ლანდშაფტების შემსწავლელი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალური დარგი. იკვლევს ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსთა ფორმირების, აგებულების, განლაგების, განვითარებისა და დინამიკის კანონზომიერებებს. ლანდშაფტების ყველაზე მსხვილი საკლასიფიკაციო ერთეულია კლასი. მისი გამოყოფის კრიტერიუმი გეომორფოლოგიური ფაქტორია. აღნიშნული ფაქტორის მიხედვით იქმნება ლანდშაფტის 2 კლასი: მთისა და ვაკის ლანდშაფტები.
შემდეგი საკლასიფიკაციო ერთეულია ტიპი. ლანდშაფტების ტიპების გამოყოფისას ითვალისწინებენ: რელიეფის ტიპს (მაგ.: დაბალმთიანი, საშუალომთიანი და მაღალმთიანი რელიეფი); კლიმატის ტიპს; გაბატონებულ მცენარეულობას და ნიადაგის თავისებურებებს; ლანდშაფტების ტიპი თავის მხრივ, იყოფა უფრო მცირე ერთეულებად; ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსები გარდაიქმნება ბუნებრივ-ანთროპოგენურ ტერიტორიულ კოპლექსად. გამოიყოფა: ბუნებრივ-აგრარული (სასოფლო-სამეურნეო), სელიტებური (სასოფლო დასახლებათა), ურნანიზირებული (საქალაქო დასახლებათა) და სხვა ტიპის ბუნებრივ-ანთროპოგენური ტერიტორიული კომპლექსები.
გუმბათისებური ამობურცულობა, რომელიც წარმოიშობა დედამიწის სიღრმიდან მიწის ქერქის ზედა ფენამდე ამოსული მაგმით. დედამიწის ზედაპირს რომ ვერ მიაღწია, მაგმამ ასწია დანალექი ქანების ზედაპირული წყებები და მათ შორის გაცივდა. დროთა განმავლობაში დანალექი საფარი შეიძლება გადაეცალოს და ლაკოლითი გაშიშვლდეს. ტერმინი ლაკოლითი მეცნიერებაში შემოიტანა ამერიკელმა გეოგრაფმა და გეოლოგმა გროვ კარლ ჯილბერტმა 1875 წელს, როდესაც იგი ჰენრის მთებში დიორიტების შეჭრის პროცესის საკითხებს იკვლევდა. მცირე ზომის ლაკოლითებს მიკროლაკოლითებს უწოდებენ.
ზღვის წყალმარჩხი ყურე, რომელიც ზღვისგან გამოყოფილია ქვიშის ნარიყი ზვინულით ან მასთან შეერთებულია ვიწრო სრუტით. ლაგუნას უწოდებენ რგოლისებრი მარჯნის კუნძულების (ატოლების) შიდა წყალსატევსაც.
კალდერა (ესპ. caldera — დიდიქვაბი) — წრიული ან ოვალური ფორმის ვულკანური წარმოშობის ღრმული, რომლესაც ციცაბო ან საფეხურებიანი კედლები და თითქმის ბრტყელი ფსკერი აქვს. ღრმულის დიამეტრი 10-15 კმ -ია, ზოგჯერ უფრო მეტიც, სიღრმე — რამდენიმე ასეული მეტრი. კალდერა ხშირად დაკავებულია ტბებით.
იზოხაზი – რუკებზე თანაბარი მნიშვნელობის რომელიმე სიდიდის მქონე ადგილების შემაერთებელი ხაზები, მაგ., წნევის (იზობარი), ტემპერატურის (იზოთერმა), იზოჰიფსი (თანაბარი სიმაღლეების) და სხვა. რუკის იზოხაზებს ფართოდ იყენებენ სივრცეში უწყვეტი და თანდათანობით ცვლადი სიდიდეების მნიშვნელობათა დასახასიათებლად.
იზოანემონა – რუკაზე თანაბრი ქარის საშუალო სიჩქარის მაჩვენებლი იზოხაზი;
იზობათი (ბერძ. “იზოს” – თანაბარი, “ბათოს” – სიღრმე) – რუკაზე ოკეანის, ზღვის ან ტბის თანაბარი სიღრმის მქონე ადგილების შემაერთებელი ხაზები.
