გაუჩო~ აღებულია ინდიელთა ერთ-ერთი ტომის ენიდან და `მხედარს~ ნიშნავს. ასე უწოდებდნენ პამპის თავისუფალ მონადირეებს.
კოლონიური რეჟიმის დროის არგენტინა ძირითადად მეცხოველეობას მისდევდა. სამფლობელოები შემოღობილი არ იყო და ამიტომ გაუჩოების სწრაფი და მოხერხებული მოქმედებით საქონელი ერთი მფლობელიდან მეორესთან გადადიოდა. თანდათან იზრდებოდა არგენტინის მოსახლეობა; ესპანურ კოლონიებს შორის გაჩაღდა ვაჭრობა, პატრონი გამოუჩნდა საძოვრებსაც და შეიზღუდა თავისუფალი გადაადგილებაც, რაშიც გაუჩოსაც მიუძღვის წვლილი. საძოვრების პატრონებს მუშახელი სჭირდებოდათ, გაუჩოს კი – სამუშაო, ამიტომ ისინი დაქირავებულ მწყემსებად გადაიქცნენ. გაუჩოს გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მეცხოველეობის განვითარება, რადგანაც ისინი ყველაზე საუკეთესო მწყემსები იყვნენ. მათი ცხოვრება ამ პერიოდისთვის დიდად არ შეცვლილა: პამპაში ჩაძირული ქოხები, ცხენი და უნაგირი, მჭრელი დანა იგივე დარჩა, მაგრამ ისინი უკვე აღარ იყვნენ პამპის მფლობელნი.
XIX ს-ში არგენტინამ თავი დააღწია ესპანეთის კოლონიალიზმს და დამოუკიდებელ ქვეყნად გამოცხადდა. სახელმწიფომ დაიწყო განვითარება, თანდათან შემცირდა გაუჩოთა რიცხვიც, მათ თავიანთი ადგილი იმიგრანტებს დაუთმეს.
ვის უწოდებენ დღეს “გაუჩოს”? – ეს ჩვეულებრივი პეონიაა (იგივე გლეხი), რომელიც პატაგონიის სტეპებში მწყემსად მუშაობს. მათ კვლავ მოიხსენიებენ, როგორც “კაცი ცხენზე”, მაგრამ ყოფილი კოვბოები, ახლა უბრალო, დაქირავებული მწყემსები არიან.
ველიჩკა პოლონეთის ერთ-ერთი ძველი და საინტერესო ქალაქია. აქაურ მარილის მაღაროებს ათას წელზე მეტი ხნის ისტორია აქვთ. ძველი მაღაროები მიტოვებულია და მუზეუმად არის გადაქცეული. მაღაროში ჩასვლა ლიფტითაც შეიძლება და კიბეებითაც. ექსკურსანტები, რა თქმა უნდა, კიბეებით ჩადიან 135 მ სიღრმემდე. ვიწრო დერეფნებით, რომლებიც მარილის ფენებშია გაჭრილი ერთი დარბაზიდან მეორეში გადადიხართ. აქ ყველაფერი მარილისაა: კიბეები, კედლები, იატაკი და ჭერი. ელექტრონის შუქზე ბრწყინავენ მარილის კრისტალები. XVII საუკუნეში ბერების ბრძანებით აქ სამლოცველოც გამოუკვეთავთ, მოყვარული მუშების მიერ კი მარილში გამოკვეთილია წმინდანების ქანდაკებები, რომლებსაც სიძველე არ ეტყობათ.
მაღაროში ერთ-ერთი დერეფანი ბარიერთან მთავრდება, რომლის იქით ტბაა. გულითაც რომ გინდოდეთ, მასში ვერ დაიხრჩობით, რადგან ტბის წყალი მარილითაა გაჯერებული. მიწის ქვეშ, ერთ-ერთ დიდ მაღაროში კალათბურთის მოედანია მოწყობილი, აქვეა ფოსტა და პატარა მაღაზიები, სადაც სუვენიერბის შეძენა შეიძლება.
დაღლილი და ნასიამოვნები ტურისტები დღის სინათლეს და დედამიწას ლიფტით უბრუნდებიან.
1978 წლიდან ველიჩკას მაღაროები იუნესკოს მსოფლიოს მემეკვიდრეობის სიაშია შესული.
ელბა ტოსკანის არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძულია და იტალიის დასავლეთ სანაპიროს მახლობლად მდებარეობს.
