• რა არის სილენდი?

    რა არის სილენდი?

    სილენდი — არაღიარებული ქვეყანაა, რომელიც ჩრდილოეთ ზღვაში,  ყოფილ თავდაცვით პლატფორმა – რაფს-ტაუერზე მდებარეობს და ბრიტანეთის სანაპიროდან  10 კილომეტრითაა  დაშორებული.

    მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის საზღვაო ძალებმა მტრისგან თავდასაცავად ნაპირის გასწვრივ ზღვაში თავდაცვითი პლატფორმები ააგეს. ერთ-ერთი მათგანი იყო რაფს-ტაუერი (ინგლ. ღოუგჰს თოწერ). ომის დროს მასზე განლაგებული იყო საზენიტო იარაღები და 200 კაცისგან შემდგარი გარნიზონი. ომის დასრულების შემდეგ პლატფორმების უმრავლესობა დაანგრიეს, ხოლო რაფს-ტაუერი დარჩა ხელუხლებელი, რადგან ბრიტანეთის ტერიტორიული წყლების გარეთ მდებარეობდა.

    1966 წელს პენსიაზე გასულმა ბრიტანეთის მაიორმა როი ბეიტსმა და მისმა მეგობარმა რონან ო’რეილიმ ამოირჩიეს მიტოვებული რაფს-ტაუერი და მასზე გასართობი პარკის მოწუობა გადაწყვიტეს. თუმცა, მალე მეგობრებს შორის უთანხმოება მოხდა და როი ბეიტსი ადგილის ერთპიროვნული მფლობელი გახდა. მომავალ წელს რონან ო’რეილი შეეცადა პლატფორმის დაპატრონებას, თუმცა მისი შემოტევა მოგერიებული იქნა იარაღით და საწვავით სავსე ქილებით.

    როიმ გადაიფიქრა გასართობი პარკის მშენებლობა და პლატფორმაზე განათავსა პირატული რადიოსადგური “Bრიტაინ’ს Bეტტერ Mუსიც შტატიონ”.

    1967 წლის 2 სექტემბერს როიმ განაცხადა სუვერენული სახელმწიფოს შექმნის შესახებ და თავისი თავი მეფედ – როი I-ად გამოაცხადა. ეს დღე აღინიშნება, როგორც სახელმწიფო დღესასწაული.

    1968 წელს ბრიტანეთი შეეცადა პლატფორმის დაკავებას, პლატფორმას მიუახლოვდა საბრძოლო კატერები, რასაც სამეფოს წარმომადგენლებმა უპასუხეს ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლით. სისხლისღვრამდე საქმე არ მივიდა, მაგრამ როის, როგორც ბრიტანეთის მოქალაქის წინააღმდეგ დაიწყო სასამართლო პროცესი.

    1968 წლის 2 სექტემბერს ბრიტანეთის სასამართლომ გამოიტანა ისტორიული გადაწყვეტილება: მან აღიარა, რომ ეს საქმე არ განეკუთვნება ბრიტანეთის იურისდიქციას.

  • გაუჩო და არგენტინის პამპა

    გაუჩო და არგენტინის პამპა

    პამპა — სამხრეთ ამერიკის, ძირითადად არგენტინისა და ურუგვაის,  სუბტროპიკული სტეპებია. ინდიელთა ერთ-ერთი ტომის, კეჩუას, ენაზე პამპასები „ბალახიან ვაკეს“ ნიშნავს. ადრე პამპა ბალახით დაფარული და ძირითადად მეცხოველეობის განვითარების რაიონი იყო. დღეს ტერიტორიის დიდი ნაწილი ირწყვება და ხორბლისა და სიმინდის ნათესებითაა დაფარული.

    დიდი შინნაქსოვი შალით – პონჩოთი – ვერცხლის მონეტებით დამშვენებული ინდიელთა წინსაფრით, მაღალყელიანი ჩექმებით, ყელზე ფერადი ყელსახვევით, ლასოთი და დანით აღჭურვილი კოვბოი – ასეთია პამპის მფლობელი – გაუჩო.

    მაინც ვინ არის გაუჩო და როდის გაჩნდა პირველად იგი?

    XVI ს-ის შუა ხანებში ესპა¬ნელი იეზუიტები მდინარეების პარანას და ურუ¬გვაის ზემო დინებაში შეიჭრნენ, სადაც ინდიელების ერთ-ერთი მიწათმოქმედი ტომი _ გაუარანი ცხოვრობდა. ესპანელებმა შემოიყვანეს ძროხა, ცხვარი და ცხენი. ცხოველები გამრავლდნენ და თვალუწვდენელ სტეპებში მათი უმრავლესობა გაველურდა. გაუარანის ტომიც, რომელიც ადრე პრიმიტიულ მიწათმოქმედებას ეწეოდა, სტეპების მომთაბარე სხვა ტომებთან ერთად, გაველურებულ ცხოველებზე მონადირეებად გადაიქცნენ. ისინი ცხოველებს ძირითადად ტყავისთვის ხოცავდნენ, ხოლო მთავარ იარაღად ლასოს იყენებდნენ. სიტყვა `გაუჩო~ აღებულია ინდიელთა ერთ-ერთი ტომის ენიდან და `მხედარს~ ნიშნავს. ასე უწოდებდნენ პამპის თავისუფალ მონადირეებს.

