გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი

საქართველოს ერვნული (თბილისის) ბოტნიკური ბაღი ერთ-ერთ უძველესია მსოფლიოში. მისი ისტორია XVII საუკუნის I ნახევრიდან (1636 წ.) იწყება. ბაღის წინამორბედი იყო სოლოლაკის სამხრეთით, მდინარე წავკისისწყლის ხეობის ქვემო ნაწილში (ლეღვთახევში) გაშენებული დეკორატიული და სამკურნალო მცენარეების ”სამეფო ბაღი”. მას ”ციხის ბაღს”, იგივე ”სეიდაბადის’ ბაღს, ან ”ცოდნის წყაროსაც” უწოდებდნენ. ადრე ეს მცირე ფართობი დასასვენებელ პარკს წარმოადგენდა. მოგვიანებით კი 3 პატარა ბაღი გაშენდა: სამკურნალო მცენარეებით, ბოსტნეულითა და ხეხილით. ბოტანიკური ბაღის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის ფრანგი მოგზაური ჟ. შარდენი. ცნობილია, რომ განსაკუთრებული რუდუნებით ამ ბაღებს ქართლ-კახეთის უკანასკნელი დედოფალი მარიამი (გიორგი მე-12-ის მეუღლე) უვლიდა. მისი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი სამკურნალო მცენარეები ყოფილა. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ ბაღი სახელმწიფო საკუთრება გახდა, შემდეგ კი სააფთიაქო ბაღებად გამოცხადდა. 1845 წლის 1 მაისიდან კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ ვორონცოვის განკარგულებით ბაღები გაერთიანდა და მას ოფიციალურად ეწოდა თბილისის ბოტანიკური ბაღი.

თბილისის ბოტანიკური ბაღი 128 ჰექტარ ტერიტორიაზეა გადაჭიმული. ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების (ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან, ჩრდილო ამერიკიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, ჰიმალაის მთებიდან, ციმბირიდან) ფლორის 3500-მდე ნაირსახეობა. მათ შორისაა საქართველოს ენდემური, იშვიათი სახეობები, რაც თბილისის ბოტანიკურ ბაღს უნიკალურს ხდის: მოღვინისფრო პიონი ”მაიკო”, იბერიული ირისი, ჩინური ხიმონანტუსი, ჯუჯა ფიჭვები, ცხრატყავა, უთხოვერი. მცენარეების ასეთი მრავალფეროვნება განპირობებულია ბაღის სხვადასხვა რელიეფური და მიკროკლიმატური პირობებით. აქვე გვხვდება ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებიც: მელია, ტურა, ზღარბი, ციყვი, კუ, გველი და ა. შ.

https://www.nbgg.ge/