გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

ბრაზილია დედაქალაქი

ბრაზილია და რიო-დე-ჟანერო

ქალაქი ბრაზილია ბრაზილიის ახალი დედაქალაქია. ბრაზილიის ზეგანზე, სტეპის ერთფეროვან უსასრულო სივრცეზე, სადაც აქა-იქა თუ დაინახავდით ხე-მცენარეს, ახლა ცისფერი შადრევნებით, ნაირფერი ყვავილების სკვერებით, საცურაო აუზებითა და ლამაზი სახლებით დამშვენებული ქალაქი ბრაზილიაა გაშენებული. ნახევრად მომრგვალებულ სახურავებიანი უცნაური ფორმის შენობები, ავტოსტრადების ფართო ლენტები, რომლებიც გზაჯვარედინებზე ესტაკადებით მაღლა იწევა და ორსართულიანი მოძრაობა უცნაურ, მაგრამ ლამაზ სანახაობას ქმნის.

ცნობილია, რომ ბრაზილიის მოსახლეობა, ძირითადად, ატლანტის ოკეანის სანაპიროს გასწვრივ ცხოვრობდა. დანარჩენი უზარმაზარი ტერიტორია თითქმის უკაცრიელი იყო. იდეა დედაქალაქის რიო-დე-ჟანეიროდან ქვეყნის ცენტრში გადატანის შესახებ, ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ჩაისახა და ნაკარნახევი იყო ქვეყნის შიდა რაიონების განვითარების მიზნით. ჩანაფიქრის განხორციელება კი რეალური 1956 წელს გახდა. პრეზიდენტმა ჟუსელინო კუბიჩეკმა შეძლო სიტყვა საქმედ ექცია. მშენებლობა მძიმე პირობებში მიმდინარეობდა. ხელს უშლიდა ოპოზიციაც, რომელიც ყოველმხრივ ცდილობდა ჩაეშალა პრეზიდენტის გეგმები. მიუხედავად ასეთი წინააღმდეგობისა, სამი წლის შემდეგ, 1960 წლის 21 აპრილს დედაქალაქი საზეიმოდ გაიხსნა.

დედაქალაქის მშენებლობა ლუსიო კოსტიმ დაგეგმა. მთავარი არქიტექტორი კი იყო სახელგანთქმული ოსკარ ნიმეიერი. კოსტი და ნიმეიერი ოცნებობდნენ ისეთი  ქალაქი აეგოთ, სადაც არ იქნებოდა ხმაური, სივიწროვე, ავტომობილების საცობები და სადაც მოსახლეობა ახლებურად იცხოვრებდა.

ზევიდან ბრაზილია თვითმფრინავს ჰგავს, რომელიც  თითქოსდა ცისფერი ტბის პირასაა დაშვებული. ფუზელაჟი –  ეს ადმინისტრაციული და საზოგადოებრივი შენობებია, ფრთები – საცხოვრებელი კვარტლები, რომლებიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ არის გადაჭიმული. ცენტრში სამიარუსიანი განივი მიწისქვეშა გვირაბებია, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს ჩრდილოეთ და სამხრეთ კვარტლებს, გასწვრივი იარუსები კი მანქანებს შესაძლებლობას აძლევენ,  ყველა მიმართულებით იმოძრაონ.

ნიმეიერის მიერ დაპროექტებული ადმინისტრაციული და საცხოვრებელი შენობები ორიგინალობით, უცნაური ფორმებით, მაგრამ საცხოვრებლად მოხერხებული პირობებით გამოირჩევა. აქ გათვალისწინებულია ყველაფერი: ოთახების მდებარეობა მზის მიმართ, ფანჯრების და კარების ფორმა და ზომა,  შესასვლელები და სხვა. კვარტლებში ყველაფერია, რაც მოსახლეობას სჭირდება: სკოლა, მაღაზიები, აფთიაქი და სხვა. შენობები დგას ხიმიჯებზე, რაც ხელს უწყობს ჰაერის ვენტილაციას.

განსაკუთრებით ლამაზია სამი ხელისუფლების სახელობის მოედანი კონგრესის შენობითა და პრეზიდენტის რეზიდენციით. ეროვნული კონგრესი კამერტონის ფორმის ტყუპი ცათამბჯენია. ბრაზილია წყანრი ქალაქია, თუმცა მოსახლეობის რაოდენობა თითქმის მილიონამდეა. შემომქმედებმა მიზანს მიაღწიეს და მართალც  შექმნეს ქალაქი-საოცრება.

ბრაზილია შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

რიო-დე-ჟანეირო ამავე სახელწოდების შტატის დედაქალაქია და ბრაზილიის მეორე ქალაქია მოსახლეობის რაოდენობით. მთელ სამხრეთ ნახევარსფეროში რიო-დე-ჟანეიროს ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს. იგი განთქმულია ფეშენებელური სასტუმროებით, კოპაკაბანასა და იპანემას ტურისტული სანაპიროებით, ყოველწლიურად მარდი-გრას საკარნავალო დღესასწაულებით.

კარნავალი რიო-დე-ჟანეიროში ოფიციალურად ყოველ წელს აღდგომის დღესასწაულამდე 40 დღით ადრე იწყება და ქალაქის უმთავრეს ღონისძიებას წარმოადგენს. ეს არის სამბას სკოლების აღლუმი. სამბოდრომის ტრიბუნაზე ესტასიოს რაიონში 88500 მაყურებელი ეტევა. აღლუმი 700 მ სიგრძის მანეჟზე 21 სთ-ზე იწყება. თითეულ მონაწილე ჯგუფს გამოსვლისთვის 82 წითი ეთმობა.

რიო-დე-ჟანეირო 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატსა და 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლებდა. ქვეყნის და კერძოდ, რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ სიმბოლად აღიარებულია კორკოვადოს მთაზე 704 მეტრის სიმაღლეზე მდგარი ქრისტეს ქანდაკება რომელიც 2007 წლეს მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებას შორის დასახელდა.

რიო-დე ჟანერო ბრაზილია ქრისტეს ქანდაკება

ბრაზილიის  თითქმის ყველა დიდ თუ საშუალო სიდიდის  ქალაქში შეგვხვდება ღარიბთა უბნები ე.წ. ბიდონვილები, რომელთაც  ბრაზილიაში ფაველა ჰქვია. ამ უბნებში არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა,  კანალიზაცია და მაღალი კრიმინალის დონე.  ფაველა შენდება სხვადასხვა ნაპოვნი მასალისგან –  აგურით დაწყებული და ნაგვით დამთავრებული. სახლები ფაველაში ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა ან ერთმანეთზეა ნაგები.