გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) – საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ნებაყოფლობის საფუძველზე აერთიანებს მსოფლიოს სუვერენულ ქვეყნებს საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების დაცვა-განმტკიცებისა და სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის განვითარებისათვის. შეიქმნა 1945 წლის 24 ოქტომბერს. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებია: აშშ, რუსეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი. შტაბ-ბინა ნიუ-იორკში მდებარეობს.

ძირითადი ორგანოებია: გენერალური ასამბლეა – გაეროს მთავარი სათათბირო ორგანო, სადაც წარმოდგენილია გაეროს ყველა წევრი სახელმწიფო. თითოეულ მათგანს ხმის მიცემის თანაბარი უფლება აქვს (1 ხმა). გენერალური ასამბლეა მოიწვევა ყოველწლიურად, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მოწვეულ იქნეს სპეციალური ან საგანგებო სპეციალური სესიები.

უშიშროების საბჭო – გაეროს მუდმივმოქმედი ორგანო. გაეროს წესდების შესაბამისად უშიშროების საბჭოს აქვს დაკისრებული მთავარი პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე.

ეკონომიკური და სოციალური საბჭო – გაეროს ორგანო, რომელიც უფლებამოსილია ჩაატაროს გამოკვლევები და შეადგინოს ანგარიშები საერთაშორისო საკითხებზე ეკონომიკის, სოციალურ ურთიერთობათა, კულტურის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანთა უფლებების, ეკოლოგიის და სხვა სფეროებში

სამეურვეო საბჭო – გაეროს ორგანო, რომლის მიზანია კოლონიებისა და დამოკიდებული ტერიტორიების განვითარებაზე ზრუნვა მათ დამოუკიდებლობამდე.

საერთაშორისო სასამართლო – გაეროს მთავარი სასამართლო ორგანო. შეიქმნა 1945 წელს. მისი მიზანია სახელმწიფოთა შორის დავების გადაწყვეტა მათი თანხმობით და იძლევა კონსულტაციებს და დასკვნებს სამართლებრივ საკითხებზე.

სამდივნო – გაეროს ბიუროკრატიული ორგანო, რომლის წევრები ახორციელებენ ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობას და მის პროექტებს. სამდივნოს ხელმძღვანელობს გაეროს მთავარი ადმინისტრაციული თანამდებლბის პირი – გენერალური მდივანი.

გაეროს სისტემაში შედიან აგრეთვე:

გაეროს დამხმარე ორგანოები: მსოფლიო სასურსათო საბჭო, გაეროს ბავშვთა ფონდი, გაეროს განვითარების პროგრამა და სხვები.

გაეროს სპეციალიზებული დაწესებულებები: საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, იუნესკო, იუნიდო და სხვები.

სხვა ავტონომიური საერთაშორისო ორგანიზაციები: მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო.