გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

აშშ არჩევნები ელექტორატი

აშშ-ს ელექტორალური გეოგრაფია

იოანე მახარაძე

ზოგადად, ელექტორალური გეოგრაფია, როგორც მეცნიერება მე-20 საუკუნეში დაიბადა და განსაკუთრებული პოპულარობა ისეთ ქვეყნებში მოიპოვა, რომლებშიც არჩევნები კონკურენტულ გარემოში ტარდება. აღნიშნული მეცნიერება გეოგრაფიის მიმართულების, საზოგადოებრივი გეოგრაფიის ერთ-ერთი ქვედარგია. იგი სწავლობს არჩევნების შედეგების ლოგიკურ გამომდინარეობას ქალაქის, რეგიონისა თუ ეკონომიკური რაიონის დემოგრაფიული სტრუქტურიდან. აშშ-ში მეცნიერების განსაკუთრებულ პოპულარობას ქვეყნის საარჩევნო სისტემაც განაპირობებს.

  როგორ ირჩევენ პრეზიდენტს ამერიკის შეერთებულ შტატებში:

  აშშ-ში პრეზიდენტს არ ირჩევენ პირდაპირი წესით, რაც ნიშნავს, რომ ის, ვინც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას ავტომატურად არ ხდება ამერიკის პრეზიდენტი. იმისთვის, რომ შტატების მოსახლეობათა უფლებები თანაბარი ყოფილიყო და პრეზიდენტის არჩევა დიდი ქალაქის მოსახლეობაც არ გადაეწყვიტა, დამფუძნებელმა მამებმა შექმნეს საარჩევნო კოლეგია. დღეს ამ კოლეგიაში 538 წევრია, თითოეული შტატი წარმოდგენილია იმდენი დელეგატით, რაც მათი დეპუტატების ჯამის სენატსა და წარმომადგენლობით პალატაში. ამას ემატება კოლუმბიის ოლქის 3 მანდატი, რომელიც შტატი არ არის, თუმცა საპრეზიდენტო კოლეგიაში თავისი წარმომადგენლობა ჰყავს. მოსახლეობის შესაბამისად, ყველაზე დიდი წარმომადგენლობა კალიფორნიას ჰყავს, 54 მანდატი, ხოლო ყველაზე მცირე 3 მანდატიანი შტატებია. დაწყებული ვერმონტით, დასრულებული ჩრდილოეთ დაკოტით. ამ სიაში შედის ალასკა, სამხრეთ დაკოტა, ვაიომინგი, კოლუმბიის ოლქი და დელავერი.

დღეს ამერიკის საარჩევნო რუკას ასეთი სახე აქვს. ქვეყნის ცენტრალურ შტატებში, რომელთა მოსახლეობაც ძირითადად კონსერვატორია და ამ შტატებში არ არის არცერთი უდიდესი ქალაქი წითელია, ანუ მხარს უჭერს რესპუბლიკელებს. წითელ შტატებს „წითელ კედელსაც“ უწოდებენ. ლურჯი შტატები კი დემოკრატების მხარდამჭერი შტატებია, რომლებიც ძირითადად მრავალმოსახლიანი და მჭიდროდ დასახლებულნი არიან. ამ შტატებშია ამერიკის სამი უდიდესი ქალაქიდან სამივე- ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი და ჩიკაგო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არც მხოლოდ წითელი შტატები და არც მხოლოდ ლურჯი შტატები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კანდიდატმა 270 ხმა აიღოს, ანუ 538/2+1, რაც საჭიროა პრეზიდენტობისთვის. შესაბამისად, ყველა კანდიდატს სჭირდება გამარჯვება თეთრ, ანუ მერყევ შტატებში, რომლებიც ჩვეულბრივ წყვეტენ ხოლმე იმას, თუ ვინ გახდება ამერიის პრეზიდენტი. დღეს ეს შტატებია: უისკონსინი, მიჩიგანი, პენსილვანია, არიზონა და ჯორჯია.

თუმცა, ყოველთვის ასე არ იყო. ყველას, ვისაც გეოგრაფიის ეს დარგი აინტერესებს ახსოვს 2000 წლის არჩევნები, როცა ფლორიდის ხმათა დათვლის პროცესმა სასამართლოში გადაინაცვლა და სწორედ უზენაესმა სასამართლომ გამოაცხადა ჯორჯ ვოლქერ ბუში ამერიკის პრეზიდენტად. მაშინ ფლორიდა უდიდესი მერყევი შტატი იყო, თუმცა დღეს ის რესპუბლიკური შტატია. წლების განმავლობაში, ფლორიდაში ხდებოდა კუბიდან მიგრანტების კონცენტრაციის გაზრდა. ისინი ფლორიდის სრუტის გავლით მაიამიში და ნეაპოლში სახლდებოდნენ (იგულისხმება ფლორიდის ქალაქი ნეაპოლი). ისინი ჩვეულებრივ კონსერვატორები არიან და ამან ფლორიდა მერყევი შტატიდან რესპუბლიკურ შტატად გადააქცია. ყურადღება უნდა გავამახვილოთ შტატ არიზონაზე, რომელსაც ყოველთვის ჭეშმარიტ წითელ შტატად ვიცნობდით, დღეს ის „ცისფერი შტატია“- რაც ნიშნავს, რომ ხდება სულ უფრო და უფრო დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი. არიზონას შტატის სამხრეთ საზღვარი მექსიკის რესპუბლიკისა და ამერიკის საზღვარს ემთხვევა და მათ საზღვარზე არსებულ უდაბნოთა სისტემაზე გადის. ლათინური ამერიკიდან წამოსული მიგრანტთა ნაკადი, რომელიც ჩვეულებრივ ამერიკის შეერთებულ შტატებში რიო გრანდეს ან ჩიჰუაჰუას უდაბნოს გავლით შედის, არიზონაში სალხდება. ლათინო ამერიკელებში კი დემოკრატიულ პარტიას განსაკუთრებით დიდი მხარდაჭერა აქვს. იცვლება დემოგრაფია და იცვლება საარჩევნო რუკაც, თუ ადრე არჩევნების ბედი ფლორიდაში, ვირჯინიასა და ოჰაიოში წყდებოდა, ახლა ყველამ წინასწარ იცის ამ შტატებში გამარჯვებულის ვინაობა და მზერას არიზონას, ჯორჯიასა და დიდი ტბების სისტემის შტატებს მივაპყრობთ ხოლმე.

