• საქართველოს საარჩევნო გეოგრაფია

    საქართველოს საარჩევნო გეოგრაფია

    სტატიის ავტორი: იოანე მახარაძე

    საარჩენო გეოგრაფია საზოგადოებრივი გეოგრაფიის ერთ-ერთი ქვემიმართულებაა, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში ჯერ-ჯერობით განვითარებული არ არის. თუმცა, მეორე მხრივ, საარჩევნო გეოგრაფიის კანონზომიერებებზე დაყრდნობა აუცილებელია პარტიული სუბიექტებისა და კანდიდატებისთვის, რადგან მათ კამპანიას სწორი გეოგრაფიული მიმართულება მიეცეს. წლების მიხედვით არჩევნების შედეგებზე დეტალური გეოგრაფიული დაკვირვება გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ რომელი იდეოლოგიისა და პლატფორმის მქონე პოლიტიკურ ძალას აქვს მეტი შანსი სხვადასხვა რეგიონში, ამ რეგიონის ფიზიკური თუ საზოგადოებრივი გეოგრაფიული მახასიათებლების გავლენით.

      საქართველოს საარჩევნო გეოგრაფიის კანონზომიერებების დადგენას 2008 წლის არჩევნებით ვიწყებთ. ამ წელს საკმაოდ პოპულარული მოქმედი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის კანდიდატ ლევან გაჩეჩილაძეს უპირისპირდება. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგების სამართლიან დათვლასთან დაკავშირებით სხვადასხვა შეხედულება არსებობს, ერთი რამ ცხადია. ოფიციალურ შედეგებზე დაყრდნობითაც კი: თუმცა მიხეილ სააკაშვილმა პირველივე ტურში გაიმარჯვა, მან წააგო დედაქალაქი. ეს შეგვიძლია მივიჩნიოთ საქართველოს საარჩევნო გეოგრაფიის პირველ სიგნალად, რომ ოპოზიციურ პარტიებს ტრადიციულად ძლიერი ველი აქვთ დედაქალაქში და სავარაუდოა, რომ პერსპექტვივა აქვთ სხვა დიდ ქალაქებშიც. განსხვავებით, სოფლებისგან. რურალურ, ანუ სასოფლო ტიპის დასახლებებში მიხეილ სააკაშვილის პროცენტული მაჩვენებლები 80-ს აჭარბებდა. 2008 წლის არჩევნების შედეგების ანალიზზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ჩნდებოდა მთელს მსოფლიოში გავრცელებული საარჩევნო „დაპირისპირება“ ურბანულ და რურალურ ტერიტორიებს შორის. როცა საქალაქო და სასოფლო ტიპის დასახლებები ყოველთვის ფუნდამენტურად განსხვავებულ არჩევანს აკეთებენ ხოლმე.

    2008 წლის საარჩევნო რუკა.

     

    2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოქმედ ხელისუფლებას ძალიან სერიოზულ ოპოზიციურ ძალასთან მოუწია დაპირისპირება. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში „კოალიცია ქართული ოცნება“ დაუპირისპირდა. მაშინდელმა ოპოზიციამ- „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუგო საქართველოს თითქმის ყველა დიდი ქალაქი, თუმცა ხელისუფლების დამარცხებაში მთავარი წვლილი ისევ დედაქალაქმა შეიტანა. ოღონდ 2008 წელთან შედარებით, უკვე თბილისში იყო ძალიან დიდი სხვაობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. „ქართული ოცნება“ დედაქალაქში ხმათა 70%-ზე მეტს აგროვებდა. გარდა თბილისისა, ოპოზიციამ მოიგო სხვა დიდი ურბანული არეალები, როგორებიცაა: ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი.

    მეორე მხრივ, იმდროინდელმა ხელისუფლებამ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა სამხრეთ საქართველოში, რომელიც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებითაა დასახლებული და ეს რეგიონები ყოველთვის ხელისუფლებისკენ იხრებიან. რასაც რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის ინფორმაციული ვაკუუმი, ინფორმირების შედარებით დაბალი დონე, ხელისუფლების მხრიდან მანიპულაციების სიმარტივე და ადგილობრივი მოსახლეობის ხელისუფლებასთან დაპირისპირების შიში.

    2012 წლის საარჩენო რუკა.

     

    2008 და 2012 წლების საარჩევნო რუკების ანალიზი უკვე გვიჩვენებს საქართველოს საარჩენო გეოგრაფიის ტენდენციებს. განსხვავებულ შედეგებს ქალაქებსა და სოფლებს შორის. რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიდრეკილებას, მხარი დაუჭირონ ხელისუფლებას. მომდევნო წლების არჩევნების ანალიზით, გადამოწმდება ეს ტენდენციები გაღრმავდა თუ არა.

     კიდევ ერთი ძალიან კონკურენტუნარიანი არჩევნები საქართველოში 2018 წელს ჩატარდა, საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატი არ წამოაყენა, თუმცა მთელი თავისი რესურსით მხარი დაუჭირა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. მეორე მხრივ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კანდიდატად ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი გრიგოლ ვაშაძე დაასახელა. კენჭს ასევე იყრიდნენ დავით ბაქრაძე, დავით უსუფაშვილი და შალვა ნათელაშვილი.

      2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეს იყო პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც საჭირო გახდა მეორე ტურის ჩატარება, რადგან პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ზღვარი.

    ლეგენდა: ლურჯი- სალომე ზურაბიშვილი. წითელი- გრიგოლ ვაშაძე

    2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის რუკა გვიჩვენებს, რომ სახელისუფლო კანდიდატის სასარგებლოდ არჩევანი გააკეთა სამხრეთ საქართველოს რეგიონებმა, რომლებიც რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებით არის დასახლებული, შესაბამისად, ჩვენს მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ ეს რეგიონები  მხარს უჭერენ ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ დადასტურდა. მეტიც, სახელისუფლო კანდიდატს ასევე მხარი დაუჭირა საქართველოს მთიანმა მუნიციპალიტეტებმა, როგორებიცაა: ყაზბეგი, დუშეთი, თიანეთი, მესტია, ცაგერი, ლენტეხი, ონი და ამბროლაური. ვფიქრობთ, ეს გამოწვეულია იმით, რომ ამ მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებით დიდია რურალური, აგრალური, ანუ სასოფლო მოსახლეობის წილი, რომელიც როგორც ვთქვით აქტიურად უჭერენ მხარს ხელისუფლებას. მეორე მხრივ, ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ მოიგო საქართველოს ყველა დიდი ქალაქი- თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ბათუმი, თელავი, გორი. ყველა ის არეალი, რომელშიც დიდია ურბანული მოსახლეობის რაოდენობა. გარდა საარჩევნო რუკისა, შეგვიძლია დავაკვირდეთ საინტერესო მონაცემებს, რომელთა კალკულაციაც მოხდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

    2018 წლის არჩევნების შედეგების ანალიზი ცხრილის მიხედვით, გეოგრაფიულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, გვიჩვენებს, რომ წინა არჩევნებისას გამოკვეთილი ტენდენციები ზუსტია. ოპოზიციის შედეგი ბევრად მაღალია დიდ ქალაქებში, ხოლო სოფლებში უპირატესობა აქვს სახელისუფლებო კანდიდატს.

     2021 წელს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა, რომელსაც საკმაოდ ძლიერად შეხვდა მმართველი პარტია. „ქართულმა ოცნებამ“ მთელს ქვეყანაში 47%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. თუმცა, „ქართული ოცნების“ ეს მაღალი შედეგი, რომელიც ჯამურად დაფიქსირდა, არ გადაითარგმნა დიდ ქალაქებში არსებულ რეალობაში და მეტიც, რამდენიმე დიდი ქალაქის საკრებულოში ხელისუფლებამ საერთოდ ვერ შეძლო უმრავლესობის მოპოვება. ქართულმა ოცნებამ მხოლოდ 40% მიიღო თბილისში, ანუ 7%-ით უფრო ნაკლები, ვიდრე მთელს ქვეყანაში. სხვა დიდ ქალაქებში კი ან ჩამორჩა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ან გაუტოლდა მას. (ვერ გადაუსწრო). ასეთი იყო რუსთავი. ქუთაისში ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ პირველ ტურში პირველ ადგილზე გასვლა შეძლო. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიულ არჩევნებში მოიგო ზუგდიდი და ბათუმიც.

     2021 წლის არჩევნებმაც ზუსტად იგივე ტენდენცია გამოავლინა, ოღონდ ამ შემთხვევაში ურბანულ და რურალურ (ქალაქებსა და სოფლებს) შორის საარჩევნო დაპირისპირება კიდევ უფრო ღრმა იყო. ქალაქებმა აბსოლუტურად სხვა არჩევანი გააკეთეს, ხოლო მონაცემები პატარა რაიონებსა და სოფლებში მკვეთრად განსხვავებული იყო.