    კოლონიური რეჟიმის დროის არგენტინა ძირითადად მეცხოველეობას მისდევდა. სამფლობელოები შემოღობილი არ იყო და ამიტომ გაუჩოების სწრაფი და მოხერხებული მოქმედებით საქონელი ერთი მფლობელიდან მეორესთან გადადიოდა. თანდათან იზრდებოდა არგენტინის მოსახლეობა; ესპანურ კოლონიებს შორის გაჩაღდა ვაჭრობა, პატრონი გამოუჩნდა საძოვრებსაც და შეიზღუდა თავისუფალი გადაადგილებაც, რაშიც გაუჩოსაც მიუძღვის წვლილი. საძოვრების პატრონებს მუშახელი სჭირდებოდათ, გაუჩოს კი – სამუშაო, ამიტომ ისინი დაქირავებულ მწყემსებად გადაიქცნენ.  გაუჩოს გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მეცხოველეობის განვითარება, რადგანაც ისინი ყველაზე საუკეთესო მწყემსები იყვნენ. მათი ცხოვრება ამ პერიოდისთვის დიდად არ შეცვლილა: პამპაში ჩაძირული ქოხები, ცხენი და უნაგირი, მჭრელი დანა იგივე დარჩა, მაგრამ ისინი უკვე აღარ იყვნენ პამპის მფლობელნი.

    გაუჩო  არგენტინა  პამპა

    XIX ს-ში არგენტინამ თავი დააღწია ესპანეთის კოლონიალიზმს და დამოუკიდებელ ქვეყნად გამოცხადდა. სახელმწიფომ დაიწყო განვითარება, თანდათან შემცირდა გაუჩოთა რიცხვიც, მათ თავიანთი ადგილი იმიგრანტებს დაუთმეს.

    ვის უწოდებენ დღეს “გაუჩოს”? – ეს ჩვეულებრივი პეონიაა (იგივე გლეხი), რომელიც პატაგონიის სტეპებში მწყემსად მუშაობს. მათ კვლავ მოიხსენიებენ, როგორც “კაცი ცხენზე”, მაგრამ ყოფილი კოვბოები, ახლა უბრალო, დაქირავებული მწყემსები არიან.

  • ველიჩკას მარილის მაღაროებში

    ველიჩკას მარილის მაღაროებში

    ველიჩკა პოლონეთის ერთ-ერთი ძველი და საინტერესო ქალაქია. აქაურ მარილის მაღაროებს ათას წელზე მეტი ხნის ისტორია აქვთ. ძველი მაღაროები მიტოვებულია და მუზეუმად არის გადაქცეული. მაღაროში ჩასვლა ლიფტითაც შეიძლება და კიბეებითაც. ექსკურსანტები, რა თქმა უნდა, კიბეებით ჩადიან 135 მ სიღრმემდე. ვიწრო დერეფნებით, რომლებიც მარილის ფენებშია გაჭრილი ერთი დარბაზიდან მეორეში გადადიხართ. აქ ყველაფერი მარილისაა: კიბეები, კედლები, იატაკი და ჭერი. ელექტრონის შუქზე ბრწყინავენ მარილის კრისტალები. XVII საუკუნეში ბერების ბრძანებით აქ სამლოცველოც გამოუკვეთავთ, მოყვარული მუშების მიერ კი მარილში გამოკვეთილია წმინდანების ქანდაკებები, რომლებსაც სიძველე არ ეტყობათ.

    მაღაროში ერთ-ერთი დერეფანი ბარიერთან მთავრდება, რომლის იქით ტბაა. გულითაც რომ გინდოდეთ, მასში ვერ დაიხრჩობით, რადგან ტბის წყალი მარილითაა გაჯერებული. მიწის ქვეშ, ერთ-ერთ დიდ მაღაროში კალათბურთის მოედანია მოწყობილი, აქვეა ფოსტა და პატარა მაღაზიები, სადაც სუვენიერბის შეძენა შეიძლება.

    დაღლილი და ნასიამოვნები ტურისტები დღის სინათლეს და დედამიწას ლიფტით უბრუნდებიან.

    1978 წლიდან ველიჩკას მაღაროები იუნესკოს მსოფლიოს მემეკვიდრეობის სიაშია შესული.

  • კუნძული ელბა – ტოსკანის მარგალიტი

    კუნძული ელბა – ტოსკანის მარგალიტი

    ელბა ტოსკანის არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძულია და იტალიის დასავლეთ სანაპიროს მახლობლად მდებარეობს.

    კუნძულს საინტერესო ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე IX ს-ში კუნძულს ეტრუსკები დაეპატრონენ, ხოლო VI ს-ში კი – ბერძნები. სირაკუზელმა ბერძნებმა აქ ქალაქი არგოსი ააშენეს, კუნძულს კი ეტალიეს ეძახდნენ. ძველ ბერძნულ თქმულებაში არგონავტების შესახებ ნათქვამია, რომ კუნძულზე უშიშარმა მეზღვაურებმა თავიანთ გემი სახელწოდებით “არგო” ააგეს. ქალაქი არგოსი თანდათანობით დაიძირა და ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა. წინა საუკუნეში  მყვინთავებმა 40 მ სიღრმეზე მისი ნაშთები აღმოაჩინეს.

    ჩვენი წელთაღრიცხვის I ს-ში კუნძული ხელთ იგდეს რომაელებმა, რომლებმაც  ეტალიას მაგივრად მას ილვუ უწოდეს, ხოლო არგოსს – ფაბრიციუ.  რომაელი პოეტი ვირგილიუსი კუნძულს აღწერს, როგორც წყლითა და ძვირფასეულობით მდიდარ მიწას.

    განსაკუთრებით საინტერესოა კუნძულის შუა საუკუნეების ისტორია, როდესაც მას ხან ვანდალები, გოტები, ფრანკები, ხანაც არაბები იპყრობდნენ. ელბა XIII საუკუნეში გენუას ეკუთვნოდა, შემდეგ კი ესპანელებს, ფლორენციელებს, ნეაპოლელებს. მხოლოდ 1802 წელს შეუერთდა იგი საფრანგეთს. 1814 წ. ინგლისურმა ფრეგატამ კუნძულზე საფრანგეთის ყოფილი იმპერატორი ნაპოლეონი გადმოსვა.

    კუნძულის გაცნობისთანავე დაუღალავმა ნაპოლეონმა მშენებლობა წამოიწყო. მინიატურულ დედაქალაქ პორტოფერაინოში რეზიდენცია და ორი სახლი ააშენა: ერთი ზღვის პირას, მეორე კი 600 მ სიმაღლეზე, დედაქალაქთან ახლოს. აქედან იგი კარგად ხედავდა თავის სამშობლო კორსიკას. კუნძულზე მისი ბრძანებით გაიყვანეს გზები, შეაკეთეს თეატრი და რკინიგზის პროექტიც კი შექმნეს.

    ახლა რომ კითხოთ კუნძულელებს –  თუ რითი ცხოვრობს მათი კუნძული? – ბევრი გიპასუხებთ:  “რკინის მადნითა და მოგონებებით ნაპოლეონზე!” მართლაც, კუნძულის თანამედროვე ეკონომიკა ამ ორი ფაქტორით განისაზღვრება. ნაპოლეონის კულტი არა მარტო “სულიერ საზრდოს”, არამედ კომერციის წყაროდ იქცა აქაურებისთვის.

    პორტოფერაინოს მაღაზიები სავსეა სუვენირებით, რომელიც ბონაპარტესთან არის დაკავშირებული: ნაპოლეონი მარმარილოში, ბრინჯაოში, თაბაშირში; იგი  გამოსახულია სურათებზე, ლარნაკებზე, ფაიფურის სხვადასხვა ჭურჭელზე, ავტოკალმებზე და სხვა. როგორც დედაქალაქში, ისე სხვა ქალაქებშიც, მრავლადაა სახლებზე მიმაგრებული დაფები, რომლებიც გვაუწყებენ: “აქ ეძინა, ან იყო, ან რაღაც მიირთვა იმპერატორმა” და ა.შ. აქვეა მუზეუმიც, რომელიც ნაპოლეონის ერთ-ერთი სახლის გვერდითაა აშენებული.

    მხოლოდ ნაპოლეონზე მოგონებები როდი იზიდავს აქ ტურისტებს. არაჩვეულებრივად ლამაზია კუნძულის ბუნება. რბილი ხმელთაშუა ზღვის ჰავა სასიამოვნოს ხდის დასვენებას წელიწადის ყველა დროს. იტალიელები სამართლიანად უწოდებენ მას “ტოსკანის მარგალიტს”, ამიტომაც აქ ყოველთვის ხალხმრავლობაა: თბომავალ “ეტალიას” დღეში რამდენჯერმე ათასობით ტურისტი გადაყავს და გადმოყავს.

  • კაბადოკია

    კაბადოკია

    მცირე აზიის ცენტრალურ ნაწილში, თურქეთში მთიანი მხარე – კაბადოკია მდებარეობს. კაბადოკია, რომელიც “ლამაზი ცხენების ქვეყანას ნიშნავს” და მსოფლიოს მერვე საოცრებადაა მიჩნეული, ქართველი პილიგრიმებისათვის პირველ რიგში წმინდა ნინოს და წმინდა გიორგის სამშობლოა.

    უძველესი დროიდან ამ კუთხემ ბევრჯერ განიცადა აყვავება და დაცემა. მას თავს ესხმოდნენ ხეთები, ფრიგიელები, სპარსები, ბერძნები, რომაელები, სომხები და თურქ-სელჯუკები.

    ბუნებით მკაცრი და თითქმის “მთვარის” ლანდშაფტის მქონე კაბადოკია, ქრისტიანული რელიგიის გავრცელების ერთ-ერთ კუთხედ ითვლება. ცნობილია, რომ წმინდა ნინო კაბადოკიელი იყო. დამპყრობელთა ცვლა, რომლებიც სხვადასხვა რელიგიებს აღიარებდნენ, ბუნებრივია, ქრისტიანული რელიგიის დევნას იწვევდა. ამიტომ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე მოსახლეობამ არაერთხელ ჰპოვა თავშესაფარი გამოქვაბულებში. ისინი  ყოვლისშემძლე ღმერთს ევედრებოდნენ შემწეობას. რომის იმპერის ბატონობისას კი გამოქვაბულებიდან გამოვიდნენ და ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად აღიარეს. VII საუკუნეში, როდესაც დაიწყო არაბთა ლაშქრობა მცირე აზიაში, კვლავ დაიწყო ქრისტიანების დევნა და მათ კვლავ გამოქვაბულებს მიაშურეს.

    1963 წელს კაბადოკიის ერთ-ერთ სოფელში არქეოლოგებმა დიდი მიწისქვეშა ქალაქი აღმოაჩინეს, სადაც 7 სართული – იარუსი იყო. მისი სიღრმე 85 მეტრს, სიგრძე კი 30 კმ-ს აღწევდა და 20 ათასამდე ადამიანს იტევდა. აქ საკმარისი იყო წყლის მარაგი ჭების სახით; ვენტილაცია კი კლდეებში მოხერხებულად იყო გაყვანილი. ადამიანები, როგორც ჩანს, თავისი სურვილით ჩადიოდნენ მიწისქვეშა ქალაქში, თან მიყავდათ შინაური პირუტყვი და ფრინველები, მიქონდათ საყოფაცხოვრებო ნივთები და მტერს ემალებოდნენ. შემდგომ პერიოდში აღმოჩენილი იქნა 9 კმ სიგრძის, თითქმის ასეთივე მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც 15 ათას ადამიანს იტევდა.

    კაბადოკია

    ამჟამად, კაპადოკიის ტერიტორიის ნუსხაში 36 მდე მიწისქვეშა ქალაქია, რომელსაც ტურისტები ნახულობენ.  აქ უამრავი გვირაბია. მართალია, ყველა გვირაბში ვერ შედიხართ, მაგრამ ეს ყველაფერი კარგად შესწავლილია. მიწისქვეშა კაბადოკიის ყველაზე კარგი ექსპონატი გიორემიდან 25 კილომეტრში მდებარეობს.