კუნძულს საინტერესო ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე IX ს-ში კუნძულს ეტრუსკები დაეპატრონენ, ხოლო VI ს-ში კი – ბერძნები. სირაკუზელმა ბერძნებმა აქ ქალაქი არგოსი ააშენეს, კუნძულს კი ეტალიეს ეძახდნენ. ძველ ბერძნულ თქმულებაში არგონავტების შესახებ ნათქვამია, რომ კუნძულზე უშიშარმა მეზღვაურებმა თავიანთ გემი სახელწოდებით “არგო” ააგეს. ქალაქი არგოსი თანდათანობით დაიძირა და ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა. წინა საუკუნეში მყვინთავებმა 40 მ სიღრმეზე მისი ნაშთები აღმოაჩინეს.
ჩვენი წელთაღრიცხვის I ს-ში კუნძული ხელთ იგდეს რომაელებმა, რომლებმაც ეტალიას მაგივრად მას ილვუ უწოდეს, ხოლო არგოსს – ფაბრიციუ. რომაელი პოეტი ვირგილიუსი კუნძულს აღწერს, როგორც წყლითა და ძვირფასეულობით მდიდარ მიწას.
განსაკუთრებით საინტერესოა კუნძულის შუა საუკუნეების ისტორია, როდესაც მას ხან ვანდალები, გოტები, ფრანკები, ხანაც არაბები იპყრობდნენ. ელბა XIII საუკუნეში გენუას ეკუთვნოდა, შემდეგ კი ესპანელებს, ფლორენციელებს, ნეაპოლელებს. მხოლოდ 1802 წელს შეუერთდა იგი საფრანგეთს. 1814 წ. ინგლისურმა ფრეგატამ კუნძულზე საფრანგეთის ყოფილი იმპერატორი ნაპოლეონი გადმოსვა.
კუნძულის გაცნობისთანავე დაუღალავმა ნაპოლეონმა მშენებლობა წამოიწყო. მინიატურულ დედაქალაქ პორტოფერაინოში რეზიდენცია და ორი სახლი ააშენა: ერთი ზღვის პირას, მეორე კი 600 მ სიმაღლეზე, დედაქალაქთან ახლოს. აქედან იგი კარგად ხედავდა თავის სამშობლო კორსიკას. კუნძულზე მისი ბრძანებით გაიყვანეს გზები, შეაკეთეს თეატრი და რკინიგზის პროექტიც კი შექმნეს.
ახლა რომ კითხოთ კუნძულელებს – თუ რითი ცხოვრობს მათი კუნძული? – ბევრი გიპასუხებთ: “რკინის მადნითა და მოგონებებით ნაპოლეონზე!” მართლაც, კუნძულის თანამედროვე ეკონომიკა ამ ორი ფაქტორით განისაზღვრება. ნაპოლეონის კულტი არა მარტო “სულიერ საზრდოს”, არამედ კომერციის წყაროდ იქცა აქაურებისთვის.
პორტოფერაინოს მაღაზიები სავსეა სუვენირებით, რომელიც ბონაპარტესთან არის დაკავშირებული: ნაპოლეონი მარმარილოში, ბრინჯაოში, თაბაშირში; იგი გამოსახულია სურათებზე, ლარნაკებზე, ფაიფურის სხვადასხვა ჭურჭელზე, ავტოკალმებზე და სხვა. როგორც დედაქალაქში, ისე სხვა ქალაქებშიც, მრავლადაა სახლებზე მიმაგრებული დაფები, რომლებიც გვაუწყებენ: “აქ ეძინა, ან იყო, ან რაღაც მიირთვა იმპერატორმა” და ა.შ. აქვეა მუზეუმიც, რომელიც ნაპოლეონის ერთ-ერთი სახლის გვერდითაა აშენებული.
მხოლოდ ნაპოლეონზე მოგონებები როდი იზიდავს აქ ტურისტებს. არაჩვეულებრივად ლამაზია კუნძულის ბუნება. რბილი ხმელთაშუა ზღვის ჰავა სასიამოვნოს ხდის დასვენებას წელიწადის ყველა დროს. იტალიელები სამართლიანად უწოდებენ მას “ტოსკანის მარგალიტს”, ამიტომაც აქ ყოველთვის ხალხმრავლობაა: თბომავალ “ეტალიას” დღეში რამდენჯერმე ათასობით ტურისტი გადაყავს და გადმოყავს.
მცირე აზიის ცენტრალურ ნაწილში, თურქეთში მთიანი მხარე – კაბადოკია მდებარეობს. კაბადოკია, რომელიც “ლამაზი ცხენების ქვეყანას ნიშნავს” და მსოფლიოს მერვე საოცრებადაა მიჩნეული, ქართველი პილიგრიმებისათვის პირველ რიგში წმინდა ნინოს და წმინდა გიორგის სამშობლოა.
