• კანადის ეროვნული პარკები

    კანადის ეროვნული პარკები

    ყველა განვითარებული ქვეყანა და მათ შორის კანადაც, სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ბუნების დაცვას. ამ პრობლემის მოგვარებაში დიდ როლს ასრულებს ეროვნული პარკები.

    1885 წელს კლდოვან მთებში, მინერალური წყლებით მდიდარ ტერიტორიაზე გაიხსნა კანადის პირველი ეროვნული პარკი – ბანფი.  პარკი პროვინცია ალბერტას ქალაქ კალგარიდან 110-189 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და მისი ფართობი 6641 კვ.კმ-ია. 

    არამარტო კანადაში, მთელს ამერიკაში ყველაზე დიდია ვუდ-ბაფალოს ეროვნული პარკი. მისი ფართობი 44 807 კმ²-ია და ალბერტას რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიების სამხრეთ ნაწილში, ათაბასკასა და მონების ტბებს შორის მდებარეობს.  ეს პარკი 1922 წელს შეიქმნა ბიზონების მსოფლიოში უმსხვილესი მოხეტიალე ჯოგების დაცვის მიზნით, რომელთა რაოდენობაც ამჟამად 5 000 ერთეულადაა შეფასებული. ამავე დროს, პარკი ამერიკული წეროს გავრცელების ერთადერთი ცნობილი არეალია.

    პარკის სიმაღლე ზღვის დონიდან 183 მეტრიდან 945 მეტრამდე მერყეობს, დაწყებული მდინარე პატარა ბუფალოდან, დამთავრებული კარიბუს მთებით. პარკის სამმართველო  ქალაქ ფორტ-სმიტშია, ხოლო შედარებით მცირე თანმხლები ოფისი ფორტ-ჩიპეივანში. პარკი მოიცავს მსოფლიოში უმსხვილეს მტკნარი წყლის დელტებს, მათ შორის მდინარე ფისისა და ბირჩის მიერ შექმნილი ფის-ათაბასკის დელტას. ვუდ-ბუფალო განლაგებულია ათაბასკის ნავთობის ქვიშების მოპირდაპირედ, ჩრდილოეთ მხარეს.

    1983 წლიდან პარკი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, რისი მიზეზიც უპირველესად ფის-ათაბასკის დელტა და გარეული ბიზონების გავრცელებაა.

    ბიზონი ვუდ ბაფალოს ეროვნული პარკი კანადა

    გროს-მორნის ეროვნული პარკი კანადის აღმოსავლეთ ნაწილში, კუნძულ ნიუფაუნდლენდის სანაპირო ზოლში მდებარეობს. ეროვნული პარკის ფართობი 1805  კმ²-ს შეადგენს და ის სიდიდით მეორეა  კანადაში.  სწორედ ნიუფაუნდლენდის ამ ნაწილში მდებარეობს აპალაჩის მთები.  გროს-მორნის ეროვნული პარკი 1973 წელს დაარსდა, 1987 წელს კი იუნესკომ ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობად გამოაცხადა. გროს-მორნი ცნობილია თავისი მრავალფეროვანი ლანდშაფტით.

    ნაჰანის ეროვნული პარკი კანადაში, ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიების დეჰჩოს რეგიონში,  ქალაქ იელოუნაიფიდან დაახლოებით 500 კმ-ით დასავლეთით, მაკენზის მთების ბუნებრივ რეგიონში მდებარეობს. პარკში გაედინება მდინარე საუთ-ნაჰანი, რომლის გასწვრივაც მდებარეობს დაახლოებით 1 კმ სიღრმის ოთხი კანიონი, რომელთა სახელებია პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე. მდინარეზე ასევე წარმოიქმნება ჩანჩქერი ვირჯინია, რომელიც ორჯერ მაღალია ნიაგარას ჩანჩქერზე (90 მ). პარკი 1976 წელს შეიქმნა. სახელწოდება მომდინარეობს ადგილობრივთა დენეს ენიდან და ნიშნავს ”ნაჰას ხალხის მიწის მდინარეს“.

    ნაჰანის ეროვნული პარკი ჩანჩქერი ვირჯინია კანადა

    პარკში გვხვდება გოგირდოვანი წყაროები, ტუნდრა და შერეული წიწვოვანი-ალვის ხეების ტყეები. მრავლადაა ტუფი. 2009 წლის 9 ივნისს, კანადის მთავრობის გადაწყვეტილებით  პარკის ტერიტორია  ექვსჯერ გაიზრდება და მისი  სამომავლო ფართობიც 30 000 კმ²-ს მიაღწევს. ახალ ტერიტორიებში ბინადრობს დაახლოებით 500 ერთეული გრიზლი, ტყის კარიბუს ორი სახეობა, ასევე ალპური ცხვრისა და თხის რამდენიმე სახეობა.  1978 წლიდან პარკი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

  • ჰავაის ვულკანური პარკი

    ჰავაის ვულკანური პარკი

    ტურისტები ფოტო და ვიდეოაპარატებით მომზადებულნი სუნთქვაშეკრულნი შეჰყურებენ მაუნა-ლოას ვულკანის კრატერს, საიდანაც მოლურჯო-მოშავო ფერის ორთქლი ამოდის. დროდადრო მიწისქვეშა გუგუნი ისმის და მიწის მსუბუქი რყევაც იგრძნობა, თუმცა ტურისტები მაინც ელოდებიან ვულკანის ამოფრქვევის დაწყებას და ყველა მოულოდნელობისათვის მზად არის, მაგრამ ვულკანის ყელიდან ამოვარდნილი ცეცხლის სვეტი, გავარვარებულმა ქვები, ლავა და ფერფლი მაინც მათ დიდ შიშსა და გაოცებას იწვევს. ირგვლივ ფოტოაპარატების ჩხაკუნი ისმის, შეშფოთებული ტურისტები გამალებულნი ატრიალებენ ვიდეოკამერებს, ჩქარობენ გადაიღონ ბუნების ეს მრისხანე და, ამავე დროს, დიდებული მოვლენა. მაუნა-ლოა კი მოქმედებას განაგრძობს: ისვრის გავარვარებული ქვების ახალ-ახალ პარტიას, ანთხევს ლავას, აფრქვევს ფერფლს.

