• განძის კუნძული

    განძის კუნძული

    ალბათ  წაგიკითხავთ რობერტ ლუის  სტივენსონის რომანი ”განძის კუნძული” და დაინტერესებულხართ  კიდეც, სად არის სინამდვილეში იგი?   თუ მსოფლიოს  რუკას კარგად დააკვირდებით, კარიბის ზღვაში, კუნძულ კუბის სამხრეთ სანაპიროდან არც თუ ისე შორს, პატარა კუნძულების ჯგუფს აღმოაჩენთ, რომელიც კუბას ეკუთვნის. მათ შორის ფართობით ყველაზე დიდი კუნძული ჰუვენტუდია (ფართობი 3000 კვ. მ-ზე მეტი), რომელსაც არც თუ ისე შორეულ  წარსულში პინოსი ერქვა. სწორედ ესაა სტივენსონის  ”განძის კუნძული”.

    თუ მე-18 საუკუნეში შედგენილ კუნძულის რუკას და რომანში ავტორის მიერ ჩადებულ რუკას  ერთმანეთს შევადარებთ,  მათ  მოხაზულობებსა და კონფიგურაციას  შორის  გასაოცარ მსაგვსებას აღმოვაჩენთ.  ასევე ბევრ მსგავსებას ვიპოვით  მათ რელიეფს შორისაც.  მაგალითად,  კ. ჰუვენტუდზე ერთ-ერთ ბორცვს, ისევე როგორც  სტივენსონის ”განძის კუნძულში”,  სათვალთვალო მილი  (ესპანურად ”ლა-ვიხია”) ჰქვია.  მწერალმა ნაწარმოებში კუნძულზე გავრცელებული ხშირი  ფიჭვის ტყეები აღწერა, რომლებიც კუნძულის თითქმის ნახევარს ფარავდა.   ამით კი, სინამდვილეში მხოლოდ კუნძული ჰუვენტუდი დაიკვეხნის, რადგან არც ერთ სხვა კუნძულზე მსგავსი ლანდშაფტი არ გვხვდება. ამიტომაც ითვლება, რომ რომანში აღწერილი მოვლენები  სწორედ ამ კუნძულზე ხდებოდა.

    ქრისტეფორე კოლუმბის მიერ  ამერიკის აღმოჩენამდე,  ამ კუნძულზე უკვე ცხოვრობდნენ ინდიელეთა ტომები, რომლებიც სოფლის მეურნეობას და მეთევზეობას მისდევდნენ.   ხმელეთის  ამ თვალწარმტაც  ნაგლეჯს,  რომელიც კოლუმბმა 1494 წელს აღმოაჩინა,  ესპანელებმა ისლა დე პინოსი  ანუ ”პინიების კუნძული” უწოდეს ( პინია –  იტალიური ფიჭვის ხეა  20–25 მ სიმაღლის  ქოლგისებრი ვარჯით. პინიის სამშობლოა ხმელთაშუაზღვის ოლქი  და პორტუგალიიდან მცირე აზიამდე  ვრცელდება  ზღვის დონიდან 1000 მეტრ სიმაღლემდე).  კოლონიზატორებმა ძალიან მცირე დროში  მუსრი

    გაავლეს აქაურ მოსახლეობას და წიწვიანი ტყეების მნიშვნელოვან ნაწილსაც, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ ოქროს აქ ვერ იპოვნიდნენ და კუნძულის მიმართ ყოველგვარი ინტერესი დაკარგეს. მართალია,  კუნძულს მალევე გამოუჩნდა ახალი  პატრონი – ფლიბუსტიერები (ზღვებში მოთარეშე ყაჩაღები, მეკობრეები).  კუნძულმა მათი ყურადღება იმის გამო მიიპყრო, რომ ის იუკატანის  სრუტესთან ახლოს მდებარობდა.  ამ გზაზე კი  კოლონიზატორების მიერ  სამხრეთ ამერიკის მოსახლებისთვის წართმეული სიმდიდრით  დატვირთული გემები  ესპანეთისკენ მიემართებოდნენ.  სწორედ ამ კუნძულიდან  ესხმოდნენ თავს ფლიბუსტიერები  არა მარტო გემებს, არამედ  კარიბის ზღვაში მდებარე პორტებსაც კი.

    დაახლოებით 300 წლის განმავლობაში  კ. პინოსი  მეკობრეებისთვის  სასმელი  წყლით მომარაგების ადგილს, თავგადასავლების  მაძიებელთა არენას და გემების გასაჩერებელ  და სარემონტო ბაზას  წარმოადგენდა.  გეოგრაფიულ წყაროებზე დაყრდნობით, სხვადასხვა დროს პინოსზე იმყოფებოდნენ იმ დროისათვის  ყველაზე სახელგანთქმული მეკობრეები –   დრეიკი, მორგანი, დამპირი, ოლონე, ჰოლი, ბასკერვილი და მრავალი სხვა.  ისინი კუნძულს  განძის სამალავ ადგილადაც იყენებდნენ და ნაქურდალ  ქონებას  მიუვალ ადგილებში მალავდნენ.  ასეთ ადგილებს ისინი მკაცრად საიდუმლოდ ინახავდნენ და  სპეციალურ რუკებზე აღნიშნავდნენ, რომლებსაც  მხოლოდ ერთ ეგზემპლარად ამზადებდნენ.  სწორედ ერთ-ერთი ასეთი რუკა  ჩაუვარდა ხელში  ცნობილი რომანის მთავარ გმირს – ჯიმ ჰოპკინსს. ითვლება, რომ სტივენსონმა, რომელიც ამ ადგილებში ნამყოფიც კი არ იყო, რომანში კუნძულის აღწერისას  დრეიკის, მორგანისა და სხვა მეკობრეთა ჩანაწერები გამოიყენა.

