ცნობილი გერმანელი პოეტი ვოლფგანგ გოეთე იენაში ყოფნისას ამბობდა, რომ ეს ადგილები იტალიას მაგონებსო. ზაალეს ხეობის ქვაბული ერთ-ერთი ყველაზე მშრალი და თბილი ადგილია გერმანიაში. ზაფხულის მზე განსაკუთრებულ მიკროკლიმატურ პირობებს ქმნის და მართლაც უახლოვდება სუბტროპიკულ ხმელთაშუაზღვისპირეთის ჰავას.
იენა გერმანიის ერთ-ერთი ძველი ქალაქია. იგი უკვე IX-XII საუკუნეებში მოიხსენიება, მაგრამ მას სახელი მისმა სიძველემ კი არა, უნივერსიტეტმა გაუთქვა. თიურინგიაში არც ერთი უმაღლესი სასწავლებელი არ იყო. 1558 წელს იენაში კურფიურისტი (ფეოდალურ გერმანიაში მთავარი, რომელსაც უფლება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო იმპერატორის არჩევაში) იოჰან ფრიდრიხ დიდსულოვანის თაოსნობით უნივერსიტეტი გაიხსნა, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ქალაქის ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. XVI ს-ში ქალაქში წიგნის ბეჭდვა და წიგნებით ვაჭრობა დაიწყეს.
იენის უნივერსიტეტმა სახელი განსაკუთრებით XVIII-XIX საუკუნეებში გაითქვა, როდესაც აქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ გერმანული ფილოსოფიის კლასიკოსები იოჰან გოტლიბ ფიხტე, გეორგ ვილჰემ ფრიდრიხ ჰეგელი; გამოჩენილი მეცნიერი – ექიმი, ისტორიკოსი, მათემატიკოსი ერნსტ ჰეკელი. თავისი ცხოვრების ნაყოფიერი წლები აქ გაატარა დიდმა პოეტმა და დრამატურგმა ფრიდრიხ შილერმა. იგი იენის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი იყო და სწორედ აქ დაწერა მან – ”მარია სტიუარტი”, ”ოცდაათწლიანი ომის ისტორია”, ტრილოგია ”ვალენშტეინი”.
90-იან წლებში შილერი იენაში გოეთეს დაუმეგობრდა, რომელიც აქ ხშირად ჩამოდიოდა. წყნარ, საუნივერსიტეტო ქალაქში დაიბადა მისი უკვდავი ”ფაუსტი” და ”ჰერმანე და დოროთეი” . საყურადღებოა, რომ გოეთემ მთელი რიგი შრომები შექმნა ბუნებისმცოდნეობაში, უმთავრესად მცენარეთა და ცხოველთა მორფოლოგიაში და გამოთქვა აზრი ორგანული ბუნების ევოლუციაზე. მან პირველმა შემოიღო ტერმინი ”მორფოლოგია”. გოეთეს ეკუთვნის ნაშრომები ”მცენარეთა მეტამორფოზები” და ’მეცნიერება ყვავილების შესახებ”, გააძლიერა იენის უნივერსიტეტში მეცნიერული ბუნებისმცოდნეობის მიმართულება. მისი დაუღალავი შრომით მცენარეთა სახეობებით გამდიდრდა აქაური ბოტანიკური ბაღი, რომელიც ამ მხრივ სიმრავლით ახლაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ევროპაში.
აღსანიშნავია, რომ იენის სახელგანთქმულ უნივერსიტეტში არაერთმა ქართველმა მიიღო განათლება.
იენა სიდიდით მეორე ქალაქია ფედერალურ მხარე თიურინგიაში ერფრუტის შემდეგ. იენაში მდებარეობს მსხვილი საწარმო „კარლ ცაისი“.
მოგზაურები, ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის, კოსტა-რიკას ყველაზე სასიამოვნო ქვეყნად თვლიან. კოსტრა-რიკა 1502 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა. ეს ერთადერთი სახელმწიფოა კონტინენტზე, სადაც არა ჰყავთ არმია და მხოლოდ პოლიცია იცავს ქვეყანას. ”ტიკო” ასე უწოდებენ კოსტა-რიკელებს მეზობელი ქვეყნები. ისინი კი იმით ამაყობენ, რომ მათ უფრო მეტი მასწავლებლები ყავთ, ვიდრე პოლიციელები. მართლაც, ეს ცენტრალური ამერიკის ყველაზე განათლებული სახელმწიფოა, სადაც მოსახლეობის 90 % წერა-კითხვის მცოდნეა.
კოსტა-რიკაში ნაყოფიერი ნიადაგები და სოფლის მეურნეობისთვის ხელშემწყობი ჰავაა. წიაღი მდიდარია ოქროთი, ვერცხლით, მანგანუმით, ნავთობით, რაც ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას. კოსტა-რიკა აგრარული ქვეყანაა. მოჰყავთ ყავა, ბანანი, კაკაო, განვითარებულია მეცხოველეობა, რომლის პროდუქციაც საზღვარგარეთ გააქვთ.
ქვეყანაში ხშირი მიწისძვრების გამო ძირითადად ჭარბობს ხის სახლები. ქალაქის ცენტრალურ მოედნიდან კარგად მოჩანს ვულკანი ”ოთხი ძმა”, რომლებსაც საერთო მასიური ძირი აქვთ. ერთი ბოლავს, მეორედან ძლიერი ხმები ისმის და კრატერიდან კილომეტრზე ფერფლისა და აირის ნარევი ადის, მესამედან კი – ცხელი გეიზერი გადმოჩქეფს. ქვეყნის დედაქალაქ სან-ხოსედან გაყვანილია გზა ვულკან ირასუმდე, სადაც ცნობისმოყვარე და დაინტერესებულ პირებს კრატერში ჩახედვაც კი შეუძლიათ. 1968 წელს ირასუს ამოფრქვევამ დიდი ზიანი მიაყენა ახლომახლო რაიონებს. არანაკლებ საშიშია ვულკანი არენალია, რომელიც დედაქალაქიდან 175 კმ-ითაა დაშორებული. 1968 წელს მისმა ამოფრქვევამ უსახლკაროდ დატოვა 20 ათასი ადამიანი.
კოსტა-რიკელები, მეზობელი ქვეყნების მხიარული და ხმაურიანი ხალხისგან, სიდინჯით გამოირჩევიან. გარეგნულად, ჩაცმულობით, მანერებით, გემოვნებით ისინი უფრო ინგლისელებს ჰგვანან.
