• ძველი და ახალი იენა

    ძველი და ახალი იენა

    ცნობილი გერმანელი პოეტი ვოლფგანგ გოეთე იენაში ყოფნისას ამბობდა, რომ ეს ადგილები იტალიას მაგონებსო. ზაალეს ხეობის ქვაბული ერთ-ერთი ყველაზე მშრალი და თბილი ადგილია გერმანიაში. ზაფხულის მზე განსაკუთრებულ მიკროკლიმატურ პირობებს ქმნის და მართლაც უახლოვდება სუბტროპიკულ ხმელთაშუაზღვისპირეთის ჰავას.

    იენა გერმანიის ერთ-ერთი ძველი ქალაქია. იგი უკვე  IX-XII საუკუნეებში მოიხსენიება, მაგრამ მას სახელი მისმა სიძველემ კი არა, უნივერსიტეტმა გაუთქვა. თიურინგიაში არც ერთი უმაღლესი სასწავლებელი არ იყო. 1558 წელს იენაში კურფიურისტი (ფეოდალურ გერმანიაში მთავარი, რომელსაც უფლება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო იმპერატორის არჩევაში) იოჰან ფრიდრიხ დიდსულოვანის თაოსნობით უნივერსიტეტი გაიხსნა, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ქალაქის ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. XVI ს-ში ქალაქში წიგნის ბეჭდვა და წიგნებით ვაჭრობა დაიწყეს.

    იენის უნივერსიტეტმა სახელი განსაკუთრებით XVIII-XIX საუკუნეებში გაითქვა, როდესაც აქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ გერმანული ფილოსოფიის კლასიკოსები იოჰან გოტლიბ ფიხტე, გეორგ ვილჰემ ფრიდრიხ ჰეგელი; გამოჩენილი მეცნიერი – ექიმი, ისტორიკოსი, მათემატიკოსი ერნსტ ჰეკელი. თავისი ცხოვრების ნაყოფიერი წლები აქ გაატარა დიდმა პოეტმა და დრამატურგმა ფრიდრიხ შილერმა. იგი იენის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი იყო და სწორედ აქ დაწერა მან – ”მარია სტიუარტი”, ”ოცდაათწლიანი ომის ისტორია”, ტრილოგია ”ვალენშტეინი”.

    90-იან წლებში შილერი იენაში გოეთეს დაუმეგობრდა, რომელიც აქ ხშირად ჩამოდიოდა. წყნარ, საუნივერსიტეტო ქალაქში დაიბადა მისი უკვდავი ”ფაუსტი” და ”ჰერმანე და დოროთეი” . საყურადღებოა, რომ გოეთემ მთელი რიგი შრომები შექმნა ბუნებისმცოდნეობაში, უმთავრესად მცენარეთა და ცხოველთა მორფოლოგიაში და გამოთქვა აზრი ორგანული ბუნების ევოლუციაზე. მან პირველმა შემოიღო ტერმინი ”მორფოლოგია”. გოეთეს ეკუთვნის ნაშრომები ”მცენარეთა მეტამორფოზები” და ’მეცნიერება ყვავილების შესახებ”, გააძლიერა იენის უნივერსიტეტში მეცნიერული ბუნებისმცოდნეობის მიმართულება. მისი დაუღალავი შრომით მცენარეთა სახეობებით გამდიდრდა აქაური ბოტანიკური ბაღი, რომელიც ამ მხრივ სიმრავლით ახლაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ევროპაში.

    აღსანიშნავია, რომ იენის სახელგანთქმულ უნივერსიტეტში არაერთმა ქართველმა მიიღო განათლება.

    იენა სიდიდით მეორე ქალაქია ფედერალურ მხარე  თიურინგიაში ერფრუტის შემდეგ. იენაში მდებარეობს მსხვილი საწარმო „კარლ ცაისი“.

  • კოსტა-რიკა – ყველაზე განათლებული ქვეყანა ცენტრალურ ამერიკაში

    კოსტა-რიკა – ყველაზე განათლებული ქვეყანა ცენტრალურ ამერიკაში

    მოგზაურები, ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის, კოსტა-რიკას ყველაზე სასიამოვნო ქვეყნად თვლიან. კოსტრა-რიკა 1502 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა.   ეს ერთადერთი სახელმწიფოა კონტინენტზე, სადაც არა ჰყავთ არმია და მხოლოდ პოლიცია იცავს ქვეყანას. ”ტიკო” ასე უწოდებენ კოსტა-რიკელებს მეზობელი ქვეყნები. ისინი კი იმით ამაყობენ, რომ მათ უფრო მეტი მასწავლებლები ყავთ, ვიდრე პოლიციელები. მართლაც, ეს  ცენტრალური ამერიკის ყველაზე განათლებული სახელმწიფოა, სადაც მოსახლეობის 90 % წერა-კითხვის მცოდნეა.

    კოსტა-რიკაში ნაყოფიერი ნიადაგები და სოფლის მეურნეობისთვის ხელშემწყობი ჰავაა. წიაღი მდიდარია ოქროთი, ვერცხლით, მანგანუმით, ნავთობით, რაც ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას. კოსტა-რიკა აგრარული ქვეყანაა. მოჰყავთ ყავა, ბანანი, კაკაო, განვითარებულია მეცხოველეობა, რომლის პროდუქციაც საზღვარგარეთ გააქვთ.

    ქვეყანაში ხშირი მიწისძვრების გამო ძირითადად ჭარბობს ხის სახლები. ქალაქის ცენტრალურ მოედნიდან კარგად მოჩანს ვულკანი ”ოთხი ძმა”,  რომლებსაც საერთო მასიური ძირი აქვთ. ერთი ბოლავს, მეორედან ძლიერი ხმები ისმის და კრატერიდან კილომეტრზე ფერფლისა და აირის ნარევი ადის, მესამედან  კი – ცხელი გეიზერი გადმოჩქეფს. ქვეყნის დედაქალაქ სან-ხოსედან გაყვანილია გზა ვულკან ირასუმდე, სადაც ცნობისმოყვარე და დაინტერესებულ პირებს კრატერში ჩახედვაც კი შეუძლიათ. 1968 წელს ირასუს ამოფრქვევამ დიდი ზიანი მიაყენა ახლომახლო რაიონებს. არანაკლებ საშიშია ვულკანი არენალია, რომელიც დედაქალაქიდან 175 კმ-ითაა დაშორებული. 1968 წელს მისმა ამოფრქვევამ უსახლკაროდ დატოვა 20 ათასი ადამიანი.

    ვულკანი კოსტა-რიკა

    კოსტა-რიკელები, მეზობელი ქვეყნების მხიარული და ხმაურიანი ხალხისგან, სიდინჯით გამოირჩევიან. გარეგნულად, ჩაცმულობით, მანერებით, გემოვნებით ისინი უფრო ინგლისელებს ჰგვანან.

