გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

მდგრადი განვითარება

მდგრადი განვითარება  – XXI საუკუნის  პრიორიტეტი

მდგრადი განვითარების თეორია, ფაქტობრივად, ახალი, XXI საუკუნის სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების თეორიაა, რომლის მიზანი საზოგადოების განვითარების ჰარმონიული, ეკონომიკურ-ეკოლოგიური პროცესების მართვის მოგვარებაა. თანამედროვე  მსოფლიოში მდგრადი განვითარება, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი  თემაა და  საზოგადოების ყველა   სფეროს – პოლიტიკოსების, ჟურნალისტების,  ბიზნესმენების, მეცნიერების,  მასწავლებლების, სტუდენტებისა და  მოსწავლეების ყურადღების ცენტრშია.  დღესდღეობით მდგრადი განვითარება  ფუნდამენტურ სტრატეგიას წარმოადგენს  მსოფლიოს ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციის პროცესში და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თითქმის ყველა დარგსა  და სფეროში.

ტერმინი  მდგრადი განვითარება პირველად 1987 წლის გაეროს გარემოსა და განვითარების კომისიის ანგარიშში იყო  მოხსენიებული. მდგრადი განვითარების განსაზღვრება, რომელიც შემდეგი 25 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა, მოხსენებაში ასე იყო ჩამოყალიბებული: „მდგრადი განვითარება ისეთი განვითარებაა, რომელიც აკმაყოფილებს აწმყოს მოთხოვნებს ისე, რომ არ უქმნის საფრთხეს მომავალი თაობების შესაძლებლობას, დააკმაყოფილონ თავიანთი საჭიროებები“.

ამ განმარტებას შემდგომში მდგრადი განვითარების კიდევ  სამი განზომილება დაემატა: ეკონომიკური განვითარება, სოციალური ჩართულობა და გარემოს მდგრადობა. სამგანზომილებიანი მდგრადი განვითარების მნიშვნელობას ხაზი გაესვა 2012 წლის რიოს +20 კონფერენციაზე.   

დღეისათვის მდგრადი განვითარების  50-ზე მეტი განმარტება არსებობს და მათი რაოდენობა იზრდება. მდგრადი განვითარება  გაეროს განმარტებებით  „საზოგადოების განვითარების ისეთ სისტემას გულისხმობს, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას, ისარგებლონ შექცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი“.

მდგრადი განვითარება მოიაზრებს ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის ისეთ ფორმას, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების კეთილდღეობას როგორც მოკლე და საშუალო, ასევე ხანგრძლივი ვადით;  მდგრადი განვითარება გულისხმობს პირობების შექმნას გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისათვის გარემოს დაცვის საკითხების მაქსიმალური გათვალისწინებით. მდგრადი განვითარება ეკონომიკური და სოციალური განვითარებაა, რომელიც ბუნებრივი რესურსების შემცირების გარეშე მიმდინარეობს;

მდგრადი განვითარების ცნება მოიაზრებს თანასწორობის გრძელვადიან, შორსმჭვრეტ ხედვასა და სისტემურ აზროვნებას, რომლის ფარგლებშიც წინა პლანზე იწევს თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპები. სამართლიანობა გულისხმობს, რომ ყოველ ერს უნდა ჰქონდეს თავისი კულტურული და სოციალური ფასეულობების განვითარების შესაძლებლობა და, ამასთანავე,  ყოველმა ერმა პატივი უნდა სცეს სხვა ერების განვითარების უფლებას. თანასწორობა, თავის მხრივ, ითვალისწინებს მომავალ თაობათა ინტერესებს, კონკრეტულად კი, ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომლებიც  საშუალებას მისცემს მომავალ თაობებს იცხოვრონ და განვითარდენენ ჯანსაღ გარემოში და ხელი მიუწვდებოდეთ მათი განვითარებისათვის საჭირო რესურსებზე. გამომდინარე იქიდან, რომ არსებული ეკონომიკური და სახელმწიფო მართვის სისტემები ვერ უზრუნველყოფენ რესურსების ხელმისაწვდომობის თანასწორობას, აუცილებელია ამ სისტემების გადახედვა.

რესურსების მდგრადი გამოყენება და თანაბარი ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს  რესურსების ოპტიმალური გამოყენების, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის და რეგენერაციისთვის, რადგან ასეთი გამოყენებით მიღებული სოციალური და ეკონომიკური სარგებელი მნიშვნელოვანი სტიმულია ხალხისათვის, დაიცვას  პლანეტა;  ცოცხალი რესურსებით სარგებლობისას ადამიანები ზრუნავენ, რომ შეამცირონ ბიომრავალფეროვნების განადგურება;  მდგრადი გამოყენება მოიაზრებს ამ რესურსების მოხმარების პრინციპების განვითარებას.

მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობის სწრაფ ზრდასთან ერთად, იზრდება რესურსებზე მოთხოვნა, ამიტომაც მნიშვნელოვანია რესურსების მდგრადი გამოყენება.

აუცილებელია გვესმოდეს, რომ მდგრადი განვითარების მიღწევა შეუძლებელია არსებული მიდგომებისა და ტენდენციების შეცვლის გარეშე და სულ უფრო ცოტა დრო გვრჩება მდგრად სისტემაზე რაციონალური და შეუფერხებელი გადასვლისათვის. არსებული განვითარების ტენდენციის შედეგად დღეს უკვე წამოჭრილია მრავალი გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური პრობლემა: ტროპიკული ტყეების მასიური გაჩეხვა, მცენარეთა სახეობების გადაშენება, ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, კლიმატის ცვლილება და სხვა. შესაბამისად, საჭიროა სწრაფი რეაგირება და ინოვაციური გზების მოძებნა, რათა მოხდეს ინდივიდუალური ქცევის,  ინსტიტუციური სტრუქტურებისა და პოლიტიკის შეცვლა მდგრადი განვითარების პრინციპების დასანერგად და განსახორციელებლად. კერძოდ კი, მდგრადი განვითარების მიღწევა გულისხმობს რიგი ქმედებების ახლებური ხედვით განხორციელებას სახელმწიფოსა და ინდივიდუალურ დონეზე როგორც წარმოებისა და მოხმარების არსებულ პრაქტიკაში, ასევე სათანადო სახელმწიფო მართვაში.

მდგრადი განვითარების მისაღწევად დიდი მნიშვნელობა ექნება წარმოებაში ეფექტიანობის გაზრდასა და ნედლეულის ხელახალი გამოყენების დანერგვას. ეკო-ეფექტური საწარმოებისა და კომპანიების არსებობა შესაძლებელს გახდის, ერთი მხრივ, წარმოებულ პროდუქციასა და სერვისებზე კონკურენტუნარიანი ფასების ხარჯზე მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, მეორე მხრივ კი, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებასა და ამავდროულად ნედლეულის ეკონომიურ გამოყენებას, ისე რომ, არ დაირღვეს ეკოსისტემების ბუნებრივი წონასწორობა.

მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა მდგრადი მოხმარების დანერგვა. აღსანიშნავია, რომ  მსოფლიოში მოხმარების დონე ყოველდღიურად  იზრდება. მოხმარება, რა თქმა უნდა, ცხოვრების აუცილებლი ნაწილია – ყველა ორგანიზმი თავისი ბიოლოგიური არსებობის შენარჩუნების მიზნით რაღაცას მოიხმარს, თუმცა საკითხის აქტუალობა გამომდინარეობს იქიდან, თუ როგორ ხდება მოხმარება, რა რაოდენობით და რა გავლენას ახდენს. მაგალითად, განვითარებული ქვეყნების უმეტესობის არსებული მოხმარების დონე და ფორმა არამდგრადია და ასეთი მოხმარების ზეგავლენა როგორც გარემოს მდგომარეობაზე, ასევე სოცილური კუთხით, დღეს უკვე თვალსაჩინოა ადგილობრივ თუ გლობალურ დონეზე. სწორედ გადაჭარბებული და არამდგრადი მოხმარების შედეგია დაბინძურებული გარემო და საზოგადოებებს შორის გაუცხოება. გლობალური მასშტაბით კლიმატის ცვლილება და ოზონის შრის დაშლა, რაც გადაჭარბებულ მოხმარებას უკავშირდება, საკმარისია, რომ დავფიქრდეთ ჩვენი მოხმარების წესის ზემოქმედებაზე.

მოხმარების დონის შეფასების ერთ-ერთი საშუალებაა „ეკოლოგიური  ნაკვალევის (ანაბეჭდის)“ მეთოდის გამოყენება, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენი ბიოლოგიურად პროდუქტიული ფართობი (ჰექტრებში) და წყალია აუცილებელი ჩვენ მიერ ყველა საჭირო რესურსის წარმოების, მოხმარებისა და მოხმარების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების განთავსებისათვის. შესაბამისად, აუცილებელია სათანადო პოლიტიკის შემუშავება, რაც ხელს შეუწყობდა ჩვენი „ეკოლოგიური ანაბეჭდის“ შემცირებას ისე, რომ არ შეიზღუდოს მოსახლეობის კეთილდღეობა. ასეთი პოლიტიკა ასევე უნდა ითვალისწინებდეს 1 მილიარდი ღარიბი მოსახლეობის (რომლისთვისაც მიუწვდომელია სათანადო კვება, თავშესაფარი და ელემენტარული მოხმარების საგნები) ცხოვრების პირობების გაუმჯობე სებას. აღსანიშნავია ყოველი ჩვენგანის, როგორც მომხმარებლის, როლი შეგნებული გადაწყვეტილების მისაღებად. საჭიროა დავფიქრდეთ, რამდენად საჭიროებისამებრ ხდება ჩვენ მიერ ამა თუ იმ პროდუქტისა ან სერვისის მოხმარება.