     ესპანელები აცნობიერებდნენ,  თუ რა საშიშროებას წარმოადგენდნენ ფლიბუსტიერები და არაერთხელ შეეცადნენ   მეკობრეთა  ბუნაგის  განადგურებას. მხოლოდ 1830 წელს, მეკობრეთა ბატონობიდან 300 წლის შემდეგ, ესპანელებმა პინოსის ისე უკან დაბრუნება შესძლეს.  კოლონიზატორებმა იგი დამნაშავეთა გადასახლების ადგილად აქციეს და  კუნძულის სახელს ”მეკობრეთა ბუნაგთან”  ერთად,  ”კუნძული – ციხის”,  ” ტანჯვის ადგილის”  სახელიც დაემატა.

    ამ კუნძულის ცხოვრება მაშინაც კი  არ შეცვლილა, როცა ესპანელებმა მასზე ბატონობა დაკარგეს და  ოფიციალურად კუბის მფლობელობაში გადავიდა. იმ დროისათვის პინოსზე ერთადერთი მნიშვნელოვანი ნაგებობა  ე.წ. ” საჩვენებელი ციხე”  იყო, რომელიც სიერა-დე-კაბალოსის მთის ძირას იქნა აშენებეული. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სწორედ ამ ციხეში იჯდა 1953 წელს ფიდელ კასტრო – კუბის რევოლუციის ლიდერი, მთავრობის მეთაური 1959 წლიდან და ქვეყნის  პრეზიდენტი 1976 წლიდან.

     შემდგომ წლებში კუნძულზე,  რომელიც  შეიძლება ითქვას, კუბის ციმბირს დაემსგავსა,   არსებითად ბევრი არაფერი შეცვლილა. გარდა იმისა, რომ  აქ მრავალი ტურისტი, ძირითადად კი,  ამერიკელი ავანტიურისტები ჩამოდიოდნენ და რომლებიც ძველ რუკებზე  დაყრდნობით  გულმოდგინედ ცდილობდნენ მეკობრეების მიერ დამალული  განძის სამალავების პოვნას. განძის მაძიებელთა მიერ ხელში ჩაგდებულ  ერთ-ერთ რუკას თან ახლდა ტექსტი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ  იყო ერთ -ერთ გამოქვაბულში დამალული იყო 20 მილიონი პიასტრო, ხოლო ოკეანის ფსკერზე აურაცხელი სიმდიდრით   დატვირთული  რამდენიმე ესპანური გემი იმყოფებოდა.  აღსანიშნავია, რომ  განძის მაძიებელთა  ერთ-ერთ საზღვაო ექსპედიციას მართლაც  გაუღიმა  ბედმა. 1954 წელს ამერიკელმა ტედ უიკერმა მრავალი მცდელობისა  და ხანგრძლივი ძიების შედეგად  ოქროთი და ვერცხლით სავსე ზანდუკი იპოვა.

    1958 წელს კუნძულზე  ტურისტებისთვის პატარა სასტუმრო ააშენეს, რომლის ჰოლს მოზაიკური პანო ამშვენებდა. პანოზე გამოსახული იყო სცენა რომანიდან  ”განძის კუნძული”.

    კუნძულის ახალი ისტორია 1959 წლიდან იწყება, როცა ციხეები აქ  სამუდამოდ იქნა ლიკვიდირებული, ხოლო  ნოყიერი მიწები  აყვავებულ ბაღებად აქციეს.   ვისაც კი ფეხი დაუდგამს განახლებულ  კუნძულ პინოსზე,  მას  კარიბის ზღვის ზურმუხტს უწოდებს.  ოდესღაც  მიგდებული დედამიწის ეს პატარა ნაკუწი  ახლა მთელ მსოფლიოშია ცნობილი თავისი  ციტრუსების პლანტაციებით, რომლებიც მშრალ პერიოდში  აქ აშენებული ოცამდე წყალსაცავის წყლით ირწყვება.  გარდა ამისა, კუნძულის მოსახლეობას მოყავას ანანასი და ბანანი, მისდევს მეცხოველეობას, თევზჭერას.  კუნძულის ოდესღაც გაუვალი ბილიკები  გზატკეცილებმა შეცვალა; კუნძულზე მოიპოვებენ ვოლფრამს და მარმარილოს, ასევე განვითარდა მსუბუქი და კვების მრეწველობა. კუნძულის  შავი –  ”ბიბიჰაგუას” და წითელი ფერის ქვიშის პლაჟები  კი მრავალრიცხოვან ტურისტს იზიდავს.   კუნძულზე ფლიბუსტიერების ბატონობის  პერიოდის  კი  მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატები  გვახსენებს. 

    1978 წელს  კუნძულს ჰუვენტუდი  (”ახალგაზრდობის კუნძული”) ეწოდა, რომლის დედაქალაქია  ნუევა-ჰერონა.   ამჟამად კუნძულზე 70 ათასი   კაცი ცხოვრობს.

