• ვულკანების ამოფრქვევა ჩვენ  პლანეტას  გადახურებისგან  იცავს 

    ვულკანების ამოფრქვევა ჩვენ  პლანეტას  გადახურებისგან  იცავს 

    მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (აშშ) მეცნიერების აზრით ვულკანების ამოფრქვევა ჩვენს პლანეტას გადახურებისგან იცავს. მათ ახალ კვლევებზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ ვულკანები დედამიწას აგრილებენ, ძირითადად, ატმოსფეროში გამოყოფილი გოგირდის დიოქსიდის ხარჯზე, რომელიც ნოტიო ჰაერთან რეაგირებს და გოგირდის მჟავას წვეთებს წარმოქმნის. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში ატმოსფეროში რჩებიან და მზის რადიაციას ირეკლავენ, რაც თავის მხრივ ტემპერატურის შემცირებას იწვევს. არადა, ადრე ითვლებოდა, რომ ეს პროცესები პლანეტის მასშტაბით კლიმატზე არსებით გავლენას არ ახდენდა.

  • გეოგრაფიული პროგნოზი და მისი მნიშვნელობა

    გეოგრაფიული პროგნოზი და მისი მნიშვნელობა

    გეოგრაფიული პროგნოზირება გულისხმობს მეცნიერულად დასაბუთებული თეორიების შემუშავებას ბუნებრივი გარემოს მდგომარეობისა და განვითარების ტენდენციების შესახებ რაციონალური ბუნებათსარგებლობის კუთხით. გეოგრაფიული პროგნოზირება იგივე გეოგრაფიული კვლევების ჩატარებაა მომავალში ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის შესახებ. გეოგრაფიული პროგნოზირების ძირითადი ერთეულები – სივრცე და დრო – პროგნოზის ობიექტსა და მიზანთან და კონკრეტული რეგიონის ბუნებრივ-სამეურნეო თავისებურებებთან ერთად განიხილება.

    გეოგრაფიული პროგნოზირების საფუძველია, ერთი მხრივ, გეოსისტემებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დინამიკური და ევოლუციური ტენდენციები, მეორე მხრივ კი – სოციალურ-ეკონომიკური განვითარების არსებული და პერსპექტიული გეგმები, ტექნიკის პროგრესი, რაზეც დამოკიდებულია ბუნებრივ კომპლექსებზე კაცობრიობის ზემოქმედების მიმართულებები.

    გეოგრაფიული პროგნოზის სიზუსტე და წარმატება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის – იმაზეც, რამდენად სწორადაა შერჩეული და არჩეული მთავარი ფაქტორები და მეთოდები, რომლებიც პრობლემის გადასაჭრელადაა საჭირო. გეოგრაფიული პროგნოზების კლასიფიკაცია ასეთია:

    ა) კომპონენტების მიხედვით (ანუ დარგობრივი) – ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური, ნიადაგური და სხვ. და კომპლექსური, როცა ბუნებრივი კომპლექსის მდგომარეობის დინამიკა მთლიანობაში ფასდება;

    ბ) პროგნოზები ერთმანეთისგან მასშტაბითაც განსხვავდება. გეოსისტემების დონის მიხედვით განასხვავებენ ლოკალურ (სივრცობრივი მასშტაბი რამდენიმე კვ. კმ-დან რამდენიმე ათას კვ. კმ.-მდე), რეგიონულ (რამდენიმე ათასი კვ. კმ.-დან რამდენიმე ასეულ ათას კვ. კმ.-მდე) და გლობალურ (რამდენიმე ასეული ათასი კვ. კმ.-დან სისტემის იმ ტერიტორიულ დონემდე, როცა ის გეოგრაფიულ გარსს ქმნის) პროგნოზებს. მაგალითად, ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდა და მასთან დაკავშირებული კლიმატის ცვლილების პროგნოზი გლობალური მასშტაბისაა, მდინარეების ამუდარიასა და სირდარიას წყლების არხებში გადანაწილება და შედეგად ბუნებრივი გარემოს ცვლილების პროგნოზი – რეგიონული მასშტაბისა, ხოლო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შექმნის შედეგად გამოწვეული ბუნებრივი გარემოს ცვლილებები – ლოკალური.

    გ) დროის მიხედვით გამოყოფენ მოკლევადიან (დროითი მასშტაბი – რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღმდე), საშუალოვადიან (რამდენიმე დღიდან წლამდე) და გრძელვადიან (წლიდან რამდნიმე ასეულ ან ათას წლამდე) პროგნოზს. ცნობილია ისეთი პროგნოზებიც, რომლებიც გათვლილია რამდენიმე ათასწლეულზე და 1 მლნ წელზეც კი. მაგალითად, მყინვარების უკან დახევის ან გავრცელების პროგნოზი, გაუდინარი ტბების წყლის დონის რყევა და სხვ. თუმცა ასეთი პროგნოზები არცთუ ზუსტია – პროგნოზირება ხდება ბუნებრივი ცვლილებების მიმართულებით და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები გათვალისწინებული არ არის.

    ადამიანის ცხოვრებაში მეტად აქტუალურია მოკლევადიანი პროგნოზები, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი წლიური, სეზონური და თვის პროგნოზებია. მაგალითად, ამინდის, მდინარეებში წყლის დონის ცვლილებისა და მისი ხარჯის სეზონური რყევის, ზვავების ჩამოწოლის, მეწყერებისა და ღვარცოფების წარმოქმნის პროგნოზი, რათა დროულად იქნეს მიღებული პრევენციული ზომები და თავიდან იქნეს აცილებული მისი კატასტროფული შედეგები. გრძელ- და საშუალოვადიანი პროგნოზირებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს რამდენიმე ფაქტორი: რამდენად ღრმადაა შესაძლებელი წარსულში ბუნების განვითარების კანონზომიერებებში გარკვევა, რამდენად ხანგრძლივად და ზუსტადაა შესაძლებელი მოსალოდნელი ბუნებრივი პროცესებისა და მოვლენების წინასწარმეტყველება. მაგალითად, მთის თანამედროვე მყინვარების კვლევისას შესაძლებელია მათი გაჩენისა და განვითარების ისტორიაში შეხედვა. იმ ვარაუდზე დაყრდნობით, რომ მყინვარები მომავალშიც იმავე კანონების მიხედვით განვითარდება, რომლებითაც წარსულში ვითარდებოდა, შესაძლებელია მათი განვითარების გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთებაც. ამ პროგნოზის საფუძველს იძლევა გაუდინარი ტბების ფსკერზე დალექილი ქანებიც.

    საშუალოვადიანი პროგნოზი მოითხოვს ლანდშაფტის რიტმული, მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი და ტექნოგენური ცვლილებების ყოველმხრივ შესწავლასა და კვლევას. მაგალითად, წყალსაცავების მშენებლობის დროს საინტერესოა არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური გარადქმნები, არამედ ბუნებაში მომხდარი ცვლილებებიც, რომლებიც წყლის ახალი ობიექტის გაჩენას მოჰყვება.