    კოსტა-რიკის ტერიტორიას წარმოადგენს ასევე კუნძული ქოქოსი წყნარ ოკეანეში   და  ქვეყნის დასავლეთი სანაპიროდან 600 კილომეტრზე, გალაპაგოსის არქიპელაგის მახლობლად მდებარეობს. 1997 წელს კუნძული  იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს.

  • მავრიკია – ინდოეთის ოკეანის ვარსკვლავი და გასაღები

    მავრიკია – ინდოეთის ოკეანის ვარსკვლავი და გასაღები

    ინდოეთის ოკეანის ფირუზისფერ წყლებში ჩაძირულია მწვანე ხმელეთი, რომელსაც ირგვლივ თვალისმომჭრელი ყვითელი ფერის პლაჟის სარტყელი აკრავს. ეს პატარა ხმელეთი ვულკანური წარმოშობის კუნძული მავრიკიაა, რომელიც 1968 წელს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. იგი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 70 კმ-ზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთით – 50 კმ-ზეა გადაჭიმული. ფართობი კი სულ რაღაც 2 ათას კვ.კმ-ია. თუმცა მავრიკიის მახლობლად მდებარე მინიატურული ატოლები – როდრიგესი, აგალეგა და სხვები სახელმწიფოს ფართობს 200 კვ.კმ-ს მატებენ.

    კუნძულის ძირითადი ტრასა მაებურიდან დედაქალაქ პორტ-ლუიმდე მიდის. გზა ხან შვეულ კედლებიან კლდეებს შორის გადის, სადაც ჯერ კიდევაა შემორჩენილი შავი ხის ნაზარდი. რომელიც ოდესღაც მთელ კუნძულს ფარავდა, ხანაც შაქრის ჭარხლის პლანტაციების ზღვაში იკარგება. ბუჩქებზე ჩიტისტოლა პეპლები და თითქმის პეპლების ზომის ფრინველები დაფარფატებენ.

    1598 წელს ჰოლანდიელები პირველი ევროპელები იყვნენ კუნძულზე. გადმოცემით იმ დროს იქ უზარმაზარი, თითქმის 1 ფუთი წონის უფრთო ფრინველები დრონტები ბინადრობდნენ. ისინი დაუცველები და ძალიან მიმნდობნი ყოფილან, რამაც განაპირობა მათი სახელი დოდო (სულელი), სწორედ აქედან იღებს სათავეს ინგლისელების ცნობილი გამოთქმაც – ”მოკვდა, როგორც დოდო”. ახლა მუზეუმში მხოლოდ დრონტის ფიტულიღაა შემონახული.

    გადაშენებული ფრინველი დოდო

    ყველა დამპყრობი თავის სახელს არქმევდა კუნძულს. არაბი ხალიფები პირველები მოვიდნენ დაუსახლებელ კუნძულზე და მას ”დინა არობი” (არაბეთის კუნძული) უწოდეს. შემდეგ ჰოლანდიელები დამკვიდრდნენ და თავიანთი პრინცის სახელით მონათლეს კუნძული – მორიცა ნასაუ. ისინი ფრანგებმა შეცვალეს და სახელიც შეუცვალეს – ილ დე ფრანსედ (საფრანგეთის კუნძული) აქციეს. კუნძულს ინგლისელების ხელში გადასვლის შემდეგ მავრიკიად მოიხსენიებენ.

    ევროპაში გამოცემულ წიგნებში მავრიკია სხვადასხვანაირი ეპითეტითაა მოხსენებული:: ”აღმოსავლეთის გიბრალტარი”, ”მალტა ინდოეთის ოკეანეში” და სხვა. კუნძულის გერბზე კი დღეს შეგვიძლია წავიკითხოთ დევიზი: ”ინდოეთის ოკეანის ვარსკვლავი და გასაღები”.

    მავრიკია პოლიგლოტების კუნძულია. თითქმის ყველა აქაური მცხოვრები თავისუფლად საუბრობს ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, ბევრმა იცის ინდური, მაღაზიებში გაიგონებთ ჩინურსა და არაბულს, ხოლო ბაზრობებზე სუაჰილის ენას. თუ მოსაუბრე მავრიკიელებს ყურადღებით მოუსმენთ, აღმოაჩენთ, რომ მათი ენა აზიური, აფრიკული და ევროპული ენების კონგლომერატია. მრავალენიანობა გამოწვეულია მოსახლეობის ეროვნული სიჭრელით: არაბები, ფრანგები, ჰოლანდიელები, ინგლისელები, ჩინელები, ინდოელები და სხვა. მოსახლეობის 65 %-ს ე.წ. ინდო-მავრიკიელები შეადგენენ.

  • ირლანდია – მწვანე კუნძული

    ირლანდია – მწვანე კუნძული

    ირლანდიის კოლონიზაცია ინგლისის მიერ XII ს-ში დაიწყო და  ქვეყანა შვიდი საუკუნის განმავლობაში ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა. იგი პირველი ქვეყანაა ბრიტანეთის იმპერიაში, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1900 წლამდე დიდ ბრიტანეთს პოზიციები მყარად ეკავა, საუკუნის დასაწყისში კი ირლანდიელმა ხალხმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყო. ამ ბრძოლის შემდეგ სამხრეთ ირლანდიამ დომინიონის სტატუსი მიიღო, ხოლო ჩრდილოეთი ირლანდია   დიდ ბრიტანეთს შეუერთდა. 1949 წელს სამხრეთ ირლანდია დამოუკიდებელ  რესპუბლიკად გამოცხადდა.  

    ირლანდია მე-3 კუნძულია ევროპაში ფართობის მხრივ და მე-20 – მსოფლიოში. კუნძულს დასავლეთით აკრავს ატლანტის ოკეანე, ხოლო კუნძულ დიდი ბრიტანეთისგან ირლანდიის ზღვითა და წმინდა გიორგის სრუტითაა გამოყოფილი.

    გოლფსტრიმის თბილი დინების წყალობით კუნძულზე თითქმის არ იცის ზამთარი. მთელი წლის განმავლობაში მწვანედ ბიბინებს საძოვრები – ირლანდიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმდიდრე. ამიტომ ირლანდიას ”ზურმუხტის” კუნძული ჰქვია. მწვანე ფერი  ირლანდიის ეროვნული ფერია, ხოლო მწვანე სამყურა – ქვეყნის სიმბოლო.

    წმინდა პატრიკი ირლანდიის მფარველი წმინდანია და 17 მარტს აღინიშნება. ეს დღესასწაული თავიდან კათოლიკურ დღესასწაულად  ითვლებოდა, ხოლო XVII საუკუნიდან  ოფიციალურად დაწესდა სადღესასწაულო და ირლანდიის კულტურის საერო დღედ გამოცხადდა. ეს დღესასწაული ირლანდიის რესპუბლიკაში “უქმე დღედ” არის გამოცხადებული. ყოველ 17 მარტს იმართება წმინდა პატრიკისადმი მიძღვნილი ფესტივალი. ამ დღესასწაულს ასევე აღნიშნავენ   იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობს ირლანდიური  დიასპორა: ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, არგენტინაში, ავსტრალიაში, ახალ ზენლანდიაში და ა.შ.

