საქართველოსა და ქართველებისთვის შავი ზღვა, შეიძლება ითქვას, მსოფლიო ოკეანის გასაღებია და ამავე დროს – რესურსთა მნიშვნელოვანი ბაზა, რეკრეაციული ზონა და საგარეო კავშირურთიერთობების მთავარი არტერია.
შავი ზღვა ოდითგანვე იყო ცნობილი იმ ხალხებისთვის, რომლებიც აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში სახლობდნენ. მამაცი და გამოცდილი ფინიკიელი მოგზაურები შავ ზღვაზეც დაცურავდნენ, მაგარმ, სამწუხაროდ, ამ ნაოსნობის შესახებ წერილობითი დოკუმენტები არ არსებობს. ბერძენი პოეტის ჰომეროსის ეპოქაში (ძვ. წ. მე-7 საუკუნე) შავი ზღვა ნახევრად ჩაკეტილ ზღვად მიიჩნეოდა, თუმცა მას კავშირი ჰქონდა ხმელთაშუა ზღვასთან და ბერძენი მოგზაურები ხშირად დაცურავდნენ აქ. როგორც ჩანს, მათი პირველი შთაბეჭდილებებები არცთუ სასიამოვნო იყო, ამიტომ შავ ზღვას ჯერ პონტოს აქსინოსს (არასტუმართმოყვარეს), მერე კი პონტოს ევქსინოსს (სტუმართმოყვარეს) უწოდებდნენ. ყარადენიზი – შავი ზღვა – მას მე-15 საუკუნეში თურქებმა დაარქვეს.
წინათ აზოვის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე სახლობდნენ ინდური წარმოშობის ტომები – მეოტები და სინდები, რომლებიც შავ ზღვას „თემარუნს“ უწოდებდნენ – მათ ენაზე ეს „შავ ზღვას“ ნიშნავს. ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ძველი სახელისგან წარმოიშვა თანამედროვე, რომელიც მე-15 საუკუნიდან საყოველთაოდ დამკვიდრდა. სხვა ვერსიის თანახმად, შუა საუკუნეების თურქულ ენაში ფერები გეოგრაფიულ მიმართულებაზე მიუთითებდა. „შავი“ აღნიშნავდა ჩრდილოეთს.
შავი ზღვის სახელის წარმოშობის კიდევ რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთი ვერსიით, შავი ზღვის წყალი ყოველთვის ლურჯი არ არის. ზამთარში, როდესაც ცივი ქარები ქრის, ზღვის ზედაპირი მუქდება და უზარმაზარი ტყვიისფერი ტალღები გრუხუნით ეხეთქება სანაპიროს. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას შავს. არსებობს მეორე მოსაზრებაც – რომ სახელწოდება ნისლისა და ღრუბლების ფერისგან მომდინარეობს. შავ ზღვაზე ხშირად ჩამოწვება ხოლმე შავი ღრუბლები და ნისლს შტორმი მოჰყვება. ამ დროს ზღვაც მუქდება და გარემოსაც შავი ფერი ედება. კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, შავ ზღვას იმიტომ უწოდეს შავი, რომ ის უფრო მუქია, ვიდრე მარმარილოს ზღვა.
შავი ზღვა ატლანტის ოკეანის აუზს მიეკუთვნება, თუმცა მასთან უშუალო კავშირი არ აქვს. ოკეანეს ის 2600 კმ-ითაა დაშორებული, ხოლო მათი დამაკავშირებელი გზის სიგრძე 3400 კმ-ია. ეს გზა გიბრალტარის სრუტიდან იწყება, გაივლის ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვებზე, დარდანელის სრუტეზე, მარმარილოს ზღვასა და ბოსფორის სრუტეზე. ქერჩის სრუტით შავი ზღვა აზოვის ზღვას უკავშირდება.