იზობარი (ბერძ. “იზოს” – თანაბარი, “ბაროს” – სიმძიმე, წნევა) – რუკაზე თანაბარი ბარომეტრული წნევის მქონე ადგილების შემაერთებელი ხაზები დროის გარკვეული შუალედისათვის.
იზოგონა – რუკაზე ნებისმიერი ფიზიკური რაოდენობის აღმნიშვნელი იზოხაზი.
იზოდინამა – რუკაზე დედამიწის მაგნიტური ველისა და მისი კომპონენტების (ჰორიზონტალური, ვერტიკალური, ა.შ.) აღმნიშვნელი იზოხაზი.
იზოთერმა (ბერძ. “იზოს” – თანაბარი, “თერმოს” – ტემპერატურა) – რუკაზე დროის გარკვეულ შუალედში თანაბარი ტემპერატურის მქონე ადგილების შემაერთებელი ხაზები.
იზოკვანტი – რუკაზე წარმოების თანაბარი პროდუქტის მოცულობის მაჩვენებლი იზოხაზი.
იზოკოსტა – რუკაზე წარმოების ფაქტორების ერთნაირი ფულადი ღირებულებების შემაერთბელი იზოხაზი.
იზოპახიტი – რუკაზე ერთნაირი სიმძლავრის ქანების შემაერთბელი იზოხაზი;
იზოტახი – რუკაზე ერთნაირი ქარის სიჩქარის მქონე ადგილების შემაერთბელი იზოხაზი (რუკაზე მაქსიმალური ქარი);
იზოქორა – თანაბარი მოცულობის მაჩვენებლი იზოხაზი.
იზოჰიეტა – რუკაზე თანაბარი ატმოსფერული ნალექების მქონე ადგილების შემაერთებელი ხაზები.
იზოჰიფსი (ჰორიზონტალები) – რუკაზე ან გეგმაზე ზღვის დონიდან თანაბარი სიმაღლის მქონე წერტილების შემაერთებელი ხაზები, იზოჰიპსები პირველად 1774 წელს გამოიყენა ინგლისელმა მათემატიკოსმა ჩარლზ ჰატონმა.
იარდანგი – ვიწრო პარალელურ, ქარის მიმართულებით გადაჭიმულ რელიეფის დადებითი ფორმა ასიმეტრიული ციცაბო კალთებით, რომელიც ქარის მოქმედების შედეგად, უმეტესწილად არიდული კლიმატის რაიონებში (ნახევარუდაბნო, უდაბნო ტერიტორიები). ძირითადად ვითარდება თიხიან ნიადაგზე. სიგრძე რამდენიმეჯერ სჭარბობს სიგანეს. სიმაღლე რამდენიმე მეტრს აღწევს.
ხშირად მოვისმენთ, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ურბანიზაციის ეპოქაში და ეს ნამდვილად სიმართლეა. მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე გაცილებით მეტი, უკვე თითქმის 58% ცხოვრობს ქალაქში. ურბანიზაციის დონე, ანუ ქალაქის მოსახლეობის ხვედრითი წილი მთელი ქვეყნის მოსახლეობაში, განსაკუთრებით მაღალია განვითარებულ და სუპერ განვითარებულ სახელმწიფოებში, როგორებიცაა აშშ, გერმანია, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო და იაპონია. მსოფლიოს ქალაქებში დღეს 4,3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი გაიზრდება, რადგან მოსახლეობით ორ უდიდეს სახელმწიფოში ჩინეთსა და ინდოეთში ურბანიზაციის პროცესი მზარდი ტემპებით მიმდინარეობს.
მსოფლიოს დიდი ქალაქების ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე იწყება. დიდი ქალაქების მდებარეობს ემთხვევა უძველესი ცივილიზაციების გავრცელების არეალს, რომელთა დასახლება იქ, სადაც ისინი მდებარეობდნენ ჰიდრორესურსებმა განაპირობა.
ქალაქი ბაღდადი მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი მილიონერი ქალაქი იყო. მალევე, მილიონერი ქალაქი გახდა რომი და შემდეგ ალექსანდრია (ეგვიპტე). პირველი ქალაქი მსოფლიოში, რომლის მოსახლეობამაც 5 მილიონ ადამიანს გადააჭარბა ლონდონი იყო, ხოლო პირველი ქალაქი, რომლის მოსახლეობის რაოდენობაც 10 მილიონს განსცდა – ნიუ-იორკი. გაეროს კრიტერიუმებით, 10 მილიონზე დიდ ქალაქებს მეგაქალაქები ეწოდება.
