პამპა — სამხრეთ ამერიკის, ძირითადად არგენტინისა და ურუგვაის, სუბტროპიკული სტეპებია. ინდიელთა ერთ-ერთი ტომის, კეჩუას, ენაზე პამპასები „ბალახიან ვაკეს“ ნიშნავს. ადრე პამპა ბალახით დაფარული და ძირითადად მეცხოველეობის განვითარების რაიონი იყო. დღეს ტერიტორიის დიდი ნაწილი ირწყვება და ხორბლისა და სიმინდის ნათესებითაა დაფარული.
დიდი შინნაქსოვი შალით – პონჩოთი – ვერცხლის მონეტებით დამშვენებული ინდიელთა წინსაფრით, მაღალყელიანი ჩექმებით, ყელზე ფერადი ყელსახვევით, ლასოთი და დანით აღჭურვილი კოვბოი – ასეთია პამპის მფლობელი – გაუჩო.
მაინც ვინ არის გაუჩო და როდის გაჩნდა პირველად იგი?
XVI ს-ის შუა ხანებში ესპა¬ნელი იეზუიტები მდინარეების პარანას და ურუ¬გვაის ზემო დინებაში შეიჭრნენ, სადაც ინდიელების ერთ-ერთი მიწათმოქმედი ტომი _ გაუარანი ცხოვრობდა. ესპანელებმა შემოიყვანეს ძროხა, ცხვარი და ცხენი. ცხოველები გამრავლდნენ და თვალუწვდენელ სტეპებში მათი უმრავლესობა გაველურდა. გაუარანის ტომიც, რომელიც ადრე პრიმიტიულ მიწათმოქმედებას ეწეოდა, სტეპების მომთაბარე სხვა ტომებთან ერთად, გაველურებულ ცხოველებზე მონადირეებად გადაიქცნენ. ისინი ცხოველებს ძირითადად ტყავისთვის ხოცავდნენ, ხოლო მთავარ იარაღად ლასოს იყენებდნენ. სიტყვა `გაუჩო~ აღებულია ინდიელთა ერთ-ერთი ტომის ენიდან და `მხედარს~ ნიშნავს. ასე უწოდებდნენ პამპის თავისუფალ მონადირეებს.
კოლონიური რეჟიმის დროის არგენტინა ძირითადად მეცხოველეობას მისდევდა. სამფლობელოები შემოღობილი არ იყო და ამიტომ გაუჩოების სწრაფი და მოხერხებული მოქმედებით საქონელი ერთი მფლობელიდან მეორესთან გადადიოდა. თანდათან იზრდებოდა არგენტინის მოსახლეობა; ესპანურ კოლონიებს შორის გაჩაღდა ვაჭრობა, პატრონი გამოუჩნდა საძოვრებსაც და შეიზღუდა თავისუფალი გადაადგილებაც, რაშიც გაუჩოსაც მიუძღვის წვლილი. საძოვრების პატრონებს მუშახელი სჭირდებოდათ, გაუჩოს კი – სამუშაო, ამიტომ ისინი დაქირავებულ მწყემსებად გადაიქცნენ. გაუჩოს გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მეცხოველეობის განვითარება, რადგანაც ისინი ყველაზე საუკეთესო მწყემსები იყვნენ. მათი ცხოვრება ამ პერიოდისთვის დიდად არ შეცვლილა: პამპაში ჩაძირული ქოხები, ცხენი და უნაგირი, მჭრელი დანა იგივე დარჩა, მაგრამ ისინი უკვე აღარ იყვნენ პამპის მფლობელნი.
XIX ს-ში არგენტინამ თავი დააღწია ესპანეთის კოლონიალიზმს და დამოუკიდებელ ქვეყნად გამოცხადდა. სახელმწიფომ დაიწყო განვითარება, თანდათან შემცირდა გაუჩოთა რიცხვიც, მათ თავიანთი ადგილი იმიგრანტებს დაუთმეს.
ვის უწოდებენ დღეს “გაუჩოს”? – ეს ჩვეულებრივი პეონიაა (იგივე გლეხი), რომელიც პატაგონიის სტეპებში მწყემსად მუშაობს. მათ კვლავ მოიხსენიებენ, როგორც “კაცი ცხენზე”, მაგრამ ყოფილი კოვბოები, ახლა უბრალო, დაქირავებული მწყემსები არიან.