    მაუნა-ლოა ჰავაის არქიპელაგის ყველაზე აქტიური ვულკანია. იგი საშუალოდ სამ წელიწადში ერთხელ ახდენს თავისი ძალის დემონსტრირებას. სწორედ ამ დროისთვის იკრიბებიან აქ იშვიათი სანახაობის მოყვარული ტურისტები.

  • ყვითელი კლდეების ნაკრძალი

    ყვითელი კლდეების ნაკრძალი

    1804 წელს მდინარე მისურის აუზის გამოსაკვლევად ამერიკული ექსპედიცია უ. კლარკისა და მ. ლიუსის მეთაურობით გაემგზავრა. ექსპედიციამ მდინარე მთლიანად გამოიკვლია შესართავიდან სათავემდე და შემდეგ კი წყნარ ოკეანეში გავიდა. ექსპედიციის შემადგენლობაში იყო ვინმე ჯონ კოლტერი, რომელიც 1807 წელს გამოეყო ძირითად ჯგუფს და დამოუკიდებლად დაიწყო უცნობი ადგილების გამოკვლევა. ჯ. კოლტერს გაუმართლდა. კლდოვანი მთების მიყრუებულ ადგილას, მდ. იელოუსტოუნის ზემო დინებაში მის წინ საოცარი სანახაობა გადაიშალა: რამდენიმე ადგილას დედამიწიდან წყლის ძლიერი ნაკადი იფრქვეოდა, ღრმა და  ვიწრო კანიონები სავსე იყო ჩანჩქერებით, ცისფერი ტბის ზედაპირზე კი ხშირი ტყე ირეკლებოდა.

    დიდხანს არავის სჯეროდა კოლტერის მონათხრობის და მდინარე იელოუსტონის საოცრება გამოგონილი ეგონათ. საბოლოოდ 1869 წელს ამ ადგილების დეტალურად გამოსაკვლევად ექსპედიცია მოეწყო. ექსპედიციამ დაბრუნების შემდეგ, აშშ-ს კონგრესს წინადადებით მიმართა მდ. იელოუსტონის ზემო დინება ნაკრძალად გამოეცხადებინათ. მხოლოდ 17 თვის შემდეგ დაამტკიცა კონგრესმა კანონპროექტი  ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი ეროვნული პარკის შექმნის შესახებ.

    ინდიელები იელოუსტონის პარკს ”ყინულის, ცეცხლის,  წყლის და ორთქლის ქვეყანას” უწოდებენ. პარკის ფართობის 1/10-ზე ათასმდე ცხელი წყარო და რამდენიმე ასეული გეიზერი მდებარეობს. პარკის საოცრებად კი მაინც დედამიწის უდიდესი გეიზერი ”ექსელსიორი” ითვლება. მისი წყლის სვეტის დიამეტრი 8-10 მ-ს, სიმაღლე კი 100 მ-ს აღწევს.

    იელოსტოუნის ეროვნული პარკი

    კლდოვანი მთების ქედებსა და ხეობებს თუ ზემოდან გადმოვხედავთ თვალწინ ყინულების სამეფო გადაიშლება. მუდმივი თოვლით დაფარული მთების წვეტიანი მწვერვალები თვალისმომჭრელად ბრწყინავენ მზის სინათლეზე. მყინვარების თეთრი ენების გვერდით ყვავილების ნაირფერი ხალიჩით დაფარული ალპური საძოვრები ანდამატივით იზიდავენ ტურისტებს.

    აქვეა თავმოყრილი ტბებიც, რომელთა ფერიც ირგვლივ მდებარე მთების და ამგები ქანების ფერის მიხედვით იცვლება – ცისფერიდან იისფერამდე.

    იელოსტოუნის ეროვნული პარკი

    ქედების კალთების შუა ნაწილი ხშირი მუქწიწვოვანი ტყითაა დაფარული, თუმცა ხის ჯიშების სიმრავლით არ გამოირჩევა. აქაა რბილი და შავი ფიჭვი, ბალზამის ნაძვი, აქა-იქ კი ფოთოლმცვენი ვერხვი, ჯუჯა ნეკერჩხალი, თხმელა. მთათაშორის ქვაბულებში ფართო საძოვრებია და აჭიმული.

    ძნელია მდინარე იელოსტოუნის კანიონის სილამაზის აღწერა. ხეობამ ტყუილად კი არ მიიღო ინგლისური სახელწოდება ინდიელებისაგან –  ”ყვითელი ქვების ქვეყანა”. მართალაი, კანიონის ციცაბო კალთები სხვადასხვა ფერის ქანებითაა აგებული, მაგრამ გამეფებული ფერი მაინც ყვითელია.

    კანიონი თითქოს ამ ტერიტორიის გეოლოგიურ ისტორიას გვიამბობს. ოდესღაც აქ ვიწრო ხეობებით და დანაწევრებული მაღალმთიანი მთების ჯაჭვი ყოფილა, რომელიც შემდგომში შედარებით მოუსწორებია ლავურ ღვარებს. ამჟამად პარკის დიდი ნაწილი ვულკანურ მწვერვალებიან ლავურ პლატოს წარმოადგენს. აქა-იქ ხეობის კალთებზე, 50 მილიონი წლის წინათ ვულკანური ფერფლის ქვეშ გაქვავებულმა გოლიათმა ხეებმა დღევანდლამდე მოაღწია.

    იელოუსტოუნის პარკი მხოლოდ გეიზერებითა და კანიონებით როდია ცნობილი. იგი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზოოლოგიური ნაკრძალიცაა. აქ ბინადრობენ ისეთი ძვირფასბეწვიანი ცხოველები, როგორიცაა: ამერიკული თახვი და ამერიკული სიასამური, მრისხანე დათვი გრიზლი, გრაციოზული ანტილოპა – ვილოროგი, ამერიკული ირემი -ვაპიტი. მთებში, დიდ სიმაღლეზე გვხვდება თოვლის თხა და დიდრქებიანი ცხვარი.