    რას უნდა ველოდეთ 2024 წლის არჩევნებზე, რომელიც სულ რამდენიმე დღეში გაიმართება:

     2024 წლის არჩევნები პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სრულად პროპორციულად ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურ სუბიექტს სჭირდება ძალიან მაღალი პროცენტული მაჩვენებელი, რომ მთავრობა ერთპარტიულად დააკომპლექტოს. (ეს შეიძლება იყოს 40-45% და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი პოლიტიკური პარტია გადალახავს 5%-იან ბარიერს).

     გეოგრაფიული კუთხით, ეჭვგარეშეა, რომ ის ტენდენციები, რომელთა შესახებაც ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ, მკვეთრად გამოჩნდება 26 ოქტომბრის საარჩევნო რუკაზეც. პირადად მე, ვფიქრობ, რომ აღნიშნული განსხვავებები გეოგრაფიული პარამეტრების მიხედვით, უფრო დიდი იქნება, ვიდრე აქამდე, ოდესმე ყოფილა. ოპოზიციურ ფლანგს განსაკუთრებით მაღალი შედეგი ექნება დიდ ქალაქებსა და დედაქალაქში,  ხოლო სახელისუფლებლო გუნდი მოიგებს სამხრეთ საქართველოს, მაღალმთიან ოლქებსა და საშუალო ზომის რაიონებს, რომლებშიც უმეტესობა რურალური არეალის მოსახლეობაა. თუ ვინ გაიმარჯვებს საბოლოოდ არჩევნებში ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება აქტივობაზე. რომელი მხარე იაქტიურებს უფრო მეტად.

    ერთი რამ ეჭვგარეშეა, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ისტორიაში უდიდესი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საარჩევნო აქტივობა იქნება და მეტად სავარაუდოა, რომ იგი 60%-ს გადააჭარბებს.  

  • წყლის  დილემა

    წყლის დილემა

    წყალი დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის უმნიშვნელოვანესი პირობაა, მაგრამ მისი არათანაბარი განაწილება კონტინენტებზე არა ერთხელ გამხდარა კრიზისისა და სოციალური კატასტროფის მიზეზი.

    ბევრი ექსპერტი წყლის საკითხს კაცობრიობის  ერთ-ერთ ყველაზე  მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევს.

    2005-2015 წლების პერიოდი გაერომ  „წყალი სიცოცხლისათვის“ საერთაშორისო ქმედებების  ათწლეულად გამოაცხადა. გაეროს  ექსპერტთა უმრავლესობის აზრით  21-ე საუკუნეში წყალი უფრო მნიშვნელოვანი სტრატეგიული რესურსი გახდება, ვიდრე ნავთობი და გაზია, რადგან 1 ტონა სუფთა წყალი არიდულ კლიმატურ ზონებში  (საჰარის უდაბნო და ჩრდილოეთი აფრიკა, ავსტრალიის ცენტრალური ნაწილი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, არაბეთის ნახევარკუნძული, ცენტრალური აზია) უკვე ახლა უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ნავთობი.

    მსოფლიოში მტკნარი  სასმელი წყლის დეფიციტი   თანამედროვეობის ერთ-ერთი გლობალური  პრობლემაა. ამასთან, ჩვენი პლანეტის  მოსახლეობის რაოდენობის განუწყვეტლივ ზრდასთან ერთად საგრძნობლად  გაიზარდა წყლის მოხმარების მასშტაბები და შესაბამისად წყლის დეფიციტიც. შედეგად კი გაუარესდა ცხოვრების პირობები და შეფერხდა წყლის დეფიციტის მქონე ქვეყნების ეკონომიკური განვითარება. 

    დღეს,  დედამიწის მოსახლეობა საოცარი ტემპით იზრდება და შესაბამისად მტკნარ სასმელ წყალზე მოთხოვნილებაც იზრდება.   მტკნარ წყალზე მოთხოვნილება ყოველ წელს 64 მლნ კუბ. მ-ს შეადგენს და ექსპერტთა ვარაუდით  შემდგომ 20 წელიწადში კიდევ 3-ჯერ გაიზრდება. სიტუაცია, როცა  წყლის მოხმარების მასშტაბები,  მოსახლეობის ზრდის,  ურბანიზაციის  და მრეწველობის  განვითარების,  ასევე კლიმატის გლობალური ცვლილების  და შესაბამისად გაუდაბნოების პროცესის დაჩქარების პარალელურად იზრდება,  ღრმავდება და კვლავასც  გაღრმავდება. 

    რამდენიმე საინტერესო ფაქტი წყლის შესახებ:

    • წყალს ჩვენი პლანეტის 71 % უკავია, მაგრამ აქედან მხოლოდ 3 %-ია მტკნარი.
    • ბუნებრივი მტკნარი წყლის უდიდესი ნაწილი გაყინულ მდგომარეობაშია. მხოლოდ 1%-ზე ნაკლებია ხელმისაწვდომი ადამიანისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე  0.007%-ზე ნაკლები წყალია სასმელად ვარგისი. 
    • მსოფლიოში 1.4 მლრდ ადამიანზე მეტს არა აქვს წვდომა სუფთა და უსაფრთხო წყალსთან.
    • წყალმომარაგებასა და  წყალზე მოთხოვნილებას შორის სხვაობა სულ უფრო იზრდება და  ექსპერტთა ვარაუდიდ 2030 წელს 40% მიაღწევს.
    • 2025 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის მესამედს წყლის დეფიციტი ექნება.   
    • ბევრ განვითარებად ქვეყანაში წყლის დანაკარგი 30%-ზე მეტს შეადგენს, ზოგჯერ კი 80%-საც აჭარბებს. 
    • მსოფლიოში სასმელი წყლის 32 მლრდ კუბ. მ. წყალმომარაგების საქალაქო სისტემებიდან იკარგება, ამასთან მხოლოდ 10%  ვხედავთ, დანარჩენი შეუმჩნევლად  იკარგება და მიწისქვეშ უჩინარდება. 
  •  ”გლობალური  გვალვა”: როგორ  გადაწყდება მტკნარი წყლის დეფიციტის პრობლემა?  

     ”გლობალური  გვალვა”: როგორ  გადაწყდება მტკნარი წყლის დეფიციტის პრობლემა?  

    21-ე საუკუნის ბოლოს ჩვენი პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სუფთა მტკნარი წყლის  უკმარისობას  იგრძნობს – ამბობენ ამერიკელი ექსპერტები და ამ გლობალური პრობლემის გადაწყვეტის სტრატეგიას გვთავაზობენ. მათი აზრით, ამ  სასიცოცხლო რესურსის დეფიციტის აღმოფხვრის  რამდენიმე გზა არსებობს:

    წყლის რაციონალური გამოყენება სოფლის მეურნეობაში, მრეწველობასა და ყოფაცხოვერბაში;

    მოსახლეობის რაოდენობის  ზრდის დარეგულირება; 

    ახალი წყალსაცავების მშენებლობა და  წყლის გამამტკნარებელი ქარხნების მშენებლობა.

     წყლის დეფიცი  მხოლოდ  განვითარებადი ქვეყნების პრობლემა არაა.  ამჟამად, წყლის უკმარისობას  დედამიწის მოსახლეობის მესამედზე მეტს აწუხებს.  21-ე საუკუნის ბოლოს ეს პრობლემა უკვე ჩვენი პლანეტის მოსახლეობის ნახევარს შეეხება, თუ  წყლის რესურსების მოხმარების მოდელი იგივე დარჩება.

    ამ  სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანი რესურსის  დეფიციტი  სასოფლო-სამეუნეო სავარგულების მორწყვის, საწარმოებსა და ყოფაცხოვრებაში  წყლის  ხარჯვის  მეთოდებითაა გამოწვეული. ცხადია, ამას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პროცესებიც ემატება. “სიტუაციის გამოსწორების შანსი ჯერ კიდევ არსებობს” –  ამბობენ მაკგილას და უტრეხტის უნივერსიტეტების მეცნიერები. მათი გამოთვლებით მდგომაროების დარეგულერიბის პროცესს 35 წელი დასჭირდება. ”Nature Geoscience”-ში გამოქვეყნებულ შრომაში მკვლევარებმა 6 ძირითადი სტარტეგია განსაზღვრეს, რომლებიც  წყლის დეფიციტის გადაწყვეტის სხვა ხერხებთან ერთად (რეგიონიდან გამომდინარე) იმ შედეგამდე მიგვიყვანს, რომ  შემცირდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც მტკნარი  წყლის უკმარისობას განიცდიან.

