• უცნაური საზღვრები სახელმწიფოებს შორის

    უცნაური საზღვრები სახელმწიფოებს შორის

    სახელმწიფო საზღვარი წარმოსახვითი თუ ბუნებაში არსებული ხაზებია, რომლებიც სახელმწიფოს ტერიტორიას შემოსაზღვრავენ. სახელმწიფოთა შორის საზღვრების დადგენა, როგორც წესი, მოსაზღვრე ქვეყნებს შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ხდება. დელიმიტაცია საზღვრის დადგენის პროცესია, როდესაც საერთაშორისო ხელშეკრულებაში დაწვრილებით აღიწერება, თუ სად გადის სასაზღვრო ზოლი და ამ აღწერის შესაბამისად კეთდება აღნიშვნა რუკაზე, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. დემარკაცია კი სახელმწიფო საზღვრის ხაზის დადგენაა ადგილზე სპეციალური სასაზღვრო ნიშნების საშუალებით.

    სახმელეთო საზღვრები არსებობს ფიზიკურგეოგრაფიული, ანთროპოგეოგრაფიული, გეომეტრიული და კომპლექსური. ფიზიკურგეოგრაფიული საზღვრები ტერიტორიის გამოკვეთილ ფიზიკურ ნიშნებს მიჰყვება, მაგ: მდინარეს, ქედს, ტბის ნაპირს და ა.შ. ანთროპოგეოგრაფიული საზღვრები ადამიანის ხელით შექმნილ ნიშნებს მისდევს. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, ხიდი, რკინიგზა, რაიმე შენობა და სხვ. გეომეტრიული საზღვრები გეოგრაფიულ გრძედს ან განედს მიუყვება, როგორც მაგ; ეგვიპტის დასავლეთი და სამხრეთი საზღვრები. კომპლექსური საზღვრები კი ზემოთ აღნიშნულის ნებისმიერ კომბინაციას წარმოადგენს.
    რაოდენ კარგადაც არ უნდა იყოს დელიმიტირებული, დემარკირებული და დაცული საზღვარი, არ არსებობს სრული გარანტია, რომ არ წარმოიშობა სახელმწიფოთაშორისი დავა საზღვრების გამო. გამოყოფენ ოთხი ტიპის სასაზღვრო დავას: პოზიციური, ტერიტორიული, ფუნქციური და საზღვარგადაღმა რესურსული დავა.
    განვიხილოთ რამდენიმე საინტერესო და საკმაოდ უცნაური საზღვარი, რომლებიც სახელმწიფოებს შორის გადის.
    საზღვარი ნიდერლანდსა და ბელგიას შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, უცნაური და, ამავე დროს, პოპულარული საზღვარია ტურისტებს შორის. პატარა დასახლება ბარლეში მდებარეობს კაფე, რომელშიც ამ ორ სახელმწიფოს შორის გადის, და შესაბამისად, კაფეს სტუმრების ნახევარი ბელგიაში იმყოფება, ხოლო მეორე ნახევარი – ნიდერლანდში.

    დედამიწის ყველაზე მაღალი მწვერვალი ევერესტი, ამავე დროს, ყველზე მაღალი ბუნებრივი საზღვარია მსოფლიოში. სწორედ ამ მთაზე და მის მწვერვალზე გადის სახელმწიფო საზღვარი ჩინეთსა და ნეპალს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ამ საზღვარს არც თუ ისე კარგად იცავენ, აქ საზღვრის დარღვევა მეტად იშვიათად ხდება – ძალიან გამბედავი უნდა იყო, რომ ამ მწვერვალზე ახვიდე, მით უმეტეს, რომ ბევრ პროფესიონალ ალპინისტსაც კი უჭირს მისი დაპყრობა.
    ქალაქი დერბი (Derby Line) სწორედ ამ ორ ქვეყანას შორის მდებარეობს. სახელმწიფო საზღვარი დაუნდობლად გადის და კვეთს საცხოვრებელ სახლებს, კაფეებს, ბარებს, საოპერო თეატრს და ბიბლიოთეკას. მაგ: ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში შესასვლელი კანადის მხარესაა, ხოლო საზღვარგარეთული ლიტერატურის განყოფილება აშშ-ს ტერიტორიაზე. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ეს საზღვრი ძალიან დაცულია და თუ კარის მეზობელთან მარილის ან შაქრის სათხოვნელად გინდათ მისვლა ვიზის გაფორმება მოგიწევთ.
    ესპანეთში მდებარეობს ქალაქი სეუტა, რომლის ფართობის სულ რაღაც 18.5 კვ.კმ-ია. იგი პირდაპირ ხმელთაშუა ზღვისა და ატლანტის ოკეანის საზღვართანაა და ხმელეთით მაროკოს ესაზღვრება. ამ უკანასკნელს კი არა ერთხელ ჰქონდა მისი დაპყრობის მცდელობა. ამიტომაც სეუტა 3 მეტრიანი კედლითა და ეკლიანი მავთულითაა შემოღობილი.
    ბირ-ტავილი ხაზი კი არა, არამედ 2060 კვ.კმ-ის ფართობის გარკვეული ტერიტორიაა ეგვიპტესა და სუდანს შორის. ეს ორი ქვეყანა კი უკვე საუკუნეზე მეტია იმის შესახებ დავობს, ვის ეკუთვნის ბუნებრივი რესურსებით საკმაოდ მდიდარი ხმელეთის ეს ნაწილი. 1902 წლამდე ბირ-ტავილი ეგვიპტის ტერიტორიაზე იყო, მაგრამ შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა საზღვარი შეცვალა და ეს ტერიტორია ნომინალურად სუდანს მიეკუთვნა. საბოლოოდ, ომის თავიდან ასაცილებლად ორივე ქვეყანამ უარი განაცხადა მასზე, მაგრამ მხოლოდ ოფიციალურად. ამჟამად, დედამიწის ზედაპირის 2060 კვ.კმ-ის ფართობის მქონე ტერიტორია არავის არ ეკუთვნის.

    კორეის დემილიტარიზებული ზონა – ასე უწოდებენ საზღვარს ამ ორ საკმაოდ განსხვავებულ ქვეყანას შორის. მას ორივე მხრიდან ძალიან ბევრი მესაზღვრე იცავს. ამიტომაც ამ საზღვრის გადამკვეთების მსურველიც პრაქტიკულად არ არსებობს. შედეგად, ეს ნეიტრალური ზოლი მცენარეებმა და ცხოველებმა დაიკავეს და, შეიძლება ითქვას, აქ ”თვითშექმნილი” უნიკალური ნაკრძალი გაჩნდა.

    ბერინგის სრუტეში, ჩუკოტკასა და ალასკის შორის ორი კუნძულია, რომელთაც დიომედის კუნძულებს უწოდებენ. პატარა დიომედეზე მდებარებს ამერიკული ქალაქი 146 მცხოვრებით, ხოლო დიდი დიომედე უკაცრიელია და რუსეთს ეკუთვნის. საზღვარი რუსეთსა და აშშ-ს შორის ზღვაში, სწორედ ამ კუნძულებს შორის გადის. და კიდევ ერთი საინტერესო მომენტიც: როცა თქვენ დიდ დიომედეს კუნძულზე დგახართ და პატარა დიომედეს უყურებთ, შეიძლება ითქვას, რომ მომავალში იყურებით, რადგან იქ 3 საათით წინ არიან. როცა დიდ კუნძულზე დილის 9 საათია, პატარაზე კი საათის ისრები უკვე 12-ს აჩვენებს, ანუ დროში განსხვავება 21 საათია. სხვათა შორის, ამერიკულ კუნძულზე ვებკამერებია დაყენებული, რომელთა საშუალებით თქვენ წარსულში ”დაბრუნება” შეგიძლიათ. ასე რომ, თქვენი გადასაწყვატია – სად გინდათ ყოფნა – წარსულსა თუ მომავალში?

  • იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების გეოგრაფია

    იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების გეოგრაფია

    მემკვიდრეობა არის ბუნებრივი და ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტები, რომელთა შენახვა და პოპულარიზაცია მეტად მნიშვნელოვანია მათი განსაკუთრებული ისტორიული ან ეკოლოგიური ფასეულობის გამო. იუნესკოს მსოფლიო მემეკვიდრეობის ობიექტების სია 1972 წელს შეადგინეს, როცა მიიღეს კონვენცია გამორჩეული, განსაკუთრებული და უნიკალური კულტურული და ბუნებრივი ობიექტების დაცვის შესახებ.

    არსებობს კულტურული მემკვიდრეობის ორი სახეობა: მატერიალური და არამატერიალური. პირველი გულისხმობს ფიზიკურად აღქმად, ხელშესახებ მემკვიდრეობას, როგორიცაა, მაგალითად, ნაგებობა, ქანდაკება, მხატვრობის ნიმუში, ხელნაწერი წიგნი და სხვა, ხოლო მეორეს მიეკუთვნება, მაგალითად, მუსიკა, ცეკვა, ლიტერატურა, თეატრი, ენები, ცოდნა, რელიგიური ცერემონიები, ტრადიციული წარმოდგენები. მატერიალური მემკვიდრეობა, თავის მხრივ, მოძრავი და უძრავი ობიექტებისგან შედგება. მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობა ერთი მთლიანი კულტურული ფენომენია. კულტურული მემკვიდრეობა თავისი მატერიალური თუ არამატერიალური კომპონენტებით უნდა დაუკავშირდეს იმ საზოგადოების კულტურულ ღირებულებებს, რომელმაც შექმნა ის.

    კულტურული მემკვიდრეობის ცნებამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ცვლილებები განიცადა: თავდაპირველად თუ მხოლოდ ისტორიული და მხატვრული ღირებულების მქონე შედევრებს აღნიშნავდა, ახლა უფრო ფართო გაგებით გამოიყენება და მოიცავს ყველაფერს, რასაც ხალხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ამჟამად მემკვიდრეობის ძეგლები იყოფა კულტურულ, ბუნებრივ და შერეულ მეკვიდრეობად.

    2021 წლის მონაცემებით, მსოფლიო მეკვიდრეობის სიაშია 1153 ობიექტი 167 ქვეყნიდან. მათ შორის 897 კულტურულია, 218 – ბუნებრივი და 39 – შერეული. რეალურად მათი რაოდენობა გაცილებით მეტია, რადგან ზოგიერთი მათგანი მთელ კომპლექსებს და არქიტექტურულ ანსამბლებს მოიცავს. ასეთია, მაგალითად, საფრანგეთში, მდინარე ლუარას ხეობის გასწვრივ გადაჭიმული ციხესიმაგრეები, სანკტ-პეტერბურგის ისტორიულ ცენტრში მდებარე სასახლეები და ეკლესია-მონასტრები.

    გეოგრაფიული ნიშნის მიხედვით მსოფლიო მემკვიდრეობა ხუთ გეოგრაფიულ ზონად იყოფა. რუსეთი და კავკასია, მაგალითად, ევროპას მიეკუთვნება, ხოლო მექსიკა ლათინური ამერიკისა და კარიბის ზონაში შედის.

    მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობოს ობიექტების გეოგრაფიული ზონების მიხედვით განაწილებაში ერთგვარი დისპროპორცია შეინიშნება: ობიექტების დიდი ნაწილი (47,23%) ევროპაზე მოდის, ხოლო 23,93% – აზიაზე. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კონტრასტი შეინიშნება კულტურული ობიექტების განაწილებაში: ევროპასა და აზიაში მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სამი მეოთხედია თავმოყრილი. ეს შეიძლება აიხსნას, ერთი მხრივ, თანამედროვე მსოფლიოს კულტურის ევროცენტრულობით და აღმოსავლეთის ქვეყნების უძველესი ცივილიზაციების მემკვიდრეობის შენარჩუნებით, მეორე მხრივ კი ამერიკისა და ავსტრალიის შედარებითი „ახალგაზრდობით“ და იმით, რომ ძველი აფრიკული ცივილიზაციები თითქმის განადგურებულია.

    აღსანიშნავია ისიც, რომ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტები თითქმის თანაბარი პროპორციულობითაა განაწილებული მსოფლიოს ეკონომიკის სამ სტრუქტურულ ელემენტს – პოსტინდუსტრიულბირთვს,ინდუსტრიულნახევრადპერიფერიასადა აგრარულპერიფერიასშორის. თუმცა ფართობის ერთეულზე ობიექტების რაოდენობი მიხედვით პოსტინდუსტრიული ბირთვი თითქმის ორჯერ აჭარბებს მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს, ხოლო ბუნებრივი და კულტურული ძეგლების რაოდენობის მოსახლეობის რიცხოვნებასთან შეფარდებით – ლამის სამჯერ.

    მსოფლიოს ქვეყნები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების რაოდენობის მიხედვით

    იუნესკოს სიაში შესული ობიექტების სიხშირის (ანუ ფართობის ერთეულზე ობიექტების რიცხვის) მიხედვით წამყვანი პოზიციები ფართობით არცთუ დიდ, მაგრამ მჭიდროდ დასახლებეულ ევროპის სახელმწიფოებს უკავია: ბელგიას, შვეიცარიას, ნიდერლანდის სამეფოს, ჩეხეთს, სლოვაკეთს, იტალიას, პორტუგალიას, საბერძნეთს და სხვ. უმეტესად სწორედ ეს ქვეყნები წარმოადგენს ტურისტების მიზიდულობის ცენტრებს. ბუნებრივია, რომ დიდი ფართობის მქონე ქვეყნები, მაგალითად, რუსეთი, კანადა, აშშ, ავსტრალია, იუნესკოს სიაში შესული ობიექტების სიხშირის მიხედვით საკმაოდ დაბალ პოზიციებს იკავებს.

    თუ ფარდობით მაჩვენებლად ავიღებთ იუნესკოს ობიექტების რიცხოვნობას მოსახლეობასთან შედარებით, მაშინ ჩრდილოეთი ევროპისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის მცირერიცხოვანი ქვეყნები გახდებიან ლიდერები. ამ რეგიონებში რამდენიმე მიკროსახელმწიფოსთან ერთად შედიან ისლანდია, ხორვატია, საბერძნეთი, სკანდინავიის ქვეყნები, კვიპროსი… შესამჩნევად აუმჯობესებენ თავიანთ პოზიციებს დიდი ფართობის მქონე სახელმწიფოებიც – ავსტრალია და რუსეთი, რომლებიც ამ მაჩვენებლით აშშ-ს, ბრაზილიას, აზიისა და აფრიკის არაერთ ქვეყანას სჯობნიან.

    ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახლო მომავალში მსოფლიო ეკონომიკის ტურისტულ სექტორში გაიზრდება ნახევრად პერიფერიის როლი, ხოლო ოდნავ უფრო შორეულ პერსპექტივაში – პერიფერიისაც.

    ნახევრად პერიფერიისა და პერიფერიის ქვეყნებში ტურიზმმა შესაძლოა ლოკომოტივის როლიც კი შეასრულოს.

    UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში დღეისთვის შედის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის 4 ძეგლი: მცხეთის ისტორიული ძეგლები (1994 წ.), გელათის სამონასტრო კომპლექსი (1994 წ.), ზემო სვანეთი (1996 წ.) და კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები (2021 წ.).

    კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები, რომლებიც საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას – კოლხეთისა და მტირალას ეროვნულ პარკებს, კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს აერთიანებს, პირველი ქართული ბუნებრივი ძეგლია, რომელიც UNESCO-ს წარედგინა. ნომინაცია „კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით მოამზადა და ისინი, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2021 წელს შევიდა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

    შავი ზღვის სანაპიროზე, პალიასტომის ტბის მიდამოებში მდებარე ნაკრძალის ტერიტორიაზე, შემონახულია კოლხეთისთვის დამახასიათებელი ჭაობისა და დაბლობის ტყეების ლანდშაფტი. მხოლოდ აქ არის გავრცელებული ისეთი იშვიათი სახეობები, როგორებიცაა მურყანი, წიფელი, რცხილა, კოლხური სურო, წყავი, შქერი და რელიქტური ბალახოვანი მცენარეები. მსოფლიო მასშტაბით ეს სტატუსი მხოლოდ 213 ტერიტორიას აქვს მინიჭებული, მათ შორის – ამაზონის ტყეს, გრანდ კანიონის ეროვნულ პარკს, იელოუსტოუნის ეროვნულ პარკს, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპებს.

    ბუნების უნიკალური და კულტურული ლანდაფტები, ისტორიული და კულტურული ძეგლები, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული, მნიშვნელოვან ტურისტულ-რეკრეაციულ რესურსებს წარმოადგენს.

  • მსოფლიოს ქვეყნები ეკოლოგიური ეფექტურობის ინდექსის მიხედვით

    მსოფლიოს ქვეყნები ეკოლოგიური ეფექტურობის ინდექსის მიხედვით

    ეკოლოგიური ეფექტურობის ინდექსის, (EPI – Environmental Performance Index) სახელმწიფოთა ეკოლოგიური ანუ „მწვანე“ პოლიტიკის მაჩვნებელების შედარებითი ანალიზის რაოდენობრივი შეფასების მეთოდია. EPI ქვეყნების ეკოლოგიური მაჩვენებლების ჩამონათვალისა და სტატისტიკური ინიციალიზაციის მეთოდიკაა მათი „მწვანე“ პოლიტიკის გათვალისწინებინოთ. EPI –ის მიხედვით ხდება ქვეყნების რანჟირება რამდენიმე კატეგორიის მიხედვით, რომლებიც ძირითადად ორ ჯგუფში ერთიანდებიან: ეკოსისტემის სიცოცხლის ხანგრძილოვობა (Ecosystem Vitality) და ეკოლოგიური ჯანმრთელობა (იგივე ეკოლოგიური რაციონალურობა).