     პარკში ბინადრობს ამერიკის შეერთებული შტატებში შემორჩენილი ბიზონების ერთადერთი ჯოგი, ასევე 250-მდე სახეობის ფრინველი, მათ შორის ვარხვი და გედი.

    ბუნების სიმდიდრისა და მრავალფეროვნების წყალობით, იელოუსტოუნის ეროვნული პარკი თავისებურ ბუნებრივ ლაბორატორიად ითვლება, სადაც მეცნიერები გამოკვლევებს აწარმოებენ გეოგრაფიაში, გეოლოგიაში, ბოტანიკაში, ზოოლოგიასა და ეკოლოგიაში. პარკის პოპულარობაზე მეტყველებს მნახველთა რიცხვიც – 2 მილიონზე მეტი ტურისტი წელიწადში.

    პარკის დასათვალიერებლად მის ტერიტორიაზე გაყვანილია თითქმის 500  კმ სიგრძის გზა და 1500  კმ სიგრძის ბილიკი. აქ მოწყობილია კემპინგები, სასტუმროები, პარკინგები, მუშაობს საინფორმაციო ცენტრი, სამეცნიერო-სასწავლო მუზეუმები. პარკს აქვს საკუთარი ტელეცენტრიც.

    იელოსტოუნის ეროვნული პარკი, 1972 წელს იუნესკოს მსოფლიო კულტურისა და ბუნების მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს  და მას საერთაშორისო მნიშვნელობა მიენიჭა.

  • ბრაზილია და რიო-დე-ჟანერო

    ბრაზილია და რიო-დე-ჟანერო

    ქალაქი ბრაზილია ბრაზილიის ახალი დედაქალაქია. ბრაზილიის ზეგანზე, სტეპის ერთფეროვან უსასრულო სივრცეზე, სადაც აქა-იქა თუ დაინახავდით ხე-მცენარეს, ახლა ცისფერი შადრევნებით, ნაირფერი ყვავილების სკვერებით, საცურაო აუზებითა და ლამაზი სახლებით დამშვენებული ქალაქი ბრაზილიაა გაშენებული. ნახევრად მომრგვალებულ სახურავებიანი უცნაური ფორმის შენობები, ავტოსტრადების ფართო ლენტები, რომლებიც გზაჯვარედინებზე ესტაკადებით მაღლა იწევა და ორსართულიანი მოძრაობა უცნაურ, მაგრამ ლამაზ სანახაობას ქმნის.

    ცნობილია, რომ ბრაზილიის მოსახლეობა, ძირითადად, ატლანტის ოკეანის სანაპიროს გასწვრივ ცხოვრობდა. დანარჩენი უზარმაზარი ტერიტორია თითქმის უკაცრიელი იყო. იდეა დედაქალაქის რიო-დე-ჟანეიროდან ქვეყნის ცენტრში გადატანის შესახებ, ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ჩაისახა და ნაკარნახევი იყო ქვეყნის შიდა რაიონების განვითარების მიზნით. ჩანაფიქრის განხორციელება კი რეალური 1956 წელს გახდა. პრეზიდენტმა ჟუსელინო კუბიჩეკმა შეძლო სიტყვა საქმედ ექცია. მშენებლობა მძიმე პირობებში მიმდინარეობდა. ხელს უშლიდა ოპოზიციაც, რომელიც ყოველმხრივ ცდილობდა ჩაეშალა პრეზიდენტის გეგმები. მიუხედავად ასეთი წინააღმდეგობისა, სამი წლის შემდეგ, 1960 წლის 21 აპრილს დედაქალაქი საზეიმოდ გაიხსნა.

    დედაქალაქის მშენებლობა ლუსიო კოსტიმ დაგეგმა. მთავარი არქიტექტორი კი იყო სახელგანთქმული ოსკარ ნიმეიერი. კოსტი და ნიმეიერი ოცნებობდნენ ისეთი  ქალაქი აეგოთ, სადაც არ იქნებოდა ხმაური, სივიწროვე, ავტომობილების საცობები და სადაც მოსახლეობა ახლებურად იცხოვრებდა.

    ზევიდან ბრაზილია თვითმფრინავს ჰგავს, რომელიც  თითქოსდა ცისფერი ტბის პირასაა დაშვებული. ფუზელაჟი –  ეს ადმინისტრაციული და საზოგადოებრივი შენობებია, ფრთები – საცხოვრებელი კვარტლები, რომლებიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ არის გადაჭიმული. ცენტრში სამიარუსიანი განივი მიწისქვეშა გვირაბებია, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს ჩრდილოეთ და სამხრეთ კვარტლებს, გასწვრივი იარუსები კი მანქანებს შესაძლებლობას აძლევენ,  ყველა მიმართულებით იმოძრაონ.

    ნიმეიერის მიერ დაპროექტებული ადმინისტრაციული და საცხოვრებელი შენობები ორიგინალობით, უცნაური ფორმებით, მაგრამ საცხოვრებლად მოხერხებული პირობებით გამოირჩევა. აქ გათვალისწინებულია ყველაფერი: ოთახების მდებარეობა მზის მიმართ, ფანჯრების და კარების ფორმა და ზომა,  შესასვლელები და სხვა. კვარტლებში ყველაფერია, რაც მოსახლეობას სჭირდება: სკოლა, მაღაზიები, აფთიაქი და სხვა. შენობები დგას ხიმიჯებზე, რაც ხელს უწყობს ჰაერის ვენტილაციას.

    განსაკუთრებით ლამაზია სამი ხელისუფლების სახელობის მოედანი კონგრესის შენობითა და პრეზიდენტის რეზიდენციით. ეროვნული კონგრესი კამერტონის ფორმის ტყუპი ცათამბჯენია. ბრაზილია წყანრი ქალაქია, თუმცა მოსახლეობის რაოდენობა თითქმის მილიონამდეა. შემომქმედებმა მიზანს მიაღწიეს და მართალც  შექმნეს ქალაქი-საოცრება.