     მეცნიერებმა ეს 6 სტრატეგია ორ ”მსუბუქი” და ”მძიმე” კატეგორიად დაყვეს. ”მსუბუქი ზომები” უპირატესად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წყლის მოხმარების შემცირებაზეა ორიენტირებული. ”მძიმე ზომები” კი ახალი წყალსაცავების მშენებლობასა და  წყლის გამამტკნარებელი ქარხნების სიმძლავრეების გაზრდას ითავალისწინებს. მეცნიერები მიაჩნიათ, რომ სანამ არსებობს ისეთი ეკონომიკური, კულტურული და სოციალური ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ  გაართულონ  ”მსუბუქი ზომების” კატეგორიის ზოგიერთი სტრატეგიის რეალიზაცია (მაგ; შობადობის შეზღუდვა), ”მძიმე ზომების”   სტრატეგიები მოქმედების უფრო რეალურ გეგმას წარმოადგენს.

    წყლის დეფიციტის  შემცირების სტარტეგიები ასე გამოიყურება:

    ”მსუბუქი ზომები”:

    1.  სოფლის მეურნეობაში ახალი და თანამედროვე ტიპის  სასუქების გამოყენება შეუწყობს ხელს წყლის რაციონალურ ხარჯვას. ამასთან 2050 წლამდე  ყოველწლიურად მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც წყლის დეფიციტს განიცდის 2%-ით შემცირდება. ამ სტრატეგის დანერგვის შემთხვევაში რისკფაქტორებია გენური მოდიფიკაციისა და ევთროფიკაციის  შესაძლო შედეგები. 
    2. არარეგულირებული  რწყვიდან  წვეთოვან მორწყვით სისტემაზე გადასვლა სოფლის მეურნეობაში წყლის  გონივრულ გამოყენებას  შეუწყობს ხელს. ეს მიდგომა მნიშვნელოვან ინვესტიციებს საჭიროებს და ამავე დროს არსებობს ნიადაგის დამლაშების  რისკიც.
    3. საინჟინრო სისტემების მოდერნიზაცია  და გაჭონვების აღმოფხვრა შეამცირებს წყლის მოხმარებას, როგოც ყოფაცხოვრებაში, ასევე წარმოებაში. ეკონომიის კიდევ ერთი ვარიანტია – წყლის მეორადი გამოყენება ტექნიკური მიზნებისათვის.
    4. დემოგრაფიული პოლიტიკა, რომელიც შობადობის  შემცირებაზეა (ოჯახის ადგეგმვა, საგადასახადო შეღავათები) მიმართული   საშუალებას  მოგვცემს მსოფლიოს მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში თავიდან  ავიცილოთ  წყლის დეფიციტი. ექსპერტები თვლიან, რომ კარგი იქნება, თუ 2050  წლისთვის ჩვენი პლანეტის მოსახლეობის რაოდენობა არ გადააჭარბებს 9 მლრდ ადამიანს, თუმცა თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით ამის მიღწევა საკმაოდ რთული ამოცანაა. 

    ”მძიმე ზომები”:

    5. ” უწყლო” რეგიონების გადარჩენა მხოლოდ წყლის მარაგის   ზრდას შეუძლია. პრობლემის გადაწყვეტის ეს ვარიანტი  წყასაცავების ფართობების  600 კმ3-ით გაფართოებას მოითხოვს უკვე არსებულის გაღრმავების ან ახალი ხელოვნური აუზების მშნებლობის ხარჯზე. ეს კი სერიოზულ ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ამ სტრატეგიის განხორციელებისას შესაძლოა წარმოიქმნას ნეგატიური სოციალური და ეკოლოგიური შედეგები.

    6. მეტად მნიშვნელოვანია სანაპირო რაიონებში წყლის გამამატკნარებელი ახალი ქარხნების მშენებლობა (დანადგარების რაოდენობისა და ტევადობის ზრდა), თუმცა პრობლემის გადასაწყვეტად აუცილებელია არსებული საწარმოების სიმძლავრის  50-ჯერ  გაზრდა. ესეც, რა თქმა უნდა, დიდ ფინანსურ კაპიტალდაბანდებასა და ენერგეტიკულ დანახარჯებს მოითხოვს. ასევე მოიმატებს ჩამდინარე წყლების რაოდენობაც, რომელთა უსაფრთხო უტილიზაცია იქნება აუცილებელი.  

    რუკაზე ნაჩვენებია ამა თუ იმ სტარტეგიის გამოყენების შესაძლებლობები რეგიონიდან გამომდინარე. იმ რეგიონებში,  რომლებიც წყლის დეფიციტს განიცდიან, შესაძლებელია პრობლემის გადაწყვეტის  რამდენიმე  ვარიანტის  ერთდროულად გამოყენება.

  • აგროტურიზმი  და  მისი განვითარების პერსპექტივები  საქართველოში

    აგროტურიზმი  და მისი განვითარების პერსპექტივები  საქართველოში

    თანამედროვე  ცხოვრების აჩქარებული რიტმი დიდ გავლენსა ახდენს  ადამიანის სულიერ თუ ფიზიკურ მდგომარეობაზე.  ამიტომ ხშირად   გვიჩნდება  სურვილი, რომ პერიოდულად მშვიდ, წყნარ გარემოში, ქალაქგარეთ დავისვენოთ და აგროტურიზმით დავკავდეთ.

    აგროტურიზმი ტურიზმის სახეობაა, როდესაც ტურისტის მიზანია  იცხოვროს ადგილობრივი მოსახლესავით, იმუშაოს მასთან ერთად მინდორში, მოწველოს ძროხა, დაამუშაოს მიწა, იკვებოს მასთან ერთად ანუ გარკვეული დროით გახდეს მასპინძლის ოჯახის წევრი.

    აგროტურიზმი, როგორც ტურიზმის ერთ–ერთი ძირითადი მიმართულება XX საუკუნის მეორე ნახევარში ევროპაში  ჩამოყალიბდა. დიდ ინდუსტრიულ ქვეყნებში ჩამოყალიბდა, სადაც მცხოვრებთა მნიშვნელოვან ნაწილს სოფლიდან ჩამოსული მოსახლეობის მესამე თაობა წარმოადგენდა.  სოფლად დასვენების მსურველნი არჩევნდნენ მიმზიდველ  რეგიონებს საზღვარგარეთ, იხდიდნენ ქირას, შესაბამისად  მასპინძელ ოჯახებს შემოსავალი გაუჩნდათ.

    ევროპაში აგროტურიზმი კარგად არის განვითარებული. ამ დარგს,  ეკონომიკური კრიზისიც ვერაფერს აკლებს. მაგალითად, იტალიაში კრიზისმა შეამცირა სხვადასხვა სფეროს შემოსავალი, მაგრამ აგროტურიზმში ჩართული ფერმერების შემოსავალი უცვლელი დარჩა. მსოფლიოში ტურიზმით მიღებული შემოსავლის 20%-დან 40%-მდე სწორედ სოფლის ტურიზმის წილად მოდის.  ამჟამად აგროტურიზმის  მიმართულებით მსოფლიოში ლიდერი ქვეყნებია: ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, შვეიცარია, ხორვატია, კვიპროსი, საბერძნეთი და სხვ. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში  ფერმერებსა და ტურისტებს შორის ურთიერთობა  WWOOF (ინგ. World Wide Opportunities on Organic Farms)  პროგრამის მეშვეობით ხდება. ამჟამდ ამ პროგრამაში მსოფლიოს 52 ქვეყანაა  ჩართული. ორგანიზაციის ინტერნეტ მისამართია: http://www.wwoof.net

