ბუვეს კუნძული (Bouvet Island), რომელსაც ხშირად დედამიწის ყველაზე „მარტოსულ“ ადგილს უწოდებენ, დაუსახლებელი ვულკანური კუნძულია. იგი ატლანტის ოკეანის სამხრეთში და სამხრეთ აფრიკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. კუნძული სამხრეთის 60°-იან პარალელზეა და აფრიკიდან დაახლოებით 2600 კილომეტრითაა დაშორებული, ხოლო ანტარქტიდიდან, კერძოდ კი დედოფალ მოდის მიწიდან, 1600 კილომეტრით, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ ხმელეთად აქცევს. ბუვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაშორებული კუნძული კონტინენტიდან აღდგომისა და ტრისტან და კუნიას კუნძულების შემდეგ.
კუნძულს სახელი მისი აღმომჩენის, ფრანგი ჟან-ბატისტ ბუვე დე ლოზიეს (1705–1786) პატივსაცემად ეწოდა, რომელმაც კუნძული 1739 წლის 1 იანვარს აღმოაჩინა. ნისლის გამო მან კუნძული კონცხად ჩათვალა, რომლის იქითაც დიდი ხმელეთი უნდა ყოფილიყო გადაჭიმული. ბუნებრივია, მან ივარაუდა, რომ ეს იყო უცნობი სამხრეთის მიწა, რომელიც იმ დროის რუკებზე იყო მონიშნული.
1772 წელს ჯეიმს კუკმა ბუვეს მიერ მითითებული წერტილის მახლობლად გაცურა, მაგრამ რადგან ბუვემ შეცდომით განსაზღვრა კუნძულის გრძედი, კუკმა ხმელეთს ვერ მიაღწია. 1808 წელს, ვეშაპებზე სანადირო გემის კაპიტანმა, ჯეიმს ლინდსიმ, პირველმა ზუსტად განსაზღვრა კუნძულის კოორდინატები, რომელიც მაშინვე არ იქნა იდენტიფიცირებული ბუვეს მიერ აღმოჩენილ მიწასთან და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცნობილი იყო, როგორც „ლინდსის კუნძული“. 1825 წლის 10 დეკემბერს, კუნძულზე კაპიტანი ნორისი გადავიდა. მან ბუვე ბრიტანეთის საკუთრებად გამოაცხადა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ლორდ ლივერპულის, პატივსაცემად „ლივერპულის კუნძული“ უწოდა.
ნორვეგიული გემის „Norge“-ს ეკიპაჟმა კუნძულზე 1927 წელს, დაახლოებით, ერთი თვე გაატარა. 1927 წლის 1 დეკემბერს, ექსპედიციის ლიდერმა ლარს კრისტენსენმა კუნძული ნორვეგიულად გამოაცხადა. მეფე ჰააკონ VII-ის 1928 წლის 23 იანვრის ბრძანებულებით, ბუვეს კუნძული „ნორვეგიის ტერიტორიად“ გამოცხადდა. 1929 წელს დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვა ბუვეს კუნძულზე ტერიტორიულ პრეტენზიებზე. 1930 წელს სტორტინგმა მიიღო კანონი, რომლითაც ბუვეს კუნძული ნორვეგიის დამოკიდებულ ტერიტორიად გამოცხადდა.
დღესაც ბუვე ნორვეგიის დამოკიდებული ტერიტორიაა და მასზე არ ვრცელდება ანტარქტიდის შესახებ შეთანხმება. ეს არის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ანტარქტიდის დემილიტარიზაციას, მის მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისათვის გამოყენებას და ბირთვული იარაღისაგან თავისუფალ ზონად გადაქცევას, 1959 წლის 1 დეკემბერს ვაშინგტონში დაიდო და ძალაში 1961 წლის 23 ივნისს შევიდა 12 პირველმონაწილე სახელმწიფოს ხელმოწერის შემდეგ.
კუნძულის ფართობი 60 კმ²-ია და ტერიტორიის 93% ყინულითაა დაფარული. იგი გარშემორტყმულია ციცაბო კლდეებით, რაც კუნძულზე გადასვლას საკმაოდ ართულებს, ხოლო მკაცრი ამინდი, ყინვა და ხშირი შტორმები, კიდევ უფრო ხაზს უსვამს მის მიუწვდომლობას.
ბუვეს კუნძული არ არის მხოლოდ შორეული ტერიტორია – ის თითქმის მთლიანად მოწყვეტილია მსოფლიოსგან. ესაა კუნძული აეროდრომისა და მუდმივად მცხოვრები ადამიანების გარეშე. ამიტომ იქ მოხვედრა მხოლოდ სპეციალიზირებული გემებითაა შესაძლებელი, რომლებსაც ცივ სამხრეთ ოკეანეში შეუძლიათ ნავიგაცია. ადამიანთა უახლოესი დასახლებები ათასობით კილომეტრითაა დაშორებული, რაც ბუვეს, ჩვენი პლანეტის ხელუხლებელი კუთხის სტატუსს ანიჭებს.
კუნძულზე ზამთარი ჯერ არავის გაუტარებია. კუნძულის შესწავლას მნიშვნელოვნად აფერხებს ექსპედიციების ტრანსპორტირების სირთულეები, რაც კუნძულის რელიეფთან არის დაკავშირებული.
მიუხედავად იზოლაციისა, ბუვეს კუნძულს სამეცნიერო მნიშვნელობა გააჩნია. ის ნაკრძალია და მისი ხელუხლებელი გარემო მეტად ღირებულ მონაცემებს გვაწვდის გლობალური ამინდისა და ანტარქტიდის ეკოსისტემების შესასწავლად. ლოჯისტიკური სირთულეებისა და ექსტრემალური პირობების გამო მკვლევართა და ავანტიურისტთა ვიზიტები აქ საკმაოდ იშვიათია.
ბუვეს კუნძულზე ყინულის საფარის ქვეშ მდებარეობს აქტიური ვულკანი. კუნძულზე გვხვდება ხავსების, ლიქენების და ზღვის ფრინველების, მათ შორის პინგვინებისა პატარა ეკოსისტემა. მის კლდოვან ნაპირებზე ხშირად ამოდიან სელაპები, რაც კუნძულის ბიომრავალფეროვნებას ამდიდრებს.
ჩვენს პლანეტაზე ბევრი უჩვეულო და უნიკალური ადგილია, მათ შორის ისეთებიც სადაც ადამიანს ჯერ კიდევ არ დაუდგამს ფეხი. ზოგიერთ ადგილამდე მიღწევა უკიდურესად რთულია ან სულაც შეუძლებელია. სწორედ ასეთი ადგილებია ე.წ. მიუწვდომლობის პოლუსები. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ადგილები, რომლებიც ცივილიზაციისგან მაქსიმალურადაა დაშორებული და მისაღწევადაც ძალიან რთულია. დედამიწაზე მიუწვდომლობის სულ ოთხი პოლუსი არსებობს: კონტინენტური (ჩინეთის ჩრდილოეთით), ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე და ოკეანური – ნემოს წერტილი – უნიკალური ტერიტორია წყნარი ოკეანის სამხრეთში.
ნემოს წერტილი დედამიწაზე სანაპიროდან ყველაზე დაშორებულ ადგილად ითვლება, რადგან უახლოესი ხმელეთი 2500 კმ-ზე მეტ მანძილზეა. ამ ადგილს წერტილს პირობითად უწოდებენ: სინამდვილეში, ტერიტორიის ფართობი, დაახლოებით, 37 მილიონი კვ. კმ-ია.
ნემოს წერტილი აღმოსავლეთ წყნარი ოკეანის სამხრეთ საზღვართან მდებარეობს – წყალქვეშა ვულკანური აქტივობის ხაზთან, რომელიც კალიფორნიის ყურემდე გრძელდება. იგი საზღვარია წყნარი ოკეანისა და ნასკას ტექტონიკურ ფილებს შორის, რომლებიც მუდმივად შორდებიან ერთმანეთს. ფილებს შორის გაყოფის ადგილებს, ფილებს შორის მაგმა ავსევს, რომელიც ჰიდროთერმული კრატერებს წარმოქმნის, საიდანაც ცხელი წყალი და მინერალები იფრქვევა.
ადგილს სახელი არ მიუღია ამავე სახელწოდების მულტფილმიდან აღებული კლოუნთევზიდან, თუმცა მაინც არის გარკვეული მხატვრული ჩანაფიქრი. მას სახელი ჟიულ ვერნის 1870 წელს დაწერილი სათავგადასავლო რომანის „ოცი ათასი კმ ზღვის ქვეშ“ მთავარი მოქმედი გმირის კაპიტან ნემოს პატივსაცემად ეწოდა. სხვათა შორის, სიტყვა „ნემო“ (nemo) ლათინურიდან ითარგმნება, როგორც „არავინ“. ეს სახელი ლოგიკურია და იდეალურად ასახავს მიუწვდომლობის პოლუსის არსს: დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერები თვლიდნენ, რომ აქ არავინ ცხოვრობდა.
1992 წელს ხორვატმა გეოდეზოსტმა ჰრვოე ლუკატელამ ნემოს წერტილის მდებარეობა კარტოგრაფიული პროგრამების გამოყენებით გამოთვალა. ლუკატელა, იმის მაგივრად რომ ამ განსაკუთრებული წერტილის აღმოსაჩენად ქსპედიციაში წასულიყო, ხმელეთზე დარჩა და სპეციალიზირებული კომპიუტერული პროგრამის დახმარებით დაიწყო გამოთვლები, რომელიც, მაქსიმალური სიზუსტისთვის, დედამიწის ელიფსოიდური მოდელით ახდენდა კალკულაციას. გამოანგარიშებული ლოკაცია კი ნაკლებ სავარაუდოა რომ ოდესმე შეიცვალოს.
დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ აქაურ წყლებში სიცოცხლე არ არსებობდა და მხოლოდ ბაქტერიები და ღრუბლები იყო. თევზებს და წყლის ბინადარ სხვა ორგანიზმებს საკვები სჭირდებათ, რომელიც ხმელეთთან ან ოკეანის ფსკერთან ახლოს გვხვდება. მაგრამ ნემოს წერტილში ოკეანე ძალიან ღრმაა – დაახლოებით 3 კმ და უახლოესი სანაპირო ზოლიც საკმაოდ შორს არის. უფრო მეტიც, დინების ძლიერი წრებრუნვა ხელს უშლის ამ ტერიტორიაზე წყალქვეშა სიცოცხლისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების მოხვედრას. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ტერიტორიის ზემოთ ოზონის ხვრელის არსებობა, რომელლშიც ულტრაიისფერი გამოსხივების ძლიერი ნაკადი გადის, რაც ხელს უშლის სიცოცხლის გაჩენას.
2005 წელს ოკეანოგრაფებმა ნემოს წერტილის მიმდებარედ მანამდე უცნობი წყალქვეშა არსება -კიბორჩხალა იეტი – აღმოაჩინეს. მან ეს სახელი თეთრი ფერისა და ბუმბულისებრი, ბეწვის მსგავსი ჯაგრით დაფარული ბრჭყალების გამო მიიღო. ის 2 კმ-ზე ოდნავ მეტ სიღრმეზე იპოვეს. მეცნიერები ახლა დარწმუნებულები არიან, რომ ეს არ არის უკანასკნელი ცოცხალი არსება, რომელიც მიუწვდომლობის ოკეანურ პლუსზე აღმოაჩინეს.
ნემოს წერტილი ასევე ცნობილია, როგორც კოსმოსური ხომალდების სასაფლაო. მათი „ვარგისიანობის ვადის“ გასვლის შემდეგ, კოსმოსური ხომალდები ორბიტიდან აქ „მოსასვენებლად“ იგზავნება, რადგან აქ ისინი საფრთხეს არ უქმნიან ადამიანებს ან გარემოს.
იმის გათვალისწინებით რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ორბიტა დედამიწიდან დაახლოებით 416 კილომეტრის დაშორებითაა, ხოლო ამ უკაცრიელი ადგილიდან უახლოესი დასახლებული პუნქტი 2700 კილომეტრითაა დაშორებული – გამოდის რომ წერტილ ნემოს, ყველაზე ხშირად, სწორედ ასტრონავტები უახლოვდებიან.
ჟიულ ვერნი დღეს ცოცხალი რომ ყოფილიყო, მას აუცილებლად შთააგონებდა მოგზაური და მკვლევარი ფიოდორ კონიუხოვის ისტორია. ის გახდა ისტორიაში პირველი ადამიანი, ვინც ნიჩბით მარტო გადაკვეთა ოკეანე და გაიარა ნემოს წერტილი. დაგეგმილი 100-120 დღის ნაცვლად, მან ზღვაში 154 დღე გაატარა, რომელთა უმეტესობა შტორმული იყო. მოგზაურმა განაცხადა, რომ მას მოუწია 12 ბალიანი სიმძლავრის შტორმთან შერკინება: ასეთი შტორმის დროს ტალღები 16 მეტრზე მეტ სიმაღლეს, ხოლო ქარის სიჩქარე 32.6 მ/წმ-ს აღწევს – ეს ის ძალაა, რომელსაც შეუძლია ხეების ფესვებიანად ამოძირკვა და სახლების დანგრევა. კონიუხოვის თქმით, ეს ტალღები წუთში ოთხჯერ ეჯახებოდა მის ნავს. მათი სიგრძე დაახლოებით 300-400 მეტრი იყო. შტორმის დროს ის ნავის დალუქულ განყოფილებაში იმყოფებოდა, ღვედით შეკრული და გადარჩა მათემატიკური გამოთვლების, სიფრთხილის, ნავის ამგები გენიალური ინჟინრებისა და საკუთარი გამბედაობის წყალობით.
1997 წელს მეცნიერებმა ნემოს წერტილიდან მომდინარე უჩვეულო ხმაური დააფიქსირეს. ჟურნალისტები თვლიდნენ, რომ ეს აქამდე უცნობი სიცოცხლის ფორმის ნიშნები იყო, ხოლო ფართო საზოგადოება ვარაუდობდა, რომ ეს ურჩხულები იყვნენ. თუმცა, მეცნიერები ყოყმანობდნენ დასკვნების გამოტანას. აღმოჩნდა, რომ ეს ბევრად უფრო პროზაული იყო: აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნულმა ადმინისტრაციამ დაამტკიცა, რომ ამ უცნაურ ხმას ოკეანეში მოდრეიფე აისბერგები დაშლისა და დაბზარვის პროცესში გამოსცემდნენ.
საინტერესოა, რომ ნემოს წერტილის აღმოჩენამდ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ამერიკელი მწერალი ჰორვარდ ფილიპს ლავკრაფტი თავის მოთხრობაში „ქთულჰუს ძახილი“ ჩაძირული ქალაქის შესახებ წერდა, სადაც წყალქვეშა ურჩხულს სძინავს. მის მიერ მოწოდებული ამ ადგილის კოორდინატები მხოლოდ 1°-ით განსხვავდება მიუწვდომლობის პოლუსის კოორდინატებისგან.
თუ რაიმე სამწუხარო შემთხვევის წყალობით ნემოს წერტილში აღმოჩნდებით, თქვენი გადარჩენის გზა არ არსებობს. აქ არც თვითმფრინავები დაფრინავენ, არც სატვირთო გემები და არც ოკეანის ლაინერები დაცურავენ. უახლოესი ადამიანები კოსმოსში არიან.
ამ რეგიონის სიღრმეებში უამრავი საიდუმლო იმალება, რომელიც აღმოჩენას ელის, მაგრამ წერტილი ნემოს მიუვალობა და სიშორე კვლევას ართულებს. თუ არ ჩავთვლით იშვიათად გამართულ იახტებით რბოლას მსოფლიოს გარშემო, ამ ადგილებს თითქმის არავინ სტუმრობს.
2013 წელს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით დადასტურდა, რომ სამხრეთ წყნარი ოკეანის წრიული დინების შიგნით, ოკეანეებში გადაყრილი ნარჩენების თავმოყრა ხდება, და ეს უზარმაზარი მცურავი ნაგავსაყრელი წერტილი ნემოდან 2500 კილომეტრში მდებარეობს. ნარჩენები, ძირითადად, სხვადასხვა სახეობის პლასტიკური მასალისგან შედგება, რომლებიც წყალში გემებიდან და სანაპიროებიდან ხვდება, ხოლო მოგვიანებით, ოკეანური დინებები ამ ნარჩენებს მცირე ნაწილებად აქუცმაცებს. ბიოლოგების მტკიცებით, დაბინძურებამ შესაძლოა მთლიანად მოარღვიოს ეკოსისტემის ბალანსი, რადგან თუკი ნარჩენები ერთ სახეობას გამრავლებაში ეხმარება, სხვა სახეობებს საგრძნობლად უმცირებს საარსებო გარემოს.
ნორვეგიის სამეფო ჩრდილოეთ ევროპაში, სკანდინავიის ნახევარკუნძულზე მდებარეობს და ნახევარკუნძულის დასავლეთი და ჩრდილოეთი ნაწილიუკავია. მას ასევე კუნძული იან-მაიენი და არქტიკული არქიპელაგი შპიცბერგენი ეკუთვნის. ნორვეგიის სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორიებს მიეკუთვნება სუბანტარქტიკულ სარტყელში მდებარე ბუვეს კუნძული. აგრეთვე, მის დაქვემდებარებაშია დედოფალ მოდის მიწა და პეტრე I-ის კუნძული.
ჩრდილოეთის ქვეყნებს შორის ნორვეგია ყველაზე ჩრდილოეთით მდებარეობს და თუ სლავბარდსაც ჩავთვლით ნორვეგიის ტერიტორიაში, მაშინ იგი უკიდურეს აღმოსავლეთით მდებარე ქვეყანაც გამოდის. ქვეყნის ტერიტორიას მიეკუთვნება ევროპის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაც.
ქვეყნის სანაპირო ხაზი კლდოვანი, არათანაბარი რელიეფის მქონე სანაპირო ფიორდებითაა დანაწევრებული. ქვეყნის ძირითადი ნაწილის სანაპირო ზოლის სიგრძე ფიორდების ჩათვლით 28,953 კილომეტრია, ხოლო თუ კუნძულების სანაპირო ზოლსაც ჩავთვლით, მისი მთლიანი სიგრძე 100,915 კმ ხდება.
ნორვეგია ცნობილია თავისი საოცარი ფიორდებით, მათ შორის რამდენიმე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებია. ნორვეგიას ეკუთვნის სოგნე-ფიორდიც, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ღრმა და ამასთანავე ყველაზე გრძელი (204 კმ) ფიორდია.
ქვეყანაში სულ 400 ათასი ტბაა, რომელთაგან ჰორნინდალსვატნეტი ამავე დროს ევროპის ყველაზე ღრმა ტბაა არის. აგრეთვე ნორვეგიის ტეროტირიას ეკუთვნის 239,057 რეგისტრირებული კუნძული. მრავალწლოვანი მზრალობის ნახვა ქვეყანაში, მაღალი მთების ტერიტორიასა და ფინმარკის საგრაფოში მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი. ქვეყანაში ბევრია მყინვარი.