    ბრაზილია შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

    რიო-დე-ჟანეირო ამავე სახელწოდების შტატის დედაქალაქია და ბრაზილიის მეორე ქალაქია მოსახლეობის რაოდენობით. მთელ სამხრეთ ნახევარსფეროში რიო-დე-ჟანეიროს ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს. იგი განთქმულია ფეშენებელური სასტუმროებით, კოპაკაბანასა და იპანემას ტურისტული სანაპიროებით, ყოველწლიურად მარდი-გრას საკარნავალო დღესასწაულებით.

    კარნავალი რიო-დე-ჟანეიროში ოფიციალურად ყოველ წელს აღდგომის დღესასწაულამდე 40 დღით ადრე იწყება და ქალაქის უმთავრეს ღონისძიებას წარმოადგენს. ეს არის სამბას სკოლების აღლუმი. სამბოდრომის ტრიბუნაზე ესტასიოს რაიონში 88500 მაყურებელი ეტევა. აღლუმი 700 მ სიგრძის მანეჟზე 21 სთ-ზე იწყება. თითეულ მონაწილე ჯგუფს გამოსვლისთვის 82 წითი ეთმობა.

    რიო-დე-ჟანეირო 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატსა და 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლებდა. ქვეყნის და კერძოდ, რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ სიმბოლად აღიარებულია კორკოვადოს მთაზე 704 მეტრის სიმაღლეზე მდგარი ქრისტეს ქანდაკება რომელიც 2007 წლეს მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებას შორის დასახელდა.

    რიო-დე ჟანერო ბრაზილია ქრისტეს ქანდაკება

    ბრაზილიის  თითქმის ყველა დიდ თუ საშუალო სიდიდის  ქალაქში შეგვხვდება ღარიბთა უბნები ე.წ. ბიდონვილები, რომელთაც  ბრაზილიაში ფაველა ჰქვია. ამ უბნებში არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა,  კანალიზაცია და მაღალი კრიმინალის დონე.  ფაველა შენდება სხვადასხვა ნაპოვნი მასალისგან –  აგურით დაწყებული და ნაგვით დამთავრებული. სახლები ფაველაში ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა ან ერთმანეთზეა ნაგები.

  • ჰავანა

    ჰავანა

    თვითმფრინავის ფანჯრიდან ქალაქი ჰავანა უცნაურად მოღუნულ გიგანტურ ხვლიკს წააგავს მკვეთრად გამოხატული თავით, ელასტიკური გრძელი ტანითა და კუდით. თუ ჰავანას ზღვიდან უახლოვდებით, შთაბეჭდილება სულ სხვანაირია: ცათამბჯენების სიმრავლე, ჭვარტლის ღრუბელი ქალაქის თავზე, სიმწვანის ნაკლებობა, ერთმანეთის მსგავსი ქუჩები და პროსპექტები, თანამედროვე ქალაქი-გიგანტი, უღიმღამო და ერთფეროვანი, რომლის მსგავსი ბევრია ევროპულ დასავლეთში. ისეთი გრძნობა გეუფლება, რომ როგორც კი ნაპირზე მოხვდები ამ უზარმაზარი გიგანტის ტყვეობაში აღმოჩნდები.

    ჰავანა 1515 წელს დააფუძნა კონკისტადორმა დიეგო ველასკეს დე კელარმა კუნძულის სამხრეთ სანაპიროზე, თანამდეროვე ქალაქ სურგიდერო-დე-ბატაბანიოსთან. ქალაქმა მის დღვანდელ ადგილზე 1519 წელს გადმოინაცვლა.

    ჰავანა თავდაპირველად სავაჭრო პორტი იყო, თუმცა მისი მზარდი პოლიტიკური მნიშვნელობის გამო 1607 წელს კუბის (იმ დროისთვის ესპანური კოლონიის) დედაქალაქი და ახალ მსოფლიოში ესპანური კოლონიების მთავარი პორტი გახდა.

    ჰავანა მეკობრეთა ხშირი თავდასხმების მსხვერპლი იყო. 1553 და 1555 წლებში იგი გაძარცვეს, ხოლო 1538 წელს კი ერთიანად გადაწვეს.  შვიდწლიანი ომის დროს 1762  წელს ბრიტანელებმა ესპანელებს ქალაქი წაართვეს და პორტი თავისუფალი ვაჭრობისთვის გახსნეს, შემოიყვანეს რა ათასობით აფრიკელი მონა. ომის დამთავრების შემდეგ ბრიტანელებმა ქალაქი ფლორიდაზე გაცვალეს. ქალაქის დაბრუნების შემდეგ ესპანელებმა იქ აშენებული ციხესიმაგრეებითა და გალავნებით ჰავანა ამერიკაში ყველაზე დაცულ ქალაქად აქციეს.

    1920 წელს აშშ-ში ბუტლეგერობის პერიოდში ჰავანა, მონრეალის მსგავსად, ამერიკელთა პოპულარული გასართობი ქალაქი გახდა, თუმცა ღამის კლუბებისა და კაზინოების უმრავლესობა დახურულ იქნა 1959 წელს კუბის რევოლუციის შემდეგ.

    ჰავანა  კუბა

       ყველა ქალაქს აქვს თავისი ცენტრი, მაგრამ ჰავანაში ეს ცნება დარღვეულია. 23-ე ქუჩა თუ რევოლუციის მოედანი, სანაპირო მალეკონი თუ მე-5 ავანიდა, კაპიტოლიუმი თუ პრეზიდენტის ხეივანი – ყველა ცენტრია, თუმცა ერთმანეთისგან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. ქალაქის ცალკეულმა რაიონებმა, წარსულში დამოუკიდებელმა ქალაქებმა შექმნეს თანამედროვე ჰავანა. ამიტომაც ძნელია გეოგრაფიული ან ადმინისტრაციული ცენტრის პოვნა და მაინც: რაიონი ვედადო ყველაზე უფრო მიესადაგება ე.წ. ქალაქის ”ცენტრს”.

    მექსიკის ყურიდან იწყება მრავალკილომეტრიანი პრეზიდენტის ხეივანი, სადაც ვხვდებით ტროპიკული სარტყლის თითქმის ყველა სახეობის მცენარეს და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ბოტანიკურ ბაღში სეირნობ. აქედან პირდაპირ რევოლუციის მოედანზე გამოდიხარ, სადაც ქალაქის სამი რაიონი იყრის თავს.

