• კატასტროფა ალასკაზე

    კატასტროფა ალასკაზე

    ერთხელ გეორგ გრაფი და მისი ცოლი ქეითი ერთ-ერთ საღამოზე ლეო გრასის შეხვდნენ. გრასი და გრაფი კლასელები იყვნენ. მართალია, გრასს ძალიან უყვარდა ტრაბახი, მაგრამ ამასთან, იგი საუკეთესო ორატორი იყო და მის მიერ მოყოლილი ისტორიები ბევრ მსმენელს მოსწონდა. ამჯერად ლეომ ალასკაზე თავისი მუშაობის შესახებ დაიწყო საუბარი.
    -ჩვენი კომპანია მდინარე კოიუკუკის რაიონში, სრულიად ველურ და უკაცრიელ ადგილას ნავთობს ეძებდა. ამ რაიონში ესკიმოსების მხოლოდ რამდენიმე პატარა დასახლება და უსასრულო ტუნდრაა. აგვისტოს დასაწყისში მე ბრუკსის ქედის მთისწინეთში უნდა გავფრენილიყავი, სადაც ერთ-ერთი ჩვენი ჭაბურღილი იდგა. ნორმალურად ავფრინდით, მაგრამ უკვე ნახევარი საათის შემდეგ ვერტალიოტის ძრავა გაფუჭდა და საფრენი აპარატი მწყობრიდან საბოლოოდ გამოვიდა. პილოტს ვუბრძანე, რომ დაშვებულიყო. სულ რაღაც 10 მეტრიღა გვაკლდა მიწამდე, როცა ძრავა საბოლოოდ ჩაქრა და ჩვენ პირდაპირ ჭაობში ჩავვარდით, რამაც გადაგვარჩინა კიდეც. ვერტალიოტი ჭაობში ნახევარი მეტრით ჩაეფლო, რამაც დარტყმის ძალა შეამცირა. მაგრამ, თურმე უფრო მეტი საშინელება წინ გველოდა: ვერტალიოტის რაცია და სანავიგაციო ხელსაწყოები ჩამოვარდნის გამო მწყობრიდან გამოვიდა. ამიტომ ვერავის გავაგებინებდით ჩვენს ადგილსამყოფელს და ვერც დახმარებას მოვითხოვდით. საბედნიეროდ, ხელთ რუკა და კომპასი გვქონდა. პილოტთან ერთად გადავწყვიტეთ სამხრეთისკენ აგვეღო გეზი, რათა იუკონის ხეობიდან გავსულიყავით. ჩვენ დაახლოებით 100 მილი უნდა გვევლო ტუნდრაში საკვებისა და იარაღის გარეშე. გარდა ამისა, უტყეო ტუნდრაში ვერ ვახერხებდით კოცონის დანთებას. საბედნიეროდ, ზაფხულში ალასკაზე პოლარული დღეა და ეს ჩვენ ღამით გაყინვისგან გვიცავდა. მე კომპასი ავიღე. ისრის სამხრეთი ბოლო ჩვენ წინ მდებარე მაღალი ბორცვისკენ იყო მიმართული. კომპასი ჯიბეში შევინახე და პირდაპირ ბორცვის მიმართულებით წავედი. პილოტი უკან გამომყვა…
    რაფს მოსწყინდა ლეოს საუბარი და მსმენელების ჯგუფს გაერიდა. მალე მას მეუღლეც შეუერთდა.
    _ ქეთი, შენც მოგბეზრდა ლეოს ”ზღაპრები” თუ უკვე დაამთავრა ლაპარაკი?
    -არა, ჯერ არ დაუმთავრებია , თუმცა უკვე იუკონს უახლოვდება. მაგრამ ისე გაუტია, რომ მეც კი შევნიშნე მისი ტყუილები.
    იპოვეთ ლეოს მონათხრობში შეცდომები.
    პასუხი:
    ლეომ თავის მონათხრობში სულ მცირე 4 შეცდომა დაუშვა. პირველი, ალასკის შიდა რაიონებში ცხოვრობენ არა ესკიმოსები, არამედ ინდიელები.
    მეორე – ბრუკსის ქედის სამხრეთით მდებარეობს არა ტუნდრა, არამედ ტყეტუნდრა, უფრო მეტიც მდინარეთა ხეობებში გავრცელებულია ტყეები.
    მესამე – პოლარულ დღეზე დაკვირვება მდინარე კოიუკუკის რაიონში შესაძლებელია ივნისის ბოლოს და არა აგვისტოს დასაწყისში.
    და მეოთხე – კომპასის მაგნიტური ისარი ალასკაზე უჩვენებს ჩრდილოეთის, და არა აღმოსავლეთის მიმართულებას. სწორედ მანდ მდებარეობს ალასკასთან მიმართებაში ჩრდილოეთი მაგნიტური პოლუსი. შესაბამისად, იუკონის ხეობამდე მისვლას ლეო გრასი ვერ შეძლებდა.