ქალაქებზე საუბრისას ძალიან ხშირად შევხვდებით ტერმინს აგლომერაცია. ტერმინი ლათინური სიტყვიდან „აგლომერო“ მომდინარეობს, რაც ქართულად ნიშნავს „ვუერთებ“. ეს არის ქალაქური დასახლებათა ტიპების სისტემა, რომლებიც ალაგ-ალაგ ერთმანეთს უერთდებიან, ერწყმიან და ერთიანდებიან. განასხვავებენ მონოცენტრულ და პოლიცენტრულ აგლომერაციებს. მონოცენტრისტულია ისეთი ტიპის აგლომერაცია, რომელშიც ერთი წამყვანი ქალაქია, როგორც ბირთვი და მისი სატელიტი ქალაქები მის ირგვლივ ერთიანდებიან, მაგალითად, თბილისი. ხოლო პოლიცენტრისტული აგლომერაციის შემთხვევაში, მრავალი თითქმის თანაბარი გავლენის ქალაქია წარმოდგენილი. ამის ნათელი მაგალითია გერმანიაში, რურის აუზში, რურის აგლომერაცია.
მეორე ტერმინი, რომელიც ქალაქებზე საუბრისას გვხვდება მეგაპოლისია. ის შეიძლება სუპერაგლომერაციის ან მეგალაქალაქის სახელითაც შეგვხვდეს. საქალაქო განსახლების ყველაზე მსხვილი ფორმა. სტიქიურად ყალიბდება მეზობლად მდებარე დიდი რაოდენობით საქალაქო აგლომერაციების შეზრდის შედეგად. ტერმინი მეგაპოლისი პირველად 1957 წელს გამოიყენეს იმ სისტემის აღსაწერად, რომელიც ქალაქი ბოსტონიდან ქალაქ ვაშინგტონამდე იყო გადაჭიმული და დღეს მას ბოსტვაშის მეგაპოლისის სახელით ვიცნობთ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამი მეგაპოლისია, ბოსვაში, ჩიპიტსი და სან-სანი, სწორედ ეს უკანასკნელია ერთადერთი, რომელიც მხოლოდ ერთ შტატში, კალიფორნიაში, ვრცელდება. სან-სანის მეგაპოლისი სან-ფრანცისკოდან სან-დიეგომდეა გადაჭიმული და თავის მხრივ, მოიცავს ლოს-ანჯელესს, რომელიც სიდიდით ამერიკის მეორე ქალაქია. ლოს-ანჯელესის გარდა სან-სანში ასევე შედის საკრამენტო, სან-ბერნანდინო, კუპერტინო და ვითიერი. ჩიპიტსი გადაჭიმულია ჩიკაგოდან პიტსბურგამდე და დეტროიტს, კოლუმბუსს, კლივლენდსა და ერს აერთიანებს. ბოსტვაში ბოსტონიდან ვაშინგტონამდე ვრცელდება და ნიუ-იორკს, პროვიდანსს, ფილადელფიას, ბალტიმორსა და ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარე სხვა მნიშვნელოვან ქალაქებს მოიცავს.
გარდა ამერიკის შეერთებული შტატების მეგაპოლსიებისა, ისინი ასევე გვხვდება გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და იაპონიაში, რომლის დედაქალაქი – ტოკიო მრავალი წყაროს მიხედვით მსოფლიოს ყველაზე დიდი მეტროპოლიაა.
უდიდესი ქალაქების გადანაწილება კონტინენტების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:
ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი ქალაქი მექსიკის დედაქალაქი მეხიკოა, რომელიც წარსულში აცტეკთა იმპერიის ნაწილი იყო და მას ტენოჩტიტლანი ერქვა. მეხიკო ასევე ლათინური ამერიკის უდიდესი ქალაქი და ყველაზე დიდი ესპანურენოვანი ქალაქია მსოფლიოში.
სამხრეთ ამერიკის კონტინენტის უდიდესი ქალაქია ბრაზილიის ყველაზე მსხვილი საქალაქო აგლომერაცია – სან-პაულოა. ის სან-პაულოს შტატში მდებარეობს და ასევე მსოფლიოს ყველაზე დიდ პორტუგალიურენოვან ქალაქს წარმოადგენს.