უძველესი დროიდან ამ კუთხემ ბევრჯერ განიცადა აყვავება და დაცემა. მას თავს ესხმოდნენ ხეთები, ფრიგიელები, სპარსები, ბერძნები, რომაელები, სომხები და თურქ-სელჯუკები.
ბუნებით მკაცრი და თითქმის “მთვარის” ლანდშაფტის მქონე კაბადოკია, ქრისტიანული რელიგიის გავრცელების ერთ-ერთ კუთხედ ითვლება. ცნობილია, რომ წმინდა ნინო კაბადოკიელი იყო. დამპყრობელთა ცვლა, რომლებიც სხვადასხვა რელიგიებს აღიარებდნენ, ბუნებრივია, ქრისტიანული რელიგიის დევნას იწვევდა. ამიტომ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე მოსახლეობამ არაერთხელ ჰპოვა თავშესაფარი გამოქვაბულებში. ისინი ყოვლისშემძლე ღმერთს ევედრებოდნენ შემწეობას. რომის იმპერის ბატონობისას კი გამოქვაბულებიდან გამოვიდნენ და ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად აღიარეს. VII საუკუნეში, როდესაც დაიწყო არაბთა ლაშქრობა მცირე აზიაში, კვლავ დაიწყო ქრისტიანების დევნა და მათ კვლავ გამოქვაბულებს მიაშურეს.
1963 წელს კაბადოკიის ერთ-ერთ სოფელში არქეოლოგებმა დიდი მიწისქვეშა ქალაქი აღმოაჩინეს, სადაც 7 სართული – იარუსი იყო. მისი სიღრმე 85 მეტრს, სიგრძე კი 30 კმ-ს აღწევდა და 20 ათასამდე ადამიანს იტევდა. აქ საკმარისი იყო წყლის მარაგი ჭების სახით; ვენტილაცია კი კლდეებში მოხერხებულად იყო გაყვანილი. ადამიანები, როგორც ჩანს, თავისი სურვილით ჩადიოდნენ მიწისქვეშა ქალაქში, თან მიყავდათ შინაური პირუტყვი და ფრინველები, მიქონდათ საყოფაცხოვრებო ნივთები და მტერს ემალებოდნენ. შემდგომ პერიოდში აღმოჩენილი იქნა 9 კმ სიგრძის, თითქმის ასეთივე მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც 15 ათას ადამიანს იტევდა.
ამჟამად, კაპადოკიის ტერიტორიის ნუსხაში 36 მდე მიწისქვეშა ქალაქია, რომელსაც ტურისტები ნახულობენ. აქ უამრავი გვირაბია. მართალია, ყველა გვირაბში ვერ შედიხართ, მაგრამ ეს ყველაფერი კარგად შესწავლილია. მიწისქვეშა კაბადოკიის ყველაზე კარგი ექსპონატი გიორემიდან 25 კილომეტრში მდებარეობს.
ამ საოცრებების რელიეფს ვულკანური პროცესების შედეგად წარმოქმნილი სვეტები ქმნის, რომლებიც დროთა განმავლობაში წვიმისა და ქარის მიერ გადაირეცხა და შთენილების სახით დარჩა. ისინი 10 ათასობითაა, სადაც განთავსებულ გამოქვებულებში ქრისტიანობამდე ადამიანის საცხოვრებელი იყო, დღეს კი, ქალაქ გიორემში – სასტუმროთა 90% იქაა მოწყობილი.
კაბადოკია ერთ-ერთი ჰარმონიული ადგილია დედამიწაზე, სადაც ადამიანისა და ბუნების კავშირი ერთმანეთთან დისკომფორტს არ ქმნის. ამჟამად კაბადოკია ტურიზმის მნიშვნელოვანი ცენტრია.
”აფრიკის გრილი ნიავი მიბერავდა და აფრიკის სივრცეების სურნელი მცემდა… ვუყურებდი სამყაროსვით უსასრულო, ცაში აზიდულ, მზით განათებულ და საოცრად ქათქათა მთას და თავს ბედნიერად ვგრძნობდი…”
ინგლისის სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების კედლებში სიცილ-ხარხარი ისმოდა: ”თოვლი? აფრიკაში?! მომხსენებელს როგორი მხედველობა აქვს? ხომ არ დაავადდა იგი შავ კონტინენტზე ყვითელი ციებით”? ასე ცინიკურად გერმანელ მისიონერს, იოჰან რებმანს მიმართავდნენ, რომლის დანაშაულიც მხოლოდ ის იყო, რომ მან სიმართლე თქვა.