    არსებობს გეოგრაფიული პროგნოზირების მეთოდთა წყება. ზოგ მათგანს წინათაც იყენებდნენ, თუმცა არ შეიძლება, მათ უნივერსალური ვუწოდოთ. გეოსისტემების მოსალოდნელ ცვლილებათა წინასწარმეტყველებისას ეს მეთოდები გეოგრაფიაში ერთდროულად გამოიყენებოდა. ზუსტი პროგნოზის მთავარი პირობაა იმ მკვლევარი-სპეციალისტის მიერ ბუნების განვითარების კანონზომიერების ღრმა ცოდნა, რომელიც კონკრეტულ პროგნოზზე მუშაობს და მრავალფაქტორიანი პროცესებისა და მოვლენების კავშირების შესახებ სწორ განსაზღვრებას გვაძლევს.

    ბუნებრივი გარემოს პროგნოზირების შედარებით დამუშავებულ მეთოდებს მიეკუთვნება ფიზიკურ-გეოგრაფიული ექსტრაპოლაცია, ფიზიკურ-გეოგრაფიული ანალოგია, ლანდშაფტურ-გენეტიკური მწკრივები, ფუნქციური ურთიერთკავშირები, ექსპერტული შეფასება.

    ფიზიკურ-გეოგრაფიული ექსტრაპოლაციის მეთოდი ადრეულ ეტაპზე გამოვლენილ ბუნებრივი კომპლექსის განვითარების მიმართულების გავრცელებას და მომავალში მის სივრცობრივ-დროით დინამიკას ემყარება. თუ ექსტრაპოლაციის მეთოდით გავაკეთებთ მსოფლიოს მოსახლეობის ზრდის პროგნოზს, აღმოჩნდება, რომ პლანეტის მოსახლეობა მომავალშიც იმავე ტემპით გაიზრდება. თუმცა სხვა, უფრო სრულყოფილი მეთოდების მიხედვით, პროგნოზი სულ სხვნაირია: დედამიწის მოსახლეობა 30-40 წლის შემდეგ კი არ გაიზრდება, პირიქით, შესაძლოა შემცირდეს კიდეც.

    ფიზიკურ-გეოგრაფიული ანალოგიის მეთოდი ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ ერთი ბუნებრივი კომპლექსის პირობებში გამოვლენილი პროცესის (ანალოგის) განვითარება შეიძლება განსაზღვრული ცვლილებებით გადატანილ იქნეს სხვა, პირველის იდენტური პირობების კომპლექსზე. გეოგრაფიული ანალოგიების მეთოდის გამოყენებისას ხდება ერთი ლანდშაფტისთვის დადგენილ კანონზომიერებათა სხვა, ანალოგიურ ლანდშაფტზე გადატანა. ეს მეთოდი საკმაოდ შეზღუდულია და მხოლოდ ბუნებრივი კომპონენტების მსგავსების პირობებში მუშაობს, რადგან დადგენილი კანონზომიერებები განსაზღვრულ გეოგრაფიულ ზონაში მხოლოდ ამ ზონისთვისაა დამახასიათებელი.

    ექსტრაპოლაციის ან დროებითი ანალოგიების მეთოდი ბუნებრივ გარემოში მოსალოდნელი ცვლილების შესახებ პროგნოზს თანამედროვე პირობებში მომხდარ ცვლილებებზე დაყრდნობით აკეთებს. მათი გამოყენებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო და აუცილებელია კავშირი სხვა მეთოდებთან, რადგან ბუნებრივი მოვლენების უმრავლესობა არათანაბრად და, ამავე დროს, მრავალი სხვადასხვა ტიპის ფაქტორის ზემოქმედებით მიმდინარეობს. ინდიკაციური მეთოდი ეფუძნება გეოსისტემის ყველა კომპონენტს და იქ მიმდინარე პროცესებს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირს. ამ დროს ერთი ინდიკატორის, მაგალითად, მცენარეულობის საშუალებით შესაძლებელია განისაზღვროს გეოსისტემაში მოსალოდნელი ცვლილებების შესაძლო ვარინატები. ამ მეთოდს ძირითადად მოკლევადიანი პროგნოზირებისას იყენებენ.

    გარემოს ცვლილებათა ზუსტი შეფასებისა და პროგნოზირების დროს მეტად მნიშვნელოვანია ადგილის ლანდშაფტური რუკის შედგენა. რუკა, ფოტოსურათის მსგავსად, აღრიცხავს ბუნებრივი გარემოს კომპონენტების მდგომარეობას დროის მოცემულ პერიოდში. ასეთი რუკების საშუალებით შესაძლებელია ბუნებრივ კომპლექსებში მოსალოდნელ ცვლილებათა განსაზღვრა. ამ პოზიციიდან გამომდინარე, აეროფოტოგადაღებებს დიდი მნიშვნელობა აქვს პროგნოზისთვის.

    ლანდშაფტურ-გენეტიკური მწკრივების მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბუნებრივი პროცესების სივრცობრივ ცვლილებათა განვითარების დადგენილი კანონზომიერებები შეიძლება გადატანილ იქნეს მათ დროებით დინამიკაში და პირიქით.

    ფუნქციური ურთიერთკავშირების მეთოდი ეფუძნება იმ ფაქტორების გამოვლენას, რომლებიც საპროგნოზო პროცესის დინამიკას განსაზღვრავს, ასევე – მათ შორის და ამ პროცესის მაჩვენებლებს შორის ურთიერთკავშირის პოვნას.

    ექსპერტული შეფასების მეთოდი გულისხმობს საპროგნოზო ობიექტის მომავალი მდგომარეობის განსაზღვრას სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა – ექსპერტთა – მოსაზრებების, შეხედულებების შესწავლით.
    თანამედროვე პირობებში საპროგნოზო ამოცანების გადასაწყვეტად სულ უფრო მეტად იყენებენ გეოსისტემის მათემატიკური მოდელირების მეთოდს. მისი სიზუსტე დამოკიდებულია იმ ფაქტორების მოცულობის ხარისხზე, რომლებიც გარემოზე ზემოქმედებს. ამ დროს იქმნება იმიტაციური კომპიუტერული მოდელი, რომელიც ბუნებრივი კომპლექსების დრო–სივრცით კავშირებს ასახავს.
    გეოგრაფიული პროგნოზის ძირითადი პრინციპები ეფუძნება იმას, რომ ბუნებაში მიმდინარე პროცესები და ცვლილებები განსაზღვრულ პირობებში მიმდინარეობს, განსაზღვრულ კანონზომიერებებს ემორჩილება და გეოსისტემებს შესაბამისი ფუნქციური თავისებურებები აქვს.

