გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

საქართველოს ტყის რესურსები

ტყე საქართველოს ტერიტორიის 40 %-ს ფარავს; საქართველოს ტყეების 98% მთის ტყეებს წარმოადგენს, განლაგებულია მაღალი დაქანების ფერდობებზე და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს (ნიადაგდაცვითი, წყალდაცვითი, კლიმატმარეგულირებელი და სხვა).

დასავლეთ საქართველოში ტყეები იწყება ზღვის დონიდანვე და ფარავს დაბლობებსა და მთისწინა კალთებს ზღვის დონიდან 500 მ. სიმაღლემდე. დაბლობ ჭაობიან ადგილებში გვხვდება მურყნარი. შემაღლებული ადგილები და მთისწინები დაფარულია კოლხური ტიპის ტყეებით. აღმოსავლეთ საქართველოს მშრალი რაიონების დაბლობებსა და მთისწინა კალთებზე (შირაქი, ელდარი, მცხეთის მიდამოები და სხვა), ზღვის დონიდან 400-დან 600 მ-მდე გავრცელებულია არიდული, ანუ ნათელი ტყეები.

მთის ქვედა სარტყელში (500-დან 900-1000 მ-მდე) წაბლისა და მუხის ტყეებია, წაბლნარი გვხვდება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ტენიან რაიონებში (კახეთი). დასავლეთ საქართველოს კირიან ნიადაგებზე და აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ რაიონებში (ქართლი, გარე-კახეთი) წაბლნარის ნაცვლად მუხნარი, მუხნარ-რცხილნარი და რცხილნარია გავრცელებული. საქართველოში წიფლის ტყის სარტყელი არ არის მხოლოდ მესხეთ-ჯავახეთში, აქ მის ადგილს იკავებს სოჭთან შერეული ნაძვნარი, ნაძვნარ-ფიჭვნარი და წმინდა ფიჭვნარი.

მთის ზედა სარტყელი წარმოდგენილია მუქწიწვოვანი ტყეებით. დასავლეთ საქართველოში იგი იწყება 1400 მ-დან და ხშირად ტყის გავრცელების ზედა საზღვარს აღწევს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 1500 მ.-დან 2100 მ.-მდე ვრცელდება. ამ ტყეების შემქმნელი მცენარეებია აღმოსავლური ნაძვი და კავკასიური სოჭი. ამ სარტყელში გავრცელებულია აგრეთვე ფიჭვი (სამხრეთ ექსპოზიციის, დიდი დაქანების ფერდობებზე). ფიჭვნარის დიდი მასივები განლაგებულია მთა-თუშეთში, მესხეთსა და თრიალეთის ქედზე. იმ რაიონებში, სადაც ნაძვნარ-სოჭნარი არ არის (გარე და შიდა კახეთი), მის მაგივრად წიფლნარია გავრცელებული.

მთის ზედა ზოლი (ზღვის დონიდან 1900-2100-დან 2400 მ.-მდე) უკავია სუბალპურ ტყეებს – სუბალპურ ტანბრეცილებსა და სუბალპურ მეჩხერებს. ტანბრეცილები, რომლებიც ყველა რაიონშია გავრცელებული, უმთავრესად წარმოდგენილია არყნარითა და წიფლნარით. სუბალპური მეჩხერი უფრო დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოსათვის და შექმნილია მაღალმთის ნეკერჩხლით, მაღალმთის მუხითა და ჭნავით. მას პარკულ ტყესაც უწოდებენ.

საქართველოს ტყის რესურსები

საქართველოში გავრცელებული 400-მდე მერქნიანი სახეობიდან 61 საქართველოს, ხოლო 43 კავკასიის ენდემია. ჩვენს ქვეყანაში ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ხორციელდება ტყის ფონდის ერთდროული აღრიცხვა. 1959 წელს პირველად ბორჯომის, ახალციხისა და აბასთუმნის ტყეები აღრიცხვა ჩატარდა. ბორჯომის ტყეების სტატისტიკური აღწერა სატყეო მეურნეობის წარმოების საფუძვლების დამუშავების პირველი ცდაა კავკასიის მთიანი ტყეებისათვის. საქართველოში ტყეების მოწყობის ერთ-ერთ ფორმას ტყე-პარკების ორგანიზება წარმოადგენს.

საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია ხელუხლებელი ტყეები. ჩვენს ქვეყანაში ტყეების ხელოვნურად გაშენებამ ორგანიზებული ხასიათი მე-19 საუკუნის დასაწყისში მიიღო. დაახლოებით 200 000 ჰექტარი მიწის მასივები იქნა რეკონსტრუირებული და გაშენებული. საქართველოს ტყეები ბუნებრივი უნიკალურობისა და ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით შედის ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ოცდათორმეტ „ცხელ წერტილში”.