ატლანტის ოკეანეში მდებარე მადეირას ვულკანური წარმოშობის კუნძულების სახელი, ხშირ ტყეს უკავშირდება, რომელიც აქ ოდესღაც მთელ ტერიტორიას ფარავდა. მადეირა – პორტუგალიურ ენაზე ტყეს ნიშნავს. ახლა კი აქა-იქაა შემორჩენილი წაბლის და დაფნის კორომები, კლდეებზე იზრდება მაქვისის ეკლიანი ბუჩქნარი უხეში, მარადმწვანე ფოთლებითა და ზოგჯერ უფოთლოდაც. დანარჩენი ტყე კი განადგურებულია.
მადეირა 1418 – 1420 წლებში იქნა აღმოჩენილი პორტუგალიელი მეზღვაურების მიერ. არქიპელაგის აღმომჩენის ინიციატორად ჰენრიხ ზღვაოსანი ითვლება. მოგვიანებით ბრიტანეთის იმპერიამ მოახდინა ამ კუნძულების ოკუპირება, ნაპოლეონის ომების პერიოდში (1814 წელს) კი ეს ტერიტორია ისევ პორტუგალიას დაუბრუნდა. ხუთნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც აქაურობას პორტუგალიელები დაეპატრონენ, რომლებიც ადგილობრივ მავრებსა და აფრიკის ხალხების წარმომადგენლებს შეერივნენ.
კუნძულის ადმინისტრაციული ცენტრი და ამვე დროს ყველაზე დიდი ქალაქი ფუნშალაა.
კუნძულებს სახელი გაუთქვა ღვინომ, რომლის წარმოება აქ ძალიან კარგადაა განვითარებული. მადეირაზე წელიწადში რამდენიმე მილიონ ბოთლს აწარმოებენ. ვაზი აქ XIV-XV საუკუნეებში კუნძულ კრეტადან და კვიპროსიდან შემოუტანიათ. პირველად ღვინოს, რომელიც აქ დააყენეს, “მადერიზაცია” ეწოდა, მოგვიანებით კი მადეირა. მაღალი ტემპერატურის პირობებში ღვინოს მუხის კასრებში ინახავენ, რაც მას განსაკუთრებულ გემოს აძლევს.
გარდა ღვინისა კუნძული განთქმულია თავისი ყვავილებითაც. ყოველ ახალ წელს აქ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეიერვერკის შოუ იმართება. მადეირა თავისი ზღვის სანაპიროთი და თბილი, მთის მშრალი ჰავით ფილტვებით დაავადებულთათვის საუკეთესო კურორტად ითვლება. კუნძულს უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო დანიშნულებაც აქვს: აქედან ხორციელედება კავშირი კარიბის აუზის ქვეყნებთან და ევროპასთან.
პოლინეზიის კუნძულებიდან, რომლებიც ესპანელებმა აღმოაჩინეს, პირველი ვულკანური წარმოშობის მარკიზის კუნძულების ჯგუფი იყო. 1595 წელს, ექსპედიციამ, რომელსაც ალვარო დე მენდანია დე ნეირა მეთაურობდა, კუნძულებს პერუს მაშინდელი ვიცე-მეფის სახელი ”ლას ისლას მარკეზას დე დონ გარსია ხურტადო დე მენდოსა დე კანიენტე~ ანუ შემოკლებით – მარკიზის კუნძულები უწოდა. ულამაზესი ბუნება, სუფთა წყალი, მრავალფეროვანი მცენარეულობა, სტუმართმოყვარე მოსახლეობა – ყოველივე ამან მარკიზის კუნძულები ”ამქვეყნიურ სამოთხედ” გადააქცია.
სამწუხაროდ, კუნძულების მიწა უხვად არის მორწყული კუნძულელთა სისხლით. მხოლოდ ორი კვირა დაყვეს ესპანელებმა კუნძულებზე და ორასი უდანაშაულოდ მოკლული ადგილობრივი მაცხოვრებელი და საშინელი ავადმყოფობა დატოვეს. ეს კი მხოლოდ უბედურების დასაწყისი იყო. ევროპელების მოსვლამდე კუნძულელებმა არ იცოდნენ რა იყო გრიპი და წითელა. ”ცივილიზაციის სიკეთემ” ავადმყოფობის გარდა სპირტიანი სასმელებიც მოიტანა, რაც მანამდე ასევე უცხო იყო მათთვის. ამას ცეცხლსასროლი იარაღიც დაემატა. მართალია, აქაურები ხშირად ჩხუბობდნენ ერთმანეთში, მაგრამ მალევე რიგდებოდნენ. ცეცხლსასროლმა იარაღმა კი გააუარესა მდგომაროება. ყოველივე ამას კი კუნძულის მკვიდრი მცხოვრებლების შემცირება მოყვა.