  • წითელ ზღვაში   ორი ახალი კუნძული გაჩნდა

    წითელ ზღვაში ორი ახალი კუნძული გაჩნდა

    არც თუ ისე დიდი ხნის წინ გეოგრაფებისთვის ცნობილი გახდა, რომ წითელ ზღვაში ორი ახალი პატარა კუნძული გაჩნდა. ანალიტიკური ხასიათის წინასწარი მონაცემებით კუნძულები მეტად უცნაურად წარმოშვნენ. როგორც გაირკვა, კუნძულები 4 წლის წინ მომხდარი წყალქვეშა ძლიერი ვულკანური ამოფრქვევის შედეგად წარმოიქმნენ. ამ კუნძულების ფორმირების წყალობით წითელ ზღვაში მდებარე ეზ-ზუბაირის არქიპელაგის ფართობი საკმაოდ გაიზარდა. აღნიშნული არქიპელაგის უმაღლესი მწვერვალის სიმაღლე 191 მეტრია, ხოლო განფენილობა 5 კილომეტრს აღწევს.

  • დედამიწის უდიდესმა ატლასმა  სიდნეიში ”იმოგზაურა”

    დედამიწის უდიდესმა ატლასმა სიდნეიში ”იმოგზაურა”

    დედამიწის უდიდესმა ატლასმა დროებით საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და ავსტარლიაში ახალი სამხრეთ უელსის შტატის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში დაიდო ბინა. ატლასს, რომელიც 2012 წელს ავსტრიულმა გამომცემლობამ გამოსცა “პლატინის დედამიწა” ჰქვია. ატლასი მხოლოდ 31 ეგზემპლარად დაიბეჭდა და ერთ-ერთი მათგანი ავსტრალიაში ინახება.

    ატლასის სიმაღლე 1 მეტრი და 80 სანტიმეტრია, გაშლილ მდგომარეობაში მისი სიგანე 2 მეტრსა და 70 სანტიმეტრს შეადგენს. გიგანტური წიგნი 150 კილოგრამს იწონის და 100 ათასი დოლარი ღირს. ატლასის ზომებიდან გამომდინარე მისი მოხამარებისას სიფრთხილეა საჭირო.

    ატლასი “პლატინის დედამიწა” ჩვენი პლანეტის ყველა კონტინეტისა და ქვეყნის დეტალური გეოგრაფიული რუკებისგან შედგება. მათზე ასევე აღნიშნულია მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების ადგილები. წიგნში გამოყენებულია თანამგზავრებიდან გადაღებული მაღალხარისხოვანი ფოტოები. ასევე ძალიან საინტერესოდაა წარმოდგენილი ფოტოკოლაჟები.

    ატლასის შესაქმენლად 4 წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100 მეტი სპეციალისტი მუშაობდა. “პლატინის ატლასის” შექმნამდე მსოფლიოში ყველაზე დიდ ატლასად Klencke Atlas -ი ითვლეობდა, რომელიც XVII საუკუნეში შეიქმნა, რათა საჩუქრად გადაეცათ ინგლისის მეფის კარლ II-სთვის.