    საღამოობით, როდესაც შუადღის პაპანაქება მინელდება, ჰავანელები სეირნობენ, თევზაობენ, ზღვის სანაპიროს სილამაზით ტკბებიან. ძველ ჰავანას შენარჩუნებული აქვს ესპანური იერი – 2-3 სართულიანი შენობები, გრძელი და ვიწრო ქუჩები. აქვეა კაპიტოლიუმის მკაცრი შენობა, სადაც ახლა კუბის მეცნიერებათა აკადემიაა განთავსებული. მის ირგვლივ კი შესანიშნავი პარკია ეროვნული გმირების ძეგლებით. აქ იწყება ცნობილი პრადო – ქუჩა-ხეივანი.

    ჰავანის ფეშენებელური რაიონია მირამარი. ეს რაიონი ამერიკელი და ადგილობრივი ბანკირების, მინისტრების, ბიზნესმენების მიერ იყო დაგეგმილი, მაგრამ ეს ”მობინადრენი” ახალგაზრდობამ შეცვალა და ამჟამად ბეკადოსი – მოსწავლე-სტიპენდიანტები და სტუდენტები  არიან ამ მყუდრო ბინების ბინადარნი.

    მირამარეშია განთქმული საზღვაო აკვარიუმი. ეს არის მექსიკის ყურის ნაწილი, რომელიც მინის კედლებითაა ყურისგან გამოყოფილი, ზევით კი ღიაა. აკვარიუმში ტროპიკული ზღვების ყველა ბინადარია, მათ შორის ზვიგენები, გიგანტური კუ და შხამიანი ბარიკუდაც.

    ყველა ქალაქი თავისებურია, ყველას აქვს მისთვის დამახასიათებელი და სხვებისგან განსხვავებული ნიშნები. ასეთი თავისებური და განსხვავებულია ჰავანაც.

  • ძველი და ახალი იენა

    ძველი და ახალი იენა

    ცნობილი გერმანელი პოეტი ვოლფგანგ გოეთე იენაში ყოფნისას ამბობდა, რომ ეს ადგილები იტალიას მაგონებსო. ზაალეს ხეობის ქვაბული ერთ-ერთი ყველაზე მშრალი და თბილი ადგილია გერმანიაში. ზაფხულის მზე განსაკუთრებულ მიკროკლიმატურ პირობებს ქმნის და მართლაც უახლოვდება სუბტროპიკულ ხმელთაშუაზღვისპირეთის ჰავას.

    იენა გერმანიის ერთ-ერთი ძველი ქალაქია. იგი უკვე  IX-XII საუკუნეებში მოიხსენიება, მაგრამ მას სახელი მისმა სიძველემ კი არა, უნივერსიტეტმა გაუთქვა. თიურინგიაში არც ერთი უმაღლესი სასწავლებელი არ იყო. 1558 წელს იენაში კურფიურისტი (ფეოდალურ გერმანიაში მთავარი, რომელსაც უფლება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო იმპერატორის არჩევაში) იოჰან ფრიდრიხ დიდსულოვანის თაოსნობით უნივერსიტეტი გაიხსნა, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ქალაქის ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. XVI ს-ში ქალაქში წიგნის ბეჭდვა და წიგნებით ვაჭრობა დაიწყეს.

    იენის უნივერსიტეტმა სახელი განსაკუთრებით XVIII-XIX საუკუნეებში გაითქვა, როდესაც აქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ გერმანული ფილოსოფიის კლასიკოსები იოჰან გოტლიბ ფიხტე, გეორგ ვილჰემ ფრიდრიხ ჰეგელი; გამოჩენილი მეცნიერი – ექიმი, ისტორიკოსი, მათემატიკოსი ერნსტ ჰეკელი. თავისი ცხოვრების ნაყოფიერი წლები აქ გაატარა დიდმა პოეტმა და დრამატურგმა ფრიდრიხ შილერმა. იგი იენის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი იყო და სწორედ აქ დაწერა მან – ”მარია სტიუარტი”, ”ოცდაათწლიანი ომის ისტორია”, ტრილოგია ”ვალენშტეინი”.

    90-იან წლებში შილერი იენაში გოეთეს დაუმეგობრდა, რომელიც აქ ხშირად ჩამოდიოდა. წყნარ, საუნივერსიტეტო ქალაქში დაიბადა მისი უკვდავი ”ფაუსტი” და ”ჰერმანე და დოროთეი” . საყურადღებოა, რომ გოეთემ მთელი რიგი შრომები შექმნა ბუნებისმცოდნეობაში, უმთავრესად მცენარეთა და ცხოველთა მორფოლოგიაში და გამოთქვა აზრი ორგანული ბუნების ევოლუციაზე. მან პირველმა შემოიღო ტერმინი ”მორფოლოგია”. გოეთეს ეკუთვნის ნაშრომები ”მცენარეთა მეტამორფოზები” და ’მეცნიერება ყვავილების შესახებ”, გააძლიერა იენის უნივერსიტეტში მეცნიერული ბუნებისმცოდნეობის მიმართულება. მისი დაუღალავი შრომით მცენარეთა სახეობებით გამდიდრდა აქაური ბოტანიკური ბაღი, რომელიც ამ მხრივ სიმრავლით ახლაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ევროპაში.

    აღსანიშნავია, რომ იენის სახელგანთქმულ უნივერსიტეტში არაერთმა ქართველმა მიიღო განათლება.

    იენა სიდიდით მეორე ქალაქია ფედერალურ მხარე  თიურინგიაში ერფრუტის შემდეგ. იენაში მდებარეობს მსხვილი საწარმო „კარლ ცაისი“.