  • ლურჯი დროშა – სუფთა პლაჟების ინდიკატორი

    ლურჯი დროშა – სუფთა პლაჟების ინდიკატორი

    მრავალწლიურმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ადამიანებს დასუფთავებულ პლაჟზე დასვენება და სუფთა წყალში ბანაობა ურჩევნიათ. ბევრი დამსვენებელი თავის დასასვენებელ ადგილს სწორედ ლურჯი დროშების არსებობით ირჩევს.
    ლურჯი დროშა თავისებური სერთიფიკატია, რომელიც პლაჟების ხარისხს 29 კრიტერიუმის მიხედვით აფასებს, მათ შორის: პლაჟამდე მოსახერხებელი
    მისასვლელი, წყლის სისუფთავე (ყოველკვირეული ტესტირება), სანაპიროს დასუფთავება და ნაგვის შეგროვება, მუდმივი მონიტორინგი და სამაშველო
    სამსახურის არსებობა, გადაუდებელი დახმარების მომსახურება, შხაპების არსებობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვა, შინაური ცხოველების არდაშვება და სხვ. სერტიფიკატი ”ლურჯი დროშა” 1985 წელს საფრანგეთში იქნა დამტკიცებული, სადაც ფრანგულ საზღვაო მუნიციპალიტეტებს პირველად მიენიჭათ ეს დროშები მიმდებარე სანაპიროსა და ზღვის წყლის სისუფთავის ხარისხის გამო. იმ პერიოდში ლურჯი დროშის გადაცემით დაკავებული იყო ეკოლოგიური ორგანიზაცია – ევროპის ეკოლოგიური განათლების ფედერაცია (FEEE). 1987 წლიდან ლურჯი დროშის მინიჭების ფრანგული იდეა ფართოდ გავრცელდა მთელ ევროპაში და ეკოლოგიური მენეჯმენტის ახალი მიმართულებებით შეივსო: ნარჩენების მართვა, სანაპირო დაგეგმარება, სანაპირო ტერიტორიების დაცვა. ამავე წელს ევროპის 10 ქვეყნის 244 პლაჟმა და 208 უბემ მიიღო ლურჯი დროშა.
    1987 წლიდან ყოველწლიურად იზრდება ლურჯი დროშების რაოდენობა და შეფასების კრიტერიუმებიც საკმაოდ გამკაცრდა. 2001 წელს ეს ჯილდო მთელ მსოფლიოში გავრცელდა და ორგანიზაციის სახელიც შეიცვალა – ეკოლოგიური განათლების ფედერაცია (FEE), რომელიც არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაციაა. მასში გაერთიანებულია ევროპის, აფრიკის, აზიის, ოკეანეთისა და ამერიკის 60 ქვეყნის 65 ადგილობრივი ორგანიზაცია. ”ლურჯი დროშის“ პროგრამა ასევე მოქმედებს სარ–ში, კანადაში, მაროკოში, ახალ ზელანდიასა და კარიბის რეგიონის 4 ქვეყანაში. საპილოტე პროგრამები ფუნქციონირებს ჩილეში, აშშ–ში, არგენტინაში, ბრაზილიაში, ეკვადორში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და სამხრეთ–აღმოსავლეთი აფრიკის ქვეყნებში.
    ამჟამად, ეკოლოგიური განათლების ფედერაცია თანამშრომლობს გაეროს გარემოსდაცვით პროგრამასთან (UNEP) და მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციასთან
    (WTO). ფედერაციის ინტერნეტსაიტის მისამართია: http://www.blueflag.org/

    „ლურჯი დროშის“ სერტიფიკატის განახლება-გადაცემა ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყნებში ყოველი წლის 5 ივნისს ხდება. ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროსა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში – 1 ნოემბერს. 2013 წელს მსოფლიოს 36 ქვეყნის 3300–მა პლაჟმა მიიღო ლურჯი დროშის სერტიფიკატი. ამავე წელს ”ლურჯი დროშების” სიმრავლით ესპანეთი გამოირჩეიოდა. აქ დაახლოებით 550 ადგილას ფრიალებდა სისუფთავის ეს
    სიმბოლო. ხუთეულში ასევე შევიდა საბერძნეთი, თურქეთი, საფრანგეთი და პორტუგალია.

    საქართველოში „ლურჯი დროშის“ მოპოვების ყველაზე დიდი შანსი სარფის, ბათუმის, გონიოს, კვარიათისა და ურეკის სანაპიროებს აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კურორტებს კიდევ უფრო მეტი ტურისტის მოზიდვის პოტენციალი აქვთ. ზღვაზე დამსვენებელმა, ლურჯი დროშის გარდა, ასევე სხვა ფერის დროშების მნიშვნელობაც უნდა იცოდეს.