კოსტა-რიკის ტერიტორიას წარმოადგენს ასევე კუნძული ქოქოსი წყნარ ოკეანეში და ქვეყნის დასავლეთი სანაპიროდან 600 კილომეტრზე, გალაპაგოსის არქიპელაგის მახლობლად მდებარეობს. 1997 წელს კუნძული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს.
ინდოეთის ოკეანის ფირუზისფერ წყლებში ჩაძირულია მწვანე ხმელეთი, რომელსაც ირგვლივ თვალისმომჭრელი ყვითელი ფერის პლაჟის სარტყელი აკრავს. ეს პატარა ხმელეთი ვულკანური წარმოშობის კუნძული მავრიკიაა, რომელიც 1968 წელს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. იგი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 70 კმ-ზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთით – 50 კმ-ზეა გადაჭიმული. ფართობი კი სულ რაღაც 2 ათას კვ.კმ-ია. თუმცა მავრიკიის მახლობლად მდებარე მინიატურული ატოლები – როდრიგესი, აგალეგა და სხვები სახელმწიფოს ფართობს 200 კვ.კმ-ს მატებენ.
კუნძულის ძირითადი ტრასა მაებურიდან დედაქალაქ პორტ-ლუიმდე მიდის. გზა ხან შვეულ კედლებიან კლდეებს შორის გადის, სადაც ჯერ კიდევაა შემორჩენილი შავი ხის ნაზარდი. რომელიც ოდესღაც მთელ კუნძულს ფარავდა, ხანაც შაქრის ჭარხლის პლანტაციების ზღვაში იკარგება. ბუჩქებზე ჩიტისტოლა პეპლები და თითქმის პეპლების ზომის ფრინველები დაფარფატებენ.
1598 წელს ჰოლანდიელები პირველი ევროპელები იყვნენ კუნძულზე. გადმოცემით იმ დროს იქ უზარმაზარი, თითქმის 1 ფუთი წონის უფრთო ფრინველები დრონტები ბინადრობდნენ. ისინი დაუცველები და ძალიან მიმნდობნი ყოფილან, რამაც განაპირობა მათი სახელი დოდო (სულელი), სწორედ აქედან იღებს სათავეს ინგლისელების ცნობილი გამოთქმაც – ”მოკვდა, როგორც დოდო”. ახლა მუზეუმში მხოლოდ დრონტის ფიტულიღაა შემონახული.
ყველა დამპყრობი თავის სახელს არქმევდა კუნძულს. არაბი ხალიფები პირველები მოვიდნენ დაუსახლებელ კუნძულზე და მას ”დინა არობი” (არაბეთის კუნძული) უწოდეს. შემდეგ ჰოლანდიელები დამკვიდრდნენ და თავიანთი პრინცის სახელით მონათლეს კუნძული – მორიცა ნასაუ. ისინი ფრანგებმა შეცვალეს და სახელიც შეუცვალეს – ილ დე ფრანსედ (საფრანგეთის კუნძული) აქციეს. კუნძულს ინგლისელების ხელში გადასვლის შემდეგ მავრიკიად მოიხსენიებენ.
ევროპაში გამოცემულ წიგნებში მავრიკია სხვადასხვანაირი ეპითეტითაა მოხსენებული:: ”აღმოსავლეთის გიბრალტარი”, ”მალტა ინდოეთის ოკეანეში” და სხვა. კუნძულის გერბზე კი დღეს შეგვიძლია წავიკითხოთ დევიზი: ”ინდოეთის ოკეანის ვარსკვლავი და გასაღები”.
მავრიკია პოლიგლოტების კუნძულია. თითქმის ყველა აქაური მცხოვრები თავისუფლად საუბრობს ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, ბევრმა იცის ინდური, მაღაზიებში გაიგონებთ ჩინურსა და არაბულს, ხოლო ბაზრობებზე სუაჰილის ენას. თუ მოსაუბრე მავრიკიელებს ყურადღებით მოუსმენთ, აღმოაჩენთ, რომ მათი ენა აზიური, აფრიკული და ევროპული ენების კონგლომერატია. მრავალენიანობა გამოწვეულია მოსახლეობის ეროვნული სიჭრელით: არაბები, ფრანგები, ჰოლანდიელები, ინგლისელები, ჩინელები, ინდოელები და სხვა. მოსახლეობის 65 %-ს ე.წ. ინდო-მავრიკიელები შეადგენენ.
ირლანდიის კოლონიზაცია ინგლისის მიერ XII ს-ში დაიწყო და ქვეყანა შვიდი საუკუნის განმავლობაში ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა. იგი პირველი ქვეყანაა ბრიტანეთის იმპერიაში, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა. 1900 წლამდე დიდ ბრიტანეთს პოზიციები მყარად ეკავა, საუკუნის დასაწყისში კი ირლანდიელმა ხალხმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყო. ამ ბრძოლის შემდეგ სამხრეთ ირლანდიამ დომინიონის სტატუსი მიიღო, ხოლო ჩრდილოეთი ირლანდია დიდ ბრიტანეთს შეუერთდა. 1949 წელს სამხრეთ ირლანდია დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა.
ირლანდია მე-3 კუნძულია ევროპაში ფართობის მხრივ და მე-20 – მსოფლიოში. კუნძულს დასავლეთით აკრავს ატლანტის ოკეანე, ხოლო კუნძულ დიდი ბრიტანეთისგან ირლანდიის ზღვითა და წმინდა გიორგის სრუტითაა გამოყოფილი.
გოლფსტრიმის თბილი დინების წყალობით კუნძულზე თითქმის არ იცის ზამთარი. მთელი წლის განმავლობაში მწვანედ ბიბინებს საძოვრები – ირლანდიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმდიდრე. ამიტომ ირლანდიას ”ზურმუხტის” კუნძული ჰქვია. მწვანე ფერი ირლანდიის ეროვნული ფერია, ხოლო მწვანე სამყურა – ქვეყნის სიმბოლო.