  • სტრაბონის  გეოგრაფია ონლაინ-რუკაზე

    სტრაბონის  გეოგრაფია ონლაინ-რუკაზე

    გეოგრაფიის მამა, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და მეცნიერი სტრაბონი რომის იმპერიაში ათასწლეულის მიჯნაზე ცხოვრობდა და გეოგრაფიაში სამეცნიერო ნაშრომი ბერძნულ ენაზე, სავარაუდოდ, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის 20-იან წლებში დაწერა. ეს ნაშრომი 17 წიგნისგან შედგება და მასში იმ დროისათვის ცნობილი ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნები და ხალხებია აღწერილი. დაახლოებით 3000-ზე მეტი გეოგრაფიული ადგილი – კუნძულ ირლანდიიდან მდინარე განგის დელტამდე – ახლა შესაძლებელია სპეციალურ ონლაინრუკაზეც მოვძებნოთ.

    ახალ ინტერაქტიულ რუკას – სტრაბონის ”გეოგრაფია” თან ახლავს დ. როლერის ინგლისურენოვანი თარგმანი, რომელიც 2014 წლის მაისში კემბრიჯში გამოქვეყნდა. ელექტრონული ვერსიის ყიდვისას მკითხველს შეუძლია ტექსტში გეოგრაფიული სახელი მონიშნოს და რუკაზე მისი ადგილმდებარეობა ნახოს. უნდა აღინიშნოს, რომ ონლაინრუკა უფასოა, ამიტომაც სტარბონის ”გეოგრაფიის” გაცნობა და შესწავლა დ. როლერის ტექსტის გარეშეც შეიძლება.

    რუკა ძველი მსოფლიოს კარტოგრაფიის ცენტრში (AWMC) შეიქმნა გეოგრაფიული ცნობარის ”პლეიადის” ბაზაზე (Pleiades), რომელიც საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ, შევქმნათ და გავავრცელოთ გეოგრაფიული ცნობები ძველი მსოფლიოს შესახებ. ტოპონიმები გროვდება მონაცემთა ბაზაში და რუკაზე მათ მდებარეობას ებმება. ”პლეიადი” პროექტი ღიაა პროგრამული უზრუნველყოფით, ამიტომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ინფორმაციის რედაქტირება და დამატება. სტრაბონის რუკის შესაქმნელად გამოყენებულ იქნა AWMC-ის მიერ შემუშავებული GIS-ის დამატებაAntiquity À-la-Carte.

  • არქტიკაში ტემპერატურა მატულობს

    არქტიკაში ტემპერატურა მატულობს

    არქტიკაში ბოლო 115 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. კლიმატის ცვლილება თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა და ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს არქტიკაში, სადაც ეს პროცესი 2-ჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მთელ დედამიწაზე. მკვლევრებმა გვაუწყეს, რომ 1900 წლიდან მოყოლებული არქტიკაში ჰაერის ტემპერატურამ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია და 2014 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის სექტემბრამდე ტემპერატურა საშუალო მაჩვენებლზე 1.3 გრადუსით მეტი იყო. აშშ-ის ოკეანოგრაფიული და ატმოსფერული კვლევების ეროვნული დეპარტამენტის (NOAA) ყოველწლიური მოხსენების თანახმად, უკანასკნელი 115 წლის მანძილზე ჰაერის ტემპერატურა არქტიკაში ყველაზე მაღალია. მსგავსი ანომალია ბოლოს 1900 წელს იქნა დაფიქსირებული.

    ჰაერის ტემპერატურის მატებას თან სდევს ყინულების დნობა. გრენლანდიის ტერიტორიის თითქმის ნახევარი 2015 წელს პირველად გათავისუფლდა ყინულისგან. კლიმატის ცვლილება არქტიკაში ბინადარი თევზებისა და ლომვეშაპების იძულებით მიგრაციას იწვევს. ისინი ახალი ტერიტორიებს ითვისებენ. მეცნიერები ასევე ადასტურებენ ევერესტის მყინვარების დნობასაც და აღნიშნავენ, რომ ბოლო 40 წლის განმავლობაში მათი ფართობი 28%-ით შემცირდა.

  • მწვანე ინიციატივები და ეკოგამოგონებები

    მწვანე ინიციატივები და ეკოგამოგონებები

    ეკოინიციატივა ნებისმიერი ინოვაციაა, როემლიც ხელს უწყობს გარემოზე ზემოქმედების შემცირებას. ესაა ახალი პროდუქციის, პროცესებისა და სისტემების შექმნა ბუნებრივი რესურსების მინიმალური გამოყენებით და მინიმალური ნარჩენებით. ეკოინიციატივა და ეკოგამოგონებები ეკონომიკის განვითარების ახალი და ძალიან პერსპექტიული მიმართულებაა. მსოფლიოს ბევრი განვითარებული ქვეყანა უკვე გადავიდა ე.წ. „მწვანე ეკონომიკაზე“ და მათ მეურნეობაში უკვე არსებობს დარგები, რომლებიც სუფთა ტექნოლოგიების სექტორს მიეკუთვნება და აქტიურად იყენებენ ეკოინიციატივებს. ასეთებია მაგალითად მწვანე მშენებლობა, აღდგენადი ენერგეტიკა, ალტერნატირული ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, წყლის რესურსებისა და ნარჩენების მართვა. ეკოგამოგონებები სულ უფრო და უფრო ფართოდ ინერეგება და მათი მოხმარება მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

    ცნობილია, რომ ჰაერის დაბინძურება თანამედროვე მსოფლიოს პრობლემაა, სწორედ ამიტომ მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, სადაც 12 მილიონზე მეტი მაცხოვრებლია, ამ პრობლემის მოგვარება თანამედროვე ტექნოლოგიებით სცადეს. ქალაქის საავადმყოფოსთვის სპეციალური ფორმის ქიმიური მინარევებით დაფარული ფილების 100 მეტრიანი ფასადი აიგო, რომელიც დაახლოებით 8750 მანქანის გამონაბოლქვის ეკვივალენტ სმოგს შთანთქავს. ფილები დაფარულია ტიტანის დიოქსიდის საღებავით, რომელიც ქიმიურ რეაქციაში შედის სმოგთან და მას კალციუმის ნიტრატად, ნახშირორჟანგად და წყლად გარდაქმნის.

    ბრიტანულმა არქიტექტურულმა ბიურომ „Orproject „ ჩინეთის დედაქალ ბეიჯინგისთის (პეკინი) ეკოპროექტი „Bubble“ შეიმუშავა. ბეიჯინგი მსოფლიოში დაბინძურებული ჰაერითადა შხამიანი სმოგით გამოირჩევა, რომლის გასაუვნებელყოფად მეცნიერები და გამომგონებელ-დიზაინერები ერთობლივად მუშაობენ. ცნობილია, რომ ჩინეთი „მსოფლიოს სახელოსნოა“ და აქ ფაბრიკებს და ქარხნებს ვერავინ შეაჩერებს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ჯერჯერობით ქალაქის თავზე პლასტიკური გუმბათების აშენებაში იპოვეს. პლასტიკი „ETFE“ განსაკუთრებულად წელვადია, რომლის გადაჭიმვა შეიძლება და ის ნემსიყლაპიების ფრთებისა და ფოთლების მსგავსად არის დაძარღვული.