  • კატასტროფა ალასკაზე

    კატასტროფა ალასკაზე

    ერთხელ გეორგ გრაფი და მისი ცოლი ქეითი ერთ-ერთ საღამოზე ლეო გრასის შეხვდნენ. გრასი და გრაფი კლასელები იყვნენ. მართალია, გრასს ძალიან უყვარდა ტრაბახი, მაგრამ ამასთან, იგი საუკეთესო ორატორი იყო და მის მიერ მოყოლილი ისტორიები ბევრ მსმენელს მოსწონდა. ამჯერად ლეომ ალასკაზე თავისი მუშაობის შესახებ დაიწყო საუბარი.
    -ჩვენი კომპანია მდინარე კოიუკუკის რაიონში, სრულიად ველურ და უკაცრიელ ადგილას ნავთობს ეძებდა. ამ რაიონში ესკიმოსების მხოლოდ რამდენიმე პატარა დასახლება და უსასრულო ტუნდრაა. აგვისტოს დასაწყისში მე ბრუკსის ქედის მთისწინეთში უნდა გავფრენილიყავი, სადაც ერთ-ერთი ჩვენი ჭაბურღილი იდგა. ნორმალურად ავფრინდით, მაგრამ უკვე ნახევარი საათის შემდეგ ვერტალიოტის ძრავა გაფუჭდა და საფრენი აპარატი მწყობრიდან საბოლოოდ გამოვიდა. პილოტს ვუბრძანე, რომ დაშვებულიყო. სულ რაღაც 10 მეტრიღა გვაკლდა მიწამდე, როცა ძრავა საბოლოოდ ჩაქრა და ჩვენ პირდაპირ ჭაობში ჩავვარდით, რამაც გადაგვარჩინა კიდეც. ვერტალიოტი ჭაობში ნახევარი მეტრით ჩაეფლო, რამაც დარტყმის ძალა შეამცირა. მაგრამ, თურმე უფრო მეტი საშინელება წინ გველოდა: ვერტალიოტის რაცია და სანავიგაციო ხელსაწყოები ჩამოვარდნის გამო მწყობრიდან გამოვიდა. ამიტომ ვერავის გავაგებინებდით ჩვენს ადგილსამყოფელს და ვერც დახმარებას მოვითხოვდით. საბედნიეროდ, ხელთ რუკა და კომპასი გვქონდა. პილოტთან ერთად გადავწყვიტეთ სამხრეთისკენ აგვეღო გეზი, რათა იუკონის ხეობიდან გავსულიყავით. ჩვენ დაახლოებით 100 მილი უნდა გვევლო ტუნდრაში საკვებისა და იარაღის გარეშე. გარდა ამისა, უტყეო ტუნდრაში ვერ ვახერხებდით კოცონის დანთებას. საბედნიეროდ, ზაფხულში ალასკაზე პოლარული დღეა და ეს ჩვენ ღამით გაყინვისგან გვიცავდა. მე კომპასი ავიღე. ისრის სამხრეთი ბოლო ჩვენ წინ მდებარე მაღალი ბორცვისკენ იყო მიმართული. კომპასი ჯიბეში შევინახე და პირდაპირ ბორცვის მიმართულებით წავედი. პილოტი უკან გამომყვა…
    რაფს მოსწყინდა ლეოს საუბარი და მსმენელების ჯგუფს გაერიდა. მალე მას მეუღლეც შეუერთდა.
    _ ქეთი, შენც მოგბეზრდა ლეოს ”ზღაპრები” თუ უკვე დაამთავრა ლაპარაკი?
    -არა, ჯერ არ დაუმთავრებია , თუმცა უკვე იუკონს უახლოვდება. მაგრამ ისე გაუტია, რომ მეც კი შევნიშნე მისი ტყუილები.
    იპოვეთ ლეოს მონათხრობში შეცდომები.
    პასუხი:
    ლეომ თავის მონათხრობში სულ მცირე 4 შეცდომა დაუშვა. პირველი, ალასკის შიდა რაიონებში ცხოვრობენ არა ესკიმოსები, არამედ ინდიელები.
    მეორე – ბრუკსის ქედის სამხრეთით მდებარეობს არა ტუნდრა, არამედ ტყეტუნდრა, უფრო მეტიც მდინარეთა ხეობებში გავრცელებულია ტყეები.
    მესამე – პოლარულ დღეზე დაკვირვება მდინარე კოიუკუკის რაიონში შესაძლებელია ივნისის ბოლოს და არა აგვისტოს დასაწყისში.
    და მეოთხე – კომპასის მაგნიტური ისარი ალასკაზე უჩვენებს ჩრდილოეთის, და არა აღმოსავლეთის მიმართულებას. სწორედ მანდ მდებარეობს ალასკასთან მიმართებაში ჩრდილოეთი მაგნიტური პოლუსი. შესაბამისად, იუკონის ხეობამდე მისვლას ლეო გრასი ვერ შეძლებდა.

