ინდუიზმი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი რელიგია, რომელსაც დღესდღეობით ინდოეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი (84%) ისლამის, ქრისტიანობის, სიქჰიზმის, ჯაინიზმისა და ბუდიზმის გვერდით აღიარებს. მიმდევრების რაოდენობით ინდუიზმი მსოფლიოს მესამე რელიგიაა, ქრისტიანობის და ისლამის შემდეგ. ინდუიზმში მთავარი ღვთაებებია – ბრაჰმა, ვიშნუ და შივა, რომლებიც ღვთიურ სამებაში – ტრიმურტიშია გაერთიანებული. ინდუისტური მსოფლმხედველობის საფუძველია მოძღვრება ადამიანის ცხოვრების სამი მიზნის შესახებ: დჰარმა, ართა და კამა. ინდუიზმში ორი ძირითადი მიმართულებაა – ვიშნუიზმი და შივაიზმი.
-
ინდუიზმი
-
ინდექსი
სპეციალურად შექმნილი რაოდენობრივი მაჩვენებელია, რომელიც კავშირს, ინდიკატორების კომბინაციას აღნიშნავს და ამავე დროს გარკვეული ჰიპოთეზის შემოწმებისა და დასაბუთების საშუალებაა. ინდექსის მეშვეობით დგინდება დასაკვირვებელი ერთეულის მდგომარეობა სკალაზე. იგი რაღაც რიცხვია და არ შეიცავს საკვლევი ობიექტის თვისობრივ განსაზღვრებებს, ანუ თვისობრივად ვერ ახასიათებს შესასწავლ ობიქეტს. ინდექსი მხოლოდ გარკვეულწილად იძლევა თვისობრივი მახასიათებლის დაყვანის საშუალებას რაოდენობრივ განსაზღვრულობაზე და ხასიათდება ტერმინებით: მეტი, ნაკლები, უფრო ძლიერი, უფრო სუსტი.
-
სად, როდის და როგორ ხვდებიან ახალ წელს?
ახალი წელი მხიარული, ნათელი და ყველაზე ლამაზი დღესასწაულია. მის შესახვედრად დიდი ხნით ადრე ვიწყებთ მზადებას. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ამ დღეს ყველაფერი ძალიან ორიგინალური, დაუვიწყარი და მხიარული გვინდა რომ იყოს.
მსოფლიოში რამდენი ქვეყანაცაა, იმდენი საახალწლო ტრადიციაა. ქვეყნების სხვადასხვა სასაათო სარტყელში მდებარეობის გამო ახალი წელიც სხვადასხვა დროს დგება. ვნახოთ სად, როდის და როგორ ხვდებიან ახალ წელს.
ყველზე პირველად ახალ წელს ოკეანეთში მდებარე შობის კუნძულების შემადგენელ კუნძულ კირიტიმატის მცხოვრებლები ხვდებიან. ასევე პირველები ზეიმობენ ახალი წლის დადგომას ქ. ნუკუალოფას (ტონგას სამეფოს დედაქალაქი) მაცხოვრებლები.
+0.15 — კუნძული ჩატემი (ახალი ზელანდია) , რომელიც ახალი ზელნდიიდან მოშორებით მდებარეობს მეორე ხვდება ახალ წელს. ამ კუნძულზე სპეციალური სასაათო სარტყელია.
+1.00 — შემდეგ ახალი წელი უკვე თავად ახალ ზელანდიაშიც დგება. წლის დადგომას ამავე დროს ხვდებიან ანტარქტიდის სამხრეთ პოლუსის მკვლევარები.
+2.00 — ახალი წელი უკვე რუსეთშიც, უფრო კონკრეტულად, კი მის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში (ანადირი და კამჩატკა) დგება. დღესასწაულს ასევე ზეიმობენ ფიჯის, ნაურუს, ტუვალუს და წყნარ ოკენანეში მდებარე სხვა კუნძულებზე.
+2.30 — კუნძული ნორფოლკი (ავსტრალია).