    ჰამბურგის საერთაშორისო სამშენებლო გამოფენაზე – “IBA Hamburg” წარმოადგინილი იქნა პროექტი, რომელიც ენერგიის წყაროდ წყალმცენარეებს იყენებს. ამ ეკოინოვაციის მიხედვით, ხუთსართულიან შენობა გარშემორტყმულია წყალმცენარეებიანი პანელები, სადაც წყალი, საკვები ნივთიერებები იქაჩება და ნახშიროჟანგი ნაწილდება. ასევე, ფოტოსინთეზის შედეგად გამრავლებული წყალმცენარეების ნარჩენები გროვდება და ბიოაირად გარდაიქმნება. სახურავზე დამონტაჟებული მზის პანელები კი შენობას ენერგოდამოუკიდებელ ობიექტად აქცევს. არქიტექტურული კონცეფციის მიხედვით, ფასადი მუდმივად მოძრაობს, იცვლის ფერს და უზრუნველყოფს შენობის განათების კონტროლს.

    პელემ რიო -დე -ჟანეიროს ერთ-ერთ არაპრესტიჟულ უბანში “მწვანე სტადიონი” ააგეს. სტადიონის აგება პროექტის “Make The Future” ფარგლებში განხორციელდა. “მწვანე” მოედანზე ფეხბურთის მანეჟის გასანათებელ ელექტროენერგიას თავად ფეხბურთელები გამოიმუშავებენ. სტადიონის საფარქვეშ მაღალტექნოლოგიური ელექტროგენერატორი – ფილებია დაგებული და ფეხბურთელების სირბილისა და თამაშის დროს მათი აკუმულატორები იტენება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ იგივე ტექნოლოგიას პროფესიულ საფეხბურთო მოედნებზე გამოიყენებენ ამ ტიპის კომპლექსების ენერგოდამოკიდებულება 40-75% -ით შემცირდება.

    ნიუ-იორკს მალე ახალი კუნძულები – „Green Loop“ მიემატება. ამ გრანდიოზულ მშენებლობის პროექტზე არქიტექტურული ბიუროს PRESENT Architecture დიზაინერ-ურბანისტები მუშაობენ. დიზაინერებისა და ეკოლოგების აზრით, ნიუ-იორკისთვის, სადაც ყოველწლიურად 14 მილიონი ტონა ნარჩენი იყრება და ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის 300 მილიონი დოლარი იხარჯება, კვებითი ნარჩენები თავის ტკივილიცაა და მწვანე ბიზმნესისთვის ოქროს საბადოც. მათ ნარჩენების პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზად კომპოსტისგან შექმნილი ხელოვნური კუნძულების აგება მიიჩნიეს. ნიუ-იორკში კომპოსტის ხელოვნური კუნძულები „Green Loop“-ები სანაპირო ზოლთან აიგება. ურბანისტთა აზრით ქალაქში 12 ასეთი კომპოსტის კუნძული უნდა შეიქმნას, თითოეული კუნძული კი დაახლოებით 12 აკრ ფართობს დაიკავებს. ზოგიერთ მათგანზე ახალ “მწვანე ფილტვებს” – საქალაქო პარკებს გააშენებენ.

    არგენტინაში დაიწყო პროექტი “Tree Book Tree”. მსოფლიოში პირველად გამოსცეს წიგნი, რომელიც წაკითხვის შემდეგ შეგიძლიათ დარგოთ. ქაღალდში ჩაპრესილია მცენარის თესლები და წაკითხვის შემდეგ თუ წიგნს ჩამარხავთ, მალე მისგან ხე ამოვა თავდაპირველად ამ მეთოდს მხოლოდ შესაფუთი მასალებისთვის იყენებდნენ, მაგრამ ახლა უკვე წიგნების გამოცემაც დაიწყეს. ამ ეკოტექნოლოგიით გამოცემული წიგნის სათაურია “მამაჩემი სელვაში იყო”. წიგნის სათაური მატფორაა. არგენტინა მსოფლიოში ცნობილია ხორცის წარმოებით. ქვეყნის სასაქონლო მეურნეობის განვითარებასთან ერთად გეომეტრიული პროგრესიით ნადგურდება ამაზონის ტროპიკული ტყეები – სელვა. არგენტინასა და ბრაზილიაში დიდი რაოდენობით ტყეების გაჩეხვა სწორედ სასაქონლომ ეურნეობასთანაა დაკავშირებული: საქონელს დიდი ფართობების საძოვრები და საკვებისთვის სახნავ- სათესები სჭირდება. ამგვარად, წიგნის სათაური “მამაჩემი სელვაში იყო”, მეტაფორულად იმაზე მიგვანიშნებს, რომ როცა ის სელვაში იმყოფებოდა ამაზონის ტყეების გაჩეხვით იყო დაკავებული. მაშასადამე, თუ მამები ტყეებს ანადგურებენ, შვილები მათ წიგნების საშუალებით გააშენებენ.

    ფრანგმა გამომგონებლებმა მარიო კასერესმა და ქრისტიან კანონიკმა დაბინძურებული ჰაერის ფილტრაციისთვის საინტერესო ეკოინოვაციური იდეა შეიმუშავეს. მათ გადამუშავებული პლასტმასის ბოთლებისგან ხელოვნური ხეები „Boston Treepods“ შექმნეს, რომლებიც ნამდვილი ხეების მსგავსად ნახშირორჟანგს შთანთქავენ და ჟანგბადს გამოყოფენ. ხელოვნური ხის თითოეულ განშტოებაში მოთავსებულია CO2 ფილტრი. ეს ხეები ასევე აღჭურვილია მზის ელემენტებით, გამომუშავებული ენერგია კი ჰაერის ფილტრაციისა და ღამის განათებისთვის გამოიყენება. ასევე ფრანგი ინჟინრების მიერაა შექმნილი ხელოვნური ხე, რომელიც ელექტროენერგიას ქარის საშუალებით გამოიმუშავებს. ხე ჰაერის მცირე მოძრაობაზეც კი მუშაობს, თან უხმაუროდ. ეკოხეს მოხვეული ფორმის “ფოთლები”აქვს, რომლებიც ნებისმიერი კუთხით მოძრაობენ. 8 მ სიმაღლის “ქარის ხის” ერთი პროტოტიპი უკვე დგას ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში. ეკოხეს ასამუშავებლად საკამრისია ქარის სიჩქარე 4 მ/წმ-ს უდრიდეს, რაც ჩვეულებრივ ქარის გენერატორთან შედარებით საკმაო უპირატესობაა. გამომგონებელი ჟერომ მიშო-ლარივიერი იმედოვნებს, რომ მსგავსი ხეები მალე ბევრ ეზოში და ქუჩაში დაიდგმება.

    ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში, მდინარე მერსის ნაპირზე, 14-მეტრიანი “მომავლის ყვავილის” სახელით ცნობილი ქანდაკება დგას. 120 მოთუთიებული ფოლადისგან აგებულ ქანდაკებაში ქარის ტურბინაა ჩამონტაჟებული, გამომუშავებული ენერგია კი ქანდაკების განათებას ხმარდება. ავტორის ჩანაფიქრით,“მომავლის ყვავილი” სიმბოლურად გამოხატავს მწვანე ტექნოლოგიებისა და სამომავლო სამრეწველო პროგრესს.

    ოკეანის პლასტმასის ნარჩენებისგან გაწმენდის იდეა დანიელ სტუდენტს ბოუენ სლატს საბერძნეთში მოგზაურობისას გაუჩნდა, როდესაც წყალში თევზზე მეტი პლასტმასის ბოთლი ნახა. მისი იდეაა შექმნას V ფორმის, 100 კილომეტრიანი პასიური პლატფორმა, რომელიც ქარისა და ოკეანის დინების დახმარებით პლასტმასის ნარჩენებს შეაგროვებს. პლატფორმა 162 მზის პანელით იქნება აღჭურვილი. მცურავი ფილტრები ნარჩენებს სამი მეტრის სიღრმემდე დაიჭერს, სადაც პლასტმასის კონცენტრაცია ყველაზე მაღალია. ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებით ახალი ეკოინიცაიტივა ნაკლები თანხებისა და დროის გამოყენებით გაცილებით დიდი სივრცეების ათვისებას და გაწმენდას ხდის შესაძლებელს. მოპოვებული პლასტმასისგან ნავთობის მიღებაა შესაძლებელი.

    სპორტული ფირმა „NIKE“ მწვანე ბიზნესის ერთ-ერთი კარგი მაგალითია. მან პლასტმასის გადამუშავება დაიწყო და დაახლოებით 9 პლასტმასის ბოთლის გადამუშავებით ნიუ-ჯერსის ნაკრებისთვის სპორტული ფორმა შექმნა. ამ ტექნოლოგიის საშუალებით ნაიკმა ძირფესვიანი ცვლილება მოახდინა ნარჩენების შესამცირებლად. მათ მშრალი დაფერვის ტექნოლოგია გამოიყენეს და ამ გზით კაშკაშა, ნათელი ფერები მიიღეს. თუ ადრე ნაიკის ფირმის მამაკაცის მაისურს ღებვის პროცესში საშუალოდ 30 ლიტრი წყალი სჭირდებოდა, ახალი ტექნოლოგიით კომპანიამ წყლის რესურსის ხარჯვა 30 ლიტრიდან 0 -მდე დაიყვანა.

    უკვე ფართოდაა დანერგილი ბიობეტონის წარმოების ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა, ბეტონის ბზარები გაამთელოს. ჩვეულებრივი ბეტონი დროთა განმავლობაში იბზარება, რის გამოც ბევრი შენობა, ხიდი თუ გზა ზიანდება. მიკრობიოლოგმა ჰენდრიკ მარიუს იონკერსმა ინოვაციური ეკოტექნოლოგია გამოიგონა. მან ბეტონს წარმოების პროცესში დაუმატა ბაქტერიები, რომლებსაც 200 წლამდე შეუძლიათ ეძინოთ და მხოლოდ წყალთან შეხებისას იღვიძებენ. ამ დროს ისინი გამოყოფენ კალციუმის ლაქტატს, რაც ბზარებს ამთელებს. ტექნოლოგიის გამოყენება უკვე აშენებული ან რთულად მისაწვდომი შენობებისა და გზების შესაკეთებლადაც შეიძლება.

    „ნოკია“ უკვე მრავალი წელია უსადენო დასატენი მოწყობილობების შექმნაზე მუშაობს, კომპანიისა და ბრიტანელ დიზაინერების თანამშრომლობით შეიქმნა შარვალი, რომელსაც ამავდროულად მობილურის დატენვაც შეუძლია. მსგავსი პროდუქტის შექმნა, ნოკიას დამტენის ზედაპირისა და ინდუქციური ტექნოლოგიის გამოყენებით გახდა შესაძლებელი. დასატენი მოწყობილობა დამხმარე აკუმულატორის მსგავსად მუშაობს, რომელიც შეგიძლიათ თან ატაროთ. ტელეფონის დასატენად კი საკმარისია მისი შარვლის ჯიბეში მოთავსება. გარკვეული დროის შემდეგ მართალია შარვალიც დასატენი ხდება, მაგრამ შემქმნელები თვლიან, რომ ეკოკონცეფცია ინოვაციურია.

    ეკოგამოგონებებს შორის მეტად საინტერსოა მზის პანელებით დეკორირებული ჩანთა „Eclipse“, რომელიც ამავე დროს პორტატულ ელექტროსადგურს წარმოადგენს. ჩანთა-ელექტროსადგურის დატენვა მობილური ტელეფონი, MP3 ან სხვა მცირე ზომის ელექტრომოწყობილობებითაა შესაძლებელი. ჩანთის შიდა მხარეც ნათდება, რათა პატარა ნივთების პოვნა გაადვილდეს. გამომგონებელ კომპანიაში თვლიან, რომ მაღალი მოდის და მეცნიერების თანამშრომლობა ყველასთვის სასიკეთეოა.

    თანამედროვე სამყაროში ჯანსაღი კვების საკითხი დღითი დღე აქტუალური ხდება. სოფლის მეურნეობაში პესტიციდებს სხვადასხვა კულტურების მავნებლებისგან და დაავადებებისგან დასაცავად იყენებენ, მაგრამ პესტიციდიანი ხილი და ბოსტნეული ახალ პრობლემებს აჩენს. ვერც ხანგრძლივი რეცხვა, ვერც ხილ-ბოსტნეულისთვის კანის მოშორება ამ პრობლემას ვერ აგვარებს. დიზაინერებმა გამოიგონეს ეკოლოგიური ბურთი – „ECO washing ball“ , რომელიც ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად გამოიყენება. როცა ბურთს ხილ-ბოსტნეულთან ერთად წყლით სავსე თასში ათავსებენ, იგი კლავს მავნე მიკრობებს და ელექტროლიზის მეთოდით ხილსა და ბოსტნეულს პესტიციდებისგან ათავისუფლებს.