  • კოსტა-რიკა – ყველაზე განათლებული ქვეყანა ცენტრალურ ამერიკაში

    კოსტა-რიკა – ყველაზე განათლებული ქვეყანა ცენტრალურ ამერიკაში

    მოგზაურები, ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის, კოსტა-რიკას ყველაზე სასიამოვნო ქვეყნად თვლიან. კოსტრა-რიკა 1502 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა.   ეს ერთადერთი სახელმწიფოა კონტინენტზე, სადაც არა ჰყავთ არმია და მხოლოდ პოლიცია იცავს ქვეყანას. ”ტიკო” ასე უწოდებენ კოსტა-რიკელებს მეზობელი ქვეყნები. ისინი კი იმით ამაყობენ, რომ მათ უფრო მეტი მასწავლებლები ყავთ, ვიდრე პოლიციელები. მართლაც, ეს  ცენტრალური ამერიკის ყველაზე განათლებული სახელმწიფოა, სადაც მოსახლეობის 90 % წერა-კითხვის მცოდნეა.

    კოსტა-რიკაში ნაყოფიერი ნიადაგები და სოფლის მეურნეობისთვის ხელშემწყობი ჰავაა. წიაღი მდიდარია ოქროთი, ვერცხლით, მანგანუმით, ნავთობით, რაც ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას. კოსტა-რიკა აგრარული ქვეყანაა. მოჰყავთ ყავა, ბანანი, კაკაო, განვითარებულია მეცხოველეობა, რომლის პროდუქციაც საზღვარგარეთ გააქვთ.

    ქვეყანაში ხშირი მიწისძვრების გამო ძირითადად ჭარბობს ხის სახლები. ქალაქის ცენტრალურ მოედნიდან კარგად მოჩანს ვულკანი ”ოთხი ძმა”,  რომლებსაც საერთო მასიური ძირი აქვთ. ერთი ბოლავს, მეორედან ძლიერი ხმები ისმის და კრატერიდან კილომეტრზე ფერფლისა და აირის ნარევი ადის, მესამედან  კი – ცხელი გეიზერი გადმოჩქეფს. ქვეყნის დედაქალაქ სან-ხოსედან გაყვანილია გზა ვულკან ირასუმდე, სადაც ცნობისმოყვარე და დაინტერესებულ პირებს კრატერში ჩახედვაც კი შეუძლიათ. 1968 წელს ირასუს ამოფრქვევამ დიდი ზიანი მიაყენა ახლომახლო რაიონებს. არანაკლებ საშიშია ვულკანი არენალია, რომელიც დედაქალაქიდან 175 კმ-ითაა დაშორებული. 1968 წელს მისმა ამოფრქვევამ უსახლკაროდ დატოვა 20 ათასი ადამიანი.

    ვულკანი კოსტა-რიკა

    კოსტა-რიკელები, მეზობელი ქვეყნების მხიარული და ხმაურიანი ხალხისგან, სიდინჯით გამოირჩევიან. გარეგნულად, ჩაცმულობით, მანერებით, გემოვნებით ისინი უფრო ინგლისელებს ჰგვანან.

    კოსტა-რიკის ტერიტორიას წარმოადგენს ასევე კუნძული ქოქოსი წყნარ ოკეანეში   და  ქვეყნის დასავლეთი სანაპიროდან 600 კილომეტრზე, გალაპაგოსის არქიპელაგის მახლობლად მდებარეობს. 1997 წელს კუნძული  იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს.

  • მავრიკია – ინდოეთის ოკეანის ვარსკვლავი და გასაღები

    მავრიკია – ინდოეთის ოკეანის ვარსკვლავი და გასაღები

    ინდოეთის ოკეანის ფირუზისფერ წყლებში ჩაძირულია მწვანე ხმელეთი, რომელსაც ირგვლივ თვალისმომჭრელი ყვითელი ფერის პლაჟის სარტყელი აკრავს. ეს პატარა ხმელეთი ვულკანური წარმოშობის კუნძული მავრიკიაა, რომელიც 1968 წელს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. იგი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 70 კმ-ზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთით – 50 კმ-ზეა გადაჭიმული. ფართობი კი სულ რაღაც 2 ათას კვ.კმ-ია. თუმცა მავრიკიის მახლობლად მდებარე მინიატურული ატოლები – როდრიგესი, აგალეგა და სხვები სახელმწიფოს ფართობს 200 კვ.კმ-ს მატებენ.

    კუნძულის ძირითადი ტრასა მაებურიდან დედაქალაქ პორტ-ლუიმდე მიდის. გზა ხან შვეულ კედლებიან კლდეებს შორის გადის, სადაც ჯერ კიდევაა შემორჩენილი შავი ხის ნაზარდი. რომელიც ოდესღაც მთელ კუნძულს ფარავდა, ხანაც შაქრის ჭარხლის პლანტაციების ზღვაში იკარგება. ბუჩქებზე ჩიტისტოლა პეპლები და თითქმის პეპლების ზომის ფრინველები დაფარფატებენ.

    1598 წელს ჰოლანდიელები პირველი ევროპელები იყვნენ კუნძულზე. გადმოცემით იმ დროს იქ უზარმაზარი, თითქმის 1 ფუთი წონის უფრთო ფრინველები დრონტები ბინადრობდნენ. ისინი დაუცველები და ძალიან მიმნდობნი ყოფილან, რამაც განაპირობა მათი სახელი დოდო (სულელი), სწორედ აქედან იღებს სათავეს ინგლისელების ცნობილი გამოთქმაც – ”მოკვდა, როგორც დოდო”. ახლა მუზეუმში მხოლოდ დრონტის ფიტულიღაა შემონახული.

    გადაშენებული ფრინველი დოდო

    ყველა დამპყრობი თავის სახელს არქმევდა კუნძულს. არაბი ხალიფები პირველები მოვიდნენ დაუსახლებელ კუნძულზე და მას ”დინა არობი” (არაბეთის კუნძული) უწოდეს. შემდეგ ჰოლანდიელები დამკვიდრდნენ და თავიანთი პრინცის სახელით მონათლეს კუნძული – მორიცა ნასაუ. ისინი ფრანგებმა შეცვალეს და სახელიც შეუცვალეს – ილ დე ფრანსედ (საფრანგეთის კუნძული) აქციეს. კუნძულს ინგლისელების ხელში გადასვლის შემდეგ მავრიკიად მოიხსენიებენ.