  • ”ვიკიპედიაში” გეოგრაფიული დისბალანსი აღმოაჩინეს

    ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გააანალიზეს ”ვიკიპედიაში” გეოგრაფიული შინაარსის სტატიები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ევროპის ქვეყნები და აშშ ქმნიან რა მსოფლიოს სურათს, მხედველობაში არ იღებენ ღარიბ განვითარებად ქვეყნებს და მათ პოტენციალს. ამის შესახებ წერს გაზეთი The Guardian-ი. ენციკლოპედიის მთელი მასალის დაახლოებით 45%, რომელიც ეხება მსოფლიო რუკაზე გეოგრაფიულ პუნქტებსა და ღირშესანიშნაობებს, ძირითადად, მსოფლიოს მხოლოდ 5 ქვეყნის ავტორების მიერაა შექმნილი. ბრიტანელი მეცნიერების ვერსიით მსოფლიოს ”ვიკიპედიისათვის” აღწერენ ბრიტანელი, ამერიკიელი, ფრანგი, გერმანელი და იტალიელი ავტორები. გარდა ამისა, განვითარებადი ქვეყნების საკუთარი მოსახლეობაც ცდილობს ”ვიკიპედიაში” ისეთი ინფორმაცია დაამატოს, რომელიც ევროპის სახელმწიფოებსა და ჩრდილოეთ ამერიკას ეხება და არა მათ საკუთარ ქვეყანას, რაც კიდევ უფრო ზრდის გეოგრაფიულ დისბალანს.

  • დედამიწის  უცნაური ტბები

    დედამიწის უცნაური ტბები

    ჩვენს პლანეტაზე მრავალი უჩვეულო და საოცარი სილამაზის ტბაა. მათ შორის არიან ისეთებიც, რომელთა ფერი გაკვირვებასაც კი იწვევს. მათ ”ფერად” ტბებს უწოდებენ. ამ ტბების წყლები მოწითალო, ლურჯი, მწვანე, თეთრი და შავი ფერისაც კია. წყლის შეფერილობის მიზეზები სხვადასხვაგვარია და მთელ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული. ესენია: ადგილმდებარეობა, წარმოშობის ფორმა, ტბის ასაკი, წყლის შემადგენლობა, ტბაში ბინადარი ცოცხალი ორგანიზმები და სხვ.
    ზოგიერთი ტბის წყალი ჩვეულებრივი ცისფრის ნაცვლად მოვარდისფრო-მოწითალო ფერისაა, რაც ტბაში გავრცელებული ბაქტერიების ”ბრალია”. იტალიის ალპებში მდებარე ტბა ლაგო-დე-ტორველის მოწითალო ფერი ტბაში ბინადარი მიკროორგანიზმების სიმრავლეს უკავშირდება. ისინი მაშინ მრავლდებიან, როცა წყლის ტემპერატურა +16 გრადუსამდე თბება.