    სხვადასხვა ქვეყნაში აგროტურიზმს სხვადასხვა ტერმინით მოიხსენიებენ: ინგლისსა და ზოგიერთ ინგლისურენოვან ქვეყანაში მას  “სოფლის ტურიზმს” (Rural Tourism) უწოდებენ, გერმანულენოვან ქვეყნებში მიღებულია ტერმინი “Bauernhoftourismus”, რაც სიტყვა სიტყვით „გლეხის კარ-მიდამში ტურიზმს“ ნიშნავს, რომანულენოვანი ქვეყნები კი უპირატესობას ტერმინს – აგროტურიზმს ანიჭებენ, რაც ლათინური წარმომავლობის სიტყვა “აგრო”-დან (agros) და მისგან ნაწარმოები “აგრარული” – agrarius – სასოფლო-სამეურნეო, მომდინარეობს.
    სოფლის ტურიზმი  (ზოგჯერ ფერმერულ ტურიზმი ან ბუნების ტურიზმი) გულისხმობს ტურისტთა ჯგუფების მოგზაურობას სოფლად, ზოგჯერ ცენტრებიდან მოშორებულ დასახლებებში, ადგილობრივი ტრადიციებისა და სოფლის ცხოვრების გასაცნობად. ამ შემთხვევაში ტურისტული ობიექტების მეპატრონე და მმართველი სოფლის მცხოვრებია. ფერმერული ტურიზმი ითვალისწინებს ტურისტების დაბინავებას ფერმერთა სახლებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გასაცნობად. მაგალითად, ტურისტები ფერმერებთან ერთად გადიან პლანტაციებში, ვენახში, აკვირდებიან მათ შრომას და თვითონაც ეხმარებიან. ზოგს მეთევზეთა დასახლებებში ცხოვრება და მათთან ერთად სათევზაოდ სიარული მოსწონს.
    აგროტურიზმი იმით გამოირჩევა, რომ დასვენება შედარებით მცირე დანახარჯით შეიძლება. ტურისტმა შესაძლოა, იცხოვროს ძველ, გლეხურ სახლში და ოფიციანტების ნაცვლად დიასახლისი გაუმასპინძლდეს. სტუმრები მიირთმევენ ადგილობრივ ნატურალურ პროდუქტებს: ხილ-ბოსტნეულს, შინაურ ყველს, შინ დაყენებულ ღვინოს, ხორცსა და ხორცპროდუქტებს. სასოფლო ტურები ბავშვებისთვისაც საინტერესოა. ისინი აკვირდებიან შინაურ ცხოველებს, სეირნობენ ცხენებით, სწავლობენ სხვადასხვა საქმიანობას,  მაგ; ყველის ამოყვანას ან პურის ცხობას.  სურვილის შემთხვევაში  ტურისტები ეროვნული კერძების მომზადებასაც ეუფლებიან.

    აგროტურიზმი იმითაც არის საინტერესო და მომგებიანი, რომ მას არ აბრკოლებს წელიწადის დროების მონაცვლეობა. ხშირად აგროტურისტული მეურნეობები ისტორიული და კულტურული ძეგლების საიხლოვეს ვითარდება. შესაძლებელია ისეთი ტურუსტულ–რეკრეაციული აქტივობების ორგანიზება, როგორიცაა ცხენოსნული ლაშქრობები, ღვინის დაწურვა, ჩურჩხელების ამოვლება, მუზეუმების დათვალიერება და ა.შ. სწორედ ეს არის ტურისტისთვის მიმზიდველი, რადგან ის თვითონ არის ჩართული პროცესში.

    აგროტურიზმის შემადგენელი ძირითადი კომპონენტებია:  ატრაქციულობა ანუ მიმზიდველობა, მოსახლეობა, ეკოლოგიური პროდუქტი. აგროტურიზმის მთავარი მიზანია ტურისტების განთავსებისა თუ ღამის გასათევი  ინფრასტრუქტურა  სოფლად მდებარეობდეს.  ადგილზევე იწარმოება საკვები პროდუქტი და შენარჩუნებულია ტრადიცული ტექნოლოგიები.

    საქართველოში აგროტურიზმის პერსპექტივებზე და ზოგადად დარგის მდგომარეობის გასაანალიზებლად თვალი გადავავლოთ  ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს.  საქართველოს საკმაოდ დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს: 102 კურორტი, 182 საკურორტო ადგილი, 2400 მინერალური სამკურნალო წყლის წყარო, 12000 ისტორიისა და არქიტექტურის ძეგლი, მათგან 3 შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლთა ნუსხაში, 11  ეროვნული პარკი, 41 ბუნების ძეგლი, 2 დაცული ლანდშაფტი  და ა. შ. არსებული რესურსული პოტენციალიდან გამომდინარე   ჩვენს ქვეყანაში აგროტურიზმის განვითარება პერსპექტიული იქნება.
     ამჟამად, აგროტურიზმი საქართველოში განვითარების სტადიაშია.  საქართველოში ბოლო წლებში  უცხოელი ვიზიტორები, ძირითადად, მთისა და ზღვის კურორტებზე დასასვენებლად, ისტორიული და კულტურული ძეგლების მოსანახულებლად  ჩამოდიან, თუმცა საქართველოს, როგორც აგრარული ტრადიციების ქვეყანას, აქვს შესაძლებლობა, აქ აგროტურიზმიც განვითარდეს. აგროტურიზმმა  ჩვენთან უკვე მოიკიდა ფეხი. იმედია მომავალში კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა მრავალფეროვანი ბუნების, კულტურისა და ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად.
    თუმცა ამ სფეროში გვაქვს სისუსტეებიც. მთავარი სოფლად შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობაა. ამის მიუხედავად, თუ აგროტურიზმი განვითარდება, მცირე ფერმერებს შეუძლიათ სარგებელი ნახონ და მცირე ფერმერული მეურნეობა მომგებიან კომერციულ საქმიანობად აქციონ. რამდენიმე ტურისტული კომპანია და საოჯახო სასტუმრო  უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებს უკვე სთავაზობს აგროტურებს, რაც გულისხმობს რთველში მონაწილეობას, ყურძნის დაწურვას, ჩურჩხელების ამოვლებას, ყველის ამოყვანასა და თაფლის ამოღებას.  მაგრამ სპეციალისტების აზრით  ჩვენს ქვეყანაში უფრო ფართოდ შეიძლება აგროტურიზმის განვითარება, ამით კი სოფლის მეურნეობის განვითარებასაც შეეწყობა ხელი.

  • ეკოამბები

    ეკოამბები

    • ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის“ წითელი ნუსხის საფუძველზე, აშშ-ში 1966 წელს შეიქმნა „საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აქტი“. ამ სიაში მოხვედრილი სახეობები ავტომატურად ექვემდებარებოდა გარკვეულ სამენეჯმენტო ქმედებებს და ეს დღემდე ასე გრძელდება. სამენეჯმენტო მოქმედებები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ კატეგორიას განეკუთვნებოდა საფრთხის წინაშე მდგომი სახეობა.
    • XVI-XVIII სს-ში ევროპაში დაცული ტყის 300-მდე უბანი არსებობდა.
    • ცხოველთა მრავალი სახეობის მოსპობის ერთ-ერთი მიზეზია კომერციული ნადირობა, მაგ., ასე განადგურდა სტეპის ქათამი და მოხეტიალე მტრედი აშშ-ის ცენტრალურ რეგიონებში, სადაც მათი პოპულაციები XIX ს-ის დასაწყისში მილიარდობით ინდივიდს ითვლიდა
    • მარიკულტურის განვითარებას უძველესი ტრადიცია აქვს, მაგ., იაპონიაში უკვე 200 წლის წინ ხდებოდა მოლუსკების კულტივირება.
  • საქართველო  და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობა

    საქართველო  და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობა

    საქართველოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 42 ობიექტს აქვს მინიჭებული. ესენია:

    ქართული პოლიფონია;

    ქვევრი;

    ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი; „დედაენა“ (ქართული საანბანე სახელმძღვანელოსშედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი);

    ცეკვა ფერხული;

    ბერიკაობა;

    კახური მრავალჟამიერი;

    ქალაქური მრავალჟამიერი;

    საბავშვო ლიტერატურული ჟურნალის ტრადიცია -ჟურნალი “დილა”; ცეკვა “ხორუმი”;

    მესხური ყველი “ტენილი“ -ის დამზადების ტექნოლოგია;

    “თეატრალური უნივერსიტეტის ყოველწლიური, სტუდენტად კურთხევის ტრადიცია – გრიმის ცხების ცერემონიალი“;

    ქართული პერიოდიკის უწყვეტი ტრადიცია – ლიტერატურული ჟურნალი “ცისკარი“;

    “ლაღიძის წყლების ტექნოლოგია და კულტურა“;

    „ქართული ჭიდაობა“;

    უძველესი ფშაური საკვები პროდუქტი – ,,დამბალხაჭო” (დამბალი ხაჭო) დამზადების ტექნოლოგია და კულტურა;

    “ქართული ანბანის სამი უძველესი სახეობის ცოცხალი კულტურა”; სვანური ხალხური საკრავის “ჭუნირი” დამზადების ტრადიციული მეთოდი;

    სვანური ქუდის დამზადების ტექნოლოგია;

    სვანური სამზარეულო – ფეტვიანი ხაჭაპურის, კუბდარის, სვანური მარილისა  და თაშმჯაბის დამზადების ტრადიციული მეთოდი; „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიცია;

    „ქართული პერიოდიკის უწყვეტი ტრადიცია – ლიტერატურული ჟურნალი დილა“;

    „ზემო სვანეთში სამკურნალო – მინერალური, მჟავე წყლების: მუგვირი, არცხეელი, კახრლდ, ლეგაბ, სეტის, კვედილაშის და შდეგის მოხმარების ტრადიცია“;

    „სვანური ხალხური საკრავი „ჩანგის“ დამზადების ტრადიციული მეთოდი“;

    „ხეზე კვეთის ტრადიცია – ორნამენტი სვანურ ტრადიციულ საცხოვრისსა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთებში“; 