წმინდა პატრიკი ირლანდიის მფარველი წმინდანია და 17 მარტს აღინიშნება. ეს დღესასწაული თავიდან კათოლიკურ დღესასწაულად ითვლებოდა, ხოლო XVII საუკუნიდან ოფიციალურად დაწესდა სადღესასწაულო და ირლანდიის კულტურის საერო დღედ გამოცხადდა. ეს დღესასწაული ირლანდიის რესპუბლიკაში “უქმე დღედ” არის გამოცხადებული. ყოველ 17 მარტს იმართება წმინდა პატრიკისადმი მიძღვნილი ფესტივალი. ამ დღესასწაულს ასევე აღნიშნავენ იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობს ირლანდიური დიასპორა: ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, არგენტინაში, ავსტრალიაში, ახალ ზენლანდიაში და ა.შ.
კუნძულის სამხრეთი თბილი დინების წყალობით, სუბტროპიკებს წააგავს. სანაპიროს გასწვრივ თავს იწონებენ პალმები, ქარისგან დაცულ ხეობებში იზრდება ბამბუკი, მზისკენ მიისწრაფვის მარწყვის ხის ტოტები, კლდეებზე და ციხე-სიმაგრეთა ნანგრევებში ყველგან წააწყდებით ღია ფერის ყვავილებით დამშვენებულ ფუქსიას.
ირლანდიის ტურისტთა ბიურო მოყვარულებს “თითო ანკესზე თითო ტბას” პირდება. აქ მრავლადაა თევზით მდიდარი ტბები, რაც თევზაობის მოყვარულ ტურისტებს იზიდავს.
ირლანდიაში დაჭაობებული ტერიტორიებს ქვეყნის ტერიტორიის 1/6 უკავიათ.
ირლანდიის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს ცნობილი კუნძული არანი, სადაც ქვების მეტი თითქმის არაფერია. “მიწა არ არის, ის უნდა შექმნა” – ამბობენ აქაურები და ამიტომაც კუნძულელები კალათებით ეზიდებოდნენ ქვიშას, ლამს, წყალმცენარეებს და მცირე ფართობებზე შექმნეს ნიადაგი. დედამიწის ეს მწვანე “ნაკუწები” გარშემორტყმულია ნაცრისფერი ქვის კედლებით, რომელთა გარეშე გრიგალები და წვიმები ზღვაში ჩაიტანდნენ ადამიანის ნამოღვაწარს. აქ იმდენი ქვაა, რომ ამბობენ: ”ყოველ ახალშობილს მუშტში ქვა უკავიაო”. კუნძულ არანზე და კუნძულ კანემარაზე დღემდე შემორჩენილია ირლანდიური (გელური) ენა.
ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში თავმოყრილია ირლანდიის მრეწველობის თითქმის ნახევარზე მეტი. აქ არის ლუდის იმპერიის ციტადელი, რომელიც თავისი პროდუქციით არა მარტო ირლანდიას, არამედ ათობით სხვა ქვეყანასაც ამარაგებს.
ირლანდია ამაყობს თავისი შვილებით: აქაურები იყვნენ დიდი დრამატურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი ბერნარდ შოუ, მწერლები ოსკარ უაილდი და სემიუელ ბეკეტი, პოეტი და დრამატურგი ჯეიმზ ჯოისი, დრამატურგი შონ ოძკეისი და სხვები.
ახალი ზელანდია წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ორ უდიდეს კუნძულზე მდებარეობს, რომელთაც ჩრდილო და სამხრეთ კუნძული ჰქვიათ და მათ კუკის სრუტე ჰყოფთ. მათ გარდა არის კიდევ რამდენიმე კუნძული. საერთო ფართობი დაახლოებით 269 ათასი კვ. კმ-ია.
ახალი ზელანდია ადგილია, სადაც ქვეყნიერება მთავრდება. დედამიწაზე ვერ ნახავთ ისეთ ქვეყანას, რომელიც ისე შორს იყოს სხვა ქვეყნებისაგან, როგორც ახალი ზელანდიაა. თუ გგონიათ, რომ ავსტრალია იქვე ახლოსაა, ძალიან ცდებით: მათ შორის დაშორება 1200 მილია. სამხრეთ ამერიკიდან კი 22 ათასი მილის მანძილზე ოკეანის უსასრულო სივრცეა გადაშლილი. წარმოიდგინეთ, როგორ გაოცდებოდნენ 350 წლის წინათ ევროპელი მოგზაურები, როდესაც აღმოაჩინეს, რომ იგი დასახლებულია.
საიდან მოვიდნენ ახალი ზელანდიის მკვიდრნი? ჯერჯერობით ამაზე გარკვეული პასუხი მეცნიერებს არ გაუციათ. ზოგიერთი მკვლევარი იმასაც კი ფიქრობს, რომ ახალი ზელანდია კაცობრიობის უძველესი სამშობლოა.
ახალი ზელანდიის აბრიგენებს არ ჰქონდათ დამწერლობა, ამიტომ მათი წარმომავლობის შესახებ მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ლეგენდები არსებობს. გადმოცემის თანახმად, დღევანდელი მაორები ოკეანეთიდან – საზოგადოების არიქპელაგის ერთ-ერთ კუნძულ რაიატეადან მოსულან. იქ ცხოვრობდა ბელადი კუპე. იგი დააკვირდა, რომ გრძელბოლოიანი გუგული – კოხოპეროა ყოველ წელიწადს კუნძულზე სამხრეთ-დასავლეთიდან მოფრინავს, რამდენიმე თვის შემდეგ კი უკან ბრუნდება. მან გადაწყვიტა ეპოვა კუნძული, სადაც ბინადრობდა კოხოპეროა. იგი ორი კანოეთი გაემგზავრა, ერთს თვითონ მეთაურობდა, მეორეს კი ვინმე ნგაკე. ხანგრძლივი ცურვის შემდეგ მიაღწიეს მიწას, რომელსაც კუპემ აი-ტეაროა უწოდა, რაც `გრძელ, თეთრ ღრუბელს~ ნიშნავს. შორს, ოკეანის სივრცეში კუნძულის გამოჩენა კუპეს ცაზე `მოცურავე~ ღრუბელი ეგონა. სწორედ ეს იყო ახალი ზელანდია.
მეორე ლეგენდის თანახმად, XII საუკუნეში, კუნძულ ტაიტიდან ბელადი ტოი შვილიშვილის საძებნად გაემგზავრა. მან მიაღწია ახალი ზელანდიის კუნძულებს და საცხოვრებლადაც იქ დარჩა. XIV საუკუნეში კუნძულს ტაიტის მცხოვრებთა დიდი ფლოტილია მიადგა. კუნძულის ძირითადი მოსახლეობა – მაორები – სწორედ მათი შთამომავლები არიან.