    ამ საოცრებების რელიეფს ვულკანური პროცესების შედეგად წარმოქმნილი სვეტები ქმნის, რომლებიც დროთა განმავლობაში წვიმისა და ქარის მიერ გადაირეცხა და შთენილების სახით დარჩა. ისინი 10 ათასობითაა, სადაც განთავსებულ გამოქვებულებში ქრისტიანობამდე ადამიანის საცხოვრებელი იყო, დღეს კი, ქალაქ გიორემში – სასტუმროთა 90% იქაა მოწყობილი.

    კაბადოკია ერთ-ერთი ჰარმონიული ადგილია დედამიწაზე, სადაც ადამიანისა და ბუნების კავშირი ერთმანეთთან დისკომფორტს არ ქმნის. ამჟამად კაბადოკია ტურიზმის მნიშვნელოვანი ცენტრია.

  • კილიმანჯაროს თოვლიანი მთა

    კილიმანჯაროს თოვლიანი მთა

    ”აფრიკის გრილი ნიავი მიბერავდა და აფრიკის სივრცეების სურნელი მცემდა… ვუყურებდი სამყაროსვით უსასრულო, ცაში აზიდულ, მზით განათებულ და საოცრად ქათქათა მთას და თავს ბედნიერად ვგრძნობდი…”

                 ერნესტ ჰემინგუეი,  ნაწყვეტი მოთხრობიდან  ” კილიმანჯაროს თოვლიანი მთა”

    ინგლისის სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების კედლებში სიცილ-ხარხარი ისმოდა: ”თოვლი? აფრიკაში?! მომხსენებელს როგორი მხედველობა აქვს?  ხომ არ დაავადდა იგი შავ კონტინენტზე ყვითელი ციებით”? ასე ცინიკურად გერმანელ მისიონერს, იოჰან რებმანს მიმართავდნენ, რომლის დანაშაულიც  მხოლოდ ის იყო, რომ მან სიმართლე თქვა.

    მოხსენებამდე რამდენიმე თვით ადრე აღმოსავლეთ აფრიკაში მისიონერული მოგზაურობისას რებმანმა ზღაპრული სანახაობა იხილა: მის წინ აღმართულიყო მთა, რომლის მწვერვალებიც თეთრ ღრუბლებში გახვეულიყო, თუმცა მათი უმოძრაობა ეჭვს იწვევდა. დაკვირვების შემდეგ რებმანი მიხვდა, რომ მთის მწვერვალი თოვლით იყო დაფარული და ძლიერ გაოცდა: ”თოვლი ეკვატორთან, აფრიკულ სიცხეში?!”. 1848 წლის 11 მაისს მისიონერმა თავის დღიურში ნანახი აღწერა და თანაც აღნიშნა, რომ ამ საოცარ მთას ადგილობრივი მცხოვრებლები ”ბერედი”-ს  ეძახიან, რაც  ”ცივს” ნიშნავს.  ლეგენდის თანახმად ერთხელ ადგილობრივმა ბელადმა მთაზე თავისი ქცეშევრდომები გააგზავნა ვერცხილის ჩამოსატანად, მაგრამ მთაზე მცხოვრებმა ბოროტმა სულებმა ხელი შეუშალეს ბელადის სურვილს.  უკან დაბრუნებისას ძვირფასი ლითონი წყლად გადაიქცა. მისიონერი მიხვდა, რომ ლეგენდაში ნახსენები ვერცხლი თოვლია, მაგრამ მისმა აღჭურვილობამ, რომელიც მხოლოდ ბიბლიისა და ქოლგისგან შედგებოდა, მას საშუალება არ მისცა მთაზე ასულიყო, რათა საბოლოოდ დარწმუნებულიყო თავისი დაკვირვების სიზუსტეში.

    ევროპაში დაბრუნებული რებმანი  სამეფო გეოგრაფიულ საზოგადოებაში მიიწვიეს, სადაც იმ პერიოდში დებატები იმართებოდა ნილოსის სათავის მდებარეობის  შესახებ. ამ საკითხის ირგვლივ მისიონერს პასუხი  არ ჰქონდა, თუმცა მეცნიერებს ამცნო, რომ მან აფრიკის გულში ყინულით დაფარული მთა იხილა, რის გამოც  იგი დაცინვისა და ანეკდოტების გმირად იქცა.

     რამდენიმე თვის შემდეგ მისი თანამემამულე და კოლეგა იოჰან კრაპფი აფრიკიდან დაბრუნდა და რებმანის ცნობები დაადასტურა, თუმცა  კატეგორიულად არ ეთანხმებოდა მას მთის სიმაღლის საკითხში.   მთის ”პირველაღმომჩენი” ამტკიცებდა, რომ მთის სიმაღლე დაახლოებით 6 კმ-იაო, მისი ოპონენტის  აზრით კი მთა 1,5-ჯერ დაბალი იყო. მთის გაბარიტების შესახებ  ატეხილი დავის გამო მეცნიერებმა, რომელთაც აფრიკა მხოლოდ რუკასა და გლობუსზე ჰქონდათ ნანახი, დაასკვნეს რომ  თოვლიანი მთა ამ კონტინენტზე საერთოდ არ არსებობდა.