    კახური ჩურჩხელის დამზადების ტექნოლოგია;

    კახური ქუდის დამზადების ტრადიციული მეთოდი;

    კახური პურის (დედას პური) დამზადების ტექნოლოგია;

    მეთუნეობის უძველესი ტრადიცია ვარდისუბანში;

    “ზარით დაკრძალვის სვანური რიტუალი”;

    ბაზიერობა (დამჭერი მტაცებელი მფრინველით ანუ ბაზით ნადირობა); ქართული პერიოდიკის უწყვეტი ტრადიცია- ლიტერატურული ჟურნალი “განთიადი”;

    “ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურა (ქართული სუფრა)”;

    ლურჯი სუფრის დამზადების ტრადიციული ტექნოლოგია და კულტურა;

    ქართული ხალხური სამედიცინო ცოდნა და მისი გამოყენების ტრადიციები;

    “ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობების ტრადიცია”;

    “ცხავატური მეთუნეობა”;

    ქართული აბრეშუმი,;

    “ქსნური ულამი – უსასყიდლო შრომითი ურთიერთდახმარების ტრადიცია”;

    ჩამოთვლილთაგან ექვსს   – ქვევრს, ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს, „დედაენას“ (ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი), “ქართული ანბანის სამი უძველესი სახეობის ცოცხალ კულტურას”, “ქართულ ჭიდაობას”, “ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობების ტრადიციას” – ეროვნული კატეგორია აქვს განსაზღვრული.

  • მდგრადი განვითარება  – XXI საუკუნის  პრიორიტეტი

    მდგრადი განვითარება  – XXI საუკუნის  პრიორიტეტი

    მდგრადი განვითარების თეორია, ფაქტობრივად, ახალი, XXI საუკუნის სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების თეორიაა, რომლის მიზანი საზოგადოების განვითარების ჰარმონიული, ეკონომიკურ-ეკოლოგიური პროცესების მართვის მოგვარებაა. თანამედროვე  მსოფლიოში მდგრადი განვითარება, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი  თემაა და  საზოგადოების ყველა   სფეროს – პოლიტიკოსების, ჟურნალისტების,  ბიზნესმენების, მეცნიერების,  მასწავლებლების, სტუდენტებისა და  მოსწავლეების ყურადღების ცენტრშია.  დღესდღეობით მდგრადი განვითარება  ფუნდამენტურ სტრატეგიას წარმოადგენს  მსოფლიოს ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციის პროცესში და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თითქმის ყველა დარგსა  და სფეროში.

    ტერმინი  მდგრადი განვითარება პირველად 1987 წლის გაეროს გარემოსა და განვითარების კომისიის ანგარიშში იყო  მოხსენიებული. მდგრადი განვითარების განსაზღვრება, რომელიც შემდეგი 25 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა, მოხსენებაში ასე იყო ჩამოყალიბებული: „მდგრადი განვითარება ისეთი განვითარებაა, რომელიც აკმაყოფილებს აწმყოს მოთხოვნებს ისე, რომ არ უქმნის საფრთხეს მომავალი თაობების შესაძლებლობას, დააკმაყოფილონ თავიანთი საჭიროებები“.

    ამ განმარტებას შემდგომში მდგრადი განვითარების კიდევ  სამი განზომილება დაემატა: ეკონომიკური განვითარება, სოციალური ჩართულობა და გარემოს მდგრადობა. სამგანზომილებიანი მდგრადი განვითარების მნიშვნელობას ხაზი გაესვა 2012 წლის რიოს +20 კონფერენციაზე.   

    დღეისათვის მდგრადი განვითარების  50-ზე მეტი განმარტება არსებობს და მათი რაოდენობა იზრდება. მდგრადი განვითარება  გაეროს განმარტებებით  „საზოგადოების განვითარების ისეთ სისტემას გულისხმობს, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას, ისარგებლონ შექცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი“.

    მდგრადი განვითარება მოიაზრებს ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის ისეთ ფორმას, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების კეთილდღეობას როგორც მოკლე და საშუალო, ასევე ხანგრძლივი ვადით;  მდგრადი განვითარება გულისხმობს პირობების შექმნას გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისათვის გარემოს დაცვის საკითხების მაქსიმალური გათვალისწინებით. მდგრადი განვითარება ეკონომიკური და სოციალური განვითარებაა, რომელიც ბუნებრივი რესურსების შემცირების გარეშე მიმდინარეობს;

    მდგრადი განვითარების ცნება მოიაზრებს თანასწორობის გრძელვადიან, შორსმჭვრეტ ხედვასა და სისტემურ აზროვნებას, რომლის ფარგლებშიც წინა პლანზე იწევს თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპები. სამართლიანობა გულისხმობს, რომ ყოველ ერს უნდა ჰქონდეს თავისი კულტურული და სოციალური ფასეულობების განვითარების შესაძლებლობა და, ამასთანავე,  ყოველმა ერმა პატივი უნდა სცეს სხვა ერების განვითარების უფლებას. თანასწორობა, თავის მხრივ, ითვალისწინებს მომავალ თაობათა ინტერესებს, კონკრეტულად კი, ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომლებიც  საშუალებას მისცემს მომავალ თაობებს იცხოვრონ და განვითარდენენ ჯანსაღ გარემოში და ხელი მიუწვდებოდეთ მათი განვითარებისათვის საჭირო რესურსებზე. გამომდინარე იქიდან, რომ არსებული ეკონომიკური და სახელმწიფო მართვის სისტემები ვერ უზრუნველყოფენ რესურსების ხელმისაწვდომობის თანასწორობას, აუცილებელია ამ სისტემების გადახედვა.

    რესურსების მდგრადი გამოყენება და თანაბარი ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს  რესურსების ოპტიმალური გამოყენების, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის და რეგენერაციისთვის, რადგან ასეთი გამოყენებით მიღებული სოციალური და ეკონომიკური სარგებელი მნიშვნელოვანი სტიმულია ხალხისათვის, დაიცვას  პლანეტა;  ცოცხალი რესურსებით სარგებლობისას ადამიანები ზრუნავენ, რომ შეამცირონ ბიომრავალფეროვნების განადგურება;  მდგრადი გამოყენება მოიაზრებს ამ რესურსების მოხმარების პრინციპების განვითარებას.

    მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობის სწრაფ ზრდასთან ერთად, იზრდება რესურსებზე მოთხოვნა, ამიტომაც მნიშვნელოვანია რესურსების მდგრადი გამოყენება.

    აუცილებელია გვესმოდეს, რომ მდგრადი განვითარების მიღწევა შეუძლებელია არსებული მიდგომებისა და ტენდენციების შეცვლის გარეშე და სულ უფრო ცოტა დრო გვრჩება მდგრად სისტემაზე რაციონალური და შეუფერხებელი გადასვლისათვის. არსებული განვითარების ტენდენციის შედეგად დღეს უკვე წამოჭრილია მრავალი გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური პრობლემა: ტროპიკული ტყეების მასიური გაჩეხვა, მცენარეთა სახეობების გადაშენება, ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, კლიმატის ცვლილება და სხვა. შესაბამისად, საჭიროა სწრაფი რეაგირება და ინოვაციური გზების მოძებნა, რათა მოხდეს ინდივიდუალური ქცევის,  ინსტიტუციური სტრუქტურებისა და პოლიტიკის შეცვლა მდგრადი განვითარების პრინციპების დასანერგად და განსახორციელებლად. კერძოდ კი, მდგრადი განვითარების მიღწევა გულისხმობს რიგი ქმედებების ახლებური ხედვით განხორციელებას სახელმწიფოსა და ინდივიდუალურ დონეზე როგორც წარმოებისა და მოხმარების არსებულ პრაქტიკაში, ასევე სათანადო სახელმწიფო მართვაში.

    მდგრადი განვითარების მისაღწევად დიდი მნიშვნელობა ექნება წარმოებაში ეფექტიანობის გაზრდასა და ნედლეულის ხელახალი გამოყენების დანერგვას. ეკო-ეფექტური საწარმოებისა და კომპანიების არსებობა შესაძლებელს გახდის, ერთი მხრივ, წარმოებულ პროდუქციასა და სერვისებზე კონკურენტუნარიანი ფასების ხარჯზე მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, მეორე მხრივ კი, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებასა და ამავდროულად ნედლეულის ეკონომიურ გამოყენებას, ისე რომ, არ დაირღვეს ეკოსისტემების ბუნებრივი წონასწორობა.

    მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა მდგრადი მოხმარების დანერგვა. აღსანიშნავია, რომ  მსოფლიოში მოხმარების დონე ყოველდღიურად  იზრდება. მოხმარება, რა თქმა უნდა, ცხოვრების აუცილებლი ნაწილია – ყველა ორგანიზმი თავისი ბიოლოგიური არსებობის შენარჩუნების მიზნით რაღაცას მოიხმარს, თუმცა საკითხის აქტუალობა გამომდინარეობს იქიდან, თუ როგორ ხდება მოხმარება, რა რაოდენობით და რა გავლენას ახდენს. მაგალითად, განვითარებული ქვეყნების უმეტესობის არსებული მოხმარების დონე და ფორმა არამდგრადია და ასეთი მოხმარების ზეგავლენა როგორც გარემოს მდგომარეობაზე, ასევე სოცილური კუთხით, დღეს უკვე თვალსაჩინოა ადგილობრივ თუ გლობალურ დონეზე. სწორედ გადაჭარბებული და არამდგრადი მოხმარების შედეგია დაბინძურებული გარემო და საზოგადოებებს შორის გაუცხოება. გლობალური მასშტაბით კლიმატის ცვლილება და ოზონის შრის დაშლა, რაც გადაჭარბებულ მოხმარებას უკავშირდება, საკმარისია, რომ დავფიქრდეთ ჩვენი მოხმარების წესის ზემოქმედებაზე.

    მოხმარების დონის შეფასების ერთ-ერთი საშუალებაა „ეკოლოგიური  ნაკვალევის (ანაბეჭდის)“ მეთოდის გამოყენება, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენი ბიოლოგიურად პროდუქტიული ფართობი (ჰექტრებში) და წყალია აუცილებელი ჩვენ მიერ ყველა საჭირო რესურსის წარმოების, მოხმარებისა და მოხმარების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების განთავსებისათვის. შესაბამისად, აუცილებელია სათანადო პოლიტიკის შემუშავება, რაც ხელს შეუწყობდა ჩვენი „ეკოლოგიური ანაბეჭდის“ შემცირებას ისე, რომ არ შეიზღუდოს მოსახლეობის კეთილდღეობა. ასეთი პოლიტიკა ასევე უნდა ითვალისწინებდეს 1 მილიარდი ღარიბი მოსახლეობის (რომლისთვისაც მიუწვდომელია სათანადო კვება, თავშესაფარი და ელემენტარული მოხმარების საგნები) ცხოვრების პირობების გაუმჯობე სებას. აღსანიშნავია ყოველი ჩვენგანის, როგორც მომხმარებლის, როლი შეგნებული გადაწყვეტილების მისაღებად. საჭიროა დავფიქრდეთ, რამდენად საჭიროებისამებრ ხდება ჩვენ მიერ ამა თუ იმ პროდუქტისა ან სერვისის მოხმარება.

           იუნესკოს ერთ-ერთ მოხსენებაში მდგრადი განვითარების ამოცანები შემდეგნაირად ხაიათდება:

    • ეკონომიკური ზრდის ამაღლება;
    •  გარემოს დაცვა მდგრადი ბუნებრივი ეკოსისტემების აღდგენით;
    • სოციალური თანასწორობის მიღწევა.

           მდგრადი განვითარების საერთაშორისო პრინციპებია:

    1. გარემოსდაცვითი და ეკონომიკური გადაწყვეტილებების ინტეგრირება:

    • ეკონომიკური გადაწყვეტილება ადეკვატურად უნდა ასახავდეს გარემოს, ადამიანთა ჯანმრთელობისა და სოციალურ ასპექტებს;
    • ჯანდაცვისა და გარემოსდაცვით სფეროში არსებული ინიციატივების განხორციელებისას, შეძლებისდაგვარად, უნდა მოხდეს მოსალოდნელი ეკონომიკური შედეგების გათვალისწინება.

    2. ხელმძღვანელობა:

    • გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, ჯანდაცვისა და სოციალური კეთილდღეობის საკითხები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული;
    •  დღევანდელი გადაწყვეტილებები უნდა ითვალისწინებდეს სამომავლო შედეგებს.

    3. პასუხისმგებლობის გაზიარება და გაგება:

    • მოქალაქეები პატივს უნდა სცემდნენ განსხვავებულ ეკონომიკურ და სოციალურ შეხედულებებს, განსხვავებულ ღირებულებებს, ტრადიციებსა და მისწრაფებებს;
    •  მოქალაქეები პასუხისმგებლობას უნდა იღებდნენ ეკონომიკის მდგრადობის, ჯანსაღი გარემოს, ადამიანის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.

    4. პრევენცია:

    • გადაწყვეტილების მიღების პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს საფრთხეების მინიმიზაცია გარემოსდაცვითი, ეკონომიკური, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით.

    5. კონსერვაცია და გაძლიერება:

    • საზოგადოებამ უნდა შეინარჩუნოს ეკოლოგიური პროცესები, ბიოლოგიური მრავალფეროვნება და ეკოსისტემები;
    • მდგრადად და გონივრულად უნდა იქნეს გამოყენებული განახლებადი და არაგანახლებადი რესურსები;
    •  საზოგადოება გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა ცდილობდეს ეკოსისტემების ხარისხისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებას.

    6. რეაბილიტაცია და აღდგენა:

    • საზოგადოება უნდა ცდილობდეს დაზიანებული და დეგრადირებული გარემოს აღდგენას;
    • სამომავლო ქმედებები და გადაწყვეტილებები უნდა დაიგეგმოს ისე, რომ მასში გათვალისწინებული იყოს გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების ხარჯები.

    7. გლობალური პასუხისმგებლობა:

    • ადგილობრივი მოქმედებისას საზოგადოება უნდა ფიქრობდეს გლობალურად. ქვეყნები უნდა თანამშრომლობდნენ საერთაშორისო დონეზე ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, ჯანდაცვისა და სოციალური ასპექტების ინტეგრირების მიზნით გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

    აღსანიშნავია, რომ მდგრადი განვითარების თეორია ბოლო პერიოდის ყველაზე გამოკვლევად, სწრაფად განვითარებად და პოპულარულ ახალ თეორიად ჩამოყალიბდა. მას მიეძღვნა უამრავი კონფერენცია, მონოგრაფია, სახელმძღვანელო. ამასთან, ის არის უაღრესად პრაქტიკული თეორია.

    მსოფლიოს ყველა განვითარებულმა სახელმწიფომ განაცხადა მდგრადი განვითარების გზით სიარულის სურვილი. მოწინავე ქვეყნების ლიდერები და საერთაშორისო დოკუმენტები საბაზო იდეოლოგიად მდგრადი განვითარების დებულებებს იყენებენ.

  • რას ნიშნავს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა?

    რას ნიშნავს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა?

    გარემო,  ფართო გაგებით, ნიშნავს საგნის გარემოცვას, ანუ იმ პირობებისა და გარემოებათა ერთობლიობას, რომელიც ამ საგანზე ზემოქმედებას ახდენენ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით ცნებაში „გარემო” იგულისხმება არა მხოლოდ ადამიანის ორგანიზმზე პათოლოგიური ზემოქმედების მქონე, გარეშე ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ფაქტორები და ბუნებრივი გარემოს კომპონენტები, მაგალითად ატმოსფერო, ნიადაგი და წყალი, არამედ ასევე (ხშირად არაპირდაპირი ზემოქმედების მქონე) საცხოვრებელი გარემოს ელემენტები, როგორიც არის: შენობები, სამუშაო და გასართობი ადგილები.

    გარემოს შესაძლო ფორმებია: ბუნებრივი გარემო – დედამიწაზე ბუნებრივად არსებული ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება; სოციალური გარემო – საზოგადოება, რომელშიც ინდივიდი ცხოვრობს; ბიზნეს გარემო –  ბიზნესის ფუნქციონირების პირობები და სხვა.

    ბუნებრივი გარემო დედამიწის გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ბუნებრივად და ხელოვნურად წარმოქმნილ ელემენტებს და ქმნის ბუნებრივ ლანდშაფტებს. ფართო გაგებით, ბუნებრივი გარემოს ნაწილია მთლიანად კაცობრიობა და მასთან დაკავშირებული ბუნებრივი რესურსები, ჰაერი, წყალი, მიწა, ფლორა, ფაუნა. თითოეული ეს ბუნებრივი ელემენტი ერთმანეთთან ურთიერთდამოკიდებულებაში იმყოფება.

    ბუნებრივ გარემოში ადამიანის სამეურნეო საქმიანობას აქვს როგორც აღმშენებლობითი, ისე დამანგრეველი ხასიათი, რაც ბუნების ყველა ელემენტს  -რელიეფს, ჰავას, წყლებს, ნიადაგებს, ორგანულ სამყაროსა და მთლიანობაში ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსებს ეხება.