შავი ზღვის ფართობი 420 325 კვ. კმ-ია, აზოვის ზღვასთან ერთად – 460000 კვ. კმ. იგი ჩ.გ. 41-ე და 46-ე გრადუსებსს შორის მდებარეობს. მისი მაქსიმალური სიგრძეა 1150 კმ, მაქსიმალური სიგანე – 580 კმ, მაქსიმალური სიღრმე – 2211 კმ, სანაპირო ხაზის სიგრძე – 3400 კმ, საიდანაც საქართველოს სანაპიროს წილად 310 კმ მოდის. მდინარე ფსოუს შესართავიდან ქ. ოჩამჩირემდე სანაპირო მიმართულია სამხრეთ-აღმოსავლეთით, ოჩამჩირიდან ქობულეთამდე – სამხრეთით, ქობულეთიდან სახელმწიფო საზღვრამდე – სამხრეთ-დასავლეთით. სანაპირო ხაზი არ არის დანაწევრებული, თითქმის სწორხაზოვანია, მხოლოდ ბიჭვინთის, სოხუმისა და კოდორის კონცხები იჭრება რამდენადმე ზღვაში და წარმოქმნის ზღვისაკენ ფართოდ გაშლილ უბეებს.
სანაპირო ზოლი ნაპირის ხასიათის მიხედვით 3 მონაკვეთად იყოფა. მდინარე ფსოუს შესართავიდან სოხუმამდე ნაპირი ფლატიანი, მთიანი, ბორცვიანი და მეწყერიანია. არის დაბალი კონცხებიც. სოხუმიდან ქობულეთამდე ნარიყია, დაბალი და დანაოჭებული, ქობულეთსა და სახელმწიფო საზღვარს შორის ნაპირი ალაგ-ალაგ ფლატიანია, მაგრამ მეტწილად ნარიყი და დაბალი.
შავი ზღვა რთული მოხაზულობით არ გამოირჩევა, ამიტომ იგი მოხერხებულია ნაოსნობისთვის. ზღვა წაგრძელებული ფორმის ღრმა ქვაბულს წარმოადგენს საკმაოდ ბრტყელი ფსკერითა და ფერდობებით და ძალიან სუსტად გამოხატული კონტინენტური მეჩეჩით. საქართველოს სანაპიროსთან კონტინენტური მეჩეჩი განსაზღვრულია საშუალოდ 200-მეტრიანი იზობათით, ძალიან ვიწროა (მეტწილად – 2-4 მილი), ალაგ-ალაგ (ბათუმის კონცხთან, ქობულეთთან) თითქმის მთლიანად ქრება, მხოლოდ გუდაუთასა და ოჩამჩირესთან ფართოვდება მნიშვნელოვნად (10-15 მილამდე). კონტინენტური ფერდობი (რომელიც 200 მ სიღრმეზე იწყება) უფრო დამრეცი ხდება 1000-1500 მეტრზე.
შავი ზღვის განვითარების ისტორია ხანგრძლივი და რთულია. მცირე აზიაში მიმდინარე ტექტონიკურმა (დედამიწის ქერქის მოძრაობასა და დეფორმაციასთან დაკავშირებულმა) პროცესებმა მარმარილოს, აზოვის, არალის, შავი და კასპიის ზღვები ოკეანისგან გამოყო. შემდგომ პერიოდში შავი ზღვა გამტკნარებული ზღვა-ტბების ნაწილს წარმოადგენდა. ის თანდათან მცირდებოდა, ხოლო მისი მარილიანობა იზრდებოდა. 8 მილიონი წლის წინ მის ფარგლებში წარმოიქმნა პონტოს ზღვა, რომელიც მოიცავდა შავ და კასპიის ზღვებს (იმ დროისთვის კავკასიონისა და ყირიმის მთები კუნძულები იყო). შავი და კასპიის ზღვები ერთმანეთს 1 მილიონი წლის წინ დაშორდა. კასპიის ზღვა მტკნარი დარჩა, ხოლო შავი რამდენჯერმე შეუერთდა და დაშორდა ხმელთაშუა ზღვას. ისინი საბოლოოდ 8 ათასი წლის წინ შეერთდა და სწორედ მაშინ წარმოიქმნა ბოსფორის სრუტე.