ამჟამად მარკიზის კუნძულები საფრანგეთის პოლინეზიაშია და წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში საფრანგეთის ზღვის იქითა ტერიტორიას წარმოადგენს. მარკიზის კუნძულები ანუ ”ამქვეყნიურ სამოთხე” – ყველასგან მივიწყებული, მიტოვებული და მომაკვდავი გახდა. ოდესღაც მჭიდროდ დასახლებული ხეობები, მოვლილი ბაღები ჯუნგლებად გადაიქცა. ხანდახან კუნძულებთან მდიდარ ტურისტთა იახტები ჩერდება, რომლებსაც ძველი კულტურის ნაშთები აინტერესებთ: სპეციფიკური ქვები, ჩუქურთმებით დამშვენებული იარაღი, ხისგან და ქვისგან დამზადებული კერპები ე.წ. ტიკი. მარკიზელები სიამოვნებით ყიდიან ტურისტებზე ამ ნივთებს.
მარკიზელებმა თავისებური კულტურა შექმნეს. მაგალითად, ტატუირებაში ისინი ”მსოფლიო ჩემპიონები” იყვნენ. ტატუ პოლინეზიური სიტყვაა , ისევე როგორც სიტყვა ”ტაბუც”, რომლებიც მსოფლიოს თითქმის ყველა ენაში დამკვიდრდა. ადამიანის სხეული მათთვის ტილოს წარმოადგენდა, რომელზედაც სხვადასხვანაირ სურათებს და ორნამენტებს ასრულებდნენ.
მარკიზელები აწყობდნენ სპორტულ შეჯიბრებებს ისრის ტყორცნასა და ცურვაში. თამაშები ხდებოდა სტადიონის მსგავს სპეციალურ მოედანზე, რომელთა ნანგრევები დღესაც შემორჩენილია. კუნძულებზე აგრეთვე შემორჩენილია ქვისგან დამზადებული ქანდაკებები.
საყურადღებოა, რომ მარკიზის ერთ-ერთ კუნძულზე, კერძოდ კი ტაიტზე ცხოვრობდა და აქვე გარდაიცვალა ფრანგი მხატვარი გოგენი. მან მრავალი ტილო შექმნა კუნძულელების თემატიკაზე.
ეს სიტყვები გალაპაგოსის კუნძულებს (ესპანურიდან “გალაპაგო” – “კუ”-ს ნიშნავს) ეხება. არქიპელაგი ათი დიდი და მრავალი პატარა კუნძულისგან შედგება და წყნარი ოკეანის ეკვატორულ წყლებში მდებარეობს. კუნძულები ეკვადორის ნაპირებიდან 1000 კმ-ითაა დაშორებული. 1535 წელს, გალაპაგოსის კუნძულები პანამის ეპისკოპოსმა ტომას დე ბერლანგამ აღმოაჩინა. კუნძულებმა სახელწოდება სწორედ ამ წელს მიიღო, რაც აქ მობინადრე გიგანტური კუების “დამსახურებაა”. გალაპაგოსის კუნძულები რუკაზე პირველად 1570 წელს გამოჩნდა, როცა ისინი მერკატორმა თავის რუკაზე მონიშნა. XVI ს-ში ესპანელებმა კვლავ გააგზავნეს ექსპედიცია კუნძულებზე, მაგრამ მათ ვეღარ მიაგნეს. XVII ს-ის ბოლომდე ევროპელებისთვის გალაპაგოსის კუნძულები “დაიკარგა” და ამიტომ მას “ლას-ისლას ენკანტადო” უწოდეს, რაც “მოჯადოებულ კუნძულებს” ნიშნავს.
XIX ს-ის დასაწყისში გალაპაგოსი ბრიტანელმა ვეშაპებზე მონადირეებმა თავიანთ ბაზად გამოაცხადეს. 1832 წ. კუნძულები ეკვადორის შემადგენლობაში შევიდა.
არაერთი ექსპედიცია ეწვია გალაპაგოსს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს 1835 წლის ევროპელი მეცნიერების ექსპედიცია, რომელთა რიგებშიც შედიოდა ახალგაზრდა ბრიტანელი ბიოლოგი ჩარლზ დარვინი. აქ გატარებული დროის განმავლობაში, დაკვირვებებზე დაყრდნობით, მოგვიანებით მან გამოაქვეყნა თავისი გახმაურებული ნაშრომი “სახეობათა წარმოშობა”. სწორედ ჩარლზ დარვინის ნაშრომების შედეგად გახდა ეს კუნძულები საქვეყნოდ ცნობილი.
