ყველაზე სწრაფი დინება – ნაკვატო რაპიდსი წყნარ ოკეანეში, კანადის პროვინციის, ბრიტანული კოლუმბიის ნაპირებთან გადის. მისი სიჩქარეა 29,6 კმ/სთ-ია.
-

ყველაზე სწრაფი დინება
-

ყველაზე დიდი ოკეანური დინება
ჩვენს პლანეტაზე ყველაზე დიდი ოკეანური დინება ანტარქტიკული, ანუ დასავლეთ ქარების დინებაა, რომელიც გარს უვლის ანტარქტიკას. მისი სიგრძე 30 ათასი კმ-ია, სიგანე – 1000 კმ, ხოლო სიღრმე 2-კმ-დან 4,5 კმ-მდე იცვლება. დინების სიჩქარე ზემო დინებაში 3,5 კმ/სთ-ის ტოლია.
ყოველ წამს ანტარქტიკულ დინებას 240 მლნ. კუბ. კმ-ზე მეტი წყალი გადააქვს. ეს დინება ციკლონების, ანტიციკლონებისა და ატმოსფერული ნალექების წარმოქმნის მნიშვნელოვანი წყაროა. იგი უდიდეს როლს ასრულებს ამინდის ჩამოყალიბების პროცესში, როგორც სამხრეთ ნახევარსფეროში, ისე მთელ დედამიწაზე.
-

გოლფსტრიმის დინება
ჯერ კიდევ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ყველაზე დიდ ოკეანურ დინებად გოლფსტრიმის დინება ითვლებოდა. მას თავის “გაგრძელება” ჩრდილო-ატლანტიკურ დინებასთან ერთად, თბილი სუბეკვატორული წყლები ჩრდილოეთ ევროპის ნაპირებთან და კოლის ნახევარკუნძულთანაც კი მოაქვს. ამიტომაც ამ დინებამ “ევროპის ღუმელის” სახელწოდება მიიღო. სწორედ გოლფსტრიმის დინების წყალობით არის ევროპის სანაპირო შედარებით უფრო თბილი, ვიდრე ამავე განედებზე მდებარე ჩრდილოეთ ამერიკის სანაპირო, სადაც ეს დინება სანაპიროდან საკმაოდ დაშორებულია.
გოლფსტრიმის დინება მაქსიმალურ სიგანეს – 640 კმ-ს კუნძულ ნიუფაუნდლენდთან აღწევს. მისი საშუალო სიღრმე 320 მ-ია. დედამიწის ყველა მდინარეს 22-ჯერ უფრო ნაკლები წყალი ჩააქვს მსოფლიო ოკეანეში, ვიდრე ერთ გოლფსტრიმს.
და მაინც, გოლფსტრიმს “ჩემპიონის ტიტული” ჩამოერთვა. რუს მეცნიერთა გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ჩვენს პლანეტაზე ყველაზე დიდი ოკეანური დინება ანტარქტიკული, ანუ დასავლეთ ქარების დინებაა, რომელიც გარს უვლის ანტარქტიკას.
-

ყველაზე დიდი მიქცევა-მოქცევის ტალღები
ყველაზე დიდი მიქცევა-მოქცევის ტალღები ფანდის ყურეში (ჩრდილოეთი ამერიკის აღმოსავლეთ სანაპირო, კანადა) იცის. იგი 18 მეტრს ანუ დაახლოებით ექვსსართულიანი სახლის სიმაღლეს აღწევს. დღე-ღამეში ორჯერ ამ ტალღებს მოაქვთ და ისევ უკან მიაქვთ დაახლოებით 100 მლრდ. ტონა მასის წყალი. 1983 წელს, ამ ყურეში მიქცევა-მოქცევის ელექტროსადგური ააშენეს. ამ ტალღებს “ოკეანის სუნთქვასაც” უწოდებენ და მართლაც, ზუსტი საათის მექანიზმის მსგავსად, ისინი დღე-ღამეში ორჯერ ხან ხმელეთს აწყდებიან, ხანაც უკან ბრუნდებიან. მიქცევა-მოქცევის ტალღების წარმოშობის მიზეზი მზისა და მთვარის მიზიდულობის ძალაა.
-

ყველაზე ღრმა ადგილი დედამიწაზე
დედამიწაზე ყველაზე ღრმა ადგილია მარიანის ღრმული წყნარ ოკეანეში – 11034 მ. იგი 1500 კმ სიგრძის წყალქვეშა ხეობას წარმოადგენს.
1960 წელს მარიანის ღრმულში ბატისკაფ “ტრიესტით“, შვეიცარიელი მეცნიერის ჟ.პიკარის ხელმძღვანელობით ჩავიდნენ. ექსპედიციამ დაადგინა, რომ ღრმულში წყლის ტემპერატურა მინუს 3 გრადუსია.
-

