• ყველაზე გამჭვირვალე ზღვა

    ყველაზე გამჭვირვალე ზღვა

    ყველაზე გამჭვირვალედ ზღვებს შორის უკანასკნელ დრომდე სარგასოს ზღვა (ატლანტის ოკეანე) ითვლებოდა. მასში სეკის დისკი 66,5 მეტრ სიღრმემდე მოჩანდა. მაგრამ, 1986 წელს გერმანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ კუთხით “ჩემპიონია” უედელის ზღვა ანტარქტიდის ნაპირებთან. მის წყალში ჩაშვებული სეკის დისკის დანახვა 79 მეტრ სიღრმემდე შეიძლება. შედარებისათვის, დისტილირებულ წყალში სეკის დისკი 80 მ სიღრმემდეა ხილული. ამრიგად, უედელის ზღვის წყალი შეიძლება აბსოლუტურად სუფთად და გამჭვირვალედ ჩაითვალოს. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში შედარებით გამჭვირვალეა თეთრი ზღვა, რომლის წყალშიც დისკი 8 მ-ის სიღრმეზე მოჩანს.

  • ყველაზე მტკნარი ზღვა

    ყველაზე მტკნარი ზღვა

    დედამიწის მტკნარ ზღვებს შორის ბალტიის ზღვა ლიდერობს. მარილის შემცველობა მის 1 ლიტრ წყალში სულ რაღაც 2-8 გრამია. ეს იმით აიხსნება, რომ თითქმის ჩაკეტილი ზღვის აუზში 250- მდე მდინარე ჩაედინება. ბალტიის ზღვა ჩრდილოეთ ევროპაში, ჩრდილოეთ განედის 53–66 გრადუსებსა და აღმოსავლეთის გრძედის 20–26 გრადუსებს შორის მდებარეობს.

    ბოტნიის ყურესთან ზღვის წყალს ფერმერები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სასმელადაც კი იყენებენ.

  • თეთრი ზღვა

    თეთრი ზღვა

    თეთრი ზღვა რუსეთის ევროპული ნაწილის უკიდურესი ჩრდილოეთით მდებარეობს და ჩრდილოეთ ყინულოვანი (არქტიკული) ოკეანის აუზს მიეკუთვნება. თითქმის შვიდი თვის მანძილზე თეთრი ზღვა მთლიანად ყინულებით იფარება და სწორედ აქედან გამომდინარე ეწოდა მას თეთრი ზღვა. ზღვა ყინულებისგან მხოლოდ ივლისის შუა რიცხვებში თავისუფლდება.

    მეცნიერთა აზრით, ზღვის სახელი ალბუმი – „თეთრი ზღვა“ პირველად პეტრე პლანციას 1592 წელს შედგენილ რუკაზე იქნა აღნიშნული, ხოლო უკვე ორი წლის შემდეგ ფლამანდიელმა კარტოგრაფმა ჰერარდ მერკატორმა თავის რუკაზე ზღვის, როგორც ლათინური, ასევე რუსული სახელწოდებაც დაიტანა.

    ზღვის ფართობი 90 ათასი კვ. კმ-ია. საშუალო სიღრმე -89 მ-ს, ხოლო მაქსიმალური – 330 -ს აღწევს. თეთრ ზღვაზე გარემო პირობები საკმაოდ მკაცრია. ტემპერატურა ნულს ქვემოთ 20°-მდე ჩამოდის ხოლმე, ხშირად უფრო დაბლაც. ყოფილა შემთხვევები, როცა 40° ყინვა დაფიქსირებულა. 0°-ს ზემოთ ტემპერატურის ნიშნული იშვიათად ადის. ზღვის წყლის მარილიანობა მსოფლიო ოკეანის წყლის საშუალო მარილიანობაზე დაბალია.

    თეთრ ზღვაში ჩაედინება მდინარეები – ჩრდილოეთი დვინა, ონეგა, მეზენი და სხვ. თეთრი ზღვა უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო მაგისტრალია. ზღვისპირა ძირითადი პორტებია არხანგელსკი, სევეროდვინსკი, ონეგა, ბელომორსკი, კემი, მეზენი. არხანგელსკი უძველესი პორტია და ისტორიულად ის რუსეთში მსოფლიოს სავაჭრო ცენტრად მიიჩნეოდა

    მიუხედავად იმისა, რომ თეთრ ზღვაზე ძალიან ცივა და ზამთრობით წყალი იყინება, ზღვაში უამრავი ძალიან ლამაზი თევზი ბინადრობს.