  • დამწვარი წერილი 

    დამწვარი წერილი 

    დილით ადრე პოლიციის უფროსმა ინსპექტორი გეორგ რაფი გამოიძახა.
    – როგორც იქნა ნარკომაფიის მოკავშირე დავაკავეთ. მართალია, დაკავებისას ის წერილის დაწვას ცდილობდა, მაგრამ ჩვენმა ექსპერტებმა შეძლეს დამწვარი ფურცლიდან ნაწილობრივ აღედგინათ ტექსტი. აი ისიც.
    პოლიციის უფროსმა რაფს ქაღალდი მიაწოდა.
    ” … 24 ივნისს იახტა უნდა გავიდეს ლოს-ანჯელესის პორტიდან … და … პაკეტებში 500 გრამი… დრეიკის სრუტის გავლით… თქვენი მეორე გაჩერება კეიპტაუნშია… შტორმის შემთხვევაში… პერტში შეხვდებით ჩვენს რეზიდენტს….”
    -სულ ესაა?
    -კი. დღეს უკვე 20 ივნისია. იახტა პორტშია. გაემგზავრეთ და იპოვეთ ის. თქვენთან ერთად სერჟანტი რეიც წამოვა.
    უკვე ერთი საათის შემდეგ გეორგ რაფი ნავსადგურის კომენდატის კაბინეტში იმყოფებოდა.
    -24 ივნისს ჩვენი პორტიდან 6 იახტა გადის – წარმოსთქვა კომენდანტმა.
    -შეგიძლიათ მითხრათ თითოეული ამ იახტის მარშრუტი და დანიშნულების ადგილი?
    -არა, სერ. კაპიტნები ვალდებულები არიან მხოლოდ დანიშნულების ადგილი გვაცნობონ. ასე რომ, მე მხოლოდ თქვენს ერთ შეკითხვას შემიძლია გავცე პასუხი – სად? მაგრამ არ ვიცი, რა მარშრუტით მოგზაურობენ.
    -კარგით, ეს ინფორმაცია მომეცით.
    კომენდანტმა მაგიდიდან ფურცელი აიღო და სიიდან იმ დღეს გამავალი ხუთი იახტის საბოლოო დანიშნულების ადგილი წაიკითხა: ”რესიფი, დაკარი, ოდესა, ბომბეი, შანხაი”.
    -კი მაგრამ, თქვენ ხომ თქვით, რომ 6 იახტა გადიოდა?
    -მეექვსე იახტა სპორტულია. იგი დედამიწის გარშემო მოგზაურობს. ყველა იახტას გაჩხრეკთ?
    -არა, ვფიქრობ ერთიც საკმარისია.
    რომელი იახტის გაჩხრეკას აპირებდა გრაფი?
    პასუხი:
    სპორტული იახტის. წერილის თანახმად იახტას სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის გვერდით უნდა გაევლო, რომ ავსტრალიამდე მიეღწია. თუმცა ავსტრალიის ნავსადგურ პერტამდე მისვლა უფრო ადვილია წყნარი ოკეანის გავლით. შესაბამისად, იახტა, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა, დედამიწის გარშემო მოგზაურობდა.

  • დაზღვევის საქმე

    დაზღვევის საქმე

    ერთხელ რაფს მისი ძველი მეგობარი ლიმეტი ესტუმრა. სწორედ ლიმეტისთან ერთად ოდესღაც რაფმა თავისი კარიერა დაიწყო პოლიციაში, მაგრამ მერე მათი გზები გაიყო. ლიმეტმა მსხვილ სადაზღვევო კომპანიაში საგამოძიებო განყოფილებაში დაიწყო მუშაობა და პოლიციიდან წავიდა. თუმცა ხანდახან ის რაფს დახმარებას სთხოვდა ხოლმე და, სავარაუდოდ, ამ დღესაც ამ მიზნით იყო მოსული.
    -რაფ! შეგიძლია ერთ საქმეში დახმარება გამიწიო? – პატარა შესავლის შემდეგ იკითხა ლიმეტმა.
    -მიდი, დაიწყე. ამჯერად რაშია საქმე.
    -ნახევარი წლის წინ ჩვენს კომპანიაში ახალი კლიენტი – ბარი ჰოპკინსი მოვიდა. მან საკმაოდ მსხვილ თანხად დააზღვია თავისი ცოლი, სახლი და იახტა. ერთი თვის შემდეგ მის სახლს მეხი დაეცა და დაიწვა. ხოლო დაახლოებით ორი თვის წინ მისი იახტა ჩაიძირა და ცოლი დაიღუპა. მე ასეთი დამთხვევების არ მჯერა, მაგრამ ხელმოსაკიდიც არაფერი მაქვს, სამწუხაროდ.
    -აქამდე რატომ არ მოხვედი?
    -ჰოპკინსმა დაზღვევის თანხის მისაღებად განცხადება მხოლოდ 6 დღის წინ შემოიტანა.
    -საინტერსოა. აბა უფრო დაწვრილებით მომიყევი.
    -ჰოპკინსი საკმაოდ მდიდარი კაცია, ბირჟაზე თამაშობს. საკმაოდ ძვირად ღირებული იახტა ყავდა. დაახლოებით 2 თვის წინ ჰოპკინსი ცოლთან ერთად ჰავაის კუნძულებზე გაემგზავრა. როგორც წესი, ასეთი კრუიზის დროს, მას თან ორი მეზღვაური და სტიუარდი მიჰყავდა თან, მაგრამ ამჯერად მათ გარეშე გადაწყვიტა გამგზავრება. 28 მაისს ისინი ჰონოლულუდან ჩრდილოეთით 200 მილის დაშორებით იმყოფებოდნენ, როცა წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში მიწისძვრა მოხდა და შესაბამისად გიგანტური ტალღა – ცუნამი წარმოიქმნა.
    -მე ვიცი, რა არის ცუნამი, ამიტომ შეგიძლია არ ამიხსნა. იმედი მაქვს, არ აპირებ ჰოპკინსის დადანაშაულებას იმაში, რომ ცუნამის გამოწვევა სურვილის მიხედვით შეუძლია?
    -რა თქმა უნდა, არა. ეს უბრალოდ დამთხვევაა. თუ გახსოვს მაისში ტელევიზიით თითქმის მთელი კვირა გადმოსცემდნენ ცნობებს და აჩვენებდნენ სიუჟეტებს იმის შესახებ, თუ რა ზარალი მოჰყვა ამ ტალღას იაპონიასა და ჰავაის კუნძულებზე.
    -ჰო, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, მსხვერპლი არ ყოფილა.
    -მართალია, მოსახლეობა წინასწარ იყო გაფრთხილებული და ამიტომ მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ ჰოპკინსი ამტკიცებს, რომ ცუნამის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან რადიოს არ უსმენდა. ის და მისი ცოლი მშვიდად ირუჯებოდნენ იახტის ბორტზე, როცა იახტა მოულოდნელად მაღლა ავარდა, მერე კი მკვეთრად გადაიხარა. ჰოპკინსის ცოლი ოკეანეში გადავარდა, თვითონ კი სახელურს მოეჭიდა. ტალღის დარტყმის გამო იახტა გაიბზარა და წყალმა დაიწყო დინება. თუმცა ჰოპკინსმა მოასწრო ავარიული ნავის გადაგდება, თავადაც გადახტა, იახტა კი წყალში ჩაიძირა. მისი ცოლი არსად ჩანდა. განსაკუთრებული შემთხვევისთვის ნავი საჭმლითა და რაციით იყო მომარაგებული. ჰოპკინსმა SOS სიგნალების გაშვება დაიწყო. მეორე დღეს იგი სატვირთო გემმა აიყვანა, რომელიც კანადიდან ჰონგკოკში მიემგზავრებოდა. ჰოპკინსი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. თითქმის 1 კვირა მან გემის ლაზარეთში გაატარა და კიდევ 1 კვირა – ჰონგკოკის საავადმყოფოში. ამის შემდეგ იგი ჰონოლულუში გაფრინდა და ცოლის საძიებო სამუშაოების ორგანიზება დაიწყო იმის იმედად, რომ შეიძლება მან გადარჩენა მოახერხა.
    ლოს-ანჯელესში მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდა, როცა დარწმუნდა რომ ძიებას აზრი აღარ ჰქონდა.
    -მაშინ გასაგებია, თუ რატომ მოგაკითხათ მან ასე დაგვიანებით.
    -კი, მართლაც. ყველაფერი ლოგიკურად გამოიყურება და ვერაფერში შეედავები, მაგრამ რატომღაც მე მაინც არ მჯერა.
    -სწორედაც იქცევი. მე უკვე ვიცი სად ჩაიწვა.
    თქვენ თუ შეამჩნიეთ, სად დაუშვა ჰოპკინსმა შეცდომა?
    პასუხი:
    იმ ადამიანსაც კი არ გაუჭირდება ჰოპკინსის შეცდომის დანახვა, რომელიც ძალიან სუსტად ერკვევა გეოგრაფიაში. რა თქმა უნდა, ცუნამი მის იახტას ვერაფერს დააკლებდა, რადგან ამ ტალღას დამანგრეველი ეფექტი მხოლოდ სანაპიროსთან ახლო ტერიტორიებზე აქვს და არა ღია ოკეანეში, სადაც ის შეუმჩნეველია და არა სახიფათოა.