ყველაზე მაღალი ტალღა
ყველაზე მაღალი ტალღებიც წყნარ ოკეანეში წარმოიქმნება. 1972 წლის გაზაფხულზე, შტორმისას წყნარ ოკენეში 34 მ-ზე მეტი სიმაღლის ტალღები დაფიქსირდა, რომელთა გავრცელების სიჩქარე 138 კმ/სთ-ს აღწევდა.
რაც შეეხება მიწისძვრების შედეგად წარმოქმნილ ტალღებს – ცუნამებს, მათი სიმაღლე კიდევ უფრო მეტია. ისტორიულად ყველაზე მაღალ ცუნამად ითვლებოდა ტალღა, რომელიც 1771 წლის 24 აპრილს მიწისძვრის შემდეგ იაპონიის კუნძულ ისიგაკთან (რიუკიუს არქიპელაგი) წარმოიქმნა. ტალღის სიმაღლე 90 მ-ს აღწევდა, ხოლო სიჩქარე 700 კმ/სთ იყო. თანამედროვე პირობებში რეკორდული სიმაღლის ტალღას კი „ლიტუია“ ჰქვია. 543 მ სიმაღლის ტალღა 1958 წელს ალასკაზე ლიტუიას ყურეს 160 კმ/სთ სიჩქარით დაატყდა თავს.
2013 წლის თებერვალში მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ ღია ოკეანეში ტალღის სიმაღლის ახალი რეკორდი დააფიქსირა: ჩრდილოეთ ატლანტიკის ცივ წყლებში, ისლანდიასა და დიდ ბრიტანეთს შორის ავტომატურმა სადგურმა 19 მ სიმაღლის ტალღა დააფიქსირა. ტაღლა გინესების რეკორდების წიგნშია შეიტანეს.
-

აბსოლუტური სიმაღლე
დედამიწის ზედაპირის რომელიმე წერტილის სიმაღლე, რომელიც აითვლება ოკეანის ან მასთან შეერთებული ზღვის ძირითადი დონებრივი ზედაპირიდან შვეული ხაზის მიმართულებით; რუკაზე გამოისახება ჰორიზონტალებით ან ცალკეული წერტილებით.
საბჭოთა კავშირის დროს აბსოლუტურ სიმაღლეებს აითვლიდნენ კრონშტადტის სასიმაღლო ლარტყის — ფუტშტოკის ნულიდან. საქართველოსა და ამიერკავკასიაში აბსოლუტურ სიმაღლეებს აითვლიდნენ შავი ზღვის დონიდან (ფოთის ფუტშტოკის ნული).
-

აბორიგენი
აბორიგენი – რომელიმე ტერიტორიის, ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობა, რომელიც განიცდის შევიწროებას და ძირითადად ცხოვრობს რეზერვაციებში.
-

აბლაცია
აბლაცია – მყინვარის ან თოვლის საფარის მასის შემცირება დნობის, აორთქლებისა და მექანიკური გადაადგილების შედეგად.
-

აბიოტური ფაქტორები
არაცოცხალი გარემოს ფაქტორები (მოცემული ადგილის ჰავა – რელიეფი, წყალი, ნიადაგის მინერალური შედგენილობა და სხვ.), რაც აუცილებელია ცოცხალი ორგანიზმების არსებობისა და განვითარებისთვის.
აბიოტური ფაქტორებს მიეკუთვნება:
კლიმატური (ატმოსფერული): ტემპერატურა, ნალექების რაოდენობა, ტენიანობა, მზის გამოსხივება, აირის შემადგენლობა, გამჭირვალობა, ქარი, ატმოსფერული წნევა;
წყლის გარემოს ფაქტორები: სიმკვირივე და სიბლანტე, გამჭირვალობა, დინება, ტემპერატურა, მინერალური ნივთიერებების შემცველობა, ორგანული ნივთიერებების რაოდენობა, მჟავიანობა, აირისებრი შემადგენლობა.
ედაფური (ნიადაგური): მექანიკური სტრუქტურა, მინერალური შემადგენლობა, ორგანული შემადგენლობა, მჟავიანობა, ტენიანობა, აირის შემადგენლობა, ტემპერატურა.
ტოპოგრაფიული (რელიეფური): სიმაღლე ზღვის დონიდან, ფერდობის ქსპოზიცია და დახრილობა, სიმაღლეთა ცვლილება.
ასევე ცეცხლი.