    ბელომორ-ბალტიის არხმა თეთრი ზღვა ბალტიის ზღვას დაუკავშირა.

  • ყვითელი ზღვა

    ყვითელი ზღვა

    ყვითელი ზღვა წყნარი ოკეანის აუზს მიეკუთვნება და ნახევრად შიდა ზღვაა. ის აზიის აღმოსავლეთ სანაპიროზე, კორეის ნახევარკუნძულის დასავლეთით მდებარეობს. ყვითელი ზღვა სამი ქვეყნის ტერიტორიას – ჩრდილოეთ კორეას, სამხრეთ კორეასა და ჩინეთს ესაზღვრება. ყვითელ ზღვას სახელი წყლის ფერის გამო ეწოდა, რაც ზღვაში ჩამდინარე მდინარე ხუანხეს“ იგივე “ყვითელი მდინარის” დამსახურებაა. ამ მდინარეს ზღვაში დიდი რაოდენობით ოქროსფერი ქვიშა ჩააქვს, რაც ზღვის წყალს ყვითელ ფერს სძენს.

    ყვითელი ზღვის ფართობი 41 6 000 კვ. კმ-ია. ზღვის წყლის მარილიანობა 24-36 პრომილეს შორის მერყეობს. ყვითელი ზღვა არ არის ღრმა ზღვა. მისი მაქსიმალური სიღრმე 152 მეტრს აღწევს, თუმცა გამოირჩევა დიდი და სწრაფი ტალღებით, აგრეთვე დიდი მიმოქცევით. ზოგჯერ ტალღების მიმოქცევის სისწრაფე 20 კმ/საათს აღემატება. სწორედ მისი სიღრმე და მიმოქცევის მახასიათებლები ხდის ზღვას მნიშვნელოვანს თევზების გამრავლების თვალსაზრისით.

    ზღვის ყურეებიდან გამოირჩევა ბოხაის, ლიაოდუნის და დასავლეთ კოერის ყურეები. ზღვაში ხუანხეს გარდა ასევე ჩაედინება მდინარეები – ხაიხე, ლიაოხე და იალუცზიანი (ამნოკანი).

    ზღვა მდიდარია ბიოლოგიური რესურსებით და თევზჭერის უმნიშვნელოვანესი ცენტრია. ამასთანავე, ყვითელი ზღვა ცნობილია სხვადასხვა სახის გადამფრენი ფრინველების სიმრავლითა და მრავალფეროვნებით.

  • წითელი ზღვა

    წითელი ზღვა

    დედამიწის ფერად ზღვებს მიეკუთვნება წითელი ზღვაც, რომელიც სინამდვიილეში ლურჯი ფერისაა, მაგრამ მის ზედაპირზე ზოგჯერ წითელი წყალმცენარეები ამოტივტივდებიან ხოლმე და მაშინ ზღვის წყალს წითელი ელფერი დაჰკრავს. სახელიც, სავარაუდოდ, სწორედ ამ ორგანიზმების მეწამული ფერის გამო ეწოდა. თუმცა არსებობს ზღვისთვის სახელის დარქმევის სხვა ვერსიებიც. მაგალითად, ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ ზღვას ეს სახელი ეგვიპტესთან ახლოს მდებარეობის გამო ეწოდა. ძველად ეგვიპტელები წითელ ზღვაში მდებარე ერთ-ერთ კუნძულს „წითელ მიწას“ უწოდებდნენ. რადგანაც ზღვა „წითელ კუნძულს“ ესაზღვრებოდა, ამიტომ მასაც „წითელი“ დაარქვეს. სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით, სხვა ვერსიაც არსებობს, რომელიც ეფუძნება მოსაზრებას, რომ ფერები ჰორიზონტის მხარეებს – გეოგრაფიულ მიმართულებებს აღნიშნავდნენ. წითელი ფერი კი სამხრეთის მიმართულებას შეესაბამებოდა და, შესაბამისად, წითელი ზღვაც სამხრეთის ზღვას ნიშნავდა.

