გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

იუდაიზმი მენორა

იუდაიზმი

იუდაიზმი – ებრაელი ერის რელიგია; ისტორიაში აღნუსხული პირველი მონოთეისტური რწმენა და ანტიკური ხანიდან შემორჩენილი ერთ-ერთი რელიგია. იუდაიზმის დოქტრინა და ისტორია მნიშვნელოვანი ნაწილია სხვა მონოთეისტურ, კერძოდ: სამარიულ, ქრისტიანულ და მუსლიმურ რელიგიათა საფუძვლებისა. უკანასკნელი დაახლოებით 2000 წლის მანძილზე იუდაიზმის პრაქტიკული მიმდევრობა მონოლითური არ ყოფილა: მას არა ჰყოლია ცენტ­რალური სულიერი მმართველობა; არა ჰქონია შემბოჭავი დოგმა. მიუხედავად ამისა, ყოველ ვარიაციაში იუდაიზმი მჭიდროდ დაკავშირებული დარჩა რამდენიმე რელიგიურ პრინციპთან, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ერთადერთი, ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე, ყოვლად მოწყალე და უხილავი (ტრანსცენდენტული) ღმერთის რწმენა; ღმერთისა, რომელმაც სამყარო შექმნა და განაგრძობს მის განგებას. ებრაული აზროვნების მიხედვით, სამყაროს შემქმნელმა ღმერთმა ძველი აღთქმით კავშირი დაამყარა ებრაელ ერთან, როცა მას თორის სახით მის მიერ დადგენილი კანონები და მცნებები გაუზიარა. ებრაული ღვთისმსახურება ყველაზე დიდ ადგილს უთმობს ამ კანონებისა და მცნებების შესწავლასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში განხორციელებას ისე, როგორც ინტერპრეტირებულია რელიგიის კანონიკურ წიგნებსა და რაბინულ ლიტერატურაში.