გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

განძის კუნძული

განძის კუნძული

ალბათ  წაგიკითხავთ რობერტ ლუის  სტივენსონის რომანი ”განძის კუნძული” და დაინტერესებულხართ  კიდეც, სად არის სინამდვილეში იგი?   თუ მსოფლიოს  რუკას კარგად დააკვირდებით, კარიბის ზღვაში, კუნძულ კუბის სამხრეთ სანაპიროდან არც თუ ისე შორს, პატარა კუნძულების ჯგუფს აღმოაჩენთ, რომელიც კუბას ეკუთვნის. მათ შორის ფართობით ყველაზე დიდი კუნძული ჰუვენტუდია (ფართობი 3000 კვ. მ-ზე მეტი), რომელსაც არც თუ ისე შორეულ  წარსულში პინოსი ერქვა. სწორედ ესაა სტივენსონის  ”განძის კუნძული”.

თუ მე-18 საუკუნეში შედგენილ კუნძულის რუკას და რომანში ავტორის მიერ ჩადებულ რუკას  ერთმანეთს შევადარებთ,  მათ  მოხაზულობებსა და კონფიგურაციას  შორის  გასაოცარ მსაგვსებას აღმოვაჩენთ.  ასევე ბევრ მსგავსებას ვიპოვით  მათ რელიეფს შორისაც.  მაგალითად,  კ. ჰუვენტუდზე ერთ-ერთ ბორცვს, ისევე როგორც  სტივენსონის ”განძის კუნძულში”,  სათვალთვალო მილი  (ესპანურად ”ლა-ვიხია”) ჰქვია.  მწერალმა ნაწარმოებში კუნძულზე გავრცელებული ხშირი  ფიჭვის ტყეები აღწერა, რომლებიც კუნძულის თითქმის ნახევარს ფარავდა.   ამით კი, სინამდვილეში მხოლოდ კუნძული ჰუვენტუდი დაიკვეხნის, რადგან არც ერთ სხვა კუნძულზე მსგავსი ლანდშაფტი არ გვხვდება. ამიტომაც ითვლება, რომ რომანში აღწერილი მოვლენები  სწორედ ამ კუნძულზე ხდებოდა.

ქრისტეფორე კოლუმბის მიერ  ამერიკის აღმოჩენამდე,  ამ კუნძულზე უკვე ცხოვრობდნენ ინდიელეთა ტომები, რომლებიც სოფლის მეურნეობას და მეთევზეობას მისდევდნენ.   ხმელეთის  ამ თვალწარმტაც  ნაგლეჯს,  რომელიც კოლუმბმა 1494 წელს აღმოაჩინა,  ესპანელებმა ისლა დე პინოსი  ანუ ”პინიების კუნძული” უწოდეს ( პინია –  იტალიური ფიჭვის ხეა  20–25 მ სიმაღლის  ქოლგისებრი ვარჯით. პინიის სამშობლოა ხმელთაშუაზღვის ოლქი  და პორტუგალიიდან მცირე აზიამდე  ვრცელდება  ზღვის დონიდან 1000 მეტრ სიმაღლემდე).  კოლონიზატორებმა ძალიან მცირე დროში  მუსრი

გაავლეს აქაურ მოსახლეობას და წიწვიანი ტყეების მნიშვნელოვან ნაწილსაც, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ ოქროს აქ ვერ იპოვნიდნენ და კუნძულის მიმართ ყოველგვარი ინტერესი დაკარგეს. მართალია,  კუნძულს მალევე გამოუჩნდა ახალი  პატრონი – ფლიბუსტიერები (ზღვებში მოთარეშე ყაჩაღები, მეკობრეები).  კუნძულმა მათი ყურადღება იმის გამო მიიპყრო, რომ ის იუკატანის  სრუტესთან ახლოს მდებარობდა.  ამ გზაზე კი  კოლონიზატორების მიერ  სამხრეთ ამერიკის მოსახლებისთვის წართმეული სიმდიდრით  დატვირთული გემები  ესპანეთისკენ მიემართებოდნენ.  სწორედ ამ კუნძულიდან  ესხმოდნენ თავს ფლიბუსტიერები  არა მარტო გემებს, არამედ  კარიბის ზღვაში მდებარე პორტებსაც კი.

დაახლოებით 300 წლის განმავლობაში  კ. პინოსი  მეკობრეებისთვის  სასმელი  წყლით მომარაგების ადგილს, თავგადასავლების  მაძიებელთა არენას და გემების გასაჩერებელ  და სარემონტო ბაზას  წარმოადგენდა.  გეოგრაფიულ წყაროებზე დაყრდნობით, სხვადასხვა დროს პინოსზე იმყოფებოდნენ იმ დროისათვის  ყველაზე სახელგანთქმული მეკობრეები –   დრეიკი, მორგანი, დამპირი, ოლონე, ჰოლი, ბასკერვილი და მრავალი სხვა.  ისინი კუნძულს  განძის სამალავ ადგილადაც იყენებდნენ და ნაქურდალ  ქონებას  მიუვალ ადგილებში მალავდნენ.  ასეთ ადგილებს ისინი მკაცრად საიდუმლოდ ინახავდნენ და  სპეციალურ რუკებზე აღნიშნავდნენ, რომლებსაც  მხოლოდ ერთ ეგზემპლარად ამზადებდნენ.  სწორედ ერთ-ერთი ასეთი რუკა  ჩაუვარდა ხელში  ცნობილი რომანის მთავარ გმირს – ჯიმ ჰოპკინსს. ითვლება, რომ სტივენსონმა, რომელიც ამ ადგილებში ნამყოფიც კი არ იყო, რომანში კუნძულის აღწერისას  დრეიკის, მორგანისა და სხვა მეკობრეთა ჩანაწერები გამოიყენა.