    იაპონიის ერთ-ერთ კუნძულზე უნიკალური ორფერა ტბაა. წყალსატევის ფსკერიდან გამოსული რკინის ჟანგი ტბას ვარდისფრად აფერადებს, ხოლო გოგირდის მინარევების დიდი რაოდენობა – ყვითლად. კოლორადოს ტბის წყალი, რომელიც ზ.დ-დან 4550 მ. სიმაღლეზე კორდილიერების მთების სამხრეთით მდებარეობს, მუქი წითელი ფერისაა. ასეთი წითელი ტბები გვხვდება აგრეთვე დასავლეთ ევროპაში და ხმელთაშუა ზღვის ნაპირებთან.
    ჩვენს პლანეტაზე სხვა ფერადი ტბებიც გვხვდება. მაგ. იაპონიის ტბა კანკაიძი წითელი ფერისაა, რადგან რკინის შემცველი წყაროებით საზრდოობს, ყაზახეთში მდებარე ტბა სარიკული კი მოყვითალო-მოყავისფერო ფერის. ტბის სახელწოდებაც თარგმანში ყვითელ ტბას ნიშნავს. ამის მიზეზი კი ტბის თიხიანი სანაპიროა.
    ტბა ჰილერი (“Hillier”) ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროსთან ახლოს, საშუალო კუნძულის (Middle Island) პირას მდებარეობს. ამ ტბის განსაკუთრებულობა ის გახლავთ, რომ ის ვარდისფერია, ამასთან ფერი არ იცვლება კონტეინერში ჩასხმის დროსაც. ტბის სიგრძე დაახლოებით 600 მეტრია. ეს პატარა მარილიანი ტბა გარშემორტყმულია თეთრი მარილის ”ქამრით”, რაც მას უფრო ზღაპრულ იერს აძლევს, ვიდრე რეალურს და ბუნებრივს. ტბას ყველა მხრიდან გარს აკრავს ევკალიპტების სხვადასხვა ჯიშის ხეები, ხოლო მცენარეებით დაფარული და სილისგან შემდგარი მიწის ვიწრო ზოლი მას ოკეანისაგან გამოყოფს. 1950 წელს მეცნიერები ცდილობდნენ დაედგინათ, თუ რატომ არის ტბა ვარდისფერი. მათი ვარაუდით, ამის მიზეზი წყალმცენარეები იყვნენ. მაგ. წითელი წყალმცენარე Dunaliella salina, რომელიც წითელი ფერის საღებავს გამოყოფს, რაც წყლის ვარდისფერი შეფერილობის მიზეზია. მაგრამ გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ტბაში არანაირი წყალმცენარე არ არის. დღევანდლამდე დაუდგენელია ტბის ფერის მიზეზი.
    აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტბა არის სენეგალშიც. ქვეყნის დედაქალაქ დაკარიდან 30 კმ-ის დაშორებით მდებარეობს ტბა რეტბა, რომლის წყალიც ვარდისფერია, თუმცა მისი ფერი მასშივე არსებული მიკროორგანიზმების არსებობით აიხსნება. ისინი ფოტოსინთეზის დროს ვარდისფერ პიგმენტს გამოიმუშავებენ.
    ალჟირში, ქალაქ სიდი-ბელ-აბესის მახლობლად მდებარე ტბა მელნითაა სავსე. ტბაში მელნის არსებობა შემდეგი ფაქტორით აიხსნება: მასში ორი მდინარე ჩაედინება. ერთის წყალი რკინითაა გაჯერებული, მეორის კი ტორფიან ჭაობში გაედინება და შესაბამისად სხვადასხვა სახის ორგანულ ნაერთებს შეიცავს. სწორედ ამ ორი მდინარის შეერთებით ტბაში წარმოიქმნება მელანი. მასში არ ბინადრობენ ცოცხალი არსებები. მისი წყალი მხოლოდ წერილების დასაწერად თუ გამოდგება.
    უკრაინის ქალაქ სვალიავას მახლობდად, ზ.დ.-დან 700 მ. სიმაღლეზე მდებარეობს ტბა სინიაკი. ტბის სახელი მის წყალში გახსნილ გოგირდის ნაერთებს უკავშირდება და ტბის წყალიც ამიტომაა ინტენსიური ცისფერი ფერის. ასეთი ტბები მრავლადაა საქართველოში, მათ შორის კი განსაკუთრებით გამოირჩევა ცისფერი და რიწის ტბები (აფხაზეთი).
    ინდონეზიის არქიპელაგის კუნძულ იავაზე და იაპონიის კუნძულზე გვხვდება თეთრი ფერის, მაგრამ ”მდუღარე”ტბები. ასევე ინდონეზიის კუნძულ ფლორესზე შეგიძლიათ ნახოთ უნიკალური მოვლენა. კელიმუტოს (Kelimutu) ვულკანის წვერზე ერთდროულად სამი სხვადასხვა ფერის ტბა მდებარეობს. ერთში წყალი მოთეთრო-მოცისფროა, მეორეში – მკვეთრი წითელი, ხოლო მესამეში – ლაჟვარდოვანი ლურჯი. ეს იმიტომ, რომ ტბები წარმოქმნილია სხვადასხვა ვულკანების კრატერებში, რომლებიც მდიდარია სხვადასხვა მინერალებით. სწორედ ეს მინერალები აფერადებენ ტბების წყალს. თეთრი და ცისფერი ტბების წყალში სხვადასხვა კონცენტრაციითაა გახსინილი მარილები და გოგორდის დიდი რაოდენობა, ამიტომაც წყალი მუდმივად ბუყბუყებს. ტბების თავზე ორთქლია. წითელ ტბაში კი პირიქით – ყველაფერი მშვიდადაა. მისი ფერის მიზეზი კი დიდი რაოდენობით რკინის შემცველობაშია.
    ბარენცის ზღვაში, კუნძულ კილდინზე ბუნების ჰიდროლოგიური ძეგლი, უნიკალური ტბა “სამარე” (Моги́льное) მდებარეობს. ტბა ხუთ ”სართულადაა~ დაყოფილი და მტკნარი და მარილიანი წყლის ფენები ერთმანეთს ენაცვლება. უშუალოდ ფსკერთან, რომელიც ლამითაა დაფარული, წყლის გოგირდწყალბადით გაჯერებული ფენა მდებარეობს. ის მოკლებულია სიცოცხლეს. მეორე ”სართულზე” ბაქტერიები ბინადრობენ, რომლებიც ინტენსიურად შთანთქავენ გოგირდწყალბადს. მესამე ”სართული” თევზებით, ზღვის ზღარბებითა და ზღვის ვარსკვლავებითაა დასახლებული; მეოთხე ”სართული” კი თითქმის დაუსახლებელია, რადგან ამ ფენაში ცხოველთა ნორმალური არსებობისათვის არასაკმარისი მარილიანობაა. მეხუთე ”სართული” მტკნარ და გამჭირვალე წყალს უკავია და მტკნარი წყლის ბინადართა ნამდვილ სამეფოს წარმოადგენს.
    მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მარილის ტბა სამხრეთ ამერიაკაში პოტოსისა და ორუროს დეპარტამენტებში, ანდების დაბოლოებაზე, ზღვის დონიდან 3,656 მეტრზე მდებარეობს. მისი ფართობი 10,582 კმ²-ია. ტბის შიდა ნაწილი დაფარულია საკვები მარილის 2-8 მ სისქის ფენით. წვიმების სეზონზე ეს მლაშობი წყლის თხელი ფენით იფარება, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ ”სარკედ” გარდაიქმნება. ტბა ასევე მდიდარია ლითიუმით. სწორედ აქ მდებარეობს მსოფლიო ლითიუმის მარაგის 50-70%. ტბაზე ბინადრობს ვარდისფერი ფლამინგოების რამდენიმე სახეობა. იდეალური სიბრტყისა და მინიმალური დახრილობის, სუფთა და გამჭვირვალე ჰაერის გამო, ეს რეგიონი იდეალურია დედამიწის თანამგზავრული დაკვირვებისათვის.