ნორვეგია მსოფლიოში ნავთობისა და ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია და მისი სუვერენული სიმდიდრის ფონდი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ინდუსტრიაში ინვესტირებისათვის გრძელვადიანი ეროვნული კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
არქტიკული წრის ჩრდილოეთით მდებარე ლოფოტენის კუნძულები განთქმულია მათი დრამატული ლანდშაფტებით, მათ შორის მთებით, პლაჟებით და სათევზაო სოფლებით.
ქვეყანაში ხდება უნიკალური ბუნებრივი მოვლენა, სახელად „შუაღამის მზე“, როცა არქტიკული წრის ჩრდილოეთით მდებარე ნორვეგიის ტერიტორიები ზაფხულის თვეებში 24 საათიან დღის სინათლეს იღებენ.
ნორვეგიაში მისი გეოგრაფიული მდებარეობის, მრავალფეროვანი რელიეფისა და კლიმატის გამო იმაზე მეტ ჰაბიტატია, ვიდრე ევროპის უმეტეს ქვეყანებში. ნორვეგიასა და მის მიმდებარე წყლებში 60 000 სახეობაა (ბაქტერიებისა და ვირუსების გამოკლებით) გავრცელებული.
ნორვეგია მსოფლიოში ნავთობისა და ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია და მისი სუვერენული სიმდიდრის ფონდი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ინდუსტრიაში ინვესტირებისათვის გრძელვადიანი ეროვნული კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
სახელმწიფოკონსტიტუციური მონარქიაა. სახელმწიფოს მეთაურია მეფე, ხოლო მთავრობის მეთაური — პრემიერ-მინისტრი. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო – სტორთინგი, ორი პალატისაგან – ლაგთინგი (45 წევრი) და ოდელსთინგი (124 წევრი) შედგება.
ქვეყანაში ცხოვრების მაღალი დონეა და ამიტომ გლობალური ბედნიერებისა და ცხოვრების ხარისხის ინდექსებში ნორვეგიას შესანიშნავი ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური კეთილდღეობის სისტემების გამო წამყვანი ადგილი უკავია. ნორვეგიაში ასევე ფიქსირდება მსოფლიოში კრიმინალის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.
ვიკინგები, რომლებიც ცნობილი არიან თავიანთი ზღვისპირა აღმოჩენებით, წარმოშობით ნორვეგიიდან არიან და ქვეყანა მდიდარია ვიკინგური მემკვიდრეობით, მათ შორის აღსანიშნავია ვიკინგსკიფშუსეტის მუზეუმი ოსლოში, სადაც კარგადაა შემონახული ვიკინგური გემები.
ნობელის მშვიდობის პრემიის გადაცემის ყოველწლიური ცერემონია ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ტარდება, ხოლო ნობელის კომიტეტი, რომელიც პასუხისმგებელია ლაურეატების შერჩევაზე, ქვეყანაში მისი დაარსების დღიდან მუშაობს.
ნორვეგიას მსოფლიოში ელექტრომობილების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, ელექტრომობილები ბოლო წლებში ახალი მანქანების გაყიდვების 50%-ს შეადგენენ.
ნორვეგია ცნობილია თავისი ზამთრის სპორტის სახეობებით, განსაკუთრებით კი სათხილამურო სპორტით. ქვეყანას ყველაზე მეტი ზამთრის ოლიმპიური მედალი აქვს მოპოვებული.
ნორვეგიის ტრადიციული სამზარეულო მოიცავს ისეთ კერძებს, როგორიცაა რაკფისკი (ფერმენტირებული თევზი), ბრუნოსტი (ყავისფერი ყველი), და ლუთეფისკი (მშრალი თევზი რეკონსტიტუირებულია ლიეს ხსნარში).
ქვეყანას ხალხური ზღაპრებისა და მითების ხანგრძლივი და დიდარი ისტორია აქვს, რაც აქაური ტროლების, ელფების და სხვა მითიური ქმნილებების დამსახურებაა.
ნორვეგია ლიდერია გარემოს მდგრადობის მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავს ნახშირბადის ემისიების შემცირებას და ენერგიის განახლებადი წყაროებზე გადასვლას. ქვეყანას დაგეგმილი აქვს 2030 წლისთვის ნახშირბად ნეიტრალური გახდეს.
ჩილე გრძელი, ვიწრო ქვეყანაა, რომელიც სამხრეთ ამერიკის დასავლეთ კიდეშია გადაჭიმული. მას დასავლეთით წყნარი ოკეანე, ხოლო აღმოსავლეთით ანდების მთები ესაზღვრება. ქვეყნის სიგრძე 4300 კილომეტრზე მეტია, მაგრამ მის ყველაზე განიერი ადგილი მხოლოდ 350 კილომეტრია.
სანტიაგო ჩილეს დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ხოლო ვალპარაისო ქვეყნის მთავარი პორტი და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ჩილეს ოფიციალური ენა ესპანურია, თუმცა სამხრეთ რეგიონებში ბევრი ადამიანი საუბრობს მაპუდუნგუნზე, მკვიდრი მაპუჩე ხალხის ენაზე.
ჩილეს ეროვნულ დროშას “La Estrella Solitaria” (მარტოხელა ვარსკვლავი) ჰქვია და მასზე გამოსახულია ვარსკვლავი, რომელიც ქვეყნის წინსვლის გზამკვლევის სიმბოლოს წარმოადგენს.
ჩილე ცნობილია თავისი მრავალფეროვანი პეიზაჟებით, რომელიც მოიცავს უდაბნოებს, მთებს, ტყეებს და მყინვარებს, რაც მას სამოთხედ აქცევს ტურისტებისთვის. წყნარი ოკეანის „ცეცხლოვანი რგოლის“ გასწვრივ მდებარეობის გამო ჩილეში ხშირია მიწისძვრები. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა და რომლის მაგნიტუდა 9,5 ოყო, 1960 წელს მოხდა.
ატაკამის უდაბნო ჩრდილოეთ ჩილეში ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილია დედამიწაზე. უდაბნოს ზოგიერთ რაიონში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ნალექი საერთოდ არ მოდის.
ჩილე ამაყობს მსოფლიოში ყველაზე სუფთა ცით, რაც მას ასტრონომიული ობსერვატორიების მთავარ ადგილად აქცევს. სწორედ აქ მდებარეობს ცნობილი პარანალის ობსერვატორია.
ჩილე სპილენძის წამყვანი მწარმოებელი ქვეყანა და მსოფლიოს სპილენძის დაახლოებით მესამედს აწვდის.
ჩილეს სანაპირო ზოლი 6000 კილომეტრზე მეტია, რის გამოც მისი საზღვაო მეურნეობა უზრუნველყოფილია ზღვის პროდუქტებით, მათ შორის თევზით, მოლუსკებითა და წყალმცენარეებით.
ქვეყანა ასევე განთქმულია თავისი ღვინის წარმოებით, განსაკუთრებით წითელი ღვინოებით, როგორიცაა Carménère და Cabernet Sauvignon. ჩილე ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში.
ჩილე წიგნიერების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელით გამოირჩევა ლათინურ ამერიკაში: ქვეუნის მოსახლეობის თითქმის 100%-ს შეუძლია წერა-კითხვა.
ქვეყანას აქვს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც შექმნილია როგორც ადგილობრვი ტრადიციების, ისე ევროპული კოლონიზაციის გავლენის ქვეშ. აღდგომის კუნძული, რომელიც წყნარ ოკეანეში მდებარეობს, ჩილეს განსაკუთრებული ტერიტორიაა და თავისი იდუმალი მოაის ქანდაკებებითაა ცნობილი.
მაპუჩეს ხალხი ჩილეს ერთ-ერთი უდიდესი ძირძველი ეთნიკური ჯგუფია, რომელსაც მნიშვნელოვანი კულტურული გავლენა აქვს ქვეყნის ტრადიციებსა და ისტორიაზე.
ჩილეს ეროვნული ცეკვა არის კუეკა, რომელიც ჩილელებისთვის იგივეა რაც ტანგო არგენტინელებისთვის ან სამბა ბრაზილიელებისთვის. ცეკვის თანმხლებ სიმღერაში შეგიძლიათ აბსოლუტურად ნებისმიერი მნიშვნელობა ჩასვათ – რაც თქვენს გულს სურს. ასეთ თავისუფლებასა და შეუზღუდავ ქმედებაში ჩანს ჩილელი ხალხის სული, რომელმაც ბევრი ტანჯვა და განსაცდელი განიცადა, მაგრამ ამის მიუხედავად შეინარჩუნა სული, თავისუფლება და ეროვნული მახასიათებლები.
1973 წელს ჩილეში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. იმ დროს ბევრი მამაკაცი მოკლეს ან ციხეში ჩასვეს. ხალხს აეკრძალა მიტინგებისა და მსვლელობის გამართვა, თუმცა მხოლოდ ერთი რამ იყო დაშვებული – ცეკვა. შემდეგ გამოჩნდა ცეკვა „Lonely Cueca“. ქალები მთავრობის შენობებთან მოდიოდნენ და მარტო იწყებდნენ ცეკვას. ამავდროულად, ისინი თითქოს ეხუტებოდნენ უხილავ პარტნიორებს – მათ ქმრებს ან ნათესავებს. ეს იყო ერთგვარი პროტესტი, მწუხარებისა და უკმაყოფილების გამოხატვის საშუალება.
დღესდღეობით ფართოდ არის გავრცელებული მხიარული და ონოვრული კუეკა. ჩილეში ნებისმიერი ტურისტი აუცილებლად იხილავს ამ ცეკვას და შეძლებს შეუერთდეს საერთო გართობას. ეროვნული ცეკვა, რომელიც მრავალი წელია ხალხის ემოციებსა და ტანჯვას გამოხატავს, ყველა მნახველს მოეწონება.
