• მაასტრიხტის ხელშეკრულება 

    ხელშეკრულება ევროპის კავშირის შექმნის შესახებ,  რომელსაც 1992 წლის 7 თებერვალს  მაასტრიხტში (ნიდერლანდები) ევროპის გაერთიანების 12 სახელმწიფოს – ბელგიის, დანიის, გფრ-ს, ესპანეთის, ირლანდიის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, პორტუგალიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. 

    ხელშეკრულება წარმოადგენს ახალ მნიშვნელოვან ეტაპს ევროპის ქვეყნების ინტეგრაციაში და ითვალისწინებს: ევროპის სახელმწიფოში მცხოვრებ ხალხთა საერთო მოქალაქეობის, ანუ ევროკავშირის მოქალაქეობის, შემოღებას, ასევე მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებას ევროპის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე; ევროპის ქვეყნების მიერ საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკის, საერთო თავდაცვის პოლიტიკის განხორციელებას. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ევროპის ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას საშინაო პოლიტიკასა და სამართლებრივ სფეროში. ხელშეკრულების მიხედვით ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო. ამისათვის მან უნდა მიმართოს ევროსაბჭოს შესაბამისი თხოვნით. ევროსაბჭო ევროკომისიასთან კონსულტაციისა და ევროპარლამენტიდან ნებართვის მიღების შემდეგ გადაწყვეტილებას ახალი წევრის მიღების შესახებ იღებს ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით.

  • კურორტი

    კურორტი

    ტერიტორია ან ადგილი, სადაც კარგი ბუნებრივი პირობებია მკურნალობისა და დასვენებისათვის (კარგი ჰავა, მინერალური წყლები, სამკურნალო ტალახი და სხვ.) და მოწყობილია სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები.

    არსებობს ზღვისპირა, ბალნეოლოგიური, ბალნეოკლიმატური, სამთო-კლიმატური და სხვ. სახის კურორტები.

  • ლინგვისტური გეოგრაფია

    ენათმეცნიერების დარგი, რომელიც იკვლევს ენობრივ მოვლენათა ტერიტორიულ განლაგებას. წარმოიშვა დიალექტთა შესწავლის პროცესში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე. შემდგომში მისი მეთოდები მეზობელ ენებშიც გამოიყენეს საერთო მოვლენათა შესასწავლად. ლინგვისტური გეოგრაფია იყენებს კარტოგრაფირების მეთოდს. რუკაზე აღინიშნება ამა თუ იმ ენობრივი მოვლენის გავრცელების არეალი. ხაზებს, რომლებიც აერთებს ერთი და იმავე თავისებურების გავრცელების პუნქტებს, იზოგლოსებს უწოდებენ. სხვადასხვა ენობრივი მოვლენის რუკებზე გადატანის შედეგად ვიღებთ ლინგვისტურ ატლასს.

  • ლანდშაფტმცოდნეობა

    ლანდშაფტმცოდნეობა

    ლანდშაფტების შემსწავლელი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალური დარგი. იკვლევს ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსთა ფორმირების, აგებულების, განლაგების, განვითარებისა და დინამიკის კანონზომიერებებს.  ლანდშაფტების ყველაზე მსხვილი საკლასიფიკაციო ერთეულია კლასი. მისი გამოყოფის კრიტერიუმი გეომორფოლოგიური ფაქტორია. აღნიშნული ფაქტორის მიხედვით იქმნება ლანდშაფტის 2 კლასი: მთისა და ვაკის ლანდშაფტები.

    შემდეგი საკლასიფიკაციო ერთეულია ტიპი. ლანდშაფტების ტიპების გამოყოფისას ითვალისწინებენ: რელიეფის ტიპს (მაგ.: დაბალმთიანი, საშუალომთიანი და მაღალმთიანი რელიეფი); კლიმატის ტიპს; გაბატონებულ მცენარეულობას და ნიადაგის თავისებურებებს; ლანდშაფტების ტიპი თავის მხრივ, იყოფა უფრო მცირე ერთეულებად; ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსები გარდაიქმნება ბუნებრივ-ანთროპოგენურ ტერიტორიულ კოპლექსად. გამოიყოფა: ბუნებრივ-აგრარული (სასოფლო-სამეურნეო), სელიტებური (სასოფლო დასახლებათა), ურნანიზირებული (საქალაქო დასახლებათა) და სხვა ტიპის ბუნებრივ-ანთროპოგენური ტერიტორიული კომპლექსები.

  • ლაკოლითი

    ლაკოლითი

    გუმბათისებური ამობურცულობა, რომელიც წარმოიშობა დედამიწის სიღრმიდან მიწის ქერქის ზედა ფენამდე ამოსული მაგმით. დედამიწის ზედაპირს რომ ვერ მიაღწია, მაგმამ ასწია დანალექი ქანების ზედაპირული წყებები და მათ შორის გაცივდა. დროთა განმავლობაში დანალექი საფარი შეიძლება გადაეცალოს და ლაკოლითი გაშიშვლდეს. ტერმინი ლაკოლითი მეცნიერებაში შემოიტანა ამერიკელმა გეოგრაფმა და გეოლოგმა გროვ კარლ ჯილბერტმა 1875 წელს, როდესაც იგი  ჰენრის მთებში დიორიტების შეჭრის პროცესის საკითხებს იკვლევდა. მცირე ზომის ლაკოლითებს მიკროლაკოლითებს უწოდებენ.