    კუნძულის სამხრეთი თბილი დინების წყალობით, სუბტროპიკებს წააგავს. სანაპიროს გასწვრივ თავს იწონებენ პალმები, ქარისგან დაცულ ხეობებში იზრდება ბამბუკი, მზისკენ მიისწრაფვის მარწყვის ხის ტოტები, კლდეებზე და ციხე-სიმაგრეთა ნანგრევებში ყველგან წააწყდებით ღია ფერის ყვავილებით დამშვენებულ ფუქსიას.

    ირლანდიის ტურისტთა ბიურო მოყვარულებს “თითო ანკესზე თითო ტბას” პირდება. აქ მრავლადაა თევზით მდიდარი ტბები, რაც თევზაობის მოყვარულ ტურისტებს იზიდავს.

    ირლანდიაში დაჭაობებული ტერიტორიებს ქვეყნის ტერიტორიის 1/6 უკავიათ.

      ირლანდიის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს ცნობილი კუნძული არანი, სადაც ქვების მეტი თითქმის არაფერია. “მიწა არ არის, ის უნდა შექმნა” – ამბობენ აქაურები და ამიტომაც კუნძულელები კალათებით ეზიდებოდნენ ქვიშას, ლამს, წყალმცენარეებს და მცირე ფართობებზე შექმნეს ნიადაგი. დედამიწის ეს მწვანე “ნაკუწები” გარშემორტყმულია ნაცრისფერი ქვის კედლებით, რომელთა გარეშე გრიგალები და წვიმები ზღვაში ჩაიტანდნენ ადამიანის ნამოღვაწარს. აქ იმდენი ქვაა, რომ ამბობენ: ”ყოველ ახალშობილს მუშტში ქვა უკავიაო”. კუნძულ არანზე და კუნძულ კანემარაზე დღემდე შემორჩენილია ირლანდიური (გელური) ენა.

    კუნძული არანი ირლანდია

    ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში თავმოყრილია ირლანდიის მრეწველობის თითქმის ნახევარზე მეტი. აქ არის ლუდის იმპერიის ციტადელი, რომელიც თავისი პროდუქციით არა მარტო ირლანდიას, არამედ ათობით სხვა ქვეყანასაც ამარაგებს.

    დუბლინი ირლანდიის დედაქალაქი

    ირლანდია ამაყობს თავისი შვილებით: აქაურები იყვნენ დიდი დრამატურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი  ბერნარდ შოუ, მწერლები ოსკარ უაილდი და სემიუელ ბეკეტი, პოეტი და დრამატურგი ჯეიმზ ჯოისი, დრამატურგი შონ ოძკეისი და სხვები.

  • ახალი ზელანდია – გრძელი, თეთრი ღრუბლების ქვეყანა

    ახალი ზელანდია – გრძელი, თეთრი ღრუბლების ქვეყანა

    ახალი ზელანდია წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში,  ორ უდიდეს კუნძულზე მდებარეობს, რომელთაც ჩრდილო  და სამხრეთ კუნძული ჰქვიათ  და მათ კუკის სრუტე ჰყოფთ. მათ გარდა არის კიდევ რამდენიმე კუნძული. საერთო ფართობი დაახლოებით 269 ათასი კვ. კმ-ია.

    ახალი ზელანდია ადგილია, სადაც ქვეყნიერება მთავრდება. დედამიწაზე ვერ ნახავთ ისეთ ქვეყანას, რომელიც ისე შორს იყოს სხვა ქვეყნებისაგან, როგორც ახალი ზელანდიაა. თუ გგონიათ, რომ ავსტრალია იქვე ახლოსაა, ძალიან ცდებით: მათ შორის დაშორება 1200 მილია. სამხრეთ ამერიკიდან კი 22 ათასი მილის მანძილზე ოკეანის უსასრულო სივრცეა გადაშლილი. წარმოიდგინეთ, როგორ გაოცდებოდნენ 350 წლის წინათ ევროპელი მოგზაურები, როდესაც აღმოაჩინეს, რომ იგი დასახლებულია.

    საიდან მოვიდნენ ახალი ზელანდიის მკვიდრნი? ჯერჯერობით ამაზე გარკვეული პასუხი მეცნიერებს არ გაუციათ. ზოგიერთი მკვლევარი იმასაც კი ფიქრობს, რომ ახალი ზელანდია კაცობრიობის უძველესი სამშობლოა.

    ახალი ზელანდიის აბრიგენებს არ ჰქონდათ დამწერლობა, ამიტომ მათი წარმომავლობის შესახებ მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ლეგენდები არსებობს. გადმოცემის თანახმად, დღევანდელი მაორები ოკეანეთიდან – საზოგადოების არიქპელაგის ერთ-ერთ კუნძულ რაიატეადან მოსულან. იქ ცხოვრობდა ბელადი კუპე. იგი დააკვირდა, რომ გრძელბოლოიანი გუგული – კოხოპეროა ყოველ წელიწადს კუნძულზე სამხრეთ-დასავლეთიდან მოფრინავს, რამდენიმე თვის შემდეგ კი უკან ბრუნდება. მან გადაწყვიტა ეპოვა კუნძული, სადაც ბინადრობდა კოხოპეროა. იგი ორი კანოეთი გაემგზავრა, ერთს თვითონ მეთაურობდა, მეორეს კი ვინმე ნგაკე. ხანგრძლივი ცურვის შემდეგ მიაღწიეს მიწას, რომელსაც კუპემ აი-ტეაროა უწოდა, რაც `გრძელ, თეთრ ღრუბელს~ ნიშნავს. შორს, ოკეანის სივრცეში კუნძულის გამოჩენა კუპეს ცაზე `მოცურავე~ ღრუბელი ეგონა. სწორედ ეს იყო ახალი ზელანდია.

    მეორე ლეგენდის თანახმად, XII საუკუნეში, კუნძულ ტაიტიდან ბელადი ტოი შვილიშვილის საძებნად გაემგზავრა. მან მიაღწია ახალი ზელანდიის კუნძულებს და საცხოვრებლადაც იქ დარჩა. XIV საუკუნეში კუნძულს ტაიტის მცხოვრებთა დიდი ფლოტილია მიადგა. კუნძულის ძირითადი მოსახლეობა – მაორები – სწორედ მათი შთამომავლები არიან.