ამერიკის პირველი რუკა 1500 წელს ხუან დე ლა კოსამ შეადგინა, რომელიც ქრსტეფორე კოლუბის ექსპედიციის მონაწილე იყო. პერგამენტზე დახაზული და მდიდრულად გაფორმებული ხუან დე ლა კოსას რუკა ესპანეთის დედოფალ იზაბელასთვის საჩუქარად იყო განკუთვნილი. ამ რუკაზე ამერიკის მხოლოდ აღმოსავლეთი სანაპიროა გამოსახული, რადგან ანდების მთებამდე პირველაღმომჩნებმა ვერ მიაღწიეს.
შვიდი წლის შემდეგ გერმანელმა კარტოგრაფმა მარტინ ვალდზემიულერმა შექმნა მსოფლიოს რუკა, რომელზეც კოლუმბის მიერ აღმოჩენილ კონტინენტს პირველად ეწოდა ამერიკა. რუკა ხის 12 დაფაზე იყო დაბეჭდილი.
საინტერესოა, რომ ამერიკა და აზია ვალდზემიულერმა ერთმანეთისგან დიდი ოკეანით გამოყო, თუმცა წყნარი ოკეანის შესახებ მაშინ ჯერ კიდევ არაფერი იყო ცნობილი.
2003 წელს აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკამ 10 მლნ დოლარად იყოდა ამ რუკის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ეგზემპლარი.
პირი-რეისის ამოუცნობი რუკა
ერთ-ერთი პირველი რუკა, რომელზედაც სამხრეთ ამერიკა და ანტარქტიდა იყო გამოსახული თურქ ზღვაოსნს, ადმირალ პირი-რეისის ეკუთვნოდა და გაზელის ტყავზე იყო დახაზული. იგი 1513 წლით თარიღდება, მაგრამ მასზე უკვე აღნიშნულია ის ადგილები, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი.
პირი რეისის რუკაზე აღნიშნულია ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის დასავლეთი სანაპიროები და ატლანტის ოკეანის კუძულები. სამხრეთი ამერიკა მონიშნულია საკმაოდ ზუტად, უფრო მეტიც, ამ კონტინენტზე ანდების მთებიც კია გამოსახული, რომელიც იმ დროისათვის ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი. გარდა ამისა, პირი რეისის რუკაზე ასევე დატანილია ანტარქტიდაც, რომელიც მხოლოდ 1820 წელს იქნა აღმოჩენილი. მაგარმ ეს არცაა გასაკვირი: ძველი დროის ბევრი კარტოგრაფი ვარაუდობდა ე.წ. ”სამხრეთი მიწების” არსებობას. თუმცა რუკაზე არაა აღნიშნული დრეიკის სრუტე, რომელიც ანტარქტიდას სამხრეთ ამერიკიდგან გამოყოფს. რუკის წარწერები კი გვამცნობენ, რომ ანტარქტიდის კლიმატი თბილია და იქ დიდი გველები ბინადრობენ.
მე-20 საუკუნეში, როცა ეს რუკა აღმოაჩინეს, ბევრმა ეჭვი შეიტანა მის ნამდვილობაში, რამეთუ ასეთი სიზუსტის მიღწევა მხოლოდ აეროფოტოების, ქრონომეტრისა და სფერული ტრიგონომეტრიის საშუალებითაა შესაძლებელი. ეს ყველაფერი კი მე-16 საუკუნეში არ არსებობდა. დღემდე არასაკმარისია მტკიცებულებები, რომელიც დაამტკიცებს ამ რუკის ნამდვილობას ან ფალსიფიკაციას. თავად პირი რეისი წერდა, რომ მან რუკის შექმნისას ძველი რუკები გამოიყენა, მათ შორის ალექსანდრიის ბიბლიოთეკის მასალები და ქრ. კოლუმბის ” საიდუმლო რუკა”.
მერკატორის არქტიკა.
ძველი საბერძნეთში არსებობდა ლეგენდა ჩრდილოეთით მდებარე კონტინენტის ჰიპერბორიის შესახებ, სადაც ბედნიერი ადამიანები ცხოვრობდნენ, სადაც მუდამ მხიარულება სუფევდა და არ იყო სიკვდილი.
” აქ მზე ნახევარი წლის განმავლობაში ანათებს… მნათობი მხოლოდ ერთხელ – ზაფხულის ნაბუნიობის დღეს ამოდის და მხოლოდ ერთხელ – ზამთრის ნაბუნიობის დღეს ჩადის. ეს ქვეყანა სულ მზითაა განათებული და გამთბარი, ამიტომაც აქ ძალიან კარგი კლიმატია, ქარები კი საერთოდ არ ქრის… ” – წერდა პლინიუს უფროსი ჰიპერბორიის შესახებ.
ითვლებოდა , რომ ჰიპერბორიის ცენტრში ზღვა მდებარეობდა, საიდანაც გამოედინებოდა და ოკეანეში ჩაედინებოდა ოთხი დიდი მდინარე. სწორედ ასე გამოსახა არქტიკა ფლამანდიელმა კარტოგრაფმა გერჰარდ მერკატორმა. ეს რუკა 1595 წელს, მისი სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ გამოვდა. მერკატორმა არქტიკის გარშემო, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსზე მდებარეობდა, საკმაოდ ზუსტად გამოსახა გრენლანდია, ისლანდია, სკანდინავია, ამერიკისა და ევრაზიის ჩრდილოეთი ნაწილები.
ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ძველად ჩრდილოეთ პოლუსზე შესაძლებელია ნამდვილად არსებობდა კონტინენტი, თუმცა სავარაუდოდ ის მერკატორამდე დიდი ხნით ადრე – მინიმუმ 5 ათასი წლის წინ, იქნა დატბორილი.
არის პაციფიკი!
მარის პაციფიკი (Maris Pacifici) —წყნარი ოკეანის პირველი ნაბეჭდი რუკაა, რომლის ავტორია აბრაჰამ ორტელიუსი და 1589 წელს გამოიცა. რუკა ფრანს ჰოგენბეგის მიერ შედგენილ ამერიკის რუკასა და ვაზ დურადოს 1568 წლის იაპონიის აღწერას ეფუძნება.
წყნარი ოკეანე რუკაზე ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ აღმოსავლეთისაკენაა გადაჭიმული და სამხრეთიდან ფართო სამხრეთის მიწის ტერიტორიითაა შემოსაზღვრული, რომელიც თითქმის ამერიკის სამხრეთ დაბოლოებას ებჯინება.
ავსტრალიისა და ანტარქტიდის აღმოჩენა
საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ ავსტრალიის აღმოჩენამდე, ამ კონტინენტს რუკებზე უკვე გამოსახავდნენ. ანტიკური დროის გეოგრაფები აღიარებდნენ, რომ სამხრეთ ნახევარსფეროს მნიშვნელოვანი ნაწილი ხმელეთს უკავია. არც თუ ისე იშვიათად, მას როგორც ” სამხრეთის მიწას”, ლათინურად Terra Australis , ისე მოიხსნიებდნენ. სწორედ ამ ჰიპოთეზის წყალობით აღმოაჩინეს ევროპელებმა ავსტრალია. ოკეანეთი პირველად მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში იქნა გამოკვლეული პორტუგალიელებისა და ესპანალების მიერ, ხოლო პირველად ავსტრალიის მიწას 1605 წელს ჰოლანდიელებმა დაადგეს ფეხი.
ძველ რუკებზე ანტარქტიდას, ავსტრალიის მსგავსად, სამხრეთის მიწად მოიხსენიებდნენ. ზოგჯერ ის სამხრეთ ამერიკასთან იყო გაერთიენებული, როგორც ეს პირი რეისი რუკაზეა. ავსტრალიის აღმოჩენის მერე ჰიპოთეტური ხმელეთი რუკებიდან გაქრა. ასე მაგალითად, ჯეიმ კუკის მიერ 1776 წელს შედგენილ სამხრეთ ნახევარსფეროს რუკაზე, ანტარქტიდის მაგივრად გაუვალი ყინულებია აღნიშნული. ამასთან, კუკი არ უარყოფდა, რომ ამ ადგილას მიწა არსებობდა: ” მე არ დავიწყებ იმის უარყოფას, რომ პოლუსთან ახლოს შესაძლებელია არსებობდეს კონტინენტი ან მნიშვნელოვანი ფართობის ხმელეთი. პირიქით, მე დარწმუნჯებული ვარ, რომ ასეთი მიწა ნამდვილად არის და ჩვენ მხოლოდ მისი ნაწილის დანახვა შეგვიძლია. ”
ანტარქტიდა 1820 წელს აღმოაჩინეს რუსმა ზღვაოსნებმა ფადეი ბელიჰაუზენმა და მიხაილ ლაზარევმა. ხოლო ამ კონტინენტზე პირველად ამერიკული გემის ” სესილიას” ეკიპაჟის წევრებმა დაადგეს ფეხი 1821 წელს.
შუა საუკუნეებში ადამიანებმა უკვე დანამდვილებით იცოდნენ, რომ დედამიწა მრგვალია. ამასთან, შუა საუკუნეების რუკები ანუ mappa mundi ძალიან სქემატურ ნახაზებს წარმოადგენდნენ, რადგან ისინი იქმნებოდა არა პრაქტიკული გამოყენების მიზნით, არმედ როგორც მხოლოდ თვალსაჩინოება და ილუსტრაცია სამყაროს შექმნის შესახებ. ასე მაგალითად, აზოვის ზღვა შეიძლებოდა რომ მინოტავრის ლაბირინთის ან ედემის ბაღის მეზობლად აღმოჩენილიყო. აფრიკაში მანტოჰორის ურჩხულები ბინადრობდნენ, ხოლო ზღვებში – ქალთევზები დაცურავდნენ, როგორც ეს ამ ჰერეფორდულ რუკაზეა ნაჩვენები.