ევროპაში დიდი ხნის განმავლობაში, მოსახლეობით კონტინენტის უდიდესი ქალაქი მოსკოვი იყო, თუმცა სწრაფი ბუნებრივი მატებისა და მიგრაციული პროცესების გამო, ბოლო რამდენიმე წელია მრავალი წყაროს ცნობით, კონტინენტის უდიდესი ქალაქის სტატუსი სტამბულმა მოიპოვა. ( თუმცა აქ სადავოა, ჩავთვლით თუ არა სტამბულის აზიურ ნაწილს ევროპის მოსახლეობად). ევროკავშირის უდიდესი ქალაქის ნომინაციაში პარიზია ლიდერი.
აზიის უდიდესი ქალაქი, მსოფლიოს ყველაზე დიდი ქალაქი და მეგალაქალაქი, ტოკიოა, რომელიც კუნძულ ჰონსიუზე მდებარეობს. თავის მხრივ, ეს კუნძული ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული კუნძულია მსოფლიოში. აზიაში ასევე მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე დიდი ისლამური ქალაქი ჯაკარტა, რომელიც კუნძულ იავაზეა განლაგებული. აზიაში მეგაქალაქებია შანხაი, ბეიჯინგი, მუმბაი, მანილა.
აფრიკის დემოგრაფია სწრაფად იცვლება. კონტინენტზე მდებარე რამდენიმე სახელმწიფოში აქტიურად მიმდინარეობს დემოგრაფიული აფეთქების პროცესი, ხოლო ბევრგან შექმნილია ჭარბმოსახლეობის პრობლემა. კონტინენტის უდიდესი ქალაქის ტიტული დიდი ხნის განმავლობაში კაიროს ეკავა, თუმცა დღეს ეს სტატუსი მას ლაგოსმა (ნიგერია) ჩამოართვა. ზოგადად, ნიგერიის სახელმწიფო მოსახლეობით ძალიან სწრაფად იზრდება და ექსპერტთა ვარაუდით 2050 წელს მსოფლიოში მე-4 იქნება ამ მაჩვენებლით.
ავსტრალიასა და ოკეანეთში უდიდესი ქალაქი იყო და რჩება სიდნეი.
ზოგადად, ელექტორალური გეოგრაფია, როგორც მეცნიერება მე-20 საუკუნეში დაიბადა და განსაკუთრებული პოპულარობა ისეთ ქვეყნებში მოიპოვა, რომლებშიც არჩევნები კონკურენტულ გარემოში ტარდება. აღნიშნული მეცნიერება გეოგრაფიის მიმართულების, საზოგადოებრივი გეოგრაფიის ერთ-ერთი ქვედარგია. იგი სწავლობს არჩევნების შედეგების ლოგიკურ გამომდინარეობას ქალაქის, რეგიონისა თუ ეკონომიკური რაიონის დემოგრაფიული სტრუქტურიდან. აშშ-ში მეცნიერების განსაკუთრებულ პოპულარობას ქვეყნის საარჩევნო სისტემაც განაპირობებს.
როგორ ირჩევენ პრეზიდენტს ამერიკის შეერთებულ შტატებში:
აშშ-ში პრეზიდენტს არ ირჩევენ პირდაპირი წესით, რაც ნიშნავს, რომ ის, ვინც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას ავტომატურად არ ხდება ამერიკის პრეზიდენტი. იმისთვის, რომ შტატების მოსახლეობათა უფლებები თანაბარი ყოფილიყო და პრეზიდენტის არჩევა დიდი ქალაქის მოსახლეობაც არ გადაეწყვიტა, დამფუძნებელმა მამებმა შექმნეს საარჩევნო კოლეგია. დღეს ამ კოლეგიაში 538 წევრია, თითოეული შტატი წარმოდგენილია იმდენი დელეგატით, რაც მათი დეპუტატების ჯამის სენატსა და წარმომადგენლობით პალატაში. ამას ემატება კოლუმბიის ოლქის 3 მანდატი, რომელიც შტატი არ არის, თუმცა საპრეზიდენტო კოლეგიაში თავისი წარმომადგენლობა ჰყავს. მოსახლეობის შესაბამისად, ყველაზე დიდი წარმომადგენლობა კალიფორნიას ჰყავს, 54 მანდატი, ხოლო ყველაზე მცირე 3 მანდატიანი შტატებია. დაწყებული ვერმონტით, დასრულებული ჩრდილოეთ დაკოტით. ამ სიაში შედის ალასკა, სამხრეთ დაკოტა, ვაიომინგი, კოლუმბიის ოლქი და დელავერი.