    მაორი - ახალი ზელანდია მკვიდრი მოსახლეობა

    ევროპელებზე უფრო მეტად მაორები განცვიფრდნენ, როდესაც კუნძულთან ახლოს 1642 წ. თავიანთ კანოებთან შედარებით უზარმაზარი ხომალდები დაინახეს. ესენი იყვნენ ჰოლანდიელი მეზღვაურები კაპიტან აბელ ტასმანის მეთაურობით. მან რუკაზე დაიტანა ახალი ზელანდიის სანაპიროები, მაგრამ არ გაუმხელია თავისი გეოგრაფიული აღმოჩენა. ამიტომ ახალი ზელანდიის ოფიციალური აღმოჩენა 1770 წ. ინგლისელ მეზღვაურს ჯეიმს კუკს ხვდა წილად. მაორები მტრულად შეხვდნენ მოსულებს და ჯ. კუკის მეზღვაურებთან შეტაკებისას რამდენიმე აბორიგენი დაიღუპა. ინგლისელები დარწმუნდნენ აბორიგენების მამაცობაში. მათ არც მუშკეტების და არც ზარბაზნების არ შეეშინდათ და წინააღმდეგობას უწევდნენ მეზღვაურებს. მიუხედავად ამისა, კუკმა კუნძულები ბრიტანეთის სამფლობელოდ გამოაცხადა. სისხლისმღვრელი ომები მაორებსა და ინგლისელებს შორის დიდხანს გრძელდებოდა და მხოლოდ 1840 წ. გამოცხადდა ახალი ზელანდია ოფიციალურად დიდი ბრიტანეთის კოლონიად. დღეისათვის მაორების რაოდენობა საკმაოდაა შემცირებული.

    ამჟამად, ”გრძელი, თეთრი ღრუბლების ქვეყანა~ განვითარებული სახელმწიფოა. განსაკუთრებით განვითარებულია სოფლის მეურნეობა, კერძოდ მეცხოველეობა. იგი დიდი რაოდენობით აწარმოებს მატყლს (მსოფლიოში მხოლოდ ავსტრალიას ჩამორჩება), თითქმის ყველას უსწრებს რძის პროდუქტებისა და ბანანების ექსპორტით.

  • მალტა

    მალტა

    მალტა – მსოფლიოს ერთ-ერთი პატარა სახელმწიფო – სამხრეთ ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში განლაგებულ არქიპელაგზე მდებარეობს, რომელიც სიცილიის სანაპიროდან 93 კმ-ით, ხოლო ტუნისის სანაპიროდან 288 კმ-ით არის დაშორებული. მანძილი გიბრალტარის სრუტემდე 1826 კმ-ია.

    კუნძული მალტა, რომლის სახელიც მთლიანად სახელმწიფოს დაერქვა, 6 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგის ყველაზე დიდ კუნძულს  წარმოადგენს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს კუნძულები იმ მთების ნაშთებია, რომელიც ევროპას აფრიკასთან აკავშირებდა. იმ დროს ხმელთაშუა ზღვის ადგილას გადაჭიმული ყოფილა მტკნარი ტბების ჯაჭვი. ექვსი კუნძულიდან სამი – მალტა, გოზო და კომინო დასახლებულია და მათი მთლიანი მოსახლეობა შეადგენს 369 ათას, რომლის 80% ცხოვრობს კუნძულ მალტაზე.

    მალტა ფინიკიელების ენაზე  ”თავშესაფარს” ნიშნავს, რაც  კუნძულის სანაპიროს გეოგრაფიული თავისებურებიდან გამომდინარეობს: აქ მრავლადაა მყუდრო და მოსახერხებელი ნავსადგური.  

    გეოგრაფიულმა მდებარეობამ – აფრიკის, ევროპის და აზიის გზაჯვარედინზე – მალტა სტრატეგიულ ობიექტად გადააქცია. საუკუნეების განმავლობაში იგი სხვადასხვა ქვეყნის გავლენის ქვეშ ექცეოდა: ჯერ ფინიკიელებმა და რომაელებმა, შემდეგ არაბებმა და ნორმანებმა დაიპყრეს. კუნძულის სტრატეგიული მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ ნაპოლეონმა მასზე თქვა: “მირჩევნია მტერი დავინახო მონ-მარტიდან, ოღონდ არა მალტაზე”. ფრანგებმა მალტა ვერ შეინარჩუნეს. XIX საუკუნეში იგი ინგლისელებმა ჩაიგდეს ხელში და კოლონიად აქციეს.

    1964 წლიდან მალტა დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 2003 წლის მაისში კუნძულებზე ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროკავშირში შესვლას. ქვეყანა 2004 წლიდან ევროკავშირის წევრია.

    ქვეყნის ტერიტორიის 2/3 თითქმის გამოუყენებელია მიწათმოქმედებისთვის: აქ არის შიშველი კლდეები და კირქვიანი პლატო. ნიადაგის ფენა იმდენად თხელია, რომ მის ეროზიისგან დასაცავად გლეხები ფერდობებს ხელოვნურად ატერასებენ.  ასეთ ადგილებში სასოფლო-სამეურნეო მანქანებს ვერ იყენებენ. მალტაში არის ნაყოფიერი ადგილებიც, სადაც მოსავალი წელიწადში 2-3-ჯერ მოყავთ. ამასთან, რბილი ხმელთაშუაზღვიური ჰავა აქაურ ფერმერებს ხელს უწყობს, მთელი წლის განმავლობაში მოიყვანონ ბოსტნეული: ყვავილოვანი კომბოსტო, ხახვი, ტკბილი წიწაკა, პომიდორი, კიტრი, რომლითაც ზამთარში ჩრდილო და დასავლეთ ევროპას ამარაგებენ. მალტაზე არის ფორთოხლის, ლიმონის, გრეიფრუტის, ჭერმის და ლეღვის ნარგავები, აგრეთვე ნუშისა და ზეთის ხილის პლანტაციები. მალტელებს უყვართ ყვავილები. კუნძული მდიდარია სამკურნალო მცენარეებითაც. მალტის მცირე მიწაზე ხორბალი, ქერი, ბამბა და თამბაქოც მოყავთ. მალტელები კარგი მეთევზეებიც არიან.

    სახელმწიფოს მნიშვნელოვან შემოსავალს აძლევს ტურიზმი. მათ იზიდავს ძველი დედაქალაქი მდინა თავისი ციხე-სიმაგრეების ნანგრევებით, შუა საუკუნეების არქიტექტურული ძეგლებით, ვიწრო ქუჩებით, რამდენიმე კილომეტრზე გადაჭიმული კატაკომბებით, რომელიც დიდი ხანი არაა რაც აღმოაჩინეს. ყურადღებას იპყრობს იოანე იერუსალიმელის ტაძარი, სადაც მძიმე ქვის ფილების ქვეშ ის მალტელი რაინდები განისვენებენ, რომლებიც XVIII საუკუნემდე ერთგულად ემსახურებოდნენ ევროპელ ფეოდალებს. საიდუმლოებით მოცული კოშკები, საოცარი ფორმის სასახლეები და ციხე-სიმაგრენი, შუა საუკუნის ძეგლები დღემდე იზიდავენ ტურისტებს.