შუა საუკუნეების ბევრი რუკა- სქემა T და O ასოს პრინციპითაა შედგენილი. O ასო აღნიშნავს მსოფლიოს ოკეანეს, რომელიც ოიკუმენას ანუ დედამიწის დასახლებულ ტერიტორიებს ესაზღვრება. ასეთი წარმოდგენა ძველი ბერძნებისგან მოდიოდა. წრის შიგნით დედამიწა სამ ნაწილად – ევროპად, აზიად და აფრიკად იყოფა. ხმელათაშუა და ეგეოსის ზღვები, ასევე მდინარეები ნილოსი, ევფრატი და ტიგროსი კი T ასოს ქმნიან, რომელიც ქვეყნის ნაწილებს ერთნეთისგან გამოჰყოფს. ასეთი რუკის ცენტრში ყოველთვის მდებარეობდა იერუსალიმი, როგორც ”დედამიწის ჭიპი”. გამოუკვლეველ ტერიტორიებს terra ingognita (უცნობი მიწები) ან hic sunt leones (”აქ ბინადრობენ ლომები”) აწერდნენ.
ანჯელინო დულჩერი ს პორტულანი
მალიორკელი კარტოგრაფის ანჯელინო დულჩერის მიერ 1339 წელს შედგენილ პორტულანოზე ამოსაკითხი წესი და ლეგენდა ლათინურად წერია და ისეთი დეტალებს შეიცავს, რომლებიც როგორც წესი არ გვხვდება სხვა, მაგალითად, გენუურ ან ვენეციურ პორტულანებზე.
პორტულანზე ასახულია ჩრდილოეთი ევროპა და ჩრდილოეთი აფრიკა, ანუ ხმელთაშუუა ზღვის ირგვლივ ტერიტორიებს. პორტულანი, გარდა იმდროინდელი სავაჭრო მარშრუტებისა, ასევე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის რეგიონში მდებარე სახელმწიფოებზე, მათ პროვინციებზე და ქალაქებზე. პორტულანი ასევე საინტერესო ცნობებს გვაწვდის საქართველოზე. თბილისის თავზე აღმართულია ხუთჯვრიანი დროშა კი სამეფოს აღმნიშვნელი უნდა იყოს.
ფრანჩესკო და დომენიკო პიციგანების პორტულანი
ვენეციელიკარტოგრაფი ძმები ფრანჩესკო და დომენიკო პიციგანები უპირატესად ცნობილი არიან 1367 წლით დათარიღებული პორტულანით, რომელიც ამჟამად პარმის პალატინის ბიბლიოთეკაში ინახება. ზომით 138X92 სმ, ის თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი პორტულანია. ამ პორტულანმა ქართული სამეცნიერო წრეების ყურადღება 90-იან წლებიდან მიიპყრო, როდესაც ქართველი ისტორიკოსები ქართული ეროვნული დროშის საკითხით დაინტერესედნენ. აქაც, ანჯელინო დულჩერის პორტულანის მსგავსად, აქაც თბილისის თავზე (რუკაზე Tifilis) ხუთჯვრიანი დროშაა აღმართული.
პიციგანების 1367 წლის პორტულანი იმითაც აღსანიშნავია, რომ იმდრონდელი რუკების გეოგრაფიულ საზღვრებს ცდება.
მოგზაურობა ადამიანთა ერთ-ერთ მნიშვნელოვან, და შეიძლება ითქვას, უსაყვარლეს საქმიანობას წარმოადგენდა და ახლაც წარმოადგენს. ახალი ტერიტორიების, ქვეყნების მონახულება- გაცნობით მიღებული შთაბეჭდილებები, ამავე დროს, ცოდნის გაღრმავების საუკეთესო საშუალებაცაა.
დღეს, როცა ჩვენ საშუალება გვაქვს ვნახოთ კოსმოსიდან გადაღებული დედამიწის ფოტოები და ჩვენი პლანეტაც თითქმის მთლიანად შესწავლილია, კიდევ უფრო საინტერესოა ძველი რუკები, რომლებზეც დედამიწა სხვადსხვაგავრადაა გამოსახული. განვიხილოთ რა,დენიმე მათგანი.
ბაბილონური რუკა მესოპოტამიაში აღმოჩენილი, ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე მე-8-7 საუკუნეებში შექმნილი და ჩვენამდე მოღწეული, თიხის ფირფიტა მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს რუკად ითვლება. ეს ბაბილონური რუკა-სქემა იმდრონდელ მსოფლიოს ასახავს. ამ რუკაზე დედამიწა ზღვებითა და ოკეანეებითაა გარშემორტყმული, რომელსაც” მლაშე წყალს” უწოდებდნენ. რუკაზე ზღვების გადაღმა სამკუთხედებია აღნიშნული, რომლებიც სავარაუდოდ შორეული მიწების მთებს უნდა აღნიშნავდეს.
ბაბილონურ რუკაზე აღნიშნულია სახელმწიფოები: ურარტუ (არარატი, თანამედროვე სომხეთი), ასირია (თანამედროვე ერაყი), ელამი (თანამედროვე ირანი) და თავად ბაბილონი. ამ ქვეყნებს შუა გაედინება მდინარე ევფრატი.
ერტოსთენეს კუნძული
ძველმა ბერძნებმა უკვე იცოდნენ, რომ დედამიწას სფეროს ფორმა აქვს და ამის დამამტკიცებელი არგუმენტებიც ჰქონდათ: პითაგორამ განაცხადა, რომ ” ბუნებაში ყველაფერი ჰარმონიულია, ხოლო ყველაზე სრულყოფილი ფორმა სფეროა. მაშასადამე დედამიწა მრგვალია.”
პირველი რუკა, რომელიც დედამიწის სფეროსებული ფორმის გათვალისწინებით შეიქმნა, ერატოსთენეს ეკუთვნის, რომელიც ჩვენს ერამდე მე-3 საუკუნეში ცხოვრობდა ქალაქ კირენაში. ითვლება, რომ სწორედ ამ მეცნიერმა, რომელიც ალექსანდრიის ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდა, დაამკვიდრა ტერმინი ” გეოგრაფია”. გარდა ამისა მან პირველმა დახაზა მსოფლიოს რუკა მერიდიანებისა და პარალელების გამოყენებით, რომლებსაც თავად ” ერთმანეთის გვერდით გამავალ ხაზებსა” და ”შუადღემდე ხაზებს ” უწოდებდა.
ერატოსთენეს მსოფლიო – ერთი კუნძულია, რომელსაც ზემოდან ჩრდილოეთის ოკეანე, ხოლო ქვემოდან – ატლანტის ოკეანე ესაზღვრება. კუნძული ევროპად, ლიბიად, არაბეთად, არიანად, ინდოეთად და სკიფიად იყოფა. ინდოეთის სამხრეთით კიდევ ერთი კუნძული – ტაბროპანი, სავარაუდოდ თანამედროვე შრი-ლანკა (ცეილონი) მდებარეობს. ამასთან, ერატოსთენე არ უარყოფდა, რომ რომ სხვა ნახევარსფეროში შესაძლებელი იყო ”ანტიპოდების” არსებობა. თუმცა მათამდე მიღწევა შეუძლებელი იყო, რადგან როგორც ძველი ბერძნები თვლიდნენ ეკვატორთან ისე ცხელოდა, რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმი იწვოდა, ხოლო ზღვა კი დუღდა და პირიქით – პოლუსებთან ისე ციოდა, რომ ვერც ერთი ადამიანი ვერ
გადარჩებოდა.
პტოლემეს რუკა
მრავალი საუკუნის განმავლობაში ძველი ბერძენი მეცნიერის პტოლემეს მიერ ჩვენს ერამდე 150 წლით ადრე შექმნილი მსოფლიოს რუკა ყველაზე მნიშვნელოვანად ითვლებოდა. ეს რუკა თან ერთვოდა რვა ტომიან ტრაქტატს ” გეოგრაფიის სახელმძღვანელო”. პტოლემეს რუკამ ჩვენამდე ორიგინალის სახით ვერა, მაგრამ სხვადსხვა ვარინატით მოაღწია.
პტოლემეს რუკაზე აზიას უზარმაზარი ტერიტორია უჭირავს და ჩრდილოეთ პოლუსიდან თითქმის ეკვატორამდეა გადაჭიმული, რის გამოც წყნარი ოკეანის ფართობი მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ინდოეთის მოხაზულობა მკვეთრად დამახინჯებულია. აფრიკა თანდათან გადადის terra incognita -ში , რომელსაც მთელი სამხრეთი პოლუსი უკავია. სკიფიიდან ჩრდილოეთით მითიური ქვეყანა ჰიპერბორეა მდებარეობს, ხოლო ამერიკისა და ავსტრალიის შესახებ კი არაფერია ცნობილი.
მართალია, დედამიწის გარშემოწერილობა ზუსტად ჯერ კიდევ ერატოსთენემ გამოთვალა, მაგრამ პტოლემემ სხვა, მცდარი, ¼ ნაკლები ზომა გამოიყენა. სწორედ პტოლემეს რუკის წყალობით ცდილობდა ქრისტეფორე კოლუმბი ინდოეთამდე მიღწევას, როცა მან თავისი მოგზაურობა ესპანეთიდან დაიწყო და სულ დასავლეთით მიემართებოდა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის აღმოჩენის შემდეგაც კი ადამიანები კიდევ დიდი ხნის განმავლკობაში იყენებდნენ პტოლემეს რუკას.