  • ტბა ტანგანიკა

    ტბა ტანგანიკა

    დედამიწის ყველაზე გრძელი ტბა ტანგანიკა აფრიკის კონტინენტზე, ტექტონიკურ ქვაბულში ზღვის დონიდან 773 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ტბის მაქსიმალური სიღრმე — 1470 მ-ია და ამ მაჩვენებლით ბაიკალის შემდეგ მეორეა მსოფლიოში.

    ტბას ერთვის მდინარეები მალაგარასი და რუზიზი, ხოლო ბაიკალის მსგავსად, ტანგანიკაც მხოლოდ ერთ მდინარეს უდებს სათავეს. განსხვავება შეინიშნება ამ ტბების ტემპერატურულ რეჟიმში. თუ ბაიკალი ზამთრის პერიოდში 5 თვით იყინება და მისი წყალი +12 გრადუსზე მეტად არ თბება, ტანგანიკაში წყალის ტემპერატურა +23 გრადუსზე დაბლა არ ჩამოდის. მყარი ტემპერატურული სტრატიფიკაციის გამო სიცოცხისათვის ვარგისია მხოლოდ წყლის ზედა, 100-200 მ სისქის ფენა. ტბის ფაუნის, დაახლოებით, 75% ენდემურია. ტბაში ბინადრობს ბეჰემოთი, ნიანგი, ბევრია წყლის ფრინველი.