    წითელი ზღვა შიდა ზღვაა და ინდოეთის ოკეანის აუზს მიეკუთვნება და არაბეთის ნახევარკუნძულსა (აზია) და აფრიკის კონტინენტს შორის მდებარეობს. https://www.google.ge/maps/place/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%90/@20.2358326,29.5064425,5z/data=!3m1!4b1!4m5!3m4!1s0x15b91b7a37f530e5:0xbab428a1529071c7!8m2!3d20.280232!4d38.512573?hl=ka

    ზღვა ცხრა ქვეყანას ესაზღვრება. ეს ქვეყნებია: ეგვიპტე, სომალი, სუდანი, იემენი, ისრაელი, ჯიბუტი, იორდანია, საუდის არაბეთი და ერითრია. წითელ ზღვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ცხრავე ქვეყნისთვის რეკრეაციის, ტრანსპორტირებისა და თევზჭერის თვალსაზრისით.

    წითელი ზღვის ფართობი 450 ათასი კვ. კმ-ია. მაქსიმალური სიღრმე 3000 მ-ია შუა ნაწილში. წითელი ზღვა ყველაზე მარილიანია მსოფლიოს ზღვებს შორის – მისი წყლის მარილიანობა ლიტრში 40-60 გრ-ია.

    წითელი ზღვა იმითაცაა საინტერესო, რომ მასში მდინარეები არ ჩაედინება, რომელთაც ზღვებში ნატანი მასალა და ქვიშა ჩააქვთ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხოლმე ზღვის წყლის გამჭვირვალობას. ამიტომაც წითელი ზღვის წყალი კრისტალურად სუფთა და გამჭვირვალეა.

    წითელი ზღვა საერთაშორისო გადაზიდვებისა და ტრანსპორტირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი მას შემდეგ გახდა, რაც 1869 წელს სუეცის არხი გაიხსნა.

    წითელი ზღვა მეტად საინტერესოა ტურისტებისთვისაც. ზღვაზე დასვენება მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი, თუმცა ზაფხულში ძალიან ცხელა. ამ დროს წყლის საშუალო ტემპერატურა 27 გრადუსია. ზამთარში კი წყლის საშუალო ტემპერატურა 21 გრადუსს აღწევს. ასე რომ, ზღვა, გარდა მაღალი მარილიანობისა, ყველაზე თბილ ზღვადაცაა ცნობილი.

    წითელი ზღვა ორგანული სამყაროს მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. იქ 1000-მდე სახეობის თევზი ბინადრობს. აგრეთვე გვხვდება წყალმცენარეები, მრავალი ფერის მარჯნები და სხვადასხვა ფორმის წყალქვეშა ქვები, რომლებიც ზღვის ფსკერზე ულამაზეს გარემოს ქმნიან.

    წითელ ზღვაში 25 ლამაზი და ეგზოტიკური კუნძულია, რომლებიც საუკეთესო ადგილებად ითვლება დაივინგისთვის. სწორედ ამიტომ დაივერები ამ კუნძულებზე მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან ზღვის მრავალფეროვანი და ულამაზესი წყალქვეშა სამყაროს გასაცნობად.

  • ყველაზე მარილიანი ყველაზე სუფთა ყველაზე თბილი და ყველაზე ლამაზი ზღვა

    ყველაზე მარილიანი ყველაზე სუფთა ყველაზე თბილი და ყველაზე ლამაზი ზღვა

    წითელი ზღვა რამდენიმე რეკორდიითაა ცნობილი: იგი დედმიწაზე ყველაზე სუფთა და ყველაზე თბილი ზღვაა. მის ეკოსისტემას უსწრაფესად აღდგენის უნარი აქვს. გარდა ამისა ყველაზე მარილიანი წყალი სწორედ წითელ ზღვაშია. ამ ზღვის 1 ლიტრი წყალი 42 გრ მარილს შეიცავს, ხოლო სუეცის არხში 43,5 გრამსაც კი.