დედამიწაზე ბუნებრივი ზონები არა მხოლოდ განედურად, არამედ სიმაღლის მიხედვითაც იცვლება. მთებში სიმაღლის მატებასთან ერთად იცვლება კლიმატური პირობები – სითბური რეჟიმი (ჰაერის ტემპერატურა), ატმოსფერული წნევა, ტენიანობა (ნალექების რაოდენობა) და მზით განათების პირობები. კლიმატური პირობების ცვლილებები კი ბუნებრივი ზონების ცვლილებას იწვევს.
სიმაღლის მატებასთან ერთად ლანდშაფტების თანმიმდევრულ ცვლას, რაც კლიმატური პირობების ცვლილებითაა გამოწვეული სიმაღლებრივი სარტყლურობა (ვერტიკალური ზონალურობა) ეწოდება. მთებში სიმაღლებრივი სარტყლები შედარებით სწრაფად იცვლება, ვიდრე ვაკეებზე. საკმარისია, სულ რაღაც 1 კმ სიმაღლეზე ახვიდეთ, რომ ამაში თავად დარწმუნდებით.
სხვადასხვა მთიან მასივში ბუნებრივი ზონების რიცხვი სხვადასხვაა და ეს მთების სიმაღლეზე, მათ გეოგრაფიულ მდებარეობასა და ფერდობების ექსპოზიციაზეა დამოკიდებული. რაც უფრო მაღალია მთა, და რაც უფრო ახლოს მდებარეობს ეკვატორთან, მით მეტია სარტყლების რაოდენობა. სიმაღლებრივი სარტყლურობა ასევე კარგადაა გამოხატული ზომიერი ჰავის პირობებშიც, მაგ; კავკასიონზე, კარპატებსა ყირიმის მთებში.
მთის ძირში ის ბუნებრივი ზონაა, რომელშიც ეს მთა მდებარეობს, შემდეგ კი სიმაღლის მატებასთან ერთად ზონაც იცვლება. მაგ; თუ მთა ტაიგაში მდებარეობს,მის მწვერვალზე ასვლამდე თქვენ ტაიგის, მთის ტუნდრისა და მარადი თოვლის სარტყლების გავლა მოგიწევთ. თუ თქვენ ეკვატორთან ახლოს მდებარე ანდებში გადაწყვეტთ ასვლას, მაშინ მოგზაურობის დაწყება ტენიანი ეკვატორული ტყეების (ჰილეას) ზონიდან მოგიწევთ.
მთებში სიმაღლებრივ სარტყლებს ფერდობების ექსპოზიციაც განსაზღვრავს. მაგალითად, მარადი თოვლის ქვედა საფარი მთის სამხრეთ ფერდობზე უფრო მაღლა მდებარეობს, ვიდრე ჩრდილოეთ ფერდობზე.
მთიან სისტემებში სიმაღლებრივი სარტყლების რაოდენობა და ბუნებრივი პირობების არაერთგვაროვნება მცენარეთა თანასაზოგადოების მრავალფეროვნებას განაპირობებს. აქ 1 მ2 ტერიტორიაზე მცენარეთა მეტი სახეობა იზრდება, ვიდრე ამავე ფართობისვაკეზე. მაგალითად, კავკასიონის მცენარეთა სამყარო 6000-ზე მეტ სახეობას მოიცავს, მაშინ როცა აღმოსავლეთ ევროპის ვაკის ცენტრალურ დაბლობში მხოლოდ 3500-ია, თანაც ეს ტერიტორია კავკასიონის ფართობს რამდენჯერმე აღემატება.
მთის ტყეების ფართობი 900 მილიონი ჰექტარია, რაც მსოფლიოს ტყის საფარის 20 %-ს შეადგენს. ისინი ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტზე და ყველა კლიმატური ზონაში გვხვდება. მთის ტყეები ევროპაშიბალპების, პირენეების, კარპატებისა და კავკასიის მთების ვრცელ ფართობებს ფარავს, ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებულია აპალაჩისა და კლდოვანი მთების ფერდობებზე, ავსტრალიაში – ავსტრალიის ალპებში (დიდი წყალგამყოფი ქედი), სამხრეთ ამერიკაში გვიანას მაღალმთიანეთსა და ანდებში, ხოლო აფრიკის კონტინენტზე – ცენტრალური და აღმოსავლეთ აფრიკის მთებში.
მთის ტყეები გავრცელებულია მთიან რეგიონებსა და ცალკეულ მთის მასივებზე. ხშირად მთის ტყეები სხვა ბუნებრივ ზონებთან, მაგ; სტეპთან, ტყესტეპთან ან სავანებთან მონაცვლეობენ. ჩვეულებრივ, მთის ტყის სარტყელი 500 -2000 მ სიმაღლეზე და 5°-იანი დახრილობის ფერდობებზე ვრცელდება, თუმცა შესაძლოა უფრო მაღლა – 3 -4 ათას მეტრ სიმაღლემდეც ვრცელდებდეს. ეს დამოკიდებულია კლიმატზე, მთის აგებულებაზე და მისი ნიადაგის შემადგენლობაზე.
მთის ტყეები ზოგჯერ მთის ძირიდან ალპურ მდელოებამდეც კი ვრცელდება. მათი გავრცელება ვერტიკალური ზონალურობის კანონს ემორჩილება, თუმცა სხვადასხგვა მთიან სისტემებში გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, რაც მისი გეოგრაფიული მდებარეობითაა გამოწვეული.
ტყის ზედა საზღვარი მთის სიმაღლეზე, მის გეოგრაფიაზე, მდებარეობაზე, ტემპერატურულ და ნიადაგურ პირობებსა და ტენიანობაზეა დამოკიდებულია. რაც უფრო მაღალია მთიანი სისტემა და დაბალია გეოგრაფიული განედი, მით უფრო მაღალია ტყის ზედა საზღვარი.
ტყის ქვედა საზღვარი, თბილ და მშრალ კლიმატურ რეგიონებში, არიდული მეჩხერი ტყეებით მთავრდება, რომელიც როგორც წესი ნახევარუდაბნოს ან უდაბნოს ზონაში გადადის. ეს ნიადაგის ტენიანობით, მისი დამლაშებითა და ტემპერატურული პირობებით განისაზღვრება.
ანთროპოგენური ფაქტორების გავლენით ტყის ზედა საზღვარმა შეიძლება დაბლა დაიწიოს , ქვედა კი ყოველთვის მკაფიოდ არაა გამოხატული. მაგ;. ჩრდილეოთი ურალის მთებში ზედა საზღვარი 680 მ-ზე გადის, ხოლო ტიან-შანის მთებში – 2000 მ-ზე.
მთის ტყეების სტრუქტურა, სახეობრივი შემადგენლობა, პროდუქტიულობა და მდგრადობა არახელსაყრელი ბუნებრივი ფაქტორები მიმართ მისი გეოგრაფიული მდებარეობით, სიმაღლით, რელიეფითა და ფაერდობების ექსპოზიციითაა გაპირობებებული. სიმაღლის ზრდასთან ერთად ტყის სარტელში მნიშვნელოვნად მცირდება ხეების სიმაღლე და სიხშირე.
მთის ტყეები მცენარეული და ცხოველური სახეობების მრავალფეროვნებითა და უნიკალური კოლექციით გამოირჩევა. აქ ბინადრობს და იზრდება ისეთი სახეობები, რომლებსაც ვაკე-დაბლობებზე ვერ ნახავთ. მათი ზოგიერთი სახეობა საკმაოდ იშვიათი და მცირერიცხოვანია და ჰაბიტატების პატარა „კუნძულებს“ ქმნიან.
კარპატების მთის ტყეებში იზრდება ჩვეულებრივი ნაძვი, თეთრი ნაძვი, ტყის წიფელი, თელა, კლდის მუხა, პოლონური და ევროპული ლარიქსი, კენკროვანი, ევროპული კედარის ფიჭვი და ა.შ. ტყის ზედა საზღავრი 1200-1700 მ-ზე გადის. ყირიმის ტყეებს ქმნის მუხა, ევროპული წიფელი, ყირიმის ფიჭვი, რცხილა და ა.შ. ტყის საზღვარი 1000-1400 ია.
ალპების მთების სიმაღლე მათ მკვეთრად დანაწევრებასთან ერთად, მთებში ვერტიკალური ლანდშაფტების ზონების მკაფიოდ გამოხატულ ცვლას და ტიპიური ალპური ლანდშაფტების ფართო განვითარებას განაპირობებს. საგრძნობლად განსხვავდება ალპების ჩრდილო და სამხრეთი კალთებისა და აგრეთვე სხვადასხვა რაიონის ფლორა, გარდა ამისა, თითოეულ რაიონში მცენარეები სხვადასხვა ექსპოზიციის კალთებზეც კი განსხვავებულია. ფორმაციის თითოეულ ჯგუფს ეტყობა სიმაღლის ზონების მთელი ბუნებრივი კომპლექსის თავისებურებები. მთლიანობაში ალპებში გვხვდება მცენარეთა 4500 სახეობა, რომელთაგან 650 სახეობა ყვავილოვანი მცენარეა.