  • მოგზაურობა ახალ ზელანდიაში

    მოგზაურობა ახალ ზელანდიაში

    ივლისის თვეში ინსპქეტორმა გეორგ რაფმა შვებულება აიღო და ცოლთან – კეიტთან ერთად დასასვენებლად ახალ ზელანდიაში გამგზავრება გადაწყვიტა.

    – რა რომანტიული შვებულება გვექნება – გაუხარდა ლეითს – ახალი ზელანდია ხომ დედამიწის კიდეში მდებარეობს. ჩვენ სანაპიროზე ვიცხოვრებთ და ყოველ დღე ვიბანავებთ ოკეანეში. ამბობენ, რომ ზელანდიაში ძალიან ცხელი ზაფხული იცის, ამიტომ გადავწყვიტე თან რამდენიმე საცურაო კოსტუმი და რუჯის მისაღები საცხი წამოვიღო.

    – ტყუილა მოგაქვს საცურაო კოსტუმები და საცხებიც. არ დაგჭირდება. ოკეანეში ვერ იბანავებ.

    – არაფერიც. აუცილებლად ყოველ დღე ვივლი საბანაოდ.

    – ეჭვი მეპარება.

    როგორ ახსნით რაფის ეჭვებს?

    პასუხი: ივლისის თვე ახალ ზელანდიაში ზამთრის თვეა. მართალია, კუნძულ-სახელმწიფოში ზამთარი რბილია, მაგრამ ოკეანეში ბანაობა მაინც შეუძლებელია, წყლის დაბალი ტემპერატურის გამო.

  • დაკითხვა

    დაკითხვა

    პოლიციის განყოფილებაში უცნობი მიიყვანეს, რომელიც ერთ-ერთ ბარში რეიდის დროს დააკავეს. დაკავებულს ავსტრალიის პასპორტი აღმოაჩნდა გეორგ დეზინგერის სახელით. დეზინგერის დაკითხვა გეორგ რაფს დაავალეს.

    – მითხარით დეზინგერ, როგორ მოხვდით ამ ბარში?

    – მე მხოლოდ ლუდის დასალევად შევედი. არ ვიცოდი, რომ ამ ბარში საეჭვო რეპუტაციის ხალხი იკრიბებოდა.

    – დიდი ხანია ცხოვრობთ ლოს-ანჯელესში?

    – არა, ცოტა ხანია რაც ჩამოვედი.

    – დეზინგრ, გაქვთ თქვენ აშშ-ს ტერიტორიაზე ცხოვრების უფლება?

    – დიახ. მე მაქვს სტუმრის 3 თვიანი ვიზა. აქ ცემი ნათესავები ცხოვორბენ. საქმე იმაშია, რომ წარმოშობით დასავლეთ ავსტარლიიდან ვარ. არც თუ დიდი ხნის წინ ჩვენთან დიდი მიწისძვრა მოხდა, ჩემი სახლი დაინგრა და ამიტომაც ჩემს დასთან ჩამოვედი.

    – მაშასადამე აქ თქვენი და ცხოვრობს?

    – მთალდ ასე არაა. ჩემი და ახლა მექსიკაშია დასასვენებლად. მე კიდევ მის ბინაში ვცხოვრობ.