    ტბის ნაპირები უმთავრესად სწორხაზოვანია, ადგილ-ადგილ მაღალი და ციცაბო. აუზის ფართობი — 224 ათასი კმ² ია. ტბის ნაპირებზე განლაგებულია ნავსადგურებია კიგომა (ტანზანია), ბუჟუმბურა (ბურუნდი), კალიმა (ზაირი).

    ტბა ტანგანიკა 1858 წელს ინგლისელმა მოგზაურებმა რ. ბერტონმა და ჯონ სპიკმა აღმოაჩინეს.

  • ყველაზე გრძელი ტბა

    ყველაზე გრძელი ტბა

    მტკნარწყლიან ტბებს შორის ყველაზე გრძელია ტანგანიკა. იგი აღმოსავლეთ აფრიკაში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ტანზანიის, ზამბიისა და ბურუნდის ტერიტორიებზე მდებარეობს. ტბა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 670 კმ-ზეა გადაჭიმული. ტანგანიკა თავისი სიღრმით, 1435 მ, მხოლოდ ბაიკალის ტბას ჩამორჩება და მასავით ტექტონიკური წარმოშობისაა. რუკაზე ტბები კონფიგურაციითა და ზომებით, როგორც ტყუპი ძმები ისე გვანან ერთმანეთს.

  • ყველაზე ღრმა ტბა

    ყველაზე ღრმა ტბა

    ჩვენი პლანეტის ყველაზე ღრმა ტბაა ბაიკალი. მისი სიღრმე 1629 მ-ია და ზღვის დონიდან 455,5 მ სიმაღლეზე მდებარეობს. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტექტონიკური წარმოშობის ტბა აღმოსავლეთ ციმბირში, ირკუტსკის ოლქისა და ბურიატეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.

    მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბა, მტკნარი წყლის უდიდესი რეზერვუარია. ადგილობრივები, და საერთოდ, რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ბაიკალს „ზღვას“ უწოდებს. 1996 წელს ბაიკალის ტბა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, როგორც ფლორისა და ფაუნის უნიკალური ადგილი, რაც პირველ რიგში ადგილობრივი ენდემიზმითაა გამოხატული.

  • ყველაზე დიდი ტბები ფართობით

    ყველაზე დიდი ტბები ფართობით

    დედამიწის ტბებს შორის ფართობით ყველაზე დიდია კასპიის ზღვა-ტბა. მისი ფართობია 368 ათასი კვ. კმ-ია. ჩვენი პლანეტის მტკნარწყლიან ტბებს შორის კი ყველაზე დიდი ზემო ტბაა (ჩრდილოეთ ამერიკაში). მისი ფართობი 82.4 ათასი კვ. კმ-ია.

    ყველაზე დიდი მიწისქვეშა ტბა ნამიბიაში (აფრიკა) მდებარეობს. ეს კარსტული წარმოშობის ტბაა, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებლების ენაზე მეტად ორიგინალური სახელი აქვს – “დრაჰენ ხაუქლოკი”, რაც “დრაკონის ნესტოებს” (Dragon’s Breath Cave) ნიშნავს. იგი 59 მ სირღმეზე მდებარეობს და მისი ფართობი 19 000 კვ.მ-ია. ტბის არაბუნებრივად გამჭვირვალე წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

  • სეკეს დისკი

    სეკეს დისკი

    საუკუნეზე მეტია, რაც ზღვის ან ტბის წყლის გამჭვირვალობას სეკის დისკის საშუალებით ადგენენ. ეს ხელსაწყო იტალიელმა ასტრონომმა ანჟელო სეკიმ გამოიგონა. მისი საშუალებით, პაპის ფლოტის კაპიტანმა ჩიალდიმ, პირველად 1865 წელს, განსაზღვრა წყლის გამჭვირვალობა.

    20-40 სმ-ის დიამეტრის თეთრი ფერის დისკი წყალში იძირება, რის მიხედვითაც საზღვრავენ რა სიღრმემდე რჩება იგი ხილული.