ევროპელებზე უფრო მეტად მაორები განცვიფრდნენ, როდესაც კუნძულთან ახლოს 1642 წ. თავიანთ კანოებთან შედარებით უზარმაზარი ხომალდები დაინახეს. ესენი იყვნენ ჰოლანდიელი მეზღვაურები კაპიტან აბელ ტასმანის მეთაურობით. მან რუკაზე დაიტანა ახალი ზელანდიის სანაპიროები, მაგრამ არ გაუმხელია თავისი გეოგრაფიული აღმოჩენა. ამიტომ ახალი ზელანდიის ოფიციალური აღმოჩენა 1770 წ. ინგლისელ მეზღვაურს ჯეიმს კუკს ხვდა წილად. მაორები მტრულად შეხვდნენ მოსულებს და ჯ. კუკის მეზღვაურებთან შეტაკებისას რამდენიმე აბორიგენი დაიღუპა. ინგლისელები დარწმუნდნენ აბორიგენების მამაცობაში. მათ არც მუშკეტების და არც ზარბაზნების არ შეეშინდათ და წინააღმდეგობას უწევდნენ მეზღვაურებს. მიუხედავად ამისა, კუკმა კუნძულები ბრიტანეთის სამფლობელოდ გამოაცხადა. სისხლისმღვრელი ომები მაორებსა და ინგლისელებს შორის დიდხანს გრძელდებოდა და მხოლოდ 1840 წ. გამოცხადდა ახალი ზელანდია ოფიციალურად დიდი ბრიტანეთის კოლონიად. დღეისათვის მაორების რაოდენობა საკმაოდაა შემცირებული.
ამჟამად, ”გრძელი, თეთრი ღრუბლების ქვეყანა~ განვითარებული სახელმწიფოა. განსაკუთრებით განვითარებულია სოფლის მეურნეობა, კერძოდ მეცხოველეობა. იგი დიდი რაოდენობით აწარმოებს მატყლს (მსოფლიოში მხოლოდ ავსტრალიას ჩამორჩება), თითქმის ყველას უსწრებს რძის პროდუქტებისა და ბანანების ექსპორტით.
მალტა – მსოფლიოს ერთ-ერთი პატარა სახელმწიფო – სამხრეთ ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში განლაგებულ არქიპელაგზე მდებარეობს, რომელიც სიცილიის სანაპიროდან 93 კმ-ით, ხოლო ტუნისის სანაპიროდან 288 კმ-ით არის დაშორებული. მანძილი გიბრალტარის სრუტემდე 1826 კმ-ია.
კუნძული მალტა, რომლის სახელიც მთლიანად სახელმწიფოს დაერქვა, 6 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგის ყველაზე დიდ კუნძულს წარმოადგენს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს კუნძულები იმ მთების ნაშთებია, რომელიც ევროპას აფრიკასთან აკავშირებდა. იმ დროს ხმელთაშუა ზღვის ადგილას გადაჭიმული ყოფილა მტკნარი ტბების ჯაჭვი. ექვსი კუნძულიდან სამი – მალტა, გოზო და კომინო დასახლებულია და მათი მთლიანი მოსახლეობა შეადგენს 369 ათას, რომლის 80% ცხოვრობს კუნძულ მალტაზე.
მალტა ფინიკიელების ენაზე ”თავშესაფარს” ნიშნავს, რაც კუნძულის სანაპიროს გეოგრაფიული თავისებურებიდან გამომდინარეობს: აქ მრავლადაა მყუდრო და მოსახერხებელი ნავსადგური.
გეოგრაფიულმა მდებარეობამ – აფრიკის, ევროპის და აზიის გზაჯვარედინზე – მალტა სტრატეგიულ ობიექტად გადააქცია. საუკუნეების განმავლობაში იგი სხვადასხვა ქვეყნის გავლენის ქვეშ ექცეოდა: ჯერ ფინიკიელებმა და რომაელებმა, შემდეგ არაბებმა და ნორმანებმა დაიპყრეს. კუნძულის სტრატეგიული მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ ნაპოლეონმა მასზე თქვა: “მირჩევნია მტერი დავინახო მონ-მარტიდან, ოღონდ არა მალტაზე”. ფრანგებმა მალტა ვერ შეინარჩუნეს. XIX საუკუნეში იგი ინგლისელებმა ჩაიგდეს ხელში და კოლონიად აქციეს.
1964 წლიდან მალტა დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 2003 წლის მაისში კუნძულებზე ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროკავშირში შესვლას. ქვეყანა 2004 წლიდან ევროკავშირის წევრია.
ქვეყნის ტერიტორიის 2/3 თითქმის გამოუყენებელია მიწათმოქმედებისთვის: აქ არის შიშველი კლდეები და კირქვიანი პლატო. ნიადაგის ფენა იმდენად თხელია, რომ მის ეროზიისგან დასაცავად გლეხები ფერდობებს ხელოვნურად ატერასებენ. ასეთ ადგილებში სასოფლო-სამეურნეო მანქანებს ვერ იყენებენ. მალტაში არის ნაყოფიერი ადგილებიც, სადაც მოსავალი წელიწადში 2-3-ჯერ მოყავთ. ამასთან, რბილი ხმელთაშუაზღვიური ჰავა აქაურ ფერმერებს ხელს უწყობს, მთელი წლის განმავლობაში მოიყვანონ ბოსტნეული: ყვავილოვანი კომბოსტო, ხახვი, ტკბილი წიწაკა, პომიდორი, კიტრი, რომლითაც ზამთარში ჩრდილო და დასავლეთ ევროპას ამარაგებენ. მალტაზე არის ფორთოხლის, ლიმონის, გრეიფრუტის, ჭერმის და ლეღვის ნარგავები, აგრეთვე ნუშისა და ზეთის ხილის პლანტაციები. მალტელებს უყვართ ყვავილები. კუნძული მდიდარია სამკურნალო მცენარეებითაც. მალტის მცირე მიწაზე ხორბალი, ქერი, ბამბა და თამბაქოც მოყავთ. მალტელები კარგი მეთევზეებიც არიან.