აფრო-ამერიკელი მოსახლეობის გავლენა ამერიკის საარჩევნო რუკაზე

პირველ რუკაზე ჩვენ ვხედავთ იმ ქაუნებს (ქაუნები შტატების შიდა ადმინისტრაციულ რაიონებს წარმოადგენენ), რომლებშიც აფრო ამერიკელთა დიდი კონცენტრაციაა, ხოლო მეორე რუკაზე არჩევნების შედეგების ქაუნების მიხედვით, თუ დავაკვირდებით, შევნიშნავთ მარტივ კანონზომიერებას, რომ აფრო-ამერიკელები ხმას დემოკრატებს აძლევენ, სწორედ აფრო-ამერიკელების დიდმა აქტიურობამ განაპირობა, 2008 წელს ბარაკ ობამას შთამბეჭდავი გამარჯვება, ხოლო 2020 წელს ჯო ბაიდენის მიერ ჯორჯიის შტატის მოგება, რომელიც ყველას წარმოუდგენელ მოვლენად ეჩვენებოდა. 2016 წელს კი აფრო-ამერიკულმა მოსახლეობამ დემოკრატ ჰილარი კლინტონს ზურგი აქცია, რამაც მისი ჯორჯიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში მარცხი განაპირობა.

დებატები საარჩევნო სისტემის ირგვლივ

ამერიკის შეერთებული შტატების საარჩენო სისტემა ნამდვილად არ არის იდეალური და კრიტიკა, რომელიც მის მიმართ ისმის, ბევრისთვის სამართლიანია. მეტიც, ამერიკელების 60%-ზე მეტი მხარს უჭერს მის გაუქმებას. თუმცა, დღეს მისი გაუქმება არ არის პოლიტიკური ნება, რადგან ამას რესპუბლიკური პარტიის აბსოლუტური უმეტესობა ეწინააღმდეგება. თუ ამერიკის შეერთებული შტატები გადავა ჩვეულებრივ საარჩევნო სისტემაზე და პრეზიდენტს ხმის მიცემის პირდაპირი წესით აირჩევს, მაშინ ძალიან ნაკლებსავარაუდოა, რომ ამ მოცემულობაში, რესპუვლიკელები გამარჯვებას შეძლებენ. 2000 წელს, ალ გორმა დაამარცხა ჯორჯ ბუში დაახლოებით 550 000 ხმით, თუმცა პრეზიდენტი მაინც ბუში გახდა საარჩევნო კოლეგიის ელექტორალური გადახრის გამო. 2016 წელს კი ჰილარი კლინტონმა 3 000 000 ხმით დაამარცხა დონალდ ტრამპი, თუმცა პრეზიდენტი ვერ გახდა. დემოკრატების უპირატესობას ხმათა რაოდენობის მხრივ განაპირობებს დიდი ქალაქები. დემოკრატების იგებენ ამერიკის ყველა დიდ ქალაქში და იღებენ ხმების 70-80%-ზე მეტს. რესპუბლიკელებს არ ძალუძთ ამ უპირატესობის გადაწონა პატარა აგრარული თუ სუბურბანული ქაუნებით. მაგალითად, ვიხილოთ ამერიკის 10 უდიდესი ქალაქის სია და შედეგები 2020 ამ ქალაქებში.

  1. ნიუ იორკი, ნიუ-იორკი –  ჯო ბაიდენი- 85%
  2. ლოს ანჯელესი, კალიფორნია – ჯო ბაიდენი 71%
  3. ჩიკაგო, ილინოი – ჯო ბაიდენი- 74%
  4. ჰიუსტონი, ტექსასი –  ჯო ბაიდენი- 58%
  5. ფენიქსი, არიზონა – ჯო ბაიდენი- 51%
  6. ფილადელფია, პენსილვანია – ჯო ბაიდენი- 82%
  7. სან-ანტონიო, ტექსასი – ჯო ბაიდენი59%
  8. სან-დიეგო, კალიფორნია – ჯო ბაიდენი – 60%
  9. დალასი, ტექსასი – ჯო ბაიდენი- 66%
  10. სან-ხოსე, კალიფორნია – ჯო ბაიდენი- 74%

ამ სურათზე დაკვირვების შემდეგ, ბუნებრივია, რომ რესპუბლიკური პარტია ყველანაირად ხელს უშლის კოლეგიის გაუქმებას, ვინაიდან გიგანტურ მეგაქალაქებში ასეთი დიდი სხვაობების გათანაბრება პრაქტიკულად გამორიცხულია.