    გარემოს დაცვა ყველა იმ ღონისძიებას მოიცავს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და გარემოს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას.  აქ წინა პლანზე დგას ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა და გარემოზე ზემოქმედება. ცხოველთა და ბუნების დაცვისაგან განსხვავებით, გარემოს დაცვა კონცენტრირდება არა გარკვეული ლანდშაფტების ან ცალკეული საფრთხეში მყოფი ცხოველებისა თუ მცენარეების დაცვაზე, არამედ ზრუნავს ბუნებრივი სასიცოცხლო საფუძვლების ერთი მთლიანობის შენარჩუნებაზე ყველა ცოცხალი არსების კეთილდღეობისათვის.

    საინტერესოა, რომ გარემოს დაზიანების პირველსაწყისები  უკვე უძველეს წარსულში შეინიშნებოდა. მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის დაწყებას  გარემოს   შეცვალა  მოყვა:  ბალახი, ბუჩქები და ტყეების ქვედა იარუსის მცენარეები შინაურმა ცხოველებმა გადაჭამეს, ასევე მიწათმოქმედების წინაპირობების შექმნამ  ფართომასშტაბიანი ეროზიები გამოიწვია. მოგვიანებით, ბერძნულ და რომაულ ანტიკურ პერიოდში, საწვავი და გემთმშენებლობისათვის საჭირო საშენი მასალების მოსაპოვებლად ხმელთაშუა ზღვის აუზში მრავალი მთის ფერდობზე გაიჩეხა ტყე და ამის შედეგად გამოწვეული გახრიოკებული ლანდშაფტების ნახვა დღესაც შეიძლება. თუმცა იმ დროს ეს ადრეული გარემოს დაზიანებები, ძირითადად, რეგიონალურად იყო შემოსაზღვრული.

    დღეს, უკვე არსებობს მსოფლიო მასშტაბების ნგრევის და ადამიანის სასიცოცხლო საფუძვლების განადგურების საფრთხე. ასეთი გლობალური გავლენის მაგალითებია: კლიმატის ცვლილება, ოზონის შრის დაზიანება, ეკვატორული და ბორეალური  ტყეების განადგურება, მსოფლიო ოკეანის დაბინძურება და სხვ. გარემოს დაზიანების ნაციონალური და რეგიონალური შედეგების მაგალითებია: ცხოველთა და მცენარეთა სახეობების გადაშენება, ნიადაგის  დაბინძურება, ეროზია და დეგრდაცია,  ნარჩენების პრობლემა, ჰაერში მომწამლავი ნივთიერებების შემცველობის ზრდა, მძიმე მეტალებითა და პესტიციდებით დაბინძურებული საკვები და ზრდადი ხმაური  და სხვ.

    ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრება ადმიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. ამ უფლების დაცვა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ცნებაში „გარემო და ადამიანის ჯანმრთელობა”  ადამიანის ჯანმრთელობისა და ავადობის იმ ასპექტებს გულისხმობს, რომლებიც განპირობებულია გარემო ფაქტორებით. ამ ცნების ქვეშ ასევე მოიაზრება ადამიანის ჯანმრთელობაზე პოტენციური ზემოქმედების მქონე გარემო ფაქტორების შეფასებისა და კონტროლის განხორციელება.

    გარემოს დაცვისა და განვითარების კომისიის ანგარიშში გარემოსდაცვითი პრობლემატიკისა და უსაფრთხოების კავშირი პირველად 1987 წელს გამოიკვეთა ასეთი ჩანაწერის სახით:  „კაცობრიობას ორი ძირითადი საფრთხე ემუქრება: პირველი, ეს არის ატომური იარაღის გამოყენება – იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში ეს პერსპექტივა აღარ იარსებებს და მეორე საფრთხე, მსოფლიოს გარემოს დეგრადაცია და ეს არ არის მომავლის პერსპექტივა, ეს ფაქტია დღეს“. გაეროს 42-ე გენერალურმა ასამბლეამ ოფიციალურად შემოიტანა უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის კონცეფცია. ამ კონცეფციის თანახმად, მსოფლიოში არსებული გლობალური საფრთხეებიდან, რომელიც მნიშვნელოვნად ემუქრება საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის გარემოს დეგრადაცია და მისი თანამდევი პრობლემები.

    2004 წელს, გაერთიანებული ერების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში „უფრო უსაფრთხო მსოფლიო: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა“  ხაზი გაესვა იმას, რომ აუცილებელია პრობლემათა გადაჭრისადმი ერთიანი მიდგომის შემუშავება. მსოფლიო ჯერ კიდევ არ არის მზად შეხედოს განვითარების პრობლემებს ინტეგრირებულად და თანმიმდევრულად.

     ამჟამად, სიღარიბესთან, გადამდებ დაავადებებსა და გარემო დეგრადაციასთან ბრძოლა ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს. მაგალითად,  უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, დაახლოებით, 2 მილიარდმა ადამიანმა განიცადა ბუნებრივი კატასტროფების ზეგავლენა, ხოლო ამ ბუნებრივი კატასტროფების შედეგად წარმოშობილმა ეკონომიკურმა ზარალმა წინა 4 ათეული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს გადააჭარბა. პროგნოზების თანახმად კლიმატის ცვლილება კიდევ უფრო გაამძაფრებს, როგორც ბუნებრივი კატასტროფების სიხშირესა და სიმძიმეს, ასევე საკმაოდ უარყოფითი ზეგავლენა ექნება, როგორც სიღარიბის, ასევე გადამდები დაავადების ზრდაზე.  აქედან გამომდინარე უდავოა, რომ საჭიროა პრობლემათა გადაჭრის ინტეგრირებული გზების ძიება.

    დღევანდელი თვალსაზრისით, გარემოსდაცვითი უსაფრთხოება განსაზღვრავს ქვეყნის და საზოგადოების უნარს გადაიტანოს და/ან წინ აღუდგეს გარემოსდაცვითი რესურსების სიმწირეს, შეუქცევად გარემოსდაცვით ცვლილებებს ან ბუნებრივი რესურსების გამო წარმოშობილ დაძაბულობასა და კონფლიქტებს. გარემოს დეგრადაციამ, ბუნებრივი რესურსების და ეკოსისტემების არარაციონალურმა მოხმარებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას თემებსა და ერებს, ხოლო კონკურენცია სწრაფად ამოწურვად ისეთ რესურსებზე, როგორიცაა ტყეები, მტკნარი წყალი, ნაყოფიერი ნიადაგები, კლიმატის ცვლილების ზეგავლენა დ ადამიანთა მიგრაცია –  საფრთხეს უქმნის სტაბილურობასა და მშვიდობას.

    ტრანსასაზღვრო დაბინძურება და/ან გარემოსდაცვითი ავარიები და კატასტროფები ხშირად უარყოფითად მოქმედებს მეზობელ სახელმწიფოებზე. თუმცა, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისას წამოჭრილმა პრობლემებმა ასევე შეიძლება გააერთიანოს ადამიანები და თემები, რათა ერთობლივად გამოასწორონ ბუნებრივი რესურსების მართვა. შესაბამისად, თანამშრომლობა გარემოს დაცვის კუთხით შეიძლება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდეს კონფლიქტების პრევენციასა და ერებსა და თემებს შორის მშვიდობის დამყარებაში.

  • რა არის ზურმუხტის ქსელი?

    რა არის ზურმუხტის ქსელი?

    ზურმუხტის ქსელი   პანევროპული ეკოლოგიური ქსელია, რომელიც ევროპის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ემსახურება. იგი ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის (ბერნის კონვენცია, 1979) დანერგვის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია.  

    ევროკავშირში ბერნის კონვენციის აღსრულება1992 წლის 21 მაისის საბჭოს დირექტივით – „ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა და ფლორის კონსერვაციის შესახებ“ (ჰაბიტატების დირექტივა)  ხდება. ბერნის კონვენცია ევროპის ბუნების დაცვის პოლიტიკის ქვაკუთხედია. რადგან ბერნის კონვენცია ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებსაც (მაგ., შვეიცარია, უკრაინა, საქართველო და სხვ.) მოიცავს, ანუ მისი გეოგრაფია  უფრო ფართოდა და  ევროკავშირის ფარგლებს სცდება, სწორედ ამიტომ ზურმუხტის ქსელი, როგორც პანევროპული ეკოლოგიური ქსელი ისე განიხილება, ხოლო „ნატურა 2000“ პრაქტიკულად მის ნაწილს წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ  შესაძლოა დროთა განმავლობაში  ამ ორი ქსელის სრული შერწყმაც კი მოხდეს. ზურმუხტის ქსელი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ფაზაშია და ამ პროცესის დასრულების შემდეგ, იგი მსოფლიოს უდიდესი ეკოლოგიური ქსელი იქნება, რომელიც   ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე დაცულ ტერიტორიებს გააერთიანებს.