  • ”ვიკიპედიაში” გეოგრაფიული დისბალანსი აღმოაჩინეს

    ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გააანალიზეს ”ვიკიპედიაში” გეოგრაფიული შინაარსის სტატიები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ევროპის ქვეყნები და აშშ ქმნიან რა მსოფლიოს სურათს, მხედველობაში არ იღებენ ღარიბ განვითარებად ქვეყნებს და მათ პოტენციალს. ამის შესახებ წერს გაზეთი The Guardian-ი. ენციკლოპედიის მთელი მასალის დაახლოებით 45%, რომელიც ეხება მსოფლიო რუკაზე გეოგრაფიულ პუნქტებსა და ღირშესანიშნაობებს, ძირითადად, მსოფლიოს მხოლოდ 5 ქვეყნის ავტორების მიერაა შექმნილი. ბრიტანელი მეცნიერების ვერსიით მსოფლიოს ”ვიკიპედიისათვის” აღწერენ ბრიტანელი, ამერიკიელი, ფრანგი, გერმანელი და იტალიელი ავტორები. გარდა ამისა, განვითარებადი ქვეყნების საკუთარი მოსახლეობაც ცდილობს ”ვიკიპედიაში” ისეთი ინფორმაცია დაამატოს, რომელიც ევროპის სახელმწიფოებსა და ჩრდილოეთ ამერიკას ეხება და არა მათ საკუთარ ქვეყანას, რაც კიდევ უფრო ზრდის გეოგრაფიულ დისბალანს.

  • დედამიწის უდიდესმა ატლასმა  სიდნეიში ”იმოგზაურა”

    დედამიწის უდიდესმა ატლასმა სიდნეიში ”იმოგზაურა”

    დედამიწის უდიდესმა ატლასმა დროებით საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და ავსტარლიაში ახალი სამხრეთ უელსის შტატის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში დაიდო ბინა. ატლასს, რომელიც 2012 წელს ავსტრიულმა გამომცემლობამ გამოსცა “პლატინის დედამიწა” ჰქვია. ატლასი მხოლოდ 31 ეგზემპლარად დაიბეჭდა და ერთ-ერთი მათგანი ავსტრალიაში ინახება.

    ატლასის სიმაღლე 1 მეტრი და 80 სანტიმეტრია, გაშლილ მდგომარეობაში მისი სიგანე 2 მეტრსა და 70 სანტიმეტრს შეადგენს. გიგანტური წიგნი 150 კილოგრამს იწონის და 100 ათასი დოლარი ღირს. ატლასის ზომებიდან გამომდინარე მისი მოხამარებისას სიფრთხილეა საჭირო.

    ატლასი “პლატინის დედამიწა” ჩვენი პლანეტის ყველა კონტინეტისა და ქვეყნის დეტალური გეოგრაფიული რუკებისგან შედგება. მათზე ასევე აღნიშნულია მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების ადგილები. წიგნში გამოყენებულია თანამგზავრებიდან გადაღებული მაღალხარისხოვანი ფოტოები. ასევე ძალიან საინტერესოდაა წარმოდგენილი ფოტოკოლაჟები.

    ატლასის შესაქმენლად 4 წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100 მეტი სპეციალისტი მუშაობდა. “პლატინის ატლასის” შექმნამდე მსოფლიოში ყველაზე დიდ ატლასად Klencke Atlas -ი ითვლეობდა, რომელიც XVII საუკუნეში შეიქმნა, რათა საჩუქრად გადაეცათ ინგლისის მეფის კარლ II-სთვის.

  • წითელ ზღვაში   ორი ახალი კუნძული გაჩნდა

    წითელ ზღვაში ორი ახალი კუნძული გაჩნდა

    არც თუ ისე დიდი ხნის წინ გეოგრაფებისთვის ცნობილი გახდა, რომ წითელ ზღვაში ორი ახალი პატარა კუნძული გაჩნდა. ანალიტიკური ხასიათის წინასწარი მონაცემებით კუნძულები მეტად უცნაურად წარმოშვნენ. როგორც გაირკვა, კუნძულები 4 წლის წინ მომხდარი წყალქვეშა ძლიერი ვულკანური ამოფრქვევის შედეგად წარმოიქმნენ. ამ კუნძულების ფორმირების წყალობით წითელ ზღვაში მდებარე ეზ-ზუბაირის არქიპელაგის ფართობი საკმაოდ გაიზარდა. აღნიშნული არქიპელაგის უმაღლესი მწვერვალის სიმაღლე 191 მეტრია, ხოლო განფენილობა 5 კილომეტრს აღწევს.

  • ევროკავშირის შექმნის მოკლე ისტორია

    ევროკავშირის შექმნის მოკლე ისტორია

    ევროპის კავშირი (შემოკლებით ევროკავშირი, 1993 წლამდე ევროპული თანამეგობრობა) ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანებაა. ამჟამად ორგანიზაციაში ევროპის 27 სახელმწიფოა გაწევრიანებული, რომელთა ტერიტორიის საერთო ფართობი 4 324 782 კმ²-ია, ხოლო მოსახლეობა — 508 191 116 კაცი, რაც მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 7,3 %-ია.

    ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები

    ევროკავშირის შექმნა სათავეს იღებს ევროპის ქვანახშირის და ფოლადის გაერთიანებისგან (1951 წელი) და ევროპის ეკონომიკური გაერთიანებისგან (ე.წ. რომის შეთანხმებით და ეწოდებოდა ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა ანუ “საერთო ბაზარი”, 1957 წელი), რომელიც ექვსმა სახელმწიფომ – საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ბენიკლუქსის (ბელგია, ნიდერლანდი და ლუქსემბურგი) ქვეყნებმა შექმნა.

    დიდ ბრიტანეთს ხელი არმოუწერიარომის ხელშეკრულებისთვის. ქვეყანამ ევროგაერთიანებაში წევრობის უფლების მოთხოვნა ორჯერ – 1963 და 1967 წლებში გააგზავნა, მაგრამ ორივე განაცხადს ვეტო საფრანგეთის იმდროინდდელმა პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა დაადო. მისი აზრით ბრიტანეთი თავისი ეკონომიკის მთელი რიგი ასპექტების გამო შეუთავსებელი იყო ევროპის კავშირთან.

    ბრიტანეთმა ორგანიზაციაში წევრობის მოთხოვნა მესამედ მას შემდეგ გააგზავნა, როცა დე გოლმა საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტი დატოვა. გაერთიანებუილი სამეფოს ეს მცდელობა წინა ორისგან განსხვავებით წარმატებული აღმოჩნდა და 1973 წლის 1 იანვარს, დიდი ბრიტანეთი ევროპის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანდა.

    ევროპის კავშირი აგებულია ევროპული თანამეგობრობის ურთიერთობების მთელი ერთობლიობის საფუძველზე:

    * ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება – 1951 წელს ამ ორგანიზაციისგან დაიწყო ევროპის კავშირის შექმნა;
    * ევროპული თანამეგობრობა – შეიქმნა 1957 წელს ე.წ. რომის შეთანხმებით და ეწოდებოდა ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა ანუ „საერთო ბაზარი“;
    * ატომური ენერგიის ევროპული თანამეგობრობა – შეიქმნა 1957 წელს.