    1861 წელს  ენთუზიასტებმა აფრიკის უმაღლესი მწვერვალის დალაშქრვა გადაწყვიტეს, მაგრამ  ხან უამინდობამ, ხან არასაკმარისმა აღჭურვილობამ და ხანაც  სხვა ფაქტორებმა  ევროპელებს ხელი შეუშალეს დაეპყროთ კილიმანჯარო. საბოლოოდ, 1889 წელს გერმანელი მოგზაური და გამომცემელი ჰანს მაიერი  და ავსტრიელი  ალპინისტი  ლუდვიგ  პულჩელერი 60 ადგილობრივი მეგზურის თანხლებით ექვსკვირიანი მოგზაურობის შემდეგ 5895 მეტრ სიმაღლეზე ავიდნენ და აფრიკის ”სახურავს მიაღწიეს”. ასე უწოდებენ მთა კიბოს უმაღლეს მწვერვალს, ერთ-ერთს იმ სამთაგან, რომლებიც კილიმანჯაროს ქმნიან. მას კაიზერ ვილჰემ II-ის პიკი უწოდეს გერმანელი იმპერატორის  პატივსაცემად. დავა იმის შესახებ, რომ  ეკვატორთან თოვლი არის თუ არა, ამ მტკიცების მომხრეთა გამარჯვებით დასრულდა.  მთის სხვადასხვა მწვერვალი, შირა (3962 მ) და მავენზი (5149 მ), რომელთაც მეტად რთული ფერდობები აქვთ, ალპინისტებმა  მხოლოდ XX საუკუნეში დაიპყრეს.

    კილიმანჯაროს შესახებ რამდენიმე ლეგენდა არსებობს.  ამბობენ, რომ  ძველი ეთიოპიის მბრძანებელმა  მენელიკ I, სოლომონ მეფისა და დედოფალ საკიას ძემ, იგრძნო რა  სიკვდილის მოახლოება, თავისი ავლადიდება შეკრიბა, მათ შორის სოლომონ მეფის  ცნობილი ბეჭედი  წარწერით ”ესევ გაივლის” და  მონებთან ერთად მთაზე ასვლა გადაწყვიტა.  იგი  წინ მიუძღვოდა პროცესიას და პირველი ჩახტა ვულკანის კრატერში, წაიყოლა რა თან  მთელი სიმდიდრე. ლეგენდის თანახმად ვინც ამ საგანძურს იპოვის, და რა თქმა უნდა სოლომონ მეფის ბეჭედსაც, მას ეთიოპიის მმართველის ტიტული მიენიჭება. 

    მწვერვალზე ასვლისას  მოგზაური 6 ბუნებრივ ზონას კვეთს. მთის ძირში სავანებია.    შედარებით მაღლა , იქ სადაც  დამდნარი თოვლიდან ნაკადულები მოედინებიან, ადგილობრივ მოსახლეობას ყავა, ბანანი, სიმინდი, პომიდორი მოჰყავს.  1800 მ სიმაღლეზე ეს  პეიზაჟი ტყეების ხშირი და გაუვალი  მცენარეულობით იცვლება, 300 მ-ით ზემოთ კი უკვე ალპური მდელოებია.  ზ.დ-დან 4000 მ -ის ზემოთ უკვე ხავსების სამეფოა, ხოლო 5000 მ-დან ნამდვილი ქვიან-ყინულიანი უდაბნო იწყება. იმის გამო, რომ აქ ჰაერი გაიშვიათებულია არანაირი ცოცხალი ორგანიზმი  არ ბინადრობს, თუმცა არსებობს ორი გადმოცემა ადგილობრივი ფაუნის შესახებ.  ერთი თეთრ ლეოპარდს ეხება, რომელიც კიბოს ყინულებში უნახავთ და აღწერილი აქვს ამერიკელ მწერალს ერნესტ ჰემინგუეის მოთხრობაში ”კილიმანაჯროს თოვლიანი მთა”. მეორეს თანახმად კი 1962 წელს ტურისტთა ჯგუფმა 5000 მ  სიმაღლეზე ხუთი ველური ძაღლი შენიშნა.

    მთის ძირში მოსახლეობა მასაისა და ჩაგას  ტომები ოდითგან ცხოვრობენ. კილიმანჯაროზე  ასვლის მსურველები დღესაც მრავლად არიან. იგი ხომ ცალკე მდგომი ყველაზე მაღალი მწვერვალია დედამიწაზე და მასზე ასვლა სპეციალური  მომზადების გარეშეცაა შესაძლებელი. მათ ვინც, კილიმანჯაროზე ასვლას აპირებს, ურჩევენ რომ  ასვლამდე  ორი კვირის მანძილზე  ყოველდღიურად 5-10 კმ გზა ფეხით გაიარონ. ტურისტებს მთაზე ასასვლელად 5-7 დღე სჭირდებათ და თან მეგზურებიც უნდა იახლონ.  მარშუტისა და ასასვლელი დღეეების  რიცხვის მიხედვით ასეთი ექსკურსია 500-1000 დოლარი ღირს, რომელშიც არ შედის  ტანზანიაში გამგზავრებისა და მეგზურთა ხარჯები.  ტურისტებს შორის შედარებით ნაკლები პოპულარობით სარგებლობს უჰუროს პიკი (სუაჰილის ენიდან ”თავისუფლება”). ასე უწოდებენ დღეს ვილჰემ კაიზერის პიკს, რომელსაც 1961 წელს ტანზანიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ  შეეცვალა სახელი. 

    კილიმანჯაროს მთა

    სტატისტიკის მიხედვით  მწვერვალის ყველაზე ხანდაზმული დამლაშქრავი 87 წლის ყოფილა, ხოლო  ყველაზე ახალგაზრდა – 11-ის. თუმცა ახლა მთაზე ასვლა მხოლოდ 12 წლის ასაკიდან შეიძლება.  მწვერვალის დაპყრობის რეკორდი ბრაზილიელ მოცარტ კატაუს ეკუთვნის, რომელმაც მთაზე ასვლას 17 საათი და 30 წუთი მოანდომა, თანაც იმ მარშრუტით, რომელსაც ტურისტები ხუთ დღეში გადიან.  