სახელმწიფოს მნიშვნელოვან შემოსავალს აძლევს ტურიზმი. მათ იზიდავს ძველი დედაქალაქი მდინა თავისი ციხე-სიმაგრეების ნანგრევებით, შუა საუკუნეების არქიტექტურული ძეგლებით, ვიწრო ქუჩებით, რამდენიმე კილომეტრზე გადაჭიმული კატაკომბებით, რომელიც დიდი ხანი არაა რაც აღმოაჩინეს. ყურადღებას იპყრობს იოანე იერუსალიმელის ტაძარი, სადაც მძიმე ქვის ფილების ქვეშ ის მალტელი რაინდები განისვენებენ, რომლებიც XVIII საუკუნემდე ერთგულად ემსახურებოდნენ ევროპელ ფეოდალებს. საიდუმლოებით მოცული კოშკები, საოცარი ფორმის სასახლეები და ციხე-სიმაგრენი, შუა საუკუნის ძეგლები დღემდე იზიდავენ ტურისტებს.
მალტის არქიპელაგის კუნძულების ნებისმიერი წერტილიდან ზღვამდე ”ორი ნაბიჯია”. ზღვის სანაპირო მალტაზე ქვიშიანი (გოლდენ ბეი, პარადიზ ბეი) და ქვიანია. ზღვაში ცურვა განსაკუთრებით უსაფრთხო და სასიამოვნოა, რადგან მალტის კუნძულების მახლობლად არ ბინადრობენ ადამინის სიცოცხლისთვის საშიში თევზები და მედუზები, წყლის ტემპერატურა კი (ზამთრის თვეებშიც კი) 14 გრადუსის დაბლა არ ეცემა.”
მალტის სიმბოლოდ ითვლება დელფინები. ადგილობრივი მინის მწარმოებელი ფაბრიკა “დინა-გლასსი” აწარმოებს ორიგინალურ სუვენირებსა და სამკაულებს, რომელთაც ნამდვილად შეუძლიათ გაუწიონ კონკურენცია ჩეხურ მინასაც კი. განსაკუთრებული სუვენირის სახით მალტიდან ჩამოაქვთ ადგილობრივი დელიკატესები: თხის რძისგან დამზადებული ყველი კუნძულ კოზოდან და უნიკალური საჩუქარი – ადგილობრივი წითელი ღვინო.
მალტის დედაქალაქი ლა-ვალეტა 1566 წელს დაარსდა იოანე იერუსალიმელის მაგისტრის – ჟანა ლა ვალეტას მიერ.
ჩვენთვის, ქართველებისთვის ნამდვილად მაგალითია კ. მალტას მცხოვრებთა შრომისმოყვარეობა, რომლებმაც ეს კლდოვანი კუნძული ნაყოფიერ ადგილად გადააქციეს.
არხი ორმხრივ, ჩრდილო და სამხრეთ საწყლოსნო ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა ევროპასა და აზიას შორის აფრიკის შემოვლის გვერდის ავლით.
არხის 1869 წელს გახსნამდე, საქონელი ხშირად გემებიდან სახმელეთო ტრანსპორტზე გადაჰქონდათ ხმელთაშუა და წითელ ზღვებს შორის.
არხი ორი ნაწილისგან შედგება – დიდი ბიტერის ტბის ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილები, რომლებიც ამ ტბას ხმელთაშუა ზღვასა და სუეცის ყურესთან აერთებს წითელ ზღვაზე.
მეტად საინტერესოა ორი ზღვის გაერთიანების ამბავი. იმ დღეებში ეგვიპტე გრანდიოზულ ზეიმს მასპინძლობდა – ისეთს, რომლის მსგავსი არავის ახსოვდა. 6000 სტუმარს შორის მრავლად იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები: საფრანგეთის იმპერატრიცა ევგენია, ავსტრია-უნგრეთის იმპერატორი ფრანც იოსიფ I, ჰოლანდიის პრინცი და პრინცესა, პრუსიის უფლისწული…
ეგვიპტეს არც ევროპისა და სხვა კონტინენტების სამეფო ოჯახთა წარმომადგენლებისა თუ დიდგვაროვნების ასეთი სტუმრიანობა ახსოვდა, მათ ნება-სურვილებს კი შვიდი დღე-ღამის განმავლობაში 500 მზარეული და 1000-მდე ხელზე მოსამსახურე ასრულებდა.
პორტ-საიდში გამართული ეს საარაკო ზეიმი, რომელიც სუეცის არხის გახსნას მიეძღვნა, ეგვიპტის ვიცე-მეფე იზმაილ ფაშას 28 მილიონი ოქროს ფრანკი დაუჯდა.
მას შემდეგ, რაც ადამიანებმა ბუნებრივი სტიქია მოთოკეს და ამ არხით ხმელთაშუა ზღვა წითელს დაუკავშირეს, თითქმის საუკუნე ნახევარი გასულა, რასაც მისი გახსნის დღეს, 17 ნოემბერს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ. ამიტომ ჩვენც გავიხსენოთ მსოფლიოს ამ საოცრების შექმნის ისტორია, რაზეც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში ფიქრობდნენ. მსგავსი გეგმა იმ დროს ეგვიპტის მეფე ნეხოსაც ჰქონდა და მისი განხორციელება სცადა კიდეც, მაგრამ ბოლოს, როცა ამ საწყლოსნო გზის გაყვანას 120 000 მონა შეეწირა, ოცნებაზე ხელი აიღო. შემდეგ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 500 წლის მიჯნაზე, როცა ეგვიპტე სპარსელებმა დაიპყრეს, მომხდურთა მეფე დარიუს პირველმა არხის გასაყვანად მუშაობა განაახლა და საქმე ბოლომდე მიიყვანა, რაც ნილოსის სანაპიროზე გრანიტის სტელების აღმართვითა და მასზე სათანადო წარწერებიანი ფილებითაც აღნიშნა.
ამ არხის თაობაზე მოგვითხრობს იმ დროის ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე, რომელიც გვაუწყებს, რომ ეს არხი ხმელთაშუა ზღვას წითელთან აერთებდა და მის გავლას ხომალდები ოთხ დღეს ანდომებდნენო. “ისტორიის მამა” არხის სიგანეზეც მიუთითებს. ამბობს, რომ იმდენად განიერი იყო, რომ მასში სამ-სამ ნიჩბიან ორ ნავს გვერდიგვერდ ცურვა შეეძლოთო.