    ვალეტა, მალტა

    მალტის არქიპელაგის კუნძულების ნებისმიერი წერტილიდან ზღვამდე ”ორი ნაბიჯია”. ზღვის სანაპირო მალტაზე ქვიშიანი (გოლდენ ბეი, პარადიზ ბეი) და ქვიანია. ზღვაში ცურვა განსაკუთრებით უსაფრთხო და სასიამოვნოა, რადგან მალტის კუნძულების მახლობლად არ ბინადრობენ ადამინის სიცოცხლისთვის საშიში თევზები და მედუზები, წყლის ტემპერატურა კი (ზამთრის თვეებშიც კი) 14 გრადუსის დაბლა არ ეცემა.”

    მალტის სიმბოლოდ ითვლება დელფინები. ადგილობრივი მინის მწარმოებელი ფაბრიკა “დინა-გლასსი” აწარმოებს ორიგინალურ სუვენირებსა და სამკაულებს, რომელთაც ნამდვილად შეუძლიათ გაუწიონ კონკურენცია ჩეხურ მინასაც კი. განსაკუთრებული სუვენირის სახით მალტიდან ჩამოაქვთ ადგილობრივი დელიკატესები: თხის რძისგან დამზადებული ყველი კუნძულ კოზოდან და უნიკალური საჩუქარი – ადგილობრივი წითელი ღვინო.

    მალტის დედაქალაქი ლა-ვალეტა 1566 წელს დაარსდა იოანე იერუსალიმელის მაგისტრის – ჟანა ლა ვალეტას მიერ. 

    ჩვენთვის, ქართველებისთვის ნამდვილად მაგალითია კ. მალტას მცხოვრებთა შრომისმოყვარეობა, რომლებმაც ეს კლდოვანი კუნძული ნაყოფიერ ადგილად გადააქციეს.

  • ლიხტენშტაინის სამთავრო – ჯუჯა სახელმწიფო ევროპაში

    ლიხტენშტაინის სამთავრო – ჯუჯა სახელმწიფო ევროპაში

    ქვეყნის ლიხტენშტაინის სამთავროს  სახელწოდება “მსუბუქ ქვას” ნიშნავს   ლიხტენშტაინის სამთავრო სუვერენული ქვეყანაა. იგი ავსტრიასა და შვეიცარიას შორის, მდინარე რაინის ნაპირთან მდებარეობს.

    ლიხტენშტაინის დედაქალაქია ვადუცი, უდიდესი ქალაქი  კი შაანი. ქვეყანას არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, ამასთან იგი მსოფლიოში ერთადერთი ისეთი ქვეყანაა, რომელსაც არ ესაზღვრება არც ერთი საზღვაო ქვეყანა.

    ლიხტენშტაინი ჯუჯა სახელმწიფოა და მისი ფართობი 160,48 კვ.კმ–ია. საზღვრის სიგრძე კი სულ რაღაც  76,6 კმ. ქვეყნის მაქსიმალური სიგრძეა 24,56 კმ, სიგანე – 12,36 კმ.

    ლიხშტენშტეინის უმაღლესი მწვერვალია გრაუშპიცი (2599 მ). ქვეყანაში ორი მდინარეა – რაინი და ზამინა და ერთადერთი ტბა გამპრინერ ზეელე (გერმ. das Gampriner Seele), რომელიც 1927 წელს მდინარე რაინის ადიდების შედეგად წარმოიქმნა.

    ლიხტენშტაინში კონსტიტუციური მონარქიაა, რაც დაფუძნებულია დემოკრატიულ პარლამენტზე. 1989 წლიდან სახელმწიფოს მეთაური არის თავადი, ხოლო საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი  ლანდტაგი, როემლიც  25 დეპუტატისგან შედგება და  მათ  ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევენ.

    1868 წლიდან სათავადოს არ ჰყავს ჯარი. ქვეყნის შიდა უსაფრთხოებას კი პოლიცია იცავს.

    მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედი არის ლიხტენშტაინელი, ერთი მეხუთედი ნაწილი გერმანულენოვანი ქვეყნების წარმომადგენელია (ავსტრია, შვეიცარია, გერმანია), დანარჩენი მოსახლეობა არის იტალიელი,  თურქი და სხვა.

    ლიხნტეშტაინში, მცირე ფართობის და ღარიბი რესურსების მიუხედავად, ეკონომიკის დონე ძალიან მაღალია. ქვეყანაში გაცილებით მეტი კომპანიაა, ვიდრე მაცხოვრებელი. ქვეყანაში წელიწადში 1.786 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია იწარმოება და საშუალოდ 25 000 დოლარი მოდის ერთ სულ მოსახლეზე. ინდუსტრიულ სექტორში ცნობილი ფირმებია Hilti (საბურღი ტექნიკა); Ivoclar Vivadent (სტომატოლოგიური ტექნიკა); Hoval (გათბობის და ვენტილაციის სისტემები); Ospelt-Gruppe და Halicona (საკვები პროდუქტები); Neutrik (ელექტროტექნიკა) და სხვა. განვითარებულია მეტალურგია, ზუსტი მანქანათმშენებლობა, ოპტიკა, ვაკუუმ-ტექნიკა, ტექსტილის, კერამიკის წარმოება, ფარმაცია. სოფლის მეურნეობაში გავრცელებულია მეცხოველეობა (ძირითადად რძის პროდუქტები), მოჰყავთ მარცვლეული კულტურა, კარტოფილი, ბოსტნეული. აგრეთვე განვითარებულია მებაღეობა, გაშენებულია ვენახები და წურავენ ღვინოს. ლიხტენშტაინის მოსახლეობა არ აკმაყოფილებს მოთხოვნას მუშა ხელზე. ამიტომ აქ  სამუშაოდ დადიან აგრეთვე მეზობელი ავსტრიიდან და შვეიცარიიდან.

    ლიხტენშტაინში  140 კმ სიგრძის ასფალტის საფარია, მაგრამ არ არის ავტობანი. იგი მხოლოდ მდინარე რაინის მარცხენა სანაპიროსთანაა, საიდანაც 5 ადგილას შეიძლება ქვეყანაში გადახვევა. რკინიგზა  სულ რაღაც  9,5 კილომეტრზე –  ბუქსიდან ფელდკირჰამდეა გაყვანილი. მას ”ავსტრიის ფედერალური რკინიგზა” ემსახურება.  ბალცერსში მოქმედებს კერძო აეროდრომი შვეულმფრენების ჩარტერული რეისებისთვის.

    ლიხტენშტაინის ფოსტა მიბმულია შვეიცარიასთან, თუმცა აქვს საკუთარი ფოსტის შენობა და საფოსტო მარკები. რამდენიმე წელია ქვეყანას აქვს საკუთარი სატელეფონო კოდი.

