ეგზოგენური ძალები – დედამიწის ზედაპირის შემცვლელი გარეგანი ძალები, რომელთაც მიეკუთვნება მზის სითბური ენერგია, წყლის, ქარის, მყინვარის მოქმედება და ა.შ.
-
ეგზოგენური ძალები
-
ეგზარაცია
ეგზარაცია (ლათ. exaratio – დახვნა) – მყინვარის მოქმედება ხმელეთის ზედაპირზე, რის შედეგადაც რელიეფის მყინვარული ( გლაციალური) ფორმები წარმოიქმნება. ეგზარაცია ეგზოგენური პროცესების ერთობლიობაა. ეგზარაციის ზონა ადგილი კონტინენტურ და მთის მყინვარებზე, სადაც მყინვარი აწარმოებს მხოლოდ დამანგრეველი სამუშაოებს და წარმოიქმნება რელიეფის მყინვარული ფორმები: ტროგი, ვერძის შუბლი, ტბის ქვაბული, მყინვარული ნაკაწრი, ხუჭუჭა კლდეები და სხვ.
-
ბარხანი
ბარხანი – უდაბნოებში ქარის მოქმედების შედეგად წარმოქმნილი, ნამგლის ან ნახევარმთვარის ფორმის ქვიშის ბორცვები.
-
დაბალმთიანი რელიეფი
დაბალმთიანი რელიეფი – მცირე სიმაღლის ქედების რელიეფი, რომელთა სიმაღლე არ აღემატება 1000 მ-ს ზღვის დონიდან.
-
გამოფიტვა
გამოფიტვა – ქანების დაშლისა და შეცვლის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ტემპერატურის რყევით, ატმოსფეროს, წყლისა და ცოცხალი ორგანიზმების ქიმიური ზემოქმედების შედეგად.
არჩევენ ფიზიკურ, ქიმიურ და ორგანულ გამოფიტვას. ფიზიკური გამოფიტვის დროს ხდება ქანების დაბზარვა და დაშლა ტემპერატურის რყევის შედეგად. ქიმიური გამოფიტვის დროს იცვლება ქანების ქიმიური შემადგენლობა ჰაერისა და წყლის ზემოქმედებით, რომელშიც გახსნილია ჟანგბადი, ნახშირორჟანგი, სხვადასხვა მჟავა და ტუტე. ორგანული გამოფიტვის დროს ქანების დაშლა მიმდინარეობს მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების ცხოველქმედების შედეგად.
-
გამოსხივება
გამოსხივება – სხეულის უნარი, გამოყოს სხივური ენერგია, გამოასხივოს სითბო და სინათლე.
-
გამოზიდვის კონუსი
გამოზიდვის კონუსი – ნაფენი ნიაღვრების ქვემო ნაწილი, სადაც ნიაღვრის ძალა სუსტდება და მის მიერ ჩამოტანილი მყარი მასალა (კენჭები, თიხა, ქვიშა) ილექება. დედამიწის ზედაპირის რელიეფის აკუმულაციური ფორმა, რომელიც გვხვდება მდინარეების, ხევებისა და მთის ნაკადულების შესართავებში. წარმოადგენს ნახევარკონუსისებრ ბუნებრივ ამაღლებას, რომელიც იქმნება მდინარეთა აკუმულაციის შედეგად. სახელდობრ: როდესაც მთის მდინარესა ან ნაკადულს მთისწინეთის დადაბლებულ ადგილებში გამოაქვს მყარი მასალა (ქვიშა, კენჭი, და სხვ.) ხდება ამ მასალის აკუმულირება მთის ძირში და წარმოიქმნება სუსტად ამოზნექილი რელიეფი. დამახასიათებელია საშუალო ან პატარა მდინარეებისათვის, რომლებიც მთის ტერიტორიიდან იჭრებიან მთისწინეთის მოვაკებულ ადგილებში. გამოზიდვის კონუსისთვის ნიშანდობლივია ზრდა, ხოლო ქვემო მონაკვეთში გაგანიერება. მათი ზომები და მოხაზულობა დროთა განმავლობაში იცვლება.
-
გამდიდრება
გამდიდრება მადნის, ნიადაგის სასარგებლო თვისებების გაუმჯობესება უვარგისი ნივთიერების მოცილებით ან ახალი ნივთიერებების შეტანით.
-
გაზის მრეწეველობა
გაზის მრეწეველობა სათბობი მრეწველობის მნიშვნელოვანი დარგია; ბუნებრივი გაზის დიდ მარაგს ფლობს ნორვეგია, აშშ, რუსეთი, ნიდერლანდები, კანადა. ბოლო წლებში გაიზარდა გაზის მოპოვება მთელ რიგ განვითარებად ქვეყნებში, საიდანაც იგი გააქვთ ევროპასა და იაპონიაში. გაზის მსოფლიო მოპოვების მოცულობა 2, 3 ტრლ. კუბ. მ-ია.
-
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) – საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ნებაყოფლობის საფუძველზე აერთიანებს მსოფლიოს სუვერენულ ქვეყნებს საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების დაცვა-განმტკიცებისა და სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის განვითარებისათვის. შეიქმნა 1945 წლის 24 ოქტომბერს. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებია: აშშ, რუსეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი. შტაბ-ბინა ნიუ-იორკში მდებარეობს.
ძირითადი ორგანოებია: გენერალური ასამბლეა – გაეროს მთავარი სათათბირო ორგანო, სადაც წარმოდგენილია გაეროს ყველა წევრი სახელმწიფო. თითოეულ მათგანს ხმის მიცემის თანაბარი უფლება აქვს (1 ხმა). გენერალური ასამბლეა მოიწვევა ყოველწლიურად, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მოწვეულ იქნეს სპეციალური ან საგანგებო სპეციალური სესიები.
უშიშროების საბჭო – გაეროს მუდმივმოქმედი ორგანო. გაეროს წესდების შესაბამისად უშიშროების საბჭოს აქვს დაკისრებული მთავარი პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე.
ეკონომიკური და სოციალური საბჭო – გაეროს ორგანო, რომელიც უფლებამოსილია ჩაატაროს გამოკვლევები და შეადგინოს ანგარიშები საერთაშორისო საკითხებზე ეკონომიკის, სოციალურ ურთიერთობათა, კულტურის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანთა უფლებების, ეკოლოგიის და სხვა სფეროებში
სამეურვეო საბჭო – გაეროს ორგანო, რომლის მიზანია კოლონიებისა და დამოკიდებული ტერიტორიების განვითარებაზე ზრუნვა მათ დამოუკიდებლობამდე.
საერთაშორისო სასამართლო – გაეროს მთავარი სასამართლო ორგანო. შეიქმნა 1945 წელს. მისი მიზანია სახელმწიფოთა შორის დავების გადაწყვეტა მათი თანხმობით და იძლევა კონსულტაციებს და დასკვნებს სამართლებრივ საკითხებზე.
სამდივნო – გაეროს ბიუროკრატიული ორგანო, რომლის წევრები ახორციელებენ ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობას და მის პროექტებს. სამდივნოს ხელმძღვანელობს გაეროს მთავარი ადმინისტრაციული თანამდებლბის პირი – გენერალური მდივანი.
გაეროს სისტემაში შედიან აგრეთვე:
გაეროს დამხმარე ორგანოები: მსოფლიო სასურსათო საბჭო, გაეროს ბავშვთა ფონდი, გაეროს განვითარების პროგრამა და სხვები.
გაეროს სპეციალიზებული დაწესებულებები: საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, იუნესკო, იუნიდო და სხვები.
სხვა ავტონომიური საერთაშორისო ორგანიზაციები: მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო.