გეოგრაფია ყველგან და ყოველთვის

ყვითელი ზღვა

ყვითელი ზღვა წყნარი ოკეანის აუზს მიეკუთვნება და ნახევრად შიდა ზღვაა. ის აზიის აღმოსავლეთ სანაპიროზე, კორეის ნახევარკუნძულის დასავლეთით მდებარეობს. ყვითელი ზღვა სამი ქვეყნის ტერიტორიას – ჩრდილოეთ კორეას, სამხრეთ კორეასა და ჩინეთს ესაზღვრება. ყვითელ ზღვას სახელი წყლის ფერის გამო ეწოდა, რაც ზღვაში ჩამდინარე მდინარე ხუანხეს“ იგივე “ყვითელი მდინარის” დამსახურებაა. ამ მდინარეს ზღვაში დიდი რაოდენობით ოქროსფერი ქვიშა ჩააქვს, რაც ზღვის წყალს ყვითელ ფერს სძენს.

ყვითელი ზღვის ფართობი 41 6 000 კვ. კმ-ია. ზღვის წყლის მარილიანობა 24-36 პრომილეს შორის მერყეობს. ყვითელი ზღვა არ არის ღრმა ზღვა. მისი მაქსიმალური სიღრმე 152 მეტრს აღწევს, თუმცა გამოირჩევა დიდი და სწრაფი ტალღებით, აგრეთვე დიდი მიმოქცევით. ზოგჯერ ტალღების მიმოქცევის სისწრაფე 20 კმ/საათს აღემატება. სწორედ მისი სიღრმე და მიმოქცევის მახასიათებლები ხდის ზღვას მნიშვნელოვანს თევზების გამრავლების თვალსაზრისით.

ზღვის ყურეებიდან გამოირჩევა ბოხაის, ლიაოდუნის და დასავლეთ კოერის ყურეები. ზღვაში ხუანხეს გარდა ასევე ჩაედინება მდინარეები – ხაიხე, ლიაოხე და იალუცზიანი (ამნოკანი).

ზღვა მდიდარია ბიოლოგიური რესურსებით და თევზჭერის უმნიშვნელოვანესი ცენტრია. ამასთანავე, ყვითელი ზღვა ცნობილია სხვადასხვა სახის გადამფრენი ფრინველების სიმრავლითა და მრავალფეროვნებით.