    – მის გარდა აქ სხვა არავინ გყავთ?

    – არა.

    – თქვენი პერსონა დიდ ეჭვს იწვევს ჩემში. მგონი თქვენ ის არ ხართ, როგორც გაგვეცანით.

    რამ შეაშფოთა ინსპექტორი გრაფი?

    პასუხი: ავსტრალიაში არ ხდება მწისძვრები.

  • რას გვეუბნება ქარების სახელები?

    რას გვეუბნება ქარების სახელები?

    ქარები … ზოგიერთს სიხარული მოაქვს ადამიანებისთის, ზოგიერთს კი – უბედურება და ზარალი. ქარი ერთადერთი ბუნებრივი მოვლენაა, რომელსაც ადამიანებმა სახელები დაარქვეს. ყველა კონტინენეტზე, მთებსა თუ ტყეებში, სტეპებსა და უდაბნოებში, ზღვების, მდინარეების და ტბების სანაპიროებებზე მცხოვრები მრავალიცხოვანი ხალხები თუ პატარა ტომები ქარს სახელებს ალბათ იმიტომ არქმევდნენ, რომ მასში ცოცხალი არსბებისთვის დამახასიათებელ თვისებებს – სიძლიერეს, დაუნდობლობას, სიბრაზეს, ასევე სინაზეს და სიმსუბუქეს ხედავდნენ. ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ჩრდილოეთის ქარების ღმერთი იყო ბორეი, დასავლეთის ზეფირი, სამხრეთის ნოტი და აღმოსავლეთის აპელიოტი. სკანდაინავიურ საგებში ქარის ღმერთს ნორდი ჰქვია, სლავურ თქმულებებში – დაგოდა, პოსზვისტი და პოხვისტი.

    ქარებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ადამიანის ცხოვრებაში. წელიწადის სხვადასხვა დროს ერთი და იმავე მიმართულებით მქროლავი ქარები სხვადასხვანაირად ახდენდნენ გავლენას ადამიანზე და მის საცხოვრებელ გარემოზე. ალმათ ამიტომაც მიიღეს მათ განსხვავებული სახელები. ქარების სახელები არა მარტო მათ მიმართულებას ასახავდნენ, არამედ მათ სიძლიერესაც, ტენიანობას, სეზონურობას, ხანგრძლივობას, საშიშროების ხარისხს და ზოგჯერ სარგებელსაც კი.

    უდაბნოს ქარს ხამსინი (არაბულიდან თარგმანში- „ორმოცდათი“) იმიტომ უწოდეს, რომ იგი გაზაფხულის დასაწყისში არაბეთის ნახევარკუნძულიდან ან საჰარის უდაბნოდან ზუსტად ორმოცდაათი დღის განმავლობაში ქრის. მას თან იმდენი ქვიშა და მტვერი მოაქვს, რომ ადამიანს სუნთვა უჭირს, ხოლო შენობებში დღისათაც კი სინათლის ანთებაა საჭირო. წითელ ზღვაზე გადავლის შემდეგ არაბული ხამსინი ტენით მდიდრდება, აუტანელ ჩახუთულობას იწვევს და სახელიც ეცვლება. მას უკვე აზიაბს უწოდებენ.

    ასევე აფრიკული წარმოშობისაა ქარი სიროკო, რომელსაც საჰარიდან სამხრეთ ევროპაში არა მხოლოდ წითელი და თეთრი ფერის ქვიშა მოაქვს, რომელიც წვიმასათან ერთად მოდის და გარემოს ღებავს, ასევე მხუთვარე სიცხეც. როცა სიროკო ქრის, ჰაერის ტემპერატურა ღამითაც კი არ ჩამოდის 35 გრადუსზე დაბლა. მაგრამ უდაბნოს ყველაზე მრისხანე ქარი მაინც სამუმია, რაც არაბულიდან თარგმანში „შხამიანს“, „მომწამლავს“ ნიშნავს. სამუმის შესახებ პირველი ცნობები ჰეროდოტეს ეკუთვნის, რომელც მას მოხსენიებს, როგორც „წითელი ქარი“. სამუმი უმთავრესად დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებისაა, მოულოდნელოად წარმოიქმნება და თან დიდი რაოდენობით ქვიშა და მტვერი გადააქვს. იგი უმეტესად გაზაფხულსა და ზაფხულში იცის. სამუმის დროს ჰაერის ტემპერატურა ხშირად 50 °С-მდე მატულობს, ხოლო ტენიანობა 10 %-მდე ეცემა. საბედნიეროდ, როგორც წესი, სამუმი ზედიზედ მხოლოდ ორი-სამი დღის განმავლობაში ქრის, თუმცა საკმარისად ასწრებს ზიანის მოტანას.

    არსებობს ქარები, რომლებიც მრავალი ათასი წელია „ეხმარებიან“ ადამიანებს. მაგალითად ასეთია სამხრეთის მშრალი და მსუბუქი ქარი“ ბლე“, რომელიც საფრანგეთში არდეშის დეპარტამენტში ქრის და ითვლება, რომ იგი სასარგებლოა ხორბლის ნათესებისთვის.

    ქარს, რომლის სახელია „კარპუზ მელტემი“ ანუ საზამთროს ქარი და რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთიდან უბერავს, მოუთმენლად ელოდებიან თურქი ფერმერები და გლეხები, რადგან იგი ხელს უწყობს ნაყოფის დამწიფებას. ამ ქარს რამდენიმე სახელი აქვს და იმისდა მიხედვით ეცვლება, თუ რომელ სეზონში ქრის. მაგალითად: ქიშმიშის მეტლემი – ყურძნის, კირას მეტლემი – ალუბლის, ყაბაყი მეტლემი – გოგრის.