სიმაღლებრივი სარტყლურობა ნათალდ არის გამოხატული კავკასიონზე. კავკასიის მთის ტყეებში ხარობს ქართული მუხა, იმერული მუხა, ჰარტვისის მუხა, აღმოსავლური წიფელი, კავკასიური სოჭი, აღმოსავლეთის ნაძვი, კაკალი და ბიჭვინთის ფიჭვი, წაბლი, კავკასიური რცხილა, კავკასიური ცაცხვი, კავკასიური მსხალი, აღმოსავლური ვაშლი, ძელქვა (რელიქტი) და ა.შ. ტყის ზედა საზღვარი 2300-2500 მ-ზე გადის. კავკასიონის მთებში ქვედა სარტყელს ფართოფოთლოვანი ტყეები იკავებს, სადაც წამყვანი სახეობაა მუხა. შემდეგ გვხვდება წიფლის ტყეები, რომლებიც სიმაღლის მატებასთან ერთად ჯერ შერეული, შემდეგ ნაძვნარ-სოჭნარ ტყებში გადადიან. ტყის ზედა საზღვარი 2000-2200 მ სიმაღლეზე გადის, რასაც სუბალპური მდელოები მოყვება კავკასიური როდოდენდრონის ბუჩქნარით. შემდეგ გვხვდება ალპური დაბალბალახეულობა, ბოლოს კი სუბნივალური და ნივალური სარტყელი – მარადი თოვლისა და მყინვარების ზონა.
მთის ტყეები ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილებს წარმოადგენენ და მნიშვნელოვან გარემოსდაცვით როლს ასრულებენ გლობალური მასშტაბით.
კლიმატის ცვლილების გამო მთის ტყეები საფრთხის ქვეშ არიან, თუმცა უფრო მეტად ადამიანის სამეურნეო საქმიანობა უქმნის პრობლემებს. ადამიანები სულ უფრო ხშირად იყენებენ მთის ტყეებს პირუტყვის საძოვრად, შეშის საჭრელად და ჩაისა და ყავის პლანტაციების გასაშენებლად. განსაკუთრებით საფრთხე ემუქრება მთის ტყეებს აღმოსავლეთ აფრიკაში – რუანდაში, ბურუნდიში, კენიაში, ტანზანიაში, ეთიოპიაში, მალავისა და უგანდაში; ასევე ჰიმალაის რეგიონში – ნეპალში, ინდოეთსა და პაკისტანში, კავკასიაში – სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში – ლაოსაა და კამბოჯაში. ბევრ ადგილას მთის ტყეები თითქმის მთლიანად განადგურდა – მაგალითად, კარიბის ქვეყნებში, ფილიპინებსა და ხმელთაშუაზღვისპირეთში.
ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთის მთიანი ტერიტორიები უძველესი დროიდან თითქმის სრულად დაფარული იყო ტყეებით. სამწუხაროდ, ინტენსიური შეშის ჭრის, მოგვიანებით კი ხანძრებისა და გადაძოვების შედეგად ეს ტყეები სრულად განადგურდა. დღეს იქ უამრავი სხვადასხვა სახეობის მცენარე იზრდება, მაგრამ აქამდე არსებულ ბუნებრივ მცენარეულობისგან სრულიად განსხვავებულია.
მთის ტყეების წყალმარეგულირებელი, ეროზიის საწინააღმდეგო ფუნქცია აქვთ და დასახლებიულ პუნტებს, სატრანსპორტო მაგისტრალებს და სხვ. ზვავებისგან, მეწყერებისგანმ ღვარცოფებისგან იცავენ, ხელ უშლიან ძლიერ ქარებს და ჰაერის ცივი მასების გავრცელებას ხეობებში. ისინი ასევე არეგულირებენ წვიმისა და ზედაპირული წყლების ჩამონადენს, რისი წყალობითაც არ იცვლება წყაროებისა და მინერალური წყაროების დებიტი და მდინარეთა დონე წყალმარჩხობის დროს. გარდა ამისა მთის ტყეები ძვირფასი მერქნის წყაროა.
მთის ტყეების ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა წყლის შენახვა და ეროზიის აღკვეთაა. ისინი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეგიონალურ კლიმატის ფორმირების პროცესში. მათ შეუძლიათ წვიმის წყალი ღრუბელივით „შეიწოვონ“. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა მთის ტროპიკული ტყეები, რომლებიც აგროვებს ყოვრლდღიური კოკიპირული წვიმების წაყლს „აგროვებს“ წყაროების, ნაკადულების და მდინარეების სახით, რაც მთელი წლის განმავლობაში წყლის განაწილებას უზრუნველყოფს და იცავს ნიადაგს ეროზიისგან. ამავე დროს, ტყეებს აქვთ გაგრილების ეფექტი და ქმნიან რეგიონალურ დაბალანსებულ კლიმატს.
მთის ტყეები, სხვა ტყეების მსგავსად, დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს შთანთქავენ. როცა ტყეები იჩეხება და ნადგურდება, ატმოსფეროსი დიდი რაოდენობით გამოიყოფა სათბურის აირები, რაც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებას.
მთის ტყეების ტიპური და უნიკალური ლანდშაფტების დასაცავად შექმნილია ნაკრძალები. კავკასიის რეგიონში ყველაზე ცნობილია კავკასიის, თებერდის, ყაბარდო-ბალყარეთის, ლაგოდეხის ნაკრძალები, სოჭის, იალბუზისპირეთის ეროვნული პარკები, რიწის დაცული ტერიტორია და სხვა. მათგან კავკასიის ნაკრძალი, სოჭის ეროვნული პარკი და სხვა მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
გეოგრაფიული გარსის შემადგენელ ნაწილებს – ლითოსფერო, ატმოსფეროს, ჰიდროსფეროსა და ბიოსფეროს შორის – არსებული კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულება და ასევე ზოგადი გეოგრაფიული კანონზომიერებები (მთლიანობა, ნივთიერებათა წრებრუნვა, რიტმულობა და ზონალურობა) განაპირობებს დედამიწის ბუნებრივ იერსახეს, გარემოში მიმდინარე პროცესების ხასიათს, ადამიანის სამეურნეო საქმიანობის ფორმებს და სხვ. გეოგრაფიული კომპონენტების ურთიერთდამოკიდებულება ვლინდებს როგორც გლობალურ (მაგ; გეოგრაფიული სარტყლების და ბუნებრივი ზონების განედური განლაგება, კონტინენტების ბუნებრივი პირობები), ისე რეგიონალურ (ვერტიკალური ზონალობა, ლანდშაფტები) დონეზე.
ნებისმიერი დონის ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული გეოგრაფიული კომპონენტებისგან შედგება. გეოგრაფიული კომპონენტებისთვის დამახასიათებელია გარკვეული აგრეგატული მდგომარეობა, მასა და სიცოცხლის არსებობა/არარსებობა. გეოგრაფიული კომპონენტები ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსებში წარმოდგენილი ლოთოგენური საფუძვლის (რელიეფი თავისი გეოლოგიური აგებულებით), ჰაერის და წყლის მასების ( მდინარეები, ტბები და სხვ.), ბიოგენური კომპონენტის (მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო) სახით. ამ კომპონენტების ურთიერთზემოქმედების შედეგად ბუნების მეორეული კომპონენტები წარმოიქმნება. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ნიადაგი, რომელიც ძირითადად, ბიოგენური კომპონენტისა და ლითოგენური საფუძვლის ურთიერთკავშირის შედეგად წარმოიქმნება.
ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსები (ბტკ) ერთმანთისგან ზომით განსხვავდება. ისინი შეიძლება იყოს, როგორც მცირე ზომის ( მაგ; მდინარის ხეობა), ისე საკმაოდ დიდი ფართობის (მაგ; უდაბნო საჰარა ან ავსტრალიის კონტინენეტი). მცირე ბტკ-ები შესაძლებელია უფრო მსხვილ ერთეულებად გაერთიანდეს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ლანდშაფტი.
ლანდშაფტი გერმანული სიტყვაა და მიწის სახეს, პეიზაჟს, ადგილს ნიშნავს. ლანდშაფტი გენეტიკურად ერთგავროვანი ბუნებრივ- ტერიტორიული (გეოგრაფიული) კომპლექსია, რომლის ფარგლებში ყველა ძირითადი კომპონენტი: რელიეფი, ჰავა, წყლები, ნიადაგები, მცენარეულობა და ცხოველთა სამყარო რთულ ურთიერთკავშირში იმყოფება, დაკავშირებულია ერთმანეთთან, ურთიერთობს ერთმანეთზე და ქმნის ერთიან, განუყოფელ სისტემას, რომელიც განვითარების ერთგვაროვანი პირობებით ხასიათდება.
ბტკ-ში ყველა კომპონენტს სხვადასხვა დანიშნულება და მნიშვნელობა გააჩნია. მაგ; ლითოგენური საფუძვლის შეცვლა დიდ გავლენას ახდენს სხვა გეოგრაფიულ კომპონენტებზე, მასინ როცა მცენარეული საფარის შეცვლა შედარებით უმნიშვნელო ცვლილებებს იწვევს.
ლანდშაფტმცოდნეობა ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების (ბტკ) ანუ ლანდშაფტების (გეოგრაფიული კომპლექსების, გეოსისტემების) შემსწავლელი მეცნიერება. იგი სწავლობს ლანდშაფტების წარმოშობას, სტრუქტურასა და დინამიკას, მათი განვითარების კანონზომიერებებსა და განლაგებას; ამასთანავე, იკვლევს ადამიანთა საზოგადოების სამეურნეო საქმიანობის შედეგად გარდაქმნილ ბტკ-ებს.
ლანდშაფტოლოგიაში გამოიყოფა შემდეგი ძირითადი ცნებები :
გეომასები – ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსის ელემენტარული ნაწილები, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება მასით, დანიშნულებით და სივრცესა და დროში ცვლილების სიჩქარით.