ვარაუდობენ, რომ დარიუსის არხი ნილოსის აღმოსავლეთით გადიოდა და დღევანდელის მსგავსად, ისიც ტბას კვეთდა. მერე ეგვიპტეში რომაელები მოვიდნენ და მათ ეს არხი უფრო სრულყვეს, მაგრამ ბოლოს იგი ქვიშით ამოივსო, მომდევნო თაობებმა კი არხის ხელახლა გაჭრა ვეღარ გაბედეს, თუმცა გეგმები კი ჰქონდათ. ამ არხის გაჭრაზე გეგმებს ამუშავებდნენ ვენეციური სახელმწიფოს ხანაში, ლუდოვიკო მეთოთხმეტის დროს და ნაპოლეონ ბონაპარტეს ბატონობისას.
ნაპოლეონის ინჟინერთა პროექტში არხის მრავლად დარაბვა შეიტანეს, რადგან ფრანგი მკვლევარების გაანგარიშებით, წითელი ზღვის დონე ხმელთაშუა ზღვისას 10 მეტრით აღემატებოდა. ბოლოს გაირკვა, რომ ინჟინრები ცდებოდნენ და არავითარი სხვაობა არ იყო, მაგრამ ამის მერე კიდევ ბევრმა წყალმა ჩაიარა, თუმცა არხის გაჭრა ვერავინ გაბედა.
და აი, დარიუსის მერე, ათას წელზე მეტი ხნის შემდეგ, გამოჩნდა ფერდინანდ ლესეპსი, რომელმაც სუეცის არხის გაჭრის იდეა კვლავ წამოჭრა. ფერდინანდ ლესეპსი, რომელიც შესანიშნავი კვალიფიკაციის ჟურნალისტი იყო, 1831-დან 1838 წლებში კაიროში საფრანგეთის კონსულად მუშაობდა და ამის წყალობით კარგად იცნობდა ეგვიპტის ვიცე-მეფე მოჰამედ საიდ-ფაშას (იმ დროს ეგვიპტე ოსმანთა იმპერიის ნაწილი იყო). ლესეპსმა საიდ-ფაშა შეაგულიანა და დიდი ძალისხმევის შემდეგ, 1854 წელს მისგან არხის მშენებლობის ნებართვა მიიღო. იმავე წელს ლესეპსმა ამ საქმისთვის თურქეთის სულთანისგან ფირმანის რატიფიკაცია მიიღო, მაგრამ ამ ფრანგმა პარიზში კომპანიის დაარსება მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ შეძლო, ფრანგ აქციონერთა გუნდიც მიიზიდა და ბოლოს ავსტრიელ ინჟინერ ალოის ნეგრელის გეგმით არხის გაჭრაც დაიწყო, თუმცა ამ საქმეს ბრიტანელები ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდნენ, ხელს უშლიდნენ და ათას ხრიკს მიმართავდნენ. ირწმუნებოდნენ, ეს საქმე უდიდესი ავანტიურაა, ამ პროექტის განხორციელება ფიზიკურად შეუძლებელია, მეტისმეტად ძვირი და არარენტაბელურიაო. ამიტომაც არცერთი აქცია არ უყიდიათ. ბრიტანელები შიშობდნენ, პროექტის განხორციელების შემთხვევაში ეგვიპტე თურქეთის ძალაუფლებისგან გათავისუფლდება, ჩვენ კი ინდოეთზე ბატონობა შეგვისუსტდება და სულაც დავკარგავთო. არადა, სუეცის არხის გაჭრით ყველაზე მეტად მოგებულნი სწორედ ისინი რჩებოდნენ, რადგან ინდოეთისკენ გზას ლონდონიდან ბომბეამდე მთელი 7343 კილომეტრით იმოკლებდნენ.
ასე იყო თუ ისე, ბრიტანელები ლესეპსის მონდომებას წინ ვერ აღუდგნენ, მით უმეტეს, რომ ამ ფრანგის იდეას ნაპოლეონ III და საიდ-ფაშა, შემდგომ (1863 წლიდან) კი მისი მემკვიდრე იზმაილ-ფაშაც მფარველობდნენ.
ბრიტანელები ერთ რამეში მართლაც მართლები იყვნენ – არხის გაჭრა ტექნიკურად უდიდეს სირთულეებს წააწყდა. თავდაპირველად ნავარაუდევი ექვსი წლის ნაცვლად მშენებლობა თერთმეტ წელიწადს გაგრძელდა, ხარჯები კი უზომოდ გაიზარდა. მუშები, რომლებიც პირველ ხანებში კატორღელები და ეგვიპტელი ღარიბ-ღატაკნი იყვნენ, მხურვალე მზის ქვეშ ირჯებოდნენ ქვიშიან უდაბნოში, სადაც მტკნარი წყალი სრულიად არ მოიპოვებოდა. პირველ ხანებში 25000 მუშისთვის სასმელ წყალს 1600-მდე აქლემით ეზიდებოდნენ, მაგრამ 1863 წლისთვის ეს პრობლემა აღმოიფხვრა. იმ დროისთვის ნილოსიდან მტკნარი წყლის არხი გაიყვანეს, რომელიც დაახლოებით იმავე გზით მიემართებოდა, როგორითაც უძველესი არხები, რომელთა ნარჩენები ზოგან გამოიყენეს კიდეც, თუმცა ისინი ნაოსნობისთვის არ იყო გათვალისწინებული. ამ არხის სიგანე, რომელიც სუეცის არხის საპროექტო მარშრუტის სიახლოვეს გაყოლებაზე მიემართებოდა, წყლის ზედაპირზე სიგანეში 17, ხოლო ფსკერზე 8 მეტრს აღწევდა, სიღრმე კი საშუალოდ 2 მეტრზე ცოტა მეტი იყო, ზოგან – გაცილებით ნაკლები. ამ არხის გაჭრამ საქმე შეამსუბუქა, მით უმეტეს, რომ მის გაყოლებაზე მუშათა ბანაკები ჩარიგდა, თუმცა მათ შორის სიკვდილიანობა მაინც მეტად დიდი დარჩა. მოგვიანებით სამუშაო მექანიზებული გახდა, ამან კი საქმე იმდენად შეამსუბუქა, რომ მშენებლობამ ევპროპელი მუშახელიც მიიზიდა. ბოლოს არხის მშენებლობაზე მუშათა რაოდენობამ 40000 მიაღწია.