+3.00 —აღმოსავლეთ ავსტრალიის ნაწილი (სიდნეი, მელბურნი, კანბერა) და წყნარ ოკეანეში მდებარე ზოგიერთი კუნძული ( ვანუატუ, მიკრონეზია, სოლომონის კუნძულები და სხვ.). უნდა აღინიშნოს, რომ ავსტრალიაში ახლ წელს გრანდიოზულად ხვდებიან. მართალია, აქ ახალი წელი, ჩვეულებრივ 1 იანვარს აღინიშნება, მაგრამ ამ დროს იქ ისეთი სიცხეა , რომ ფიფქია და თოვლის ბაბუა საჩუქრებს საცურაო კუსტუმებში გამოწყობილები არიგებენ. ახალი წლის ღამეს სიდნეის თავზე კი ისეთ ფეირვერკებს უშვებენ, რომ მათი შემჩნევა 16–20 კმ–ის რადიუსის ფარგლებშიც შესაძლებელია.
+3.30 — სამხრეთი ავსტრალია (ადელაიდა).+4.00 — ავსტრალიაში კვინსლენდის შტატი (ბრისბენი), რუსეთის ნაწილი (ვლოდივოსტოკი) და ზოგიერთი კუნძული – პაპუა–ახალი გვინეა, მარიანის კუნძულები.
+4.30 — ჩრდილოეთ ავსტრალიის ტერიტორია (დარვინი).
+5.00 — იაპონია და კორეა. ახალი წლის აღნიშვნის მეტად საინტერესო ტრადიცია აქვთ იაპონიაში. იაპონიაში ახალი წელი ახალი ცხოვრების დასაწყისს ნიშნავს, ამიტომ ყველა ცდილობს ვალების გასტუმრებას. ასევე ახალი წლის ღამეს ყველა იაპონელი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი იცინოს, რადგან სჯერათ, რომ სიცილი მათ წარმატებას მოუტანს ახალ წელს. გარდა ამისა, ახალი წლის ღამეს ისინი ტაძარს სტუმრობენ, სადაც 108–ჯერ რეკავენ ზარს. ზარის თითო ხმა თითო ცოდვას შეესაბამება. მართალია, ცოდვა სულ 6–ია, მაგრამ თითეოულ მათგანს კიდევ 18 სხვადასხვა ელფერი აქვს და ჯამში 108 გამოდის. ზარის თითეოულ ჩამორეკვას თან მიაქვს ცუდი. საახალწლო აქსესუარებიდან კი მეტად პოპულარულია ბედნიერების ომულეტი – მინიატურული ფოცხი და ამიტომ ყველა იაპონელი ყოველ ახალ წელს ახალ ომულეტს ყიდულობს ბედნიერების „მოსაფოცხად“.
+6.00 — ჩინეთი, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის ნაწილი და ავსტრალიის დარჩენილი ტერიტორია. ჩინეთში ახალ წელს 17 იანვრიდან 19 თებერვლამდე ახალმთავრეობისას აღნიშნავენ. ქუჩის პროცესიები – ამ დღესასწაულის ყველაზე საინტერესო ნაწილია. პროცესიის დროს ათასობით ფანარი ინთება, რადგან ჩინელებს სჯერათ, რომ ახალი წელს ბოროტი სულები ებრძვიან და ამიტომ მათ განდევნას ფანრებით და ხმაურიანი ფეირვერკებით ცდილობენ.
+7.00 — ინდონეზია და დანარჩენი სამხრეთ –აღმოსავლეთი აზია.
+7.30 — მიანმარი. იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ახალი წელი ყველაზე ცხელ სეზონს ემთხვევა, მას წყლის ფესტივალით აღნიშნავენ. სანახაობა, მართლაც რომ სასაცილოა: ნებისმიერი ასაკის ადამიანები შეხვედრისას ერთმანეთს წყლით წუწავენ. აქ არაფერია გასაბრაზებელი, რადგან წყლის მისხმა მხოლოდ ტრადიციაა და კეთილგანწყობას გამოხატავს,
+8.00 — ბანგლადეში, შრი–ლანკა და რუსეთის ნაწილი (ნოვოსიბირსკი. ომსკი).