    ალპების ლიხტენშტაინის ტერიტორიაზე  მდებარეობის გამო, ქვეყნის ტურიზმის ძირითად წყაროს სამთო-სათხილამურო კურორტები წარმოადგენს. ასეთი კურორტია მაგალითად მალბუნი. მრავლადაა სათხილამურო სკოლები. ზაფხულში სპეციალური სააგენტოები ორგანიზებას უწევს ექსკურსიებს. ქვეყანაში არის რამდენიმე ციხესიმაგრე (ვადუცის, გუთენბერგის), იმართება მუსიკალური და თეატრალური ღონისძიებები.

    ლიხტენშტაინი  - ევროპის ჯუჯა ქვეყანა  1

    5 საინტერესო ფაქტი ლიხტენშტაინის შესახებ:

    ფაქტი 1: ლიხტენშტაინი ერთადერთი გერმანულენოვანი ქვეყანაა, რომელიც არ ესაზღვრება გერმანიას.

    ფაქტი 2: 2021 წელს ლიხტენშტეინში მხოლოდ 7 ადამიანი იხდიდა სასჯელს. მათთვის საკვები რესტორნიდან მოჰქონდათ, რადგან ეს უფრო მომგებიანი იყო, ვიდრე საკუთარი მზარეულის დაქირავება.

    ფაქტი 3: ლიხტენშტეინი მსოფლიოში იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ საგარეო ვალი.

    ფაქტი 4: ლიხტენშტეინის მოსახლეობის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ფინანსები, მექანიკური და ინსტრუმენტების ინჟინერია, ასევე ტურიზმი. სამთავრო მუდმივად ლიდერობს ქვეყნების რეიტინგში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით.

    ფაქტი 5. ქვეყნის პოლიციაში სულ 91 ადამიანია დასაქმებული.

  • რა არის სილენდი?

    რა არის სილენდი?

    სილენდი — არაღიარებული ქვეყანაა, რომელიც ჩრდილოეთ ზღვაში,  ყოფილ თავდაცვით პლატფორმა – რაფს-ტაუერზე მდებარეობს და ბრიტანეთის სანაპიროდან  10 კილომეტრითაა  დაშორებული.

    მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის საზღვაო ძალებმა მტრისგან თავდასაცავად ნაპირის გასწვრივ ზღვაში თავდაცვითი პლატფორმები ააგეს. ერთ-ერთი მათგანი იყო რაფს-ტაუერი (ინგლ. ღოუგჰს თოწერ). ომის დროს მასზე განლაგებული იყო საზენიტო იარაღები და 200 კაცისგან შემდგარი გარნიზონი. ომის დასრულების შემდეგ პლატფორმების უმრავლესობა დაანგრიეს, ხოლო რაფს-ტაუერი დარჩა ხელუხლებელი, რადგან ბრიტანეთის ტერიტორიული წყლების გარეთ მდებარეობდა.

    1966 წელს პენსიაზე გასულმა ბრიტანეთის მაიორმა როი ბეიტსმა და მისმა მეგობარმა რონან ო’რეილიმ ამოირჩიეს მიტოვებული რაფს-ტაუერი და მასზე გასართობი პარკის მოწუობა გადაწყვიტეს. თუმცა, მალე მეგობრებს შორის უთანხმოება მოხდა და როი ბეიტსი ადგილის ერთპიროვნული მფლობელი გახდა. მომავალ წელს რონან ო’რეილი შეეცადა პლატფორმის დაპატრონებას, თუმცა მისი შემოტევა მოგერიებული იქნა იარაღით და საწვავით სავსე ქილებით.

    როიმ გადაიფიქრა გასართობი პარკის მშენებლობა და პლატფორმაზე განათავსა პირატული რადიოსადგური “Bრიტაინ’ს Bეტტერ Mუსიც შტატიონ”.

    1967 წლის 2 სექტემბერს როიმ განაცხადა სუვერენული სახელმწიფოს შექმნის შესახებ და თავისი თავი მეფედ – როი I-ად გამოაცხადა. ეს დღე აღინიშნება, როგორც სახელმწიფო დღესასწაული.

    1968 წელს ბრიტანეთი შეეცადა პლატფორმის დაკავებას, პლატფორმას მიუახლოვდა საბრძოლო კატერები, რასაც სამეფოს წარმომადგენლებმა უპასუხეს ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლით. სისხლისღვრამდე საქმე არ მივიდა, მაგრამ როის, როგორც ბრიტანეთის მოქალაქის წინააღმდეგ დაიწყო სასამართლო პროცესი.

    1968 წლის 2 სექტემბერს ბრიტანეთის სასამართლომ გამოიტანა ისტორიული გადაწყვეტილება: მან აღიარა, რომ ეს საქმე არ განეკუთვნება ბრიტანეთის იურისდიქციას.

  • კაბადოკია

    კაბადოკია

    მცირე აზიის ცენტრალურ ნაწილში, თურქეთში მთიანი მხარე – კაბადოკია მდებარეობს. კაბადოკია, რომელიც “ლამაზი ცხენების ქვეყანას ნიშნავს” და მსოფლიოს მერვე საოცრებადაა მიჩნეული, ქართველი პილიგრიმებისათვის პირველ რიგში წმინდა ნინოს და წმინდა გიორგის სამშობლოა.

    უძველესი დროიდან ამ კუთხემ ბევრჯერ განიცადა აყვავება და დაცემა. მას თავს ესხმოდნენ ხეთები, ფრიგიელები, სპარსები, ბერძნები, რომაელები, სომხები და თურქ-სელჯუკები.

    ბუნებით მკაცრი და თითქმის “მთვარის” ლანდშაფტის მქონე კაბადოკია, ქრისტიანული რელიგიის გავრცელების ერთ-ერთ კუთხედ ითვლება. ცნობილია, რომ წმინდა ნინო კაბადოკიელი იყო. დამპყრობელთა ცვლა, რომლებიც სხვადასხვა რელიგიებს აღიარებდნენ, ბუნებრივია, ქრისტიანული რელიგიის დევნას იწვევდა. ამიტომ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე მოსახლეობამ არაერთხელ ჰპოვა თავშესაფარი გამოქვაბულებში. ისინი  ყოვლისშემძლე ღმერთს ევედრებოდნენ შემწეობას. რომის იმპერის ბატონობისას კი გამოქვაბულებიდან გამოვიდნენ და ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად აღიარეს. VII საუკუნეში, როდესაც დაიწყო არაბთა ლაშქრობა მცირე აზიაში, კვლავ დაიწყო ქრისტიანების დევნა და მათ კვლავ გამოქვაბულებს მიაშურეს.