ასე იყო თუ ისე, ფერდინანდ ლესეპსის მონდომებამ, რომელიც ბრწყინვალე მენეჯერიც აღმოჩნდა და სამუშაოებს ხელმძღვანელობდა, ნაყოფი გამოიღო და 1869 წლის 17 ნოემბერს არხი გემებისთვის გაიხსნა. მისი მშენებლობისთვის აღებულმა საგარეო ვალებმა ისმაილ ფაშა, რომელმაც საიდ ფაშა შეცვალა, იჯულებული გახადა არხში თავისი წილი დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ გაეყიდა.
ამ არხმა, რომელიც დღემდე უდიდესია (სიგრძე – 163 კილომეტრი, სიგანე – 200 მეტრი, მინიმალური სიღრმე – 15 მეტრი), უმალ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა მსოფლიო ვაჭრობაში და გარსაქვეყნო მოგზაურობაც, რომელიც მანამდე მხოლოდ მთელი აფრიკის შემოვლით იყო შესაძლებელი, დროშიც რეკორდულად შეამცირა. არხის გაჭრამ სრულიად არაფრისგან წარმოშვა საპორტო ქალაქი პორტსაიდი. არხმა სამუშაოების დასრულებამდე ექვსი თვით ადრე განაპირობა პირველი ტრანსკონტინენტური რკინიგზის გაყვანაც.
1980 წელს ამ არხმა განაპირობა კიდევ ერთი საინჟინრო საოცრების დაბადება – მისი ფსკერის ქვეშ საავტომობილო გვირაბის მშენებლობა, რომელმაც სინა კონტინენტურ აფრიკას დაუკავშირა. ტექნიკურ სრლუყოფილებასთან ერთად ამ გვირაბმა ყურადღება თავისი მონუმენტურობითაც მიიპყრო, უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობაც მიიღო და ახლა იგი ეგვიპტის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობადაც სამართლიანად ითვლება.
სუეცის არხს დაუკავშირდა კიდევ ერთი საინჟინრო ქმნილების დაბადება, მთელ მსოფლიოში ყველაზე მაღალი (70 მეტრი) დაკიდებული ხიდის მშენებლობა, რომელმაც 2001 წელს ერთმანეთს დაუკავშირა ორი ქალაქი – პორტ-საიდი და ისმაილი.
ამ და სხვა სიკეთეებთან ერთად სუეცის არხმა არაერთი უბედურებაც მოიტანა. ამ არხმა თავის დროზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აფრიკის შემდგომი კოლონიზაციის საქმეში.
სუეცის არხს ახსოვს ომებიც. პირველად ეს განაპირობა ეგვიპტის საბჭოთა კავშირისგან იარაღის შეძენის სურვილმა, რის გამოც დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასუანის კაშხალის მშენებლობისთვის მხარდაჭერაზე უარი თქვეს, ხოლო ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰამალ აბდელ ნასერმა არხის ნაციონალიზაცია მოახდინა. ამის პასუხად იქ ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ისრაელის ჯარები შეიჭრნენ, რაც ერთკვირიანი ომით, არხის ნაწილობრივი დანგრევით, გემების ჩაძირვით, სხვა ზარალით, მსხვერპლით და ხომალდების ერთწლიანი მიმოსვლის შეწყვეტით დასრულდა.
1967 წელს ისრაელისა და არაბული ქვეყნების ერთკვირიანი ომის გამო სუეცის არხზე ნაოსნობა კვლავ შეწყდა. ამ ქვეყნებს შორის 1973 წელს ატეხილმა ომმა კვლავ ორი წლით შეაჩერა ნაოსნობა, მისი განაღმვის შემდეგ კი არხის რეკონსტრუქციაც ჩატარდა…
და მაინც, სუეცის არხის ამ საიუბილეო დღეებში, ალბათ უფრო მეტად გაიხსენებენ იმ უდიდეს სიკეთეს, რომელიც მის გახსნას მოჰყვა. ალბათ გაიხსენებენ მსოფლიოს კულტურული საგანძურის გამდიდრებასაც, რაც არხის გახსნის საზეიმო ცერემონიალმა განაპირობა.
საქმე ის იყო, რომ იმ დღისთვის ჯუზეპე ვერდის ახალი ოპერის შექმნა დაუკვეთეს. ასე შეიქმნა “აიდა”, რომლის პრემიერასაც სუეცის არხის გახსნის საზეიმო დღე უნდა დაემშვენებინა. მართალია, კომპოზიტორმა დაკვეთის შესრულება ვერ მოასწრო, მაგრამ მაინც დაიბადა “აიდა”, რომლის პრემიერაც კაიროში 1871 წელს გაიმართა.
ჩ.გ. 52 და დ.გ. 38 გრადუსზე ატლანტის ოკეანეში არის ”ჩარლის” წერტილი, სადაც 24 საათის განმავლობაში შეუსვენებლად მუშაობენ ე.წ. ამინდის გემები და ამ გემენზე მომუშავე მეცნიერ-მკვლევარები. ამ წერტილის ადგილმდებარეობა განსაზღვრა ამინდის საერთაშორისო სამსახურმისა და მეზღვაურების დახმარებით მოხდა. სწორედ ამ წერტილიში ხვდება ერთმანეთს თბილი და ცივი დინება, წარმოიქმნება ციკლონები და ანტიციკლონები, ფორმირდება შტორმები და გრიგალები.
ამიტომ. ამინდის მოულოდნელი ცვლილებებით გამოწვეული შედეგების თავიდან ასაცილებლად, ამ ადგილას მეტეოსადგური მოეწყო. მეტეოროლოგები და სინოპტიკოსები ჩარლის წერტილიდან გადასცემენ ცნობებს ამინდის მდგომარეობის შესახებ.
ოკეანეში, 2 კმ-ის სიღრმეზე ჩაშვებულ ბაგირზე დამაგრებულია ხელსაწყოები, რომლებიც ოკეანოლოგებს აწვდიან ცნობებს დინებების მიმართულებასა და სიჩქარის, ოკეანის წყლის ტემპერატურის, მარილიანობისა და წყლის ქიმიური შედგენილობის შესახებ.
რადიოზონდები და მეტეორაკეტები კი, რომლებსაც გემებიდან ჰაერში უშვებენ, აეროლოგებს აწვდიან ინფორმაციას ატმოსფეროს ტენიანობის, ტემპერატურისა და ქარის მიმართულების შესახებ.
ჩარლის წერტილიდან ცნობები ამინდის საერთაშორისო სადგურებში – ნიუ-იორკში, მელბურნსა და მოსკოვში იგზავნება, ხოლო უკვე დამუშავებული ინფორმაცია ქვეყნდება გაზეთებში, გადაიცემა რადიო-ტელევიზიით და ხელმისწავდომია მოსახლეობისთვის.