+8.15 — ნეპალი.
+8.30 –ინდოეთი.
+9.00 — პაკისტანი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი და რუსეთის ნაწილი (ეკატერინბურგი, უფა).
+9.30 — ავღანეთი.
+10.00 — საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთის ნაწილი (სამარა) და ზოგიერთი კუნძული ინდოეთის ოკეანეში.
+10.30 — ირანი.
+11.00 — დასავლეთ აზიის ნაწილი, აფრიკის ნაწილი, რუსეთი (მოსკოვი, სანქტ–პეტერბურგი).
+12.00 — რუმინეთი, უკრაინა, საბერძნეთი, თურქეთი, ისრაელი, ფინეთი, აფრიკის ნაწილი.
+13.00 — დასავლეთი და ცენტრალური ევროპა: დანია, გერმანია, ბელგია, იტალია, საფრანგეთი, შვედეთი, და სხვ.; ასევე აფრიკის ნაწილი. გავეცნოთ რამდენიმე საინტერესო ტრადიციას. მაგ; იტალიაში არავის უკვირს ახალი წლის ღამეს არასასურველი ნივთების გადაყრა. პირდაპირ ფანჯრებიდან ცვივა ყვავილების ძველი ქოთნები, ავეჯი, ტანსაცმელი და სხვ. იტალიელებს სჯერათ, რომ რაც უფრო მეტ ნივთს დატოვებენ ქუჩაში, მით მეტი წარმატება და ფული ექნებათ ახალ წელს. დანიაში კი ტყის მცველებმა ბრაკონიერებთან, რომელთაც ნაძვის ხის მოჭრა და სახლში წაღება უნდათ, ბრძოლის შესანიშნავ მეთოდს მიაგნეს. წინა საახალწლო დღეებში ისინი ნაძვის ხეს სპეციალურ ხსნარს უსვამენ, რომლის მყრალი სუნიც სივრცეში შეუმჩნეველია, მაგრამ როგორც კი თბილ გარემოში აღმოჩნდება, იგი მაშინვე საშინელ სუნს უშვებს. ასე რომ, სახლში ლამაზი ნაძვის ხის დადგმის ყველანაირი სურვილი უქრებათ!
+14.00 — დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, აფრიკის ნაწილი.
+15.00 — აზორის კუნძულები.
+16.00 – ბრაზილია.
+17.00 —არგენტინა, სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთი ნაწილი.
+17.30 — კუნძული ნიუფაუნდლენდი (კანადა).
+18.00 — აღმოსავლეთი კანადა, კარიბის ზღვის აუზის ბევრი კუნძული, სამხრეთ ამერიკის ნაწილი. საინტერესო ტრადიცია აქვთ კუბაში. აქ ახალი წლის წინ ჭურჭელს – თასებს, ქვებებს, ჯამებს წყლით ავსებენ და ზუსტად 12 საათზე ფანჯრებიდან ასხავენ. ასევე აუცილებელია, სანამ საათი 12–ჯერ ჩამოკრავს, ყურძნის 12 მარცვალის შეჭმა, რომ სიკეთე, თანხმობა, მშვიდობა და კეთილდღეობა მთელი წელი იყოს მათი თანამდევი.
+19.00 — კანადის აღმოსავლეთი ნაწილი (ოტავა) და აშშ (ვაშინგტონი, ნიუ–იორკი), სამხრეთ ამერიკის დასავლეთი ნაწილი. ახალი წლის ღამეს ნიუ–იორკში ტაიმს–სკვერში ნეონის ათასობით ნათურით განათებულ ბურთს საზეიმოდ უშვებენ.
+20.00 — კანადის ცენტრალური ნაწილი და აშშ (ჩიკაგო, ჰიუსტონი), მექსიკა და ლათინური ამერიკის ბევრი ქვეყანა.
+21.00 — კანადის ნაწილი (ედმონტონი, კალგარი) და აშშ (დენვერი, ფენიქსი, სოლტ–ლეიკ–სიტი).