დღეს ამერიკის საარჩევნო რუკას ასეთი სახე აქვს. ქვეყნის ცენტრალურ შტატებში, რომელთა მოსახლეობაც ძირითადად კონსერვატორია და ამ შტატებში არ არის არცერთი უდიდესი ქალაქი წითელია, ანუ მხარს უჭერს რესპუბლიკელებს. წითელ შტატებს „წითელ კედელსაც“ უწოდებენ. ლურჯი შტატები კი დემოკრატების მხარდამჭერი შტატებია, რომლებიც ძირითადად მრავალმოსახლიანი და მჭიდროდ დასახლებულნი არიან. ამ შტატებშია ამერიკის სამი უდიდესი ქალაქიდან სამივე- ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი და ჩიკაგო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არც მხოლოდ წითელი შტატები და არც მხოლოდ ლურჯი შტატები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კანდიდატმა 270 ხმა აიღოს, ანუ 538/2+1, რაც საჭიროა პრეზიდენტობისთვის. შესაბამისად, ყველა კანდიდატს სჭირდება გამარჯვება თეთრ, ანუ მერყევ შტატებში, რომლებიც ჩვეულბრივ წყვეტენ ხოლმე იმას, თუ ვინ გახდება ამერიის პრეზიდენტი. დღეს ეს შტატებია: უისკონსინი, მიჩიგანი, პენსილვანია, არიზონა და ჯორჯია.
თუმცა, ყოველთვის ასე არ იყო. ყველას, ვისაც გეოგრაფიის ეს დარგი აინტერესებს ახსოვს 2000 წლის არჩევნები, როცა ფლორიდის ხმათა დათვლის პროცესმა სასამართლოში გადაინაცვლა და სწორედ უზენაესმა სასამართლომ გამოაცხადა ჯორჯ ვოლქერ ბუში ამერიკის პრეზიდენტად. მაშინ ფლორიდა უდიდესი მერყევი შტატი იყო, თუმცა დღეს ის რესპუბლიკური შტატია. წლების განმავლობაში, ფლორიდაში ხდებოდა კუბიდან მიგრანტების კონცენტრაციის გაზრდა. ისინი ფლორიდის სრუტის გავლით მაიამიში და ნეაპოლში სახლდებოდნენ (იგულისხმება ფლორიდის ქალაქი ნეაპოლი). ისინი ჩვეულებრივ კონსერვატორები არიან და ამან ფლორიდა მერყევი შტატიდან რესპუბლიკურ შტატად გადააქცია. ყურადღება უნდა გავამახვილოთ შტატ არიზონაზე, რომელსაც ყოველთვის ჭეშმარიტ წითელ შტატად ვიცნობდით, დღეს ის „ცისფერი შტატია“- რაც ნიშნავს, რომ ხდება სულ უფრო და უფრო დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი. არიზონას შტატის სამხრეთ საზღვარი მექსიკის რესპუბლიკისა და ამერიკის საზღვარს ემთხვევა და მათ საზღვარზე არსებულ უდაბნოთა სისტემაზე გადის. ლათინური ამერიკიდან წამოსული მიგრანტთა ნაკადი, რომელიც ჩვეულებრივ ამერიკის შეერთებულ შტატებში რიო გრანდეს ან ჩიჰუაჰუას უდაბნოს გავლით შედის, არიზონაში სალხდება. ლათინო ამერიკელებში კი დემოკრატიულ პარტიას განსაკუთრებით დიდი მხარდაჭერა აქვს. იცვლება დემოგრაფია და იცვლება საარჩევნო რუკაც, თუ ადრე არჩევნების ბედი ფლორიდაში, ვირჯინიასა და ოჰაიოში წყდებოდა, ახლა ყველამ წინასწარ იცის ამ შტატებში გამარჯვებულის ვინაობა და მზერას არიზონას, ჯორჯიასა და დიდი ტბების სისტემის შტატებს მივაპყრობთ ხოლმე.