    დედამიწაზე ყველაზე ლამაზიც წითელი ზღვაა. აქ დაივინგის მოყვარულებსა თუ უბრალო ტურისტებს შეუძლიათ განუმეორებელი პეიზაჟებით დატკბებნენ. თავად ცნობილმა ოკეანოლოგმა ჟაკ-ივ კუსტომ, მის წყლებში გადაიღო ფილმი „მსოფლიო სიჩუმე“

  • ყველაზე ღრმა ზღვა დედამიწაზე

    ყველაზე ღრმა ზღვა დედამიწაზე

    წყნარ ოკეანეში მდებარე მარჯნის ზღვა ყველაზე ღრმა ზღვაა დედამიწაზე. მისი მაქსიმალური სიღრმე 9140 მ-ია. ეს ზღვა კიდევ იმათაცაა განთქმული, რომ სწორედ აქ მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე მსხვილი მარჯნების რიფი – დიდი ბარიერული რიფი.

  • ხმელეთში ყველაზე ღრმად შეჭრილი  და წყალმარჩხი ზღვა

    ხმელეთში ყველაზე ღრმად შეჭრილი და წყალმარჩხი ზღვა

    ხმელეთში ყველაზე ღრმად შეჭრილი აზოვის ზღვაა. ამავე დროს, იგი ყველაზე წყალმარჩხი ზღვაცაა დედამიწის ზღვებს შორის. მისი საშუალო სიღრმე 7 მ, ხოლო მაქსიმალური 13 მ-ია (დაახლოებით ხუთსართულიანი სახლის სიმაღლის). ამიტომაც, შემოდგომობით, შტორმების პერიოდში აქ მეტად სახიფათო და საშიში პირობები იქმნება ნაოსნობისათვის, განსაკუთრებით კი დიდი გემებისათვის. მათთვის ზღვაში სპეციალური საზღვაო არხებია აგებული.

    აზოვის ზღვას მეორენაირად მოლუსკების ზღვასაც უწოდებენ, რადგანაც აქ მოლუსკების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ბინადრობს.

    ღამით, აზოვის ზღვაში ბანაობისას, შეიძლება შეამჩნიოთ, როგორ ანათებს სანაპირო ზოლი. ამ ნათებაა სანაპიროსთან ახლოს მცხოვრები პლანქტონური ორგანიზმები იწვევენ, რომლებიც ფოსფორს შეიცავენ.

  • ყველაზე პატარა ზღვა ფართობით

    ყველაზე პატარა ზღვა ფართობით

    ზღვებს შორის ფართობით ყველაზე პატარაა მარმარილოს ზღვა, რომელიც ბალკანეთისა და მცირე აზიის ნახევარკუნძულებს შორის მდებარეობს. მისი ფართობი 11,350 ათასი კვ.კმ-ია.

    მარმარილოს ზღვა შავ და ეგეოსის ზღვებს აკავშირებს და, შესაბამისად, თურქეთის ევროპულ ნაწილს აზიურისგან ჰყოფს. ის ბოსფორის სრუტით შავ ზღვას, ხოლო დარდანელით კი – ეგეოსის ზღვას უერთდება.

    ზღვაში ორი მთავარი კუნძულთა დაჯგუფებაა, რომელთაც პრინცისა და მარმარას კუნძულებს უწოდებენ. ამ უკანასკნელზე მარმარილოს საბადოებია, საიდანაც მომდინარეობს კიდეც ზღვის სახელი.

  • ყველაზე დიდი ზღვა ფართობით

    ყველაზე დიდი ზღვა ფართობით

    დედამიწაზე ფართობით ფილიპინის ზღვა ლიდერობს, რომელიც აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, წყნარ ოკეანეში მდებარეობს. მისი ფართობი 5,7 მლნ. კვ. კმ-ია. ფილიპინის ზღვას საკმაოდ კომპლექსური და განსხვავებული წყალქვეშა რელიეფი აქვს. ამ ზღვის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი კიდევ ისაა, რომ აქ მდებარეობს ზღვის ღრმა ღარი, რომელიც ფილიპინისა და მარიანის ღარებს მოიცავს.