მოხსენებამდე რამდენიმე თვით ადრე აღმოსავლეთ აფრიკაში მისიონერული მოგზაურობისას რებმანმა ზღაპრული სანახაობა იხილა: მის წინ აღმართულიყო მთა, რომლის მწვერვალებიც თეთრ ღრუბლებში გახვეულიყო, თუმცა მათი უმოძრაობა ეჭვს იწვევდა. დაკვირვების შემდეგ რებმანი მიხვდა, რომ მთის მწვერვალი თოვლით იყო დაფარული და ძლიერ გაოცდა: ”თოვლი ეკვატორთან, აფრიკულ სიცხეში?!”. 1848 წლის 11 მაისს მისიონერმა თავის დღიურში ნანახი აღწერა და თანაც აღნიშნა, რომ ამ საოცარ მთას ადგილობრივი მცხოვრებლები ”ბერედი”-ს ეძახიან, რაც ”ცივს” ნიშნავს. ლეგენდის თანახმად ერთხელ ადგილობრივმა ბელადმა მთაზე თავისი ქცეშევრდომები გააგზავნა ვერცხილის ჩამოსატანად, მაგრამ მთაზე მცხოვრებმა ბოროტმა სულებმა ხელი შეუშალეს ბელადის სურვილს. უკან დაბრუნებისას ძვირფასი ლითონი წყლად გადაიქცა. მისიონერი მიხვდა, რომ ლეგენდაში ნახსენები ვერცხლი თოვლია, მაგრამ მისმა აღჭურვილობამ, რომელიც მხოლოდ ბიბლიისა და ქოლგისგან შედგებოდა, მას საშუალება არ მისცა მთაზე ასულიყო, რათა საბოლოოდ დარწმუნებულიყო თავისი დაკვირვების სიზუსტეში.
ევროპაში დაბრუნებული რებმანი სამეფო გეოგრაფიულ საზოგადოებაში მიიწვიეს, სადაც იმ პერიოდში დებატები იმართებოდა ნილოსის სათავის მდებარეობის შესახებ. ამ საკითხის ირგვლივ მისიონერს პასუხი არ ჰქონდა, თუმცა მეცნიერებს ამცნო, რომ მან აფრიკის გულში ყინულით დაფარული მთა იხილა, რის გამოც იგი დაცინვისა და ანეკდოტების გმირად იქცა.
რამდენიმე თვის შემდეგ მისი თანამემამულე და კოლეგა იოჰან კრაპფი აფრიკიდან დაბრუნდა და რებმანის ცნობები დაადასტურა, თუმცა კატეგორიულად არ ეთანხმებოდა მას მთის სიმაღლის საკითხში. მთის ”პირველაღმომჩენი” ამტკიცებდა, რომ მთის სიმაღლე დაახლოებით 6 კმ-იაო, მისი ოპონენტის აზრით კი მთა 1,5-ჯერ დაბალი იყო. მთის გაბარიტების შესახებ ატეხილი დავის გამო მეცნიერებმა, რომელთაც აფრიკა მხოლოდ რუკასა და გლობუსზე ჰქონდათ ნანახი, დაასკვნეს რომ თოვლიანი მთა ამ კონტინენტზე საერთოდ არ არსებობდა.
1861 წელს ენთუზიასტებმა აფრიკის უმაღლესი მწვერვალის დალაშქრვა გადაწყვიტეს, მაგრამ ხან უამინდობამ, ხან არასაკმარისმა აღჭურვილობამ და ხანაც სხვა ფაქტორებმა ევროპელებს ხელი შეუშალეს დაეპყროთ კილიმანჯარო. საბოლოოდ, 1889 წელს გერმანელი მოგზაური და გამომცემელი ჰანს მაიერი და ავსტრიელი ალპინისტი ლუდვიგ პულჩელერი 60 ადგილობრივი მეგზურის თანხლებით ექვსკვირიანი მოგზაურობის შემდეგ 5895 მეტრ სიმაღლეზე ავიდნენ და აფრიკის ”სახურავს მიაღწიეს”. ასე უწოდებენ მთა კიბოს უმაღლეს მწვერვალს, ერთ-ერთს იმ სამთაგან, რომლებიც კილიმანჯაროს ქმნიან. მას კაიზერ ვილჰემ II-ის პიკი უწოდეს გერმანელი იმპერატორის პატივსაცემად. დავა იმის შესახებ, რომ ეკვატორთან თოვლი არის თუ არა, ამ მტკიცების მომხრეთა გამარჯვებით დასრულდა. მთის სხვადასხვა მწვერვალი, შირა (3962 მ) და მავენზი (5149 მ), რომელთაც მეტად რთული ფერდობები აქვთ, ალპინისტებმა მხოლოდ XX საუკუნეში დაიპყრეს.