    1963 წელს კაბადოკიის ერთ-ერთ სოფელში არქეოლოგებმა დიდი მიწისქვეშა ქალაქი აღმოაჩინეს, სადაც 7 სართული – იარუსი იყო. მისი სიღრმე 85 მეტრს, სიგრძე კი 30 კმ-ს აღწევდა და 20 ათასამდე ადამიანს იტევდა. აქ საკმარისი იყო წყლის მარაგი ჭების სახით; ვენტილაცია კი კლდეებში მოხერხებულად იყო გაყვანილი. ადამიანები, როგორც ჩანს, თავისი სურვილით ჩადიოდნენ მიწისქვეშა ქალაქში, თან მიყავდათ შინაური პირუტყვი და ფრინველები, მიქონდათ საყოფაცხოვრებო ნივთები და მტერს ემალებოდნენ. შემდგომ პერიოდში აღმოჩენილი იქნა 9 კმ სიგრძის, თითქმის ასეთივე მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც 15 ათას ადამიანს იტევდა.

    კაბადოკია

    ამჟამად, კაპადოკიის ტერიტორიის ნუსხაში 36 მდე მიწისქვეშა ქალაქია, რომელსაც ტურისტები ნახულობენ.  აქ უამრავი გვირაბია. მართალია, ყველა გვირაბში ვერ შედიხართ, მაგრამ ეს ყველაფერი კარგად შესწავლილია. მიწისქვეშა კაბადოკიის ყველაზე კარგი ექსპონატი გიორემიდან 25 კილომეტრში მდებარეობს.

    ამ საოცრებების რელიეფს ვულკანური პროცესების შედეგად წარმოქმნილი სვეტები ქმნის, რომლებიც დროთა განმავლობაში წვიმისა და ქარის მიერ გადაირეცხა და შთენილების სახით დარჩა. ისინი 10 ათასობითაა, სადაც განთავსებულ გამოქვებულებში ქრისტიანობამდე ადამიანის საცხოვრებელი იყო, დღეს კი, ქალაქ გიორემში – სასტუმროთა 90% იქაა მოწყობილი.

    კაბადოკია ერთ-ერთი ჰარმონიული ადგილია დედამიწაზე, სადაც ადამიანისა და ბუნების კავშირი ერთმანეთთან დისკომფორტს არ ქმნის. ამჟამად კაბადოკია ტურიზმის მნიშვნელოვანი ცენტრია.

  • პარიზი – დღესასწაული  რომელიც მუდამ ჩვენთანაა

    პარიზი – დღესასწაული რომელიც მუდამ ჩვენთანაა

    საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქი – პარიზი მდინარე სენაზე, საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ილ-დე-ფრანსის (იგივე პარიზის) რეგიონის ცენტრში მდებარეობს. ქალაქის საზღვრები 1869 წლიდან მცირედ თუ შეიცვალა, ხოლო მოსახლეობა 2015 წლის მონაცემებით 2. 197 ათას კაცის ითვლის. პარიზის აგლომერაციაში კი გარეუბნებთან ერთად 12 672 000 კაცი ცხოვრობს. ის ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული მეგაპოლისია ევროპაში.

    თავისი არსებობის სხვადასხვა პერიოდში პარიზს სხვადასხვა სახელს უწოდებდნენ, თუმცა მათ შორის ყველაზე ცნობილია ”ჩირაღდნების, სინათლის ქალაქი”, ფრანგულად – «La Ville-Lumiere». ეს არცაა გასაკვირი, რადგან სწორედ პარიზი იყო მსოფლიოში პირველი ქალაქი, სადაც გარეგანათება დამონტაჟდა და ქუჩები გაანათეს. თუმცა მანამდე პარიზს ლუტეცია (Lutetia) ერქვა. სახელი ლათინური სიტყვიდან ”lutum” წარმოსდგება, რომელიც თარგმანში ”ტალახს” ნიშნავს. ითვლება, რომ ქალაქი კელტური ტომების მიერაა დაარსებული, მოგვიანებით კი რომაელებმა დაიპყრეს.

    პარიზი ზომიერად ოკეანური კლიმატის ზონაში მდებარეობს და მასზე თბილი ჩრდილო-ატლანტიკური დინება ახდენს გავლენას. ამიტომ ქალაქში იშვიათადაა ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალი ტემპერატურა.

    ორ ათასწლეულზე მეტი ხნის პარიზი დღეს მსოფლიოს წამყვანი საქმიანი და კულტურული ცენტრია. მისი გავლენა პოლიტიკაზე, განათლებაზე, დასვენებაზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, მოდაზე, მეცნიერებასა და ხელოვნებაზე ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი მთავარი ქალაქის სტატუსს ანიჭებს. ბოლო მონაცემებით დიდი პარიზი ეკონომიკური თვალსაზრისით ევროპის უმსხვილეს საქალაქო რაიონს წარმოადგენს და მშპ-ის მოცულობით მეხუთე ადგილი უკავია მსოფლიოს ქალაქებს შორის.

    პარიზი ტურისტების საყვარელი ქალაქია. ყოველ წელს მას 45 მლნ ტურისტი სტუმრობს, რომელთა 60% უცხოელია. მის ღირშესანიშნაობებს შორისაა მთელ მსოფლიოში ცნობილი ადგილები, შენობები, პარკები და უბრალო ქუჩებიც კი.

    სულ ერთია, რა დროს ჩადიხარ ქალაქში – დღისით თუ ღამით – პირველს, რასაც ხედავ, ეს ეიფელის კოშკია, რომელიც, როგორც დარაჯი, ისე დგას და აგერ უკვე მრავალი წელია ქალაქის მთავარი ორიენტირი და სავიზიტო ბარათია. პარიზის სიმბოლო – ეიფელის კოშკი – 1887-1889 წლებში აშენდა. მას მსოფლიო გამოფენის შესასვლელის ფუნქცია უნდა ჰქონოდა. კონსტრუქცია 20 წლის შემდეგ უნდა დაეშალათ, მაგრამ რადიოს ქსელის განვითარებამ ეიფელის შედევრი დაშლისგან იხსნა: მასზე რადიომოწყობილობა დამონტაჟდა. 324 მ. სიმაღლის კოშკი 1930 წლამდე მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობად ითვლებოდა. თუ კოშკზე მზიან ამინდში ახვალთ და გადმოიხედავთ, მთელ პარიზს დაინახავთ. თუ ღრუბლიანი ამინდია, მის წვერზე ასულები სულ სხვა – ”ღრუბლებს გადაღმა” – სამყაროში მოხვდებით. ღამით კი კოშკი ათასობით ნათურითაა განათებული და ქალაქის თითქმის ყველა კუთხიდან ჩანს.