აფრო-ამერიკელი მოსახლეობის გავლენა ამერიკის საარჩევნო რუკაზე
პირველ რუკაზე ჩვენ ვხედავთ იმ ქაუნებს (ქაუნები შტატების შიდა ადმინისტრაციულ რაიონებს წარმოადგენენ), რომლებშიც აფრო ამერიკელთა დიდი კონცენტრაციაა, ხოლო მეორე რუკაზე არჩევნების შედეგების ქაუნების მიხედვით, თუ დავაკვირდებით, შევნიშნავთ მარტივ კანონზომიერებას, რომ აფრო-ამერიკელები ხმას დემოკრატებს აძლევენ, სწორედ აფრო-ამერიკელების დიდმა აქტიურობამ განაპირობა, 2008 წელს ბარაკ ობამას შთამბეჭდავი გამარჯვება, ხოლო 2020 წელს ჯო ბაიდენის მიერ ჯორჯიის შტატის მოგება, რომელიც ყველას წარმოუდგენელ მოვლენად ეჩვენებოდა. 2016 წელს კი აფრო-ამერიკულმა მოსახლეობამ დემოკრატ ჰილარი კლინტონს ზურგი აქცია, რამაც მისი ჯორჯიასა და ჩრდილოეთ კაროლინაში მარცხი განაპირობა.
დებატები საარჩევნო სისტემის ირგვლივ
ამერიკის შეერთებული შტატების საარჩენო სისტემა ნამდვილად არ არის იდეალური და კრიტიკა, რომელიც მის მიმართ ისმის, ბევრისთვის სამართლიანია. მეტიც, ამერიკელების 60%-ზე მეტი მხარს უჭერს მის გაუქმებას. თუმცა, დღეს მისი გაუქმება არ არის პოლიტიკური ნება, რადგან ამას რესპუბლიკური პარტიის აბსოლუტური უმეტესობა ეწინააღმდეგება. თუ ამერიკის შეერთებული შტატები გადავა ჩვეულებრივ საარჩევნო სისტემაზე და პრეზიდენტს ხმის მიცემის პირდაპირი წესით აირჩევს, მაშინ ძალიან ნაკლებსავარაუდოა, რომ ამ მოცემულობაში, რესპუვლიკელები გამარჯვებას შეძლებენ. 2000 წელს, ალ გორმა დაამარცხა ჯორჯ ბუში დაახლოებით 550 000 ხმით, თუმცა პრეზიდენტი მაინც ბუში გახდა საარჩევნო კოლეგიის ელექტორალური გადახრის გამო. 2016 წელს კი ჰილარი კლინტონმა 3 000 000 ხმით დაამარცხა დონალდ ტრამპი, თუმცა პრეზიდენტი ვერ გახდა. დემოკრატების უპირატესობას ხმათა რაოდენობის მხრივ განაპირობებს დიდი ქალაქები. დემოკრატების იგებენ ამერიკის ყველა დიდ ქალაქში და იღებენ ხმების 70-80%-ზე მეტს. რესპუბლიკელებს არ ძალუძთ ამ უპირატესობის გადაწონა პატარა აგრარული თუ სუბურბანული ქაუნებით. მაგალითად, ვიხილოთ ამერიკის 10 უდიდესი ქალაქის სია და შედეგები 2020 ამ ქალაქებში.
ნიუ იორკი, ნიუ-იორკი – ჯო ბაიდენი- 85%
ლოს ანჯელესი, კალიფორნია – ჯო ბაიდენი 71%
ჩიკაგო, ილინოი – ჯო ბაიდენი- 74%
ჰიუსტონი, ტექსასი – ჯო ბაიდენი- 58%
ფენიქსი, არიზონა – ჯო ბაიდენი- 51%
ფილადელფია, პენსილვანია – ჯო ბაიდენი- 82%
სან-ანტონიო, ტექსასი – ჯო ბაიდენი59%
სან-დიეგო, კალიფორნია – ჯო ბაიდენი – 60%
დალასი, ტექსასი – ჯო ბაიდენი- 66%
სან-ხოსე, კალიფორნია – ჯო ბაიდენი- 74%
ამ სურათზე დაკვირვების შემდეგ, ბუნებრივია, რომ რესპუბლიკური პარტია ყველანაირად ხელს უშლის კოლეგიის გაუქმებას, ვინაიდან გიგანტურ მეგაქალაქებში ასეთი დიდი სხვაობების გათანაბრება პრაქტიკულად გამორიცხულია.