  • ვულკანების ამოფრქვევა ჩვენ  პლანეტას  გადახურებისგან  იცავს 

    ვულკანების ამოფრქვევა ჩვენ  პლანეტას  გადახურებისგან  იცავს 

    მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (აშშ) მეცნიერების აზრით ვულკანების ამოფრქვევა ჩვენს პლანეტას გადახურებისგან იცავს. მათ ახალ კვლევებზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ ვულკანები დედამიწას აგრილებენ, ძირითადად, ატმოსფეროში გამოყოფილი გოგირდის დიოქსიდის ხარჯზე, რომელიც ნოტიო ჰაერთან რეაგირებს და გოგირდის მჟავას წვეთებს წარმოქმნის. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში ატმოსფეროში რჩებიან და მზის რადიაციას ირეკლავენ, რაც თავის მხრივ ტემპერატურის შემცირებას იწვევს. არადა, ადრე ითვლებოდა, რომ ეს პროცესები პლანეტის მასშტაბით კლიმატზე არსებით გავლენას არ ახდენდა.

  • გეოგრაფიული პროგნოზი და მისი მნიშვნელობა

    გეოგრაფიული პროგნოზი და მისი მნიშვნელობა

    გეოგრაფიული პროგნოზირება გულისხმობს მეცნიერულად დასაბუთებული თეორიების შემუშავებას ბუნებრივი გარემოს მდგომარეობისა და განვითარების ტენდენციების შესახებ რაციონალური ბუნებათსარგებლობის კუთხით. გეოგრაფიული პროგნოზირება იგივე გეოგრაფიული კვლევების ჩატარებაა მომავალში ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის შესახებ. გეოგრაფიული პროგნოზირების ძირითადი ერთეულები – სივრცე და დრო – პროგნოზის ობიექტსა და მიზანთან და კონკრეტული რეგიონის ბუნებრივ-სამეურნეო თავისებურებებთან ერთად განიხილება.

    გეოგრაფიული პროგნოზირების საფუძველია, ერთი მხრივ, გეოსისტემებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დინამიკური და ევოლუციური ტენდენციები, მეორე მხრივ კი – სოციალურ-ეკონომიკური განვითარების არსებული და პერსპექტიული გეგმები, ტექნიკის პროგრესი, რაზეც დამოკიდებულია ბუნებრივ კომპლექსებზე კაცობრიობის ზემოქმედების მიმართულებები.

    გეოგრაფიული პროგნოზის სიზუსტე და წარმატება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის – იმაზეც, რამდენად სწორადაა შერჩეული და არჩეული მთავარი ფაქტორები და მეთოდები, რომლებიც პრობლემის გადასაჭრელადაა საჭირო. გეოგრაფიული პროგნოზების კლასიფიკაცია ასეთია:

    ა) კომპონენტების მიხედვით (ანუ დარგობრივი) – ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური, ნიადაგური და სხვ. და კომპლექსური, როცა ბუნებრივი კომპლექსის მდგომარეობის დინამიკა მთლიანობაში ფასდება;

    ბ) პროგნოზები ერთმანეთისგან მასშტაბითაც განსხვავდება. გეოსისტემების დონის მიხედვით განასხვავებენ ლოკალურ (სივრცობრივი მასშტაბი რამდენიმე კვ. კმ-დან რამდენიმე ათას კვ. კმ.-მდე), რეგიონულ (რამდენიმე ათასი კვ. კმ.-დან რამდენიმე ასეულ ათას კვ. კმ.-მდე) და გლობალურ (რამდენიმე ასეული ათასი კვ. კმ.-დან სისტემის იმ ტერიტორიულ დონემდე, როცა ის გეოგრაფიულ გარსს ქმნის) პროგნოზებს. მაგალითად, ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდა და მასთან დაკავშირებული კლიმატის ცვლილების პროგნოზი გლობალური მასშტაბისაა, მდინარეების ამუდარიასა და სირდარიას წყლების არხებში გადანაწილება და შედეგად ბუნებრივი გარემოს ცვლილების პროგნოზი – რეგიონული მასშტაბისა, ხოლო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შექმნის შედეგად გამოწვეული ბუნებრივი გარემოს ცვლილებები – ლოკალური.

    გ) დროის მიხედვით გამოყოფენ მოკლევადიან (დროითი მასშტაბი – რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღმდე), საშუალოვადიან (რამდენიმე დღიდან წლამდე) და გრძელვადიან (წლიდან რამდნიმე ასეულ ან ათას წლამდე) პროგნოზს. ცნობილია ისეთი პროგნოზებიც, რომლებიც გათვლილია რამდენიმე ათასწლეულზე და 1 მლნ წელზეც კი. მაგალითად, მყინვარების უკან დახევის ან გავრცელების პროგნოზი, გაუდინარი ტბების წყლის დონის რყევა და სხვ. თუმცა ასეთი პროგნოზები არცთუ ზუსტია – პროგნოზირება ხდება ბუნებრივი ცვლილებების მიმართულებით და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები გათვალისწინებული არ არის.

    ადამიანის ცხოვრებაში მეტად აქტუალურია მოკლევადიანი პროგნოზები, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი წლიური, სეზონური და თვის პროგნოზებია. მაგალითად, ამინდის, მდინარეებში წყლის დონის ცვლილებისა და მისი ხარჯის სეზონური რყევის, ზვავების ჩამოწოლის, მეწყერებისა და ღვარცოფების წარმოქმნის პროგნოზი, რათა დროულად იქნეს მიღებული პრევენციული ზომები და თავიდან იქნეს აცილებული მისი კატასტროფული შედეგები. გრძელ- და საშუალოვადიანი პროგნოზირებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს რამდენიმე ფაქტორი: რამდენად ღრმადაა შესაძლებელი წარსულში ბუნების განვითარების კანონზომიერებებში გარკვევა, რამდენად ხანგრძლივად და ზუსტადაა შესაძლებელი მოსალოდნელი ბუნებრივი პროცესებისა და მოვლენების წინასწარმეტყველება. მაგალითად, მთის თანამედროვე მყინვარების კვლევისას შესაძლებელია მათი გაჩენისა და განვითარების ისტორიაში შეხედვა. იმ ვარაუდზე დაყრდნობით, რომ მყინვარები მომავალშიც იმავე კანონების მიხედვით განვითარდება, რომლებითაც წარსულში ვითარდებოდა, შესაძლებელია მათი განვითარების გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთებაც. ამ პროგნოზის საფუძველს იძლევა გაუდინარი ტბების ფსკერზე დალექილი ქანებიც.

    საშუალოვადიანი პროგნოზი მოითხოვს ლანდშაფტის რიტმული, მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი და ტექნოგენური ცვლილებების ყოველმხრივ შესწავლასა და კვლევას. მაგალითად, წყალსაცავების მშენებლობის დროს საინტერესოა არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური გარადქმნები, არამედ ბუნებაში მომხდარი ცვლილებებიც, რომლებიც წყლის ახალი ობიექტის გაჩენას მოჰყვება.

    არსებობს გეოგრაფიული პროგნოზირების მეთოდთა წყება. ზოგ მათგანს წინათაც იყენებდნენ, თუმცა არ შეიძლება, მათ უნივერსალური ვუწოდოთ. გეოსისტემების მოსალოდნელ ცვლილებათა წინასწარმეტყველებისას ეს მეთოდები გეოგრაფიაში ერთდროულად გამოიყენებოდა. ზუსტი პროგნოზის მთავარი პირობაა იმ მკვლევარი-სპეციალისტის მიერ ბუნების განვითარების კანონზომიერების ღრმა ცოდნა, რომელიც კონკრეტულ პროგნოზზე მუშაობს და მრავალფაქტორიანი პროცესებისა და მოვლენების კავშირების შესახებ სწორ განსაზღვრებას გვაძლევს.

    ბუნებრივი გარემოს პროგნოზირების შედარებით დამუშავებულ მეთოდებს მიეკუთვნება ფიზიკურ-გეოგრაფიული ექსტრაპოლაცია, ფიზიკურ-გეოგრაფიული ანალოგია, ლანდშაფტურ-გენეტიკური მწკრივები, ფუნქციური ურთიერთკავშირები, ექსპერტული შეფასება.

    ფიზიკურ-გეოგრაფიული ექსტრაპოლაციის მეთოდი ადრეულ ეტაპზე გამოვლენილ ბუნებრივი კომპლექსის განვითარების მიმართულების გავრცელებას და მომავალში მის სივრცობრივ-დროით დინამიკას ემყარება. თუ ექსტრაპოლაციის მეთოდით გავაკეთებთ მსოფლიოს მოსახლეობის ზრდის პროგნოზს, აღმოჩნდება, რომ პლანეტის მოსახლეობა მომავალშიც იმავე ტემპით გაიზრდება. თუმცა სხვა, უფრო სრულყოფილი მეთოდების მიხედვით, პროგნოზი სულ სხვნაირია: დედამიწის მოსახლეობა 30-40 წლის შემდეგ კი არ გაიზრდება, პირიქით, შესაძლოა შემცირდეს კიდეც.

    ფიზიკურ-გეოგრაფიული ანალოგიის მეთოდი ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ ერთი ბუნებრივი კომპლექსის პირობებში გამოვლენილი პროცესის (ანალოგის) განვითარება შეიძლება განსაზღვრული ცვლილებებით გადატანილ იქნეს სხვა, პირველის იდენტური პირობების კომპლექსზე. გეოგრაფიული ანალოგიების მეთოდის გამოყენებისას ხდება ერთი ლანდშაფტისთვის დადგენილ კანონზომიერებათა სხვა, ანალოგიურ ლანდშაფტზე გადატანა. ეს მეთოდი საკმაოდ შეზღუდულია და მხოლოდ ბუნებრივი კომპონენტების მსგავსების პირობებში მუშაობს, რადგან დადგენილი კანონზომიერებები განსაზღვრულ გეოგრაფიულ ზონაში მხოლოდ ამ ზონისთვისაა დამახასიათებელი.

    ექსტრაპოლაციის ან დროებითი ანალოგიების მეთოდი ბუნებრივ გარემოში მოსალოდნელი ცვლილების შესახებ პროგნოზს თანამედროვე პირობებში მომხდარ ცვლილებებზე დაყრდნობით აკეთებს. მათი გამოყენებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო და აუცილებელია კავშირი სხვა მეთოდებთან, რადგან ბუნებრივი მოვლენების უმრავლესობა არათანაბრად და, ამავე დროს, მრავალი სხვადასხვა ტიპის ფაქტორის ზემოქმედებით მიმდინარეობს. ინდიკაციური მეთოდი ეფუძნება გეოსისტემის ყველა კომპონენტს და იქ მიმდინარე პროცესებს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირს. ამ დროს ერთი ინდიკატორის, მაგალითად, მცენარეულობის საშუალებით შესაძლებელია განისაზღვროს გეოსისტემაში მოსალოდნელი ცვლილებების შესაძლო ვარინატები. ამ მეთოდს ძირითადად მოკლევადიანი პროგნოზირებისას იყენებენ.

    გარემოს ცვლილებათა ზუსტი შეფასებისა და პროგნოზირების დროს მეტად მნიშვნელოვანია ადგილის ლანდშაფტური რუკის შედგენა. რუკა, ფოტოსურათის მსგავსად, აღრიცხავს ბუნებრივი გარემოს კომპონენტების მდგომარეობას დროის მოცემულ პერიოდში. ასეთი რუკების საშუალებით შესაძლებელია ბუნებრივ კომპლექსებში მოსალოდნელ ცვლილებათა განსაზღვრა. ამ პოზიციიდან გამომდინარე, აეროფოტოგადაღებებს დიდი მნიშვნელობა აქვს პროგნოზისთვის.