    ევროპაში გამოცემულ წიგნებში მავრიკია სხვადასხვანაირი ეპითეტითაა მოხსენებული:: ”აღმოსავლეთის გიბრალტარი”, ”მალტა ინდოეთის ოკეანეში” და სხვა. კუნძულის გერბზე კი დღეს შეგვიძლია წავიკითხოთ დევიზი: ”ინდოეთის ოკეანის ვარსკვლავი და გასაღები”.

    მავრიკია პოლიგლოტების კუნძულია. თითქმის ყველა აქაური მცხოვრები თავისუფლად საუბრობს ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, ბევრმა იცის ინდური, მაღაზიებში გაიგონებთ ჩინურსა და არაბულს, ხოლო ბაზრობებზე სუაჰილის ენას. თუ მოსაუბრე მავრიკიელებს ყურადღებით მოუსმენთ, აღმოაჩენთ, რომ მათი ენა აზიური, აფრიკული და ევროპული ენების კონგლომერატია. მრავალენიანობა გამოწვეულია მოსახლეობის ეროვნული სიჭრელით: არაბები, ფრანგები, ჰოლანდიელები, ინგლისელები, ჩინელები, ინდოელები და სხვა. მოსახლეობის 65 %-ს ე.წ. ინდო-მავრიკიელები შეადგენენ.

  • ირლანდია – მწვანე კუნძული

    ირლანდია – მწვანე კუნძული

    ირლანდიის კოლონიზაცია ინგლისის მიერ XII ს-ში დაიწყო და  ქვეყანა შვიდი საუკუნის განმავლობაში ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა. იგი პირველი ქვეყანაა ბრიტანეთის იმპერიაში, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1900 წლამდე დიდ ბრიტანეთს პოზიციები მყარად ეკავა, საუკუნის დასაწყისში კი ირლანდიელმა ხალხმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყო. ამ ბრძოლის შემდეგ სამხრეთ ირლანდიამ დომინიონის სტატუსი მიიღო, ხოლო ჩრდილოეთი ირლანდია   დიდ ბრიტანეთს შეუერთდა. 1949 წელს სამხრეთ ირლანდია დამოუკიდებელ  რესპუბლიკად გამოცხადდა.  

    ირლანდია მე-3 კუნძულია ევროპაში ფართობის მხრივ და მე-20 – მსოფლიოში. კუნძულს დასავლეთით აკრავს ატლანტის ოკეანე, ხოლო კუნძულ დიდი ბრიტანეთისგან ირლანდიის ზღვითა და წმინდა გიორგის სრუტითაა გამოყოფილი.

    გოლფსტრიმის თბილი დინების წყალობით კუნძულზე თითქმის არ იცის ზამთარი. მთელი წლის განმავლობაში მწვანედ ბიბინებს საძოვრები – ირლანდიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმდიდრე. ამიტომ ირლანდიას ”ზურმუხტის” კუნძული ჰქვია. მწვანე ფერი  ირლანდიის ეროვნული ფერია, ხოლო მწვანე სამყურა – ქვეყნის სიმბოლო.

    წმინდა პატრიკი ირლანდიის მფარველი წმინდანია და 17 მარტს აღინიშნება. ეს დღესასწაული თავიდან კათოლიკურ დღესასწაულად  ითვლებოდა, ხოლო XVII საუკუნიდან  ოფიციალურად დაწესდა სადღესასწაულო და ირლანდიის კულტურის საერო დღედ გამოცხადდა. ეს დღესასწაული ირლანდიის რესპუბლიკაში “უქმე დღედ” არის გამოცხადებული. ყოველ 17 მარტს იმართება წმინდა პატრიკისადმი მიძღვნილი ფესტივალი. ამ დღესასწაულს ასევე აღნიშნავენ   იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობს ირლანდიური  დიასპორა: ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, არგენტინაში, ავსტრალიაში, ახალ ზენლანდიაში და ა.შ.

    კუნძულის სამხრეთი თბილი დინების წყალობით, სუბტროპიკებს წააგავს. სანაპიროს გასწვრივ თავს იწონებენ პალმები, ქარისგან დაცულ ხეობებში იზრდება ბამბუკი, მზისკენ მიისწრაფვის მარწყვის ხის ტოტები, კლდეებზე და ციხე-სიმაგრეთა ნანგრევებში ყველგან წააწყდებით ღია ფერის ყვავილებით დამშვენებულ ფუქსიას.

    ირლანდიის ტურისტთა ბიურო მოყვარულებს “თითო ანკესზე თითო ტბას” პირდება. აქ მრავლადაა თევზით მდიდარი ტბები, რაც თევზაობის მოყვარულ ტურისტებს იზიდავს.

    ირლანდიაში დაჭაობებული ტერიტორიებს ქვეყნის ტერიტორიის 1/6 უკავიათ.

      ირლანდიის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს ცნობილი კუნძული არანი, სადაც ქვების მეტი თითქმის არაფერია. “მიწა არ არის, ის უნდა შექმნა” – ამბობენ აქაურები და ამიტომაც კუნძულელები კალათებით ეზიდებოდნენ ქვიშას, ლამს, წყალმცენარეებს და მცირე ფართობებზე შექმნეს ნიადაგი. დედამიწის ეს მწვანე “ნაკუწები” გარშემორტყმულია ნაცრისფერი ქვის კედლებით, რომელთა გარეშე გრიგალები და წვიმები ზღვაში ჩაიტანდნენ ადამიანის ნამოღვაწარს. აქ იმდენი ქვაა, რომ ამბობენ: ”ყოველ ახალშობილს მუშტში ქვა უკავიაო”. კუნძულ არანზე და კუნძულ კანემარაზე დღემდე შემორჩენილია ირლანდიური (გელური) ენა.

    კუნძული არანი ირლანდია

    ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში თავმოყრილია ირლანდიის მრეწველობის თითქმის ნახევარზე მეტი. აქ არის ლუდის იმპერიის ციტადელი, რომელიც თავისი პროდუქციით არა მარტო ირლანდიას, არამედ ათობით სხვა ქვეყანასაც ამარაგებს.