 ესპანელები აცნობიერებდნენ,  თუ რა საშიშროებას წარმოადგენდნენ ფლიბუსტიერები და არაერთხელ შეეცადნენ   მეკობრეთა  ბუნაგის  განადგურებას. მხოლოდ 1830 წელს, მეკობრეთა ბატონობიდან 300 წლის შემდეგ, ესპანელებმა პინოსის ისე უკან დაბრუნება შესძლეს.  კოლონიზატორებმა იგი დამნაშავეთა გადასახლების ადგილად აქციეს და  კუნძულის სახელს ”მეკობრეთა ბუნაგთან”  ერთად,  ”კუნძული – ციხის”,  ” ტანჯვის ადგილის”  სახელიც დაემატა.

ამ კუნძულის ცხოვრება მაშინაც კი  არ შეცვლილა, როცა ესპანელებმა მასზე ბატონობა დაკარგეს და  ოფიციალურად კუბის მფლობელობაში გადავიდა. იმ დროისათვის პინოსზე ერთადერთი მნიშვნელოვანი ნაგებობა  ე.წ. ” საჩვენებელი ციხე”  იყო, რომელიც სიერა-დე-კაბალოსის მთის ძირას იქნა აშენებეული. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სწორედ ამ ციხეში იჯდა 1953 წელს ფიდელ კასტრო – კუბის რევოლუციის ლიდერი, მთავრობის მეთაური 1959 წლიდან და ქვეყნის  პრეზიდენტი 1976 წლიდან.

 შემდგომ წლებში კუნძულზე,  რომელიც  შეიძლება ითქვას, კუბის ციმბირს დაემსგავსა,   არსებითად ბევრი არაფერი შეცვლილა. გარდა იმისა, რომ  აქ მრავალი ტურისტი, ძირითადად კი,  ამერიკელი ავანტიურისტები ჩამოდიოდნენ და რომლებიც ძველ რუკებზე  დაყრდნობით  გულმოდგინედ ცდილობდნენ მეკობრეების მიერ დამალული  განძის სამალავების პოვნას. განძის მაძიებელთა მიერ ხელში ჩაგდებულ  ერთ-ერთ რუკას თან ახლდა ტექსტი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ  იყო ერთ -ერთ გამოქვაბულში დამალული იყო 20 მილიონი პიასტრო, ხოლო ოკეანის ფსკერზე აურაცხელი სიმდიდრით   დატვირთული  რამდენიმე ესპანური გემი იმყოფებოდა.  აღსანიშნავია, რომ  განძის მაძიებელთა  ერთ-ერთ საზღვაო ექსპედიციას მართლაც  გაუღიმა  ბედმა. 1954 წელს ამერიკელმა ტედ უიკერმა მრავალი მცდელობისა  და ხანგრძლივი ძიების შედეგად  ოქროთი და ვერცხლით სავსე ზანდუკი იპოვა.

1958 წელს კუნძულზე  ტურისტებისთვის პატარა სასტუმრო ააშენეს, რომლის ჰოლს მოზაიკური პანო ამშვენებდა. პანოზე გამოსახული იყო სცენა რომანიდან  ”განძის კუნძული”.

კუნძულის ახალი ისტორია 1959 წლიდან იწყება, როცა ციხეები აქ  სამუდამოდ იქნა ლიკვიდირებული, ხოლო  ნოყიერი მიწები  აყვავებულ ბაღებად აქციეს.   ვისაც კი ფეხი დაუდგამს განახლებულ  კუნძულ პინოსზე,  მას  კარიბის ზღვის ზურმუხტს უწოდებს.  ოდესღაც  მიგდებული დედამიწის ეს პატარა ნაკუწი  ახლა მთელ მსოფლიოშია ცნობილი თავისი  ციტრუსების პლანტაციებით, რომლებიც მშრალ პერიოდში  აქ აშენებული ოცამდე წყალსაცავის წყლით ირწყვება.  გარდა ამისა, კუნძულის მოსახლეობას მოყავას ანანასი და ბანანი, მისდევს მეცხოველეობას, თევზჭერას.  კუნძულის ოდესღაც გაუვალი ბილიკები  გზატკეცილებმა შეცვალა; კუნძულზე მოიპოვებენ ვოლფრამს და მარმარილოს, ასევე განვითარდა მსუბუქი და კვების მრეწველობა. კუნძულის  შავი –  ”ბიბიჰაგუას” და წითელი ფერის ქვიშის პლაჟები  კი მრავალრიცხოვან ტურისტს იზიდავს.   კუნძულზე ფლიბუსტიერების ბატონობის  პერიოდის  კი  მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატები  გვახსენებს. 

1978 წელს  კუნძულს ჰუვენტუდი  (”ახალგაზრდობის კუნძული”) ეწოდა, რომლის დედაქალაქია  ნუევა-ჰერონა.   ამჟამად კუნძულზე 70 ათასი   კაცი ცხოვრობს.