    ევროპის კავშირში ინტეგრაციული პროცესების მთავარი მიზნები განსაზღვრულია სხვადასხვა დოკუმენტებით:

    * რომის შეთანხმება – ხელი მოეწერა 1957 წელს;
    * ერთიანი ევროპული აქტი – ხელი მოეწერა 1987 წელს;
    * მაასტრიხტის შეთანხმება – ხელი მოეწერა 1992 წელს;
    * ამსტერდამის შეთანხმება – ხელი მოეწერა 1997 წლის ოქტომბერში;

    ევროკავშირის ძირითადი დოკუმენტი დღეისათვის არის 2003 წლის „მიერთების შეთანხმება“ (Treaty of Accession), რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლია 1 მაისს. ზემოთაღნიშნული შეთანხმებებით განსაზღვრული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა სახის ვალდებულებები ჩამოყალიბდა ერთიან დოკუმენტში, ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტში, რომლის მიღების პროცედურა ამჟამად მიმდინარეობს.

    ევროკავშირში მოქმედებს ერთიანი შიდა ბაზარი, რომელიც წევრი სახელმწიფოების კანონთა სისტემით რეგულირდება. ევროკავშირის ძირითადი პოლიტიკის მიზანია ადამიანების, საქონლის, სერვისებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა ერთიან შიდა ბაზარზე, საერთო პოლიტიკის შენარჩუნება ვაჭრობაში, სოფლის მეურნეობაში, თევზის რეწვასა და რეგიონულ განვითარებაში. ევროკავშირის წესდების 50-ე მუხლის თანახმად, ევროკავშირიდან გასვლა ორგანიზაციის წევრი თითოეული ქვეყნის უფლებაა.შენგენის ზონაში გაუქმებულია საპასპორტო კონტროლი. 1999 წელს გადაწყდა ერთიანი ვალუტის (ევროზონა) შემოღება, რაც ძალაში 2002 წელს შევიდა; ამჟამად ევროზონა 19 სახელმწიფოს აერთიანებს, რომლებშიც ევრო მოქმედებს.

    ევროკავშირი მოქმედებს გადაწყვეტილების მიღების სუპერეროვნული და მთავრობათშორისი სისტემების ჰიბრიდის პრინციპით. შექმნილია გადაწყვეტილების მიმღები შვიდი ძირითადი ორგანო, რომელთაც ევროკავშირის ინსტიტუტებს უწოდებენ: ევროპული საბჭო, ევროპის კავშირის საბჭო, ევროპარლამენტი, ევროკომისია, ევროპულ თანამეგობრობათა სასამართლო, ევროპის ცენტრალური ბანკი და ევროპის აუდიტორთა სასამართლო.

    ევროკავშირის დროშა ევროპის საბჭომ, 1955 წლის 8 დეკემბერს, ირლანდიის წარმომადგენლის მიერ შემოთავაზებული დიზაინის საფუძველზე შექმნა. დასაწყისში ევროპის საბჭოს სურდა, რომ დროშა ევროპული ინტეგრაციის მიზნებისათვის ყოფილიყო გამოყენებული,რის გამოც ევროკავშირის წინამორბედმა – ევროპის თანამეგობრობამ, იგი 1986 წლის 26 მაისს დაამტიკიცა. მიუხედავად იმისა, რომ დროშა გამიზნული იყო მთელი ევროპისთვის, დღეს იგი არის მხოლოდ ევროპის კავშირის სიმბოლო. მაასტრიხტის შეთანხმების შემდეგ იგი ოფიციალურად იქნა აღიარებულია ევროკავშირის დროშად.

    ევროკავშირის დევიზია „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“. იგი 2000 წელს ჩატარებული არაოფიციალური სასკოლო კონკურსის შედეგად შეირჩა და მიღებულ იქნა ნიკოლ ფონტენის მიერ, რომელიც იმ დროს ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი იყო. შემდგომში იგი ევროპის კონსტიტუციის ტექსტშიც და ევროკავშირის ვებგევრდზე გამოჩნდა თუმცა მოდიფიცირებული ფორმით: „მრავალფეროვნებით გაერთიანებულნი“.

    ევროკავშირის ინტერნეტგვერდის მისამართია: https://european-union.europa.eu/select-language?destination=/node/1

  • რა არის ბრექსიტი?

    რა არის ბრექსიტი?

    ბრექსიტი (ინგ. Brexit) ორი სიტყვის, Britain-სა (ბრიტანეთი) და Exit-ის (გასვლა) ჰიბრიდია და ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის აღსანიშნავ ტერმინად გამოიყენება. ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა გარკვეული ადამიანების და პოლიტიკური პარტიების პოლიტიკურ მიზანს და ინტერესებს წარმოადგენდა, ევროკავშირში ბრიტანეთის გაწევრიანების დღიდან.

    ევროკავშირის წევრობის მოწინააღმდეგეები არგუმენტად ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში რთულ ეკონომიკურ სიტუაციას იყენებდნენ. მათი აზრით ევროკავშირი ბრიტანეთის ეკონომიკურ განვითარებას აფერხებდა, რადგან ორგანიზაციის მიერ ბიზნესისთვის უამრავი რეგულაცია იყო დაწესებული. ამასთან, ბრიტანეთი საწევრო გადასახადის სახით მილიარდობით ფუნტს იხდიდა, სამაგიეროდ კი არაფერ სარგებლოს არ იღებდა. გარდა ამისა, ევროკავშირი ბრიტანეთისგან სასაზღვრო კონტროლის გაუქმებას მოითხოვდა, რადგან ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სწორედ შეუზღუდავი გადაადგილების უფლებაა. ევროკავშირის დატოვების მომხრეების აზრით კავშირის არსებობის მთავარი მიზანი ევროპის შეერთებული შტატების შექმნა იყო და ისინი ამ იდეას ეწინააღმდეგებოდნენ.

    გაერთიანებულ სამეფოში პირველი რეფერენდუმი1975 წლის 6 იანვარს ჩატარდა და ამომრჩეველების კითხვაზე: “ფიქრობთ თუ არა, რომ დიდი ბრიტანეთი უნდა დარჩეს ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებაში?” – ბრიტანეთის საარჩევნო ოლქებში პასუხის უმრავლესობა ევროკავშირში დარჩენის მომხრე იყო. წევრობას ასევე მხარს უჭერდა ბრიტანეთის ძირითადი პოლიტიკური პარტიები და მასმედია.

