გამოზიდვის კონუსი – ნაფენი ნიაღვრების ქვემო ნაწილი, სადაც ნიაღვრის ძალა სუსტდება და მის მიერ ჩამოტანილი მყარი მასალა (კენჭები, თიხა, ქვიშა) ილექება. დედამიწის ზედაპირის რელიეფის აკუმულაციური ფორმა, რომელიც გვხვდება მდინარეების, ხევებისა და მთის ნაკადულების შესართავებში. წარმოადგენს ნახევარკონუსისებრ ბუნებრივ ამაღლებას, რომელიც იქმნება მდინარეთა აკუმულაციის შედეგად. სახელდობრ: როდესაც მთის მდინარესა ან ნაკადულს მთისწინეთის დადაბლებულ ადგილებში გამოაქვს მყარი მასალა (ქვიშა, კენჭი, და სხვ.) ხდება ამ მასალის აკუმულირება მთის ძირში და წარმოიქმნება სუსტად ამოზნექილი რელიეფი. დამახასიათებელია საშუალო ან პატარა მდინარეებისათვის, რომლებიც მთის ტერიტორიიდან იჭრებიან მთისწინეთის მოვაკებულ ადგილებში. გამოზიდვის კონუსისთვის ნიშანდობლივია ზრდა, ხოლო ქვემო მონაკვეთში გაგანიერება. მათი ზომები და მოხაზულობა დროთა განმავლობაში იცვლება.