    ლანდშაფტურ-გენეტიკური მწკრივების მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბუნებრივი პროცესების სივრცობრივ ცვლილებათა განვითარების დადგენილი კანონზომიერებები შეიძლება გადატანილ იქნეს მათ დროებით დინამიკაში და პირიქით.

    ფუნქციური ურთიერთკავშირების მეთოდი ეფუძნება იმ ფაქტორების გამოვლენას, რომლებიც საპროგნოზო პროცესის დინამიკას განსაზღვრავს, ასევე – მათ შორის და ამ პროცესის მაჩვენებლებს შორის ურთიერთკავშირის პოვნას.

    ექსპერტული შეფასების მეთოდი გულისხმობს საპროგნოზო ობიექტის მომავალი მდგომარეობის განსაზღვრას სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა – ექსპერტთა – მოსაზრებების, შეხედულებების შესწავლით.
    თანამედროვე პირობებში საპროგნოზო ამოცანების გადასაწყვეტად სულ უფრო მეტად იყენებენ გეოსისტემის მათემატიკური მოდელირების მეთოდს. მისი სიზუსტე დამოკიდებულია იმ ფაქტორების მოცულობის ხარისხზე, რომლებიც გარემოზე ზემოქმედებს. ამ დროს იქმნება იმიტაციური კომპიუტერული მოდელი, რომელიც ბუნებრივი კომპლექსების დრო–სივრცით კავშირებს ასახავს.
    გეოგრაფიული პროგნოზის ძირითადი პრინციპები ეფუძნება იმას, რომ ბუნებაში მიმდინარე პროცესები და ცვლილებები განსაზღვრულ პირობებში მიმდინარეობს, განსაზღვრულ კანონზომიერებებს ემორჩილება და გეოსისტემებს შესაბამისი ფუნქციური თავისებურებები აქვს.

  • სტრაბონის  გეოგრაფია ონლაინ-რუკაზე

    სტრაბონის  გეოგრაფია ონლაინ-რუკაზე

    გეოგრაფიის მამა, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და მეცნიერი სტრაბონი რომის იმპერიაში ათასწლეულის მიჯნაზე ცხოვრობდა და გეოგრაფიაში სამეცნიერო ნაშრომი ბერძნულ ენაზე, სავარაუდოდ, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის 20-იან წლებში დაწერა. ეს ნაშრომი 17 წიგნისგან შედგება და მასში იმ დროისათვის ცნობილი ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნები და ხალხებია აღწერილი. დაახლოებით 3000-ზე მეტი გეოგრაფიული ადგილი – კუნძულ ირლანდიიდან მდინარე განგის დელტამდე – ახლა შესაძლებელია სპეციალურ ონლაინრუკაზეც მოვძებნოთ.

    ახალ ინტერაქტიულ რუკას – სტრაბონის ”გეოგრაფია” თან ახლავს დ. როლერის ინგლისურენოვანი თარგმანი, რომელიც 2014 წლის მაისში კემბრიჯში გამოქვეყნდა. ელექტრონული ვერსიის ყიდვისას მკითხველს შეუძლია ტექსტში გეოგრაფიული სახელი მონიშნოს და რუკაზე მისი ადგილმდებარეობა ნახოს. უნდა აღინიშნოს, რომ ონლაინრუკა უფასოა, ამიტომაც სტარბონის ”გეოგრაფიის” გაცნობა და შესწავლა დ. როლერის ტექსტის გარეშეც შეიძლება.

    რუკა ძველი მსოფლიოს კარტოგრაფიის ცენტრში (AWMC) შეიქმნა გეოგრაფიული ცნობარის ”პლეიადის” ბაზაზე (Pleiades), რომელიც საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ, შევქმნათ და გავავრცელოთ გეოგრაფიული ცნობები ძველი მსოფლიოს შესახებ. ტოპონიმები გროვდება მონაცემთა ბაზაში და რუკაზე მათ მდებარეობას ებმება. ”პლეიადი” პროექტი ღიაა პროგრამული უზრუნველყოფით, ამიტომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ინფორმაციის რედაქტირება და დამატება. სტრაბონის რუკის შესაქმნელად გამოყენებულ იქნა AWMC-ის მიერ შემუშავებული GIS-ის დამატებაAntiquity À-la-Carte.

  • არქტიკაში ტემპერატურა მატულობს

    არქტიკაში ტემპერატურა მატულობს

    არქტიკაში ბოლო 115 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. კლიმატის ცვლილება თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა და ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს არქტიკაში, სადაც ეს პროცესი 2-ჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მთელ დედამიწაზე. მკვლევრებმა გვაუწყეს, რომ 1900 წლიდან მოყოლებული არქტიკაში ჰაერის ტემპერატურამ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია და 2014 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის სექტემბრამდე ტემპერატურა საშუალო მაჩვენებლზე 1.3 გრადუსით მეტი იყო. აშშ-ის ოკეანოგრაფიული და ატმოსფერული კვლევების ეროვნული დეპარტამენტის (NOAA) ყოველწლიური მოხსენების თანახმად, უკანასკნელი 115 წლის მანძილზე ჰაერის ტემპერატურა არქტიკაში ყველაზე მაღალია. მსგავსი ანომალია ბოლოს 1900 წელს იქნა დაფიქსირებული.

    ჰაერის ტემპერატურის მატებას თან სდევს ყინულების დნობა. გრენლანდიის ტერიტორიის თითქმის ნახევარი 2015 წელს პირველად გათავისუფლდა ყინულისგან. კლიმატის ცვლილება არქტიკაში ბინადარი თევზებისა და ლომვეშაპების იძულებით მიგრაციას იწვევს. ისინი ახალი ტერიტორიებს ითვისებენ. მეცნიერები ასევე ადასტურებენ ევერესტის მყინვარების დნობასაც და აღნიშნავენ, რომ ბოლო 40 წლის განმავლობაში მათი ფართობი 28%-ით შემცირდა.