ცნობილია:
აერომასები (ჰაერის მასები);
ლითომასები (გეოლოგიური მასები);
ჰიდრომასები (წყლის მასები, მათ შორის ნიადაგის ტენი და ორთქლი ატმოსფეროში);
ბიომასები (ფიტომასები – მცენარეების მასები და ზოომასები – ცხოველები).
მორტომასები (მკვდარი ორგანული წარმოშობის ნივთიერებები, მაგ., ტყის ნაფენი);
გეომასების ერთობლიობის მიხედვით ბტკ-ში გამოიყოფა ერთგვაროვანი შრეები – გეოჰორიზონტები. მათი შედგენილობა განსაზღვრავს ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსის ვერტიკალურ სტრუქტურას.
ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსში ნივთიერების წრებრუნვა და ენერგიის გარდაქმნა მის ფუნქციონირებას განაპირობებს. მაგ; მზის ენერგიის გარდაქმნა (ტრანსფორმაცია), ტენბრუნვა, ბიოგეოციკლი (ორგანული მასის გარდაქმნა ბტკ-ში). ფუნქციონირების ხასიათი ცვალებადია, როგორც სივრცეში, ისე დროში.
ლანდშაფტების ყველაზე მსხვილი საკლასიფიკაციო ერთეულია კლასი. მისი გამოყოფის კრიტერიუმი გეომორფოლოგიური ფაქტორია. აღნიშნული ფაქტორის მიხედვით იქმნება ლანდშაფტის 2 კლასს: მთისა და ვაკის ლანდშაფტები. შემდეგი საკლასიფიკაციო ერთეულია ტიპი. ლანდშაფტების ტიპების გამოყოფისას ითვალისწინებენ :
რელიეფის ტიპს (მაგ.: დაბალმთიანი, საშუალომთიანი და მაღალმთიანი რელიეფი);
კლიმატის ტიპს;
გაბატონებულ მცენარეულობას და ნიადაგის თავისებურებებს;
ლანდშაფტების ტიპი თავის მხრივ, იყოფა უფრო მცირე ერთეულებად, ესენია: ადგილმდებარეობა, უროჩიშჩე და ფაციესი.
ამრიგად, ლანდშაფტი შეიძლება ითქვას ყველაზე პატარა კომპლექსური ბუნებრივი ერთეულია (ფართობით რამდენიმე ათეული ან ასეული კვ.კმ), რომელსაც თავისი ბუნებრივი პირობებითა და რესურსებით შეუძლია უზრუნველყოს გარკვეული რაოდენობით მოსახლეობის განსახლება, ცხოვრება და საქმიანობა.
ბუნებრივი ლანდშაფტის ფორმირება ხდება ერთდროული და სხვადასხვა მიმართულების პროცესების ერთობლივი ზემოქმედებით, რაც ლანდშაფტის კომპონენეტების – რელიეფის, კლიმატის, გეოლოგიური სტრუქტურის, ნიადაგის, მცენარეული საფარისა და და ცხოველთა სამყაროს, ასევე ადამიანის საქმიანობის ურთიერთზემოქმედებითაა გაპირობებული.
ერთი ბუნებრივი ლანდშაფტის კომპონენტებს შორის ურთიერთზემოქმედება და ნივთიერებათა ცვლა ერთი ტიპისაა და დამოკიდებიულია მზის ენერგიის რაოდენობასა და მოსვლის რიტმზე. მოცემული პროცესების ერთობლიობა განსაზღვრავს ლანდშაფტის ბუნებრივი რესურსების განახლებას და მწარმოებლობას.
ბუნებრივი ლანდშაფტის მაგალითებია დაბლობი, მთა, უდაბნო, ტყე, სტეპი, დაბლობი, ჭაობი, ზღვის აკვატორია და სხვ.
ლანდშაფტს, ერთმანეთისგან არა მხოლოდ წარმოშობით და იერ-სახით, არამედ იქ მიმდინარე საქმიანობის მიხედვითაც განსხვავდებიან. გენეზისის მიხედვით გამოყოფენ ბუნებრივ და ანთროპოგენურ ( ხელოვნურ) ლანდშაფტებს, რომლებიც ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად ბუნებრივი ლანდშაფტების გარდაქმნის შედეგად წარმოიქმნება.
ატლანტის ოკეანეში ასობით აისბერგი დრეიფობს ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. ”მოგზაური” ყინულის გოლიათების საიდუმლო დღესაც არ არის ამოხსნილი.
კაცობრიობა საუკუნეთა მანძილზე ჯეროვნად ვერ აფასებდა საფრთხეს, რომელსაც ეს ყინულის მთები უქმნიან ზღვაოსნებს. მაგრამ 1912 წლის 15 აპრილის კატასტროფამ, როცა ლაინერი ”ტიტანიკი” აისბერგს შეეჯახა და 1500 კაცი დაიღუპა, საზღვაო სახელმწიფოები აიძულა უფრო მჭიდრო თანამშრომლობა დაემყარებინათ ამ სფეროში. ნახევარი საუკუნის განმავლობაში შეგროვდა საკმაოდ ზუსტი მონაცემები ყინულის გოლიათების მოძრაობის შესახებ.
ყოველწლიურად 7500-მდე აისბერგი გრენლანდიის დასავლეთ ნაპირიდან შორეულ მოგზაურობას იწყებს ოკეანის უკიდეგანო სივრცეში. მათგან საშუალოდ 380 აღწევს კუნძულ ნიუფაუნდლენდს, ე.ი. 48 გრადუსიან განედს. დაახლოებით 35-40 კი უფრო ქვემოთაც ეშვება. შეიძლება ითქვას, რეკორდული აღმოჩნდა 1929 წელი, როდესაც ოკეანის საერთაშორისო სამომსახურეო დაცვას ხომალდებმა და სხვა გემებმა 48 გრადუსიანი განედის სამხრეთით 1351 აისბერგი აღნიშნეს.
ამერიკელი სპეციალისტი რობერტ კლასბიუ ირწმუნება, რომ აისბერგს არ უნდა ენდო, ერთ დღეში მას შეუძლია გაცუროს სამხრეთისაკენ რვა კილომეტრი, მეორე დღეს კი მთელი თექვსმეტი კილომეტრი. მათი ”მოგზაურობისას” მნიშვნელოვან როლს ზღვის დინებები და ქარები ასრულებენ. რაც უფრო ”აფრებგაშლილია” ყინულის მთა, მით უფრო სწრაფად მოძრაობს იგი. ამასთან, აისბერგები ყოვლად უცნაურად მოძრაობენ. 1907 წელს ერთმა, ჩრდილოეთიდან წამოსულმა აისბერგმა თავისი გზა ბერმუდის კუნძულებთან დაასრულა და მას 2500 კილომეტრზე მეტი ჰქონდა გავლილი. სინამდვილეში მან უფრო მეტი გაიარა, რადგან ზღვის დინებები და ქარები მის გადაადგილებას განუწყვეტლივ უცვლიდნენ კურსს. კიდევ უფრო საოცარი გზა განვლო სამხრეთისაკენ მეორე ყინულის გოლიათმა. მან არსებობა შეწყვიტა 1926 წელს – ბერმუდის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან 300 კილომეტრზე, ე.ი. დაახლოებით იმავე განედებზე, სადაც ფლორიდა ან კანარის კუნძულები მდებარეობს. 1886 წელს ”მოხეტიალე” ყინული ლა-მანშის დასავლეთით, ერთი დღის სავალზე აღმოაჩინეს. როგორ დააღწია მან თავი გოლფსტრემის დინებას და როგორ გადასერა ატლანტის ოკეანე? ამ კითხვაზე ჯერჯერობით პასუხი არ არის.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ცალკეული ყინულის მთების სიცოცხლე სამ წელიწადს გრძელდება.
ანტარქტიდის შელფური ყინულებისაგან წარმოქმნილი აისბერგის მასა უდრის 1,5 ტრილიონ ტონას, ხოლო არქტიკაში წარმოქმნილი აისებრგის მასა კი – 250 მილიარდი ტონის ტოლია. აისბერგებს შორის უდიდესი შენიშნეს ყინულმჭრელი `გლეტჩერიდან~ 1956 წლის 12 ნოემბერს. იგი 385 კმ სიგრძისაა და 111 კმ სიგანის იყო, ხოლო მისი ფართობი თითქმის 31 ათასი კვ.კმ-ს აღწევდა.
აისბერგის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 4 წელია, მათი გადაადგილების სიჩქარე ოკეანურ დინებებზეა დამოკიდებული.
მეცნიერებმა გამოიანგარიშეს, რომ აისბერგის 1/7 წყლის ზევითაა. ცნობილია, რომ ზოგიერთი აისბერგი დიდი ზომისაა. მაგალითად, აისბერგი-გიგანტი, რომელსაც 1999 წ. აშშ მეცნიერები აკვირდებოდნენ, ზომით 38-48 კმ სიგრძის, 8-იანის ფორმისა და ბეტონის სიმკვრივის ყოფილა. იგი საათში 16 კმ-ის სიჩქარით მოძრაობდა ჩილესა და არგენტინის მიმართულებით. არის აისბერგები, რომელთა სიგრძე 150 კმ-ზე მეტია, სიგანე ორჯერ უფრო ნაკლები, წყლის დონის ზევით სიმაღლე 100 მ-ს აღწევს. ასეთი აისბერგის დიდი ნაწილი წყალქვეშაა. თუ აისბერგის ხილული ნაწილი ქარის საწინააღმდეგოდ მოძრაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვედა ნაწილი დინებას ემორჩილება ე.ი. დინება ისეთი ძლიერია, რომ გოლიათს მიაცურებს. აისბერგის მოძრაობის მიხედვით შეიძლება წყალქვეშა დინებების მოძრაობის დადგენა.