კილიმანჯაროს შესახებ რამდენიმე ლეგენდა არსებობს. ამბობენ, რომ ძველი ეთიოპიის მბრძანებელმა მენელიკ I, სოლომონ მეფისა და დედოფალ საკიას ძემ, იგრძნო რა სიკვდილის მოახლოება, თავისი ავლადიდება შეკრიბა, მათ შორის სოლომონ მეფის ცნობილი ბეჭედი წარწერით ”ესევ გაივლის” და მონებთან ერთად მთაზე ასვლა გადაწყვიტა. იგი წინ მიუძღვოდა პროცესიას და პირველი ჩახტა ვულკანის კრატერში, წაიყოლა რა თან მთელი სიმდიდრე. ლეგენდის თანახმად ვინც ამ საგანძურს იპოვის, და რა თქმა უნდა სოლომონ მეფის ბეჭედსაც, მას ეთიოპიის მმართველის ტიტული მიენიჭება.
მწვერვალზე ასვლისას მოგზაური 6 ბუნებრივ ზონას კვეთს. მთის ძირში სავანებია. შედარებით მაღლა , იქ სადაც დამდნარი თოვლიდან ნაკადულები მოედინებიან, ადგილობრივ მოსახლეობას ყავა, ბანანი, სიმინდი, პომიდორი მოჰყავს. 1800 მ სიმაღლეზე ეს პეიზაჟი ტყეების ხშირი და გაუვალი მცენარეულობით იცვლება, 300 მ-ით ზემოთ კი უკვე ალპური მდელოებია. ზ.დ-დან 4000 მ -ის ზემოთ უკვე ხავსების სამეფოა, ხოლო 5000 მ-დან ნამდვილი ქვიან-ყინულიანი უდაბნო იწყება. იმის გამო, რომ აქ ჰაერი გაიშვიათებულია არანაირი ცოცხალი ორგანიზმი არ ბინადრობს, თუმცა არსებობს ორი გადმოცემა ადგილობრივი ფაუნის შესახებ. ერთი თეთრ ლეოპარდს ეხება, რომელიც კიბოს ყინულებში უნახავთ და აღწერილი აქვს ამერიკელ მწერალს ერნესტ ჰემინგუეის მოთხრობაში ”კილიმანაჯროს თოვლიანი მთა”. მეორეს თანახმად კი 1962 წელს ტურისტთა ჯგუფმა 5000 მ სიმაღლეზე ხუთი ველური ძაღლი შენიშნა.
მთის ძირში მოსახლეობა მასაისა და ჩაგას ტომები ოდითგან ცხოვრობენ. კილიმანჯაროზე ასვლის მსურველები დღესაც მრავლად არიან. იგი ხომ ცალკე მდგომი ყველაზე მაღალი მწვერვალია დედამიწაზე და მასზე ასვლა სპეციალური მომზადების გარეშეცაა შესაძლებელი. მათ ვინც, კილიმანჯაროზე ასვლას აპირებს, ურჩევენ რომ ასვლამდე ორი კვირის მანძილზე ყოველდღიურად 5-10 კმ გზა ფეხით გაიარონ. ტურისტებს მთაზე ასასვლელად 5-7 დღე სჭირდებათ და თან მეგზურებიც უნდა იახლონ. მარშუტისა და ასასვლელი დღეეების რიცხვის მიხედვით ასეთი ექსკურსია 500-1000 დოლარი ღირს, რომელშიც არ შედის ტანზანიაში გამგზავრებისა და მეგზურთა ხარჯები. ტურისტებს შორის შედარებით ნაკლები პოპულარობით სარგებლობს უჰუროს პიკი (სუაჰილის ენიდან ”თავისუფლება”). ასე უწოდებენ დღეს ვილჰემ კაიზერის პიკს, რომელსაც 1961 წელს ტანზანიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ შეეცვალა სახელი.
სტატისტიკის მიხედვით მწვერვალის ყველაზე ხანდაზმული დამლაშქრავი 87 წლის ყოფილა, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა – 11-ის. თუმცა ახლა მთაზე ასვლა მხოლოდ 12 წლის ასაკიდან შეიძლება. მწვერვალის დაპყრობის რეკორდი ბრაზილიელ მოცარტ კატაუს ეკუთვნის, რომელმაც მთაზე ასვლას 17 საათი და 30 წუთი მოანდომა, თანაც იმ მარშრუტით, რომელსაც ტურისტები ხუთ დღეში გადიან.