გალაპაგოსის კუნძულები ხუთი დიდი კუნძულისა (ფერნანდინა, ისაბელა, სან-კრისტობალი, სანტა-კრუზი, სანტიაგო) და 14 საშუალო კუნძულისაგან შედგება, ასევე არქიპელაგის შემადგენლობასია 42 ჯუჯა კუნძულისგან, რომელთა საერთო ფართობია 8000 კვ. კმ-ია
კუნძულები ვულკანური წარმოშობისაა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მეტად ვულკანურად აქტიურ რეგიონს წარმოადგენს.
უკანასკნელი ამოფრქვევა კუნძულ ისაბელაზე 2005 წელს დაფიქსირდა.
კუნძულებთან ერთმანეთს ორი მძლავრი ოკეანური დინების – პერუს ცივი და სამხრეთ პასატური თბილი ნაკადი ხვდება, რაც განაპირობებს კუნძულების ბუნების მრავალფეროვნებას. გალაპაგოსი ოკეანოგრაფების, ნატურალისტებისა და იხტიოლოგებისთვი მეცნიერული დაკვირვების ობიექტს წარმოადგენს.
ტროპიკების ლიანები და პოლარული ხავსები, ჯუნგლების ღია ფერის ბუმბულიანი ფრინველები, ანტარქტიკული თოლიები, თუთიყუშები და პინგვინები, სიცივის მოყვარული სელაპები და სითბოს მოყვარული გიგანტური კუები – ასეთია გალაპაგოსის კონსტრასტები.
მიუხედავად ბუნების ასეთი სიჭრელისა, კუნძულებს სახელი გაუთქვა უზარმაზარმა ხვლიკმა იგუანამ, რომელიც ზღაპრულ დრაკონს ჩამოჰგავს. იგი დედამიწაზე ერთადერთ ცოცხალი არსებაა, რომელსაც საკუთარი გულისცემის გაჩერება შეუძლია ნახევარი წუთის განმავლობაში. მისი `ახლონათესავები~ შემორჩენილია ინდონეზიის ერთ-ერთ კუნძულ კომოდოზე, `წინაპრები~ კი ათი მილიონი წლის წინათ გადაშენდნენ.
გალაპაგოსის კუნძულები მთელს მსოფლიოში ტურისტებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს. აქ არსებულ ფლორას და ფაუნას სხვაგან ვერსად შეხვდებით, სწორედ ეს ფაქტორი იზიდავს ტურისტებს ასე ძალიან.
მცენარეთა და ცხოველთა უამრავი სახეობა კუნძულისათვის ენდემურია. ალბათ გასაკვირიც არაა, რომ ეკვადორის მთავრობამ, გალაპაგოსი ეროვნულ პარკად გამოაცხადა. არსებობს ასეთი გამოთქმა, რომ “გალაპაგოსის კუნძულებზე დრო გაჩერებულია”. ტურისტულ ტურებში მთავრობის მიერ დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, ერთ ტურში არ შეიძლება შედიოდეს ოცზე მეტი ადამიანი. ასევე, გალაპაგოსის კუების გამრავლების პერიოდში, ტურისტების შესვლა კუნძულებზე საერთოდ აკრძალულია.
კუნძულებზე მოქმედებს ორი საშუალო ზომის აეროპორტი. ტურისტებს შორის ძალზე პოპულარულია კუნძულებს შორის გემით ან იახტით გადაადგილება. ზოგიერთ კუნძულთან, არსებობს წყალქვეშა პარკები, სადაც შესაძლებელია წყალქვეშა ფლორისა და ფაუნის დათვალიერება. აღსანიშნავია, რომ უამრავ მცირე პარკსა თუ ტურისტულ ობიექტს, ჰქვია ჩარლზ დარვინის სახელი.
ყველაზე მთავარი, რაც ტურისტებმა უნდა გაითვალისწინონ ისაა რომ კუნძულების მოსანახულებლად ყველაზე საუკეთესო პერიოდი, ე.წ. ”ცხელი სეზონი” იანვრიდან აპრილამდეა, როდესაც იქ ზაფხულია. სწორედ ამ დროს ღირს აქ მოგზაურობა, რათა მთელი სრულყოფილებით შეიგრძნოთ გალაპაგოსის სილამაზე.
გალაპაგოსზე საინტერესო აღმოჩენები გააკეთეს არქეოლოგებმა. ტურ ჰეიერდალის ექსპედიციამ გალაპაგოსზე ორი ათასამდე ნაკეთობა აღმოაჩინა, რომელიც ქვისგანაა დამზადებული, იპოვეს წყლის ჭურჭელი, დეკორატიული ლარნაკები, ორნამენტებით შემკული ჭურჭელი და სხვ.
სინტერესოა, რა დაემართა ადგილობრივ მოსახლეობას? მკვლევარების აზრით, ხშირმა ვულკანურმა ამოფრქვევებმა, რომელიც აქ ასეული წლების წინათ მიმდინარეობდა, მოსახლეობა აიძულა არქიპელაგი დაეტოვებინა.