გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

ბანფის ეროვნული პარკი კანადა

კანადის ეროვნული პარკები

ყველა განვითარებული ქვეყანა და მათ შორის კანადაც, სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ბუნების დაცვას. ამ პრობლემის მოგვარებაში დიდ როლს ასრულებს ეროვნული პარკები.

1885 წელს კლდოვან მთებში, მინერალური წყლებით მდიდარ ტერიტორიაზე გაიხსნა კანადის პირველი ეროვნული პარკი – ბანფი.  პარკი პროვინცია ალბერტას ქალაქ კალგარიდან 110-189 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და მისი ფართობი 6641 კვ.კმ-ია. 

არამარტო კანადაში, მთელს ამერიკაში ყველაზე დიდია ვუდ-ბაფალოს ეროვნული პარკი. მისი ფართობი 44 807 კმ²-ია და ალბერტას რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიების სამხრეთ ნაწილში, ათაბასკასა და მონების ტბებს შორის მდებარეობს.  ეს პარკი 1922 წელს შეიქმნა ბიზონების მსოფლიოში უმსხვილესი მოხეტიალე ჯოგების დაცვის მიზნით, რომელთა რაოდენობაც ამჟამად 5 000 ერთეულადაა შეფასებული. ამავე დროს, პარკი ამერიკული წეროს გავრცელების ერთადერთი ცნობილი არეალია.

პარკის სიმაღლე ზღვის დონიდან 183 მეტრიდან 945 მეტრამდე მერყეობს, დაწყებული მდინარე პატარა ბუფალოდან, დამთავრებული კარიბუს მთებით. პარკის სამმართველო  ქალაქ ფორტ-სმიტშია, ხოლო შედარებით მცირე თანმხლები ოფისი ფორტ-ჩიპეივანში. პარკი მოიცავს მსოფლიოში უმსხვილეს მტკნარი წყლის დელტებს, მათ შორის მდინარე ფისისა და ბირჩის მიერ შექმნილი ფის-ათაბასკის დელტას. ვუდ-ბუფალო განლაგებულია ათაბასკის ნავთობის ქვიშების მოპირდაპირედ, ჩრდილოეთ მხარეს.

1983 წლიდან პარკი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, რისი მიზეზიც უპირველესად ფის-ათაბასკის დელტა და გარეული ბიზონების გავრცელებაა.

ბიზონი ვუდ ბაფალოს ეროვნული პარკი კანადა

გროს-მორნის ეროვნული პარკი კანადის აღმოსავლეთ ნაწილში, კუნძულ ნიუფაუნდლენდის სანაპირო ზოლში მდებარეობს. ეროვნული პარკის ფართობი 1805  კმ²-ს შეადგენს და ის სიდიდით მეორეა  კანადაში.  სწორედ ნიუფაუნდლენდის ამ ნაწილში მდებარეობს აპალაჩის მთები.  გროს-მორნის ეროვნული პარკი 1973 წელს დაარსდა, 1987 წელს კი იუნესკომ ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობად გამოაცხადა. გროს-მორნი ცნობილია თავისი მრავალფეროვანი ლანდშაფტით.

ნაჰანის ეროვნული პარკი კანადაში, ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიების დეჰჩოს რეგიონში,  ქალაქ იელოუნაიფიდან დაახლოებით 500 კმ-ით დასავლეთით, მაკენზის მთების ბუნებრივ რეგიონში მდებარეობს. პარკში გაედინება მდინარე საუთ-ნაჰანი, რომლის გასწვრივაც მდებარეობს დაახლოებით 1 კმ სიღრმის ოთხი კანიონი, რომელთა სახელებია პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე. მდინარეზე ასევე წარმოიქმნება ჩანჩქერი ვირჯინია, რომელიც ორჯერ მაღალია ნიაგარას ჩანჩქერზე (90 მ). პარკი 1976 წელს შეიქმნა. სახელწოდება მომდინარეობს ადგილობრივთა დენეს ენიდან და ნიშნავს ”ნაჰას ხალხის მიწის მდინარეს“.

ნაჰანის ეროვნული პარკი ჩანჩქერი ვირჯინია კანადა

პარკში გვხვდება გოგირდოვანი წყაროები, ტუნდრა და შერეული წიწვოვანი-ალვის ხეების ტყეები. მრავლადაა ტუფი. 2009 წლის 9 ივნისს, კანადის მთავრობის გადაწყვეტილებით  პარკის ტერიტორია  ექვსჯერ გაიზრდება და მისი  სამომავლო ფართობიც 30 000 კმ²-ს მიაღწევს. ახალ ტერიტორიებში ბინადრობს დაახლოებით 500 ერთეული გრიზლი, ტყის კარიბუს ორი სახეობა, ასევე ალპური ცხვრისა და თხის რამდენიმე სახეობა.  1978 წლიდან პარკი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.