       იუნესკოს ერთ-ერთ მოხსენებაში მდგრადი განვითარების ამოცანები შემდეგნაირად ხაიათდება:

  • ეკონომიკური ზრდის ამაღლება;
  •  გარემოს დაცვა მდგრადი ბუნებრივი ეკოსისტემების აღდგენით;
  • სოციალური თანასწორობის მიღწევა.

       მდგრადი განვითარების საერთაშორისო პრინციპებია:

1. გარემოსდაცვითი და ეკონომიკური გადაწყვეტილებების ინტეგრირება:

  • ეკონომიკური გადაწყვეტილება ადეკვატურად უნდა ასახავდეს გარემოს, ადამიანთა ჯანმრთელობისა და სოციალურ ასპექტებს;
  • ჯანდაცვისა და გარემოსდაცვით სფეროში არსებული ინიციატივების განხორციელებისას, შეძლებისდაგვარად, უნდა მოხდეს მოსალოდნელი ეკონომიკური შედეგების გათვალისწინება.

2. ხელმძღვანელობა:

  • გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, ჯანდაცვისა და სოციალური კეთილდღეობის საკითხები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული;
  •  დღევანდელი გადაწყვეტილებები უნდა ითვალისწინებდეს სამომავლო შედეგებს.

3. პასუხისმგებლობის გაზიარება და გაგება:

  • მოქალაქეები პატივს უნდა სცემდნენ განსხვავებულ ეკონომიკურ და სოციალურ შეხედულებებს, განსხვავებულ ღირებულებებს, ტრადიციებსა და მისწრაფებებს;
  •  მოქალაქეები პასუხისმგებლობას უნდა იღებდნენ ეკონომიკის მდგრადობის, ჯანსაღი გარემოს, ადამიანის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.

4. პრევენცია:

  • გადაწყვეტილების მიღების პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს საფრთხეების მინიმიზაცია გარემოსდაცვითი, ეკონომიკური, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით.

5. კონსერვაცია და გაძლიერება:

  • საზოგადოებამ უნდა შეინარჩუნოს ეკოლოგიური პროცესები, ბიოლოგიური მრავალფეროვნება და ეკოსისტემები;
  • მდგრადად და გონივრულად უნდა იქნეს გამოყენებული განახლებადი და არაგანახლებადი რესურსები;
  •  საზოგადოება გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა ცდილობდეს ეკოსისტემების ხარისხისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებას.

6. რეაბილიტაცია და აღდგენა:

  • საზოგადოება უნდა ცდილობდეს დაზიანებული და დეგრადირებული გარემოს აღდგენას;
  • სამომავლო ქმედებები და გადაწყვეტილებები უნდა დაიგეგმოს ისე, რომ მასში გათვალისწინებული იყოს გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების ხარჯები.

7. გლობალური პასუხისმგებლობა:

  • ადგილობრივი მოქმედებისას საზოგადოება უნდა ფიქრობდეს გლობალურად. ქვეყნები უნდა თანამშრომლობდნენ საერთაშორისო დონეზე ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, ჯანდაცვისა და სოციალური ასპექტების ინტეგრირების მიზნით გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

აღსანიშნავია, რომ მდგრადი განვითარების თეორია ბოლო პერიოდის ყველაზე გამოკვლევად, სწრაფად განვითარებად და პოპულარულ ახალ თეორიად ჩამოყალიბდა. მას მიეძღვნა უამრავი კონფერენცია, მონოგრაფია, სახელმძღვანელო. ამასთან, ის არის უაღრესად პრაქტიკული თეორია.

მსოფლიოს ყველა განვითარებულმა სახელმწიფომ განაცხადა მდგრადი განვითარების გზით სიარულის სურვილი. მოწინავე ქვეყნების ლიდერები და საერთაშორისო დოკუმენტები საბაზო იდეოლოგიად მდგრადი განვითარების დებულებებს იყენებენ.