    დუბლინი ირლანდიის დედაქალაქი

    ირლანდია ამაყობს თავისი შვილებით: აქაურები იყვნენ დიდი დრამატურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი  ბერნარდ შოუ, მწერლები ოსკარ უაილდი და სემიუელ ბეკეტი, პოეტი და დრამატურგი ჯეიმზ ჯოისი, დრამატურგი შონ ოძკეისი და სხვები.

  • ახალი ზელანდია – გრძელი, თეთრი ღრუბლების ქვეყანა

    ახალი ზელანდია – გრძელი, თეთრი ღრუბლების ქვეყანა

    ახალი ზელანდია წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში,  ორ უდიდეს კუნძულზე მდებარეობს, რომელთაც ჩრდილო  და სამხრეთ კუნძული ჰქვიათ  და მათ კუკის სრუტე ჰყოფთ. მათ გარდა არის კიდევ რამდენიმე კუნძული. საერთო ფართობი დაახლოებით 269 ათასი კვ. კმ-ია.

    ახალი ზელანდია ადგილია, სადაც ქვეყნიერება მთავრდება. დედამიწაზე ვერ ნახავთ ისეთ ქვეყანას, რომელიც ისე შორს იყოს სხვა ქვეყნებისაგან, როგორც ახალი ზელანდიაა. თუ გგონიათ, რომ ავსტრალია იქვე ახლოსაა, ძალიან ცდებით: მათ შორის დაშორება 1200 მილია. სამხრეთ ამერიკიდან კი 22 ათასი მილის მანძილზე ოკეანის უსასრულო სივრცეა გადაშლილი. წარმოიდგინეთ, როგორ გაოცდებოდნენ 350 წლის წინათ ევროპელი მოგზაურები, როდესაც აღმოაჩინეს, რომ იგი დასახლებულია.

    საიდან მოვიდნენ ახალი ზელანდიის მკვიდრნი? ჯერჯერობით ამაზე გარკვეული პასუხი მეცნიერებს არ გაუციათ. ზოგიერთი მკვლევარი იმასაც კი ფიქრობს, რომ ახალი ზელანდია კაცობრიობის უძველესი სამშობლოა.

    ახალი ზელანდიის აბრიგენებს არ ჰქონდათ დამწერლობა, ამიტომ მათი წარმომავლობის შესახებ მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ლეგენდები არსებობს. გადმოცემის თანახმად, დღევანდელი მაორები ოკეანეთიდან – საზოგადოების არიქპელაგის ერთ-ერთ კუნძულ რაიატეადან მოსულან. იქ ცხოვრობდა ბელადი კუპე. იგი დააკვირდა, რომ გრძელბოლოიანი გუგული – კოხოპეროა ყოველ წელიწადს კუნძულზე სამხრეთ-დასავლეთიდან მოფრინავს, რამდენიმე თვის შემდეგ კი უკან ბრუნდება. მან გადაწყვიტა ეპოვა კუნძული, სადაც ბინადრობდა კოხოპეროა. იგი ორი კანოეთი გაემგზავრა, ერთს თვითონ მეთაურობდა, მეორეს კი ვინმე ნგაკე. ხანგრძლივი ცურვის შემდეგ მიაღწიეს მიწას, რომელსაც კუპემ აი-ტეაროა უწოდა, რაც `გრძელ, თეთრ ღრუბელს~ ნიშნავს. შორს, ოკეანის სივრცეში კუნძულის გამოჩენა კუპეს ცაზე `მოცურავე~ ღრუბელი ეგონა. სწორედ ეს იყო ახალი ზელანდია.

    მეორე ლეგენდის თანახმად, XII საუკუნეში, კუნძულ ტაიტიდან ბელადი ტოი შვილიშვილის საძებნად გაემგზავრა. მან მიაღწია ახალი ზელანდიის კუნძულებს და საცხოვრებლადაც იქ დარჩა. XIV საუკუნეში კუნძულს ტაიტის მცხოვრებთა დიდი ფლოტილია მიადგა. კუნძულის ძირითადი მოსახლეობა – მაორები – სწორედ მათი შთამომავლები არიან.

    მაორი - ახალი ზელანდია მკვიდრი მოსახლეობა

    ევროპელებზე უფრო მეტად მაორები განცვიფრდნენ, როდესაც კუნძულთან ახლოს 1642 წ. თავიანთ კანოებთან შედარებით უზარმაზარი ხომალდები დაინახეს. ესენი იყვნენ ჰოლანდიელი მეზღვაურები კაპიტან აბელ ტასმანის მეთაურობით. მან რუკაზე დაიტანა ახალი ზელანდიის სანაპიროები, მაგრამ არ გაუმხელია თავისი გეოგრაფიული აღმოჩენა. ამიტომ ახალი ზელანდიის ოფიციალური აღმოჩენა 1770 წ. ინგლისელ მეზღვაურს ჯეიმს კუკს ხვდა წილად. მაორები მტრულად შეხვდნენ მოსულებს და ჯ. კუკის მეზღვაურებთან შეტაკებისას რამდენიმე აბორიგენი დაიღუპა. ინგლისელები დარწმუნდნენ აბორიგენების მამაცობაში. მათ არც მუშკეტების და არც ზარბაზნების არ შეეშინდათ და წინააღმდეგობას უწევდნენ მეზღვაურებს. მიუხედავად ამისა, კუკმა კუნძულები ბრიტანეთის სამფლობელოდ გამოაცხადა. სისხლისმღვრელი ომები მაორებსა და ინგლისელებს შორის დიდხანს გრძელდებოდა და მხოლოდ 1840 წ. გამოცხადდა ახალი ზელანდია ოფიციალურად დიდი ბრიტანეთის კოლონიად. დღეისათვის მაორების რაოდენობა საკმაოდაა შემცირებული.

    ამჟამად, ”გრძელი, თეთრი ღრუბლების ქვეყანა~ განვითარებული სახელმწიფოა. განსაკუთრებით განვითარებულია სოფლის მეურნეობა, კერძოდ მეცხოველეობა. იგი დიდი რაოდენობით აწარმოებს მატყლს (მსოფლიოში მხოლოდ ავსტრალიას ჩამორჩება), თითქმის ყველას უსწრებს რძის პროდუქტებისა და ბანანების ექსპორტით.