    მისტრალი ცივი და მშრალი ჩრდილოეთ-დასავლეთის ქარია, რომელიც უმეტესად საფრანგეთში ქრის სევენიდან რონას ხეობის გავლით ხმელთაშუაზღვის სანაპიროსკენ. სიტყვა მისტარლი ლათინური სიტყვისგან „ მაგისტრალის“ წარმოდგება და მთავარს ნიშნავს. სამხრეთ საფრანგეთის ქარებს შორის ის მართლაც „მთავარია“. მისტრალი რამდენიმე დღის განმავლობაში უწყვეტად უბერავს და ძალიან დიდ სიჩქარეს, დაახლოებით 100 კმ/სთ-ს აღწევს. მისტრალი მეტად ძლიერი და ძირითადად ზამთრის თვეებისთვის დამახასიათებელი ქარია. იგი დიდ ზიანს აყენებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ზოგჯერ კი იმდენად ძლიერად ქრის, რომ ფესვებიანად გლეჯს ხეებს.

    ტრამონტანა ჩრდილოეთისა და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის ცივი ქარია, რომელიც იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ხორვატიასა და სლოვენიაში ქრის. იგი ძლიერი და მძაფრი ქარის — ბორას ნაირსახეობას წარმოადგენს. ეფექტებით ძლიერ წააგავს მისტრალს. ფრანგული წყაროების მიხედვით, ამჟამინდელი ფორმით სახელწოდება პირველად მარკო პოლომ დააკმიდრა 1298 წელს. სახელწოდება წარმოსდგება ლათინური სიტყვიდან „ტრანსმონტანუსი“, რაც იტალიურად ტრამონტანას შეესაბამება.

    ბრიზი ფრანგული სიტყვაა და ნიავის ნიშნავს. იგი დღეღამური პერიოდულობის ქარია, რომელიც ზღვების, დიდი ტბებისა და წყალსაცავების სანაპიროებზე წყლისა და ხმელეთის არათანაბარი გათბობა-გაცივების შედეგად წარმოიქმნება. ბრიზი დღე-ღამეში ორჯერ იცვლის მიმართულებას. დღისით ზღვიდან გამთბარი სანაპიროსკენ ქრის დღის ანუ ზღვის ბრიზი, ხოლო ღამით — გაგრილებული სანაპიროდან ზღვისაკენ — ღამის ანუ ხმელეთის ბრიზი; დღის ბრიზი რამდენიმე ასეული მეტრიდან 1-2 კმ-მდე სისქის ჰაერის ფენას მოიცავს. მისი სიჩქარე იშვიათად აღემატება 1-5 მ/წმ. ბრიზს დიდი მნიშვნელობა აქვს ამინდის დღეღამური ცვალებადობისათვის, განსაკუთრებით ტროპიკებში, სადაც ზღვის ბრიზი დაბლა სწევს ჰაერის ტემპერატურას, ზრდის ტენიანობას. გრილ ბრიზს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში მცხოვრები ემიგარნტი ინგლისელები „ექიმს“ ეძახიან.

    უძველესი დროიდანაა შემჩნეული ქარის გავლენა ცოცხალ ორგანიზმებზე. მთიან მხარეებში მცხოვრებლებზე დიდ გავლენას ახდენს მშრალი მძაფრი ქარი ფიონი, რომელიც მთებიდან ხეობებისაკენ ქრის. ამ დროს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად და სწრაფად იმატებს, ხოლო შეფარდებითი სინოტივე მკვეთრად ეცემა, ზოგჯერ 10-20%-მდეც კი. ფიონი ლათინური სიტყვიდან „ ფავონიუსი“ წარმოსდგება და „მშრალ ქარს“ ნიშნავს. დაკვირვებების შედეგად დადგენილია, რომ ფიონის დაწყებამდე და ქარის დროს ადამიანებს ეწყებათ თავის ტკივილი, უმიზეზო დეპრესია, შიშის შეგრძნება, უღონობა. უმწვავდებათ ქრონიკული დაავადებები, თუმცა ამ მოვლენის გამოწვევი მიზეზები ჯერაც არაა დადგენილი.

    უნდა აღინიშნოს, რომ უქარობა ასევე უარყოფითი და არასასურველი ბუნებრივი მოვლენაა, განსაკუთრებით მრავალმილიონიანი მეგაპოლისებისთვის. რამდენიმე წლის წინ მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში დიდი ხნის განმავლობაში იყო სრული შტილი, რის გამოც ატმოსფეროში ისეთი დიდი რაოდენობით დაგროვდა მავნე ნივთიერებები, რომ ეკოლოგიურმა სიტუაციამ კატასტროფული ხასიათი მიიღო. ადამიანები პირდაპირ ქუჩებში კარგავდნენ გონებას უჟანგბადობისა და მევნე ნივთიერებებისგან მოწამვლის გამო. მიუხედავდ იმისა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით მთელი რიგი დიდი სამრეწველო საწარმოები დროებით გააჩერეს და ასევე დაწესდა შეზღუდვები ავტოტრანსპორტის გამოყენებაზე, სიტუაცია მაინც ვერ განიმუხტა და მხოლოდ ქარმა უშველა ქალაქს.