+22.00 — კანადის დასავლეთი ნაწილი (ვანკუვერი) და აშშ ( ლოს–ანჯელესი, სან–ფრანცსკო).
+23.00 — ალასკის შტატი (აშშ).
+23.30 — საფრანგეთის პოლინეზიის ნაწილი – მარკიზის კუნძულები.
+24.00 — ჰავაის კუნძულები (აშშ), ტაიტი და კუკის კუნძული.
+25.00 — ყველზე ბოლოს ახალ წელს კუნძულ სამოას მოსახლეობა ხვდება.
აი, ასე ხვდებიან ახალ წელს მსოფლიოში – სხვადასხვა ქყეყანაში სხვადასხვა დროს და სხვადასხვანაირად, მაგრამ ყველა მათგანს ერთი საერთო ნიშანი აქვს: ახალ წელს მხიარულად და სიხარულით ეგებებიან. ახალი წელი ხომ სიახლის, იმედისა და სიხარულის მომტანია. მთავარია მას ღიმილით შევეგებოთ, რადგან ერთი ტრადიცია ნამდვილად უცვლელია ნებისმიერ ქვეყანაში და ყველა ადამიანს აერთიანებს – ესაა რწმენა იმისა, რომ ახალი წელიწადი ყველაზე სანუკვარი სურვილების ასრულებას დაუდებს დასაბამს.
-
მარშები
მარშები (გერმ. Marsch, Marschland) – ლანდშაფტის ტიპი, ზღვის სანაპიროს ზედა ზოლი, რომელიც წყლით იფარება ყველაზე მაღალი მოქცევების დროს. აგებულია მეტწილად შლამით ან ქვიშისა და შლამის ნაყარით, სადაც ფორმირდება ჰუმუსითა და მიკროორგანიზმებით მდიდარი ნიადაგი. ჩვეულებრივ, წაგრძელებულია ზოლისებურად. სიგანე როგორც წესი 30 კმ არ აღემატება. ზოგჯერ მარშები ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს და ზღვიდან დიუნების ზოლითაა გამოყოფილი. მარშები ტიპიურია ჩრდილოეთი ზღვის სანაპიროსათვის, გვხვდება ნიდერლანდებში, გერმანიაში, დიდი ბრიტანეთში, დანიაში, საფრანგეთში, აშშ-ის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში და სხვა.
-
მაასტრიხტის ხელშეკრულება
ხელშეკრულება ევროპის კავშირის შექმნის შესახებ, რომელსაც 1992 წლის 7 თებერვალს მაასტრიხტში (ნიდერლანდები) ევროპის გაერთიანების 12 სახელმწიფოს – ბელგიის, დანიის, გფრ-ს, ესპანეთის, ირლანდიის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, პორტუგალიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულება წარმოადგენს ახალ მნიშვნელოვან ეტაპს ევროპის ქვეყნების ინტეგრაციაში და ითვალისწინებს: ევროპის სახელმწიფოში მცხოვრებ ხალხთა საერთო მოქალაქეობის, ანუ ევროკავშირის მოქალაქეობის, შემოღებას, ასევე მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებას ევროპის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე; ევროპის ქვეყნების მიერ საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკის, საერთო თავდაცვის პოლიტიკის განხორციელებას. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ევროპის ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას საშინაო პოლიტიკასა და სამართლებრივ სფეროში. ხელშეკრულების მიხედვით ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო. ამისათვის მან უნდა მიმართოს ევროსაბჭოს შესაბამისი თხოვნით. ევროსაბჭო ევროკომისიასთან კონსულტაციისა და ევროპარლამენტიდან ნებართვის მიღების შემდეგ გადაწყვეტილებას ახალი წევრის მიღების შესახებ იღებს ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით.
-
კურორტი
ტერიტორია ან ადგილი, სადაც კარგი ბუნებრივი პირობებია მკურნალობისა და დასვენებისათვის (კარგი ჰავა, მინერალური წყლები, სამკურნალო ტალახი და სხვ.) და მოწყობილია სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები.