    იელის უნივერსიტეტის ეკოლოგიური პოლიტიკისა და მართვის ცენტრმა (Yale Center for Environmental Law and Policy) კოლუმბიის უნივერსიტეტთან და მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმთან ერთად, უკვე ათეულ წელზე მეტია შეიმუშავა საერთაშორისო მნიშვნელობის ეკოლოგიური მდგრადობის ინდექსი. 2000 წელს ერთობლივი ძალებით გამოქვეყნდა EPI–ის წინამორბედი – ეკოლოგიური მდგრადობის ინდექსი. ამ პერიოდში მსოფლიოს ქვეყნების მთავრობები ცდილობდნენ თავიანთი პოლიტიკური კურსის კორექტირებას მდგრადი განვითარების კონცეფიის გათვალისწინებით. ეკოლოგიური მდგრადობის ინდექსის დადგენა პირველი მცდელობა იყო შეეფასებინათ მსოფლიოს ქვეყნები ეკოლოგიური მდგრადობის რამდენიმე კრიტერიუმით; მათ შორის ბუნებრივი რესურსების მარაგებით, გარემოს დაბინძურების დონით წარსულშა და აწმყოში, გარემოსდაცვითი ღონისძიებებით. 2006 წელს ეს მაჩვენებელი ეკოლოგიური მდგრადობის ინდექსით შეიცვალა, რომელიც იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების ჯგუფმა შეიმუშავა. წინა მაჩვენებლისგან განსხვავებით ეს ინდექსი აღარ ზომავდა მდგრადობას და მის ნაცვლად აფასებდა ეკოლოგიურ ეფექტურობას. EPI კონცენტრირებულია ქვეყნებში არსებულ „მწვანე“პოლიტიკასა და მის შედეგებზე. ანგარიში ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ქვეყნდება.

    ინდექსის მეთოდოლოგია ისეა შემუშავებული, რომ სახელმწიფოებმა შეძლონ შეადარონ თავინთი მიღწევები და ნაკლოვანებები სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს. შედარება ხდება 10 მაჩვენებლის მიხედვით, რომლებიც ორ ძირითად ეკოლოგიურ ჯგუფად იყოფა: 1. ეკოლოგიური ჯანმრთელობა ანუ გარემოს გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე; 2. ეკოსისტემების სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა და ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენება. ამ ჯგუფებში შედის შემდეგი 10 მაჩვენებლი: ეკოლოგიური ჯანმრთელობა, ჰაერის დაბინძურება და გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, ჰაერის დაბინძურება და გავლენა ეკოსისტემის მდგომარეობაზე, წყალი (გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე), წყლის რესურსები (გავლენა ეკოსისტემის მდგომარეობაზე), ბიომრავალფეროვნება, ტყე, თევზჭერა, სოფლის მეუნეობა, კლიმატის ცვლილება და ენერგეტიკა. თითოეული ინდიკატორის მიხედვით ქვეყანას ენიჭება ქულა. ქულების რაოდენობა დამოკიდებულია სახელმწიფოს პოზიციაზე იმ დიაპაზონის ფარგლებში, რომელიც გაისაზღვრება ამ ინდიკატორების ყველაზე უარეს მაჩვენებელსა (0 სტაბილურ სკალაზე) და სასურველ მიზანს (100 ქულის ეკვივალენტი) შორის. სასურველი მიზანი შესაძლებელია დადგინდეს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე: მაგ; სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სტანდარტების, პროფესიული დასკვნების და სხვა წყაროების მიხედვით.

    მსოფლიოს ქვეყნები ეკოლოგიური ეფექტურობის ინდექსის მიხედვით, 2021 წელი

    შენიშვნა: რუკაზე შინდისფერით აღნიშნულია ქვეყნები, სადაც ეკოლოგიური ეფექტურობის ინდექსი ძალიან დაბალია და მწვანე ფერით კი ის ქვეყენები, სადაც ეს მაჩვენებლი მაღალია.

    ეკოლოგიური ინდექსი – https://epi.yale.edu/