შავი ზღვა მსოფლიოს სხვა ზღვებისგან მნიშვნელოვნად გამოირჩევა. ხმელთაშუა ზღვიდან მარილიანი წყლის შემოჭრამ მრავალი ცოცხალი ორგანიზმის დაღუპვა გამოიწვია. სწორედ მათი ნარჩენების გახრწნის შედეგად წარმოიქმნა შავ ზღვაში გოგირდწყალბადის პირველდაწყებითი მარაგი. გოგირდწყალბადი საუკუნეების განმავლობაში გროვდება ზღვის ქვაბულში. ზღვის წყალში ჟანგბადის დიდი ნაკლებობაა, რის შედეგადაც ზღვის ზედა და ქვედა შრეებს შორის წყლის მოძრაობა ყველაზე ნაკლებად ხდება. ქვედა შრეებში ჟანგბადის არარსებობა ზღვის ამ ნაწილს გამოუყენებელს, აუთვისებელს და არააქტიურს ხდის. მის ფსკერზე გვხვდება საუკუნეების წინ ჩაძირული გემების ნარჩენები. გემებზე არსებული ნივთები დღემდეა შემონახული და ეს ქვედა შრეებში განსხვავებული ტემპერატურისა და ჟანგბადის არარსებობის შედეგია. შავი ზღვის მნიშვნელოვანი მახასიათებელი ზღვის თანაბარი დონეა. ზღვას არ აქვს დიდი და მცირე მიმოქცევები. ზედაპირი უმეტესად მშვიდი და წყნარია. შავი ზღვა თავისი პატარა კუნძულებითაც გამოირჩევა. მის ტერიტორიაზე რამდენიმე ულამაზესი კუნძულია, სადაც განსაკუთრებული ფლორა და ფაუნაა. ტურისტებისა და დამსვენებლებისათვის ეს ყველაზე საყვარელი ადგილებია და ხშირად სტუმრობენ.
შავი ზღვა უდიდეს გავლენას ახდენს საქართველოს ჰავის ფორმირებაზე, განსაკუთრებით – ნალექების განაწილებასა და მიმდებარე ტერიტორიების ჰაერის ტემპერატურაზე. ბრიზები შავი ზღვის სანაპიროდან 100-120 კმ-ის დაშორებითაც კი ქრის. შავი ზღვა თითქმის არ იყინება. გამონაკლსს წარმოადგენს მისი უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთი ნაწილები, რომლებიც რამდენიმე წელიწადში ერთხელ ყინულის თხელი ფენით იფარება. ზღვაში საბანო სეზონი მაისიდან იწყება და ნოემბრის დასაწყისამდე გრძელდება. 200 მ-ის ქვემოთ წყლის ტემპერატურა მუდმივია და +9 გრადუსის ტოლია.
მეტად მრავალფეროვანია შავი ზღვის ორგანული სამყარო. შავი ზღვისთვის დამახასიათებელია ხმელთაშუა ზღვის, მტკნარი წყლისა და რელიქტური ფორმების ერთობლივი არსებობა. შავ ზღვაში ცოცხალი ორგანიზმების 3774 სახეობა ბინადრობს, რომელთა უმეტესობა უხერხემლო და წყალმცენარეა. აქ გვხვდება, როგორც მუდმივად მცხოვრები, ასევე სრუტეებიდან შემოსული თევზებიც. სარეწაო მნიშვნელობის თევზებია სვია, ქაშაყი, ქაფშია, კაპარჭინა, კობრი, კეფალი, სტავრიდა, თინუსი და სხვ. ზღვაში გუნდებად ცხოვრობენ დელფინები. დიდი ხანი არ არის, რაც შავ ზღვაში გაჩნდა რაპანა და მედუზისმაგვარი პელაგიური ცხოველი – სავარცხელა. მათ შავი ზღვის დაუპატიჟებელ სტუმრებსაც უწოდებენ. ისინი მეტად საშიში და დიდი ზიანის მომტანი არსებები არიან.
შავი ზღვის აუზის ქვეყნებია: თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, საქართველო, რუსეთი და უკრაინა. შავი ზღვა უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო არტერიაა. მისი საშუალებით საქართველო მსოფლიოს საზღვაო ქვეყნებს, ცენტრალურ ევროპასა (მდ. დუნაით) და რუსეთს (ვოლგა-დონით) უკავშირდება. შავი ზღვის ნავსადგურებიდან აღსანიშნავია ფოთი, ბათუმი, კონსტანცა, ბურგასი, სამსუნი, ერეგლი, ოდესა, ნოვოროსიისკი და სხვ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის სანაპირო წყლების რეკრეაციული მიზნით გამოყენება. ზღვის სანაპირო ზოლში მსოფლიოში ცნობილი არაერთი კურორტია.