  • ლაგუნა

    ლაგუნა

    ზღვის წყალმარჩხი ყურე, რომელიც ზღვისგან გამოყოფილია ქვიშის ნარიყი ზვინულით ან მასთან შეერთებულია ვიწრო სრუტით. ლაგუნას უწოდებენ რგოლისებრი მარჯნის კუნძულების (ატოლების) შიდა წყალსატევსაც.

  • კალდერა

    კალდერა

    კალდერა (ესპ. caldera — დიდიქვაბი) — წრიული ან ოვალური ფორმის ვულკანური წარმოშობის ღრმული, რომლესაც ციცაბო ან საფეხურებიანი კედლები და თითქმის ბრტყელი ფსკერი აქვს. ღრმულის დიამეტრი 10-15 კმ -ია, ზოგჯერ  უფრო მეტიც, სიღრმე — რამდენიმე ასეული მეტრი. კალდერა ხშირად დაკავებულია ტბებით.

  • კალაპოტი

    კალაპოტი

    ჩაღრმავება მდინარის ხეობაში, რომელშიც მდინარე მუდმივად მიედინება. დიდი მდინარეების კალაპოტის სიგანე რამდენიმე  მ-დან  ათეულობიოთ კმ-მდე  ვარირებს.

  • იზოხაზები

    იზოხაზები

    იზოხაზი – რუკებზე თანაბარი მნიშვნელობის რომელიმე სიდიდის მქონე ადგილების შემაერთებელი ხაზები, მაგ., წნევის (იზობარი), ტემპერატურის (იზოთერმა), იზოჰიფსი (თანაბარი სიმაღლეების) და სხვა.  რუკის იზოხაზებს ფართოდ იყენებენ სივრცეში უწყვეტი და თანდათანობით ცვლადი სიდიდეების მნიშვნელობათა დასახასიათებლად.

    იზოანემონა – რუკაზე თანაბრი ქარის საშუალო სიჩქარის მაჩვენებლი  იზოხაზი;

    იზობათი (ბერძ. “იზოს” – თანაბარი, “ბათოს” – სიღრმე) – რუკაზე ოკეანის, ზღვის ან ტბის თანაბარი სიღრმის მქონე ადგილების შემაერთებელი ხაზები.

    იზობარი (ბერძ. “იზოს” – თანაბარი, “ბაროს” – სიმძიმე, წნევა) – რუკაზე თანაბარი ბარომეტრული წნევის მქონე ადგილების შემაერთებელი ხაზები დროის გარკვეული შუალედისათვის.

    იზოგონა –  რუკაზე ნებისმიერი ფიზიკური რაოდენობის აღმნიშვნელი იზოხაზი.

    იზოდინამა – რუკაზე დედამიწის მაგნიტური ველისა და მისი კომპონენტების (ჰორიზონტალური, ვერტიკალური, ა.შ.)  აღმნიშვნელი იზოხაზი.

    იზოთერმა (ბერძ. “იზოს” – თანაბარი, “თერმოს” – ტემპერატურა) – რუკაზე დროის გარკვეულ შუალედში თანაბარი ტემპერატურის მქონე ადგილების შემაერთებელი ხაზები.

    იზოკვანტი – რუკაზე წარმოების თანაბარი პროდუქტის მოცულობის მაჩვენებლი იზოხაზი.

    იზოკოსტა –  რუკაზე წარმოების ფაქტორების  ერთნაირი ფულადი ღირებულებების შემაერთბელი იზოხაზი.

     იზოპახიტი რუკაზე ერთნაირი სიმძლავრის ქანების  შემაერთბელი  იზოხაზი;

    იზოტახი –  რუკაზე ერთნაირი ქარის სიჩქარის მქონე ადგილების შემაერთბელი  იზოხაზი (რუკაზე მაქსიმალური ქარი);

    იზოქორა – თანაბარი მოცულობის მაჩვენებლი  იზოხაზი.

    იზოჰიეტა – რუკაზე თანაბარი ატმოსფერული ნალექების მქონე ადგილების შემაერთებელი ხაზები.

    იზოჰიფსი (ჰორიზონტალები) – რუკაზე ან გეგმაზე ზღვის დონიდან თანაბარი სიმაღლის მქონე წერტილების შემაერთებელი ხაზები, იზოჰიპსები პირველად 1774 წელს გამოიყენა ინგლისელმა მათემატიკოსმა ჩარლზ ჰატონმა.

  • იზოანემონა

    რუკაზე თანაბრი ქარის საშუალო სიჩქარის მაჩვენებლი  იზოხაზი;