    ბერნის კონვენცია ეყრდნობა პრინციპს, რომ სახეობების გრძელვადიანი გადარჩენა შეუძლებელია იმ ჰაბიტატების დაცვის გარეშე, სადაც ისინი ბინადრობენ. შესაბამისად, ბერნის კონვენცია მთავარ აქცენტს სწორედ ბუნებრივი ჰაბიტატების შენარჩუნებაზე აკეთებს. ამისათვის მთელ ევროპაში ხდება ისეთი ადგილების შერჩევა, რომლებიც განსაკუთრებით მდიდარია ბერნის კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი ჰაბიტატებითა და სახეობებით. ასეთ ტერიტორიებს ენიჭებათ „სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიების“ (Areas of Special Conservation Interest-ASCI) განსაკუთრებული კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე სტატუსი და ისინი ერთიანდება ე.წ. „ზურმუხტის ქსელში“. ხშირად მათ „ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებს“ ან „ზურმუხტის ტერიტორიებსაც“ უწოდებენ.

    საქართველო, ბერნის კონვენციას, პარლამენტის 2008 წლის ბოლოს შეუერთდა და  ამით სახელმწიფომ ვალდებულიება აიღო  მონაწილეობა მიიღოს ზურმუხტის ქსელის შენარჩუნებასა და გაფართოებაში.

    ზურმუხტის ქსელის მიზანი იმ სახეობების დაცვაა, რომელთა გრძელვადიანი გადარჩენა შეუძლებელია თუ არ მოხდა  მათი ბუნებრივი ჰაბიტატების შენარჩუნება.    ეს სახეობები  და  ჰაბიტატები ბერნის კონვენციის მიხედვითაა განსაზღვრული. ჩამონათვალში შესულია ევროპაში გავრცელებული  1000-მდე სახეობა და 200-მდე სხვადასხვა ტიპის ჰაბიტატი, საიდანაც  200-ზე მეტი სახეობა და   50-ზე მეტი ჰაბიტატი  გვხვდება საქართველოში.  შესაბამისად, საქართველო ვალდებულია დაიცვას ესჰაბიტატები.

    ტერიტორია ზურმუხტის ქსელის ნაწილად ანუ ზურმუხტის ტერიტორიად შეიძლება გამოცხადდეს, თუ იგი  აკმაყოფილებს ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან სულ ცოტა ერთს მაინც:

    ა) მას მნიშვნელოვანი წვილილი შეაქვს ენდემური და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისა და/ან ბერნის კონვენციის პირველ და მეორე დანართებში მითითებული სახეობების დაცვაში;

    ბ) ტერიტორია მდებარეობს ბიომრავალფეროვნებით განსაკუთრებით მდიდარ რეგიონში და წარმოადგენს საბინადროს სახეობების მნიშვნელოვანი რაოდენობისთვის ან ერთი, ან რამდენიმე სახეობის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პოპულაციისთვის;

    გ) წარმოადგენს საფრთხეში მყოფი ჰაბიტატის სანიმუშო ტერიტორიას ან მოიცავს ასეთი ჰაბიტატის მნიშვნელოვან მონაკვეთს;ზურმუხტის ქსელი შეიძლება მოიცავდეს სრულიად სხვადასხვა ტიპის ეკოსისტემას: ტყეებს, ტბებსა და მდინარეებს, საზღვაო ეკოსისტემებს, მდელოებს, მღვიმეებსა და გამოქვაბულებს და ა.შ. ასევე სხვადასხვა სამართლებრივი სტატუსის მქონე ტერიტორიას. მაგ., ნებისმიერი კატეგორიის დაცულ ტერიტორიას ან მის ნაწილს, სახელმწიფო თუ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებს, სასოფლო-სამეურნეო მიწებს, ურბანულ ზონებსაც კი.

    2017 წელს საქართველოს მთავრობის ინიციატივით ზურმუხტის ქსელის 3 ტერიტორია (ლაგოდეხი, ვაშლოვანი და ბაწარა) ოფიციალურად გამოცხადდა ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებად, რაც პირველი პრეცედენტია კავკასიის რეგიონში.

    2021 წლის მდგომარეობით, საქართველოში ზურმუხტის ქსელის ფართობი 1 307 501 ჰ-ია, რაც  ჩვენი ქვეყნის ფართობის 18.75%  შეადგენს და ზურმუხტის ქსელის 66 ტერიტორიას მოიცავს, რომელთაგანაც 46 დამტკიცებულია, 16 შეთავაზებული და 4  ჯერ კიდევ  შეთავაზებული კანდიდატია.  მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ზურმუხტის ქსელის 44%  საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ემთხვევა.

    აღსანიშნავია, რომ „ზურმუხტის ქსელს“, განსხვავებით კლასიკური დაცული ტერიტორიებისგან, არ შემოაქვს სტანდარტული შეზღუდვები ადამიანის საქმიანობაში. თითოეული კატეგორიის დაცული ტერიტორიის დაარსება გულისხმობს მის ფარგლებში ამ კატეგორიისთვის კანონით განსაზღვრული შეზღუდვების დაწესებას და, შესაბამისად, ეს შეზღუდვები ერთნაირია ყველგან, სადაც ამ კატეგორიის დაცული ტერიტორია იქმნება. ზურმუხტის ტერიტორიებზე კი ადამიანის საქმიანობის შეზღუდვები შეიძლება განსხვავებული იყოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, რადგან აქ ნებადართულია პრაქტიკულად ყველა საქმიანობა, რომელიც ზიანს არ აყენებს ბერნის კონვენციით დაცულ კონკრეტულ სახეობას ან ჰაბიტატს, რომელიც ამ ტერიტორიაზე გვხვდება და რომელთა დასაცავადაც შეიქმნა მოცემული ტერიტორია.

    ზურმუხტის ქსელის ტერიტორიის დაარსების შემდეგ, აუცილებელია შემუშავდეს ამ ტერიტორიის კონსერვაციული მიზნები/ამოცანები და მართვის გეგმა, სადაც მითითებული იქნება ის სახეობები და ჰაბიტატები, რომელთა დაცვა აუცილებელია ტერიტორიის ფარგლებში;  ერთადერთი, რასაც ზურმუხტის ქსელი ცალსახად კრძალავს, არის უარყოფითი ზემოქმედება ბერნის კონვენციით დაცულ ჰაბიტატებსა და სახეობებზე.

  • რა არის შენგენის ზონა?

    რა არის შენგენის ზონა?

    1985 წლის 14 ივნისს ხელი მოეწერა შენგენის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები შეთანხმდნენ, თანდათანობით გაეუქმებინათ საერთო სასაზღვრო კონტროლი და შემოეღოთ გადაადგილების თავისუფლება ხელმომწერი წევრი სახელმწიფოების, სხვა წევრი სახელმწიფოების ან მესამე სახელმწიფოების მოქალაქეებისათვის.

    მსოფლიოში ყველაზე დიდ უვიზო ზონას, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს იცხოვრონ, ისწავლონ, იმუშაონ და პენსიაზე გავიდნენ ევროკავშირის ნებისმიერ წერტილში.

    საზღვრებისგან თავისუფალი შენგენის ზონა უზრუნველყოფს თავისუფალ გადაადგილებას ევროკავშირის 400 მილიონზე მეტ მოქალაქისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის არაწევრი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ევროკავშირში ან სტუმრობენ ევროკავშირს ტურისტული, სასწავლო ან ბიზნეს მიზნებისთვის (ნებისმიერი, ვინც ლეგალურად იმყოფება ევროკავშირში).

     შენგენის ზონა, ასევე, გადამწყვეტ როლს თამაშობს შიდა ბაზრის ფუნქციონირებისთვის, ქვეყნებსა და რეგიონებს შორის ერთიანობის ხელშეწყობისა და უთანასწორობების აღმოსაფხვრელად.

    დღეისათვის შენგენის ზონა ფარავს 4 მილიონ კვადრატულ კილომეტრს და აერთიანებს 27 ქვეყანას, მათ შორის:

    ევროკავშირის წევრ 23 ქვეყანას (ვსტრიას, ბელგიას, ჩეხეთის რესპუბლიკას, დანიას, ესტონეთს, ფინეთს, საფრანგეთს, გერმანიას, საბერძნეთს, უნგრეთს, იტალიას, ლატვიას, ლიეტუვას, ლუქსემბურგს, მალტას, ნიდერლანდებს, პოლონეთს, პორტუგალიას, სლოვაკეთს, სლოვენიას, ესპანეთს, შვედეთსა და ხორვატიას) და ევროკავშირის 4 არაწევრ ევროპულ ქვეყანას (შვეიცარიას, ნორვეგიას, ისლანდიასა და ლიხტენშტაინს).

    2017 წლის 28 მარტიდან, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შეუძლიათ ვიზის გარეშე ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოგზაურობა მოკლევადიანი ვიზიტით, რაც გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.