    2012 წელს, ბრიტანეთის იმდროინდეკლმა პრემიერ მინისტრმა დევიდ კამერონმა უარი განაცხადა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ჩასატარებელ რეფერენდუმზე, მაგრამ წამოაყენა იდეა გაეზომათ საზოგადოების მხარდაჭერა, რათა დაედგინათ საჭირო იყო თუ არა სამომავლოდ რეფერენდუმის ჩატარება. საზოგადოებირვი აზრი, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის ან გასვლის შესახებ მუდმივად იცვლებოდა. 2015 წლის ანალიზით ახალგაზრდა ამომრჩევლების უმრავლესობა მხარს უჭერდა ევროკავშირის წევრობას, ხოლო უფროსი თაობის წარმომადგენლები კი გასვლის მხარდაჭერები იყვნენ.

    ბრექსიტის მომხრეების და მოწინააღმდეგების არგუმენტები

    ქვეყანაში წინასარეფერენდუმო პერიოდი უმძიმესი პოლიტიკურ-სოციალური ექსცესების ფონზე მიმდინარეობდა. საზოგადოება გახლეჩილი იყო მომხრე-მოწინააღმდეგეებად, კამათი და დიალოგი აბსოლუტურად ყველა სოციალური ფენისა თუ ინტერესების მქონე ჯგუფებს შორის უმწვავესი დაძაბულობის ფონზე მიდიოდა.

    ბრექსიტის მომხრეების არგუმენტები, ძირითადად, ოთხ პუნქტად იყო ჩამოყალიბებული:

    1. დიდი ბრიტანეთი მესამე ყველაზე დიდი ნეტოგადამხდელი ქვეყანაა ევროკავშირის ბიუჯეტში. მათი აზრით, ეს ჰაერში გაშვებული 5 მილიარდია;

    2. ევროკავშირის ქვეყნებიდან ემიგრირებულები ადამიანები ამძიმებენ ქვეყნის სოციალურ სისტემას: ბრიტანეთში დაახლოებით 3,3 მილიონი ევროკავშირის მოქალაქეა ემიგრირებული, რომლთა დიდი ნაწილი ადგილობრივებს ართმევს სამუშაო ადგილებს.

    3. ლტოლვილთა კრიზისი მათ მიერ აღქმულია, როგორც ევროკავშირის მიერ ინიცირებული პრობლემა. თურქეთის ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივის სრული მიუღებლობა.

    4. ევროკავშირი აღიქმება,როგორც დიდი ბიუროკრატიული მონსტრი, რომელიც ბრიტანეთის ეროვნულ სუვერენიტეტს აზიანებს.

    ევროკავშირში დარჩენის მომხრეები მიიჩნევენ, რომ წევრობას ბევრი სარგებელი აქვს, აადვილებს ვაჭრობას ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან, ხოლო მიგრანტები, რომელთა უმრავლესობაც ახალგაზრდა პროფესიონალები არიან, ეკონომიკის ზრდას იწვევენ. ისინი ასევე ფიქრობენ, რომ ბრექსიტის შემთხვევაში ბრიტანეთის საერთაშორისო იმიჯი დაზარალდება. ბრიტანელი ეკონომისტების ნაწილის აზრით, ქვეყანა ბევრ სარგებელს იღებს ევროკავშირის წევრობით. მაგალითად, მთელი ევროპის გარშემო ერთი სახის რეგულაციები კომპანიებს აძლევთ საშუალებას მხოლოდ ერთი კორპორატიული შტაბ-ბინა ჰქონდეთ მთელი ევროპული ოპერაციებისთვის და რადგან ინგლისური ყველაზე პოპულარული საერთაშორისო ენაა, ბევრი ევროპული კომპანია თავიანთ სათავო ოფისებს ლონდონში ათავსებს, რაც ქმნის სამუშაო ადგილს და დოვლათს ადგილობრივ ეკონომიკაში.

    ბრექსიტის მოწინააღმდეგები მოსახლეობას ძირითადად ეკონომიკური შედეგების შესახებ აფრთხილებდნენ . მაგალითად, ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, ბრექსიტის შემდეგყოველი ბრიტანული ოჯახი წელიწადში 4300 ფუნტს დაკარგავს; 2020 წლისათვის ეკონომიკური ზარალი სავარაუდოდ 100 მილიარდი ფუნტის მიაღწევს; საფრთხე შეექმნება 950 000 სამუშო ადგილს, განსაკუთრებით კი მძიმე იქნება მდომარეობა ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში; ბევრი კომპანია და ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა; შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

    ბრექსიტის შედეგები

    2016 წლის 23 ივნისის რეფერენდუმში მცირე უპირატესობით ბრიტანელებმა ბრექსიტს მისცეს ხმა: ამომრჩეველთა 51,9 %-მა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირდან გამოსვლას, 48,1 %-მა კი – ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი.

    მომავალში ბრექსიტი დიდ ბრიტანეთსა და კონტინენტურ ევროპაში სერიოზული, ცვლილებების მომტანი იქნება და ეს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, თუ გეოპოლიტიკურ პროცესებს შეეხება. ვაჭრობის სფეროში თავისუფალი ბაზარი, რასაკვირველია, დარჩება, თუმცა, ევროპულ ბაზარზე მოხდება ბრიტანული საქონლის მიწოდების შეზღუდვა, ან ამ უფლებისათვის მათ უფრო მეტის გადახდა მოუწევთ ევროკავშირის ბიუჯეტში. ისევე როგორც პირიქით, ეს პროცესები ძალიან დამაზიანებელი იქნება კონტინენტური ევროპის ქვეყნებისთვისაც. გერმანიისათვის დიდი ბრიტანეთი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია ევროპაში. ლონდონი, როგორც ფინანსური მეტროპოლი, დაკარგავს ევროკავშირთან დაკავშირებულ ინსტრუმენტებსაც, მას „ჩამოართმევენ“ ამ დატვირთვას, რაც, რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილების შემცირების ხარჯზე მოხდება. ასევე, თუ ლონდონი შეზღუდავს ევროკავშირიდან მიგრაციის პროცესებს, ანალოგიურ საწინააღმდეგო დინებებსაც უნდა ელოდოს მეორე მხრიდანაც. ბრიტანეთში მცხოვრებ ევროკავშირის მოქალაქეებს და ევროკავშირში მცხოვრებ ბრიტანელებს, მოუწევთ საიმიგრაციო სტატუსის შეცვლა. ხოლო ევროკავშირსადა გაერთიანებულ სამეფოში ოპერაციების მქონე ყველა კომპანიას მოუწევს კანონების ორ პაკეტზე გადაწყობა, შესაბამისი ზონების მიხედვით.

    დაბრუნების პერსპექტივა

    იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთი ევროკავშირში დაბრუნებას გადაწყვეტს, მას წევრობისთვის საჭირო სხვადასხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევს: მაგალითად, სავალდებულო იქნება ეროვნულ ვალუტაზე უარის თქმა და ევროს დანერგვა, თუმცა ბრიტანეთს შეიძლება ჰქონდეს ბერკეტები და მომავალში, ევროკავშირში დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, ეს ვალდებულება თავიდან აიცილოს.