    ცნობილი მუზეუმი ლუვრი 1793 წელს აშენდა. მას დღესდღეობით მსოფლიოს მუზეუმებს შორის ყველაზე მეტი მნახველი ჰყავს – ყოველწლიურად 5 მლნ. ადამიანი სტუმრობს. ლუვრის წინ 1989 წელს აშენებულმა მინის პირამიდამ აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია არა მარტო არქიტექტორებსა და გარემოსდამცველებს შორის, არამედ კინორეჟისორებს შორისაც. საქმე ის გახლავთ, რომ ნებისმიერმა რეჟისორმა, რომელსაც ლუვრის ეზოში სურს გადაღება, როიალითი უნდა გადაუხადოს მის შემქმნელს. ამიტომაც ხშირად, ახალ ფილმებშიც კი ლუვრთან ერთად ეს პირამიდა არ ჩანს.

    პარიზში მოხვედრილი ადამიანი თავს ვალდებულად თვლის, რომ ლუვრს აუცილებლად ესტუმროს. არადა, ამ ქალაქში კიდევ ერთი, ლუვრზე არანაკლებ საინტერესო ორსეს მუზეუმია. ამ ოდესღაც რკინიგზის სადგურის შენობაში უნიკალური სურათებია გამოფენილი, მათ შორის იმპრესიონისტებისა და პოსტიმპრესიონისტების ნახატები.

    შეყვარებულების საყვარელი ადგილია ნოტრ-დამის ტაძარი და მისი მოედანი. ალბათ იმიტომ, რომ ამ ადგილას ცნობილი მწერლის, ვ. ჰიუგოს ვერსიით ყველაზე რომანტიკული და, ამავე დროს, ტრაგიკული ისტორია ხდებოდა. ან იქნებ იმიტომ, რომ კვირაობით ”გრანდ” ორღანის სულში ჩამწვდომი მუსიკის მოსმენა შეუძლიათ.

    მსოფლიოში ცნობილი კაბარე ”მულენ რუჟი” (Moulin Rouge – ქართულად “წითელი წისქვილი”) 1889 წელს აშენდა და პიგალის მოედნის გვერდით, ე.წ. ”წითელი ფარნების” რაიონში მდებარეობს. კაბარე განთქმული იყო და არის ცეკვა ”კანკანით”.

    პარიზში ყოფნისას ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა გაისეირნოთ შანზ-ელიზეზე (ელისეს მინდვრები), რომელიც კონკორდის მოედანზე აღმართული ობელისკიდან იწყება და შარლ-დე-გოლის მოედანზე ტრიუმფალურ თაღთან მთავრდება. გამზირის სიგრძე 1915 მეტრია, ხოლო სიგანე – 70 მეტრს აღწევს.

    თუ დასვენება მოგინდათ ლუქსემბურგის ბაღს(Jardin du Luxembourg, მეტსახელი “ლუკო”‘) ესტუმრეთ. ბაღის ფართობი 224 500 მ²-ია. ის უდიდესი საქალაქო პარკია პარიზში. აქვეა ლუქსემბურგის სასახლე, სადაც დღეს საფრანგეთის სენატია განთავსებული. სასახლე და ბაღები არქიტექტორმა სალომონ დე ბროსმა 1615-27 წლებში მარი დე მედიჩისთვის ააგო. ბაღში მიმოფანტულია მრავალი მცირე და დიდი ზომის ქანდაკება და მონუმენტი. აუზის ირგვლივ საფრანგეთის ყოფილი დედოფლების ქანდაკებებია ჩამწკრივებული. ბაღი პარიზელი ბავშვებისა და მათი მშობლების საყვარელი ადგილია. თუ გაგიმართლათ, აქ შეიძლება უფასო კონცერტსაც დაესწროთ.

    პარიზის უცვლელმა საზღვრებმა, მკაცრმა სამშენებლო ნორმებმა და არათავისუფალი მიწის დეფიციტმა შექმნა ფენომენი, რომელსაც “პარიზის მუზეუმიფიკაცია ” ეწოდა, რადგან ისტორიული იერსახის შენარჩუნების სურვილი და არსებული კანონები მისი ტერიტორიის ფარგლებში მასიურ მშენებლობებსა და ინფრასტუქტურის განვითარებას აფერხებენ, რაც მეტად აუცილებელია ქალაქის მზარდი მოსახლეობის გათვალისწინებით. ამიტომ ბევრი დაწესებულება და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის ელემენტები უკვე ქალაქის გარეუბნებშია განთავსებული ან იქ გადასვლას გეგმავს. ფინანსური და საქმიანი რაიონი ლა დეფანსი, მთავარი სასურსათო საბითუმო ბაზარი რიუნჟი, ცნობილი სასწავლო დაწესებულებები – პოლიტიკური სკოლა (École Polytechnique), მენეჯმენტის სკოლა, ეკონომიკური და კომერციული მეცნიერებების უმაღლესი სკოლა (ESSEC), INSEAD-ის ბიზნეს-სკოლა და სხვ., ასევე მსოფლიოში ცნობილი კვლევითი ლაბორატორია საკლე (Saclay) ან ევრი (Évry), უდიდესი სპორტული მოედანი ”სტად დე ფრანსე” (Stade de France), ასევე ზოგიერთი სამინისტრო (მაგ; ტრანსპორტის), შეიძლება ითქვას, ქალაქის ფარგლებს გარეთ მდებარეობენ.

    კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი პარიზის შესახებ:

    პარიზში სხვა ბევრი ევროპული დედაქალაქებისგან განსხვავებით ონკანის წყალი სასმელად ვარგისია. წყლის არაჩვეულებრივი გამწმენდი სისტემა პარიზელების სიამაყეა.

    მდინარე სენაზე აგებული ყველაზე ძველი ხიდი მე-16 საუკუნეში იყო აგებული, თუმცა მას დღესაც ”ახალი ხიდი” ჰქვია, რადგან მაშინ, როცა ის ააგეს შესაბამისი სახელი ვერ დაარქვეს და ”ახალი ” უწოდეს.

    მსოფლიოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პირველი მარშრუტი 1662 წლის 18 მარტს ცნობილი ფიზიკოსის, ბლეზ პასკალის ინიციატივით სწორედ პარიზში გაჩნდა.

    პარიზის მეტრო გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით მსოფლიოში მე-6 ადგილზეა. იგი ევროპაში ერთ-ერთი უძველესი მეტროპოლიტენია ლონდონის, ბუდაპეშტისა და გლაზგოს მეტროპოლიტენების შემდეგ.

    დაბოლოს, პარიზზე უამრავი დაწერილა და კიდევ უამრავი დაიწერება. მეც ვეცადე, რომ ყველასთვის ცნობილი თუ უცნობი ფაქტები თქვენთვის კიდევ ერთხელ შემეხსენებინა. ბევრი რამ დამრჩა სათქმელი, თუმცა ერთი რამ დაზუსტებით შემიძლია ვთქვა: პარიზი მართლაც დღესასწაულია, რომელიც მუდამ ჩვენთანაა.