არსებობს ზღვისპირა, ბალნეოლოგიური, ბალნეოკლიმატური, სამთო-კლიმატური და სხვ. სახის კურორტები.
-
ლინგვისტური გეოგრაფია
ენათმეცნიერების დარგი, რომელიც იკვლევს ენობრივ მოვლენათა ტერიტორიულ განლაგებას. წარმოიშვა დიალექტთა შესწავლის პროცესში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე. შემდგომში მისი მეთოდები მეზობელ ენებშიც გამოიყენეს საერთო მოვლენათა შესასწავლად. ლინგვისტური გეოგრაფია იყენებს კარტოგრაფირების მეთოდს. რუკაზე აღინიშნება ამა თუ იმ ენობრივი მოვლენის გავრცელების არეალი. ხაზებს, რომლებიც აერთებს ერთი და იმავე თავისებურების გავრცელების პუნქტებს, იზოგლოსებს უწოდებენ. სხვადასხვა ენობრივი მოვლენის რუკებზე გადატანის შედეგად ვიღებთ ლინგვისტურ ატლასს.
-
ლანდშაფტმცოდნეობა
ლანდშაფტების შემსწავლელი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალური დარგი. იკვლევს ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსთა ფორმირების, აგებულების, განლაგების, განვითარებისა და დინამიკის კანონზომიერებებს. ლანდშაფტების ყველაზე მსხვილი საკლასიფიკაციო ერთეულია კლასი. მისი გამოყოფის კრიტერიუმი გეომორფოლოგიური ფაქტორია. აღნიშნული ფაქტორის მიხედვით იქმნება ლანდშაფტის 2 კლასი: მთისა და ვაკის ლანდშაფტები.
შემდეგი საკლასიფიკაციო ერთეულია ტიპი. ლანდშაფტების ტიპების გამოყოფისას ითვალისწინებენ: რელიეფის ტიპს (მაგ.: დაბალმთიანი, საშუალომთიანი და მაღალმთიანი რელიეფი); კლიმატის ტიპს; გაბატონებულ მცენარეულობას და ნიადაგის თავისებურებებს; ლანდშაფტების ტიპი თავის მხრივ, იყოფა უფრო მცირე ერთეულებად; ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსები გარდაიქმნება ბუნებრივ-ანთროპოგენურ ტერიტორიულ კოპლექსად. გამოიყოფა: ბუნებრივ-აგრარული (სასოფლო-სამეურნეო), სელიტებური (სასოფლო დასახლებათა), ურნანიზირებული (საქალაქო დასახლებათა) და სხვა ტიპის ბუნებრივ-ანთროპოგენური ტერიტორიული კომპლექსები.
-
ლაკოლითი
გუმბათისებური ამობურცულობა, რომელიც წარმოიშობა დედამიწის სიღრმიდან მიწის ქერქის ზედა ფენამდე ამოსული მაგმით. დედამიწის ზედაპირს რომ ვერ მიაღწია, მაგმამ ასწია დანალექი ქანების ზედაპირული წყებები და მათ შორის გაცივდა. დროთა განმავლობაში დანალექი საფარი შეიძლება გადაეცალოს და ლაკოლითი გაშიშვლდეს. ტერმინი ლაკოლითი მეცნიერებაში შემოიტანა ამერიკელმა გეოგრაფმა და გეოლოგმა გროვ კარლ ჯილბერტმა 1875 წელს, როდესაც იგი ჰენრის მთებში დიორიტების შეჭრის პროცესის საკითხებს იკვლევდა. მცირე ზომის ლაკოლითებს მიკროლაკოლითებს უწოდებენ.
-
ლაგუნა
ზღვის წყალმარჩხი ყურე, რომელიც ზღვისგან გამოყოფილია ქვიშის ნარიყი ზვინულით ან მასთან შეერთებულია ვიწრო სრუტით. ლაგუნას უწოდებენ რგოლისებრი მარჯნის კუნძულების (ატოლების) შიდა წყალსატევსაც.