გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

ირლანდია მწვანე კუნძული

ირლანდია – მწვანე კუნძული

ირლანდიის კოლონიზაცია ინგლისის მიერ XII ს-ში დაიწყო და  ქვეყანა შვიდი საუკუნის განმავლობაში ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა. იგი პირველი ქვეყანაა ბრიტანეთის იმპერიაში, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1900 წლამდე დიდ ბრიტანეთს პოზიციები მყარად ეკავა, საუკუნის დასაწყისში კი ირლანდიელმა ხალხმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყო. ამ ბრძოლის შემდეგ სამხრეთ ირლანდიამ დომინიონის სტატუსი მიიღო, ხოლო ჩრდილოეთი ირლანდია   დიდ ბრიტანეთს შეუერთდა. 1949 წელს სამხრეთ ირლანდია დამოუკიდებელ  რესპუბლიკად გამოცხადდა.  

ირლანდია მე-3 კუნძულია ევროპაში ფართობის მხრივ და მე-20 – მსოფლიოში. კუნძულს დასავლეთით აკრავს ატლანტის ოკეანე, ხოლო კუნძულ დიდი ბრიტანეთისგან ირლანდიის ზღვითა და წმინდა გიორგის სრუტითაა გამოყოფილი.

გოლფსტრიმის თბილი დინების წყალობით კუნძულზე თითქმის არ იცის ზამთარი. მთელი წლის განმავლობაში მწვანედ ბიბინებს საძოვრები – ირლანდიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმდიდრე. ამიტომ ირლანდიას ”ზურმუხტის” კუნძული ჰქვია. მწვანე ფერი  ირლანდიის ეროვნული ფერია, ხოლო მწვანე სამყურა – ქვეყნის სიმბოლო.

წმინდა პატრიკი ირლანდიის მფარველი წმინდანია და 17 მარტს აღინიშნება. ეს დღესასწაული თავიდან კათოლიკურ დღესასწაულად  ითვლებოდა, ხოლო XVII საუკუნიდან  ოფიციალურად დაწესდა სადღესასწაულო და ირლანდიის კულტურის საერო დღედ გამოცხადდა. ეს დღესასწაული ირლანდიის რესპუბლიკაში “უქმე დღედ” არის გამოცხადებული. ყოველ 17 მარტს იმართება წმინდა პატრიკისადმი მიძღვნილი ფესტივალი. ამ დღესასწაულს ასევე აღნიშნავენ   იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობს ირლანდიური  დიასპორა: ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, არგენტინაში, ავსტრალიაში, ახალ ზენლანდიაში და ა.შ.

კუნძულის სამხრეთი თბილი დინების წყალობით, სუბტროპიკებს წააგავს. სანაპიროს გასწვრივ თავს იწონებენ პალმები, ქარისგან დაცულ ხეობებში იზრდება ბამბუკი, მზისკენ მიისწრაფვის მარწყვის ხის ტოტები, კლდეებზე და ციხე-სიმაგრეთა ნანგრევებში ყველგან წააწყდებით ღია ფერის ყვავილებით დამშვენებულ ფუქსიას.

ირლანდიის ტურისტთა ბიურო მოყვარულებს “თითო ანკესზე თითო ტბას” პირდება. აქ მრავლადაა თევზით მდიდარი ტბები, რაც თევზაობის მოყვარულ ტურისტებს იზიდავს.

ირლანდიაში დაჭაობებული ტერიტორიებს ქვეყნის ტერიტორიის 1/6 უკავიათ.

  ირლანდიის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს ცნობილი კუნძული არანი, სადაც ქვების მეტი თითქმის არაფერია. “მიწა არ არის, ის უნდა შექმნა” – ამბობენ აქაურები და ამიტომაც კუნძულელები კალათებით ეზიდებოდნენ ქვიშას, ლამს, წყალმცენარეებს და მცირე ფართობებზე შექმნეს ნიადაგი. დედამიწის ეს მწვანე “ნაკუწები” გარშემორტყმულია ნაცრისფერი ქვის კედლებით, რომელთა გარეშე გრიგალები და წვიმები ზღვაში ჩაიტანდნენ ადამიანის ნამოღვაწარს. აქ იმდენი ქვაა, რომ ამბობენ: ”ყოველ ახალშობილს მუშტში ქვა უკავიაო”. კუნძულ არანზე და კუნძულ კანემარაზე დღემდე შემორჩენილია ირლანდიური (გელური) ენა.

კუნძული არანი ირლანდია

ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში თავმოყრილია ირლანდიის მრეწველობის თითქმის ნახევარზე მეტი. აქ არის ლუდის იმპერიის ციტადელი, რომელიც თავისი პროდუქციით არა მარტო ირლანდიას, არამედ ათობით სხვა ქვეყანასაც ამარაგებს.

დუბლინი ირლანდიის დედაქალაქი

ირლანდია ამაყობს თავისი შვილებით: აქაურები იყვნენ დიდი დრამატურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი  ბერნარდ შოუ, მწერლები ოსკარ უაილდი და სემიუელ ბეკეტი, პოეტი და დრამატურგი ჯეიმზ ჯოისი, დრამატურგი შონ ოძკეისი და სხვები.