პამპა — სამხრეთ ამერიკის, ძირითადად არგენტინისა და ურუგვაის, სუბტროპიკული სტეპებია. ინდიელთა ერთ-ერთი ტომის, კეჩუას, ენაზე პამპასები „ბალახიან ვაკეს“ ნიშნავს. ადრე პამპა ბალახით დაფარული და ძირითადად მეცხოველეობის განვითარების რაიონი იყო. დღეს ტერიტორიის დიდი ნაწილი ირწყვება და ხორბლისა და სიმინდის ნათესებითაა დაფარული.
დიდი შინნაქსოვი შალით – პონჩოთი – ვერცხლის მონეტებით დამშვენებული ინდიელთა წინსაფრით, მაღალყელიანი ჩექმებით, ყელზე ფერადი ყელსახვევით, ლასოთი და დანით აღჭურვილი კოვბოი – ასეთია პამპის მფლობელი – გაუჩო.
მაინც ვინ არის გაუჩო და როდის გაჩნდა პირველად იგი?
XVI ს-ის შუა ხანებში ესპა¬ნელი იეზუიტები მდინარეების პარანას და ურუ¬გვაის ზემო დინებაში შეიჭრნენ, სადაც ინდიელების ერთ-ერთი მიწათმოქმედი ტომი _ გაუარანი ცხოვრობდა. ესპანელებმა შემოიყვანეს ძროხა, ცხვარი და ცხენი. ცხოველები გამრავლდნენ და თვალუწვდენელ სტეპებში მათი უმრავლესობა გაველურდა. გაუარანის ტომიც, რომელიც ადრე პრიმიტიულ მიწათმოქმედებას ეწეოდა, სტეპების მომთაბარე სხვა ტომებთან ერთად, გაველურებულ ცხოველებზე მონადირეებად გადაიქცნენ. ისინი ცხოველებს ძირითადად ტყავისთვის ხოცავდნენ, ხოლო მთავარ იარაღად ლასოს იყენებდნენ. სიტყვა `გაუჩო~ აღებულია ინდიელთა ერთ-ერთი ტომის ენიდან და `მხედარს~ ნიშნავს. ასე უწოდებდნენ პამპის თავისუფალ მონადირეებს.
კოლონიური რეჟიმის დროის არგენტინა ძირითადად მეცხოველეობას მისდევდა. სამფლობელოები შემოღობილი არ იყო და ამიტომ გაუჩოების სწრაფი და მოხერხებული მოქმედებით საქონელი ერთი მფლობელიდან მეორესთან გადადიოდა. თანდათან იზრდებოდა არგენტინის მოსახლეობა; ესპანურ კოლონიებს შორის გაჩაღდა ვაჭრობა, პატრონი გამოუჩნდა საძოვრებსაც და შეიზღუდა თავისუფალი გადაადგილებაც, რაშიც გაუჩოსაც მიუძღვის წვლილი. საძოვრების პატრონებს მუშახელი სჭირდებოდათ, გაუჩოს კი – სამუშაო, ამიტომ ისინი დაქირავებულ მწყემსებად გადაიქცნენ. გაუჩოს გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მეცხოველეობის განვითარება, რადგანაც ისინი ყველაზე საუკეთესო მწყემსები იყვნენ. მათი ცხოვრება ამ პერიოდისთვის დიდად არ შეცვლილა: პამპაში ჩაძირული ქოხები, ცხენი და უნაგირი, მჭრელი დანა იგივე დარჩა, მაგრამ ისინი უკვე აღარ იყვნენ პამპის მფლობელნი.
XIX ს-ში არგენტინამ თავი დააღწია ესპანეთის კოლონიალიზმს და დამოუკიდებელ ქვეყნად გამოცხადდა. სახელმწიფომ დაიწყო განვითარება, თანდათან შემცირდა გაუჩოთა რიცხვიც, მათ თავიანთი ადგილი იმიგრანტებს დაუთმეს.
ვის უწოდებენ დღეს “გაუჩოს”? – ეს ჩვეულებრივი პეონიაა (იგივე გლეხი), რომელიც პატაგონიის სტეპებში მწყემსად მუშაობს. მათ კვლავ მოიხსენიებენ, როგორც “კაცი ცხენზე”, მაგრამ ყოფილი კოვბოები, ახლა უბრალო, დაქირავებული მწყემსები არიან.
ველიჩკა პოლონეთის ერთ-ერთი ძველი და საინტერესო ქალაქია. აქაურ მარილის მაღაროებს ათას წელზე მეტი ხნის ისტორია აქვთ. ძველი მაღაროები მიტოვებულია და მუზეუმად არის გადაქცეული. მაღაროში ჩასვლა ლიფტითაც შეიძლება და კიბეებითაც. ექსკურსანტები, რა თქმა უნდა, კიბეებით ჩადიან 135 მ სიღრმემდე. ვიწრო დერეფნებით, რომლებიც მარილის ფენებშია გაჭრილი ერთი დარბაზიდან მეორეში გადადიხართ. აქ ყველაფერი მარილისაა: კიბეები, კედლები, იატაკი და ჭერი. ელექტრონის შუქზე ბრწყინავენ მარილის კრისტალები. XVII საუკუნეში ბერების ბრძანებით აქ სამლოცველოც გამოუკვეთავთ, მოყვარული მუშების მიერ კი მარილში გამოკვეთილია წმინდანების ქანდაკებები, რომლებსაც სიძველე არ ეტყობათ.
მაღაროში ერთ-ერთი დერეფანი ბარიერთან მთავრდება, რომლის იქით ტბაა. გულითაც რომ გინდოდეთ, მასში ვერ დაიხრჩობით, რადგან ტბის წყალი მარილითაა გაჯერებული. მიწის ქვეშ, ერთ-ერთ დიდ მაღაროში კალათბურთის მოედანია მოწყობილი, აქვეა ფოსტა და პატარა მაღაზიები, სადაც სუვენიერბის შეძენა შეიძლება.
დაღლილი და ნასიამოვნები ტურისტები დღის სინათლეს და დედამიწას ლიფტით უბრუნდებიან.
1978 წლიდან ველიჩკას მაღაროები იუნესკოს მსოფლიოს მემეკვიდრეობის სიაშია შესული.